საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მელქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/3/813 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 მარტი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 მარტი 2017 12:35 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე- წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მელქაძესაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №813) მიმართა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მელქაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა 2016 წლის 27 ივლისს. №813 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 28 მარტს.
2. №813 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება, ხოლო მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული“.
5. №813 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე სადავო ნორმის მოქმედების ფარგლებში ვერ იყენებს თავის აქტიურ საარჩევნო უფლებას, რადგან არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი და, შესაბამისად, ვერ ახერხებს საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით რეგისტრაციას. მოსარჩელეს არ გააჩნია არც მუდმივი და არც დროებითი საცხოვრებელი ადგილი.
6. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის სავალდებულოობა, იმისათვის, რათა პირის მონაცემები ერთიან საარჩევნო სიაში აისახოს, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 28-ე მუხლის მოთხოვნებს. იგი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება მონაცემები, მათ შორის ამომრჩევლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული სრულიად საკმარისი იქნებოდა პირის ამომრჩეველთა ერთიან სიაში დასარეგისტრირებლად და ამ ნორმის მიზანი სწორედ მის მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის საარჩევნო უფლების სათანადოდ რეალიზებაა.
7. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ფონზე, ხელი არ შეუშალოს მოქალაქეთა მიერ საარჩევნო უფლების რეალიზაციას, აბსოლუტურად გაუგებარია სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის დანიშნულება. იგი მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ბლანკეტური ხასიათისაა და ყველა იმ ადამიანს უზღუდავს თავის კონსტიტუციურ უფლებას, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი მისამართი.
8. მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 მუხლის საფუძველზე, ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რადგან სადავო ნორმა უამრავი ადამიანთვის გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს იმის გამო, რომ ისინი ვერ შეძლებენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამოიყენონ თავიანთი საარჩევნო ხმა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №813 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
2. მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე. ხსენებული ნორმის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ მის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. სასამართლოს განმარტებით, ეს არის „... საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
3. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768, 769, 790, 792 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად მიიჩნია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვები „განმწესრიგებელ სხდომაზე“, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება შესაძლებელია მოხდეს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. „შესაბამისად, სადავო ნორმის შეჩერების მექანიზმი გამოიყენება, დაუყოვნებელი, მყისიერი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. შექმნილი სამართლებრივი რეალობიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს სადავო ნორმის მოქმედებას იმ შემთხვევაში, თუ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე მყისიერი არ არის და შესაძლოა არსებობდეს სამომავლოდ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სხვა პერიოდში, რადგან ასეთი შესაძლებლობა მას შემდეგ მაინც ექნება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768, 769, 790, 792 გადაწყვეტილება „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი(დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები - ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-154).
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მორიგი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე დარჩენილია რამდენიმე წელი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები ჩატარდება 2017 წლის ოქტომბერში. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განხილვის ამ ეტაპზე არ არსებობს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის მყისიერი საფრთხე, რაც შესაძლოა, გამხდარიყო სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საფუძველი. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დროის კონკრეტულ მონაკვეთში მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ შეიძლება დადგეს გამოუსწორებელი ზიანი, მას, როგორც აღინიშნა, შეუძლია საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდგომაც შეაჩეროს სადავო ნორმის მოქმედება. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მომენტში არ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შედეგად გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რეალური საფრთხე და მოსარჩელის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №813 („საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მელქაძესაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
ლალი ფაფიაშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი