მანანა ხარხელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/3/1451 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 22 აპრილი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 მაისი 2021 18:36 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: მანანა ხარხელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის პირველი და მე-3 წინადადებებისა და 269-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1451) მიმართა მანანა ხარხელმა. №1451 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა 2019 წლის პირველ ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 22 აპრილს.
2. №1451 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 273, 31-ე და 39-ე მუხლები.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გადაწყვეტილებების ჩამონათვალს, რომლებიც სასამართლოს შეუძლია, გადასცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. თავის მხრივ, აღნიშნული კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას, მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულია საკუთრების უფლება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის სამართლიანად და დროულად განხილვის კონსტიტუციური უფლება.
6. №1451 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება მისი მხოლოდ ხელშეკრულების ერთი მხარის სასარგებლოდ გამოტანის შემთხვევაშია შესაძლებელი.
7. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დომინირებულ მხარეს არ უნდა შეეძლოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც ვლინდება მხოლოდ მის სასარგებლოდ მიღებული დაუყოვნებლივი გადაწყვეტილების აღსრულებაში. მოსარჩელე მხარის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა ბათილი სახელშეკრულებო ნორმების საფუძველზე. კერძოდ, მოსარჩელე მხარის განმარტებით, ხელშეკრულება დაუყოვნებლივ აღსრულების უფლებას მხოლოდ ერთ, დომინანტ მხარეს ანიჭებდა, რითაც ირღვევა მეორე მხარის უფლებები. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, მას აქ ექნებოდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის უფლება. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უფლების მხოლოდ ერთი მხარის სასარგებლოდ გამოყენება გამორიცხავს ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, კერძო საკუთრების იძულების წესით სხვა პირისთვის გადაცემა წარმოადგენს საკუთრების უფლებაში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ჩარევას. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი ვალდებულია, მკაფიოდ განსაზღვროს როგორც ჩარევის საფუძვლები, ასევე მისი ფორმები. მოსარჩელის განმარტებით, კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების პირობების საპროცესო ღონისძიების საფუძვლად გამოყენება დასაშვებია სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა სადავო ნორმით განსაზღვრული ზოგადი წესით. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმების საფუძველზე მესაკუთრეს ერთმევა საკუთრების უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რამდენადაც მხოლოდ ერთი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე იზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება.
9. იმავდროულად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების, როგორც საგამონაკლისო საპროცესო ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების სადავოდ გამხდარი საფუძველი ჩამოყალიბებულია იმგვარად, რომ არ ითვალისწინებს მოპასუხის, სხვა კერძო პირის ან საჯარო ინტერესებს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მოსამართლეს ართმევს შესაძლებლობას, გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიების პროპორციულობის შეფასების ტესტი. მოსარჩელის განმარტებით, მოსამართლე იმ შემთხვევაშიც ვალდებულია გამოიყენოს აღნიშნული სახის გადაწყვეტილება, როდესაც მიიჩნევს, რომ ზარალის უზრუნველყოფის მიუხედავად, დაუყოვნებლივი აღსრულება მომეტებულად ზღუდავს პირის უფლებას.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ, მე-2 პუნქტებსა და 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.
11. ამასთან, მოსარჩელე მხარის განმარტებით, სახელშეკრულებო დავის გადაწყვეტისას სასამართლო იკვლევს თავად ხელშეკრულების შინაარს და, შესაბამისად, განსაზღვრავს, თუ რამდენად ითვალისწინებს იგი დაუყოვნებლივ აღსრულებას. თუმცა იმ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულების შესაბამისი ნორმა აშკარად დისკრიმინაციულია ანდა ქმნის არაერთგვაროვანი განმარტების საშუალებას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მხარეები როგორ ახსნიან ამგვარ მდგომარეობას, მიზეზებს, გამოვლენილი ნების ნამდვილობას და სხვა. ამდენად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი არ არის ფორმალური ხასიათის და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა საჭიროებდეს გამოკვლევას. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღება არღვევს პირის სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებას.
12. №1451 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, მის უძრავ ქონებაზე მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება, რის შედეგადაც აუქციონის წესით გასხვისდება სადავო ქონება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება ასევე შეაჩერებს აღსრულების პროცედურას, რაც მოსარჩელეს მისცემს შესაძლებლობას, დაიცვას საკუთრება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა. სადავო ნორმის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
3. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დავის საგანზე უფლებების შეზღუდვისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი.
4. სადავოდ გამხდარი ნორმის მე-3 წინადადება გამორიცხავს აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზე აღსრულების შეჩერებას. შესაბამისად, აღნიშნული წინადადება განსაზღვრავს მესამე პირების საპროცესო უფლებებს და სრულიად დამოუკიდებელია მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემის - სადავო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისას მესაკუთრის უფლებების შეზღუდვისაგან. ამდენად, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია სადავო ნორმის მე-3 წინადადების არაკონსტიტუციურობის თაობაზე.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1451 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
6. №1451 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. მოსარჩელის არგუმენტაცია მიემართება კანონიერ ძალაში არშესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და, ამის შედეგად, საკუთრების უფლებაზე გავრცელებულ ეფექტს.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის საკუთრების უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების განსაზღვრის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს, რამდენად არეგულირებს ნორმა საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, ხდება თუ არა რაიმე ქონებრივი უფლების შეზღუდვა და უშუალოდ საკუთრებითსამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/22/930 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ანა ჯალაღონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის №2/14/879 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს №2/6/765 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №3/2/531 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი, ირმა ჯანაშვილი, ასევე საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების უფლებით სარგებლობის, საკუთრების შეძენის და განკარგვის წესს და ამ ფორმით ადგენენ საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებს, ექცევიან საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის რეგულირების სფეროში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის №2/2/745 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“ II-7).
8. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ „სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის უშუალო შედეგი შეიძლება იყოს საკუთრების, თავისუფლების, თანასწორობის და ნებისმიერი სხვა უფლების დარღვევა. მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტების მარეგლამენტირებელი ნორმები, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, იმავდროულად, შეფასებადია ყველა იმ უფლებასთან, რომელთა დასაცავადაც პირი სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროების წინაშე დგება“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს №2/6/765 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №3/2/531 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს მეშვეობით საკუთრების დაცვის პროცესუალურ ასპექტებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი. შესაბამისად, სადავო რეგულირებას საკუთრების უფლებასთან მიმართება ექნება იმ შემთხვევაში, როდესაც იგი განსაზღვრავს საკუთრების მატერიალური უფლების ფარგლებს, ხოლო სასამართლოს მეშვეობით საკუთრების უფლების დაცვის პროცედურა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოწესრიგების სფეროს წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის №2/14/879 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
9. ამდენად, სადავო ნორმა, რომელიც ადგენს საკუთრების წესრიგს, განსაზღვრავს საკუთრების შეძენის, მისით სარგებლობის და განკარგვის წესებს, მიემართება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს. ხოლო ნორმა, რომელიც განსაზღვრავს საკუთრებასთან დაკავშირებული სასამართლო დავების გადაწყვეტის საპროცესო წესრიგს მიემართება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.
10. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა არეგულირებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების წესს. ამავე დროს, უდავოა, რომ სათანადო წესით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არა მხოლოდ კონსტიტუციურ უფლებებს არ ზღუდავს, არამედ სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების პირდაპირ მოთხოვნას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების კონსტიტუციით დასაშვები ფარგლების განსაზღვრას იმ პირობებში, როდესაც ქონებაზე დავა ზემდგომ ინსტანციებში გრძელდება. ამდენად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა არსებითად მიემართება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური გასაჩივრების შეზღუდვის საკითხს, რაც, უდავოდ, წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს და არა საკუთრების უფლებასთან მიმართებით შესაფასებელ მოცემულობას.
11. საკონსტიტუციო სასამრთლოს განმარტებით, სწორედ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეგულირების სფეროს წარმოადგენს პირის საკუთრების უფლების დასაცავად სათანადო საპროცესო კანონმდებლობის შექმნის ვალდებულება, შესაბამისად, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არასათანადო საპროცესო ნორმები მას საკუთრების დაცვის საშუალებას არ აძლევს, მათი კონსტიტუციურობის შემოწმება სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით უნდა მოითხოვოს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის №3/2/1520 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2163, 2164, 2165 მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საკითხის შუამდგომლობის სახით განხილვას“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს №2/6/765 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადება მიემართება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცულ სფეროს და სადავო ნორმას არ აქვს შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან.
13. შესაბამისად, №1451 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
14. №1451 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
15. №1451 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე, მის უძრავ ქონებაზე მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება, რის შედეგადაც, აუქციონის წესით გასხვისდება სადავო ქონება.
16. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული დებულებით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
17. ამგვარად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების სავალდებულო წინაპირობაა, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წარმოუდგინოს სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ცხადად დაასაბუთებს, რომ სადავო ნორმის მოქმედება ქმნის გამოუსწორებელი შედეგების დადგომის გარდაუვალ საფრთხეს. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების შედეგად შესაძლოა, დაკარგოს საკუთრება. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ გამოუსწორებლად მიიჩნევა შედეგი, რომლის აღდგენა ვერ ხერხდება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით. შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ შეიცავს ეფექტურ მექანიზმებს მის საქმეზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეცვლილი გადაწყვეტილების შედეგად უფლებებში ეფექტურად აღდგენის უზრუნველსაყოფად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები“. ამავე დროს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის საფუძველზე, მხარე აღჭურვილია უფლებამოსილებით, კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინება. ბუნებრივია, ზემდგომი ინსტანციის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საკითხის გადაწყვეტა გარკვეულ დროს საჭიროებს და ამ პერიოდში, რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, არსებობდეს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რისკი. თუმცა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მოთხოვნის დასასაბუთებლად მოსარჩელე ვალდებულია, წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც წარმოაჩენს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მის მიმართ არსებობს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რეალური საფრთხე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები ან არგუმენტაცია, თუ რატომ ვერ აზღვევს მის წინაშე არსებულ რისკებს კანონმდებლობით დადგენილი ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობები.
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნორმის შეჩერებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1451 კონსტიტუციური სარჩელი („მანანა ხარხელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის პირველი წინადადებისა და 269-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1451 კონსტიტუციური სარჩელი („მანანა ხარხელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. №1421, №1448 და №1451 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
8. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი