1) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (სულ 54 დეპუტატი) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ; 2) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (სულ 56 დეპუტატი) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 3) საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (სულ 58 დეპუტატი) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | №6\134-139-140 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ავთანდილ დემეტრაშვილი, ოთარ ბენიძე, ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 30 მარტი 2001 |
პლენუმის შემადგენლობა:
ავთანდილ დემეტრაშვილი (სხდომის თავმჯდომარე),
ნიკოლოზ შაშკინი,
ავთანდილ აბაშიძე,
ოთარ ბენიძე,
ბესარიონ ზოიძე,
იაკობ ფუტკარაძე,
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი,
ლამარა ჩორგოლაშვილი,
ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივნები - ლილი მელაშვილი და თამარ გაჩეჩილაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ღია სასამართლო სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსარჩელეთა წარმომადგენელი 134-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე – ადვოკატი როლანდ შონია, მოსარჩელეთა წარმომადგენელი 139-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე – საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძე და ამავე მოსარჩელეთა ადვოკატი ლადო სანიკიძე, მოსარჩელეთა წარმომადგენელი 140-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე – ადვოკატი ლელა ცანავა, მოპასუხე მხარის წარმომადგენლები – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტები ლილი ბეგიაშვილი და ელზა გულიაშვილი, აგრეთვე ბორის ქარსელაძე (139-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე), მოწმეები – (1) საქართველოს პარლამენტის 1999 წლის არჩევნების №63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები – გია გოჩოლეიშვილი (მდივანი), სულხან ჭანტურია, მარინა ქუნთელია, №63 აბაშის საარჩევნო ოლქის №17 ტყვირის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები – მაკა მარღანია (მდივანი), შალვა გვალია, ავთანდილ გვალია და ინტელექტუალური ლიგა „აღორძინების" წარმომადგენელი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დანიელ დავითაშვილი, (2) საქართველოს პარლამენტის 1999 წლის არჩევნების №68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები – გონელი კვარაცხელია (თავმჯდომარე), №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის №13 ობუჯის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები – მედიკო კაკაჩია (თავმჯდომარე), ლარისა თვალთვაძე, მარინა ფიფია, გოგი ჭანტურია, საერთაშორისო დამკვირვებელი მარკ მალენი, თარჯიმანი თამარ ქარუსანიძე, წალენჯიხის რაიონის გამგებლის მოადგილე რობერტ კაჭარავა და სამეგრელო-ზემოსვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე თენგიზ სიჭინავა,
განიხილა საქმე – „საქართველოს პარლამენტის წევრთა სამი ჯგუფის 134-ე, 139-ე და 140-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის 1999 წლის არჩევნების №63 აბაშის, №68 წალენჯიხისა და №70 ფოთის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში 14 ნოემბრის არჩევნების კონსტიტუციურობის თაობაზე".
ამ საქმეში საქართველოს პარლამენტის წევრთა სამი ჯგუფის 134-ე, 139-ე და 140-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები, რომლებიც შემოტანილია 2000 წლის 16 ივნისსა და 17 ივლისს, მათი ერთობლივად განხილვის მიზნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2001 წლის 6 თებერვლის №2/134-139-140-142-151/1 განჩინებით გაერთიანდა.
კონსტიტუციური სარჩელების შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ" ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის მე-19 მუხლის „დ" პუნქტი, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
დავის საგანია:
I. საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (დაზუსტებული მონაცემებით - სულ 55 დეპუტატის) 134-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით – კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (ა) №63 აბაშის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 14 ნოემბერს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა და ჩატარება და (ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის „საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის" V პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება №63 აბაშის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრად სამსონ (სოსო) ჭანტურიას ცნობას;
II. საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (დაზუსტებული მონაცემებით - სულ 53 დეპუტატი) 139-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით – კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (ა) №70 ფოთის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში 1999 წლის 14 ნოემბერს ჩატარებული მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შედეგები, (ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის „საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის" V პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება №70 ფოთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრად პეტრე ბერაიას ცნობას, (გ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №70 ფოთის საარჩევნო ოლქის №1, №2, №5, №7, №8, №9, №10, №13 და №19 საარჩევნო უბნებში მეორე ტურის შედეგების შესახებ.
III. საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (დაზუსტებული მონაცემებით - სულ 53 დეპუტატი) 140-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით – კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (ა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის №190 დადგენილება №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის №13 საარჩევნო უბანში ხელახალი ხმის მიცემის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, (ბ) №68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიის 1999 წლის 17 ნოემბრის საოლქო მაჟორიტარული ოქმი, რომლის თანახმადაც „საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულია ჭანტურია ვალერი", და (გ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის „საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის" V პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრად ვალერი ჭანტურიას ცნობას და VII პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება ამავე ოლქის №13 საარჩევნო უბანში ხელახალი ხმის მიცემის შედეგების ბათილად ცნობას.
საქართველოს პარლამენტის წევრთა ორი ჯგუფის 139-ე და 140-ე ნომრებით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის ზემოხსენებული განჩინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განხილვის სფეროდან გამოირიცხა სადავო საკითხი – „საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ" საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 20 ნოემბრის №3-1ს დადგენილების კონსტიტუციურობა იმ ნაწილში, რომლითაც ცნობილი იქნა საქართველოს პარლამენტის წევრების პეტრე ბერაიას და ვალერი ჭანტურიას უფლებამოსილება. ეს განაპირობა იმან, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის კომპეტენციას განეკუთვნება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საქმე წარმოებაში მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, - იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დავა სამივე კონსტიტუციურ სარჩელში არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს უკავშირდება.
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 134-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ 1999 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების (პირველი ტური) შედეგების მიხედვით №63 აბაშის საარჩევნო ოლქში მეორე ადგილზე გავიდა მაჟორიტარი კანდიდატი თამაზ ხოშტარია და საჭირო იყო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება, რაც დადასტურებულია №63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 1999 წლის 2 ნოემბერს გაცემული საოლქო მაჟორიტარული ოქმით (ფორმა №22\99). მეორე ტურში მონაწილეობა უნდა მიეღოთ თენგიზ კალანდაძეს და თამაზ ხოშტარიას, როგორც საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებს. მაგრამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1999 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე სავსებით უკანონოდ დაადგინა, რომ №63 აბაშის საარჩევნო ოლქში დანიშნულიყო არჩევნების მეორე ტური კანდიდატ თენგიზ კალანდაძესა და კანდიდატ სამსონ (სოსო) ჭანტურიას შორის.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული მოხდა უკანონოდ, რაც გამოიხატა იმაში, რომ თითქოს №63 აბაშის საარჩევნო საოლქო კომისიამ შემოსული საჩივრის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გადამოწმების მიზნით გახსნა ტყვირის №17 საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი პაკეტი, რის შედეგადაც ხელახლა დაითვალა კანდიდატ სამსონ (სოსო) ჭანტურიას სასარგებლოდ მიცემული ხმების რაოდენობა და აღმოაჩინა მანამდე დაფიქსირებულ ხმებზე ოცით მეტი. ამით სამსონ (სოსო) ჭანტურია აღმოჩნდა მეორე ადგილზე.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ №63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიის და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სადავო გადაწყვეტილებებით დაირღვა არჩევნების თავისუფლების, საყოველთაობისა და თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპები. სახელდობრ, დაირღვა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატ თამაზ ხოშტარიას კონსტიტუციური უფლება, - სავსებით კანონიერად მიეღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. მათი აზრით №63 აბაშის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 14 ნოემბერს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების მეორე ტური დანიშნული და ჩატარებულია საქართველოს კონსტიტუციის 49-ე და 50-ე მუხლების პირველი ნაწილების მოთხოვნათა დარღვევით. ასევე თვლიან, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და №63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დარღვეულია „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" ორგანული კანონის 53-ე მუხლის პირველი და 54-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები (ეს კანონი გამოიყენება პარლამენტის 1999 წლის არჩევნების დროს მოქმედი რედაქციით) და მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი №63 აბაშის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 14 ნოემბერს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა და ჩატარება და ბათილად იქნეს ცნობილი მისი შედეგები, ასევე არაკონსტიტუციურად და ბათილად იქნეს აღიარებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის „საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის" V პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება №63 აბაშის საარჩევნო ოლქში არჩეულ პარლამენტის წევრად სამსონ (სოსო) ჭანტურიას ცნობას.
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 139-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ №70 ფოთის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობდნენ დეპუტატობის კანდიდატები: რომან მელია და პეტრე ბერაია. 1999 წლის 14 ნოემბერს ხმის მიცემის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე №70 ფოთის საარჩევნო ოლქის №17 საარჩევნო უბანი დაარბიეს უცნობმა პირებმა და ამის გამო უბანში ვერ მოხერხდა ხმების დათვლა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის გაფორმება. №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიამ 1999 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე იმსჯელა №17 საარჩევნო უბნის შესახებ და ამ უბანზე არჩევნები არჩატარებულად მიიჩნია. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არ დაეთანხმა საოლქო კომისიის ამ გადაწყვეტილებას და 1999 წლის 19 ნოემბრის №191\1999 დადგენილებით ბათილად ცნო არჩევნების მეორე ტურის შედეგები №70 ფოთის საარჩევნო ოლქის №17 უბანზე. №17 უბნის შედეგების გაუთვალისწინებლად მეორე ტურში რომან მელიამ მიიღო 8533 ხმა, ხოლო პეტრე ბერაიამ 9334. ხმათა სხვაობამ შეადგინა 801. ამომრჩეველთა რაოდენობა კი №17 უბანზე შეადგენდა 1940-ს. „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" ორგანული კანონის 54-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად „საარჩევნო უბნებში არჩევნების ბათილად ცნობის შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ უბნებში ნიშნავს ხელახალ ხმის მიცემას ოლქში წარდგენილი კანდიდატებისთვის, თუ ამ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეტია საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატისა და მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა სხვაობის რაოდენობაზე". მიუხედავად ამისა, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1999 წლის 19 ნოემბრის სხდომაზე არჩევნების მეორე ტურის შედეგების შეჯამებისას კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, №17 საარჩევნო უბანში ხელახალი ხმის მიცემის დანიშვნის გარეშე №70 ფოთის საარჩევნო ოლქიდან საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულად გამოაცხადა პეტრე ბერაია.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ №70 ფოთის საარჩევნო ოლქის №8 საარჩევნო უბანში დაახლოებით 11 საათსა და 20 წუთზე საარჩევნო ყუთში გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც ბიულეტენების გარკვეული ნაწილი განადგურდა. 12 საათის შემდეგ არჩევნები გაგრძელდა. საუბნო საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები შეაჯამა გადარჩენილი ბიულეტენების მიხედვით. №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ეს საკითხი განიხილა 1999 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე, მაგრამ არჩევნების შედეგები ბათილად არ ცნო. ისინი ასევე მიუთითებდნენ, რომ №70 ფოთის საარჩევნო ოლქის №1, №2, №5, №7, №8, №9, №10, №13 და №19 უბნებიდან წარმოდგენილი ოქმები საეჭვო მონაცემებს შეიცავს.
მოსარჩელეთა აზრით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არჩევნების თავისუფლების, საყოველთაობისა და თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპები. სახელდობრ, დაირღვა პარლამენტის წევრობის კანდიდატ რომან მელიას კონსტიტუციური უფლება – ცნობილი ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეები მოითხოვენ №70 ფოთის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში 1999 წლის 14 ნოემბერს ჩატარებული მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას, ვინაიდან №1, №2, №5, №7, №8, №9, №10, №13 და №19 საარჩევნო უბნებში ჩატარებული არჩევნების შედეგები არ შეიძლება ჩაითვალოს კონსტიტუციურად, ხოლო №17 უბანში ჩატარებული არჩევნების შედეგები თავად საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩათვალა ბათილად, მაგრამ არ დანიშნა ხელახალი ხმის მიცემა, რითაც ამ უბნის ამომრჩევლებს ფაქტობრივად ჩამოერთვათ უფლება – თავისი ნების გამოვლენით გავლენა მოეხდინათ არჩევნების შედეგებზე.
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი 140-ე ნომრით რეგისტრირებულ სარჩელში მითითებულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 5 ნოემბრის №185\1999 დადგენილებით №68 წალენჯიხის №13 ობუჯის საარჩევნო უბანში ხელახალი ხმის მიცემა დაინიშნა და თარიღად დადგინდა 1999 წლის 14 ნოემბერი. 1999 წლის 14 ნოემბერს №13 უბანში ხელახალი ხმის მიცემა არ შემდგარა, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შეგნებული მოქმედებისა და სახელმწიფო ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების არაკანონიერი მოქმედების შედეგად, რაც გამოიხატა იმაში, რომ არჩევნების დღეს სოფელ ობუჯში თავი მოუყარეს ყველა პოლიციურ სტრუქტურას, შექმნეს „ბლოკ-პოსტები", შემოიყვანეს პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, სულ 89 კაცი. ფორმიანი შეიარაღებული რაზმელები გაწვრთნილი ძაღლებით ჩააყენეს, როგორც სოფლის შიგნით, ისე გასასვლელ-შემოსასვლელებში, აგრეთვე საუბნო კომისიის მისასვლელთან. შემოღებული იქნა ერთჯერადი საშვთა სისტემა, რომელიც გაიცემოდა წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს მიერ. ამით, ფაქტობრივად, აკრძალული იყო სოფლის შიგნით თავისუფალი გადაადგილება. გარდა ამისა, ამომრჩევლებს არ დარიგებიათ ამომრჩევლის ბარათი, რომელიც ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე არდაშვების ძირითადი მიზეზი გახდა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება ხელახალი ხმის მიცემის ჩასაშლელად. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1999 წლის 19 ნოემბრის №190 დადგენილებით ბათილად ცნო №13 ობუჯის საარჩევნო უბანში ფაქტობრივად არშემდგარი, არარსებული ხმის მიცემა და ამით უგულველყო ამომრჩეველთა პოლიტიკური უფლებების კონსტიტუციური გარანტიები.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებული არჩევნების თავისუფლების, საყოველთაობისა და თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპები. სახელდობრ, ზემოაღნიშნული უბნის ამომრჩევლებს ფაქტობრივად ჩამოერთვათ უფლება – მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში და თავისი ნების გამოვლენით გავლენა მოეხდინათ არჩევნების შედეგებზე. ამიტომ ისინი მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის №190 დადგენილება №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის №13 ობუჯის საარჩევნო უბანში ხელახალი ხმის მიცემის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ; 1999 წლის 19 ნოემბრის „საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის" V პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქში არჩეულ პარლამენტის წევრად ვალერი ჭანტურიას ცნობას და VII პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება ამავე ოლქის №13 საარჩევნო უბანში ხელახალი ხმის მიცემის შედეგების ბათილად ცნობას.
მოსარჩელეთა ადვოკატმა ლელა ცანავამ დასკვნით სიტყვაში მოითხოვა №68 წალენჯიხის საოლქო კომისიის 1999 წლის 17 ნოემბრის მაჟორიტარული ოქმის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოახდინა.
მოპასუხის - ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ მოსარჩელე მხარის მოთხოვნებს სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ და სამივე კონსტიტუციურ სარჩელზე წარმოადგინეს შესაბამისი საპასუხო მოსაზრებანი.
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 134-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხე აღნიშნავს, რომ №63 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის №17 ტყვირის საარჩევნო უბანში კენჭისყრა და არჩევნების შედეგების შეჯამება 1999 წლის 31 ოქტომბერს ჩვეულებრივად, დარღვევების დაფიქსირების გარეშე ჩატარდა. თუმცა 1 ნოემბერს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი იქნა №214 განცხადება, რომლის ავტორები - ი. ტყვაცირია და დ. გვალია ითხოვდნენ ტყვირის უბნის შედეგების ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ სამსონ (სოსო) ჭანტურიასათვის მიცემული ხმები უფრო მეტი იყო, ვიდრე ოქმში დაფიქსირებული 270 ხმა. საოლქო საარჩევნო კომისიამ 1999 წლის 1 ნოემბრის სხდომის №18 ოქმის დადგენილებითი ნაწილით უარი უთხრა განმცხადებლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. განცხადება ცნობად მიიღეს, ხოლო ტყვირის საუბნო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირებული შედეგები საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დაუქვემდებარა ბათილად ცნობას. 1999 წლის 2 ნოემბერს საოლქო საარჩევნო კომისიაში კვლავ შევიდა განცხადებები, სადაც მოითხოვდნენ სამსონ (სოსო) ჭანტურიასთვის მიცემული ხმების პაკეტის გახსნასა და ბიულეტენების ხელმეორედ დათვლას, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ სამსონ (სოსო) ჭანტურიამ მიიღო არა 270, არამედ 290 ხმა. საოლქო საარჩევნო კომისიამ "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 24-ე მუხლის "ჟ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, და ამ პუნქტის საფუძველზე მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება ბიულეტენების დალუქული პაკეტის გახსნის თაობაზე. გახსნისას პაკეტში აღმოჩნდა არა 270, არამედ 290 ბიულეტენი. ამ ფაქტის შესახებ 1999 წლის 20 ნოემბერს შედგა №20 სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საოლქო საარჩევნო კომისიის 10 წევრი, ტყვირის საუბნო საარჩევნო კომისიის 4 წევრი და ერთი მეთვალყურე.
მოპასუხე თვლის, რომ 1999 წლის 31 ოქტომბერს ტყვირის საუბნო საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას დაარღვია არა თამაზ ხოშტარიას, არამედ სამსონ (სოსო) ჭანტურიას კონსტიტუციური უფლება და მას 20 ხმა დააკლო. აღნიშნული დარღვევა გამოსწორებული იქნა 2 ნოემბერს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, რასაც სრულიად სამართლიანად ცენტრალური საარჩევნო კომისიაც დაეთანხმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე თვლის რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 134-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 139-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხემ განაცხადა, რომ №70 ფოთის საარჩევნო ოლქის №8 საუბნო საარჩევნო კომისიამ ზუსტად დაიცვა ორგანული კანონის მოთხოვნები და გადაარჩინა ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლებები, როცა მოახერხა საარჩევნო ყუთში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობა და ყუთში არსებული ბიულეტენების გადარჩენა. სრულიად მართლზომიერია ამ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბიულეტენების დათვლის წესის შესახებ, რადგან საუბნო საარჩევნო კომისიას სრული უფლება ჰქონდა ისეთ უკიდურეს შემთხვევაში, როგორშიც იგი საარჩევნო ყუთში ცეცხლის გაჩენით აღმოჩნდა, ხმათა უმრავლესობით მიეღო გადაწყვეტილება დაზიანებული და გადარჩენილი ბიულეტენების დათვლის თაობაზე. მათი აზრით კომისიის გადაწყვეტილება სრულიად შეესაბამება "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 52-ე მუხლის მოთხოვნებს.
მოპასუხის წარმომადგენლები თვლიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ უნდა იმსჯელოს №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის 1999 წლის 16 ნოემბრის სხდომის ოქმზე და მის პირველ დადგენილებით ნაწილზე, რომლითაც საარჩევნო უბანში არჩევნები გამოაცხადა არჩატარებულად, რადგან "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტი იცნობს არჩევნების ჩატარებულად მიჩნევას მხოლოდ და მხოლოდ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის დონეზე და არა საარჩევნო უბნის დონეზე.
მოპასუხეთა წარმომადგენლები არ ეთანხმებიან კონსტიტუციურ სარჩელსა და მოსარჩელეების მიერ სასამართლო განხილვის დროს წარმოთქმულ არგუმენტებს №70 ფოთის საარჩევნო ოლქის №1, №2, №5, №7, №8, №9, №10, №13 და №19 უბნებში საარჩევნო ბიულეტენების მეტობა-ნაკლებობის თაობაზე. მათი აზრით ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ოქმები და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებული იგივე უბნების ოქმები მონაცემებით ერთმანეთისაგან განსხვავდებიან არჩევნების ბათილად ცნობის საფუძველს არ წარმოადგენს, რადგან "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში არსად არ არის დადგენილი, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილ პირზე გაცემული საოლქო მაჟორიტარული ოქმის ცალი არის იგივე იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, როგორიც საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი მაჟორიტარული ოქმები.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოპასუხის წარმომადგენლები თვლიან, რომ კონსტიტუციური სარჩელი უსაფუძვლოა და მას დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 140-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეთა წარმომადგენლები არ ეთანხმებიან კონსტიტუციურ სარჩელს და მოსარჩელეების მიერ სასამართლო განხილვის დროს წარმოთქმულ არგუმენტებს №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების ბათილად ცნობის თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით.
მოპასუხის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ 1999 წლის 14 ოქტომბერს კენჭისყრის დროს სოფელ ობუჯის ტერიტორიაზე მართლაც იდგა პოლიციელთა დროებითი საგუშაგოები, მაგრამ ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია არჩევნების ჩატარებისათვის, რადგან მათი დანიშნულება იყო მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიამ 6 საათსა და 40 წუთზე კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილების შესახებ, რომელსაც არ დაეთანხმნენ კომისიის წევრები - ლ. თვალთვაძე და მ. ფიფია. კომისიის ამ ორი წევრისა და დეპუტატობის კანდიდატ გ. ცანავას წარმომადგენელთა მუქარის გამო, რომ არჩევნების დაწყების შემთხვევაში სისხლისღვრა მოხდებოდა, საუბნო საარჩევნო კომისიამ 11 საათსა და 20 წუთზე მიიღო გადაწყვეტილება უბნის დახურვის თაობაზე.
მოპასუხის აზრით, ასეთ შემთხვევაში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სრულიად მართლზომიერად მიიღო, როცა ორგანული კანონის უხეში დარღვევის გამო ობუჯის საარჩევნო უბანზე არჩევნები ბათილად ცნო. ორგანული კანონის უხეში დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ დაირღვა ამ კანონის 49-ე მუხლის მოთხოვნები და უბანში კენჭისყრა დილის 7 საათზე არ დაიწყო.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მოპასუხის წარმომადგენლები თვლიან, რომ კონსტიტუციური სარჩელი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამრიგად, მოპასუხე მხარე - ცენტრალური საარჩევნო კომისია - მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა სამი ჯგუფის 134-ე, 139-ე და 140-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საქმის არსებითად განხილვის შედეგად, - კონსტიტუციური სარჩელების მონაცემების, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა გამოსვლებისა და განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე სამივე კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი დაადგინა. (ამ საქმესთან მიმართებით სასამართლოს პლენუმი ითვალისწინებს თავის №3\122,128 გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია 2000 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტის 1999 წლის არჩევნების №55 ხონისა და №65 მარტვილის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობის თაობაზე).
I. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 134-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ №63 აბაშის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 14 ნოემბერს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის კონსტიტუციურობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
საკონსტიტუციო სასამართლო მართლზომიერად ვერ მიიჩნევს დეპუტატობის კანდიდატის სამსონ (სოსო) ჭანტურიას გასვლას არჩევნების მეორე ტურში და თვით მეორე ტურის დანიშვნასა და ჩატარებას №17 ტყვირის საარჩევნო უბანში ხმების დათვლის შედეგების ისეთნაირად გადასინჯვით, როგორც ეს განახორციელა №63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიამ.
კენჭისყრის შედეგების გადამოწმების თაობაზე საოლქო საარჩევნო კომისიას 1999 წლის 31 ოქტომბრით დათარიღებული
განცხადებით 1 ნოემბერს მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის მეთვალყურემ ბ. ცომაიამ. ამ განცხადებაში (რეგისტრაციის №216) იგი წერდა: "გთხოვთ, შეამოწმოთ და დათვალოთ სამსონ (სოსო) ჭანტურიას ბიულეტენები და დაადგინოთ სიმართლე“. განცხადების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიამ იმავე დღეს იმსჯელა, მაგრამ რატომღაც უგულებელყო თხოვნის შინაარსი და უარყო იგი იმ არაადეკვატური მოტივით, რომ განმცხადებელი თითქოს მოითხოვდა "შედეგების ბათილად ცნობას“ (№63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიის 1999 წლის 1 ნოემბრის სხდომის ოქმი №18). 2 ნოემბერს კი იმავე კომისიამ ხმების დათვლასთან დაკავშირებულ სხვა განცხადებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
№63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისია 1999 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებაში შემოიფარგლა იმით, რომ №17 ტყვირის საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი დალუქული პაკეტის გახსნისას გადათვალა მხოლოდ სამსონ (სოსო) ჭანტურიასათვის მიცემული ხმები. ამის შედეგად კომისიამ, 1999 წლის 2 ნოემბრის სხდომის №20 ოქმის მიხედვით, აღმოაჩინა ოცით მეტი ბიულეტენი – საერთო ანგარიშით, 290 ბიულეტენი საუბნო მაჟორიტარულ ოქმში აღნიშნული 270 ბიულეტენის ნაცვლად. ამ მონაცემების გათვალისწინებით, საოლქო საარჩევნო კომისიამ ცვლილება შეიტანა საოლქო მაჟორიტარულ ოქმში იმ მხრივ, რომ ოლქში დეპუტატობის კანდიდატთა შორის მეორე ადგილზე გასულად და, მაშასადამე, პირველ ადგილზე მყოფ კანდიდატთან ერთად არჩევნების მეორე ტურის მონაწილედ, მანამდე ოთხი ხმით წინ მყოფი დავით ხოშტარიას მაგივრად გამოაცხადა სამსონ (სოსო) ჭანტურია. ამ ცვლილებას დაეთანხმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს საოლქო საარჩევნო კომისიის იმ კომპეტენციაზე, რომ იგი აკონტროლებს კონსტიტუციის სათანადო დებულებებისა და პარლამენტის არჩევნების შესახებ ორგანული კანონის შესრულებას და უზრუნველყოფს მათ ერთგვაროვან გამოყენებას საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე (ორგანული კანონი "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“, მუხ. 24. "ა“). საოლქო საარჩევნო კომისია სამსონ (სოსო) ჭანტურიასათვის მიცემული ხმების შემოწმებით არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. რაკი საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაწყვიტა საუბნო საარჩევნო კომისიის დალუქული პაკეტის გახსნა, მას უნდა დაეთვალა აგრეთვე დეპუტატობის სხვა კანდიდატების და, მათ შორის დავით ხოშტარიას სასარგებლოდ მიცემული ხმები. ამას არ გამორიცხავდა ტყვირის საარჩევნო უბნის დამკვირვებლების – ბ. ცომაიას, ი. ტყვაცირიასა და დ. გვალიას მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში 2 ნოემბერს შეტანილი ერთობლივი განცხადებაც, რომლის განხილვის შედეგადაც გაიხსნა კიდეც ხსენებული დალუქული პაკეტი. განცხადებაში თავიდან, მართალია, მხოლოდ სამსონ (სოსო) ჭანტურიას სასარგებლოდ მიცემული ხმების შესახებაა ლაპარაკი, მაგრამ ბოლო ნაწილში ზოგადად ნათქვამია – "…გთხოვთ რაიონის ცენტრში წარდგენილი ყუთი იქნეს თქვენს მიერ გადამოწმებული, რათა საფუძველი მოეშალოს ყოველგვარ ეჭვიანობას“.
საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა გაერკვია სამსონ (სოსო) ჭანტურიასათვის მიკუთვნებული დამატებითი, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ოცი ბიულეტენის წარმომავლობა, მათი მიმართება საარჩევნო უბანში მიღებული ბიულეტენების რაოდენობასთან და ბიულეტენებთან დაკავშირებული სათანადო მონაცემების დაბალანსებასთან. ამ გარემოებათა გარკვევისა და გათვალისწინების გარეშე შეუძლებელი იყო №17 ტყვირის საარჩევნო უბანში კენჭისყრის ნამდვილი შედეგების დადგენა. აქედან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია დავით ხოშტარიას ადგილზე სამსონ (სოსო) ჭანტურიას ჩანაცვლება და მისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლების მინიჭება, მთელი მეორე ტურის დანიშვნა და ჩატარება. ამასთან მიმართებით საყურადღებოა სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის ლ. ბეგიაშვილის განცხადება, რომ გაიხსნას და შემოწმდეს მთლიანად ტყვირის უბნის ბიულეტენები – "ეს სიმართლეს დაადგენს, ისე ვერ გავიგებთ, თუ როგორ მოხდა 20 ხმის დამატება“; "ცსკ-ში წარდგინება როდესაც მოვიდა, კარგი იყო, ჩემი აზრით, ცსკ-ს რომ გადაემოწმებინა მაშინ“ (მოყვანილია საოქმო ჩანაწერის მიხედვით).
დეპუტატობის კანდიდატ სამსონ (სოსო) ჭანტურიასათვის დამატებით 20 ხმის მიკუთვნებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს აგრეთვე, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ ამ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად, იმავდროულად, უნდობლობა გამოუცხადა საუბნო საარჩევნო კომისიას: "გამოეცხადოს უნდობლობა №17 ტყვირის საარჩევნო უბნის კომისიას და დაისვას საკითხი მათი უფლებამოსილების ჩამორთმევის შესახებ“ (№63 აბაშის საარჩევნო ოლქის კომისიის 1999 წლის 2 ნოემბრის სხდომის ოქმი №20). საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის აზრით, ასეთი კომისიის მიერ ჩატარებული საარჩევნო პროცედურები საერთოდ არ უნდა ყოფილიყო სარწმუნოდ მიჩნეული.
საოლქო საარჩევნო კომისიის ცალმხრივმა გადაწყვეტილებამ ბიულეტენების დათვლის შესახებ და მასზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათანხმებამ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ დეპუტატობის კანდიდატებს თანასწორ საწყისებზე მიეღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. ამით დაირღვა "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" ორგანული კანონის დებულებები, რომელთა ძალითაც (1) "საქართველოს პარლამენტის არჩევნები ეწყობა ... თანასწორი ... საარჩევნო უფლების საფუძველზე..." (პირველი მუხლის პირველი პუნქტი) და (2) "საქართველოს პარლამენტში არჩევნები თანასწორია. საქართველოს მოქალაქენი არჩევნებში თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ“ (მუხ. 3).
"საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის ციტირებული ნორმები არის იმის გარანტია, რომ მართებულად განხორციელდეს საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი დანაწესი. სახელდობრ, №63 აბაშის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქთან მიმართებით, იგულისხმება კონსტიტუციის 49-ე მუხლის იმ მოთხოვნის შესრულება, რომ პარლამენტი შედგებოდეს თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე მაჟორიტარული სისტემით არჩეული 85 (მათ შორის, №63 აბაშის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული ერთი) პარლამენტის წევრისაგან. სამსონ (სოსო) ჭანტურია კი თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე არჩეულ პარლამენტის წევრად ვერ ჩაითვლება.
ამრიგად, №63 აბაშის საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამსონ (სოსო) ჭანტურიას გასვლის შესახებ, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა და ჩატარება, სამსონ (სოსო) ჭანტურიას მონაწილეობა ამ ტურში და საქართველოს პარლამენტის წევრად მისი არჩევა არ შეესაბამება, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველ პუნქტს.
II. საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 139-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. როგორც ეს საქმის არსებითად განხილვისას წარმოდგენილი მასალებითა და მოწმეთა ჩვენებებით გაირკვა 1999 წლის 14 ნოემბერს, ხმის მიცემის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე №70 ფოთის საარჩევნო ოლქის №17 უბანი უცნობმა პირებმა დაარბიეს და ამის გამო ამ უბანში ვერ მოხერხდა ხმების დათვლა და შედეგების შეჯამება. №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიამ 1999 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე იმსჯელა №17 საარჩევნო უბნის შესახებ და ამ უბანზე არჩევნები არჩატარებულად მიიჩნია. ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიის ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და 1999 წლის 19 ნოემბრის №191\1999 დადგენილებით №17 უბანზე მეორე ტურის შედეგები ბათილად ცნო. ამ უბნის შედეგების გაუთვალისწინებლად მეორე ტურში დეპუტატობის კანდიდატმა რომან მელიამ მიიღო 8533 ხმა, ხოლო პეტრე ბერაიამ - 9364. ხმათა სხვაობამ შეადგინა 801 ხმა პეტრე ბერაიას სასარგებლოდ. მთლიანად ამომრჩეველთა რაოდენობა №17 უბანზე 1940-ს შეადგენდა.
"საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 54-ე მუხლის მე-10 პუნქტის ძალით "საარჩევნო უბნებში არჩევნების ბათილად ცნობის შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ უბნებში ნიშნავს ხელახალ ხმის მიცემას ოლქში წარდგენილი კანდიდატებისათვის, თუ ამ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეტია საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატისა და მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა სხვაობის რაოდენობაზე“.
აღნიშნული პირობის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ხელახალი ხმის მიცემის შედეგების მიხედვით მანამდე (ხელახალი ხმის მიცემამდე) საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს გაუსწროს მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატმა, მაშასადამე, ხელახალმა ხმის მიცემამ, ე.ი. იმ საარჩევნო უბნების ამომრჩევლებმა, რომელშიც არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, შეიძლება არსებითი გავლენა მოახდინოს არჩევნების საბოლოო შედეგებზე. გამოდის, რომ ასეთ ვითარებაში პარლამენტის წევრად შეიძლება არჩეული იქნეს ხელახალი ხმის მიცემამდე მეორე ადგილზე მყოფი კანდიდატი.
ამგვარად, ხელახალი ხმის მიცემა, გარკვეულ პირობებში, საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი დებულებების მართებულად განხორციელების ერთ-ერთი გარანტია. სახელდობრ, №70 ფოთის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქთან მიმართებით, იგულისხმება კონსტიტუციის დასახელებული მუხლის იმ მოთხოვნის შესრულება, რომ პარლამენტი უნდა შედგებოდეს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე მაჟორიტარული სისტემით არჩეული 85 (მათ შორის, №70 ფოთის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქში არჩეული ერთი) პარლამენტის წევრისაგან.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, №70 ფოთის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის №17 საარჩევნო უბანში არჩევნების შედეგების გაბათილებით შეიქმნა სწორედ "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 54-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ვითარება (ამას მოპასუხე მხარის წარმომადგენლებიც ადასტურებენ). მიუხედავად ამისა, ორგანული კანონის 54-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნა №70 ფოთის ერთმანდატიან ოლქში არ განხორციელდა. ორგანული კანონის 54-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და აგრეთვე 55-ე მუხლის მითითების საწინააღმდეგოდ, №17 საარჩევნო უბანში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელახალი ხმის მიცემა არ დაუნიშნავს. ამ უბნის მონაცემების გარეშე შეჯამდა არჩევნების საბოლოო შედეგები და, შესაბამისად, №70 ფოთის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულად პეტრე ბერაია ჩაითვალა.
ამ დარღვევის გამო აღნიშნული საარჩევნო უბნის ამომრჩევლებს წაერთვათ არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლება, ორგანული კანონით უზრუნველყოფილი იმის შესაძლებლობა, რომ ხელახალი ხმის მიცემის გზით თვითონ აერჩიათ თავიანთი მაჟორიტარი დეპუტატი და არსებითი გავლენაც კი მოეხდინათ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგებზე. აგრეთვე, აღნიშნული დარღვევით დეპუტატობის კანდიდატის რომან მელიას კონსტიტუციური უფლებაც შეილახა, ვინაიდან გამოირიცხა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად მისი იმჟამად არჩევის შესაძლებლობა.
ამგვარად, ის გარემოებანი, რომ (ა) №17 საარჩევნო უბანში "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 54-ე მუხლის მე-10 პუნქტის საწინააღმდეგოდ არ დაინიშნა ხელახალი ხმის მიცემა და (ბ) მაჟორიტარი დეპუტატი №70 ფოთის საარჩევნო ოლქში აირჩა აღნიშნულ უბანში ხელახალი ხმის მიცემის შედეგების გათვალისწინების გარეშე, არ შეესაბამება და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
მოპასუხე მხარის წარმომადგენლების განცხადების, თანახმად, არჩევნების მეორე ტურის შედეგების ბათილად ცნობის შემთხვევაში ხელახალი ხმის მიცემა არ შეიძლება გაიმართოს, ვინაიდან ამისათვის კანონით "საერთო არჩევნებიდან“ ორი კვირაა დადგენილი, ეს ვადა კი უკვე გასული იყო. მოსარჩელე მხარემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ არჩევნების შესაძლო ორი ტურის ჩატარების შემთხვევაში თითოეული მათგანი ცალ-ცალკე საერთო არჩევნებად უნდა ჩაითვალოს და ვადების ათვლაც ამის შესაბამისად უნდა წარიმართოს. მოპასუხე მხარე, აგრეთვე, მიუთითებდა იმჟამად მოქმედი ორგანული კანონის შესაძლო ხარვეზებზეც და ამას, არც საკონსტიტუციო სასამართლო გამორიცხავს, მით უფრო, რომ "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის სრულყოფის საჭიროება აღნიშნულია ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ 1999 წლის 31 ოქტომბრისა და 14 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით თბილისში წარმოგზავნილ საარჩევნო დამკვირვებელთა მისიის საბოლოო მოხსენებაში (არჩევნების საერთო დადებით შეფასებასთან ერთად, დამკვირვებელთა მოსაზრებით, ორგანული კანონის "ზოგიერთი პუნქტი ბუნდოვანია, თანაც ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ხოლო ზოგიერთი… სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“). მაგრამ, ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არანაირად არ შეიძლება კონსტიტუციის პრინციპებისა და ნორმების, კონსტიტუციურ დებულებათა დარღვევის გამართლება მიმდინარე კანონმდებლობის ხარვეზიანობის საფუძველზე. მით უმეტეს, ამ საკითხში არსებულ "ბუნდოვანობას“ ნათელი მოფინა ორგანული კანონის 55-ე მუხლში შეტანილმა ცვლილებებმა. ამ მუხლის მე-3 პუნქტში ნათლადაა ნათქვამი, რომ "ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით ხელახალი კენჭისყრა საერთო არჩევნებიდან არა უგვიანეს მე-14 დღეს უნდა გაიმართოს. თუ კენჭისყრის შედეგი კვლავ ბათილად იქნა ცნობილი, კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა განმეორებით იმართება ხელახალი კენჭისყრა და თუ მისი შედეგიც ბათილად იქნა ცნობილი, არჩევნები ჩატარებულად არ ჩაითვლება და კანონის 57-ე მუხლის შესაბამისად დაინიშნება ახალი არჩევნები“.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ხელახალი ხმის მიცემის დანიშვნის შემთხვევაში ვეღარ მოესწრებოდა დეპუტატის არჩევა ახლადარჩეული პარლამენტის შეკრებამდე. მისი აზრით, თუ ხელახალი ხმის მიცემა ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ ჩატარდებოდა, საკითხის ასეთი გადაწყვეტის კონსტიტუციურობა საეჭვო იქნებოდა. ამის საპირისპიროდ სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 51-ე მუხლზე, რომლის ძალითაც ახლადარჩეული პარლამენტი მუშაობას შეუდგება თუ დადასტურებულია დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.
2. №70 ფოთის საარჩევნო ოლქის №8 საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთში გაჩნდა ცეცხლი, რომლის გამოც ბიულეტენების გარკვეული ნაწილი განადგურდა. საუბნო საარჩევნო კომისიამ დაადგინა დამწვარი ყუთის გახსნის შემდგომ ბიულეტენების დათვლის წესი და დაახლოებით 12 საათზე არჩევნები გააგრძელა. მოპასუხე მხარის წარმომადგენელი თვლის, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება სრულიად შეესაბამება ორგანული კანონის 52-ე მუხლის მოთხოვნებს და არავითარ განსხვავებულ და კანონსაწინააღმდეგო წესს იგი არ ადგენს.
სასამართლო თვლის, რომ №8 საარჩევნო უბნის მიერ მიღებული დადგენილება დამწვარი ყუთის გახსნის შემდგომ ბიულეტენების დათვლის წესის შესახებ არსებითად შეესაბამება "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 52-ე მუხლისა და "ზოგიერთი საარჩევნო ფორმის დამტკიცების შესახებ“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 29 სექტემბრის №105\1999 დადგენილების მოთხოვნებს.
საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის იმ მოსაზრებას, რომ №8 საარჩევნო უბანში ყუთის დაწვის შედეგად რამდენიმე ბიულეტენის განადგურება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კანონის უხეშ დარღვევად უნდა ეღიარებინა და საარჩევნო უბანში არჩევნები ბათილად ეცნო.
"საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 54-ე მუხლის მე-9 პუნქტის ძალით, "ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეუძლია ბათილად ცნოს არჩევნები იმ საარჩევნო უბნებში, სადაც მოხდა ამ კანონის უხეშად დარღვევა“.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პარლამენტის არჩევნების შესახებ ორგანული კანონის "უხეშად დარღვევის“ საკანონმდებლო განმარტება არ არსებობს. იგულისხმება, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამას თვით ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაზღვრავს. სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ამ საკითხის გადაწყვეტა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეროგატივას წარმოადგენდა.
3. სასამართლო ვერ დაეთანხმება კონსტიტუციურ სარჩელსა და მოსარჩელეების მიერ სასამართლო განხილვის დროს წამოყენებულ მოთხოვნებს №1, №2, №5, №7, №8, №9, №10, №13, №19 უბნებში არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ, იმ მოტივით, რომ მათ ხელთ არსებული საუბნო მაჟორიტარული ოქმების ცალებში არის "დისბალანსი“ და მეტობა.
სასამართლოს პლენუმი თვლის, რომ საუბნო მაჟორიტარულ ოქმებში არსებული ასეთი "დისბალანსი“ ამ კონკრეტულ ვითარებაში ვერ მიიჩნევა არჩევნების ბათილობის საკმარის საფუძვლად, თუმცა კი იგი გარკვეულ ეჭვებს იწვევს.
III. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის 140-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
1. საქმის არსებითად განხილვისას წარმოდგენილი მასალებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე გაირკვა, რომ 1999 წლის 14 ოქტომბერს №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის №13 ობუჯის საარჩევნო უბანში, სადაც ხელახალი ხმის მიცემა იყო დანიშნული, კენჭისყრა ფაქტობრივად არ ჩატარდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმსჯელა ამის თაობაზე და 1999 წლის 5 ნოემბერს №183\1999 დადგენილებით №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის №13 საარჩევნო უბანში არჩევნები ბათილად ცნო.
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება ემყარება "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 54-ე მუხლის მე-9 პუნქტის შინაარსის არასწორ განმარტება–გამოყენებას აღნიშნული პუნქტის საფუძველზე "ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეუძლია ბათილად ცნოს არჩევნები იმ საარჩევნო უბნებში, სადაც მოხდა ამ კანონის უხეშად დარღვევა“. კონკრეტულად №13 ობუჯის საარჩევნო უბანთან მიმართებით, არჩევნები არსებითად გამოიხატებოდა ხელახალი ხმის მიცემის ჩატარებით, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით დანიშნული იყო 1999 წლის 14 ნოემბერს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავისი სადავო დადგენილებით არასწორად განმარტა საარჩევნო უბანში არჩევნების ბათილობის ცნება, მისი შინაარსი და საფუძვლები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა უბანში დანიშნულია ხელახალი ხმის მიცემა, ორგანული კანონის 54-ე მუხლის აღნიშნული პუნქტის მიხედვით ბათილად შეიძლება ჩაითვალოს სწორედ ეს ხმის მიცემა და არა საერთოდ მთელი საარჩევნო პროცესი, რომელიც ერთობ ხანგრძლივ და მრავალსტადიიან პროცესს წარმოადგენს (არჩევნების მომზადება, ჩატარება და შედეგების შეჯამება). მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება არჩევნები ვიწრო - თავისი ნამდვილი გაგებით, ანუ, სხვანაირად, ამომრჩევლის მიერ არჩევანის გაკეთება, რაც კენჭისყრის, ხმის მიცემის საფუძველზე ხორციელდება. სწორედ კენჭისყრა, ხმის მიცემა წარმოადგენს არჩევნების კონსტიტუციურ (სუბსტანციურ) ნიშან-თვისებას. ეს დასტურდება "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის ამჟამად მოქმედი, ახალი რედაქციითაც, რომელშიც ბათილობასთან დაკავშირებით გამოიყენება გამოთქმები - "კენჭისყრის ბათილობა“, "კენჭისყრის შედეგების ბათილობა“. ყველა შემთხვევაში ამ გამოთქმებით იგულისხმება არჩევნების ბათილობა. არჩევნების აღნიშნულ გაგებაზე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტიც, სადაც ჩაწერილია, რომ "პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტისა და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებს კანონით დადგენილი წესით“. ამ კონსტიტუციურ დებულებას უფრო გასაგებს ხდის "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის მე-12 მუხლი ("არჩევნების დანიშვნა“), რომლის ძალითაც "… არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს
პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“. ამ დებულებიდან ნათლად ჩანს, რომ არჩევნების დანიშვნა ნიშნავს ერთი კონკრეტული დღის, კერძოდ, კენჭისყრის ჩატარების დღის განსაზღვრას. ამასვე ადასტურებს ხსენებული ორგანული კანონის 24-ე მუხლის "ნ“ პუნქტი, 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი, 34-ე მუხლის პირველი პუნქტი, 49-ე მუხლის პირველი პუნქტი, 50-ე მუხლის მე-4 პუნქტი და სხვა. საარჩევნო უბანში არჩევნების ასეთი გაგების შემდეგ, საფუძველი ეცლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სადავო დადგენილებას №13 ობუჯის საარჩევნო უბანში ხელახალი ხმის მიცემის ბათილობასთან დაკავშირებით.
შეუძლებელია ლაპარაკი არჩევნების შედეგების ბათილობაზე იქ, სადაც არ ყოფილა კენჭისყრა. შეუძლებელია გაბათილდეს ამომრჩევლის ნება, რომელიც არ გამოხატულა. ამომრჩეველმა ნება რომ გამოავლინოს, ამისათვის ორგანული კანონი საუბნო საარჩევნო კომისიას ვალდებულს ხდის ჩაატაროს კენჭისყრა. №13 ობუჯის საუბნო საარჩევნო კომისიამ კი, როგორც სასამართლო განხილვიდან გამოირკვა, ვერ უზრუნველყო არჩევნების ჩატარება. არც ერთ ამომრჩეველს არ მისცემია თავისი ნების გამოხატვის შესაძლებლობა. საუბნო საარჩევნო კომისიამ კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილებაზე დავით დაასრულა თავისი საქმიანობა და 11 საათსა და 20 წუთზე შეწყვიტა მუშაობა. კენჭისყრა, რომელიც ორგანული კანონის 49-ე მუხლის მიხედვით უნდა მოწყობილიყო არჩევნების დღეს 7 საათიდან 20 საათამდე, არ შემდგარა და არც ერთ ამომრჩეველს არ მიუღია მონაწილეობა არჩევნებში. ამაზე მეტყველებს №68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიის 1999 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმი, რომლის დადგენილებით ნაწილში ნათქვამია: "… №13 ობუჯის საარჩევნო უბანში დანიშნული არჩევნები ჩაიშალა“.
მიუხედავად ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 1999 წლის 19 ნოემბრის "საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის“ დადგენილებითი ნაწილით ბათილად ცნო არჩევნების შედეგები №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის №13 საარჩევნო უბანში და ამ ოლქიდან პარლამენტის წევრად, ხელახალი ხმის მიცემის შედეგად, არჩეულად ვალერი ჭანტურია ცნო.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა ცენტრალური საარჩევნო კომისიის აღნიშნული ოქმის დადგენილებითი ნაწილი №13 ობუჯის საარჩევნო უბანში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. რომელი შედეგების გაუქმებაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა ხელახალი ხმის მიცემა საერთოდ არ ჩატარებულა. ასევე გაუგებარია ამ ოქმის V პუნქტის ის ნაწილი, რომლითაც პარლამენტის დეპუტატად, ხელახალი ხმის მიცემის შედეგად არჩეულია ვალერი ჭანტურია. ხელახალი ხმის მიცემის ასეთი გაგება ეწინააღმდეგება ორგანული კანონით განსაზღვრულ მის დანიშნულებას. კანონის ასეთი განმარტების შედეგად არჩევნების შედეგების შეჯამება მოხდა ხელახალი ხმის მიცემის გარეშე და ცხადია ამით დაირღვა ორგანული კანონის ის ნორმები, რომლებიც სავალდებულოდ მიიჩნევენ ხელახალ ხმის მიცემას. ხელახალი ხმის მიცემის ჩატარება იმას ნიშნავს, რომ თუ იგი დანიშნულ დროს არ ჩატარდა, ან ვერ შედგა, უნდა გადაიდოს და ჩატარდეს სხვა დროს.
2. სასამართლო თვლის, რომ №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის №13 ობუჯის საარჩევნო უბანში ხელახალი ხმის მიცემის ჩაშლა საუბნო, საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების მოუქნელი მუშაობის შედეგია. კომისიებმა ვერ გამოიყენეს ორგანული კანონით მათთვის მინიჭებული ყველა უფლება და არ შეასრულეს ყველა ვალდებულება, რათა ჩაეტარებინათ არჩევნები და უბანში მოსული ამომრჩევლებისათვის თავისი ნების გამოვლენის შესაძლებლობა მიეცათ. ყოველივე ამას ადასტურებს "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე, 49-ე, 50-ე და სხვა მუხლები: 22-ე მუხლის მეორე პუნქტის "კ“ ქვეპუნქტით, ცენტრალური საარჩევნო კომისია "ამოწმებს საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებათა კანონიერებას, საჭიროების შემთხვევაში აუქმებს მათ და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას; საგანგებო შემთხვევაში, თავისი შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით, იღებს გადაწყვეტილებას ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შექმნილი ჯგუფისათვის ამ საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ“; 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, "ხმის მიცემის დროს დაუშვებელია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა და კენჭისყრის შეწყვეტა…“ 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით, "პასუხისმგებლობა კენჭისყრის ორგანიზაციისათვის, ამომრჩეველთა ნების ობიექტური გამოვლინების, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფისა და შენობის მოწყობისათვის ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიას, ხოლო პერსონალურად – კომისიის თავმჯდომარეს. არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მასზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. წესრიგის დაცვის მიზნით მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა კენჭისყრის შენობაში დასწრების უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის…“ გარდა ამისა, საარჩევნო კომისიების მიერ უგულველყოფილი იქნა ორგანული კანონის მე-11, მე-16, მე-17, მე-19, 26-ე მუხლების მოთხოვნები.
საქმის მასალემის მიხედვით, №68 წალენჯიხის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ვითარება ისეთი იყო, რომ ხელახალ ხმის მიცემას შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგზე. ამიტომ ხელახალი ხმის მიცემა ასეთ პირობებში საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი დებულებების მართებულად განხორციელების ერთ-ერთი გარანტიაა.
ზემოაღნიშნული დარღვევების გამო, №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის №13 ობუჯის საარჩევნო უბნის ამომრჩევლებმა ვერ განახორციელეს არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლება, ორგანული კანონით გარანტირებული შესაძლებლობა, რომ ხელახალი ხმის მიცემის გზით თვითონ აერჩიათ თავიანთი მაჟორიტარი დეპუტატი. აგრეთვე, ამ დარღვევით შეილახა დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ცანავას კონსტიტუციური უფლებაც, ვინაიდან გამოირიცხა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად მისი იმჟამად არჩევის შესაძლებლობა.
საქართველოს პარლამენტის წევრთა სამი ჯგუფის 134-ე, 139-ე და 140-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განხილვის შედეგად დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, - იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის "დ“ ქვეპუნქტით, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის "დ“ პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
I. საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (სულ 55 დეპუტატის) 134-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე – დაკმაყოფილდეს მოსარჩელეთა მოთხოვნა და ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად და ბათილად (ა) არჩევნების შედეგები №63 აბაშის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში, რაც იმით გამოიხატა, რომ 1999 წლის 15 ნოემბრის საოლქო მაჟორიტარული ოქმის მიხედვით "საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულია სამსონ (სოსო) ჭანტურია, (ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის "საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის“ V პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება №63 აბაშის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრად სამსონ (სოსო) ჭანტურიას ცნობას;
II. საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (სულ 53 დეპუტატის) 139-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე –
1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელეთა მოთხოვნა, რომ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტის 1999 წლის არჩევნების №70 ფოთის საარჩევნო ოლქის №1, №2, №5, №7, №8, №9, №10, №13 და №19 საარჩევნო უბნებში 14 ნოემბერს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შედეგები.
2. დაკმაყოფილდეს მოსარჩელეთა მოთხოვნა და ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად და ბათილად (ა) არჩევნების შედეგები №70 ფოთის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში, რაც იმით გამოიხატა, რომ 1999 წლის 16 ნოემბრის საოლქო მაჟორიტარული ოქმის მიხედვით "საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულია ბერაია პეტრე“, (ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის "საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის“ V პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება №70 ფოთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრად პეტრე ბერაიას ცნობას;
III. საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (სულ 53 დეპუტატის) 140-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე – დაკმაყოფილდეს მოსარჩელეთა მოთხოვნა და ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად და ბათილად (ა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის №190 დადგენილება №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის №13 ობუჯის საარჩევნო უბანში ხელახალი ხმის მიცემის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, (ბ) არჩევნების შედეგები №68 წალენჯიხის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში, რაც იმით გამოიხატა, რომ 1999 წლის 17 ნოემბრის საოლქო მაჟორიტარული ოქმის მიხედვით "საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულია ჭანტურია ვალერი“, (გ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 19 ნოემბრის "საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 7 და 14 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი ხმის მიცემის შედეგების შემაჯამებელი ოქმის“ V პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება №68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრად ვალერი ჭანტურიას ცნობას და VII პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება ამავე ოლქის №13 საარჩევნო უბანში ხელახალი ხმის მიცემის შედეგების ბათილად ცნობას;
IV. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
V. გადაწყვეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
VI. გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
VII. გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
პლენუმის შემადგენლობა
ავთანდილ დემეტრაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
ნოკოლოზ შაშკინი
ავთანდილ აბაშიძე
ოთარ ბენიძე
ბესარიონ ზოიძე
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
ლამარა ჩორგოლაშვილი
ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე)