საქართველოს მოქალაქე კახაბერ კოღუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი |
კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი |
N741 |
ავტორ(ებ)ი |
კახაბერ კოღუაშვილი |
თარიღი |
31 მარტი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ვარ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ს.ს.ი.პ აღსრულების ეროვნული ბიუროს, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი, შესაბამისად პირადად მიხდება სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება, რა დროსაც სადავო ნორმები არ მაძლევენ საშუალებას ვუზრუნველყო კონსტიტუციური გარანტიების დაცვა.
ამასთან სარჩელი აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მოთხოვნებს. სადაო საკითხები შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა კატეგორიას. არცერთი სადავო საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ასევე არ არსებობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ე“, „ვ“ „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სარჩელის წარმოებაში არმიღების საფუძვლები.
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მეოთხე და მეცხრე მუხლების შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მეოცე მუხლთან.
- საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული სეგმენტის სამართლებრივი ბუნებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონსტიტუცია ამ უფლების დაცვის განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს აწესებს. კონსტიტუციის მე-20 მუხლი განსაზღვრავს მასში მოცემული უფლების არა მხოლოდ მატერიალურ შინაარსს, არამედ ადგენს უფლების შეზღუდვის ფორმალურ გარანტიებს. აღნიშნული უფლების შეზღუდვის შემთხვევაში, გარდა იმისა რომ საჭიროა ლეგიტიმური კონსტიტუციური მიზნის დაცვის აუცილებლობის დასაბუთება, ასევე დაცული უნდა იყოს უფლების შეზღუდვის ფორმალური კონსტიტუციური გარანტიები - სახეზე უნდა იყოს მოსამართლის ბრძანება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანების სავალდებულო პირობა ემსახურება კონკრეტული სააღსრულებო მოქმედებების წინასწარი კონტროლის უზრუნველყოფას დამოუკიდებელი და ნეიტრალური ინსტანციის მიერ. ბუნებრივია, ეს, პირველ რიგში, მიმართულია ხელისუფლების მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისკენ. სასამართლო არის არაპოლიტიკური ხელისუფლება, რაც განაპირობებს და, იმავდროულად, ავალდებულებს მას ნეიტრალურობას. პერსონალურად და არსებითად დამოუკიდებელ, კანონმორჩილ მოსამართლეს შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღოს სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილება უფლებაში ჩარევის აუცილებლობის თაობაზე. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის #2/1/484 გადაწყვეტილება).
- სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 17-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილები არ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციის მეოცე მუხლით გათვალისწინებულ ფორმალურ სტანდარტებს, კერძოდ აღნიშნული ნორმები ითვალისწინებენ მოვალის ბინაში შესვლას, ყველა სათავსის, მოვალის ქონების დათვალიერებას, ასევე მოვალის ბინაში ნებისმიერი სააღსრულებო მოქმედების განხორციელებას მისი არყოფნის ან წინააღმდეგობის მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე (სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს როგორც სასამართლო, ასევე სხვა ორგანოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მეორე მუხლი)). აღნიშნული ნორმები ასევე არ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციის მეოცე მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მეორე ფორმალურ საფუძველს - კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის საკანონმდებლო რეგლამენტირებას. კონსტიტუციის მეოცე მუხლით დაცული სიკეთის გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით შეზღუდვის თითოეული შემთხვევის განსაზღვრას კონსტიტუცია კანონმდებელს ანიჭებს, რაც ასევე არ არის განსაზღვრული სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის სადავო ნორმებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ სადაო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მეორე ნაწილს და ცნობილ უნდა იქნას არაკონსტიტუციურად
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი