საქართველოს მოქალაქე მერაბ ხელაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №2/9/198 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 30 ივლისი 2002 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 ივლისი 2002 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე - თავმჯდომარე;
2. ლამარა ჩორგოლაშვილი - წევრი;
3. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა –წევრი.
სხდომის მდივანი: ანა რევაზიშვილი
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მერაბ ხელაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 42-ე პუნქტის პირველი აბზაცის მე-2 წინადადების, 50-ე, 51-ე და 63-ე პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე პუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას 2002 წლის 15 ივლისს გადმოეცა საქართველოს მოქალაქე მერაბ ხელაძის 198-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი მისი საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად.
198-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად დასახელებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
სასამართლო კოლეგიამ, კონსტიტუციური სარჩელის, თანდართული დოკუმენტების განხილვისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული შემდეგი გარემოებანი:
I. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას მიაჩნია, რომ 198-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 42-ე პუნქტის პირველი აბზაცის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ძირითადად დაცულია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.
II. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სარჩელი, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სადავოდ ხდის “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 50-ე და 51-ე პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 0-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, აგრეთვე 63-ე პუნქტისა – კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია მიუთითებს:
ა) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს და უზრუნველყოფს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, აგრეთვე საკუთრების შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლების გაუქმების დაუშვებლობას. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებაში კი საუბარია სახელმწიფო ვალდებულებაზე ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, რაც გამოიხატება მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვაში და მომხმარებელთა უფლებების დაცვაში.
საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულების 50-ე პუნქტი კი ადგენს იმ წესს თუ კონკრეტულად რომელი დღიდან უნდა დაიწყოს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ამავე ბრძანებულების 42-ე მუხლისგან განსხვავებით იგი ზიანის ანაზღაურების სუბიექტსაც კი არ განსაზღვრავს. ანალოგიურ წესს შეიცავს სადავო ბრძანებულების 51-ე პუნქტიც, კერძოდ კი, “თუ განცხადება ზიანის ანაზღაურების შესახებ შეტანილია შრომის უნარის დაკარგვიდან ან მარჩენალის გარდაცვალებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ, ზიანის ანაზღაურება ხდება განცხადების შეტანის დღიდან”. ამრიგად, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არასწორედ არის მოყვანილი “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ის სავალდებულო მტკიცებულებანი, რომლებიც მოსარჩელის აზრით, უნდა ადასტურებდნენ ბრძანებულების 50-ე და 51-ე პუნქტების მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან. მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა ვერც გამწესრიგებელ სხდომაზე შეძლეს დაესაბუთებინათ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში, ეს კი, თავის მხრივ წარმოადგენს კონსტიტუციური სარჩელის შინაარსობრივ შეუსაბამობას “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებთან, კერძოდ: მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტთან. ამავე კანონის მე-18 მუხლის “ა” პუნქტის თანახმად კი კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება თუ:
“ა) ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს”.
ბ) 198-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში ერთ-ერთ დავის საგანს აგრეთვე წარმოადგენს “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 63-ე პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით. სარჩელის ავტორი სადავოდ ხდის აღნიშნული ბრძანებულების 63-ე პუნქტის იმ წინადადებას, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანებულება გავცელდა მის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე და მას მიენიჭა უკუძალა, რითაც, მოსარჩელის აზრით, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით აღიარებული მისი უფლება იმაზე, რომ “არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა” და “კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას უკუძალა არა აქვს”.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის, მოსარჩელის მიერ მოყვანილი დებულებით განისაზღვრება კანონის უკუძალა სამართალდარღვევასთან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, გამომდინარე სადავო აქტის მე-3 პუნქტიდან, დამქირავებლის ბრალეულობასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობასთან მიმართებით (აგრეთვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ანალოგიურად განმარტა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი. (იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განჩინება №1/6/115, 1999 წ. 22 სექტემბერი, გვ. 4, პირველი აბზაცი). საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულება კი, პირველი პუნქტის შესაბამისად, აწესრიგებს და ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში დასაქმებულ მუშაკთა შრომითი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრამვით, პროფესიული დაავადებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლებს. ამავე ბრძანებულების მე-3 პუნქტის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს ზიანი უნდა აუნაზღაუროს დამქირავებელმა, ამ უკანასკნელის ბრალის არსებობის შემთხვევაში, მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ მიყენებული ზიანი დამქირავებლის ბრალეულობით ითვლება თუ იგი მოხდა მისგან შრომის კანონმდებლობის, შრომის დაცვის წესების, ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უგულვებელყოფით ან არასათანადო შესრულებით.
ამრიგად, ჩვენ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას განსაზღვრავს არა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულება, როგორც ამას მოსარჩელელ მიიჩნევს, არამედ ამ ბრძანებულების მე-5 პუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტები.
ზემოთ მოყვანილი არგუმენტის საფუძველზე სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არასწორედ არის წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის აზრით ადასტურებენ სასარჩელო განცხადების საფუძვლიანობას. მოსარჩელის წარმომადგენელმა განმწესრიგებელ სხდომაზეც ვერ დაასაბუთა სადავო დებულების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “დ” და “ე” ქვეპუნქტების მოთხოვნებთან კონსტიტუციური სარჩელის შინაარსობრივ შეუსაბამობას. ამავე კანონის მე-18 მუხლის “ა” პუნქტის თანახმად კი კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება თუ “ა) ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს”
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, აგრეთვე “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მეორე კოლეგია
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქე მერაბ ხელაძის 198-ე ნომრით რგეისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 42-ე პუნქტის პირველი აბზაცის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. შეწყდეს სამართალწარმოება 198-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების 50-ე, 51-ე და 63-ე პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით;
3. პირველ პუნქტში დასახელებულ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი;
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;
5. საქმის არსებიდან განხილვა დაიწყება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში “ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 2002 წლის 12 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება
1. ოთარ ბენიძე - თავმჯდომარე;
2. ლამარა ჩორგოლაშვილი - წევრი;
3. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი ნ. შაშკინი