საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/28/1632 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 15 დეკემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 დეკემბერი 2023 16:24 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების (2023 წლის 22 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1632) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1632 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 23 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 15 დეკემბერს.
2. №1632 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების (2023 წლის 22 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის ხანმოკლე პაემნის უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.
5. №1632 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება პატიმრობაშეფარდებულ ბრალდებულს ანიჭებს უფლებას, 1 თვის განმავლობაში ისარგებლოს არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნით. ამავდროულად ხსენებული ნორმის მე-2 წინადადება გამომძიებელს ან პროკურორს აძლევს შესაძლებლობას, შეუზღუდოს ბრალდებულს აღნიშნული უფლება დადგენილების საფუძველზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა პროკურორს/გამომძიებელს ანიჭებს ფართო დისკრეციას და ქმნის თვითნებობის მაღალ რისკს, ვინაიდან არ ზღუდავს მას წინასწარ დადგენილი წესებით და არ ავალდებულებს, დაასაბუთოს დადგენილება.
6. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, იმ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებელი მოითხოვს გამომძიებლის/პროკურორის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, პირდაპირ მიუთითებს მასზე. მაგალითად, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი აკონკრეტებს, რომ ბრალდებაზე პროკურორის უარი დასაბუთებული უნდა იყოს. მსგავსად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შემთხვევაში, პროკურორის მიერ დასაბუთებული დადგენილების გამოტანას. მოსარჩელის არგუმენტაციით, იმდენად, რამდენადაც სადავო ნორმა არ მიუთითებს პროკურორის/გამომძიებლის დადგენილების დასაბუთებაზე, გამომძიებელს/პროკურორს არ ევალება აღნიშნულ დადგენილებაში იმ მოტივების განმარტება, რის გამოც იზღუდება ბრალდებულის ხანმოკლე პაემნის უფლება.
7. მოსარჩელის განმარტებით, პირადი და ოჯახური ცხოვრების კონსტიტუციური უფლება ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, გარკვეული ხარისხით, უზრუნველყოს პატიმრობაშეფარდებული ბრალდებულის შესაძლებლობა, ჰქონდეს კონტაქტი ოჯახის წევრებთან, რაც ასევე ეხმიანება ბრალდებულის/მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნებს. ამავდროულად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ხანმოკლე პაემანი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს უფლებას ბრალდებულისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ მას მსჯავრდებულისგან განსხვავებით, არ აქვს ვიდეოპაემნითა და ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება. სადავო ნორმა კი ითვალისწინებს ბრალდებულების ამ მნიშვნელოვანი უფლების შეზღუდვას შესაბამისი სახელმძღვანელო სტანდარტებისა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების გარეშე.
8. მოსარჩელის აღნიშვნით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს, შესაძლოა, წარმოადგენდეს გამოძიების ინტერესების დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მოსარჩელის პოზიციით, პატიმრობაშეფარდებულ ბრალდებულთან კონტაქტის შეზღუდვა, საფრთხის არსებობის შემთხვევაში, იძლევა გამოძიების ინტერესის დაცვის შესაძლებლობას. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულაცია წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას, თუმცა ნორმა არ არის მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავი მექანიზმი. კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გამომძიებლის/პროკურორის მხრიდან ბრალდებულისათვის ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე. მოსარჩელის აღნიშვნით, გამომძიებლის/პროკურორის მიერ ინდივიდუალურ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ კონკრეტული ბრალდებულისა და მისი საქმის გარემოებების გათვალისწინებით იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც დასაბუთდება შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებებით, ასევე იმ პირთა წრის მხედველობაში მიღებით, რომლებთანაც შეხვედრამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს გამოძიების ინტერესებს.
9. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, განსახილველ შემთხვევაში, უფლების შეზღუდვაზე უფლებამოსილ სუბიექტებს წარმოადგენენ გამომძიებელი და პროკურორი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, დასახელებული პირები, უმეტესწილად, დაინტერესებულნი არიან, გამოძიების ინტერესების უზრუნველსაყოფად, მაქსიმალურად შეუზღუდონ ბრალდებულს უფლებები. შესაბამისად, ამ პირებისგან მომდინარეობს პატიმრობაშეფარდებული ბრალდებულების უფლების თვითნებურად შეზღუდვის მომეტებული რისკი, რაც კიდევ უფრო ზრდის მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების არსებობის საჭიროებას.
10. დამატებით, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს გამომძიებლის/პროკურორის მიერ დადგენილების დასაბუთებულების ვალდებულება, პრობლემურია თავად მიღებული გადაწყვეტილების საერთო სასამართლოების მიერ კონტროლი. მოსარჩელის აღნიშვნით, დასაბუთებულობის მოთხოვნის გარეშე უკიდურესად რთულდება თვითნებური და არაზუსტი გადაწყვეტილებების გამოვლენა.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1632 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების (2023 წლის 22 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება (2023 წლის 22 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) გამომძიებელს ან პროკურორს ანიჭებდა უფლებამოსილებას, შეეზღუდა პატიმრობაშეფარდებული ბრალდებულის ხანმოკლე პაემნის უფლება დადგენილების საფუძველზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება არღვევს პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, რადგან იგი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აძლევს პროკურორს/გამომძიებელს უფლებას, შეზღუდოს ბრალდებულის მიერ ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება.
3. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის №2/8/1444 გადაწყვეტილებით („ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება და 2023 წლის 22 ნოემბრიდან აღნიშნული ნორმა ძალადაკარგულად გამოცხადდა. კერძოდ, 2023 წლის 22 ნოემბრის №2/8/1444 გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვასთან მიმართებით, პატიმრობის კოდექსი გამომძიებლისათვის/პროკურორისათვის არ ადგენდა რაიმე ტიპის სახელმძღვანელო კრიტერიუმებს იმის თაობაზე, თუ რა სტანდარტით უნდა საბუთდებოდეს შეზღუდვის გამამართლებელი საფრთხის არსებობა. ამასთან, გამომძიებელს/პროკურორს, ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის შეზღუდვისას, არ მოეთხოვებოდა შეზღუდვის მოქმედების კონკრეტული ვადის განსაზღვრა, ისევე, როგორც კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ამ შეზღუდვის მართებულობის სავალდებულო პერიოდული შემოწმების მექანიზმის არსებობას. ასევე, ხანმოკლე პაემნის შეზღუდვის შემთხვევაში, გამომძიებელს/პროკურორს არ ევალებოდა დადგენილების დასაბუთება. შესაბამისად, კანონმდებლობაში არ არსებობდა გამომძიებლის/პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისგან დამცავი მექანიზმები და კრიტერიუმები, რომლებიც ბრალდების მხარეს არ მისცემდა შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას მაშინ, როდესაც პირის პირადი ცხოვრების დაცვის ინტერესი აღემატებოდა იმ პოტენციური საფრთხეების პრევენციის ინტერესს, რომელსაც, კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულისათვის ხანმოკლე პაემნის უფლების მინიჭება წარმოშობდა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის №2/8/1444 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40).
4. მაშასადამე, შეზღუდვას, რომელსაც მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, საფუძველი გამოეცალა სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ შეზღუდვის არაკონსტიტუციურად ცნობით. ამასთან, სადავო ნორმამ ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1632 კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1632 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში