ლანა მზარელუა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1659 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ლანა მზარელუა |
თარიღი | 16 ნოემბერი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების 30-ე მუხლის მე-8 პუნქტი: „მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება დაუშვებელია, გამონაკლისს წარმოადგენს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პირობები“. | საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი: საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. |
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების 30-ე მუხლის მე-8 პუნქტი: „მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება დაუშვებელია, გამონაკლისს წარმოადგენს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პირობები“. | საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი: „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
მოსარჩელე ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ვარკეთილი II -ის პირველ მიკრო რაიონში, ყადირ შერვაშიძის ქუჩაზე. მის მიწის ნაკვეთზე აშენებულია საცხოვრებელი სახლი, თუმცა მოსარჩელეს ასევე სურს მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე ააშენოს მცირე სათავსო. სადავო ნორმის მიხედვით აკრძალულია მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. მოსარჩელეზე არ ვრცელდება საგამონაკლისო შემთხვევები, შესაბამისად, ის წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს წინამდებარე სარჩელისთვის, ვინაიდან მას გააჩნია მიწის ნაკვეთი, ხოლო სადავოდ გამხდარი ნორმა უკრძალავს მის კერძო საკუთრების გამოყენებას - მიწის უკანა ნაკვეთის ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის აშენებას.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. სადავო ნორმის ანალიზი
წინამდებარე საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების(შემდეგში „დადგენილება“) 30-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რომლის მიხედვითაც „მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება დაუშვებელია, გამონაკლისს წარმოადგენს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პირობები“. დადგენილების 30-ე მუხლი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების წესს. დადგენილების 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ის ნაწილი (ფართობი), რომელიც მოქცეულია საზოგადოებრივი საზღვრ(ებ)ის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვარსა/საზღვარებსა და ამ მუხლის შესაბამისად დადგენილ წითელ ხაზ(ებ)ს შორის, არის მიჯნის ზონის ნაწილი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების მიზნებისათვის ეწოდება მიწის ნაკვეთის უკანა ეზო. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც მიწის ნაკვეთი მხოლოდ ერთი მხრიდან ესაზღვრება ქუჩას ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეს, მაშინ საზოგადოებრივი საზღვრის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვრ(ებ)იდან წითელი ხაზ(ებ)ი უნდა დადგინდეს 3.0 მეტრ მანძილზე. მოსარჩელის მიწის ნაკვეთი მხოლოდ ერთი მხრიდან ესაწღვრება ქუჩას, შესაბამისად სადავო ნორმის მიხედვით, მოსარჩელეს ქუჩის არამოსაზღვრე მიწის ნაკვეთის კუთხეებიდან 3 მეტრის მანძილზე ეკრძალება შენობის ან მისი ნაწილის განთავსება. ამასთან, დადგენილების 30-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს იმ საგანმონაკლისო წესს, როდესაც არ მოქმედებს სადავო ნორმა, კერძოდ: დასაშვებია, მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება იმ შემთხვევაში, თუ ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე განთავსებულია შენობა, ან განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებულია შენობის განთავსება, ისე რომ დაცული იქნეს ამ მუხლის მოთხოვნები იმ სხვა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთ(ებ)ის მიმართ, რომელთა უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობა არ არის განთავსებული ან განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული. მოსარჩელის შემთხვევაში არ მოქმედებს საგამონაკლისო წესი, ვინაიდან მისი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე არ არის განთავსებული შენობა და არც განაშენიანების რეგულირების გეგმით არ არის გათვალისწინებული შენობის განთავსება.
აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას საკუთარი მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე განათავსოს შენობა ან მისი ნაწილი. შესაბამისად, მოსარჩელისთვის არაკონსტიტუციურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მას არ აძლევს უფლებას საკუთარი მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე განათავსოს შენობა ან მისი ნაწილი მაშინ, როდესაც აღნიშნული შენობის ან მისი ნაწილის უკანა ეზოში განთავსებით ზიანი არ ადგებათ მომიჯნავე მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებასა და კერძო ავტონომიას.
2. საკუთრების უფლებით დაცული სფერო და უფლებაში ჩარევა
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრების, როგორც ბუნებით უფლებას, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას.
ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუცია უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართებით უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს. საკუთრებას სოციალურ სახელმწიფოში, მესაკუთრის კერძო ინტერესების დაკმაყოფილების პარალელურად აქვს სოციალური ფუნქცია. ამიტომ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო ერთიანად მოითხოვს როგორც კერძო საკუთრების თავისუფლებას, ისე მისი შეზღუდვის აუცილებლობას საჯარო მიზნებისთვის. შესაბამისად, სარჩელის მიზნებისთვის უნდა შეფასდეს რამდენად ხდება სადავო ნორმის მოქმედებით საკუთრების უფლების შეზღუდვა და უფლებაში ჩარევას აქვს თუ არა კონსტიტუციური საფუძვლები.
კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება გულისხმობს მესაკუთრის შესაძლებლობას მისი სურვილისამებრ განკარგოს საკუთრება. შესაბამისად, ყოველი წესი, რომელიც მესაკუთრეს შესაძლებლობას წაართმევს მისი საკუთრება განკარგოს მისი სურვილის შესაბამისად, ახდენს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების უფლებაში ჩარევას. წინამდებარე საქმეზე, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის უკანა ეზოში განათავსოს შენობა ან მისი ნაწილი, რაც უნდა მივიჩნიოთ საკუთრების უფლებაში ჩარევად. ამდენად, უნდა შეფასდეს, მოსარჩელის საკუთრების უფლებაში ჩარევა აკმაყოფილებს თუ არა თანაზომიერების ტესტის მოთხოვნებს, შესაბამისად, არის თუ არა კონსტიტუციური.
3. უფლებაში ჩარევის გამართლება
იმისთვის რომ სადავო ნორმა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურობის მოთხოვნებს, უფლებაში ჩარევას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი. ამასთან, შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის გამოსადეგ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.
სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად შეიძლება დასახელდეს ისეთი ინტერესები, როგორიცაა მომიჯნავე მესაკუთრის საკუთრების უფლებისა და კერძო ავტონომიის დაცვა, რაც მოსარჩელის პოზიციით ნამდვილად წარმოადგენს ღირებულ ინტერესს. მიწის ნაკვეთის უკანა ეზოშოდ დადგენილების მიხედვით ითვლება ზოლი მომიჯნავე ნაკვეთიდან 3 მეტრის შიგნით. მოსარჩელე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლოა აშენდეს ისეთი შენობა, რომელიც მოსაზღვრე მიწის ნაკვეთზე გადავა და ამგვარად დააზიანებს მომიჯნავე მესაკუთრის კერძო საკუთრებას. ასევე არ გამორიცხავს შემთხვევას, როდესაც აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლოა აშენდეს ისეთი სიმაღლის ნაგებობა, რომელიც დაარღვევს მომიჯნავე მესაკუთრის კერძო ავტონომიას. თუმცა, სადავო ნორმის მიხედვით ბლანკეტურადაა გამორიცხული ისეთი შენობის ან მისი ნაწილის განთავსება, რომელიც არ დაარღვევს მომიჯნავე მესაკუთრის კერძო ავტონომიას და საფრთხეს არ შეუქმნის მის საკუთრებას. დადგენილებით სადავო ნორმიდან გამონაკლისი შემთხვევებიც არ მოიცავს ისეთ პირობას, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყოს ააშენოს შენობა მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე მაშინ, როდესაც შენობის განთავსება არ დააზიანებს მომიჯნავე მესაკუთრეთა ინტერესებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით გამორიცხულია მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის შენობის განთავსება, მათ შორის ისეთი შენობის განთავსება, რომელიც საფრთხეს არ დააზიანებს მომიჯნავე მესაკუთრის საკუთრების უფლებასა და კერძო ავტონომიას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შეუძლებელია მსგავს ბლანკეტურ აკრძალვას გააჩნდეს ლეგიტიმური მიზანი, იყოს მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება. შესაბამისად, ვინიდან სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების ტესტის მოთხოვნებს, ვითხოვთ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა