საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1632 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 22 ივლისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი პატიმრობის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პატიმრობა შეფარდებულ ბრალდებულს ხანმოკლე პაემნის უფლებას უზღუდავს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე. | საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი: „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით);
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთება
საქართველოს პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემანის უფლებით. მიუხედავად ამისა, იმავე ნორმის მე-2 წინადადების თანახმად, აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე.
სადავო ნორმა პროკურორს/გამომძიებელს ანიჭებს ფართო დისკრეციას, პატიმარს შეუზღუდოს ხანმოკლე პაემნის უფლება. განსაკუთრებით, პრობლემურია ის გარემოება, რომ კანონმდებლობით არ არის დადგენილი წესები, რომელიც შემოსაზღვრავდა პროკურორის/გამომძიებლის ამ დისკრეციას, რაც ქმნის პროკურორის/გამომძიებლის მხრიდან თვითნებობის რისკებს. კომუნიკაციის ამგვარი აკრძალვა, კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების განხორციელებას მნიშვნელოვნად ზღუდავს.
საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნა კონკრეტული ნორმის პრობლემურობის თაობაზე, რადგან ნორმა ვერ უზრუნველყოფს გამომძიებლისა და პროკურორის მხრიდან თვითნებობისაგან დაცვის შესაძლებლობას.[1]
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სადავო ნორმა განსაკუთრებით პრობლემურია იმ მხრივ, რომ ის არ ითვალისწინებს პროკურორის/გამომძიებლის მიერ მიღებული დადგენილების დასაბუთების ვალდებულებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იცნობს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებას და დასაბუთებულ დადგენილებას, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტექნიკურ და შინაარსობრივ საკითხებზე მიღებულ დადგენილებას. მიგვაჩნია, რომ მოტივირებისა და დასაბუთების ვალდებულების არარსებობა მიუთითებს ამ უფლების შეზღუდვის თვითნებურ ბუნებაზე, რომელიც, შესაძლებელია დასჯის ან ბრალდებულზე გაუმართლებელი ზემოქმედების ხასიათს ატარებდეს.
გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებულს ხანმოკლე პაემანის უფლება ეძლევა მხოლოდ ახლო ნათესავებთან (ოჯახის წევრებთან), ამ უფლების შეზღუდვა შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, რომლითაც უზრუნველყოფილია ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ მიუთითებს ამ უფლების მხოლოდ კონსტიტუციური მიზნებისათვის შეზღუდვის შესაძლებლობაზე, რისი დასაბუთების ვალდებულებაც სწორედ სახელმწიფოს ეკისრება.
სადავო ნორმის შინაარსი
საქართველოს პატიმრობის კოდექსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე მათი სამართლებრივი, სოციალური და პირადი უსაფრთხოების დაცვას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას.[2] მათ გარანტირებული აქვთ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.[3]
კოდექსის მიხედვით, ბრალდებული მსჯავრდებულის მსგავსად, სარგებლობს საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; სამედიცინო მომსახურებით; ახლო ნათესავებთან შეხვედრით (პაემნით); სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით; ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით; უფასო იურიდიული დახმარებით, სამართლებრივი კონსულტაციებით და ა,შ.[4]
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები განსხვავდება ბევრ ასპექტში, განსაკუთრებით კი გარე სამყაროსთან კონტაქტის მხრივ, მაგალითად, ბრალდებული სარგებლობს მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.[5] განსხვავებით მსჯავრდებულისაგან, რომელიც სარგებლობს როგორც ხანმოკლე, ვიდეო, ისე ხანგრძლივი პაემნის უფლებებით.
ბრალდებულის მიერ ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება კონკრეტდება, სწორედ 77-ე მუხლის მეშვეობით, კერძოდ, ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით.[6] ნორმა ასევე აკონკრეტებს, რომ 1 თვის განმავლობაში ბრალდებულისათვის განკუთვნილი ხანმოკლე პაემანი შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე.
შესაბამისად, საკანონმდებლო აქტით უკვე მინიჭებული უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის/პროკურორის დადგენილების საფუძველზე. კანონმდებლობით მინიჭებული უფლების შეზღუდვა დაშვებულია, მაგრამ როგორც წესი ეს უფლებამოსილება პატიმრობის კოდექსის მიხედვით დაწესებულების დირექტორს გააჩნია, რაც, რა თქმა უნდა, ლოგიკურია. ასევე, მნიშვნელოვანია თუ სხვა შემთხვევებში რის საფუძველზე ხდება უფლების შეზღუდვა.
სხვა შემთხვევებში, პატიმრობის კოდექსი როგორც დაწესებულების დირექტორის, ისე გამომძიებელი/პროკურორის მიერ უფლების შეზღუდვის ფორმად მოტივირებულ გადაწყვეტილებას გვთავაზობს. მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ, თუ რა შემხვევებში ხდება უფლების მოტივირებული გადაწყვეტილებით შეზღუდვა.
პენიტენციურ დაწესებულებებში, ბრალდებული/მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კონტაქტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს თავის ახლო ნათესავებთან ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.[7] პენიტენციური დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული.[8]
შესაბამისად, ხანმოკლე პაემნის შემთხვევაში როდესაც დაწესებულების დირექტორი კონკრეტული მიზეზით ზღუდავს უფლებას, ხელმძღვანელობს მოტივირებული გადაწყვეტილებით, ხოლო გამომძიებელი ან პროკურორი კი - დადგენილებით.
ასევე, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი 10 დღის ვადაში უნდა იქნეს ინფორმირებული.[9] ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.[10] სწორედ ანალოგიურად ხდება საოჯახო პაემნის შემთხვევაშიც.[11]
სადავო ნორმის გარდა, პროკურორის/გამომძიებლის მიერ კიდევ ერთ შემთხვევაში ხდება უფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით საყურადღებოა ეს ნორმა. მაგრამ ამ შემთხვევაში მოტივირებული გადაწყვეტილებით. პატიმრობის კოდექსის მიხედვით, ბრალდებულს პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნისას უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და 1 თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა;[12] დადგენილი უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.[13]
ამრიგად, ხანმოკლე პაემანისგან განსხვავებით, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ მოტივირებული გადაწყვეტილებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ უფლებების შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, თუმცა, მისი გასაჩივრების შემთხვევაში, მაინც შესაძლებელია მისი მოტივის და, შესაბამისად, საფუძვლიანობის შეფასება, განსხვავებით პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის თაობაზე მიღებული დადგენილებისაგან, რომლის დასაბუთების ვალდებულებას კოდექსი, ზემოაღნიშნულისგან განსხვავებით, პირდაპირ არ ითვალისწინებს.
შესაბამისად, პატიმრობის კოდექსის მიხედვით, უფლების შეზღუდვისათვის ძირითადად გამოიყენება მოტივირებული გადაწყვეტილების სტანდარტი, რომელიც გულისხმობს იმ მოტივების განმარტებას, თუ რატომ ხდება უფლების შეზღუდვა.
შესაბამისად, კანონმდებელი უფლების შეზღუდვისათვის თავად პროკურორს/გამომძიებელს უფლებას ანიჭებს, ერთ შემთხვევაში დადგენილებით შეზღუდოს უფლება, ხოლო მეორე შემთხვევაში მოტივირებული გადაწყვეტილებით, რაც მსგავსია იმ სტანდარტისა რასაც პატიმრობის კოდექსი დაწესებულების დირექტორს ანიჭებს კონკრეტულ ღონისძიებაზე თანხმობის ან უარის თქმის თვალსაზრისით.
აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ პატიმრობის კოდექსი უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს დისციპლინური სახდელის ფორმითაც. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი.[14] დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს.[15] მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კი, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი.[16] შესაბამისად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრული არის მოტივის გამორკვევისა და შემდგომში მისი გასაჩივრების პროცედურები.
რაც შეეხება სხვა შემთხვევებში, გასაჩივრების უფლების მოწესრიგებას, თუ საჩივრის შეტანის საფუძველია სასჯელაღსრულების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და ამ კოდექსით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა, მაშინ საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში. ასევე, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას. ზოგადად, საჩივრის განხილვის შედეგები შესაძლებელია ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.
კოდექსი ასევე იცნობს მოთხოვნის ცნებასა და მისი შეტანის წესს. მოთხოვნის შეტანით ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება. შესაბამისად, ეს უფლება ვრცელდება მხოლოდ იმ ასპექტზე, რომელიც დაწესებულების დირექტორის დაქვემდებარების ქვეშ არის. შესაბამისად, ეს ვერ გავრცელდება იმ სფეროზე რომელიც გამომძიებელსა და პროკურორს ექვემდებარება.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ პატიმრობის კოდექსი არ ითვალისწინებს პროკურორის/გამომძიებლის დადგენილების გასაჩივრების პროცედურას, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ნათელია, რომ კონსტიტუციის 59-ე მუხლიდან გამომდინარეობს საერთო სასამართლოების ზოგადი კომპეტენცია, განახორციელონ მართლმსაჯულება და მათი განსჯადი საქმეების ფარგლებში გადაწყვიტონ კანონიერების საკითხები, მათ შორის, შეაფასონ სახელმწიფო მოხელეთა და ორგანოების ქმედებების კანონიერება. უფრო კონკრეტულად კი, ნორმა უნდა შეიცავდეს სასამართლოსადმი მიმართვისა და, ამ გზით, პირის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმების პირდაპირ აკრძალვას, იმისათვის, რომ გასაჩივრების უფლება შეზღუდულად ჩაითვალოს.
ამ შემთხვევაში, რელევანტურია აღნიშნოს, რომ „საქართველოს პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონი ითვალისწინებს, გასაჩივრების ზოგად წესს, რომლის მიხედვითაც, პროკურორის წარდგინება, პროტესტი, დადგენილება, მითითება, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონით დადგენილი წესით ან ერთჯერადად გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 10 დღის ვადაში, თუ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღსანიშნავია, რომ გასაჩივრება არ აჩერებს საპროკურორო აქტების აღსრულებას.
რაც შეეხება გამომძიებლის მიერ მიღებული აქტის გასაჩივრების საკითხს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გაწერს სასამართლოს ზოგადი უფლებამოსილების საკითხს, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის კომპეტენციაა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებლის ან/და პროკურორის უკანონო ქმედების გამო საჩივრის გადაწყვეტა
მიუხედავად, იმისა, რომ პროკურატურის შესახებ კანონის ნორმა თავად სპეციალურ კანონმდებლობას ანიჭებს უფლებას, რომ დაარეგულიროს სასამართლოში გასაჩივრების საკითხი, რაც პატიმრობის კოდექსის შემთხვევაში არ გვაქვს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ სადავო ნორმაზე ვრცელდება ზემოთ აღნიშნული გასაჩივრების ზოგადი წესები.
პატიმრობის კოდექსის ნორმების ანალიზიდან, ნათლად ჩანს რომ ყველა შემთხვევაში, გამოიყენება მოტივირებული გადაწყვეტილების სტანდარტი, რათა უფლების შეზღუდვა არ იყოს დაუსაბუთებელი, რასაც ვერ ვიტყვით ბრალდებულის ხანმოკლე პაემნის დადგენილებით შეზღუდვის შესაძლებლობაზე. ამ შემთხვევაში გამომძიებელს/პროკურორს შეუძლია გამოსცეს დადგენილება სადაც მითითებულია, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ბრალდებულს უნდა შეეზღუდოს ხანმოკლე პაემნის უფლება. სადავო ნორმიდან გამომდინარე ეს სავსებით დააკმაყოფილებს მის მოთხოვნას, რადგან თავად სადავო ნორმა უშვებს ამის შესაძლებლობას.
მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას თუ ვინ ზღუდავს უფლებას. გამომძიებელი ან პროკურორი, რომელიც კონკრეტულ დანაშაულს იძიებს, ამგვარად ბრალდების მხარე, უმეტესად დაინტერესებულია გამოძიების ინტერესების უზრუნველსაყოფად მაქსიმალურად შეზღუდოს ბრალდებულის უფლებები. სადავო ნორმა ტოვებს თვითნებობის მაღალი ხარისხის შესაძლებლობას, რაც, რა თქმა უნდა, აისახება ბრალდებულის გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარებაზე. ნორმა მკაფიოდ უნდა ითვალისწინებდეს გამომძიებლისა და პროკურორის მიმართ დასაბუთების ვალდებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს მათი მხრიდან თვითნებობის შესაძლებლობა.
დადგენილების დასაბუთების სტანდარტზე რომ სრულყოფილად ვიმსჯელოთ, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის ზოგადი ნორმები, რომელსაც კანონმდებლობა განსაზღვრავს.
საპროკურორო აქტების სისტემას ითვალისწინებს პროკურატურის შესახებ კანონი, რომელიც პროკურორის უფლებამოსილების განხორციელებისას, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს შემდეგ საპროკურორო აქტებს: მოთხოვნა; წარდგინება; პროტესტი; დადგენილება; თანხმობა; მითითება; საჩივარი.[17]
აღსანიშნავია, რომ პროკურატურის შესახებ კანონი არ ითვალისწინებს ზოგადი დასაბუთების ვალდებულებას საპროკურორო აქტებზე, მაგრამ ცალკეული რეგულაციებით აკონკრეტებს თუ რა შემთხვევაში უნდა იყოს დასაბუთებული პროკურორის მიერ გამოცემული აქტი. მაგალითად, კანონი აკონკრეტებს, რომ ბრალდებაზე პროკურორის უარი დასაბუთებული უნდა იყოს.[18]
პროკურატურის შესახებ კანონი უშუალოდ, დადგენილების შესახებ ზოგად ნორმასაც ითვალისწინებს, რომელის მიხედვითაც პროკურორს გამოაქვს დადგენილება კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით.[19] ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუ როგორ არის გაწერილი სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში პროკურორის მიერ დადგენილების მიღების საკითხი.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დადგენილებას განმარტავს, როგორც გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილებას ნებისმიერ საკითხზე,[20] მაგრამ კოდექსი თავის მხრივ, უშუალოდ სხვადასხვა ნორმებთან მიმართებით აკონკრეტებს, რომ პროკურორმა უნდა მიიღოს დასაბუთებული დადგენილება. მაგალითად, დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შემთხვევაში პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება.[21]
უშუალოდ, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულია, დადგენილების გამოტანის შესაძლებლობა, მაგრამ კოდექსი დასაბუთებულობის სავალდებულო მოთხოვნაზე არ მიუთითებს.
როგორც უკვე აღინიშნა, დაწესებულების დირექტორის მიერ უფლების შეზღუდვის თაობაზე ნებისმიერი გადაწყვეტილება სავალდებულოა დასაბუთდეს. ასევე, ერთ შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით გამომძიებლისა და პროკურორის მიმართ მოთხოვნას, რომ მათ მიერ მიღებული იქნას მოტივირებული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის შემთხვევაში, რომლებიც რა თქმა უნდა წარმოადგენენ გარე სამყაროსთან კონტაქტის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ხანმოკლე პაემანი, განსაკუთრებით იმ მოცემულობაში, როდესაც ბრალდებულს არ გააჩნია ვიდეო/ხანგრძლივი პაემანი, იძენს ფუნდამენტურ მნიშვნელობას ოჯახთან კონტაქტის შენარჩუნების კუთხით. შესაბამისად, მისი შეზღუდვა უნდა იყოს მკაცრად დასაბუთებული.
ასევე, როგორც აღინიშნა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იცნობს „დასაბუთებული დადგენილების“ ცნებას. შესაბამისად, გარე სამყაროსთან კონტაქტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია ბრალდებულისათვის ხანმოკლე პაემნის შეზღუდვაზეც გავრცელდეს მსგავსი სტანდარტი, რათა პირადი ცხოვრების სფეროში ჩარევის საკითხი ექვემდებარებოდეს სასამართლოში ეფექტურ გასაჩივრებასა და დარღვეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
კონსტიტუციის მე-15 მუხლთან წინააღმდეგობის შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა პირადი ცხოვრების უფლების, როგორც ინდივიდის დამოუკიდებელი განვითარების უმთავრესი საფუძვლის მნიშვნელობაზე და მის განსაკუთრებულ კავშირზე დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებულ ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების კონცეფციებთან მიმართებით.[22]
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არაერთხელ აღნიშნა, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება ფართო კონცეფციაა და შედგება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან, რომლებიც დაცულია კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით. ზოგადად, პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო, პრივატული სფეროს არსებობას, პირის უფლებას, სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან, ასევე ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მოახდინოს ინფორმაციისა თუ მოსაზრებების გაცვლა-გაზიარება მათთან.[23]
პირადი ცხოვრების იმ ცალკეული უფლებრივი კომპონენტების მსგავსად, რომელთაც კონსტიტუცია პირდაპირ განსაზღვრავს კონკრეტულ მუხლებში, აღსანიშნავია ოჯახური ცხოვრების უფლება, რომელზეც კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი სახელდებით მიუთითებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „უდავოა, რომ პირის... პირადი ცხოვრება მოიცავს კავშირსა და ურთიერთობებს ოჯახის წევრებთან და მის „ახლო წრესთან“. ოჯახური ცხოვრება გულისხმობს ქორწინების ან ფაქტობრივი თანაცხოვრების შედეგად მეუღლეებს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს, ადამიანის უფლებას განავითაროს კავშირები ოჯახის წევრებთან და ბიოლოგიურ ნათესავებთან“[24]
ამგვარად, ოჯახური ცხოვრება გულისხმობს პირთა ცალკეულ წრესთან დამყარებულ კერძო ურთიერთობებს და მოიცავს განსაკუთრებით „ახლო წრეში“ არსებულ კავშირებს, რომლებიც ძლიერი ემოციური ან/და ბიოლოგიური კავშირით ხასიათდება.
პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების სტანდარტები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ პირებთან მიმართებით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამა თუ იმ უფლების ფარგლების განმარტების და მისი დაცვის კონსტიტუციური სტანდარტების დადგენისას, რიგ შემთხვევებში, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს უფლების სუბიექტის სამართლებრივ სტატუსს, ასევე შესაფასებელი სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათსა და თავისებურებებს. ერთ-ერთი ამგვარი შემთხვევაა ბრალდებულისთვის პატიმრობის გამოყენება კანონის საფუძველზე. ინდივიდის ამგვარი სტატუსი ქმნის განსაკუთრებულ სამართლებრივ რეალობას, რომელიც გავლენას ახდენს ამ უკანასკნელის მიერ იმ ძირითადი უფლებებით სარგებლობის ხარისხზე, რომელთა სრულყოფილი რეალიზაცია გარდაუვლად დაკავშირებულია ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებასთან.[25]
კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტი, რომლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირი განაგრძობს ყველა იმ ძირითადი უფლების სუბიექტად ყოფნას, რომელიც თავად კონსტიტუციით არ არის შეზღუდული, უპირველესად უკავშირდება ღირსების სამართლებრივ კონცეფციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ადამიანის ღირსების პატივისცემა და პიროვნული თავისუფლება კი მის ძირითად უფლებათა პატივისცემაში, მათ ადეკვატურ დაცვასა და განხორციელებაში გამოიხატება“[26]
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის არაერთი საერთაშორისო თუ რეგიონული სამართლებრივი დოკუმენტი პირდაპირ მიუთითებს თითოეულ თავისუფლებააღკვეთილი პირის უფლებაზე, მოექცნენ ჰუმანურად და პატივი სცენ მის პიროვნულ ღირსებას.[27]
სადავო ნორმის შემთხვევაში, ბრალდებულს შესაძლოა შეეზღუდოს ხანმოკლე პაემნის უფლება, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით. აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ უკვე კანონმდებლობით მინიჭებული უფლების შეზღუდვა ხდება და არა კონკრეტული უფლების მინიჭების მოთხოვნა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება უფლების შეზღუდვის სტანდარტების პირადი ცხოვრების სტანდარტებთან შესაბამისობას. ხანმოკლე პაემანი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს უფლებას ბრალდებულისათვის, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, იმას, რომ მას არ აქვს არც ვიდეო არც ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება.
ბრალდებულისათვის, კანონმდებლობა განსაზღვრავს ხანმოკლე პაემნის კონკრეტულ რაოდენობას, რომელიც შეზღუდულია და მხოლოდ 4 ხანმოკლე პაემანს მოიცავს. ნორმის მიხედვით არ არის განსაზღვრული თუ რამდენი პაემნის შეზღუდვაა შესაძლებელი, შესაბამისად პროკურორი უფლებამოსილია ოთხივე პაემანი შეუზღუდოს ბრალდებულს.
უფლების შეზღუდვის პრობლემურობაზე, როდესაც ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ისევ განვმარტოთ თუ როგორ ხდება შეზღუდვა.
· უფლებას ზღუდავს გამომძიებელი/პროკურორი, რომელიც წარმოადგენს მიკერძოებულ მხარეს, რადგან გამოძიების მიმდინარეობისას ბრალდების მხარისათვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შეზღუდოს ბრალდებული, რათა გამოძიების ინტერესებს საფრთე არ შეექმნას.
· უფლება იზღუდება გამომძიებელი/პროკურორის დადგენილების საფუძველზე, რომლის დასაბუთების ვალდებულებას სადავო ნორმა არ შეიცავს.
ზემოთ აღნიშნულიდან, პირველი ასპექტს, მეორე განსაკუთრებით პრობლემურს ხდის დასაბუთების ვალდებულების არ არსებობისას მიკერძოებული მხარის თვითნებობის მასშტაბი ბევრად მაღალია.
საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, პატიმრებს რაც შეიძლება ხშირად უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, კონტაქტი იქონიონ გარე სამყაროსთან. მათ შორის, გააგზავნონ წერილები, ისარგებლონ სატელეფონო ზარებით, შეხვდნენ ოჯახის წევრებს.[28] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, პატიმრის კონტაქტი გარე სამყაროსთან უნდა მიიჩნეოდეს უფლებად[29] და არა პრივილეგიად. ანალოგიური არის მითითებული გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს სახელმძღვანელო დოკუმენტშიც. შესაბამისად, ის არ უნდა გახდეს პატიმრის დასჯისა და წახალისების მიზნებისთვის გამოსაყენებელი ინსტრუმენტი.[30] მიმოხილული სტანდარტების მიუხედავად, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების გარე სამყაროსთან კონტაქტის პრობლემა სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მონახულებულ ყველა დაწესებულებაში იკვეთება.[31] აღნიშნულს კი თავად პატიმრობის კოდექსში არსებული რეგულაციები განაპირობებს.
შესაბამისად, ხანმოკლე პაემნის დაუსაბუთებული შეზღუდვისას განსაკუთრებული ზიანი ადგება ბრალდებულის გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარების შესაძლებლობას, რაც პირადი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს.
დაუსაბუთებლობის პრობლემასთან ერთად, ასევე იქნება თავად დადგენილების გასაჩივრების პრობლემა, იმ კუთხით, რომ დასაბუთებულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ჭეშმარიტების დადგენას უწყობს ხელს. საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, ამავე დროს, დასაბუთებულობის მოთხოვნის გარეშე უკიდურესად გართულებულია თვითნებური და არაზუსტი გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა. იმ პირობებში, როდესაც უფლებამოსილ სუბიექტს არ ევალება გადაწყვეტილების დასაბუთება, რთულია მიღებული გადაწყვეტილების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და შესაძლო დარღვევებისა და გადაცდომების გამოსწორება, არსებობს უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების საფრთხე.“[32]
შესაბამისად, იმისათვის, რომ ბრალდებულის პირადი ცხოვრების უფლება იმაზე მეტად არ შეიზღუდოს, რამდენადაც ამას კონსტიტუცია უშვებს, მნიშვნელოვანია გამომძიებლის/პროკურორის დადგენილება იყოს დასაბუთებული, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხანმოკლე პაემნის თანაზომიერი შეზღუდვა.
აღსანიშნავია ის უფლებრივი გარანტიები, რომლებიც ობიექტურად აბალანსებს ფიზიკური თავისუფლების აღკვეთის ნეგატიურ შედეგებს, უკეთესობისკენ ცვლის პირის ცხოვრების წესს, ხელს უწყობს მის ინტელექტუალურ და სოციალურ განვითარებას და აძლევს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს კონტაქტი გარე სამყაროსთან.
თანაც, ფაქტია, რომ გამომძიებელი/პროკურორი ხშირად იყენებს ამ უფლებამოსილებას. რადგან 2018 წლის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის შემდეგ N6 დაწესებულებაში აღმოჩნდა, რომ 3 თვის განმავლობაში ბრალდებულებმა მხოლოდ 2 ჯერ ისარგებლეს ხანმოკლე პაემნით.[33] გარე სამყაროსთან კონტაქტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ბრალდებულისათვის დახურულ ინსტიტუციაში ყოფნა თავისთავად დამთრგუნველია და დაკავშირებულია როგორც ფსიქოლოგიურ სირთულეებთან, ასევე პენიტენციურ სტრესთან.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში, გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განაცხადა, რომ რესოციალიზაციის და შემდგომი დანაშაულების ჩადენის პრევენციის საქმეში ძალიან დიდია ოჯახური ურთიერთობების შენარჩუნებისა და წახალისების, ოჯახის წევრებთან სტაბილური ემოციური კავშირის შენარჩუნების მნიშვნელობა. ოჯახური კავშირების შენარჩუნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასევე მსჯავრდებულის მიერ საკუთარი პიროვნების განვითარებისა და იდენტობის განსაზღვრისათვის, რათა ამ უკანასკნელმა საკუთარი თავის იდენტიფიცირება არ დააფუძნოს მსჯავრდებულის სტატუსს, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს საზოგადოებაში მის ინტეგრაციას.
ამავდროულად, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვის ფარგლები და სტანდარტები, ცხადია, განსხვავებულია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სპეციფიკის გათვალისწინებით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირები, ცხადია მიეკუთვნებიან ... პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დაცულ სუბიექტებს. თუმცა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ აღნიშნული პირები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებიან, რაც პირადი ცხოვრების დაცულობის მოლოდინის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს სხვა პირებთან შედარებით.[34]
ოჯახური ცხოვრების უფლება განეკუთვნება იმ ძირითად უფლებათა კატეგორიას, რომელთა დაცვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტი განსხვავებულია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირების მიმართ. მსჯავრდებულს აქვს prima facie უფლება, დაამყაროს და შეინარჩუნოს ოჯახური ურთიერთობები, კავშირი ჰქონდეს საკუთარი ოჯახის წევრებთან პირადად თუ კომუნიკაციის დისტანციური საშუალებებით. ამავდროულად, ოჯახის წევრებთან კავშირს ვერ ექნება მუდმივი, უწყვეტი ხასიათი, ისევე როგორც კომუნიკაციის პროცესი ვერ დაექვემდებარება პრივატულობის ისეთ ხარისხს, როგორც ეს შესაძლებელია იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც არ არიან მოთავსებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.[35]
მოსარჩელე მხარე, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს, რომ გარე სამყაროსთან კონტაქტი ისეთი სიხშირით ვერ ექნება პატიმრობაში მოთავსებულ ბრალდებულს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ უკვე მინიჭებული უფლების თვითნებური შეზღუდვა არ მოხდეს დაუსაბუთებელი დადგენილების მეშვეობით. პირადი და ოჯახური ცხოვრების კონსტიტუციური უფლება ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, რომ გარკვეული ხარისხით მაინც უზრუნველყოს პირის შესაძლებლობა, იქონიოს კონტაქტი ოჯახის წევრებთან.
იმავდროულად, თავისუფლებააღკვეთილი პირის შესაძლებლობა, კონტაქტი იქონიოს საკუთარ ოჯახთან და ახლობელ ადამიანებთან, ზღვარდადებულია სახელმწიფოს ხელთ ობიექტურად არსებული შესაძლებლობებით. როგორც აღინიშნა, პირადი და ოჯახური ცხოვრების კონსტიტუციური უფლება ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს იმ პირის ოჯახის წევრებთან კონტაქტის შესაძლებლობა, რომელიც პატიმრობის ბუნებიდან გამომდინარე, იმყოფება სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებებს, არამედ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული პოზიტიური ქმედებების განხორციელების საჭიროებასაც. თუმცა კონსტიტუცია არ მოითხოვს ამგვარი პოზიტიური ნაბიჯების გადადგმისას სახელმწიფოსთვის არაგონივრულად მძიმე ტვირთის დაკისრებას. პენიტენციურ სისტემაში მოთავსებული პირისათვის გარე სამყაროსთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხშირ შემთხვევაში საჭიროებს კომპლექსურ ქმედებათა განხორციელებას, ადამიანურ, ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ რესურსებს ან/და ბუნებრივ ფორსმაჟორულ სიტუაციებთან გამკლავებას, რათა, ერთი მხრივ, დაცულ იქნეს პირის კერძო ინტერესები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზნები საზოგადოებრივ/პენიტენციური სისტემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.[36]
მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებული იმყოფება სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ და მასზე უნდა გავრცელდეს ყველა ის სტანდარტი, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწიენბით, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლო მსჯავრდებულის შემთხვევაში გულისხმობს.
თანაზომიერების პრინციპი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თანაზომიერების პრინციპის თანახმად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“[37]
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დაწესებულების რეჟიმიდან, იქ არსებული რეგულაციებიდან, აგრეთვე დაწესებულების სპეციფიკის შესაბამისი უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაწესებულებაში მოთავსებულ პირს ვერ ექნება პირადი ცხოვრების დაცულობის ისეთივე მოლოდინი, როგორც ეს თავისუფლებაში მყოფ პირს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში განსხვავებული, ნაკლებად მკაცრია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის კონსტიტუციური მოთხოვნები“[38]
კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი სახელდებით ჩამოთვლის იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა მიღწევისათვის დასაშვებია პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა. ესენია - სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ან სხვათა უფლებების დაცვა.
კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ გამომძიებელმა/პროკურორმა, ბრალდებულის ხანმოკლე პაემნის უფლება შესაძლოა შეზღუდონ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რათა უზრუნველყონ საზოგადოებრივი უსაფრთოხების დაცვა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. შეზღუდვის თანაზომიერებისათვის ასევე აუცილებელია, დაკმაყოფილებული იყოს გამოსადეგობის მოთხოვნაც. თავის მხრივ, ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“[39]
როდესაც კონტაქტი იზღუდება, ეს რა თქმა უნდა ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ თუ მართლა საფრხე ექმნება გამოძიების ინტერესს, უფლების შეზღუდვა უზრუნველყოფს, რომ ეს საფრთხე აღიკვეთოს. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულაცია გამოსადეგი საშუალებაა ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას“.[40] თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი.
კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულაცია არ წარმოადგენს ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. როგორც აღვნიშნეთ, შესაძლოა ნამდვილად არსებობდეს ისეთი მომენტები, როდესაც უფლება უნდა შეიზღუდოს, მაგრამ მოსარჩელის მთავარი მოთხოვნაა, რომ შეზღუდვა მოხდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე. მაგალითად, როგორც ეს პირადი მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის ბრალდებულისათვის შეზღუდვის დროს ხდება. შესაბამისად, მოტივირებული გადაწყვეტილების (უარის) სტანდარტის გავრცელება იქნება ნაკლებად მზღუდავი საშუალება კონკრეტულ შემთხვევაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, თანაზომიერების პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu). თანაზომიერების პრინციპის აღნიშნული ელემენტის მოთხოვნაა, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ კერძოდ, სახელმწიფოს მიერ დაცული ინტერესი საკუთარი მნიშვნელობით უნდა აღემატებოდეს სადავო ნორმით შეზღუდულ ინტერესს.[41]
როდესაც კანონმდებელი არ უზრუნველყოფს, ნაკლებად მზღუდავი საშუალების გამოყენებას, მაშინ ირღვევა სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერეს შორის. როდესაც გამომძიებელი/პროკურორი გადაწყვეტილებს იღებს ინდივიდუალურ საქმეზე, მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ კონკრეტული ბრალდებულიდან და მისი საქმიდან გამომდინარე იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც დასაბუთდება შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებებით, ასევე იმ პირებით, რომელთანაც შეხვედრამ შესაძლოა ხელი შეუშალოს გამოძიების ინტერესებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტს.
[1] საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ 166.
[2] მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილი.
[3] მე-2 პუნქტი.
[4] მე-14 მუხლის 1 -ლი ნაწილი.
[5] მე-17 მუხლის მე-10 ნაწილი.
[6] 77-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
[7] მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი.
[8] მე-6 ნაწილი.
[9] მე-172 მუხლის მე-4 ნაწილი.
[10] მე-8 ნაწილი.
[11] მე-173 მუხლი.
[12] 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
[13] 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
[14] 81-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
[15] 84-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
[16] 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
[17] 46-ე მუხლი.
[18] 24-ე მუხლი.
[19] 50-ე მუხლი.
[20] მე-3 მუხლის მე-16 პუნქტი.
[21] 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
[22] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-4
[23] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“
[24] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ,“ II-4
[25] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
[26] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
[27] გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-10 მუხლი; „პატიმართა მოპყრობის ძირითადი პრინციპების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1990 წლის 14 დეკემბრის 45/111 რეზოლუციის პირველი და მე-5 მუხლები; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 2015 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით დამტკიცებული „პატიმრებთან მოპყრობის შესახებ განახლებული მინიმალური სტანდარტული წესების („ნელსონ მანდელას წესები“)“ წესი №1
[28] ევროპული ციხის წესები 24.1
[29] „ხოროშენკო რუსეთის წინააღმდეგ“ (Khoroshenko v, Russia), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, პარ. 106; „მესინა იტალიის წინააღმდეგ“ (Messina v. Italy) (No.2), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, პარ. 64; „კურკოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ“ (Kurkowski v. Poland), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება, პარ. 95.
[30] გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC), დინამიკური უსაფრთხოების სახელმძღვანელო, ნიუ იორკი, 2015, გვ. 22,
[31] საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში. გვ 166.
[32] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება, II. პ. 20;
[33] პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის N6 დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში. გვ 24.
[34] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-101
[35] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
[36] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღდეგ. II-17.
[37] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60
[38] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-102
[39] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48
[40] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26
[41] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა