ლანა მზარელუა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/13/1659 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 15 მარტი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 მარტი 2023 11:57 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - კოლეგიის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ლანა მზარელუა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესების 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1659) მომართა ლანა მზარელუამ. №1659 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 19 ნოემბერს. №1659 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 15 მარტს.
2. №1659 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესების(შემდგომში - №14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესები) 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება დაუშვებელია, გამონაკლისს წარმოადგენს მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება იმ შემთხვევაში, თუ ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე განთავსებულია შენობა, ან განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებულია შენობის განთავსება, ისე რომ დაცული იქნეს ამ მუხლის მოთხოვნები იმ სხვა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთ(ებ)ის მიმართ, რომელთა უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობა არ არის განთავსებული ან განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც მხოლოდ ერთი მხრიდან ესაზღვრება ქუჩას. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეს ქუჩის არამოსაზღვრე მიწის ნაკვეთის კუთხეებიდან, 3 მეტრის მანძილზე, ეკრძალება შენობის ან მისი ნაწილის განთავსება.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი შესაძლებელია, იყოს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესების დაცვა, რაც, მოსარჩელის პოზიციით, ნამდვილად წარმოადგენს ღირებულ ინტერესს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო დადგენილების თანახმად, მიწის ნაკვეთის უკანა ეზოდ ითვლება მომიჯნავე ნაკვეთიდან 3 მეტრის შიგნით არსებული ზოლი. მოსარჩელე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, შესაძლოა, მართლაც აშენდეს ისეთი შენობა, რომელიც მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის კერძო საკუთრებას დააზიანებს. თუმცა მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სადავო ნორმა ბლანკეტური ხასიათისაა და საერთოდ გამორიცხავს მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის შენობის განთავსების შესაძლებლობას, მათ შორის, ისეთი შენობის განთავსებასაც, რომელიც საფრთხეს არ უქმნის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებულ საკუთრებას.
7. ამდენად, მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მას არ აძლევს უფლებას, მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე განათავსოს შენობა ან მისი ნაწილი მაშინ, როდესაც აღნიშნული შენობის ან მისი ნაწილის უკანა ეზოში განთავსებით ზიანი არ ადგება მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებულ კერძო საკუთრებას, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება, თუ „სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის“.
2. №1659 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესების 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმა წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა არსებითად განსახილველად მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულყოფილი მსჯელობა შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შეფასების გარეშე.
3. სადავო ნორმა განსაზღვრავს მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების წესს. კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, დაუშვებელია მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელსაც არეგულირებს №14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესების 30-ე მუხლის მე-9 პუნქტი. იგივე მუხლი განსაზღვრავს, თუ რას გულისხმობს მიწის ნაკვეთის უკანა ეზო და სად უნდა დადგინდეს წითელი ხაზები იმ მიწის ნაკვეთისთვის, რომელიც მხოლოდ ერთი მხრიდან ესაზღვრება ქუჩას ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეს. როგორც კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც მხოლოდ ერთი მხრიდან ესაზღვრება ქუჩას. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე, მას ქუჩის არამოსაზღვრე მიწის ნაკვეთის კუთხეებიდან 3 მეტრის მანძილზე ეკრძალება შენობის ან მისი ნაწილის განთავსება. აღსანიშნავია, რომ „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული ძირითადი დებულებების (შემდგომში - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული ძირითადი დებულებები) 26-ე მუხლი, სადავო რეგულაციის მსგავსად, არეგულირებს სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების წესს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-11 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება დაუშვებელია, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელთაც ჩამოთვლის ამავე მუხლის მე-12 პუნქტი. აღნიშნული ძირითადი დებულებების მე-3 მუხლის 23-ე პუნქტი განსაზღვრავს, თუ რა არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზო და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, თუ სად უნდა დადგინდეს წითელი ხაზები იმ მიწის ნაკვეთისთვის, რომელიც მხოლოდ ერთი მხრიდან ესაზღვრება ქუჩას ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების მიღების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაა განსაზღვრული.
4. ამდენად, ნათელია, რომ სადავო წესი, რომელსაც მოსარჩელე პრობლემურად მიიჩნევს, გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული ძირითადი დებულებებით. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების მიმართ. ამდენად, წესი, რომელსაც მოსარჩელე მხარე საკუთრების უფლების შემზღუდველად და არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, დადგენილია სწორედ ნორმატიული აქტების იერარქიაში უფრო მაღლა მდგომი აქტით. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ არ არის ქცეული იერარქიულად ზემდგომი ნორმატიული აქტი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სრულფასოვნად იმსჯელოს სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე იერარქიულად მასზე მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტზე მსჯელობის გარეშე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული არ არის აღნიშნული იერარქიულად ზემდგომი აქტის ნორმა, მოსარჩელე მხარეს სარჩელში არ მოჰყავს არგუმენტაცია, რატომ მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა მარტოოდენ კანონქვემდებარე აქტის შეფასებით.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1659 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1659 კონსტიტუციური სარჩელი („ლანა მზარელუა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე