საქართველოს მოქალაქე კახაბერ კოღუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/741 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 27 იანვარი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 იანვარი 2017 14:04 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი.
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი;
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე კახაბერ კოღუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება“; ამავე მუხლის მე-9 პუნქტის სიტყვების „და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას ადგილობრივი თვითმმართველობის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №741) მომართა საქართველოს მოქალაქე კახაბერ კოღუაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 1 აპრილს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 27 იანვარს.
2. №741 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტი; "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი; 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი; "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი ადგენს აღმასრულებლისათვის მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტი აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლებას აძლევს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება, ასევე ადგენს აღმასრულებლის ვალდებულებას, განხორციელებული დათვალიერება გააფორმოს ოქმით. ამავე მუხლის მე-9 პუნქტი არეგულირებს სააღსრულებო მოქმედებათა წარმართვის წესს იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე წინააღმდეგობას უწევს აღმასრულებელს, ანდა სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებას არ ესწრება მოვალე ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი. სადავო ნორმის თანახმად. აღნიშნულ შემთხვევაში აღმასრულებელი ადგენს აქტს და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას ადგილობრივი თვითმმართველობის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი განამტკიცებს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, კერძოდ კი, იცავს ისეთი სიკეთეების ხელშეუხებლობას, როგორიცაა ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებით, ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელთა უნებართვოდ შესვლის ან ჩხრეკის აკრძალვას, თუკი არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.
5. მოსარჩელე წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს. მისი მითითებით სადავო ნორმები საშუალებას არ აძლევს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელების დროს უზრუნველყოს კონსტიტუციით განმტკიცებული გარანტიების დაცვა.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ კონსტიტუციის მე-20 მუხლი აწესებს არა მხოლოდ ნორმით დაცული უფლების შეზღუდვის დასაშვებობას შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაში, არამედ, ასევე, აღნიშნული უფლების შეზღუდვის ფორმალურ გარანტიებს, რასაც სადავო ნორმები უგულებელყოფს.
7. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები ზღუდავს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ პირადი ცხოვრების უფლებას, რამდენადაც საშუალებას აძლევს აღმასრულებელს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე განახორციელოს სააღსრულებო მოქმედებები მოვალის ბინაში, მიუხედავად მოვალის არყოფნისა ან მისი წინააღმდეგობისა. კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ სადავო რეგულირება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის დასაშვებობის მეორე წინა პირობასაც, რადგან კანონმდებლობა არ აკონკრეტებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებს სააღსრულებო მოქმედებათა შესრულებისას, რაც საცხოვრებელ ბინაში შესვლის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს. მოსარჩელე სარჩელის დასაბუთებისათვის იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის №2/1/484 გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
8. მოსარჩელე შუამდგომლობს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის წარმოებაში მისაღებად იგი შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში ”actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-3;).
2. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, წარმოებაში მიიღოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სადავო საკანონმდებლო აქტი, ანდა კონკრეტული ნორმა ზღუდავს უშუალოდ მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებებს. შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად მათი მხრიდან შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7;).
3. კონსტიტუციის მე-20 მუხლით დეკლარირებულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების სხვადასხვა კომპონენტები. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირს მის საცხოვრებელ ბინაში ანდა სხვა მფლობელობაში, მისი ნების გარეშე, შეღწევისაგან ან ჩხრეკისაგან. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით „პირადი ცხოვრებით დაცულია პირების კერძო სფერო (სივრცე). აქ იგულისხმება როგორც კონკრეტული ტერიტორია, ადგილი (მაგალითად, საცხოვრებელი სახლი, პირადი ავტომანქანა ან სხვა პირადი მფლობელობა), ისე განსაზღვრულ პირთა წრე, ვისთანაც პირს სურს კომუნიკაცია, ვისაც ის ირჩევს კონკრეტული ურთიერთობისათვის, ასევე საკითხები, რომელთა ანონიმურობა და ხელშეუხებლობა ან პირთა მხოლოდ კონკრეტულ წრეში განსაჯაროებაც სურს პირს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2/519 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
4. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელს და სარჩელის შემოტანის მიზანია, რომ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მან შეძლოს პირთა კონსტიტუციური გარანტიების დაცვა. სადავო ნორმით რეგლამენტირებული ურთიერთობის ფარგლებში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სუბიექტი შეიძლება იყოს ის პირი, რომლის საცხოვრებელ ბინაშიც ხორციელდება სააღსრულებო მოქმედება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი, აღმასრულებელი, დავობს იმ პირთა უფლებების დარღვევაზე, რომელთა საცხოვრებელ ადგილასაც ახორციელებს იგი სააღსრულებო მოქმედებებს. აშკარაა, რომ მოსარჩელე სხვისი უფლებების შესაძლო დარღვევაზე მიუთითებს და ამდენად, 741-ე კონსტიტუციურ სარჩელი ”actio popularis“ წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადენილი წესი ხელყოფს მის მიერ პროფესიული საქმიანობის სათანადოდ წარმართვის შესაძლებლობას, მან უნდა იდავოს იმ კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით, რომლებიც პროფესიული საქმიანობის სათანადოდ წარმართვის შესაძლებლობას განამტკიცებენ.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, სარჩელი არ არის შემოტანილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ. შესაბამისად, იგი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე–18 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №741 არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი