საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მელქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N813 |
ავტორ(ებ)ი | ალექსანდრე მელქაძე |
თარიღი | 26 ივლისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოსარჩელე ალექსანდრე მელქაძე წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი და შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით რეგისტრაცია. იგი 2015 წლის 25 ივნისს მოხსნილი იქნა რეგისტრაციიდან, რისი დამადასტურებელი ცნობაც თან ერთვის კონსტიტუციურ სარჩელს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია არც მუდმივი და არც დროებითი საცხოვრებელი ადგილი. იგი, ძირითადად, ღამის გასათევად იყენებს მისი მეგობრების ბინას, ან ღამეს ათენებს ქუჩაში, მეტრო „ისანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს, მისი სასამართლოში არსებითად განსახილველად მიღების მოთხოვნებს., კერძოდ, ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) შეტანილი არის უფლებამოსილი პირის მიერ - იგი, როგორც საქართველოს მოქალაქე სარგებლობს საარჩევნო უფლებით; გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი - გასაჩივრებულია საქართველოს ორგანული კანონის ნორმა; დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) მასში მითითებული სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით, რომილიც უზრუნველყოფს აქტიურ საარჩევნო უფლებას; ვ) არ არის დარღვეული სარჩელის შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ზ) „სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის“ - აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნის დაკმაყოფილება არ არის სავალდებულო მოცემულ დავაში, ვინაიდან სადავოა საქართველოს ორგანული კანონის დებულება. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოსარჩელე ალექსანდრე მელქაძე წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი და შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით რეგისტრაცია. იგი 2015 წლის 25 ივნისს მოხსნილი იქნა რეგისტრაციიდან, რისი დამადასტურებელი ცნობაც თან ერთვის კონსტიტუციურ სარჩელს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია არც მუდმივი და არც დროებითი საცხოვრებელი ადგილი. იგი, ძირითადად, ღამის გასათევად იყენებს მისი მეგობრების ბინას, ან ღამეს ათენებს ქუჩაში, მეტრო „ისანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა იცნობს რეგისტრაციის მხოლოდ ორ ფორმას - საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით, ან მისამართის მითითების გარეშე. იმ შემთხვევაში, რომ მოსარჩელე დარეგისტრირდეს მისამართის მითითების გარეშე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იგი არ უნდა ცხოვრობდეს მიწასთან მყარად დაკავშირებულ, ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად გამიზნულ შენობაში, ან უნდა ცხოვრობდეს შენობაში, რომლის მისამართის იდენტიფიცირება შეუძლებელია. ასეთი საცხოვრებელი სადგომი მოსარჩელეს არ გააჩნია და შესაბამისად, იგი ვერ გადის რეგისტრაციას მისამართის გარეშე. რაც შეეხება მეგობრებს, ვისთანაც იგი ღამეს ათენებს, ვინაიდან იგი მუდმივად იქ არ ცხოვრობს და ასევე, მესაკუთრეებიც არ არიან თანახმა დაარეგისტრირონ იგი თავიანთ საკუთრებაში, იგი ვერ ახერხებს შესაბამის მისამართებზე რაგისტრაციას. ამრიგად, მოსარჩელეს არ გააჩნია არც მუდმივი და არც დროებით საცხოვრებელი, სადაც იგი შეძლებდა საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით, ან მისამართის მითითების გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ალექსანდრე მელქაძე ვერ იღებს მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებში. როგორც კონსტიტუციურ სარჩელზე დართული, ჩვენი ორგანიზაციისათვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოგზავნილი წერილის შინაარსიდან ირკვევა, „...თუ პირს, რეგისტრაციის მისამართი არ გააჩნია, ის ვერ მოხვდება ამომრჩეველთა ერთიან სიაში და ამავდროულად, ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, იმისათვის, რომ ასეთი კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა, საჭიროა, რომ აღნიშნული საკითხები დარეგულირდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. იგივე წერილში, ასევე აღნიშნულია, რომ „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთანავე, ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირათა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით.“. ამრიგად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ზემოაღნიშნული წერილის შინაარსიდან ირკვევა, რომ თუ პირს „...რეგისტრაციის მისამართი არ გააჩნია...“ იგი ვერ მოხვდება ერთიან საარჩევნო სიაში, რაც წარმოადგენს მოსარჩელის და მის მდგომარეობაში მყოფი პირების აქტიური საარჩევნო უფლების შეზღუდვის საფუძველს. იმისათვის, რომ გავარკვიოთ, თუ რამდენად შეესაბამება საარჩევნო უფლების ამგვარი შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გავაანალიზოთ ცსკ-ოს წერილში აღნიშნული, საარჩევნო კოდექსის, როგორც 31-ე მუხლის შესაბამისი დებულებების შინაარსი, ისე, საარჩევნო სიების ფორმირების მარეგულირებელი სხვა ნორმები, ასევე, ცსკ-ოს მიერ ამ ნორმების განმარტების სამართლებრივი სისწორე და ლეგიტიმურობა. უპირველეს ყოვლისა, მიგვაჩნია, რომ ცსკოს მიერ გამოგზავნილი წერილის შინაარსში, თითქოს იკითხება ისე, რომ იგი ერთმანეთთან აიგივებს, ერთი მხრივ, ამომრჩევლის რეგისტრაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო მეორე მხრივ კი, მის რეგისტრაციას საარჩევნო სიაში. კერძოდ, წერილში ვკითხულობთ: „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთანავე, ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირათა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით.“. მიგვაჩნია, რომ ამომრჩევლის რეგსტრაცია და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია, არა მხოლოდ არ უნდა გავაიგივოთ ერთმანეთთან, არამედ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის ქონა საერთოდ არ უნდა იყოს საარჩევნო სიაში შეყვანისათვის სავალდებულო პირობა. ასე, მაგალითად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ, მათ შორის, შემდეგი მონაცემი, კერძოდ, ... ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (...მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი;..)“. ამრიგად, იმისათვის, რომ შესაბამისი პირი დარეგისტრირდეს ამომრჩეველთა ერთიან სიაში, საკმარისია მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და, შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირის რეგისტრაცია არ წარმოადგენს სიაში შეტანისათვის აუცილებელ წინაპირობას. საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის ზემოაღნიშნული შინაარსი ჩამოყალიბდა 2014 წლის 7 მარტის ცვლილების საფუძველზე და მის მიზანს წარმოადგენდა, ზუსტად, მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის აქტიური საარჩევნო უფლების სათანადოდ უზრუნველყოფა. გასათვალისწინებელია, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიც, რომლის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება გააჩნია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან და არა მხოლოდ იმ მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით. კონსტიტუციის 28-ე მუხლი განსაზღვრავს აქტიური საარჩევნო უფლების შეზღუდვის პირობებს - კერძოდ, „არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული.“. ამრიგად, ამ უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ საფუძვლად შეუძლებელია მივიჩნიოთ მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით რეგისტრაციის არქონა. უფრო მეტიც, საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანოს ისეთი პირები, რომლებსაც არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით რეგისტრაცია. ეს ვალდებულება, ასევე გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის შინაარსიდანაც. კერძოდ, კონსტიტუციის ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვისაუბროთ, სახელმწიფოს ერთგვარ პოზიტიურ ვალდებულებაზე, უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლება მაშინაც კი, როდესაც მათ არ გააჩნიათ, ართუ საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით რეგისტრაცია, არამედ, საერთოდ საცხოვრებელი ადგილი - ანუ, როდესაც შესაბამისი პირი არის ე.წ. „უსახლ-კარო“. სახელმწიფოს, ზემოაღნიშნული პოზიტიური ვალდებულების გამოხატულებას წარმოადგენს, აგრეთვე, საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომელებიც, ძირითადად, მოწოდებულია იმისათვის, რომ ამომრჩეველს მაქსიმალურად გაუმარტივონ არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის მიღება. კერძოდ, ისეთ ღონისძიებები, როგორიცაა ამომრჩეველთა სპეციალური სია, გადასატანი საარჩევნო ყუთის სია და ა.შ. წარმოადგენენ, ზუსტად, ამომრჩევლის მიერ საარჩევნო უფლების განხორციელების მაქსიმალური გაადვილების იმგვარ საკანომდებლო მექანიზმებს, რომლებიც გამომდინარეობენ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან. ამ პოზიტიური ვალდებულების ფონზე, აბსოლიტურად გაუგებარი და მიუღებელია საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების შინაარსი, რომლის შესაბამისად, ერთიან საარჩევნო სიაში ამომრჩევლის შეყვანა, ბლანკეტური ფორმით, პირდაპირ უკავშირდება მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით რეგისტრაციას. მიგვაჩნია, რომ ამგვარი შეზღუდვა წინააღდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, ვინაიდან, იგი არ გამომდინარეობს კონსტიტუციის იგივე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საარჩევნო უფლების შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძვლებიდან. გასათვალისწინებელია, რომ, მიუხედავად საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნისა - სახელმწიფომ უზრუნველყოს საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით რეგისტრაციის არმქონე პირების საარჩევნო სიაში შეყვანა - საარჩევნო კოდექსის შესაბამისი ნორმები არ ითვალისწინებენ შესაბამის საკანონმდებლო მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფდა მათ რეგისტრაციას, რასაც, თავის მხრივ, მოწმობს, ასევე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელიც თან ერთვის კონსტიტუციურ სარჩელს. წერილში, ცსკო, კერძოდ, აღნიშნავს: „... იმისათვის, რომ ასეთი კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა, საჭიროა, რომ აღნიშნული საკითხები დარეგულირდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. მაშასადამე, ცენტრალური საარჩევნო კომისია აღიარებს, რომ ეს საკითხი არ არის დარეგულირებული „კანონმდებლობის შესაბამისად“, რის გამოც, ამ კატეგორიის პირებს შეზღუდული აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მოსარჩელეს წართმეული აქვს არჩევნებში და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება და მის მიმართ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, მისი აქტიური საარჩევნო უფლება. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა