მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/14/1618 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 16 დეკემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2021 12:02 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1618) მომართა მარინე კაპანაძემ. №1618 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2021 წლის 16 ივლისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 16 დეკემბერს.
2. №1618 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი მოხელედ არ მიიღება, თუ მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება, ხოლო 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საქართველოს მოქალაქეებისთვის საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს სურს დასაქმდეს საჯარო სექტორში. მისთვის პრობლემურია სადავო ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, საჯარო სამსახურში დასასაქმებლად პირი ვალდებულია წარადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომლითაც არ დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. იგი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ შეიძლება რაიმე მინიშნებას იძლეოდეს პირის პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ. შესაბამისად, დაუშვებელია პირს უარი ეთქვას საჯარო თანამდებობაზე დანიშვნაზე მხოლოდ იმის გამო, რომ იგი თავისუფალ დროს, გართობის მიზნით მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი, ერთი მხრივ, იცავს პირის მიერ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს საჯარო სამსახურის მსურველი პირებისთვის ისეთი გონივრული მოთხოვნები, რომლებიც გაუმართლებლად არ შეზღუდავს აღნიშნული უფლებით სარგებლობას. მისი თქმით, არ არსებობს სათანადო ინფორმაცია, სარწმუნო კვლევები, რომლებიც დამაჯერებლად მიუთითებდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებასა და საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას შორის არსებულ კავშირზე. მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, თუ პირი აკმაყოფილებს საჯარო მოხელისთვის კანონმდებლობით დადგენილ დანარჩენ კრიტერიუმებს, ვერ იქნება მის მიერ მიუკერძოებელი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღების ხელშემშლელი ფაქტორი. შესაბამისად, საფრთხე არ შეექმნება საჯარო თანამდებობაზე მყოფი პირების მიერ საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელებას.
7. მოსარჩელის მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალებები ერთმანეთისგან განსხვავდება გამოწვევადი საფრთხეების არსით, მასშტაბით, საშიშროების ხარისხით. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმა თანაბრად მიემართება ყველა სახის ნარკოტიკულ საშუალებას და არ იძლევა ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას. მსგავსი ბლანკეტური მიდგომა ვერ ჩაითვლება გონივრულად, რადგან სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას აქვს განსხვავებული ეფექტი ადამიანის ფსიქიკაზე, გონივრულ შესაძლებლობებზე და მასზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე. ამასთან, გასაჩივრებული რეგულაციის ქვეშ ექცევა ნარკოტიკული საშუალების როგორც მრავალჯერადი, ასევე ერთჯერადი მოხმარების ფაქტები. სადავო ნორმა განსაზღვრავს, თუ როგორი ცხოვრების წესის მქონე პიროვნებები შეიძლება გახდნენ საჯარო მოხელეები, მათი კვალიფიციური თუ პროფესიული უნარ-ჩვევების უგულებელყოფით.
8. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის მოთხოვნა ვერ გამორიცხავს საჯარო თანამდებობაზე ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი პირის მიღებას. ლაბორატორიული გამოკვლევის გზით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა დამოკიდებულია იმ პერიოდის ხანგრძლივობაზე, რაც გასულია ნარკოტიკული საშუალების ბოლო მოხმარების ფაქტიდან. შესაბამისად, საჯარო თანამდებობის დაკავების სურვილის მქონე პირს შესაძლებლობა აქვს, ნარკოლოგიური შემოწმების გავლამდე, გარკვეული დროით ადრე აღარ მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალება, რაც მას საშუალებას მისცემს აიღოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომლითაც არ დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება.
9. მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პირი მოხელედ არ მიიღება, თუ იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის, მათ შორის, ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის. შესაბამისად, სადავო ნორმის გარეშეც უზრუნველყოფილია მოხელედ არ იქნეს მიღებული ისეთი პირი, რომელმაც ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო აღარაა, დამატებით, უფლებები შეეზღუდოთ იმ პირებს, რომლებმაც პირადად მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება.
10. მოსარჩელე მხარე პარალელს ავლებს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებზე და მიუთითებს, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე გავლენას არ ახდენს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი. ამასთან, მისი აზრით, პოლიტიკური სუბიექტები სახელმწიფოსთვის უფრო მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ, ვიდრე საჯარო მოხელეები. სადავო ნორმა საჯარო თანამდებობის პირებს იმაზე მკაცრ მოთხოვნებს უწესებს, ვიდრე ეს აუცილებელია მათი ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, რაც ვერ ჩაითვლება უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებად.
11. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების პროცედურაზე და მიიჩნევს, რომ ბიოლოგიური მასალის გაცემის პროცედურის დროს სხვა პირის დასწრება წარმოადგენს ღირსებისშემლახველ მოპყრობას. მისი აზრით, უფლების ნაკლებად მზღუდველი საშუალება იქნებოდა, თუ ნარკოლოგიური შემოწმება მოხდებოდა თმის ან ნერწყვის ნიმუშის გამოყენებით, როგორც ეს საერთაშორისო პრაქტიკაშია დადგენილი.
12. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საჯარო თანამდებობის რანგებს, რომელთაგანაც ყველაზე დაბალ იერარქიულ დონეზეა მეოთხე რანგი, რის გამოც, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, მის მიმართ დადგენილია ნაკლები მოთხოვნები. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმით დადგენილი ვალდებულება ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის თაობაზე, თანაბრად მიემართება ყველა რანგის საჯარო მოხელეს, განურჩევლად მის მიერ განხორციელებული საქმიანობის მიმართ არსებული საზოგადოებრივი ინტერესისა. მისი თქმით, მეოთხე რანგის საჯარო მოხელეთა მიმართ არ არსებობს იმ სახის საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც გადაწონიდა აღნიშნული პირების უფლებას, არ გაამჟღავნოს პირადი ინფორმაცია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს.
13. სასარჩელო არგუმენტაციის თანახმად, გასაჩივრებული რეგულაცია საჯარო თანამდებობის დაკავების მსურველ პირს ავალდებულებს, გაამხილოს, მოიხმარს თუ არა იგი ნარკოტიკულ საშუალებას, რაც წარმოადგენს პირად ცხოვრებას მიკუთვნებულ ინფორმაციას. ამასთან, სადავო ნორმით დადგენილი ვალდებულება მიემართება ყველა იმ პირს, რომელსაც სურს საჯარო სამსახურის დაწყება, განურჩევლად მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკისა და ინდივიდუალური მახასიათებლებისა. კერძოდ, მხედველობაში არ მიიღება ისეთი გარემოებები, თუ რამდენად შეიძლება შექმნას რისკები ამა თუ იმ თანამდებობაზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი პირის დანიშვნამ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტს.
14. მოსარჩელის განმარტებით, საჯარო მოხელის თანამდებობის დაკავების მსურველი კანდიდატის არჩევანი იმის შესახებ, მოიხმარს თუ არა ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარებით დაცულ სფეროს. სადავო ნორმის პირობებში, თუ პირს სურს, დაიკავოს საჯარო თანამდებობა, მას, ირიბად, ეკრძალება ისეთი დეკრიმინალიზებული ქმედების განხორციელება, როგორიცაა მარიხუანის მოხმარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლს.
15. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობას, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, პირი მოხელედ არ მიიღება, თუ მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა პირს ავალდებულებს, გაამხილოს, მოიხმარს თუ არა იგი ნარკოტიკულ საშუალებას, რაც წარმოადგენს პირადი ცხოვრების შეზღუდვას. ამასთან, საჯარო თანამდებობის დაკავების მსურველ კანდიდატს, ირიბად, ეკრძალება ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, რაც წინააღმდეგობაში მოდის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ადამიანის პიროვნული თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის უფლებას. სწორედ პიროვნულობა განსაზღვრავს ადამიანის არსს, მიუთითებს მის ინდივიდუალურ და სხვებისგან განმასხვავებელ მახასიათებლებზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-54). „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, თავისი არსით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, რომელიც იცავს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების საკუთარივე შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების ცნება ფართო კონცეფციაა და შედგება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან, რომლებიც დაცულია კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით. ზოგადად, პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო, პრივატული სფეროს არსებობას, პირის უფლებას, სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან, ასევე, ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მოახდინოს ინფორმაციისა თუ მოსაზრებების გაცვლა-გაზიარება მათთან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ამასთან, „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა, კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა, კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
6. ასევე, „მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს უფლების შეზღუდვა და უფლების შეზღუდვიდან მომდინარე ეფექტები. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცული რომელიმე უფლების შეზღუდვა ხშირ შემთხვევაში გარკვეულ გავლენას ახდენს სხვა კონსტიტუციურ უფლებაზე, თუმცა, ეს თავისთავად არ ნიშნავს თავად ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას, მის შეზღუდვას. საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა უნდა შეაფასოს იმ კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით, რომლის შეზღუდვისკენაც არის იგი მიმართული, და არა იმ უფლებასთან, რომლის შეზღუდვაც გვერდითი ეფექტის სახით მოჰყვება მას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/21/872 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სოფიკო ვერძეული, გურამ იმნაძე და გიორგი გვიმრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ „გარკვეული უფლების რეალიზება შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შეზღუდვასთან. თითოეულ მსგავს შემთხვევაში კონსტიტუციის ამა თუ იმ დებულების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რომელი უფლების დაცული სფეროსკენ არის მიმართული სადავო ნორმით დადგენილი წესი. მაგალითად, როდესაც საქმე ეხება სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით ბაჟის დაწესებას, აშკარაა, რომ ხსენებული რეგულაცია სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვისკენ მიმართული ღონისძიებაა და არ მიემართება საკუთრების უფლებას, თუნდაც დავა საკუთრებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/5/1249 განჩინება საქმეზე „ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეები - შეჰაბ აჰმედ ჰამუდი ჰამუდი და აჰმედ შეჰაბ აჰმედ აჰმედ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს სადავო ნორმის შინაარსი და მიზანმიმართულება.
8. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს პირის მოხელედ არმიღების საფუძვლებს. აღნიშნული პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთ-ერთ ასეთ საფუძველს წარმოადგენს პირის მიერ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარმოუდგენლობა ან ისეთი ცნობის წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. სადავო ნორმის მიზანია, არ დაუშვას ისეთი პირის მოხელედ მიღება, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას. გასაჩივრებული ნორმის ანალიზის შედეგად ნათელია, რომ ის არეგულირებს საჯარო მოხელის მიერ შრომითი საქმიანობის დაწყების წინაპირობებს და მისი რეგულირების სფეროს არ მიეკუთვნება პირადი ცხოვრების ან პიროვნული თავისუფლების უფლებით დაცული საკითხების მოწესრიგება. აქედან გამომდინარე, ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველ პირს უწევს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისგან თავის შეკავება და მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების თაობაზე არსებული ინფორმაციის გასაჯაროება, შეიძლება დადგეს როგორც ნორმის მოქმედების გვერდითი ეფექტი, რომელიც, თავისთავად, არ გამოდგება სადავო ნორმასა და კონსტიტუციურ უფლებებს შორის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1618 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1618 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1618 კონსტიტუციური სარჩელი („მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1618 კონსტიტუციური სარჩელი („მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე