მოქალაქე შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №1/6/136 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 21 ივნისი 2002 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 ივნისი 2002 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე);
2. იაკობ ფუტკარაძე;
3. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: მოქალაქე შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე–15, მე–16, მე–17, მე–20, 22–ე, 23–ე, 24–ე, 30–ე, 31–ე, 32–ე, 34–ე, 36–ე, 37–ე და 39–ე მუხლებთან, აგრეთვე მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტთან, მე–5 მუხლის პირველ პუნქტთან, მე–6 და მე–7 მუხლებთან მიმართეებით (1) საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, (2) საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივლისის №371 განკარგულება „სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციების პრივატიზების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“, (3) საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 5 ივლისის №403 ბრძანებულება „საქართველოს ენერგოსისტემის კომპანიების პრივატიზების სტრატეგიების შესახებ“, (4) საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 დეკემბრის №953 განკარგულება „სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის პრივატიზების დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ“, (5) საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 19 დეკემბრის №956 განკარგულება „ქ. თბილისის ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციათა პაკეტების (საწესდებო კაპიტალის 75 პროცენტი) ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულების შესახებ“, (6) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 თებერვლის №58 ბრძანებულება „საქართველოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისა და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაცია–განვითარების სამოქმედო პროგრამის შესახებ“, (7) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ოქტომბრის №568 ბრძანებულება „სააქციო საზოგადოება „თელასის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პრივატიზების შესახებ“, (8) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ეი–ი–ეს სილქ როუდ ჰოლდინგზ ბი.ვი.–ს შორის 1998 წლის 21 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება „სააქციო საზოგადოება თელასის ყველა აქციის სამოცდათხუტმეტი პროცენტის (75%) ყიდვა–გაყიდვის შესახებ“ და (9) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 1999 წლის 31 მაისის №1 დადგენილება „ელექტროენერგიის სატარიფო სისტემის მოწესრიგების შესახებ“.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე შალვა ნათელაშვილი, მისი წარმომადგენლები – გიორგი გუგავა და ზურაბ ჟვანია.
მოქალაქე შალვა ნათელაშვილმა კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 2000 წლის 19 ივლისს (რეგისტრაციის ნომერი 136). სარჩელი პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით 2002 წლის 10 ივნისს გადმოეცა. ღია განმწესრიგებელი სხდომები ამ საკითხზე 14 და 17 ივნისს გაიმართა.
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტის, 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის პირველი მუხლის, 19–ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტისა და მე–10 მუხლის საფუძველზე.
შ. ნათელაშვილი კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ სადავო აქტების საფუძველზე ენერგეტიკის სფეროში მოხდა უკანონო პრივატიზაცია და ამით დაირღვა საქართველოს მოქალაქეთა კონტიტუციით აღიარებული უფლებები. მოსარჩელე მოითხოვს სადავო აქტების არაკონსტიტუციურად ცნობას.
განმწესრიგებელ ხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა დააზუსტეს დავის საგანი. კერძოდ, მათ აღნიშნეს, რომ მოითხოვენ „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 1998 წლის 13 დეკემბრის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის მე–4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მოითხოვდა „ელექტროენერგიის სატარიფო სისტემის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 1999 წლის 31 მაისის №1 დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას. მოსარჩელის წარმომადგენელმა გ. გუგავამ განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნული აქტი უკვე გაუქმებულია და ახლა ითხოვს „ელექტროენერგიის სამომხმარებლო და ელექტროენერგეტიკული სექტორის შიდა ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებებლი ეროვნული კომისიის 2001 წლის 14 ნოემბრის №12 დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას. მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდ ტარიფებთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარის განცხადებით, ამ დადგენილებით კიდევ უფრო გაზრდილია მოსახლეობისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური.
მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებები „სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციების პრივატიზების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ (№371, 1998 წლის 3 ივლისი), „სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის პრივატიზების დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ“ (953, 1998 წლის 17 დეკემბერი) და „ქ. თბილისის ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის აქციათა პაკეტების (საწესდები კაპიტალის 75 პროცენტი) ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულების შესახებ“ (№956, 1998 წლის 19 დეკემბერი).
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოქალაქის სარჩელის საფუძველზე იხილავს მხოლოდ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით. პრეზიდენტის განკარგულება კი, მოქმედი კანონმდებლობით არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. ამას ადასტურებს აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი (№01/23/11–311, 13.06.2002) აქედან გამოდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს საქართველოს პრეზიდენტის სადავოდ გამხდარი განკარგულებების კონსტიტუციურობის შესახებ.
სასამართლო კოლეგია ასევე ვერ იმსჯელებს „სააქციო საზოგადოება თელასის ყველა აქციის სამოცდათხუთმეტი პროცენტის (75%) ყიდვა–გაყიდვის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ეი–ი–ეს სილქ როუდ ჰოლდინგზ ბი.ვი.–ს შორის 1998 წლის 21 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების კონსტიტუციურობის თაობაზე, რადგანაც იგი არ არის ნორმატიული აქტი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ზემოთ დასახელებული წერილის თანახმად, „მითითებული ხელშეკრულება წარმოადგენს კერძოსამართლებრივი ხასიათის დოკუმენტს და შესაბამისად არ ექვემდებარება საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას“.
მოსარჩელის წარმომადგენლებმა განმწესრიგებელ სხდომაზე დააზუსტეს საქართველოს კონსტიტუციის ის მუხლები, რომლებთან მიმართებითაც, მათი აზრით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტები. მათ მიიჩნიეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო აქტების კონსტიტუციურობა უნდა შეამოწმოს საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ მე–2 თავით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებით (გამორიცხეს კონსტიტუციის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, მე–5 მუხლის პირველი პუნქტი, მე–6 და მე–7 მუხლები).
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელი... დასაბუთებული უნდა იყოს.“ ეს კი, სხვა გარემოებებთან ერთად, გულისხმობს სადავო ნორმების მართებულ (საგნობრივ) მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის სათანადო დებულებებთან. სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე კი, არ დასტურდება სადავო აქტების ზემოაღნიშნული სახით მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე–15, მე–16, მე–17, მე–20, 23–ე, 24–ე, 31–ე, 32–ე, 34–ე, 36–ე და 37–ე მუხლებთან. სასამართლო კოლეგიის აზრით, სადავო აქტების კონსტიტუციურობის შემოწმება შესაძლებელია საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ 30–ე მუხლის მე–2 პუნქტთან და 39–ე მუხლთან მიმართებით. სადავო აქტები თავიანთი არსით სწორედ მათ უკავშირდება.
ამასთანავე, კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნის საპირისპიროდ, არ არის საგნობრივად ნაჩვენები, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს თვით მოსარჩელის სათანადო უფლებანი და თავისუფლებანი. სარჩელში ზოგადადაა საუბარი ადამიანის, საერთოდ საქართველოს მოქალაქეთა, „მოსახლეობის უმეტესი ნაწილისა“ თუ „აბსოლიტური უმრავლესობის“ უფლებების დარღვევაზე. ამასთან დაკავშირებით, მოსარჩელის წარმომადგენლებმა განმწესრიგებელ სხდომაზე განმარტეს, რომ მათი აზრით, სადავო აქტებით ირღვევა პირადად შ. ნათელაშვილის, ისევე როგორც სხვა მოქალაქეთა უფლებები. ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ მოქალაქე შ. ნათლაშვილი შეიძლება უფლებამოსილ სუბიექტად ჩაითვალოს.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ კონსტიტუციური სარჩელი, განმწესრიგებელ სხდომაზე წარმოდგენილი განმარტებების გათვალისწინებით საბოლოოდ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნებს. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტია. სარჩელში მითითებული სადავო საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტით, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–2 პუნქტით, 43–ე მუხლის მე–5, მე–7 და მე–8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–13 მუხლის მე–2 პუნქტით, მე–17 მუხლის მე–5 პუნქტით, 21–ე და 22–ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–31–ე მუხლებითა და 32–ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს
I. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე შალვა ნათელაშვილის კონსტიტუციური სარჩელი იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–2 პუნქტთან და 39–ე მუხლთან მიმართებით (1) „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი იმ ნაწილში, რომლითაც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის მე–4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, (2) „საქართველოს ენერგოსისტემის კომპანიების პრივატიზების სტრატეგიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 5 ივლისის №403 ბრძანებულება , (3) „საქართველოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისა და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაცია–განვითარების სამოქმედო პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 თებერვლის №58 ბრძანებულება, (4) „სააქციო საზოგადოება „თელასის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ოქტომბრის №568 ბრძანებულება და (5) „ელექტროენერგიის სამომხმარებლო და ელექტროენერგეტიკული სექტორის შიდა ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2001 წლის 14 ნოემბრის №12 დადგენილება იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდ ტარიფებს;
II. შეწყდეს სამართალწარმოება კონსტიტუციური სარჩელის იმ ნაწილში, რომელიც ეხება „სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციების პრივატიზების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივლისის №371 განკარგულების, „სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციათა საკონსტროლო პაკეტის პრივატიზების დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 დეკემბრის №953 განკარგულების, „ქ. თბილისის ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 75 პროცენტი) ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 19 დეკემბრის №956 განკარგულების, „სააქციო საზოგადოება თელასის ყველა აქციის სამოცდათხუტმეტი პროცენტის (75%) ყიდვა–გაყიდვის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ეი–ი–ეს სილქ როუდ ჰოლდინგზ ბი.ვი.–ს შორის 1998 წლის 21 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებისა და „ელექტროენერგიის სატარიფო სისტემის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 1999 წლის 31 მაისის №1 დადგენილების კონსტიტუციურობის საკითხს;
III. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისად, მოპასუხეებია საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
IV. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
V. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონის 35–ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
VI. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
VII. ეს საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს პრესაში.
ბ. ზოიძე
ი. ფუტკარაძე
ნ. შაშკინი