მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/1/1618 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 15 მაისი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 მაისი 2024 17:07 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მარინე კაპანაძე; მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები - ელეონორა ფუთურიძე, ანა ოთინაშვილი, ნატო ქოროღლიშვილი და ლანა დარჯანია; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ნინო შარმანაშვილი და ლევან ღავთაძე; ექსპერტი - სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე გური მენაბდიშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1618) მომართა მარინე კაპანაძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის №1/14/1618 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2022 წლის პირველ ივლისს.
2. №1618 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი მოხელედ არ მიიღება, თუ მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საქართველოს მოქალაქეებისთვის საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას. ამავე მუხლის შესაბამისად, საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს სურს, დასაქმდეს საჯარო სექტორში. მისთვის პრობლემურია სადავო ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, საჯარო სამსახურში დასასაქმებლად პირი ვალდებულია, წარადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომლითაც არ დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. იგი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ შეიძლება, რაიმე მინიშნებას იძლეოდეს პირის პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ. შესაბამისად, დაუშვებელია, პირს უარი ეთქვას საჯარო თანამდებობაზე დანიშვნაზე მხოლოდ იმის გამო, რომ იგი თავისუფალ დროს, გართობის მიზნით, მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი, ერთი მხრივ, იცავს პირის მიერ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს საჯარო სამსახურის მსურველი პირებისთვის ისეთი გონივრული მოთხოვნები, რომლებიც გაუმართლებლად არ შეზღუდავს აღნიშნული უფლებით სარგებლობას. მისი მოსაზრებით, არ არსებობს სათანადო ინფორმაცია, სარწმუნო კვლევები, რომლებიც დამაჯერებლად მიუთითებდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას შორის არსებულ კავშირზე. მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, თუ პირი აკმაყოფილებს საჯარო მოხელისთვის კანონმდებლობით დადგენილ დანარჩენ კრიტერიუმებს, ვერ იქნება მის მიერ მიუკერძოებელი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღების ხელშემშლელი ფაქტორი. შესაბამისად, საფრთხე არ შეექმნება საჯარო თანამდებობაზე მყოფი პირების მიერ საქმიანობის ეფექტიანად და შეუფერხებლად განხორციელებას.
7. მოსარჩელის მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალებები ერთმანეთისგან განსხვავდება გამოწვევადი საფრთხეების არსით, მასშტაბით, საშიშროების ხარისხით. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმა თანაბრად მიემართება ყველა სახის ნარკოტიკულ საშუალებას და არ იძლევა ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას. მსგავსი ბლანკეტური მიდგომა ვერ ჩაითვლება გონივრულად, რადგან სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას აქვს განსხვავებული ეფექტი ადამიანის ფსიქიკაზე, გონივრულ შესაძლებლობებზე და მასზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე. ამასთან, გასაჩივრებული რეგულაციის ქვეშ ექცევა ნარკოტიკული საშუალების როგორც მრავალჯერადი, აგრეთვე ერთჯერადი მოხმარების ფაქტები. სადავო ნორმა განსაზღვრავს, თუ როგორი ცხოვრების წესის მქონე პიროვნებები შეიძლება გახდნენ საჯარო მოხელეები, მათი კვალიფიციური თუ პროფესიული უნარ-ჩვევების უგულებელყოფით, რაც მოსარჩელე მხარეს გაუმართლებლად მიაჩნია.
8. არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე და განმარტა, რომ მარიხუანის მოხმარება საფრთხეს არ უქმნის მესამე პირების უსაფრთხოებას. შესაბამისად, მას ალოგიკურად მიაჩნია იმის მტკიცება, რომ მსგავსი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებამ შეიძლება, შემდგომში რაიმე ზეგავლენა იქონიოს მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებაზე.
9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის მოთხოვნა ვერ გამორიცხავს საჯარო თანამდებობაზე ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი პირის დანიშვნას. ლაბორატორიული გამოკვლევის გზით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა დამოკიდებულია იმ პერიოდის ხანგრძლივობაზე, რაც გასულია ნარკოტიკული საშუალების ბოლო მოხმარების ფაქტიდან. შესაბამისად, საჯარო თანამდებობის დაკავების სურვილის მქონე პირს შესაძლებლობა აქვს, ნარკოლოგიური შემოწმების გავლამდე, გარკვეული დროით ადრე, აღარ მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალება.
10. მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პირი მოხელედ არ მიიღება, თუ იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის, მათ შორის, ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის. შესაბამისად, სადავო ნორმის გარეშეც, იგი მიიჩნევს, რომ უზრუნველყოფილია, მოხელედ არ იქნეს მიღებული ისეთი პირი, რომელმაც ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაული.
11. მოსარჩელე მხარე პარალელს ავლებს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებზე და მიუთითებს, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე გავლენას არ ახდენს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი. ამასთან, მისი აზრით, პოლიტიკური სუბიექტები სახელმწიფოსთვის უფრო მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ, ვიდრე საჯარო მოხელეები. სადავო ნორმა საჯარო თანამდებობის პირებს იმაზე მკაცრ მოთხოვნებს უწესებს, ვიდრე ეს აუცილებელია მათი ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე. ამავდროულად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი ვალდებულება ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის თაობაზე, თანაბრად არ უნდა მიემართებოდეს ყველა რანგის საჯარო მოხელეს. მისი განმარტებით, მეოთხე რანგის საჯარო მოხელეთა მიმართ არ არსებობს იმ სახის საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც გადაწონიდა აღნიშნული პირების უფლებას, არ გაამჟღავნონ პირადი ინფორმაცია.
12. არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლები. კერძოდ, მოსარჩელე მხარე ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარდგენას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საუბარია მძიმე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და სამუშაო ხასიათს შორის პირდაპირ და მჭიდრო კავშირზე, სხვა შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ წინასწარი კონტროლი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
13. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
14. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის განმარტებით, სადავო ნორმა ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორიცაა საჯარო სამსახურის ეფექტიანად ფუნქციონირება, კადრების სტაბილურობა და მშვიდი, აგრესიულად განწყობილი თანამშრომლებისგან თავისუფალი სამუშაო სივრცის შექმნა. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება შეიძლება, არ იყოს ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, თუმცა იგი გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში დასაქმებამდე ნარკომომხმარებლების გამოვლენას.
15. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მხოლოდ ნასამართლობის შესახებ ცნობის საფუძველზე ვერ დადგინდება, მოიხმარს თუ არა პირი ნარკოტიკულ საშუალებას. მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ პირის ნასამართლობის შესახებ ცნობა, წინასწარ შემოწმებასთან ერთად, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თავიდან იქნეს აცილებული საჯარო სამსახურში ნარკოდამოკიდებული პირების დასაქმება.
16. მოპასუხე მხარემ განმარტება გააკეთა პოლიტიკური თანამდებობის პირებისადმი წაყენებულ მოთხოვნასთან მიმართებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებული არგუმენტი არარელევანტურია, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირთა არჩევა პოლიტიკური პროცესის ნაწილია. კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატებს ეკისრებათ ვალდებულება, წარმოადგინონ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომელიც ქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე. შესაბამისად, ამომრჩეველს ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეუძლია გააკეთოს არჩევანი.
17. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საჯარო სამსახური ერთიანობაში, სისტემურად ახორციელებს საჯარო მმართველობას. ახალი რეფორმის შესაბამისად, საჯარო სამსახურში მოქმედებს ერთიანი სისტემა, რომლის მიხედვითაც, მეოთხე რანგის საჯარო მოხელეს აქვს შესაძლებლობა, გაიაროს კარიერული ეტაპები. ამდენად, მოპასუხე მხარის განმარტებით, ხელოვნური დიფერენცირება, რაც გულისხმობს მხოლოდ პირველი და მეორე რანგის საჯარო მოხელეებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარდგენის ვალდებულების დადგენას, ალოგიკურია და წინააღმდეგობაში მოდის საჯარო სამსახურის არსთან.
18. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა არსებითი განხილვის სხდომაზე განმარტა, რომ სახელმწიფოსთვის გაუმართლებელ ტვირთს წარმოადგენს იმის დადგენის დავალდებულება, რომ მან გამოავლინოს და ერთმანეთისგან გამიჯნოს ნარკოტიკული საშუალების ერთჯერადად მომხმარებელი და ნარკოდამოკიდებული პირები.
19. მოპასუხე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს შესაბამის პრაქტიკას.
20. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ექსპერტად მოწვეულმა პირმა, გური მენაბდიშვილმა აღნიშნა, რომ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევისთვის სავალდებულოდ განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალებები (ამფეტამინი, მეთადონი, მორფინი (ოპიუმის ჯგუფი), ბუპრენორფინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა) ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე ხშირად მოხმარებადი ნარკოტიკული საშუალებებია. ექსპერტის განმარტებით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას, მათ შორის, ყველაზე მსუბუქად - მარიხუანა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა იშვიათად იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას, არამედ უფრო ხშირად იწვევს ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას, თუმცა ეს უკანასკნელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დოზით და პერიოდულობით მოიხმარს პირი აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას.
21. ექსპერტის განმარტებით, ნარკოტიკული საშუალებები ერთმანეთისგან განსხვავდება მათზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხარისხით. ჰეროინისა და მისი ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში, 5-6 ინექციაც საკმარისია იმისთვის, რომ პირი მასზე დამოკიდებული გახდეს, იგივე სწრაფი მიჩვევა არ ახასიათებს მარიხუანას. თუმცა ექსპერტმა განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალებების მიმართ პირის მოთხოვნილების ჩამოყალიბების ხარისხი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ისეთ ინდივიდუალურ გარემოებებზე, როგორიც არის პირის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა, მიღებული ნარკოტიკული საშუალების დოზა, პერიოდულობა და სხვა.
22. ექსპერტს მიაჩნია, რომ ნარკომანიით დაავადებული პირის საჯარო სამსახურში დასაქმება გაუმართლებელია. მაგალითად, როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ჰეროინზე დამოკიდებული პირი დღეში სამჯერ მაინც მოიხმარს აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას და მის გარეშე იგი ფაქტობრივად უმოქმედო ხდება. ამდენად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ აღნიშნული პირები კონცენტრირებული იქნებიან სამუშაოს შესრულებაზე.
23. სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა განმარტა, რომ ერთმანეთისგან განსხვავდება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტის გამოვლენის პერიოდები. მან აღნიშნა, რომ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, ყველაზე მეტი ვადის განმავლობაში შესაძლებელია, მოხდეს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების გამოვლენა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება შესაძლებელია, გამოვლინდეს მოხმარებიდან 30 დღის და მეტი ვადის განმავლობაშიც, მაგრამ შედარებით მცირეა სხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის გამოვლენის პერიოდი. ამდენად, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის საფუძველზე, ძნელია ითქვას, პირი დამოკიდებულია თუ არა კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებაზე, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ იგი განმეორებით აღარ მოიხმარს მას. ამდენად, სხდომაზე მოწვეულ ექსპერტს სადავო ნორმით დადგენილი წესი გონივრულ ღონისძიებად მიაჩნია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სფერო
1. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი ადგენს ყოველი მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს წვდომა საჯარო თანამდებობაზე. დასახელებული კონსტიტუციური დებულება „სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში, განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების მნიშვნელობა ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული ინდივიდუალური შრომითი უფლების დადგენა. უწინარეს ყოვლისა, კონსტიტუციის აღნიშნული დებულება განამტკიცებს პირის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს მართვაში. იმავდროულად, იგი უზრუნველყოფს პირის შრომითი უფლების განხორციელებას საჯარო სამსახურში. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს და გარანტიას დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს რეალურად ჩამოყალიბების პროცესში. „დემოკრატია, უშუალო გაგებით, გულისხმობს რა ხალხის მმართველობას, შესაბამისად, ის, თავისთავად, გულისხმობს მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ მონაწილეობა ხელისუფლების როგორც ფორმირებაში, ისე განხორციელებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/3/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). შესაბამისად, საჯარო სამსახური დემოკრატიული სახელმწიფოს არსებითი ნაწილია, რომელიც, როგორც ხელისუფლების ინსტიტუციური ელემენტი, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების რეალიზებას.
2. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი „უკავშირდება პირის კონსტიტუციურ უფლებას, განახორციელოს საქმიანობა საჯარო სფეროში, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა, განახორციელოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ დელეგირებული ესა თუ ის უფლებამოსილება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). სახელმწიფო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება არის შრომითი ურთიერთობის სპეციფიკური სახე, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს პროფესიული თვითრეალიზების საშუალებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქისთვის უზრუნველყოფს შესაძლებლობას, უშუალოდ ჩაერთოს სახელმწიფოს მმართველობით საქმიანობაში, რაც, მათ შორის, მოიცავს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებასა და აღსრულებას სახელმწიფოს სახელით. ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ უფლებრივ გამოხატულებას წარმოადგენს, რომელიც „განამტკიცებს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს როგორც არჩევითი, ასევე დანიშვნითი თანამდებობა და ადგენს სახელმწიფო სამსახურის განხორციელების კონსტიტუციურ საფუძვლებს. ამასთან, კონსტიტუციის აღნიშნული დებულება მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის დაკავების, არამედ ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის N1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
3. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ხელისუფლების როგორც ფორმირებაში, ისე მისი განხორციელების პროცესში საჯარო სამსახურის უმნიშვნელოვანესი როლიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საჯარო თანამდებობებზე საქმიანობას ახორციელებდნენ საკუთარი ფუნქციების საუკეთესოდ შემსრულებელი მოქალაქეები, რომლებიც შესაბამისი ცოდნის, პროფესიის, კვალიფიკაციისა თუ სხვა მახასიათებლების საფუძველზე, ეფექტიანად განახორციელებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციებს, რაც, საბოლოო ჯამში, კონკრეტული სახელმწიფო დაწესებულების ეფექტიან ფუნქციონირებაში პოვებს გამოხატულებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/5/626 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24). „პროფესიული თანამდებობის პირების საქმიანობა უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობას და ის კონკრეტულ სფეროში უფლებამოსილებათა შესრულებას გულისხმობს. განსხვავებით პოლიტიკური თანამდებობის პირებისაგან, პროფესიული თანამდებობის პირების შემთხვევაში აუცილებელია, რომ მათზე დაკისრებული ფუნქციები განახორციელოს შესაბამისი ცოდნის, პროფესიის, კვალიფიკაციისა თუ სხვა შესაბამისი მახასიათებლების მქონე ადამიანმა. აღნიშნულის შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს მასზე დაკისრებული ფუნქციების არაეფექტური განხორციელება, რაც, საბოლოოდ, კონკრეტული სახელმწიფო დაწესებულების არაეფექტურ ფუნქციონირებაში პოვებს გამოხატულებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/5/626 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24). ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება, უპირველესად, მოიაზრებს სახელმწიფო თანამდებობის საქართველოს იმ მოქალაქის მიერ დაკავებისა და მის ფარგლებში საქმიანობის განხორციელების უფლებას, რომელსაც შეუძლია მასზე დაკისრებული ფუნქციების საუკეთესოდ შესრულება. სახელმწიფო ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნის მიღწევა, სტაბილური, მტკიცე ადმინისტრირების უზრუნველყოფა სწორედ პროფესიონალ კადრებზეა დამოკიდებული, რომლებიც შესასრულებელ ფუნქციებს მაღალი პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით, სათანადო კეთილსინდისიერებით და კანონის ერთგულებით ახორციელებენ.
4. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებულია პირის უფლება, განახორციელოს საქმიანობა საჯარო თანამდებობაზე, რაც მიზნად ისახავს პირის სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის უზრუნველყოფას, აგრეთვე მისი უფლების რეალიზებას, საკუთარი კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ეწეოდეს შრომით საქმიანობას საჯარო სამსახურში, იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას, ჰქონდეს კარიერული წინსვლის საშუალება და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება დამოკიდებული არ იყოს რომელიმე პირის სუბიექტურ შეხედულებაზე.
5. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, ამ მხრივ, რა სახის გარანტიებს გულისხმობს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი.
2. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით დაცული სფეროების გამიჯვნა
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკით, ერთმანეთისგან გამიჯნულია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით დაცული სფეროები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება [„საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“], ხოლო სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის უფლებას კი - ამავე ნორმის მეორე წინადადება [„საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“]. სადავო ნორმით დადგენილი წესი საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას ზღუდავს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო რეგულაციის კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან [„საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“] მიმართებით.
3. სადავო ნორმის შინაარსის, შესაფასებელი მოცემულობისა და მოსარჩელე მხარის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
7. №1618 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ გამხდარი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი მოხელედ არ მიიღება, თუ მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს. უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობის შესაფასებლად, უპირველესად, უნდა დადგინდეს სადავო ნორმის შინაარსი.
8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 20 სექტემბრის №01-60/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესითა და პირობებით (შემდგომში - №01-60/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი და პირობები) განისაზღვრება საჯარო მოსამსახურეების ნარკოლოგიური შემოწმებისა და შესაბამისი ცნობის გაცემის წესი და პირობები. №01-60/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი და პირობები დეტალურად არეგულირებს, თუ რას მოიცავს საჯარო სამსახურში წარსადგენად პირის ნარკოლოგიური შემოწმება. ნარკოლოგიური შემოწმება, ერთი მხრივ, მოიცავს კლინიკურ და ლაბორატორიულ (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ) გამოკვლევას, ხოლო, მეორე მხრივ, – გამოსაკვლევი პირის მონაცემთა გადამოწმებას სამედიცინო დაწესებულების/სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულების საინფორმაციო ბანკში. შესაბამისად, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგები აისახება ორ დამოუკიდებელ ცნობაში - ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, შემოწმების შესახებ ცნობაში და, მეორე, დაწესებულების საინფორმაციო ბაზაში პირის ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობაში.
9. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა პირის მოხელედ არ მიღების საფუძვლად მიიჩნევს: ა) ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას, რომელიც ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს ან ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარუდგენლობას. ამდენად, სადავო ნორმა საჯარო სამსახურში პირის არმიღების საფუძვლად expressis verbis მიუთითებს ნარკოლოგიური ცნობის წარუდგენლობაზე და დამატებით მოთხოვნებს არ ადგენს მის შინაარსთან (იმყოფება თუ არა პირი ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე) დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე ყოფნის ცნობის წარდგენის ვალდებულების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად და მისთვის პრობლემურია პირის საჯარო სამსახურიდან დისტანცირება იმ შემთხვევაში, თუ მას უდასტურდება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, რაც №01-60/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად შეიძლება დადასტურდეს ნარკოლოგიური შემოწმების (კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის) შედეგად, მოცემული დავის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს პირის მოხელედ არმიღების საკითხის კონსტიტუციურობა მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შესახებ ცნობის წარდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.
10. №01-60/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების მიხედვით, მოწესრიგებულია, თუ როგორ ხდება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა. პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დგინდება კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევით. პირის კლინიკური გამოკვლევის ამოცანაა გამოსაკვლევი პირის სრულყოფილი ნარკოლოგიური შემოწმება ექიმ-ნარკოლოგის მიერ და სათანადო ინფორმაციის ასახვა ნარკოლოგიური შემოწმების აქტში. კლინიკური გამოკვლევის ფარგლებში, აგრეთვე დგინდება ინექციური გზით ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ობიექტური მაჩვენებლების – ინექციის შემდგომი კვალის ან ნაწიბურის ხილული ვენების პროექციაზე კანის საფარველზე არსებობა. კლინიკური გამოკვლევის შემდგომ ტარდება ბიოლოგიური მასალის (შარდის) ლაბორატორიული (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევა ექსპრეს-დიაგნოსტიკური ტესტების გამოყენებით. ბიოლოგიური მასალის (შარდის) ლაბორატორიული (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევა ტარდება არანაკლებ 5 ნარკოტიკულ საშუალებაზე (ამფეტამინი, მეთადონი, მორფინი (ოპიუმის ჯგუფი), ბუპრენორფინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა). გარდა ამისა, დამსაქმებელი უფლებამოსილია, გამოსაკვლევ პირს დამატებით განუსაზღვროს სხვა ნარკოტიკული საშუალება, რომელზეც, ასევე უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევა.
11. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული საშუალებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება განიმარტება, როგორც - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის საშუალება, ამ საშუალების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა შეიცავს ნარკოტიკული საშუალებების საკმაოდ მრავალრიცხოვან ჩამონათვალს, რომლებიც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი დანიშნულების, მოქმედების ეფექტის, მიღების ფორმის, მიჩვევისა და ადამიანის ჯანმრთელობისადმი საფრთხის ხარისხის მიხედვით. ამასთან, როგორც საქმის არსებით განხილვაზე მოწვეულმა ექსპერტმა აღნიშნა, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც თან სდევს ტექნოლოგიური საშუალებების განვითარებასა და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების ბაზარზე გამოჩენას, ცვალებადი შეიძლება იყოს ნარკოტიკული საშუალებების მოქმედების ეფექტი მისი შემადგენლობის გათვალისწინებით. ექსპერტის განმარტებით, მაგალითად, თუ წლების წინ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას შემადგენლობა ხასიათდებოდა ნაკლები ოდენობის ტეტრაჰიდროკანაბინოლით, დღესდღეობით, ჯიშური სახეცვლილების შედეგად, ე.წ. „ჰიბრიდული ჯიშების“ შემთხვევაში, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი აღნიშნული ნივთიერების პროცენტული შემადგენლობა (50-60%-მდე) და, შესაბამისად, მოხმარების შედეგად უარყოფითი გავლენა პირის ქცევასა და ფსიქიკაზე. აგრეთვე, ექსპერტის განმარტებით, მისი მიღებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე გავლენას ახდენს აღნიშნული ნივთიერების მოხმარების მეთოდებიც. ამავე არგუმენტაციაზე დაყრდნობით, ექსპერტს გაუმართლებლად მიაჩნია ნარკოტიკული საშუალებების ე.წ. მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებად დაყოფა.
12. რელევანტური კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ საჯარო თანამდებობის დასაკავებლად შესაძლებელია, პირს მოეთხოვოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარდგენა განუსაზღვრელი რაოდენობის ნარკოტიკულ საშუალებებზე. ამდენად, საჯარო თანამდებობაზე წვდომის უფლება ეზღუდებათ იმ პირებს, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის ცნობის საფუძველზე, დაუდასტურდებათ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს სახელდებით არ მიუთითებია რომელიმე კონკრეტულ საშუალებაზე, რომლის მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაშიც პირს არ უნდა ეთქვას უარი საჯარო სამსახურში დასაქმებაზე. მისი განმარტებით, პირის საჯარო თანამდებობიდან დისტანცირება შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ, თუ ამ საშუალებების მოხმარება პირდაპირ კავშირშია პირის მიერ ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებასთან. ამდენად, მოსარჩელისათვის პრობლემურია არა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, არამედ მხოლოდ მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში, პირის საჯარო სამსახურიდან დისტანცირება, თუმცაღა კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკებად დიფერენცირების შესაძლებლობას. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კანონმდებლობა შეიცავს ნარკოტიკული საშუალებების საკმაოდ მრავალრიცხოვან ჩამონათვალს, რომლებიც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მათი დანიშნულების, მოქმედების ეფექტის, მიღების ფორმის, მიჩვევისა და ადამიანის ჯანმრთელობისადმი საფრთხის ხარისხის მიხედვით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მოცემული დავის ფარგლებში შეაფასოს თითოეული ნარკოტიკული საშუალების სპეციფიკა და იმსჯელოს, თუ რამდენად გამართლებულია სადავო ნორმით დადგენილი მოთხოვნა თითოეულ ნარკოტიკულ საშუალებასთან მიმართებით. ამგვარი მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მოთხოვნას დააყენებს არა კრებსითად ან, ზოგადად, ყველა ნარკოტიკულ საშუალებასთან მიმართებით, არამედ კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებასთან და წარმოადგენს მისი არაკონსტიტუციურობის სათანადო არგუმენტაციას.
13. შესაბამისად, განსახილველი საქმის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, ზოგადად, სადავო ნორმით გათვალისწინებული იმ ღონისძიებების კონსტიტუციურობაზე, რომელიც კრძალავს პირის საჯარო თანამდებობაზე დანიშვნას კლინიკური და ლაბორატორიული (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის (შემდგომში, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა) შედეგად, ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში.
4. შეზღუდვის კონსტიტუციურობა
14. საჯარო ფუნქციის ეფექტიანად და სრულყოფილად განხორციელებისათვის სახელმწიფო უფლებამოსილია, დაადგინოს საჯარო სამსახურში საქმიანობის დასაწყებად შესაბამისი პირობები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს საჯარო სამსახურში საქმიანობის დაწყების მსურველმა პირმა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შეზღუდოს თანამდებობის დაკავების უფლება, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით აღიარებული უფლების დაცულ სფეროში ნებისმიერი ჩარევა უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს. რაც გულისხმობს იმას, რომ შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს და უნდა იყოს მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ნორმის შესაბამისობა თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებთან.
4.1. ლეგიტიმური საჯარო მიზანი
15. თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, უფლების შეზღუდვის გასამართლებლად, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მიდგომების თანახმად, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
16. ზოგადად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საჯარო თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების უფლების შეზღუდვა დასაშვებია ისეთი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, როგორებიც არის საჯარო სამსახურის გამართული, ეფექტიანი ფუნქციონირება, სამსახურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საჯარო ფუნქციების კვალიფიციური განხორციელება, ქვეყნის ეროვნული უშიშროების, უსაფრთხოების, სახელმწიფოს დემოკრატიული წესწყობილების დაცვა და ა.შ. (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის № 2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-45, 60).
17. №1618 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა, სადავოდ გამხდარი შეზღუდვის, რომელიც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კრძალავს საჯარო სამსახურის დაკავების უფლებას, ლეგიტიმურ მიზნად დაასახელეს საჯარო სამსახურის ეფექტიანად ფუნქციონირება, კადრების სტაბილურობა და მშვიდი სამუშაო გარემოს შექმნა, რომელიც თავისუფალია აგრესიულად განწყობილი თანამშრომლებისგან. საკონსტიტუციო სასამართლომ წინარე პრაქტიკითა და ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების საფუძველზე, არ გამორიცხა, რომ ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იწვევს პირის აგრესიულ ქცევას, მისი იმგვარი უნარების შესუსტებას, რამაც შესაძლოა, საფრთხის წინაშე დააყენოს საჯარო ფუნქციების შესრულება. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა - საჯარო თანამდებობის განხორციელებისას იმ პირთა საჯარო თანამდებობიდან დისტანცირება, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს, შესაძლოა, ემსახურებოდეს რიგ საჯარო ინტერესებს.
18. უდავოა, რომ საჯარო სამსახურის ეფექტიანად ფუნქციონირება საჯარო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი და ქვაკუთხედია. საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნად მიაჩნია საჯარო სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირება, რომელიც, თავის მხრივ, ფართო კონცეფციაა და მოიცავს მრავალ ელემენტს. თუმცა, იმავდროულად, ცალსახაა, რომ საჯარო სამსახურის ეფექტიანად ფუნქციონირების არსებითი საყრდენი იქ დასაქმებულ პირთა საქმიანობაა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება საჯარო მმართველობის განხორციელება, რომლებიც აღნიშნულ პროცესში იღებენ და აღასრულებენ გადაწყვეტილებებს, ემსახურებიან საზოგადო ინტერესებს. პირის მიერ შესრულებული საქმიანობის ეფექტიანობის საზომი, პირველ რიგში, მისი განათლება, პროფესიული უნარები, ნაკისრი მოვალეობისადმი კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, კარიერული ზრდის მოტივაცია თუ სხვა პიროვნული მახასიათებლებია. ამდენად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობას ახორციელებდნენ საკუთარი ფუნქციების საუკეთესოდ შემსრულებელი მოქალაქეები, რომლებიც საკუთარი საქმიანობით უზრუნველყოფენ საჯარო სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას.
19. მოპასუხე მხარემ ლეგიტიმურ მიზნად აგრეთვე დაასახელა საჯარო სამსახურში კადრების სტაბილურობა. სასამართლოს განმარტებით, როგორც წესი, კადრების სტაბილურობა, რაც, მათ შორის, ხელს უწყობს სამუშაო გამოცდილებისა და ცოდნის აკუმულირებას, პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლებას, საქმიანობის უწყვეტად შესრულებას, კარიერულ ზრდას, მნიშვნელოვნად განაპირობებს შესაბამისი უწყების ეფექტიან და გამართულ ფუნქციონირებას. სტაბილურობაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის სისტემა გამოირჩევა მდგრადობით და გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უწყობს დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად და კომპეტენტურად განხორციელების განგრძობადობას. ამასთან, საჯარო სამსახურში თანამშრომელთა სწრაფმა ცვლამ შესაძლებელია, ხელი შეუშალოს საჯარო სამსახურის ჯეროვან ფუნქციონირებას. შესაბამისად, საჯარო კომპეტენციის განმახორციელებელ ორგანოთა სტაბილური და შეუფერხებელი ფუნქციონირება, რაც შესაძლებელს ხდის საჯარო მმართველობის განხორციელებას, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა და მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესია.
20. მოპასუხე მხარე სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად აგრეთვე მიიჩნევს საჯარო სამსახურში მშვიდი, აგრესიულად განწყობილი თანამშრომლებისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს შექმნას. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს და განმარტავს, რომ, ზოგადად, სამუშაო გარემო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირთა განწყობებზე და აისახება მათ პროდუქტიულობაზე. სტრესულ და დაძაბულ სივრცეში რთულია სამუშაოსა და მისაღწევ შედეგებზე ორიენტირება, რაც, საბოლოო ჯამში, სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებაზე და დასაქმებულთა სამუშაო პირობებზეც პოვებს ასახვას. ამდენად, მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში უზრუნველყოფილ იქნეს ჯანსაღი სამუშაო გარემო, რომელიც თავისუფალი იქნება, არაპროგნოზირებადი, აგრესიული ან, სხვაგვარად, არაადეკვატური, შეუსაბამო განწყობებისა თუ ქცევის თანამშრომლებისაგან. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრაქტიკაში არ გამორიცხა, რომ ზოგიერთმა ნარკოტიკულმა საშუალებამ შესაძლებელია, გამოიწვიოს პირის აგრესიული ქცევა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი პირის საჯარო სამსახურში დასაქმებამ, რეალურია, რომ საფრთხე შეუქმნას ზემოაღნიშნულ ლეგიტიმურ მიზანს.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საჯარო სამსახურის ეფექტიანად ფუნქციონირებას, კადრების სტაბილურობასა და საჯარო სამსახურში ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას იმ ღირებულ ლეგიტიმურ მიზნებად მიიჩნევს, რომლის დაცვის მოტივითაც, სახელმწიფოს უფლება აქვს, შეზღუდოს საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება.
4.2. გამოსადეგობა და აუცილებლობა
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, უფლების შეზღუდვის გამართლებისათვის ლეგიტიმურ მიზანზე მითითება საკმარისი არ არის. სხვა პირობებთან ერთად, აგრეთვე აუცილებელია, დაკმაყოფილებული იყოს გამოსადეგობის და აუცილებლობის მოთხოვნებიც. თავის მხრივ, ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას, „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48), ხოლო აუცილებლობის ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად წარმოადგენს სადავო რეგულაცია უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდველ საშუალებას. აუცილებლობის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული ლეგიტიმური მიზანი იმავე ეფექტურობით ვერ მიიღწევა სხვა, ნაკლებად მზღუდავი საშუალებით.
23. საკონსტიტუციო სასამართლომ ღირებულ ლეგიტიმურ მიზნად მიიჩნია საჯარო სამსახურის ეფექტიანად ფუნქციონირება, კადრების სტაბილურობა და ჯანსაღი სამუშაო სივრცის უზრუნველყოფა. აღნიშნულ ეტაპზე, სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რამდენად უზრუნველყოფს სადავო ნორმით დადგენილი მოთხოვნა ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას.
24. სადავო რეგულაციის გამოსადეგობის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, შეფასდეს რა საფრთხე შეიძლება წარმოქმნას იმ პირის საჯარო სექტორში დასაქმებამ, რომელსაც დაუდასტურდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებამ პირის იმ უნარებზე, რომელიც მას სჭირდება საჯარო სამსახურში დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულებისთვის.
25. საამისოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, პირველ რიგში, საჭიროდ მიიჩნევს იმ პირთა წრის იდენტიფიცირებას, რომელზეც ვრცელდება ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება საჯარო მოხელეზე, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე და ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რიგ პირებზე. აღნიშნული პირების საჯარო თანამდებობაზე დანიშვნა/არჩევა ხდება კონკურსის შედეგად ან მის გარეშე. კონკურსის შედეგად თანამდებობაზე ინიშნება პირი, რომელიც სხვა კანდიდატებზე მეტად აკმაყოფილებს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად არსებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მსგავსი პრეზუმფცია მოქმედებს პირის თანამდებობაზე კონკურსის გარეშე დანიშვნის შემთხვევაშიც. ამდენად, კონკრეტულ საჯარო თანამდებობაზე ხდება ისეთი პირის შერჩევა, რომელსაც გააჩნია ამ პოზიციისთვის შესაფერისი პროფესიული გამოცდილება, კვალიფიკაცია და სხვა საჭირო უნარები. სწორედ ასეთი პირების მიმართ არსებობს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარდგენის ვალდებულება. მოცემულ ეტაპზე უნდა დადგინდეს, ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის რატომ არის გამართლებული და აუცილებელი ვაკანტური თანამდებობისთვის ყველაზე შესაფერის კანდიდატს მოეთხოვებოდეს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარდგენა.
26. „ზოგადად, არსებობს მაღალი ხარისხის ვარაუდი, რომ სახელმწიფოს მიერ სპეციალურ კონტროლს ექვემდებარება ისეთი „ნარკოტიკული საშუალებების“ მოხმარება, რომელთა მიმართაც არსებობს შესაბამისი სპეციალისტების მიერ სათანადოდ დადასტურებული მონაცემები, რომ მათი არადანიშნულებისამებრ მოხმარება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). განსახილველ საქმეზე მოსარჩელეს ეს გარემოება ეჭვქვეშ არ დაუყენებია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წინარე პრაქტიკით განხილული საქმეების ფარგლებში გაანალიზდა კიდეც რამდენიმე ასეთი საშუალების მოხმარებით გამოწვეული საფრთხეები. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებული აქვს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), კანაფის სხვა პროდუქტებისა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და დეზომორფინის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) მოხმარებით გამოწვეული საფრთხეები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ, ზოგადად, ნარკოტიკული საშუალებები, სხვა ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური საშუალებები ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში, მარიხუანის მოხმარებიდან მომდინარე საფრთხეების შეფასება მოუწია რამდენიმე საქმეში. აღნიშნულ საქმეებზე მოწვეულმა სპეციალისტებმა მიუთითეს მარიხუანას ქრონიკული და ხანგრძლივი მოხმარებით გამოწვეული ისეთი უნარების დაქვეითებაზე, რომელთაც თან სდევს პიროვნების დეგრადაცია, ჭკუასუსტობა, მოკლე და სწრაფი მეხსიერების გაუარესება, დასახული ამოცანის შესრულების უუნარობა, ქრონიკული პარანოიდები ანუ ქრონიკული შიზოფრენიის მაგვარი მდგომარეობა, ჰალუცინაციები, დეპრესია ... (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18,19). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ პრაქტიკაში დაადგინა, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის მატარებელია და უარყოფით გავლენას ახდენს პირის ქცევასა და ფსიქიკაზე, მის ყოველდღიურ საქმიანობაზე, რაც, ბუნებრივია, აისახება პროფესიულ ქცევასა და უნარებზეც.
27. №1618 კონსტიტუციური სარჩელის არსებით განხილვაზე მოწვეულმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ნარკოდამოკიდებული პირი ნაკლებმოტივირებულია, შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები, მას ახასიათებს დაბალი კონცენტრაციის უნარი და შესაძლებელია, სწორად ვერ აღიქვას მის წინაშე გადასაჭრელი საკითხი. ამავდროულად, ექსპერტის განმარტებით, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალება საკმაოდ ხანმოკლე პერიოდში იწვევს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. მაგალითად, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის და ამ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების, აგრეთვე კოკაინის და დეზომორფინის შემთხვევაში, რამდენიმე ინექციაც კი საკმარისია იმისთვის, რომ პირი მასზე დამოკიდებული გახდეს. შესაბამისად, ექსპერტის განმარტებით, არაგონივრულია ასეთი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი პირების საჯარო სამსახურში დასაქმება, ვინაიდან ისინი, დიდი ალბათობით, კვლავ მოიხმარენ მას და სრულყოფილად ვერ გაართმევენ თავს დაკისრებულ ფუნქციებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №733 კონსტიტუციური სარჩელის არსებით განხილვაზე მოწვეულმა ექსპერტმაც შეაფასა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ეფექტები პირის მიერ სამსახურებრივი ფუნქციების განხორციელებაზე და მიუთითა, რომ ნარკომომხმარებელ პირს გაუჭირდება არამომხმარებელი პირის მსგავსი ეფექტურობით შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები. მისი განმარტებით, ნარკოტიკების მომხმარებელი პირები სრულყოფილად და ადეკვატურად ვერ შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციებს.
28. გარდა ამისა №1618 კონსტიტუციური სარჩელის არსებით განხილვაზე მოწვეულმა ექსპერტმა განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის პერიოდზე გავლენას ახდენს მოხმარებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, სიხშირე და პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა, როგორც წესი, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, ყველაზე მეტი ვადის განმავლობაში შესაძლებელია, მოხდეს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების გამოვლენა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება შესაძლებელია, გამოვლინდეს მოხმარებიდან 30 დღის და, იშვიათ შემთხვევაში, აღნიშნულზე მეტი ვადის განმავლობაშიც, მაგრამ შედარებით მცირეა სხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის გამოვლენის პერიოდი. შესაბამისად, პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, უმეტეს შემთხვევაში, მიუთითებს, რომ პირმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა თანამდებობაზე განწესების მიზნით გამოცხადებული კონკურსის წინარე, მოკლე პერიოდში, მაშინ, როდესაც მას უკვე განზრახული ჰქონდა შესაბამის კონკურსში მონაწილეობა ან ინფორმირებული იყო ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. ამასთან, მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა დააბრკოლებდა მის საჯარო სამსახურში დასაქმებას. ამდენად, თუ პირმა, მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, თავი ვერ შეიკავა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისგან, გონივრულია მოლოდინი, პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების საჯარო სამსახურში დასაქმების შემდგომ, კვლავ მოხმარების საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც ეჭვქვეშ დააყენებს პირზე დაკისრებული ფუნქციების სათანადო პასუხისმგებლობითა და ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობას.
29. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ პირი შესაბამისი კვალიფიკაციის, გამოცდილების თუ სხვა საჭირო უნარების გათვალისწინებით, შესაფერისი კადრია საჯარო თანამდებობისთვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გონივრულია დამსაქმებლის ეჭვი, პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების საჯარო სამსახურში დასაქმების შემდგომ კვლავ მოხმარების საფრთხეებთან და მისი მოხმარებიდან მომდინარე რისკებთან დაკავშირებით, რამაც შესაძლებელია, ხელი შეუშალოს პირის მიერ დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას და გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეინარჩუნოს საჯარო სამსახურის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
30. შესაბამისად, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარდგენის ვალდებულება, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ნარკოტიკული საშუალების შესაძლო მომხმარებლის გამოვლენას, ხოლო, მეორე მხრივ, უდავოდ ამცირებს ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი იმ პირების საჯარო სამსახურში დასაქმების შესაძლებლობას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საჯარო სამსახურის ეფექტიან და სტაბილურ ფუნქციონირებას. შესაბამისად, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნების (საჯარო სამსახურის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირება) მიღწევის ვარგის საშუალებას.
31. რაც შეეხება სადავო ღონისძიების საფუძველზე საჯარო სამსახურში მშვიდი, აგრესიულად განწყობილი თანამშრომლებისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს შექმნის ლეგიტიმური მიზნის უზრუნველყოფას, არც საქმის არსებით განხილვაზე მოწვეულ ექსპერტს და არც მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია და არ დაუსაბუთებია ცალკე აღებული პირდაპირი კავშირი, პირის მიერ კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების წარსულში ან და მომავალში შესაძლო მოხმარებასა და საჯარო სამსახურში საქმიანობის განხორციელების დროს მის აგრესიულ ქცევასთან მიმართებით. ამავდროულად, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ნარკოტიკული საშუალებები ერთმანეთისგან განსხვავდება მათი მოქმედების ეფექტით და ყველა ნარკოტიკული საშუალება არ იწვევს პირის აგრესიულ ქცევას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არასდროს დაუდგენია, რომ კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, არა მარატო უშუალოდ ამ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას, არამედ განგრძობად დროშიც იწვევს პირის აგრესიულ ქცევას. შესაბამისად, ის გარემოება, რომ პირის მიერ წარსულში მოხმარებული ნარკოტიკული საშუალება ანდა მომავალში მისი შესაძლო მოხმარება გამოიწვევს, საჯარო სამსახურში დასაქმებისას, მის აგრესიულ ქცევას გრძელვადიან პერსპექტივაში, საჭიროებს შესაბამის დასაბუთებას რელევანტური მტკიცებულებების საფუძველზე, რაც საქმის განხილვის არსებით სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია ვერ მიიჩნევა საჯარო სამსახურში აგრესიულად განწყობილი თანამშრომლებისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს შექმნის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად.
32. სადავო ნორმის აუცილებლობის ეტაპზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სხვა ნაკლებმზღუდველი საშუალება, რომელიც იმავე ეფექტურობით უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის ეფექტიანად ფუნქციონირებისა და კადრების სტაბილურობის ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. მოსარჩელე მხარემ ამგვარ საშუალებად დაასახელა პირის საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომი კონტროლი. მოსარჩელის მითითებით, საჯარო სამსახურს შეუძლია, გარკვეული პერიოდულობით შეამოწმოს თანამშრომლები და, ამ გზით, გამორიცხოს ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი პირის მიერ საჯარო ფუნქციის განხორციელება. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ემსახურება ისეთ ლეგიტიმურ მიზნებს, როგორიცაა, ერთი მხრივ, საჯარო სამსახურის სტაბილურობა, რაც გამოიხატება კონკრეტული თანამდებობის იმ პირის მიერ დაკავების შესაძლებლობაში, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში საქმიანობას განახორციელებს სტაბილურად, ხოლო, მეორე მხრივ, საჯარო სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირება. როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ საჯარო თანამდებობაზე პირის შერჩევა და მის მიერ თანამდებობის დაკავება ნაკარნახევია სამსახურის რეალური საჭიროებით, კონკრეტული კომპეტენციის არა მხოლოდ მომავალში უწყვეტად და სტაბილურად, არამედ რეალურ დროში განხორციელებით. შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება წარმოშობს როგორც შესაფერისი კადრის თავიდან მოძიების საჭიროებას, დამატებითი რესურსის გაღებას, აგრეთვე შესასრულებელი ფუნქციების სხვა პირზე გადანდობის აუცილებლობას ან საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიძლება, გამოიწვიოს მისი შეფერხებაც კი. ამდენად, საჯარო მოხელის მიერ საქმიანობის სტაბილურად განხორციელება, გარდა სამსახურის სათანადო ფუნქციონირებისა, აგრეთვე, მჭიდროდ უკავშირდება სამსახურის მიერ რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას, რამდენადაც, სპეციფიკის გათვალისწინებით, საჯარო სამსახურები ახდენენ კადრების სათანადო გადამზადებას მათი იმ უნარების გამომუშავების მიზნით, რომლებიც საჭიროა დაკისრებული საქმიანობის ეფექტიანად შესრულებისთვის. შესაბამისად, კადრების ხშირი ცვლა მოითხოვს დამატებით მატერიალური თუ არამატერიალური რესურსის ხარჯვას. იმავდროულად, არსებითად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ დაკისრებული ფუნქციების არაჯეროვნად განხორციელება, ცალკეულ შემთხვევაში, იწვევს ისეთ ზიანს, რომლის გამოსწორებაც ფაქტობრივად შეუძლებელია ან მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული.
33. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საჯარო თანამდებობის პირის მიერ საქმიანობის არასათანადოდ განხორციელებასთან დაკავშირებული საფრთხეები ლოგიკურად არსებობს მის მიერ საჯარო თანამდებობის დაკავების მომენტიდან. მართალია, მოცემული რეგულაციის ფარგლებში არ გამოირიცხება ის, რომ ნარკომომხმარებელი დასაქმდეს საჯარო სამსახურში ან პირმა დასაქმების შემდეგ მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალება ანდა სხვა გარემოებების გამო ვერ შეძლოს დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელება, თუმცა სადავო ნორმა უზრუნველყოფს კონკრეტულად იმ რისკების დაზღვევას/შემცირებას, რომლებიც თან ახლავს იმ პირის საჯარო სამსახურში დასაქმებას, რომლის მიმართაც საფუძვლიანად არსებობს ნარკოტიკული საშუალების კვლავ მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხეები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შემდგომი კონტროლი ვერ მიიჩნევა სადავო ნორმის მსგავს ეფექტიან საშუალებად პრევენციული კონტროლისთვის. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს არ ესახება დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის სხვა, უფლების ნაკლებად მზღუდველი საშუალება, რომელიც ისეთივე წარმატებით უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, ვიდრე ეს შესაძლებელია ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი პირების საჯარო სამსახურიდან დისტანცირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შემზღუდველი ღონისძიება აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნებს საჯარო სამსახურის ეფექტიანად ფუნქციონირებისა და კადრების სტაბილურობის ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად.
4.3. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
34. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, თანაზომიერების პრინციპი აგრეთვე მოითხოვს, რომ უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის, დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu). თანაზომიერების პრინციპის აღნიშნული ელემენტის მოთხოვნაა, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43). სადავო ნორმით დადგენილი ბალანსის სამართლიანობის შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რომელი კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსება ხდება სადავო ღონისძიებით. სადავო ნორმა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ადგენს საჯარო თანამდებობის დაკავების შეზღუდვას. მოცემულ საქმეზე, ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, პირის ინტერესი, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა საჯარო სამსახურზე და სახელმწიფომ არაგონივრული პირობების დადგენით გაუმართლებლად არ შეზღუდოს მისი უფლება, მონაწილეობა მიიღოს საჯარო საქმიანობის განხორციელებაში, ხოლო, მეორე მხრივ, საჯარო ინტერესი, რომელიც გულისხმობს საჯარო სამსახურის ეფექტიანად, სრულყოფილად განხორციელებას და კადრების სტაბილურობის უზრუნველყოფას.
35. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის არა კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის შეზღუდვის კონსტიტუციურობას, არამედ კრებსითად, ნარკოტიკთა ჯგუფის (ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკები) გამოყენების შემთხვევაში ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის კონსტიტუციურობას, რომელთა დიფერენცირებასაც და ნარკოტიკული საშუალებების მძიმე და მსუბუქ ნარკოტიკებად დაყოფას, თავის მხრივ, არ ითვალისწინებს კანონმდებლობა. იმავდროულად, მოსარჩელე სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ნებისმიერ საჯარო თანამდებობასთან მიმართებით და არ აკონკრეტებს, სურს თუ არა რომელიმე კონკრეტული საჯარო თანამდებობის დაკავება, რომელზედაც ვრცელდება სადავო ნორმის შეზღუდვა.
36. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, რამდენად პროპორციულია ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პირს უარი ეთქვას საჯარო თანამდებობაზე დანიშვნაზე, განურჩევლად საჯარო თანამდებობის და მასთან დაკავშირებული ფუნქციების არსის, ბუნებისა და სპეციფიკისა.
37. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიზნებისთვის საჯარო თანამდებობა არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). საჯარო სამსახური/თანამდებობები, თავისი არსით, საკმაოდ მრავალფეროვანია, მოიცავს ხელისუფლების ყველა შტოს და მნიშვნელოვნად განსხვავდება შესასრულებელი საქმიანობის ბუნებისა და არსის მიხედვით. საჯარო თანამდებობებს შორის არსებული ფუნქციური, შინაარსობრივი თუ სხვა ტიპის განსხვავებები კი მნიშვნელოვნად განაპირობებს მათ მიმართ განსხვავებული კონსტიტუციური დაცვის საჭიროებას. მეტიც, რიგ შემთხვევებში, თავად კონსტიტუცია მიუთითებს ამა თუ იმ თანამდებობის პირისათვის მყარი კონსტიტუციურსამართლებრივი დაცვის გარანტიების შექმნის აუცილებლობასა თუ მის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პირობებზე. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიმართ მოქმედი უფლების დაცვის კონსტიტუციური სტანდარტები შეიძლება გამომდინარეობდეს მისი კონსტიტუციური სტატუსიდან. ამასთან, მაღალი კონსტიტუციური სტანდარტის აუცილებლობა შეიძლება განსახორციელებელი საქმიანობის თავისებურებას უკავშირდებოდეს, რამდენადაც განსაზღვრული ტიპის სახელმწიფო თანამდებობა, მისი შინაარსით და დანიშნულებით, შესაძლოა განსაკუთრებულ კონსტიტუციურ დაცვას საჭიროებდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27). ამდენად, სხვადასხვა სტატუსის მქონე საჯარო თანამდებობის პირთა მიმართ წარდგენილი განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები თუ საჯარო თანამდებობაზე ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური გარანტიები თავად თანამდებობის არსიდან და ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარეობს.
38. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის კონსტიტუციურობის შემოწმება, მათ შორის, მოიაზრებს სახელმწიფო თანამდებობის კონსტიტუციური სტატუსის, მისი როლისა და მნიშვნელობის, შესასრულებელი ფუნქციების ბუნებისა და დანიშნულების გამორკვევასა და შეფასებას.
39. როგორც განსახილველი საქმის, აგრეთვე სხვა საქმეების ფარგლებში, პრაქტიკაში, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა ის ნეგატიური შედეგები, რომლებიც თან სდევს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას, მათ შორის, პირის მხრიდან საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების თვალსაზრისით. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ, წინამდებარე საქმეზე მოწვეული ექსპერტისა და მის პრაქტიკაში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებიდან მომდინარე საფრთხეების შეფასების საფუძველზე, უკვე დაადგინა, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება უარყოფითად აისახება პირის ქცევასა და ფსიქიკაზე, რაც ხელს შეუშლის მას საჯარო სამსახურში დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულებაში (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 26-ე-27-ე პუნქტები). ამავდროულად, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია დამსაქმებლის ეჭვი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების საჯარო სამსახურში დასაქმების შემდგომ კვლავ მოხმარების საფრთხეებთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 28-ე პუნქტი). აღნიშნული ვარაუდი განსაკუთრებით მაღალია იმ შემთხვევებში, როდესაც პირი ისეთ ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარს, რომელიც მოხმარებიდან ხანმოკლე პერიოდში იწვევს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
40. მართალია, ხელისუფლების განხორციელების პროცესში თითოეული საჯარო თანამდებობის, როგორც ერთი მთლიანობის - სახელმწიფო ფუნქციის განმახორციელებელი სისტემის - როლი მნიშვნელოვანია, თუმცა ცალსახაა, რომ საჯარო თანამდებობის არსებითი მახასიათებლების გათვალისწინებით, ზოგიერთი საჯარო თანამდებობის სათანადოდ შესრულება, ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების გარდა, მომეტებულად საჭიროებს მოხელის პიროვნული ქცევის შემოწმებასაც და იმ რისკების წინასწარ დაზღვევას, რომელიც შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს შესასრულებელი ფუნქციების ეფექტიანად რეალიზებას. დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად, შესაძლებლობის ფარგლებში შეუცდომლად და მაქსიმალური სიზუსტით განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საჯარო მოხელეთა მხრიდან, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, პირთა ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლის დაცვის საქმეში და რომელთა მიერ დაკისრებული ფუნქციების არაჯეროვანი შესრულება მნიშვნელოვნად აზიანებს ზემოაღნიშნულ სიკეთეებს. ამდენად, აღნიშნული თანამდებობების შემთხვევაში, პირთა მიმართ წაყენებული მოთხოვნები შესაძლოა, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვა საჯარო სამსახურებში დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებით, მათ შორის, განსხვავებული იყოს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საჯარო თანამდებობის დაკავების შედეგიც. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, საჯარო თანამდებობები მოიაზრებს სხვადასხვა საჯაროსამართლებრივი ბუნებისა და ხასიათის ფუნქციების შესრულებას, რაც, მათ შორის, შეიძლება გულისხმობდეს, როგორც შესაბამისი თანამდებობის პირის აღჭურვას გადაწყვეტილების მიღებისა და მისი აღსრულების კომპეტენციით, ასევე სხვა ორგანოსა თუ პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისა თუ საქმიანობის იმგვარ ფორმას, სადაც ნაკლებია ან სულაც არ არსებობს საჯარო თანამდებობის პირის მიხედულების ფარგლები. შესაბამისად, ცალკეულ საჯარო თანამდებობის პირებს ენიჭებათ იმგვარი საჯარო ფუნქციების შესრულება, რომლებიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებზე. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო ფუნქციების არაჯეროვანი შესრულება, გარდა იმისა, რომ ზიანს აყენებს საჯარო სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას, რიგი თანამდებობების შემთხვევაში, პრაქტიკაში შეიძლება იწვევდეს სხვა დამატებით ზიანს სახელმწიფოსა თუ ინდივიდებისთვის, რაც, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, წარმოშობდეს შეუქცევად, გამოუსწორებელ ზიანს მორალური თუ მატერიალური მნიშვნელობით, დაკავშირებული იყოს დიდ ხარჯებთან და დანაკარგებთან.
41. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ზოგადად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგების თანმდევი საფრთხეების თავისთავადი ხასიათი ნათელს ხდის, საჯარო სამსახურის მხრიდან რისკების თავიდანვე გამოვლენისა და პრევენციის საჭიროებას. ამავდროულად, როგორც აღინიშნა, ხსენებული საფრთხეების გამოვლენისა და პრევენციის მომეტებული საჭიროება არსებობს საჯარო სამსახურში დასაქმებული იმ პირების მიმართ, რომლებიც დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე მონაწილეობენ გადაწყვეტილებათა მიღებაში და აღსრულებაში, ასევე ეკისრებათ საზოგადოებრივი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა თუ საჯარო წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული მოვალეობები, მესამე პირების სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება, რომელთა სამსახურებრივი საქმიანობა დაკავშირებულია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან, ნარკომომხმარებლებთან, არასრულწლოვნებთან ან/და არსებობს კონკრეტულ თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა სათანადო ინტერესები. საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებით მიუღებლად ესახება, რომ ზემოაღნიშნული თანამდებობის პირები მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და საფრთხის წინაშე აყენებდნენ შესასრულებელი ფუნქციების მუდამ ეფექტიანად და ზედმიწევნით განხორციელებას შესაბამისი პასუხისმგებლობით. ამდენად, ნარკოტიკის მოხმარებიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, რიგი საჯარო თანამდებობებისათვის, დაკისრებული ფუნქციების სათანადოდ განხორციელების და, ზოგადად, საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, გამართლებულია სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა. აღნიშნული, თავისთავად, არ გულისხმობს, რომ საქმიანობის ეფექტიანი განხორციელების საჭიროება და დაკისრებული ფუნქციების არასრულყოფილად, არასათანადოდ განხორციელების დაზღვევის რისკი არ იარსებებს იმ საჯარო თანამდებობის პირებთან მიმართებით, რომლებიც უშუალოდ არ არიან ჩართული ზემოთ მითითებული ინტერესების დაცვის საქმეში.
42. ზემოაღნიშნულის მიღმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ცალკეული საჯარო სამსახურის შემთხვევაში, შესასრულებელი სამუშაოს ხასიათის, პირისთვის დაკისრებული ფუნქციების ბუნების გათვალისწინებით, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების თანმდევი რისკების დაზღვევის თვალსაზრისით, საჯარო საქმიანობის შეზღუდვა წარმოადგენდეს უფლებაში ჩარევის გადამეტებულ, არაკონსტიტუციურ საშუალებას. ამასთან, როგორც აღინიშნა, განსხვავებულია თავად სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების თანმდევი ეფექტები და შედეგები, ასევე, მათ მიმართ პირის დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხარისხი. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსხვავებული შეიძლება იყოს ცალკეული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ეფექტი პირის პროდუქტუნარიანობაზე და იმ უნარებზე, რომელიც მას სჭირდება დაკისრებული კონკრეტული ფუნქციების ეფექტიანად შესრულებისთვის. თუმცა ამგვარი კონკრეტული შემთხვევები სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს შესაბამისი სარჩელის საფუძველზე, სადაც საკითხი დაყენებული იქნება კონკრეტული საჯარო თანამდებობასა და კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებასთან მიმართებით, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენისას. ამგვარი დაზუსტებული მოთხოვნა წინამდებარე სარჩელში იდენტიფიცირებული არ ყოფილა. ამდენად, არსებული დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას იმ ვალდებულების წინაშე, რომ შეაფასოს ყოველი ცალკეული ნარკოტიკული საშუალების სიმძიმე და მისი მოხმარებით გამოწვეული მავნე შედეგების ეფექტი პირის პროდუქტუნარიანობაზე და იმ უნარებზე, რომელიც მას სჭირდება დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად შესრულებისთვის, ისევე როგორც, პასუხი გასცეს, თუ კონკრეტულად რომელ თანამდებობასთან მიმართებით იქნება გაუმართლებელი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პირს უარი ეთქვას აღნიშნული თანამდებობის დაკავებაზე. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა (წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-40 და 41-ე პუნქტები), რომ გარკვეული კატეგორიის თანამდებობების შემთხვევაში, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვის თანაზომიერ საშუალებას.
43. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება არ წარმოადგენს არაპროპორციულ ჩარევას საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებასთან მიმართებით და იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს №1618 კონსტიტუციური სარჩელი („მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე