მოქალაქე შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | №1/3/136 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 30 დეკემბერი 2002 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ავთანდილ აბაშიძე,
იაკობ ფუტკარაძე,
ნიკოლოზ შაშკინი
სხდომის მდივანი დარეჯან ჩალიგავა
ღია სასამართლო სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსარჩელე შალვა ნათელაშვილი და მისი წარმომადგენლები – ზურაბ ჟვანია, გიორგი გუგავა, ფრიდონ ინჯია და ბადრი ნიაური, მოპასუხეთა წარმომადგენლები - საქართველოს პარლამენტისა - შორენა ჯანხოთელი, საქართველოს პრეზიდენტისა - ბელა სირბილაძე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკისა) – ელიზბარ ერისთავი, თამაზ ინაშვილი, ალექსანდრე ხეთაგური და ილია ნაკაშიძე, მოწმეები – საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელი ნიკოლოზ ჩანტლაძე, საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის საკითხთა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩუბინიშვილი და ამავე კომისიის წევრი გივი მთვარელიძე, საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურის წარმომადგენლები – ლევან რობაქიძე და ლელა კოპალეიშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ექსპერტი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, ქ. თბილისის მერი ივანე ზოდელავა, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი ნოდარ კაპანაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი მიხეილ უკლება, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, სს ,,ეი-ი-ეს თელასის” გენერალური მენეჯერი იგნასიო ირიბარენი, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა, სპეციალისტები - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის, ეკონომიკის და მენეჯმენტის კათედრის გამგე, პროფესორი ნანა სამსონია და ამავე უნივერსიტეტის ელექტრონული სადგურების, ქსელების და სისტემების კათედრის დოცენტი გურამ მახარაძე,
განიხილა საქმე - ,,საქართველოს მოქალაქე შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წინააღმდეგ”.
დავის საგანია - კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით (1) ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი იმ ნაწილში, რომლითაც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-4 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი, (2) ,,საქართველოს ენერგოსისტემის კომპანიების პრივატიზების სტრატეგიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 5 ივლისის №403 ბრძანებულება, (3) ,,საქართველოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისა და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარების სამოქმედო პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 თებერვლის №58 ბრძანებულება, (4) ,,სააქციო საზოგადოება ,,თელასის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ოქტომბრის №568 ბრძანებულება, (5) ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2002 წლის 15 ოქტომბრის №12 დადგენილება იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდ ტარიფებს და (6) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2001 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული (ა) ,,სს ,, ეი-ი-ეს თელასის” სააბონენტო სექტორის მომხმარებლებისათვის (მოსახლეობისათვის) 1999 წლის 4 იანვრის შემდეგ წარმოქმნილი ვალის რესტრუქტურიზაციის წესის” მე-4 და მე-5 პუნქტები და (ბ) ამავე დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი.”
მოქალაქე შალვა ნათელაშვილმა კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოიტანა 2000 წლის 19 ივლისს (რეგისტრაციის №136). სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და მე-10 მუხლის საფუძველზე.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო აქტების საფუძველზე ენერგეტიკის სფეროში მოხდა უკანონო პტივატიზაცია და ამით დაირღვა როგორც მისი, ისე საერთოდ საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით აღიარებული უფლებები. სახელმწიფოს უმაღლესმა ორგანოებმა მიიღეს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს უზენაეს კანონს და რითაც მოქალაქეებისათვის ქვეყანაში შეიქმნა კატასტროფული მდგომარეობა. ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტში მომხდარი ცვლილებებით პრივატიზებას დაექვემდებარა 35-110 კვ ძაბვის გადამცემი ხაზების ის ნაწილი, რომლის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის გარე ელექტრომომარაგება და განკუთვნილი არ არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის. ეს ობიექტები გამოვიდა სახელმწიფოს მართვა-გამგებლობიდან, რაც კონსტიტუციის საწინააღმდეგოა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის მე-3 მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფოს განსაკუთრებული უფლებამოსილება - მართოს და განაგოს საქართველოს ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და რეჟიმი. კონსტიტუციის მითითებული ნორმის დარღვევა ანუ ენერგეტიკული სისტემის პრივატიზება ავტომატურად იწვევს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებულ ადამინის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა, კერძოდ კი კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 39-ე მუხლის დარღვევას. აღნიშნული პრივტიზაციით სახელმწიფო პასუხისმგებლობას იხსნის საკუთარი მოქალაქეების წინაშე -დაიცვას მათი კანონიერი უფლებები და ინტერესები.
მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია და სამართლებრივი ხარვეზებითაა გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულებები - ,,საქართველოს ენერგოსისტემის კომპანიების პრივატიზების სტრატეგიის შესახებ“, ,,საქართველოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისა და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარების სამოქმედო პროგრამის შესახებ“ და ,,სააქციო საზოგადოება ,,თელასის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პრივატიზების შესახებ“. ამ აქტებითაც დაირღვა საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები, ვინაიდან მათ საფუძველზე სახელმწიფოს უზენაესი გამგებლობიდან ენერგეტიკული ობიექტების გადაცემა მოხდა კერძო (მათ შორის უხცოურ) კომპანიებზე. ქ. თბილისში მხოლოდ ერთი უცხოური კომპანიის - სს ,,ეი-ი-ეს თელასის“ ხელში გადავიდა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები.
მოსარჩელეს კონსტიტუციის დასახელებულ ნორმებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად მიაჩნია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2002 წლის 15 ოქტომბრის №12 დადგენილებით მოსახლეობისათვის განსაზღვრული სამომხმარებლო ტარიფი. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული დადგენილება, ნიველირებას უკეთებს სახელმწიფოს უზენაესი კანონის მიერ დადგენილ ნორმებს და ხელს უწყობს ისედაც მონოპოლიური მდგომარეობის კომპანიას ენერგეტიკული ოკუპაცია განახორციელოს სახელმწიფოში და მომხმარებელი ჩააგდოს კაბალურ მდგომარეობაში. ქვეყანაში შექმნილი სოციალური მდგომარეობის პირობებში მოსახლეობისათვის ფაქტობრივად შეუძლებელია დადგენილი ტარიფების გადახდა. მოსახლეობის 80% უძლურია შეწვდეს ასეთ ტარიფებს. სემეკმა გადააჭარბა რა თავის უფლებამოსილებას, მიღებული დადგენილებებით აშკარად უგულებელყო როგორც მოქმედი კანონმდებლობა, ისე შექმნილი სოციალური მდგომარეობა.
მოსარჩელის მტკიცებით, ვინაიდან სს ,,ეი-ი-ეს თელასს“ მომხმარებლებთან არ გაუფორმებია სათანადო ხელშეკრულება, ასეთ პირობებში გაუმიჯნავია მხარეთა უფლება-მოვალეობანი და მომხმარებელი უძლურია თავი დაიცვას მონოპოლიური ტარიფისაგან. ტარიფის დადგენის პროცესში უგულებელყოფილია მომხმარებლისა და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებანი. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების ასეთი სწრაფი ზრდა გამოწვეულია ჭარბი ინვესტიციებით, რომელიც განახორციელა სს ,,ეი-ი-ეს თელასმა“ სახელმწიფოსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ. ჭარბ ინვესტიციებში შეტანილი იქნა ელექტროენერგიის შესაძენად გამოყენებული 150 მილიონი ლარი, რომელიც ადრე უკვე იყო შეტანილი ტარიფში. ამის გამო მომხმარებელს ერთი და იგივე მომსახურებისათვის თანხის გადახდა ორჯერ უხდება. სულ ტარიფში ზედმეტად შეტანილია 266,3 მილიონი ლარი, რომლის ამოღებაც ხორციელდება მოსახლეობისაგან.
მოსარჩელის აზრით, არ არსებობს ტარიფის ზრდის ობიექტური საფუძველი. მასში არასწორადაა შეტანილი ოფისისა და სხვა უსაფუძვლო ხარჯები. შესამცირებელია თვით სს ,,ეი-ი-ეს თელასის“ წილი ტარიფის საერთო ოდენობაში. არსებული ტარიფის გაუქმების შემდეგ იგი საწყის მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს.
საქმის განხილვის პროცესში მოსარჩელემ, გამოიყენა რა ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება, გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა, რაც დააკმაყოფილა სასამართლო კოლეგიამ და მიზანშეწონილად ჩაითვალა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით შემოწმებულიყო ისეთი აქტების კონსტიტუციურობაც, როგორიცაა სემეკის 2001 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული ,,სს ,,ეი-ი-ეს“ თელასის“ სააბონენტო სექტორის მომხმარებლებისათვის (მოსახლეობისათვის) 1999 წლის 4 იანვრის შემდეგ წარმოქმნილი ვალის რესტრუქტურიზაციის წესის" მე-4 და მე-5 პუნქტები და ,,ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი“.
მოსარჩელის მტკიცებით, მოსახლეობამ არ უნდა გადაიხადოს ძველი დავალიანება. ფიქსირებული გადასახადი, რაც ოთახების მიხედვითაა გაანგარიშებული, მძიმე მდგომარეობაში აყენებს მომხმარებელს იმ შემთხვევაში, როცა ელექტროენერგია არ ჰქონდა, ან შეფერხებით მიეწოდებოდა.
მოპასუხე მხარის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ არსებობს საფუძველი კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნეს ცნობილი ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის სადავო ნორმა. ამ კანონში 1998 წლის 13 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით, გადაცემა-დისპეტჩერიზაციის სამსახურის 35-110 კვ ძაბვის გადამცემი ქსელები პრივატიზებას დაექვემდებარა როგორც გამონაკლისი, თანაც არა მთლიანად, არამედ მისი მხოლოდ ის ნაწილი, რომლის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის გარე ელექტრომომარაგება და განკუთვნილი არ არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამ სიმძლავრის ქსელები პრივატიზაციას ახლაც არ ექვემდებარება.
პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმას არ დაურღვევია ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და რეჟიმი, რომელზეც საუბარია საქართველოს კონსტიტუციაში. იგი კვლავაც სახელმწიფოს განსაკუთრებულ გამგებლობაშია, ვინაიდან მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა და მოწესრიგება უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა მიერ ხორციელდება. სს ,,ეი-ი-ეს თელასს“ ენერგეტიკულ რეჟიმში განსაკუთრებული მდგომარეობა არ უკავია. რაც შეეხება ენერგოობიექტების პრივატიზაციას, თავისთავად იგი არ უნდა ზღუდავდეს მოსარჩელის უფლებებს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების თვალსაზრისით. კერძო საკუთრება ეკონომიკის განვითარების ერთადერთი საფუძველია. სადავო ნორმით არც კონსტიტუციის ის დანაწესი დარღვეულა, რომლითაც იკრძალება მონოპოლიური საქმიანობა კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. პრივატიზებით არც მომხმარებელთა უფლებები არ დარღვეულა.
მოპასუხის წარმომადგენელმა საბოლოოდ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, სადავოდ გამხადრი ნორმით არ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები და, ამდენად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხე მხარის - საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შესაბამისი სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 39-ე მუხლის მოთხოვნებს. სხვაა ენერგეტიკის ობიექტების პრივატიზება და სხვაა ერთიანი ენერგეტიკული სისტემისა და რეჟიმის განსაკუთრებული გამგებლობა, რაზედაც საუბარია საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლში. განსაკუთრებულ გამგებლობაშია ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და რეჟიმი. ასეთი გამგებლობა გამიჯნულია საერთო გამგებლობისაგან იმით, რომ მას ახორციელებს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები. თვით უმაღლესი სახელმწიფო ორგანო თუ როგორ მოაწესრიგებს განსაკუთრებული გამგებლობის ამა თუ იმ სფეროში საზოგადოებრივ ურთიერთობებს, კერძოდ პრივატიზაციას, ეს წარმოადგენს პოლიტიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საკითხს და არანაირად არ უკავშირდება კონსტიტუციასთან ნორმატიული აქტების შეუსაბამობას.
მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ელექტროენერგიის უსაფუძვლო შეწყვეტა არ წარმოადგენს ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დარღვევას. ეს შეიძლება იყოს ელექტროენერგიის კონკრეტული გამანაწილებელი კომპანიის ბრალი და არა სემეკის მიერ მიღებული ნორმატიული აქტის შედეგი. სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სემეკის სადავო დადგენილება არ შეიძლება იყოს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებულ უფლებებთან კავშირში. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, მისი გაზრდა ამ დარგში სარეაბილიტაციოდ გაწეული ხარჯებითაც უნდა აიხსნას. სემეკი სწორედ ელექტროენერგიაზე ტარიფების მოწესრიგების მიზნით შეიქმნა. სწორედ ამ ორგანომ უნდა უზრუნველყოს სამართლიანობის დაცვა უთანსაწორო მდგომარეობაში მყოფ მომხმარებელსა და მონოპოლისტ მეწარმეს შორის. მოსახლეობისათვის მიწოდებულ ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა გამოიწვია სს ,,ეი-ი-ეს თელასის“ მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა, თუმცა სს ,,თელასის“ აქციათა 25% მქონე სუბიექტს, რომელსაც წარმოადგენს სახელმწიფო, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად შეეძლო გარკვეული გავლენა მოეხდინა ტარიფის სიდიდეზე. ტარიფის ზრდა ასევე გამოიწვია სს ,,ეი-ი-ეს თელასის“ მტკიცებამ იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდა საგადასახადო რეჟიმის გაუარესება. სემეკის წარმომადგენელთა აზრით, არ არსებობს საფუძველი სს ,,ეი-ი-ეს თელასის“ საქართველოში შემოსვლის შემდეგ დაგროვილი დავალიანების ჩამოსაწერად. რაც შეეხება ელექტროენერგიაზე ფიქსირებულ გადასახადებს, მას ბევრი ქვეყანა იცნობს და იგი არ აუარესებს მომხმარებლის მდგომარეობას იმ მომხმარებლებთან შედარებით, რომელთაც დადგმული აქვთ ელექტრომრიცხველები.
მოწმე ნიკოლოზ ჩანტლაძემ აღნიშნა, რომ სს ,,თელასის” პრივატიზება მოხდა კონკურსის წესით. მასში მონაწილეობდა ორი კომპანია და გაიმარჯვა ამერიკულმა კომპანიამ.
მოწმე გივი მთვარელიძის განმარტებით, პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია ენერგეტიკის დარგში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობასა და ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად საგამოძიებო დასკვნის საფუძველზე 12 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პროკურატურაში. ენერგოობიექტების პრივატიზებით უხეშად დაირღვა კონსტიტუცია.
მოწმეებმა - ლევან რობაქიძემ და ლელა კოპალეიშვილმა განმარტეს, რომ სს ,,ეი-ი-ეს თელასი” წარმოადგენს ერთადერთ ენერგოგამანაწილებელ კომპანიას და სხვა კომპანია ბაზარზე არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მას მონოპოლიური მდგომარეობა უკავია. ფორმითა და შინაარსით იგი ბუნებრივი მონოპოლისტია, მაგრამ იურიდიული სტატუსი არ აქვს მინიჭებული. მზადდება მასალა სს ,,ეი-ი-ეს თელასის” ბუნებრივ მონოპოლისტად ოფიციალური აღიარებისათვის. მონოპოლიური საქმიანობა არ ნიშნავს კანონის დარღვევას, მთავარია კომპანიამ თავისი მდგომარეობა ბოროტად არ გამოიყენოს და დისკრიმინაციულ პირობებში არ ჩააყენოს სხვა კომპანიები. ანტიმონოპოლიურ სამსახურს ენერგოკომპანიების მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ჩვენი კანონმდებლობით ხელი არ მიუწვდება. ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციები შეიზღუდა ,,ელექტროენერგეტიკისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით. სემეკი დამოუკიდებლად განსაზღვრავს სატარიფო პოლიტიკას. ანტიმონოპლიურ სამსახურს მხოლოდ გარკვეული შენიშვნების გამოთქმა შეუძლია.
მოწმე ვლადიმერ პაპავამ აღნიშნა, რომ ენერგოსისტემის კომპანიების პრივატიზება განახორციელა ქონების მართვის სამინისტრომ. ამერიკულ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის სს ,,თელასის” აქციათა 75% წილის ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულების დადებით არ დარღვეულა საქართველოს კონსტიტუცია. პრივატიზაცია თანამედროვე პირობებში წარმოადგენს ნორმალურ მოვლენას. ტარიფის გაზრდა კი გამოიწვია იმან, რომ სს ,,ეი-ი-ეს თელასმა” აიღო საგარეო ვალი, რაც ბიუჯეტის ნაწილში უნდა შევიდეს. როდესაც ვალი სახელმწიფოს ეხება, გარანტად მას ფინანსთა სამინისტრო ან ეროვნული ბანკი უნდა დაუდგეს. ეს ვალი მომხმარებელს ტვირთად არ უნდა დააწვეს. რაც შეეხება სემეკის შექმნას, იგი არ იყო გამართლებული. სახელმწიფო არ შეიძლება განზე იდგეს ტარიფის განსაზღვრისას. ვიდრე მოსახლეობა ღარიბია, მანამ ეს ტარიფი სახელმწიფო ბიუჯეტთან უნდა იყოს მიბმული. ამისი გამოცდილება იყო ჩვენს ქვეყანაში. ერთ დროს პურზე ფასები ბევრად სწრაფად იცვლებოდა, მაგრამ მისი ყოველი შეცვლა სახელმწიფოს მხრიდან იყო სუბსიდირებული.
მოწმე ავთანდილ ჯორბენაძის განმარტებით, ენერგეტიკის სფეროში პრივატიზების განხორციელებასთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები თუ რა მძიმე მდგომარეობაში იყო მაშინ ქვეყანა. ამიტომ მიიღო სახელმწიფომ პრივატიზების გადაწყვეტილება. სს ,,ეი-ი-ეს თელასს” საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში განსაკუთრებული ადგილი არ უჭირავს, ის არის გამანაწილებელი (მიმწოდებელი) კომპანია. ტარიფის ნაწილს დაფარავს ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტო და ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტი. სახელმწიფოს შეუძლია დაფაროს ეს თანხები მანამ, სანამ ტარიფი არ დაიწევს. მოწმემ სასამართლოს გააცნო საქართველოს პრეზიდენტის ის განკარგულებები, რომლებიც შეეხება ტარიფის მომატებით გამოწვეული ხარჯების სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურებას.
მოწმე ირაკლი ჩუბინიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის დარგში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეისწავლა ქ. თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებული საკითხები. აღმოჩნდა მრავალი დარღვევა. სს ,,ე-ი-ეს თელასის” შემოსვლიდან დღემდე, ბევრჯერ გაიზარდა ტარიფი. ზრდა განპირობებულია ჭარბი ინვესტიციებით. ინვესტიციებში შეტანილი 150 მილიონი ლარი ორჯერ აისახა ტარიფში. დიდია სს ,,ეი-ი-ეს თელასის” წილი ტარიფში. თუ იგი თავიდან 1,4 თეთრი იყო, დღემდე 5,5 ჯერ გაიზარდა და 7,72 თეთრს მიაღწია. მოწმის აზრით, უნდა გადაისინჯოს სს ,,თელასის” აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულება ინვესტიციების განხორციელების საკითხებში. ფაქტია, რომ სატარიფო პოლიტიკა დარღვეულია.
მოწმე ივანე ზოდელავა დადებითად აფასებს ენერგეტიკის სფეროში მომხდარ პრივატიზაციას. რომ არა სს ,,ეი-ი-ეს თელასი", მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. დედაქალაქს ადრე ელექტრონერგია თითქმის არ მიეწოდებოდა. ქალაქის მერია ვერ მიიღებს მონაწილეობას ტარიფის შემუშავებაში. მას სს ,,ეი-ი-ეს თელასში" ყავს წარმომადგენელი, რომელიც ესწრება სხდომებს, მაგრამ იგი გავლენას ვერ მოახდენს გადაწყვეტილებაზე. ტარიფის ზრდა აღარ უნდა მოხდეს, თუ არ ექნება ადგილი ლარის კურსის დევალვაციას. მოწმის აზრით, პრივატიზიაციის შედეგად არ დარღვეულა ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და რეჟიმი.
მოწმე ნოდარ კაპანაძემ სასამართლოს განუმარტა, რომ სტატისტიკის დეპარტამენტის ხელთ არსებული ინფრომაცია ეფუძნება მოსახლეობის ხარჯების გაანგარიშებას. ამ მიზნით შინამეურნეობის (ოჯახის) გამოკვლევა შერჩევით ხდება. ამგვარი გამოკვლევა გამოიყენება 1996 წლიდან და იგი იძლევა ინფრომაციას ელექტოენერგიაზე მოსახლეობის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. მოწმის განმარტებით, 2001 წელს შინამეურნეობათა 51,8% იყო საარსებო მინიმუმზე დაბლა და, ამდენად, მათ ჰქონდათ 125 ლარზე ნაკლები შემოსავალი. შინამეურნეობათა 13,8% კი იდგა უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე დაბლა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი შემოსავალი 52 ლარზე ნაკლები იყო. მოწმემ სასამართლოს გააცნო ოფიციალური მასალა, რომლის მიხედვითაც ქ. თბილისში 1996 წლიდან მოკიდებული საგრძნობლად გაიზარდა შინამეურნეობათა დანახარჯები ელექტროენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ სემეკსა და სს ,,ეი-ი-ეს თელასს" სტატისტიკის დეპარტამნეტიდან ორ თვეში ერთხელ მიჰქონდათ მონაცემები საარსებო მინიმუმებთან დაკავშირებით.
მოწმე მიხეილ უკლებას ინფორმაციით, სს ,,თელასის" პრივატიზაციისას გათვალისწინებული იქნა სხვა ქვეყნების გამოცდილება. პრივატიზაცია არ ნიშნავს სახელმწიფოს კონტროლისაგან ამოვარდნას. სს ,,თელასის" პრივატიზაცია გამოიწვია იმან, რომ ენერგეტიკულ სისტემაში შექმნილი იყო უკიდურესად მძიმე მდგომარეობა. სწორედ ამ სისტემის სარეაბილიტაციოდ ჩაიდო 250-300 მილიონი ინვესტიცია. თუკი იქნებოდა ჭარბი ინვესტიცია, ეს გაზრდიდა ელექტროენერგიაზე ტარიფებს. რაც შეეხება 35-110 კვ სიმძლავრის ხაზების პრივატიზაციას, იგი ქ. თბილისის მაგალითზე გამანაწილებელი კომპანიის ნაწილს წარმოადგენდა. რადგანაც გაიყიდა გამანაწილებელი კომპანია, გაიყიდა მისი ნაწილიც. მოწმის ჩვენებით, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა არ იყო შემბოჭავი ელექტროენერგიაზე ტარიფების განსაზღვრაში. სს ,,თელასის" აქციების პრივატიზებასთან დაკავშირებული ნასყიდობის ხელშეკრულების გადახედვის საშუალება უნდა მიეცეს ქონების მართვის სამინისტროს.
მოწმე სულხან მოლაშვილის ახსნა-განმარტებით, საქართველოს კონტროლის პალატას არა აქვს რეალური შესაძლებლობა შეამოწმოს სს ,,ეი-ი-ეს თელასის" ფინანსური მდგომარეობა. საამისოდ საჭიროა მოქმედ კანონმდებლობაში მოხდეს შესაბამისი ცვლილებები. კონტროლის პალატამ შეამოწმა სს ,,საქგაზი", სადაც აღმოჩნდა დარღვევები ტარიფის რეგულირებასთან დაკავშირებით. კონტროლის პალატას ჰქონდა შემხებლობა სემეკის საქმიანობასთან. სემეკი დამოუკიდებელი უნდა იყოს, მაგრამ არა უკონტროლო. არ შეიძლება ტარიფში აისახოს ოფისის ხარჯები. კონტროლის პალატას უნდა მიეცეს საშუალება შეისწავლოს - რამდენად სამართლიანია ელექტროენერგიის ტარიფის დადგენა და რამდენად შეესაბამება იგი კანონის მოთხოვნებს.
მოწმე იგნასიო ირიბარენმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის ობიექტების პრივატიზაციას ყველა ქვეყანაში აქვს ადგილი. სს ,,თელასი" პრივატიზაციის პერიოდში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო. ეს კომპანია რომ გადაგვერჩინა, სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ინვესტიციების მოზიდვა. რაც შეეხება სს ,,ეი-ი-ეს თელასს", იგი ბუნებრივი მონოპოლისტია. მოსახლეობას რომ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით დაგროვილი ვალი ვაპატიოთ, მაშინ 130 მილიონი უნდა ჩამოვწეროთ. მოწმის აზრით, უმჯობესია ფინანსთა სამინისტრო გვიწევდეს კონტროლს, ვიდრე ამის უფლება მიეცეს კონტროლის პალატას. ეს უკანასკნელი ზედმეტ პრობლემებს გაგვიჩენს. რაც შეეხება იმ მომხმარებელს, რომლებსაც ჯერ კიდევ არა აქვთ დაყენებული მრიცხველი, ისინი სამჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ და დანაკარგების 50% ამაზე მოდის. ელექტროენერგიაზე ფიქსირებული გადასახადის პრაქტიკა მთელ მსოფლიოში არის ცნობილი.
მოწმე დავით მირცხულავამ განმარტა, რომ მიმდინარეობს ელექტროენერგიის ტარიფის მეთოდოლოგიაზე მუშაობა მისი დახვეწის მიზნით. ჭარბი ინვესტიციები (კრედიტები), იწვევს ტარიფის არა შემცირებას, არამედ გაზრდას. კარგი იქნებოდა, თუ ინვესტიციების გადახდის ვადა 20 წლით გახანგრძლივდებოდა. სს ,,ეი-ი-ეს თელასი" ქ. თბილისში წარმოადგენს მონოპოლისტ საწარმოს. რაც შეეხება ერთიან ენერგეტიკულ სისტემას, მასში შეიძლება ფუნქციონირებდეს კერძო კომპანიებიც. სისტემის ერთიანობის საფუძველს წარმოადგენს ერთიანი საკანონმდებლო ბაზა.
სპეციალისტმა ნანა სამსონიამ სასამართლოზე წარმოდგენილ დასკვნაში მიუთითა, რომ ელექტროენერგეტიკაში არსებობდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობა. სახელმწიფოს აღარ შეეძლო ქსელის ტექნიკური უზრუნველყოფა, ამიტომაც ამ ეტაპზე თელასის პრივატიზაცია უნდა ჩაითვალოს გამართლებულად. თუმცა, ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტები არ უნდა ზღუდავდეს მომხმარებლის უფლებებს. დღეისათვის მომხმარებელმა არ იცის რა უფლებები აქვს, რადგანაც არ არსებობს ორმხრივი ხელშეკრულება. ტარიფების მეთოდოლოგიის სრულყოფისათვის საჭირო და აუცილებელია სემეკში მოხდეს სპეციალური განხილვები, სადაც დაზუსტებული იქნება წარმოების დანახარჯების რეალური სურათი, მოქმედი საგადასახადო რეჟიმი, ინვესტორებისა და ლიცენზიანტთა მოგების ნორმები. შესაძლებელია ტარიფების სრულყოფა მისი შემცირების მიმართულებით.
სპეციალისტის ინფორმაციით, სს ,,ეი-ი-ეს თელასი" მომეტებულად მაღალ წილს ითხოვს სატარიფო განაკვეთში, რაც დასტურდება 2001 წელს ტარიფის მომატებიდანაც. ტარიფის მომატებით გამოწვეული არასასურველი სოციალური შედეგების გამოსწორებაზე უნდა იფიქროს სახელმწიფომ. სახელმწიფომ უნდა დააწესოს შეღავათები მომხმარებელთა გარკვეულ კატეგორიებზე.
სპეციალისტმა გურამ მახარაძემ თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ არ შეიძლება ენერგოსისტემაში შემავალი ობიექტები განხილული იქნეს, როგორც ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ერთეულები. ისინი ყველა ერთიან ოპერატიულ და ტექნიკურ მართვას უნდა ექვემდებარებოდეს. ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკური ძლიერების ხერხემალია და იგი მთლიანად სახლემწიფოს გამგებლობაში უნდა იმყოფებოდეს. დღეისათვის ერთიანი ენერგეტიკული სისტემა პრაქტიკულად არ არსებობს, დაშლილია დამოუკიდებელ ერთეულებად. ენერგეტიკული ობიექტების, განსაკუთრებით, სტრატეგიული ობიექტების პრივატიზიაცია არ უნდა ხდებოდეს და თუკი ეს აუცილებლობითაა გამოწვეული, მაშინ იგი ისე უნდა მოხდეს, რომ აქციათა საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს ხელში დარჩეს. ელექტროობიექტებზე სახელმწიფო მონოპოლიის ლიკვიდაცია არ მიმაჩნია სწორად. უცხო ქვეყნის კომპანიების მონოპოლიამ არ შეიძლება დადებითი შედეგი მოგვცეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმის არსებითად განხილვის შედეგად, - კონსტიტუციური სარჩელის მონაცემების, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა გამოსვლების, მოწმეთა და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე დაადგინა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი.
I. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ მოქალაქე შალვა ნათელაშვილის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სახელდობრ, დასაკმაყოფილებელია მოსარჩელის მოთხოვნა, რომ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი (1) ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2002 წლის 15 ოქტომბრის №12 დადგენილება იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდ ტარიფებს და (2) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2001 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი".
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის შემოტანისას მოსარჩელე მოითხოვდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 1999 წლის 31 მაისის №1 დადგენილებით განსაზღვრული სამომხმარებლო ტარიფების გაუქმებას. ვინაიდან ეს სადავო აქტი გაუქმდა სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებამდე, მოსარჩელემ შემდგომ მოითხოვა სემეკის 2001 წლის 14 ნოემბრის №12 დადგენილებით გათვალისწინებული ტარიფის არაკონსტიტუციურად ცნობა. სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ მოცემულმა სადავო აქტმაც დაკარგა ძალა. ამიტომ მოსარჩელე ამჟამად მოითხოვს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2002 წლის 15 ოქტომბრის №12 დადგენილების გაუქმებას მოსახლეობისათვის განსაზღვრული სამომხმარებლო ტარიფის ნაწილში. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ აღნიშნული სადავო აქტი და სემეკის 2001 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტოენერგიის საფასურის გადახდის წესი" წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და 39-ე მუხლთან.
1. ელექტროენერგეტიკაში სატარიფო სისტემის მოწესრიგების მიზნით 1996 წელს საქართველოს პრეზიდენტის №437 ბრძანებულებით შეიქმნა ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, რომელსაც საწყის ეტაპზე დაევალა ელექტროენერგეტიკის საბითუმო და საცალო ტარიფების დადგენა. შემდგომ, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” 1997 წლის 27 ივნისის კანონის მიხედვით ეს ფუნქცია დაეკისრა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკს), რომელიც წარმოადგენს მუდმივმოქმედ დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ,,ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების … საბითუმო და საცალო ტარიფების დადგენა და რეგულირება”.
სემეკი ტარიფების დადგენისას ხელმძღვანელობს როგორც ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონით განსაზღვრული სატარიფო პრინციპებით, ისე მის მიერვე 1998 წლის 1 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული აქტით - ,,ელექტროენერგიის ტარიფების მეთოდოლოგია, დადგენის წესები და პროცედურები”. ამას ემატება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ,,ეი-ი-ეს სილქ როუდ ჰოლდინგ ბი.ვი.-ს" შორის სს ,,თელასის" ყველა აქციის 75%-ის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-11 დანართით განსაზღვრული ,,ტარიფის პრინციპები”.
2. საქმეში არსებული მასალებიდან გამოირკვა, რომ სს ,,ეი-ი-ეს თელასის” საქართველოში შემოსვლის დროიდან ჩამოყალიბდა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მუდმივი ზრდის ტენდენცია. საქართველოს ენერგეტიკის დარგში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩუბინიშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტისადმი 2002 წლის 16 აგვისტოს გაგზავნილ წერილში (№94 85/7-11) აღნიშნულია, რომ სს ,,ეი-ი-ეს თელასის” საქართველოში შემოსვლის პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 4,5 თეთრი იყო, აქედან თელასის კუთვნილი ტარიფი 1,4 თეთრი, ხოლო ,,საქენერგო”-სი 3,1 თეთრი. სემეკ-ის 1998 წლის 19 აგვისტოს №4 დადგენილებით, 1998 წლის 1 ოქტომბრიდან ტარიფი განისაზღვრა 6,0 თეთრით. 1999 წლის 31 მაისის №1 დადგენილებით 9 თეთრით. 2000 წლის 31 აგვისტოს №8 დადგენილებით 9,8 თეთრი, ხოლო 2001 წლის 14 ნოემბრის №12 დადგენილებით 12,4 თეთრი, ანუ მისი ზრდა საკმაოდ საგანგაშოა, რამეთუ ,,თელასის” ტარიფი 1,4 თეთრიდან 5,5-ჯერ გაიზარდა და 7,72 თეთრს მიაღწია." სასამართლო პროცესზე მოწმედ მოწვეულმა სს ,,ეი-ი-ეს თელასის" გენერალურმა მენეჯერმა იგნასიო ირიბარენმა არ გამორიცხა სამომხმარებლო ტარიფის შემდგომი ზრდა, რაც მოპასუხე მხარის - სემეკის წარმომადგენელმაც დაადასტურა.
3. საქმეში არსებული მასალებიდან ჩანს, რომ სამომხმარებლო ტარიფის განსაზღვრისას მუდმივი უთანხმოება იყო სს ,,ეი-ი-ეს თელასსა” და სემეკს შორის. ლიცენზიანტის მიერ წაყენებული მოთხოვნა აშკარად აღემატებოდა სემეკის მიერ გონივრულად მიჩნეულ ოდენობას, რაც ამ უკანასკნელის მიერ ცალკეულ შემთხვევებში ტარიფის შოკურ ზრდადაა მიჩნეული. საქართველოს ენერგეტიკული კრიზისის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გ. პაიჭაძისადმი 2001 წლის 8 ნოემბერს გაგზავნილი წერილიდან (№1/121-2269) ჩანს, რომ სს ,,ეი-ი-ეს თელასი” ტარიფის გაზრდას ითხოვდა კვტსთ-ზე 17,15 თეთრამდე, სემეკს კი მიუჩნევია, რომ მოთხოვნა შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ 9,088 თეთრი/კვტსთ.
სს ,,ეი-ი-ეს თელასის” ფინანსური დირექტორის რობერტ მილისადმი 2001 წლის 27 მარტს სემეკის თავმჯდომარის ელიზბარ ერისთავის მიერ მიწერილი წერილიდან ჩანს, რომ ,,ნასყიდობის ხელშეკრულების №11 დანართის მიხედვით 2001 წლის 1 აპრილიდან განაწილების ტარიფი უნდა გაზრდილიყო 0,5 თეთრი/კვტსთ პლიუს სამომხმარებლო კალათის და ლარის კურსის ცვლილების ინდექსი.” ლიცენზიანტს კი წარმოუდგენია ხელშეკრულებასთან შედარებით 26,5 ჯერ მეტი ტარიფის დაწესების მოთხოვნა, რისი დაკმაყოფილებაც სემეკს შეუძლებლად მიუჩნევია.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ტარიფის სწრაფ ზრდას თვით სს ,,ეი-ი-ეს თელასის” მესვეურებიც კი შეუწუხებია. სემეკის თავმჯდომარის ელ. ერისთავისადმი 2001 წლის 1 მარტს მიწერილი წერილის (№1-04/34) მიხედვით, სს ,,ეი-ი-ეს თეალსის” ფინანსური დირექტორი რობერტ მილი შეწუხებულია ტარიფის ასეთი ზრდით და მისი შემცირების წინადადებებსაც იძლევა.
4. სემეკის 1998 წლის 1 ივლისის დადგენილებაში, რომლითაც დამტკიცდა ,,ელექტროენერგიის ტარიფების მეთოდოლოგია, დადგენის წესები და პროცედურები”, განსაზღვრულია ტარიფის შემუშავების ამოსავალი დებულება: ,,ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე უნდა განისაზღვროს (დადგინდეს) ისეთი ტარიფები, რომლებიც სრულად დაფარავენ ყველა საფეხურზე გაწეული მომსახურების ღირებულებას, უზრუნველყოფენ ელექტროენერგეტიკულ საწარმოთა საჭირო შემოსავლებს და განხორციელებული ინვესტიციების ეფექტურობას. აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა, მისი განვითარების პერსპექტივები, მოსახლეობის გადახდისუნარიანობა და სოციალური დაცვის ასპექტები”.
ამ დებულებიდან ჩანს, რომ სატარიფო პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო ბრუნვის ყველა მონაწილის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება. სამართლიანი ტარიფის არსებობა შესაბამისი სფეროს ნორმალური და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ვინაიდან ელექტროენერგიის სამოქალაქო ბრუნვა გულისხმობს კონკრეტულ მომხმარებელს, დაუშვებელია დადგინდეს ისეთი ტარიფები, რომელიც მას ამ ბრუნვიდან მოწყვეტს და მის მიღმა დააყენებს.
სემეკის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფი არ შეესაბამება სოციალური საჯარო წესრიგის მოთხოვნებს, რომლის მიზანსაც შეადგენს ის, რომ არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპების აბსოლუტური იგნორირება და მომხმარებლის, როგორც ბრუნვის მონაწილის, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ სტაბილური სამომხმარებლო ტარიფი წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას. ამ გარემოებამ აიძულა ზოგიერთი პოსტსაბჭოური ქვეყანა (მაგალითად, რუსეთი) აეკრძალა წელიწადში ტარიფის ერთზე მეტჯერ შეცვლა. საქართველოს სახელმწიფოსა და ,,ეი-ი-ეს" კომპანიას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების №11 დანართის შესაბამისად კი კომპანიას 2008 წლამდე მიეცა უფლება წელიწადში ორჯერ (ექვსთვიანი ინტერვალით) შეცვალოს ტარიფი.
აღსანიშნავია ის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მომხმარებელს იცავს ფასების სწრაფი მომატებისაგან. 348-ე მუხლის ,,ა" პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში ბათილად მიიჩნევა ,,დებულება, რომელიც ითვალისწინებს ფასის მომატებას გაუმართლებლად მოკლე ვადებში".
როგორც პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებებიდან და საქმეში არსებული მასალებიდან ჩანს, მოსახლეობის დიდ ნაწილს თავისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არათუ არსებული ტარიფის, არამედ მასზე ბევრად უფრო დაბალის გადახდაც კი არ შეუძლია. ასეთ ვითარებაში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფი იქცევა იმ ფაქტორად, რომელიც ხელს კი არ უწყობს სამეწარმეო საქმიანობის (ბრუნვის) განვითარებას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას, არამედ დაბრკოლებად იქცევა ამ გზაზე. მაღალი ტარიფის ეს უარყოფითი შედეგები სემეკმაც აღიარა. ელ. ერისთავი სს ,,ეი-ი-ეს თელასისადმი" გაგზავნილ წერილში ამ საზოგადოების ხელმძღვანელს მიმართავს: ,,თქვენ კარგად იცნობთ საქართველოს დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობას და არ საჭიროებთ მტკიცებას იმის შესახებ, რომ ელქტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანმა გაზრდამ შესაძლებელია მომხმარებლების მხრიდან გამოიწვიოს უკუ პროცესი და შეგიმცირდეთ ამოღების დონე, რაც გამოიწვევს ერთი მხრივ თქვენი ბიზნესის წარუმატებლობას, ხოლო მეორე მხრივ მომხმარებელთა უკმაყოფილებას”.
5. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მოსახლეობაში ელექტროენერგიაზე გაწეული დანახარჯები მუდმივად იზრდება. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2002 წლის 2 დეკემბრის წერილიდან (№12 03168) ჩანს, რომ თბილისში საშუალოდ ერთი შინამეურნეობის ელექტროენერგიაზე გაწეული დანახარჯები 1996 წელს თვეში შეადგენდა 3.01 ლარს, 2001 წლისათვის კი ეს მაჩვენებლი 9.75 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, საშუალოდ ქვეყანაში ეს ხარჯები 2.93 ლარიდან გაიზარდა 5.29 ლარამდე. სს ,,ეი-ი-ეს თელასისადმი” ამავე დეპარტამენტის მიერ 2001 წელს გაგზავნილი წერილიდან ჩანს, რომ 2001 წლის იანვრის მდგომარეობით ქ. თბილისში ერთსულიან ოჯახზე სამომხმარებლო კალათის ღირებულება შეადგენდა 104,4 ლარს, ორსულიანზე – 167,1 ლარს, სამსულიანზე კი - 188,0 ლარს. შესაბამისად ეს მაჩვენებელი მთლიანად საქართველოსათვის შეადგენდა 100,3 ლარს, 160,5 ლარსა და 180,5 ლარს. 2002 წლის 18 მარტს გაგზავნილი წერილიდან (№12.03/138) კი ირკვევა, რომ საარსებო მინიმუმი 2002 წლის თებერვლის მდგომარეობით ერთსულიან ოჯახზე შეადგენდა 111,1 ლარს, ორსულიან ოჯახზე – 177,8 ლარს, სამსულიანზე კი - 200,0 ლარს. მოწმე ნ. კაპანაძის ინფრომაციით, 2001 წლისათვის შინამეურნეობათა 51,8% საარსებო მინიმუმზე დაბლა, ხოლო 13,8% სიღატაკის ზღვარზე დაბლა იდგა. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოსახლეობის რეალური საშემოსავლო-ეკონომიკური მდგომარეობა როგორც ამ პერიოდში, ისე დღესდღეობით ბევრად ჩამორჩება სამომხმარებლო კალათისა და საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს. ამიტომ ტარიფის დადგენისას აუცილებლად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მომხმარებელთა რეალური გადახდისუნარიანობა, რაც სამართლიანი ტარიფის განსაზღვრისა და ცოცხალი სამოქალაქო ბრუნვის მნიშვნელოვანი პირობა იქნება.
6. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, სამომხმარებლო ტარიფის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოუხდენია სს ,,ეი-ი-ეს თელასის” მიერ განხორციელებულ ჭარბ ინვესტიციებს. სს ,,თელასის" აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების №7 დანართის 1.1 პუნქტის თანახმად, ,,საზოგადოება განახორციელებს საინვესტიციო ვალდებულებებს შესრულების თარიღიდან 10 წლის განმავლობაში სულ 83,8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით." ამავე დანართის 2.1 პუნქტიდან კი ჩანს, რომ 110% აღმატებული საინვესტიციო ვალდებულება სს ,,ეი-ი-ეს თელასს” ტარიფის გაზრდის უფლებას აძლევს. საქართველოს ენერგეტიკის დარგში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩუბინიშვილის მიერ საქართველოს პერზიდენტისადმი 2002 წლის 16 აგვისტოს გაგზავნილ წერილში (№9485/7-11) აღნიშნულია: ,,ეი-ი-ეს თელასის” ინფორმაციის თანახმად 1999 წელში ჩადებულია ჭარბი ინვესტიცია 45,5 მლნ ლარი, 2000 წ. 192,7 მლნ ლარი, ე.ი. სულ 238,2 მლნ ლარი, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოთხი წლის ნაცვლად 8 წელიწადზეა განაწილებული და პროცენტის სახით ერიცხება 213,8 მლნ ლარი, სულ ამოსაღები ხდება 432 მლნ ლარი”. ამავე ინფორმაციით, სს ,,ეი-ი-ეს თეალსს” პირველ ორ წელიწადში მისი მონაცემების მიხედვით 4,5 ჯერ მეტი ინვესტიცია განუხორციელებია.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ჭარბი ინვესტიციების მიზანშეწონილობით სემეკიც დაინტერესებულა. სს ,,ეი-ი-ეს თელასის” გენერალური დირექტორის იგნასიო ირიბარენის სახელზე 2001 წლის 2 აგვისტოს გაგზავნილ წერილში (№6/96-3-2) აღნიშნულია: ,,სს ეი-ი-ეს თელასის “ მიერ დაგეგმილმა 2000 წლის საინვესტიციო პროგრამამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულს 9,2 ჯერ ანუ 192 722 162 ლარით გადააჭარბა, კომპანიას უნდა უზრუნველყო პროგრამის სემეკ-ში წარმოდგენა, რათა განსაზღვრულიყო ინვესტიციების მიზანშეწონილობა და მომავალ ტარიფზე მათი გავლენა.” ამავე წერილში დასმულია ,,ეი-ი-ეს სილქ როუდ ჰოლდინგზ ბი.ვი."-სგან 71 მილიონი აშშ დოლარის 20%-იანი სესხის მიზანშეწონილობის საკითხი, ვინაიდან სემეკის აზრით, ,,ენერგეტიკაში გრძელვადიანი სესხები მნიშვნელოვნად ნაკლები საპროცენტო განაკვეთით იღება”.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ სს ,,ეი-ი-ეს თეალსს”, როგორც დასახელებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ისე მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობით, მართალია შეეძლო ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ ინვესტიციებზე მეტის მოზიდვა, მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ამ ინვესტიციების ისეთი გონივრული აუცილებლობა, რა დროსაც მხედველობაში იქნებოდა მიღებული მოსახლეობის სამომხმარებლო კალათა, მომხმარებლის გადახდისუნარიანობა, საერთოდ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. ვინაიდან ინვესტიცია, ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” 1996 წლის 12 ნოემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო მოგების მიზნით გამოყენებული ფასეულობაა, უსამართლო იქნებოდა იგი მხოლოდ ინვესტორის ინტერესებს ემყარებოდეს და მასში არ იყოს გათვალისწინებული მომხმარებლის მდგომარეობა. სამეწარმეო საქმიანობის ნებისმიერ სფეროში უნდა განხორციელდეს იმდენი ინვესტიცია, რომელიც არ გამოიწვევს მომხმარებელთა მხრიდან შესაბამის ვალდებულებათა შესრულების ტოტალურ შეუძლებლობას.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჭარბი ინვესტიციების განხორციელებას ტარიფის სერიოზული ზრდა გამოუწვევია, რაც არ პასუხობს სამართლიანი ტარიფის მოთხოვნებს.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ ჭარბი ინვესტიციებით მომხმარებლებზე დაკისრებული სატარიფო ტვირთი კიდევ უფრო მძიმდება, როდესაც ცალკეულ შემთხვევაში საეჭვო ხდება მათი მიზნობრივი გამოყენება. სემეკის ხელმძღვანელის ახსნა-განმარტებით, მათ არა აქვთ ინფორმაცია ამ ინვესტიციების ხარჯვის თაობაზე. ინვესტიციების არადანიშნულებისამებრ გამოყენებამ კი შეიძლება ახალი ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობა წარმოშვას და შესაბამისად სამომხმარებლო ტარიფის ზრდა გამოიწვიოს.
7. სს ,,თელასის" აქციათა 75%-ის პრივატიზაცია მოსარჩელე მხარის უკმაყოფილებას იმიტომაც იწვევს, რომ სს ,, თელასის” აქციათა 25%-ის მფლობელი სახელმწიფო ჯეროვნად არ იყენებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებებს. ეს არა მარტო მოსარჩელის მხრიდან, არამედ მოწმეთა ჩვენებებითაც დადასტურდა. ასევე, საქართველოს ენერგეტიკის დარგში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 2001 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებაში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის 15 წევრი, ნათქვამია: ,,ეი-ი-ეს თეალსის” 25 % წილის მფლობელმა – საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ, თბილისის მერიის შესაბამისმა საქალაქო ტერიტორიულმა ორგანომ, ,,საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესახებ” დებულების №2 თავის მე-3 მუხლის ,დ” პუნქტის მოთხოვნათა თანხმად, პრაქტიკულად არ განახორციელეს მათთვის მინიჭებული უფლება, კერძოდ პარტნიორთა კრებებზე რწმუნებული პირების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოში წარმომადგენელთა მეშვეობით მიეღოთ მონაწილეობა საწარმოთა მართვაში სახელმწიფოს კუთვნილი აქციების ან წილის შესაბამისად.”
საქმის მასალებიდან არ დასტურდება აქციათა 25%-ის მფლობელი სუბიექტის მხრიდან ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის იმ ნორმათა გამოყენება, რომლითაც დაცულია უმცირესობაში მყოფი პარტნიორების უფლებები.
8. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ მოსახლეობის არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სამომხმარებლო ტარიფით გამოწვეული ტვირთის სუბსიდირება უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულება სიმბოლურ ხასიათს კი არ უნდა ატარებდეს, არამედ რეალურად უნდა უმსუბუქებდეს მოსახლეობას ტარიფის ზრდით გამოწვეულ მძიმე მდგომარეობას. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებაში (№1/1/126,129,158) საქართველოს კონსტიტუციის მე-7 და 39-ე მუხლების, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნა: …. ,,ყოველი სახელმწიფო ვალდებულია არსებული რესურსების ფარგლებში მოსახლეობის სოციალური უფლებების დასაცავად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავდეს, რათა ამ უფლებათა დაცვის, სულ მცირე, მინიმალურად აუცილებელი დონე მაინც რომ უზრუნველყოს. სხვანაირად, აზრი ეკარგება სახელმწიფოთა საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს მოქმედებანი ამ მიმართულებით სტაბილურ, ევოლუციურ ხასიათს უნდა ატარებდეს და დადებითი დინამიკით გამოირჩეოდეს". გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში სახელმწიფოს ამ ვალდებულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის ჩამოყალიბებაში. ელქტროენერგია, წყალი და ბევრი სხვა აუცილებელი მოხმარების საგნები ადამიანისათვის სასიცოცხლო სიკეთეებს მიეკუთვნება და ქვეყანა, რომელიც აშენებს სოციალურ სამართლებრივ სახელმწიფოს, ვალდებულია თავის თავზე იღებდეს არასტაბილური ეკონომიკის უარყოფით შედეგებს. ევროპის გაერთიანების საბჭოს 1981 წლის 27 ოქტომბრის რეკომენდაცია გაერთიანებაში ,,ელექტროენერგიის ტარიფის სტრუქტურის შესახებ” (81/924), რომელიც მიღებულია ლუქსემბურგში, იუწყება, რომ როცა შეუძლებელია დაბალი ტარიფების ხელოვნურად შენარჩუნება, მაგალითად სოციალური საფუძვლებით, ანტიინფლაციური პოლიტიკის მიზნებით, ამგვარ შემთხვევებში, თუკი ეს გამართლებულია, სხვა სახის ქმედებები უნდა განხორციელდეს. ერთ-ერთ ასეთ ქმედებად ჩვენს პირობებში სახელმწფოს მხრიდან აღებული მყარად გარანტირებული და სტაბილური ვალდებულება უნდა მივიჩნიოთ. მოწმე ვლადიმერ პაპავას ჩვენებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფომ ეს პოლიტიკა განახორციელა პურზე ფასების მომატებისას. ამ ფასების კატასტროფული ზრდის პირობებშიც კი ხერხდებოდა სოციალური სტაბილურობის შენარჩუნება იმით, რომ პურზე ფასის ყოველი მომატება კომპენსირებადი იყო. მოწმის აზრით, ტარიფის განსაზღვრა ძველებურადვე სახელმწიფოს ბიუჯეტთან უნდა იყოს მიბმული და არ უნდა ჰქონდეს ადგილი მის თავისუფალ განსაზღვრას.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან ჩამოყალიბებული სოციალური შინაარსის ვალდებულება. ამ ბოლო დროს გამოიკვეთა ამ საკითხით სახელმწიფოს დაინტერესება. საქართველოს პრეზიდენტმა 2002 წლის 11 ნოემბერს გამოსცა №1417 განკარგულება ,,საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდით გამოწვეული დამატებითი ხარჯების კომპენსაციის შესახებ”. განკარგულების თანახმად, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2002 წლის 13 აგვისტოს №67 გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდით გამოწვეული დამატებითი ხარჯების კომპენსაციის მიზნით 2003 წლის 10 იანვრამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს 3,3 მილიონი ლარი. ,,ქ. თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ზრდით გამოწვეული ხარჯების კომპენსაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 27 ნოემბრის №1477 განკარგულების მიხედვით კი მოსახლეობისათვის სამომხმარებლო ტარიფის ზრდით გამოწვეული დამატებითი ხარჯების საკომპენსაციოდ 2003 წლის 10 იანვრამდე საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან უნდა გამოიყოს 4,5 მილიონი ლარი. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ნაკისრი ეს ვალდებულება ეხება მხოლოდ ქ. თბილისის მოსახლეობას და იგი სამომხმარებლო ტარიფის ზრდის ბოლო შემთხვევით გამოწვეული ტვირთის კომპენსაციას ითვალისწინებს და სრულად ვერ ასახავს სამართლიანი ტარიფისადმი დამოკიდებულებას.
სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების აუცილებლობა აღიარეს მოპასუხე მხარის - სემეკის წარმომადგენლებმაც. მათი აზრით, ბევრად ნაკლები რომ იყოს სამომხმარებლო ტარიფი, მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ვერ შეძლებს მის გადახდას. ამიტომაც, აღნიშნული ვალდებულება ნაწილობრივ სახელმწიფომ უნდა იკისროს. თუმცა, სასამართლოში წარმოდგენილი მასალებიდან არ ჩანს, სემეკმა ამ მიმართულებით რაიმე მოიმოქმედა თუ არა.
9. საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ სს ,,ეი-ი-ეს თელასი" თავისი საქმიანობის შინაარსით ფაქტობრივად ბუნებრივ მონოპოლისტს წარმოადგენს, თუმცა ოფიციალურად იგი ასეთად არაა ცნობილი. მართალია, სს ,,ეი-ი-ეს თელასი" თვითონ არ ადგენს სამომხმარებლო ტარიფებს, მაგრამ სს ,,თელასის" აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მას შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს ელექტროენერგიის ფასებზე. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ სს ,,ეი-ი-ეს თელასი" სემეკისაგან უმეტესად მონოპოლიურად მაღალი ფასების დაწესებას ითხოვდა. მაშინ როცა სემეკის სატარიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრინციპია მომხმარებლის მონოპოლიური ფასებისაგან დაცვა, მოქმედი სამომხმარებლო ტარიფის პირობებში იგი თვითონ ხდება ამგვარი ფასების შემოქმედი. როგორც საქმის მასალებიდან გამოჩნდა, სადავო აქტით ელექტროენერგიაზე დადგენილი ტარიფი თავისი წარმოშობით იმდენად მაღალია, რომ იგი სს ,,ეი-ი-ეს თელასს" ფაქტობრივად მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამომყენებლის როლში აყენებს.
10. სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ მოქალაქეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს სს ,,ეი-ი-ეს თეალსსა” და მომხმარებელს შორის უფლება-მოვალეობათა გამიჯვნა. სწორედ ამ მიზნით იყო გათვალისწინებული სათანადო ხელშეკრულებათა გაფორმება მომხმარებლებთან. არსებული სინამდვილის პირობებში მომხმარებელმა ფაქტობრივად მხოლოდ ის იცის, რომ მან უნდა გადაიხადოს დადგენილი ტარიფით განსაზღვრული საფასური და თუ მას არ გადაიხდის, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. აღნიშნული ხელშეკრულების არარსებობის პირობებში ფაქტობრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსის საფუძველს შეადგენს მოქმედი კანონმდებლობა და ზემოთ დასახელებული ნასყიდობის ხელშეკრულება. სასამართლო პროცესზე სემეკის წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებით, ორიოდე კვირაა, რაც მომხმარებლებთან დაიწყო ტიპობრივი ხელშეკრულების გაფორმება. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რიგი გაურკვევლობანი, რასაც ადგილი ჰქონია მომხმარებლებსა და სს ,,ეი-ი-ეს თეალსს” შორის ურთიერთობაში, ამ ხელშეკრულების დაუდებლობით შეიძლებოდა გამოწვეულიყო. დაუშვებელია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეს ეკისრებოდეს ვალდებულებანი და იმავდროულად მან არ იცოდეს შემხვედრ ვალდებულებათა შესახებ. ამ ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ელექტროენერგიის მიწოდების სახელშეკრულებო ურთიერთობებში, როცა ხელშეკრულების პირობები მხოლოდ ერთი მხარის მიერ განისაზღვრება და მეორე მხარეს მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ მიუერთდეს მათ. მოქმედი კანონმდებლობით ამ შემთხვევაშიც დაცულია ურთიერთობის სუსტი მხარე - იგივე მომხმარებელი, ძლიერი ეკონომიკური ძალაუფლების მქონე სს ,,ეი-ი-ეს თელასისაგან”. სემეკის სადავო აქტით დადგენილი სამომხმარებლო სატარიფო განაკვეთი კი არა თუ არ იცავს მომხმარებელს ამ ძალაუფლებისაგან, არამედ მთლიანად მისი გავლენის ქვეშ აყენებს. სადავო ტარიფი წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის ისეთ კომპონენტს, რომელიც აშკარად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს და არ შეესაბამება სამართლიანი ბრუნვის მოთხოვნებს. ასეთ ვითარებაში გაუგებარია მოპასუხის წარმომადგენელთა განცხადება, რომ სემეკის მიზანს შეადგენს ,,სამართლიანობა დაიცვას არათანასწორ მდგომარეობაში მყოფ ხელშეკრულების მონაწილეთა შორის, მისცეს მომხმარებელს შესაბამისი უფლებები და გარანტიები."
11. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დასახვეწია ელექტროენერგიაზე ტარიფის დადგენის მეთოდოლოგია და პრინციპები, რამაც შესაძლებელი უნდა გახადოს მეწარმისა და მომხმარებლის ინტერესების ოპტიმალური შეხამება. სპეციალისტის - ნანა სამსონიას აზრით, ,,ტარიფების მეთოდოლოგიის სრულყოფისათვის საჭიროა და აუცილებელი სემეკში მოხდეს სპეციალური განხილვები, სადაც დაზუსტებული იქნებოდა წარმოებითი დანახარჯების რეალური სურათი, მოქმედი საგადასახადო რეჟიმი, ლიცენზიანტთა მოგების ნორმები”. სატარიფო პოლიტიკის დახვეწის აუცილებლობაზე მიუთითა მოწმე ავთანდილ ჯორბენაძემ. მოპასუხის წარმომადგენლის ელიზბარ ერისთავის ახსნა-განმარტებით, ერთ-ორ თვეში მოხდება მეთოდოლოგიის დახვეწა.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ტარიფის მეთოდოლოგიისა და პრინციპების სრულყოფისა და მისი სამართლიანი განსაზღვრის მიზნით აუცილებელია სათანადო ყურადღება მიექცეს ბევრ ისეთ საეჭვო გარემოებას (სს ,,ეი-ი-ეს თელასის" დღგ-სთან დაკავშირებული შეღავათები, ტარიფში ერთი და იგივე თანხის ორჯერ შეტანა, კომპანიის ოფისის შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, კომერციული და ტექნიკური დანაკარგები და ტარიფში მათი ასახვის მდგომარეობა, ტარიფში სს ,,ეი-ი-ეს თელასის" წილის სამართლიანობა და ა.შ.), რამაც პროცესის მონაწილეთა აზრით და წარმოდგენილი მასალების მიხედვით გამოიწვია ტარიფის ზრდა.
12. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ გადასახედია სს ,,თელასის" აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულება. იგი, როგორც მოწმე ავთანდილ ჯორბენაძე მიიჩნევს, გარკვეულ შენიშვნებს იმსახურებს. თვით ხელშეკრულებიდან ჩანს, რომ მისი შინაარსი ამოვარდნილია ერთიანი კერძო- სამართლებრივი სივრციდან და ვერც საინვესტიციო ურთიერთობებში მიღებული ,,სტაბილურობის კლაუზულის” ფარგლებში ვერ ეტევა. არ უნდა იყოს გამართლებული ერთიანი კერძო-სამართლებრივი სივრცის დანაწევრება და ეროვნული საწარმოებისა და უცხოელი ინვესტორების აშკარად, მკვეთრად განსხვავებულ უფლებრივ მდგომარეობაში ჩაყენება. არასტაბილური ეკონომიკის პირობებში შეუძლებელია რომელიმე მხარისათვის ერთხელ დადებული ხელშეკრულება მისთვის მუდმივ ,,ბორკილად” იქცეს. არ არსებობს ხელშეკრულება, რომლის შინაარსზე გავლენას არ ახდენდეს სამართლებრივად ანგარიშგასაწევი და მნიშვნელოვანად შეცვლილი გარემოებანი. ,,სტაბილურობა”, რომლის შენარჩუნება მთლიანად ინვესტორი მხარის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება, აშკარა კონფლიქტში შეიძლება მოვიდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოთხოვნილებებთან. ასეთ ვითარებაში ერთი მხარისათვის სტაბილური გარემოს შექმნა, მეორესთვის არასტაბილურობის მიზეზად იქცევა. როგორც მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან ჩანს, საქართველოს სახელმწიფოსა და ,,ეი-ი-ეს" კორპორაციას შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჯეროვნად არ არის გათვალისწინებული საკუთრების სოციალური ფუნქცია, კერძოდ კი მომხმარებელთა ინტერესების დაცვა ზღვარდაუდებელი სატარიფო პირობებისაგან.
13. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2001 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული ქ,,ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი” ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და 39-ე მუხლს.
ოთახების მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდა ვერ პასუხობს მომხმარებლის ინტერესებს არა მარტო თვისებრივ-რაოდენობრივი თვალსაზრისით, არამედ სტაბილური ელექტრომომსახურების თვალსაზრისითაც. აღნიშნული გარემოებაც უნდა იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გადახდევინების ეს წესი თვით სადავო აქტითაა მიჩნეული, კერძოდ ისეთ დროებით ღონისძიებად, ,,… რომელიც ვრცელდება 2001-2002 წლებზე, მაგრამ არა უგვიანეს გამრიცხველიანების დამთავრებისა."
ასეთი გადახდევინების არსობრივი შეუსაბამობა მომხმარებლის ინტერესებთან იმით გამოიხატება, რომ ელექტროენერგიის, როგორც ქონებრივი სიკეთის თვისებიდან გამომდინარე, მისი მოხმარების ოდენობის განმსაზღვრელად ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია მიჩნეული იქნეს მხოლოდ სივრცობრივ-რაოდენობრივი მაჩვენებლები და, ამდენად, საცხოვრებელი ბინის ოთახების რაოდენობა. სრულიად შესაძლებელია მცირე მოცულობის ფართზე გაცილებით მეტი ელექტროენერგია დაიხარჯოს, ვიდრე დიდზე. მოსახლეობის სამომხმარებლო პრაქტიკიდან თუ ამოვალთ, ელექტროენერგიის დიდი ნაწილი მოიხმარება ისეთი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რაც არსებითად ერთნაირია როგორც ერთოთახიან, ისე მრავალოთახიან ბინებში. სადავო ,,წესის" მიხედვით კი ოთახების ურთიერთმიმართებაში იმდენად დიდი სამომხმარებლო ზღვარია გავლებული, რომ იგი მომხმარებელთა უფლებების უსამართლო დიფერენციაციას იწვევს და აშკარად მომეტებულ ტვირთს აკისრებს მრავალოთახიან ბინებში მცხოვრებ პირებს. ოთახების რაოდენობა არ შეიძლება ჩაითვალოს იმ სიდიდედ (კატეგორიად), რომელიც ელექტროენერგიის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადავა სადავო აქტით გათვლილ თვისებრიობაში. გარდა ამისა, ბინის მრავალოთახიანობა, არ ნიშნავს იმას, რომ იქ ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარება მეტი იქნება მრავალი ადამიანის შესაძლო ცხოვრების გამო. სრულიად დასაშვებია ერთ ან ოროთახიან ბინაში მეტი სული ცხოვრობდეს, ვიდრე ოთხოთახიანში და ამ უკანასკნელ შემთხვევაში მოხმარებული ელექტროენერგია ბევრად არ აღემატებოდეს პირველს. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ თვით ოთახებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან თავიანთი მოცულობით. როცა ერთოთახიანი დიდი ფართის მქონე ბინა ტოლია ორი ან სამოთახიანი ბინისა, სადავო ,,წესის" მიხედვით, ამ შემთხვევაშიც შეუძლებელია დავიცვათ სამართლიანი თანაფარდობა მომხმარებელთა ინტერესებში. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ მობინადრეები, რომლებსაც რამდენიმე ბინა გააჩნიათ, რეგულარულად არ ცხოვრობენ თავიანთ ბინებში. ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია, რომ მომხმარებელი გახდეს უსაფუძვლო ტვირთის მატარებელი.
ასევე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ფიქსირებული გადასახადის მქონე აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგება პრაქტიკულად უფრო არასტაბილურ ხასიათს ატარებს იმათთან შედარებით, ვისაც დამონტაჟებული აქვთ მრიცხველები. თანაც, მათ ზოგჯერ საერთოდ არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, მომხმარებელი კი მაინც იხდის ფიქსირებულ გადასახადს. ასეთ ვითარებაში არსებული სამართლებრივი მექანიზმები ვერ იძლევიან იმის სრულ გარანტიას, რომ საბოლოოდ მაინც იქნება შესაძლებელი მომხმარებელთან სამართლიანი ანგარიშსწორება და ეს უკანასკნელი არ დარჩება იმ ტვირთის მატარებელი, რაც ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდებას, ან საერთოდ მიუწოდებლობას შეეძლო გამოეწვია.
II. მოქალაქე შალვა ნათელაშვილის კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა მიჩნეული საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა ელექტროენერგეტიკული ობიექტების პრივატიზაცია. მოსარჩელე თვლის, რომ ეს აქტები ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტს, რომლის მიხედვითაც ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და რეჟიმი მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება. მოსარჩელის აზრით, სადავო აქტები მიღებულია აღნიშნული კონსტიტუციური დებულების საწინააღმდეგოდ და არღვევენ როგორც მთელი მოსახლეობის ინტერესებს, ისე მის პირად უფლებებს, რომლებიც აღიარებულია კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და 39-ე მუხლში.
ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია მიუთითებს ორ გარემოებაზე.
1. მოსარჩელე მხარის იმ განცხადებისა და მსჯელობის გამო, რომ სადავო აქტები არ შეესაბამებიან საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტს, სასამართლო კოლეგია მიუთითებს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტზე, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტსა და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტზე, რომელთა მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოქალაქის, ფიზიკური პირის სარჩელის საფუძველზე გადაწყვიტოს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით. ვინაიდან კონსტიტუციის მე-3 მუხლი პირველ თავშია, ამიტომ სასამართლო კოლეგია მოქალაქე შალვა ნათელაშვილის სარჩელთან დაკავშირებით ვერ გადაწყვეტს საკითხს ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტთან სადავო აქტების შესაბამისობის შესახებ.
2. მოსარჩელის იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტთან შეუსაბამო პრივატიზებით შეილახა მოსახლეობის ინტერესები და დაირღვა კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 39-ე მუხლით აღიარებული მისი უფლებები, სასამართლო კოლეგია მიუთითებს საქმის არსებითად განხილვის პროცესის მონაწილეთა საპირისპირო არგუმენტებზე.
,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს იმ ობიექტების წრეს, რომელთა პრივატიზაციაც დაუშვებელია. ამ მუხლის ,,დ" პუნქტის სადავო დებულებით, დაშვებელია 35-110 კვ ძაბვის გადამცემი არა ყველა ხაზის პრივატიზება, არამედ მისი მხოლოდ იმ ნაწილისა, ,,რომლის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის გარე ელექტრომომარაგება და განკუთვნილი არ არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სასისტემო ან/და სისტემათაშორისო ტრანზიტისათვის." მოწმე მიხეილ უკლებას ჩვენებით, აღნიშნული გადამცემი ხაზები არ წარმოადგენენ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს. ისინი განეკუთვნება გამანაწილებელი სისტემის ენერგოკომპანიების შემადგენელ ნაწილს და რადგანაც მოხდა კომპანიის პრივატიზება, შესაბამისად გაიყიდა მისი ეს ნაწილიც.
საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულებები კანონქვემდებარე აქტებია, ისინი შესაბამისი კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლადაა გამოცემული.
მოსარჩელის მიერ სადავოდ მიჩნეული ბრძანებულებები ,,საქართველოს ენერგოსისტემის კომპანიების პრივატიზების სტრატეგიის შესახებ” (1998 წლის 5 ივლისი, №403) და ,,საქართველოს ელექტროენერგეტიკის გამანაწილებელი კომპანიებისა და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარების სამოქმედო პროგრამის შესახებ “ (1999 წლის 14 თებერვალი, №58), როგორც მათი შინაარსიდან ჩანს, ეხება ენერგოსისტემის საწარმოთა პრივატიზებისა და ამ დარგის ნორმალური ფუნქციონირების სახელმწიფო პოლიტიკას. კერძოდ, ამ პოლიტიკის მიზანს შეადგენს ელექტროენერგეტიკის სექტორში უცხოური და შიდა ინვესტიციების მოზიდვა, ელექტროენერგეტიკის ბაზრის ფორმირებისათვის ხელის შეწყობა, სატარიფო სისტემის მოწესრიგება, ელექტროენერგეტიკის კომპანიათა ბაზაზე შექმნილ სააქციო საზოგადოებათა აქციების საკონტროლო პაკეტების პრივატიზება კონკურსის წესით.
,,სააქციო საზოგადოება ,,თელასის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პრივატიზების შესახებ” 1999 წლის 1 ოქტომბრის №568 ბრძანებულების მიზანს შეადგენს შესაბამისი აქციების პრივატიზების დაჩქარება, ამ პროცესში მოსახლეობის ფართო ფენების მონაწილეობა და ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბებისადმი ხელის შეწყობა. მოსარჩელემ არგუმენტად მოიშველია იმ ხელშეკრულების კაბალურობა, რომლითაც მოხდა სს ,,თელასის" აქციათა პრივატიზება. სარჩელის შემოტანის მომენტში მოსარჩელე ამ ხელშეკრულების კონსტიტუციურობის შემოწმებასაც ითხოვდა, მაგრამ უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ იგი არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. ამასთან, პრივატიზაციის პროცესში არსებული სამართალდარღვევები, რაც საქმის განხილვის პროცესშიც დადასტურდა, არ შეიძლება წარმოადგენდეს ისეთ გარემოებებს, რის გამოც ესა თუ ის ნორმატიული აქტი შეიძლება ჩაითვალოს არაკონსტიტუციურად.
პრივატიზაციას დაუქვემდებარებული ობიექტების წრეს განსაზღვრავს არა კონსტიტუცია, არამედ ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” 1997 წლის 30 მაისის კანონი. ,,ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონით ელექტროენერგეტიკის სფეროს პრივატიზაცია სახელმწიფო პოლიტიკის საგნადაა გამოცხადებული. კერძოდ, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციად მიჩნეულია ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვისა და ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის ბაზაზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა”.
ელექტროენერგეტიკის ობიექტების სამართლებრივი მდგომარეობა განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში. ზოგან ისინი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენენ, ზოგან კი – კერძო მესაკუთრეთა ხელშია. ყველა შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს იმას, თუ აღნიშნული ქონების ეფექტიანი გამოყენება რა შემთხვევაშია უფრო შესაძლებელი – სახელმწიფო თუ კერძო საკუთრების დროს. საქმეზე მოწმედ მოწვეული ვლადიმერ პაპავას აზრით, ელექტროენერგეტიკის ობიექტების პრივატიზება ნორმალური მოვლენაა საბაზრო ეკონომიკის პირობებში.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ამ შემთხვევაში დამაჯერებლად ვერ უარყო მისი სასარჩელო მოთხოვნის საწინააღმდეგო ზემოაღნიშნული არგუმენტები.
III. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ არ დასტურდება საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2001 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული ,,სს ,,ეი-ი-ეს თელასის” სააბონენტო სექტორის მომხმარებლებისათვის (მოსახლეობისთვის) 1999 წლის 4 იანვრის შემდეგ წარმოქმნილი ვალის რესტრუქტურიზაციის წესის” მე-4 და მე-5 პუნქტების არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ,,ქ. თბილისში ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების აღდგენისა და თელასის 75% აქციათა პრივატიზებამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით წარმოშობილი ვალების დაფარვის შესახებ” სემეკის 2001 წლის 12 აპრილის №29 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით, მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე, დადგინდა: ,,მომხმარებლებთან ელექტროენერგიის მიწოდებაზე ხელშეკრულების გაფორმებამდე ,,ეი-ი-ეს თელასმა” შეწყვიტოს თელასის აქციათა 75% პრივატიზებამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით წარმოშობილი ვალების ამოღება.”
ვალის რესტრუქტურიზაციის წესის სადავო ნორმებში გათვალისწინებულია 1999 წლის 4 იანვრის შემდეგ წარმოშობილი დავალიანების ამოღების საფუძვლები, რისი დარღვევაც იწვევს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას და მისი მხოლოდ მას შემდეგ აღდგენას, როცა მომხმარებელი დაფარავს როგორც ელექტროენერგიის მიმდინარე ხარჯებს, ისე დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადასახდელ თანხებს.
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2001 წლის 20 სექტემბრის №10 დადგენილებით დამტკიცებული სს ,,ეი-ი-ეს თელასის" და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის ,,ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმარების პირობების" მე-19 მუხლის თანახმად, ,,მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით 1999 წლის 1 იანვრამდე და 1999 წლის 1 იანვრის შემდეგ ამ პირობების ამოქმედებამდე წარმოშობილი დავალიანების დაფარვა შესაძლებელია მოხდეს დავალიანების რესტრუქტურიზაციის გზით. ამასთან დაკავშირებით, მომხმარებელსა და ,,ეი-ი-ეს თელასს" შორის მოხდება შეთანხმება ვალის დაფარვის გრაფიკთან დაკავშირებით. ამგვარი შეთანხმება უნდა მოხდეს ,,ეი-ი-ეს თელასის" და ქ. თბილისის საკრებულოს მიერ შემუშავებული და სემეკის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად".
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულება ნებისმიერი მხარის მოვალეობას შეადგენს და ამდენად დავალიანების გასტუმრების მოთხოვნა არ შეიძლება კრედიტორის უკანონო მოქმედებად მივიჩნიოთ. იმ ფაქტის გამორკვევა, რომ კონკრეტული მომხმარებლის მხრიდან ადგილი ხომ არ აქვს შესრულების ეკონომიკურ შეუძლებლობას, სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის ფარგლებს.
ამასთან, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ საჭიროა ძველი და ახალი დავალიანების ერთმანეთისაგან მკაცრი გამიჯვნა, რათა არ მოხდეს მოსახლეობაზე იმ გადასახადის დაკისრება, რომლის მოთხოვნის უფლება სს ,,ეი-ი-ეს თელასს" არ აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტითა და მეორე პუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
I. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქის შალვა ნათელაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წინააღმდეგ და ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით (1) ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2002 წლის 15 ოქტომბრის №12 დადგენილება იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდ ტარიფებს და (2) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2001 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი";
II. ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისის (სემეკის) 2002 წლის 15 ოქტომბრის №12 დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობილი ნაწილი და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2001 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი" იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;
III. ეთხოვოს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკს) 2003 წლის 1 მარტამდე დაადგინოს მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ახალი ტარიფები ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის I პუქნტში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით;
IV. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის I და II პუნქტები აღსრულდეს მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ახალი ტარიფების განმსაზღვრელი დადგენილების ამოქმედების მომენტიდან იმ პირობით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების დროიდან ახალი ტარიფების ამოქმედებამდე მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის შესასყიდად ამჟამად მოქმედი ტარიფების მიხედვით გადახდილი თანხები გადაანგარიშდება ახლად დადგენილი ტარიფების საფუძველზე;
V. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქის შალვა ნათელაშვილის სასარჩელო მოთხოვნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი (1) ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი იმ ნაწილში, რომლითაც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-4 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი, (2) ,,საქართველოს ენერგოსისტემის კომპანიების პრივატიზების სტრატეგიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 5 ივლისის №403 ბრძანებულება, (3) ,,საქართველოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისა და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარების სამოქმედო პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 თებერვლის №58 ბრძანებულება, (4) ,,სააქციო საზოგადოება ,,თელასის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ოქტომბრის №568 ბრძანებულება და (5) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2001 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული ,,სს ,, ეი-ი-ეს თელასის” სააბონენტო სექტორის მომხმარებლებისათვის (მოსახლეობისათვის) 1999 წლის 4 იანვრის შემდეგ წარმოქმნილი ვალის რესტრუქტურიზაციის წესის” მე-4 და მე-5 პუნქტები;
VI. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს - მოსახლეობის დაბალი გადახდისუნარიანობის პირობებში ელექტროენერგიის შესასყიდ ტარიფებთან დაკავშირებით შეიმუშაონ და განახორციელონ მყარად გარანტირებული და სტაბილური გონივრული საკომპენსაციო ღონისძიებები;
VII. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
VIII. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
IX. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
X. გადაწყვეტილება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
კოლეგიის შემადგენლობა
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ავთანდილ აბაშიძე
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი