საქართველოს მოქალაქე ავთანდილ ქათამაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/5/743 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 4 აგვისტო 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 აგვისტო 2016 17:54 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი − წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ავთანდილ ქათამაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ დანართი №1-ით განსაზღრული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №743) მომართა საქართველოს მოქალაქე ავთანდილ ქათამაძემ. №743 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2016 წლის 6 აპრილს.
2. №743 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 4 აგვისტოს.
3. №743 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.
4. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე დასაქმებული იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხანაში“, სადაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, 1984 წელს, მიიღო პროფესიული დაავადება დიაგნოზით - მანგანუმის ქრონიკული ინტოქსიკაცია, რის გამოც, გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი, უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება, შრომის უნარი დაკარგა 100%-ით, უვადოდ. მომხდარის გამო, დაზარალებული დამსაქმებლისგან იღებდა ყოველთვიურ სარჩოს.
5. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხანას“, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 31 დეკემბრის №32/5-25 დადგენილებით, შეეცვალა სამართლებრივი ფორმა და დარეგისტრირდა როგორც სააქციო საზოგადოება „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხანა“, შემოკლებით - სს „ფერო“, რომლის აქციათა 51%-ს ფლობდა საქართველოს სახელმწიფო, 48,2%-ს - საქართველოს ქონების მართვის სამინისტრო, ხოლო დარჩენილ 0,8%-ს - მუშათა კოლექტივი. 2006 წლის 13 დეკემბერს, ერთი მხრივ, შპს „ჯორჯიან მანგანეზს“, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს „ფეროს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ შეიძინა სს „ფეროს“ აქტივები, ხოლო პასივები დარჩა სს „ფეროს“.
6. მოსარჩელეს, 2007 წლის პირველი მარტიდან შეუწყდა ყოველთვიური სარჩოს გაცემა. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 ოქტომრის გადაწყვეტილებით, სს „ფეროს“ დაევალა მოსარჩელისთვის სარჩოს ანაზღაურების აღდგენა, მაგრამ სს „ფერომ“, გაკოტრების გამო, სარჩოს გადახდა ვერ გააგრძელა, ხოლო შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ უარი განაცხადა სარჩოს გადახდაზე იმ მოტივით, რომ იგი სს „ფეროს“ სამართალმემკვიდრე არ იყო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის განჩინებით დასრულდა სს „ფეროს“ გაკოტრების საქმისწარმოება. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის 2010 წლის 24 მარტის ჩანაწერის მიხედვით, სს „ფერო“ ლიკვიდირებულია, ხოლო უფლებამონაცვლე არ ჰყავს.
7. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, 2013 წლის 25 მარტს მოსარჩელემ, დახმარების დანიშვნის თხოვნით, განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს. სადავო ნორმაზე დაყრდნობით, იმის გამო, რომ სს „ფერო“ ლიკვიდაციის პროცესში არ იყო სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 4 მარტის №04/17048 წერილობითი პასუხით, მოსარჩელეს უარი ეთქვა დახმარების დანიშვნაზე. სოციალური მომსახურების სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაზიარებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით საქმეზე №3/1136-14, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქმეზე №3ბ/1298-14 და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქმეზე №ბს-165-162(კ-15).
8. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ, ისევე როგორც საერთო სასამართლოებმა არასწორად განმარტეს სადავო ნორმა. იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მის მიერ პროფესიული დაავადების მიღების დროს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხანა“ წარმოადგენდა სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს. შესაბამისად, იგი უნდა მოქცეულიყო სადავო რეგულაციით დადგენილ დახმარების მიმღებ პირთა წრეში. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ სს „ფერო“ ხელახალი რეგისტრაციის შემდეგაც აგრძელებდა იქ დასაქმებული პროფესიული დაავადების მქონე პირებისთვის სარჩოს გადახდას, მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ დროისთვის უკვე აღარ წარმოადგენდა სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს.
9. მოსარჩელის აზრით, ნორმის სასამართლოსეული განმარტების პირობებში სახეზეა დისკრიმინაციული მოპყრობა იმ პირების მიმართ, რომლებსაც პროფესიული დაავადება დაუდგინდათ მაშინ, როდესაც საწარმოს წილების 100%-ის მესაკუთრე იყო სახელმწიფო, ხოლო შემდეგ მოხდა ამ საწარმოს ხელახალი რეგისტრაცია ისე, რომ სახელმწიფო აღარ ფლობდა საწარმოს წილების 100%-ს. საერთო სასამართლოების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ზემოხსენებული პირები არ ექცევიან სადავო ნორმით განსაზღვრულ დახმარების მიმღებ პირთა წრეში.
10. ნორმის დისკრიმინაციულობის მტკიცებისას, მოსარჩელე მხარე პარალელს ავლებს საქართველოს მთავრობის №45 დადგენილებით დამტკიცებულ „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ დანართი №1-ით განსაზღრული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-2, მე-21, მე-22, მე-23, მე-24 და მე-25 პუნქტებზე. საერთო სასამართლოების განმარტებით, აღნიშნული რეგულაციები ადგენს დახმარების გაცემის შესაძლებლობას პროფესიული დაავადების მქონე იმ პირებისთვის, ვინც მუშაობდა აღნიშნული ნორმებით განსაზღვრულ საწარმოებში, მიუხედავად იმისა ეს საწარმოები აკმაყოფილებენ თუ არა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმით დადგენილ მოთხოვნას. ამ საწარმოთა შორის არ არის სს „ფერო“, რაც მოსარჩელის აზრით, წარმოადგენს არსებითად თანასწორ პირობებში მყოფი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი სიტყვები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის როგორც მე-14 მუხლს, ასევე 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რადგან საქმე ეხება სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში დისკრიმინაციას.
12. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლი „უნდა განვიხილოთ როგორც სპეციალური ნორმა, რადგანაც იგი ადგენს თანასწორობას როგორც უმცირესობათა უფლებების დაცვის ერთ-ერთ ფორმას. უმცირესობა არის სახელმწიფოს დანარჩენ მოსახლეზე რიცხობრივად მცირე ჯგუფი, რომელსაც არ უკავია გაბატონებული პოზიცია და რომლის წევრებს ახასიათებთ ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ნიშნები, რომლებიც მათ სხვებისაგან განასხვავებს და გამოხატავს საკუთარი კულტურის, ტრადიციების, რელიგიის ან ენის შენარჩუნებისაკენ მიმართულ სოლიდარობის გრძნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის №2/8/366 განჩინება, 4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის N2/1/522 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). №743 კონსტიტუციურ სარჩელში მოცემული არგუმენტაციიდან არ იკვეთება, რომ სადავო ნორმები მიმართულია უმცირესობის უფლებების შეზღუდვისკენ ან/და მოსარჩელე მიეკუთვნება კონსტიტუციის 38-ე მუხლში მითითებულ რომელიმე უმცირესობას. მოსარჩელე აღნიშნულთან დაკავშირებით საერთოდ არ უთითებს რაიმე სახის არგუმენტაციას.
4. შესაბამისად, №743 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ დანართი №1-ით განსაზღრული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №743 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის, 22–ე, 30-ე, 31-ე და 32-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №743 (საქართველოს მოქალაქე ავთანდილ ქათამაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ დანართი №1-ით განსაზღრული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №743 (საქართველოს მოქალაქე ავთანდილ ქათამაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ დანართი №1-ით განსაზღვრული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი