მარიამ გოგვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1664 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | მარიამ გოგვაძე |
თარიღი | 8 დეკემბერი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი: „ნოტარიუსები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადებით ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული ნოტარიუსის შემცვლელი პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგნენ თანამდებობიდან/გაუვიდათ ნოტარიუსის შემცვლელ პირად ყოფნის ვადა და რომელთათვისაც ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს, უფლებამოსილი არიან ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მიმართონ საქართველოს იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადებით. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი დაინიშნებიან ნოტარიუსის თანამდებობაზე და განახორციელებენ სანოტარო საქმიანობას.“ ის ნორმატიული შინაარსი, რაც ითვალისწინებს იმ პირების ნოტარიუსად დანიშვნას, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგნენ ნოტარიუსის თანამდებობიდან | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლებ
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
სარჩელს თან ერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2003 წლის 18 თებერვლის №17 მოწმობა, რაც ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელე მარიამ გოგვაძემ 2003 წლის 15 თებერვალს ჩააბარა ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და მოგროვა 91 ქულა (იხილეთ დანართი). სარჩელს ასევე ერთვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 01 სექტემბერის №139 ბრძანება, რომლითაც მარიამ გოგვაძე 2003 წლის 1 სექტემბრიდან დაინიშნა ქალაქ თბილისის ნაძალადევის რაიონის ნოტარიუსად (იხილეთ დანართი). სარჩელს თან ერთვის მოსარჩელე მარიამ გოგვაძის 2010 წლის 29 აპრილის განცხადება, რომლითაც საქართველოს იუსტიციის მაშინდელ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს მარიამ გოგვაძე თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს (იხილეთ დანართი). სარჩელს თან ერთვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის 2010 წლის 04 მაისის №42 ბრძანება, სადაც აღნიშნულია: „ნოტარიუსი მარიამ გოგვაძე 2010 წლის 4 მაისიდან გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, შეუწყდეს ნოტარიუსის უფლებამოსილება და ამოირიცხოს საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრიდან.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. „ნოტარიუსები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადებით ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული ნოტარიუსის შემცვლელი პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგნენ თანამდებობიდან/გაუვიდათ ნოტარიუსის შემცვლელ პირად ყოფნის ვადა და რომელთათვისაც ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს, უფლებამოსილი არიან ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მიმართონ საქართველოს იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადებით. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი დაინიშნებიან ნოტარიუსის თანამდებობაზე და განახორციელებენ სანოტარო საქმიანობას.“ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სადავო ნორმა „ნოტარიატის შესახებ“ კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდა 2010 წლის 1 აპრილს.
ამგვარად, სადავო ნორმამ დაადგინა, რომ ნოტარიუსი, რომელმაც კანონის ამოქმედებამდე 2 წლის განმავლობაში გადადგა თანამდებობიდან, აქვს შესაძლებლობა კანონის ამოქმედების შემდეგ, მიმართოს იუსტიციის მინისტრს და მოითხოვოს ნოტარიუსის თანამდებობაზე დაბრუნება. „ნოტარიატის შესახებ“ კანონის აღნიშნული ნორმა ამოქმედდა 2010 წლის პირველ აპრილს. ეს ნიშნავს იმას, რომ იმისათვის, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესით პირმა დაიკავოს ნოტარიუსის თანამდებობა, ამისათვის მას 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე დატოვებული უნდა ჰქონდეს ნოტარიუსის თანამდებობა. ასეთ პირს, 2010 წლის აპრილიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, სანამ ეს ნორმა ძალაში იქნება, წარმოეშვა უფლება, მიმართოს იუსტიციის მინისტრს და ხელახლა მოითხოვოს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავება. იუსტიციის მინისტრი დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, თუ პირი პასუხობს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები კი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 17 მაისის №3109 წერილის (იხილეთ დანართის სახით) მიხედვით, არის „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები: „ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.“
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 17 მაისის №3109 წერილში ასევე აღნიშნულია: „ნოტარიუსობის მსურველი პირი განცხადებითა და თანდართული დოკუმენტებით (პირადობის მოწმობის ასლი, CV, დიპლომის ასლი, ნასამართლობის შესახებ ცნობა, გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატი, სტაჟირების გავლის სერტიფიკატი ან სპეციალობით მუშაობის დამადასტურებელი ცნობა) მიმართავს იუსტიციის მინისტრს ნოტარიუსად დანიშვნის შესახებ. კონკურსი ტარდება ზეპირი გასაუბრების ფორმით, ნოტარიუსობის კანდიდატის მიერ ნოტარიუსის თანამდებობაზე დასანიშნად იუსტიციის მინისტრისათვის მიმართვიდან 4 თვის ვადაში.“
ასევე აღსანიშნავია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2021 წლის 03 აგვისტოს №10205 წერილი, საიდანაც ირკვევა: „ნოტარიატის შესახებ 2009 წლის 4 დეკემბრის საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, მინისტრის 2010 წლის ბრძანებით ნოტარიუსად ჩაითვალა 9 ნოტარიუსის შემცვლელი პირი. ამასთან აღვნიშნავთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში“ მოიძებნა ინფორმაცია ერთი ნოტარიუსის შესახებ, რომელიც კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგა (პირადი განცხადებით) თანამდებობიდან და შემდეგ, „ნოტარიუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა ნოტარიუსის თანამდებობაზე.“
მოსარჩელეზე არ ვრცელდება სადავო ნორმით, ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების გამარტივებული წესი, ვინაიდან მოსარჩელემ არა 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე, პირადი განცხადების საფუძველზე, დატოვა ნოტარიუსის თანამდებობა, არამედ ეს გააკეთა 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ. მოსარჩელემ 2010 წლის 29 აპრილს შეადგინა პირადი განცხადება თანამდებობის დატოვების თაობაზე, ხოლო, პირადი განცხადების საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა 2010 წლის 4 მაისს. მოსარჩელეს, ერთი თვით ადრე, 2010 წლის მარტის თვეში, რომ დაეტოვებინა თანამდებობა, სადავო ნორმის საფუძველზე, მას ექნებოდა თანამდებობაზე დაბრუნების შესაძლებლობა. ამის მიუხედავად, 2010 წლის პირველმა აპრილმა, როგორც წყალგამყოფმა თარიღმა, გამორიცხა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, რაც აღნიშნული კანონით არის გათვალისწინებული, გათავისუფლებული პირის ნოტარიუსის თანამდებობაზე დაბრუნების შესაძლებლობა. ამის გამო, მოსარჩელე, რომელიც, პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა ნოტარიუსის თანამდებობიდან 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ, არახელსაყრელ მდგომარეობაში არის ჩაყენებული იმ პირებთან შედარებით, რომლებიც ნოტარიუსის თანამდებობიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდნენ 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე. ამგვარად სადავო ნორმამ უშუალოდ შეზღუდა მოსარჩელის თანასწორობის უფლება.
მოსარჩელე, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილია, იდავოს გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურობაზე.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) დავის საგანს წარმოადგენს საკანონმდებლო ნორმატიული აქტი, შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია იერარქიულად მაღალი ნორმატიული აქტის გასაჩივრების გარეშე
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1) მოსარჩელის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება
როგორც აღინიშნა, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმა ძალაში შევიდა 2010 წლის 1 აპრილს. სწორედ ეს გახდა წყალგამყოფი თარიღი, რამაც გამოიწვია დიფერენცირება, ერთი მხრივ, იმ ნოტარიუსებს, რომლებმაც თანამდებობა, პირადი განცხადების საფუძველზე, დატოვეს 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე, მეორე მხრივ, იმ ნოტარიუსებს შორის, რომლებმაც თანამდებობა, პირადი განცხადების საფუძველზე, დატოვეს 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ.
2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე, პირადი განცხადების საფუძველზე, თანამდებობიდან წასულ პირებს, ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად მოეთხოვებათ მხოლოდ იმის დამტკიცება, რომ აკმაყოფილებენ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები დადგენილია „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლით. ამ ნორმის თანახმად, იუსტიციის მინისტრი, 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე გადამდგარი ნოტარიუსის ხელახლა თანამდებობაზე დანიშვნისას, ამოწმებს შემდეგ გარემოებებს: აქვს თუ არა ნოტარიუსად ხელახლა დასანიშნ პირს საქართველოს მოქალაქეობა, არის თუ არა ქმედუნარიანი, აქვს თუ არა უმაღლესი განათლება, მუშაობდა თუ არა და რა პერიოდში მუშაობდა პირი ნოტარიუსად.
ამასთან ასეთი პირის ნოტარიუსად დანიშვნისას, იუსტიციის მინისტრი ამოწმებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ გარემოებებს: 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე ნოტარიუსის თანამდებობიდან, პირადი განცხადებით, გადამდგარი პირი არის თუ არა განზრახ დანაშაულისათვის ნასამართლევი ან ხომ არ მიმდინარეობს განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი დევნა, ნასამართლევია თუ არა აღნიშნული პირი სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისათვის. სანოტარო დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ეს პირი არ დაინიშნება თანამდებობაზე, თუნდაც ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდეს. ასევე აღნიშნული პირი არ უნდა იყოს გარიცხული ადვოკატთა ასოციაციიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევის გამო. იუსტიციის მინისტრი ვერ დანიშნავს 2010 წლის 1 აპრილამდე თანამდებობიდან გადამდგარ ნოტარიუსს ხელახლა აღნიშნულ თანამდებობაზე, თუ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით აკრძალული აქვს სანოტარო საქმიანობის განხორციელება, შევსებულია მოცემული წლისათვის იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალური რაოდენობის შესაბამისად ან ნოტარიუსად დანიშნული პირი უარს ამბობს მაღალმთიან რეგიონში გადასვლაზე.
ერთადერთი, რისი გაკეთებაც არ მოეთხოვებათ 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე თანამდებობიდან გადამდგარ ნოტარიუსებს აღნიშნული თანამდებობის დასაბრუნებლად, ეს არის „ნოტარიუსთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებაა. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა (ტესტირება) მოიცავს ორ ეტაპს – პროფესიულ ნაწილსა და ზოგად უნარ-ჩვევებს (ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებს). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად პირი საკვალიფიკაციო გამოცდებს აბარებდა ძველი, 1996 წლის 3 მაისის „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტითაც. მოქმედი, 2009 წლის 4 დეკემბრის კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მეორე გვერდიდან (განმარტებითი ბარათი იხილეთ დანართის სახით) ირკვევა: „ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პროცესის ახლებური რეგულირებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული საკითხების გადახედვის აუცილებლობის საკითხი. პროექტის შესაბამისად, ნოტარიუსობის მსურველ პირს თანამდებობის დასაკავებლად მოუწევს საკვალიფიკაციო გამოცდის (ტესტირები) გავლა, რომელიც შედგება ორი ეტაპისაგან - პროფესიული ნაწილისა და ზოგადი უნარ-ჩვევებისაგან (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი).“
ამგვარად, ადრე მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებით, 2009 წლის 4 დეკემბრის კანონით, ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად, პროფესიულ ტესტებთან ერთად, ნოტარიუსებმა უნდა ჩააბარონ ზოგადი უნარ-ჩვევების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი) ტესტები. „ნოტარიატის შესახებ“ 2009 წლის 4 დეკემბრის კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-11 მუხლის მიზნებისათვის (ეს ნორმა ადგენს ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს ) ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში იგულისხმება გამოცდა, რომელიც ჩატარდება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ამავე კანონის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.“ ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, „ნოტარიატის შესახებ“ 2009 წლის 4 დეკემბრის კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტი ძალაში შედის 2010 წლის 1 აპრილიდან. ამგვარად, პროფესიული და ზოგადი უნარების ტესტის ჩატარება ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველ პირს მოეთხოვება 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ. ხოლო ნოტარიუსს, რომელიც 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე გადადგა თანამდებობიდან, პროფესიაში დასაბრუნებლად, არ მოეთხოვება ამ გამოცდის ჩაბარება. ასეთ შემთხვევაში ნოტარიუსი თანამდებობაზე ბრუნდება 1996 წლის 3 მაისის კანონის საფუძველზე ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდების საფუძველზე. 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე თანამდებობიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, გადამდგარ ნოტარიუსს, 2010 წლის 1 აპრილიდან, სავალდებულო პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი) ჩაბარების ვალდებულება არ ეკისრება.
2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე თანამდებობიდან გადამდგარი ნოტარიუსებისაგან განსხვავებით, პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტების ჩაბარების ვალდებულება ეკისრებათ იმ ნოტარიუსებს, რომლებმაც 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ დატოვეს თანამდებობა, იმისათვის რომ ამ ჯგუფს მიკუთვნებული პირები დაბრუნდნენ პროფესიაში. ამგვარად, სადავო ნორმა, რომელიც 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე თანამდებობიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, გადამდგარ ნოტარიუსებს. თანამდებობაზე დასაბრუნებლად, ათავისუფლებს გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან, ხოლო ამ გამოცდის ჩაბარების ვალდებულებას აკისრებს 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ თანამდებობიდან გადამდგარ ნოტარიუსს, ამით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელესა და მის მდგომარეობაში მყოფ ყველა იმ პირს. ამის შემდეგ უნდა დავადგინოთ, რამდენად არიან არსებითად თანასწორი შესადარებელი პირები - ერთი მხრივ, ის ნოტარიუსები, რომლებმაც 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე დატოვეს თანამდებობა, მეორე მხრივ, ნოტარიუსები, რომლებმაც ეს თანამდებობა დატოვეს 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ.
2) შესადარებელი ჯგუფების არსებითი თანასწორობა
პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ, როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-19).
საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავება, თავისი შინაარსით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით განმტკიცებული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების პრაქტიკულ რეალიზაციას წარმოადგენს. „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი, ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. ამავე კანონის მე-14 მუხლი განსაზღვრავს ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის საფუძვლებს. სადავო ნორმა კი ადგენს, რომ ნოტარიუსის თანამდებობაზე არ განწესდება პირი, რომელიც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება N2/5/556 საქმეზე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-7).
კანონმდებელი ვალდებულია, რომ ნოტარიუსის თანამდებობასთან დაკავშირებული საკითხები კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად დაარეგულიროს და არ დაუშვას თანასწორი პირების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ან პირიქით (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება N2/5/556 საქმეზე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-18).
პირველ რიგში, უნდა ითქვას ის, რომ შესადარებელი ჯგუფები არიან არსებითად თანასწორები, ვინაიდან ორივე ჯგუფში შემავალი პირები ეწეოდნენ სრულფასოვანსანოტარო საქმიანობას განსაზღვრული დროის მანძილზე, შესადარებელმა პირებს აქვთ სანოტარო საქმიანობის განხორციელების ერთნაირი კომპეტენცია, ცოდნა და გამოცდილება, ორივე ჯგუფის წარმომადგენლებმა ნოტარიუსის თანამდებობა დაიკავეს 1996 წლის 3 მაისის „ნოტარიატის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო გამოცდის საფუძველზე, შესაბამისად, შესადარებელ პირებს აქვთ თანაბარი სამართლებრივი ინტერესი, დაუბრუნდნენ ნოტარიუსის პროფესიას. ამის საწინააღმდეგოდ, სადავო ნორმა ათავისუფლებს დამატებითი პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისაგან იმ პირებს, რომლებმაც ნოტარიუსის თანამდებობა დატოვეს 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე. ნოტარიუსებმა, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ, ეკისრებათ პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტის ჩაბარების ვალდებულება.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 20 სექტემბრის N2/4/1365 გადაწყვეტილებაში საქმეზე ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების 32-ე პუნქტში განაცხადა: „სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება არ მოითხოვს სხვადასხვა დროს მოქმედ სამართლებრივ მოწესრიგებებს შორის თანასწორობას. სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ცვლილება, ახალი მოწესრიგების შექმნა ან ძველის გაუქმება საკანონმდებლო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ბუნებრივია, იცვლება პირთა სამართლებრივი მდგომარეობა. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, გარკვეული დროის შემდეგ შეცვალოს ესა თუ ის ნორმატიული აქტი და ახლებურად მოაწესრიგოს სამართლებრივი ურთიერთობები.“
სადავო ნორმა, მართალია, ნოტარიუსის თანამდებობის დასაბრუნებლად, დროის თვალსაზრისით, პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევების ჩაბარების ვალდებულებისაგან ათავისუფლებს პირებს, რომლებმაც 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე დატოვეს ნოტარიუსის თანამდებობა, თუმცა სადავო ნორმით დადგენილი შეღავათი არ შემოიფარგლება დროის განსაზღვრული პერიოდით. სადავო ნორმით დადგენილმა პრივილეგიამ მოქმედება დაიწყო 2010 წლის 1 აპრილიდან და ძალაშია დღემდე. ამ დრომდე არ მომხდარა ამ რეგულაციის გაუქმება. სადავო ნორმით დადგენილი შეღავათი აგრძელებს მოქმედებას, რაც გულისხმობს იმას, რომ დღესაც, შესაძლებელია არსებობდეს ისეთი პირი, რომელმაც 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე დატოვა ნოტარიუსის თანამდებობა და ასეთ პირს, სადავო ნორმა აძლევს შესაძლებლობას, 2021 წელს იუსტიციის მინისტრს მოსთხოვოს ნოტარიუსის თანამდებობაზე დაბრუნება პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდების ჩაბარების გარეშე. ეს იმ დროს, როდესაც ის პირები, რომლებმაც ნოტარიუსის თანამდებობა დატოვეს 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ, 2021 წელს ვერ მოითხოვენ ნოტარიუსის თანამდებობის დაბრუნებას დამატებით პროფესიული და ზოგადი უნარების ტესტების ჩაბარების გარეშე. ბადრი ბეჟანიძის საქმეში საკონსტიტუციო სასამართლო საუბრობს იმაზე, რომ დიფერენციაციად არ შეიძლება მიჩნეული იქნას შემთხვევა, როცა კანონის ცვლილებით განსხვავებული სამართლებრივი შედეგები დგება ადამიანთა ორ ჯგუფს შორის იმის გამო, რომ ერთ ჯგუფზე ეს კანონი გავრცელდა ცვლილებამდე, ხოლო მეორე ჯგუფზე ცვლილების შედეგად.
ამ შემთხვევებისაგან განსხვავებით, სადავო ნორმა პირთა განსაზღვრული ჯგუფის მიმართ მოქმედებას აგრძელებს 2010 წლის 1 აპრილიდან დღევანდელ დღემდე, განუსაზღვრელი ვადით. სადავო ნორმა ფარავს დროის იმ პერიოდსაც, როცა სადავო ნორმაში დასახელებულ პირთა ჯგუფთან არსებითად თანასწორ სხვა სუბიექტებს არა აქვთ სადავო ნორმაში მითითებული შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას.
ეს საქმე ჰგავს ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის N3/6/642 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ამ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 77-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელიც, პირადი განცხადების საფუძველზე, გადადგებოდა 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე, უნარჩუნდებოდა ხელფასი სრული ოდენობით იმ ვადით, რა ვადითაც უნდა შეესრულებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელიც პირადი განცხადების საფუძველზე, გადადგებოდა, 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ, ენიშნებოდა უფრო მცირე სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით, ვიდრე 2005 წლის პირველი იანვრიდან 2006 წლის პირველ იანვრამდე გადამდგარ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს (ლალი ლაზარაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების პირველი თავის მე-4 პუნქტი). ამ საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენდა პირი, რომელსაც 2010 წლის 12 ნოემბრის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეუწყდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, პირადი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. ამის მიუხედავად, არ დაენიშნა ხელფასის ოდენობის სახელმწიფო კომპენსაცია იმის გამო, რომ მოსამართლის თანამდებობა, პირადი განცხადების საფუძველზე არ დატოვა 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვარამდე (ლალი ლაზარაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების პირველი თავის მე-6 პუნქტი)
ლალი ლაზარაშვილის საქმის მსგავსად, ამ საქმეშიც სახეზეა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადამდგარი პირთა ორი ჯგუფი. როგორც ლალი ლაზარიშვილის საქმეში, ამ საქმეშიც კანონმდებელი ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს უფრო ადრე, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან წასულ პირთა ჯგუფს. ლალი ლაზარაშვილის საქმეში პირთა ჯგუფები, რომლებმაც სხვადასხვა დროს დატოვეს თანამდებობები მიჩნეული იქნენ არსებითად თანასწორად. საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 10 ნოემბრის N3/6/642 გადაწყვეტილების მეორე თავის მე-6 პუნქტში განაცხადა: „განსახილველ საქმეში მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე დიფერენცირება რამდენიმე შესადარებელ ჯგუფს შორის ხორციელდება … (ბ) ერთი მხრივ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომელთაც პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდათ უფლებამოსილება 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდში და, მეორე მხრივ, უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლეები, რომელთაც ნებისმიერ სხვა დროს შეუწყდათ უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე.“ ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის მე-8 პუნქტში აღნიშნულია: „საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს გარემოებას, რომლის გამოც შეიძლება სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნებთან მიმართებით, პირადი განცხადების საფუძველზე, მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტი ან/და თარიღი გამორიცხავდეს სხვა ყოფილ მოსამართლეებთან მათ არსებითად თანასწორებად მიჩნევას. შესაბამისად, განსახილველ საქმეში გამოყოფილი შესადარებელი ჯგუფები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს.“
ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის მე-9 პუნქტში აღნიშნულია: „გამომდინარე იქიდან, რომ სადავო ნორმების თანახმად, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის, საპენსიო ასაკის მიღწევისა და 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საკუთარი სურვილით უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტისას უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები სარგებლობენ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით, ხოლო ამავე უფლებით სარგებლობას მოკლებული არიან მოსამართლეები, რომელთაც ნებისმიერ სხვა პერიოდში პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდათ მოსამართლის უფლებამოსილება, სახეზეა სადავო ნორმებით დადგენილი არსებითად თანასწორ პირთა შორის დიფერენცირებული მოპყრობა.“
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 11 აპრილის N1/2/569 საქმეზე დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-7 პუნქტში მიუთითა: „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით, საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.”
ამგვარად, ნოტარიუსის უფლებამოსილების შეწყვეტის თარიღის მიუხედავად, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი ინტერესი დაიბრუნოს აღნიშნული თანამდებობა, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია შეუქმნას მოქალაქეებს თანაბარი პირობები ამ თანამდებობაზე დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ამგვარად, პირები რომელებმაც, პირადი განცხადების საფუძველზე, 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე დატოვეს ნოტარიუსის თანამდებობა, არიან არსებითად თანასწორნი იმ პირებთან, რომლებმაც 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ, პირადი განცხადების საფუძველზე, დატოვეს ნოტარიუსის თანამდებობა. ამასთან სადავო ნორმამ პირთა ეს ორი ჯგუფი ჩააყენა განსხვავებულ მდგომარეობაში: პირებმა რომლებმაც 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე დატოვეს ნოტარიუსის თანამდებობა, აქვთ შესაძლებლობა ეს თანამდებობა დაიბრუნონ პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტის ჩაბარების გარეშე, მაშინ როცა 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ, თანამდებობიდან გადამდგარ ნოტარიუსებს ევალებათ ამ გამოცდის ჩაბარება.
არსებითი თანასწორობის ნაწილში შესადარებელი ჯგუფების მსგავსების მიუხედავად, ეს საქმე განსხვავდება ლალი ლაზარაშვილის საქმისაგან სასარჩელო მოთხოვნის შინაარსთან დაკავშირებით. თუ ლალი ლაზარაშვილის საქმეში მოსარჩელე ითხოვდა შეღავათის მასზე გავრცელებას და ამით პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებულ პირებთან გათანაბრებას (ამის გამო ლალი ლაზარაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა), ამ საქმეში მოსარჩელე არ ითხოვს იმას, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მასზე გავრცელდეს სადავო ნორმით დადგენილი შეღავათი. მოსარჩელე ითხოვს იმას, რომ 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ ნოტარიუსებს ჩამოერთვათ პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდის გარეშე დაკავების შესაძლებლობა და ამით, ამ კატეგორიის პირები აღმოჩნდნენ მოსარჩელის თანაბარ მდგომარეობაში. ლალი ლაზარაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო არ არის პოზიტიური კანონმდებელი, ის მოკლებული იქნება სადავო ნორმით დადგენილი შეღავათის მოსარჩელეზე და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებზე გავრცელების შესაძლებლობას.
ამგვარად შესადარებელი ჯგუფები არიან არსებითად თანასწორნი, მათ მიმართ განხორციელდა არათანაბარი მოპყრობა. გასარკვევი რჩება საკითხი იმასთან დაკავშირებით, რამდენად გამართლებულია აღნიშნული მოპყრობა კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით.
3) შეფასების ტესტი
არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენება, თავისთავად, არ იწვევს თანასწორობის უფლების დარღვევას. რიგ შემთხვევებში შესაძლოა დიფერენცირება კონსტიტუციურსამართლებრივად გამართლებული იყოს. ამავე დროს, დიფერენცირებულად მოპყრობის კონსტიტუციურობის შეფასების მეთოდი განსხვავებული შეიძლება იყოს თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/603 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8). ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, დიფერენცირების ნიშნის ან მისი ინტენსივობის გათვალისწინებით, ხომ არ არის სახეზე მკაცრი ტესტის გამოყენების საფუძველი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება N2/9/810,927 საქმეზე გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ II-17).
„მკაცრი შეფასების ტესტს სასამართლო იყენებს „კლასიკური, სპეციფიკური“ ნიშნებით დიფერენციაციისას და ასეთ შემთხვევებში ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის დაცვით. მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს ასევე დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით... თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, სასამართლო გამოიყენებს მკაცრ ტესტს, ხოლო ინტენსივობის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში - „რაციონალური დიფერენციაციის ტესტს“ (რაციონალური საფუძვლით შემოწმების ტესტი) (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/1/539 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია, გაირკვეს სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება ემყარება თუ არა კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე ნიშანს ან ხომ არ არის მაღალი ინტენსივობის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/11/629,652 საქმეზე როინ გავაშელიშვილი და ვალერიანე მიგინეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ II-16).
შეზღუდვა უკავშირდება კონკრეტულ დროს და არა კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კლასიკურ ნიშნებს, შესაბამისად, უნდა შემოწმდეს დიფერენცირების ინტენსოვობა და აღნიშნულის მიხედვით გადაწყყდეს, თუ რომელი ტესტით უნდა შეფასდეს უთანასწორო მოპყრობის კონსტიტუციურობა (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/11/629,652 საქმეზე როინ გავაშელიშვილი და ვალერიანე მიგინეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ II-17).
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში იმყოფებიან ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს ამ უკანასკნელთ კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებიდან“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის N1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პირს, რომელმაც, 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ, პირადი განცხადების საფუძველზე, დატოვა ნოტარიუსის თანამდებობა, არ ეკრძალება ამ პროფესიაში დაბრუნება. ამისათვის აღნიშნულმა პირმა უნდა დააკმაყოფილოს კანონით დადგენილი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის მოთხოვნები. ასეთი მოთხოვნები წარედგინება იმ პირსაც, რომელმაც 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა ნოტარიუსის თანამდებობა. ორივე შესადარებელი ჯგუფის წარმომადგენელმა უნდა დააკმაყოფილოს ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა: უმაღლესი განათლების ქონა, ქმედუნარიანობა, ნოტარიუსად მუშაობის სტაჟი, ნასამართლობის არქონა, ადვოკატთა ასოციაციიდან დისციპლინური გადაცდომის გამო გარიცხვის ფაქტის არარსებობა, საქართველოს მოქალაქეობა. ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად და შესაბამისად, ამ საზოგადოებრივ ურთიერთობაში თანაბარი მონაწილეობისაგან შესადარებელ პირებს აშორებს მხოლოდ ერთი ბარიერი: 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე ნოტარიუსის თანამდებობიდან გადამდგარ პირებს, პროფესიაში დასაბრუნებლად, არ მოეთხოვებათ პროფესიული და ზოგადი უნარების ტესტის ჩაბარება, მაშინ როცა ამგვარი მოთხოვნა წარედგინებათ 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ ნოტარიუსის თანამდებობიდან, პირადი განცხადებით წასულ პირებს. ეს ერთი ბარიერი - პროფესიული და ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება - მართალია მოითხოვს დიდი ძალისხმევის გაწევას და დროის ხარჯვას, ამის მიუხედავად, არ არის გადაულახავი არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებული ნოტარიუსობის მსურველი პირებისათვის. ამ ერთი ბარიერის დაწესება პირთა მხოლოდ ერთი ჯგუფისათვის, არ გამორიცხავს ამ ბარიერის გადალახვის და საზოგადოებრივ ურთიერთობაში თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობას. შესაბამისად, ამით დიფერენცირების ინტესოვობაც მცირდება.
სადავო ნორმა წარმოადგენს დამატებით ტვირთს, რომელიც ეკისრება ნოტარიუსობის მაძიებელთა მხოლოდ ერთ ჯგუფს, თუმცა ეს რეგულაცია არსებითად არ აშორებს ნოტარიუსობის მაძიებელთა ამ ჯგუფს მეორე ჯგუფისგან ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებისგან თანაბარი შესაძლებლობების უგულებელყოფით... „ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიჩნევს, რომ დიფერენციაციის ინტენსივობა იმდენად მაღალია, რომ მკვეთრად აშორებს პირებს კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების თანაბარი შესაძლებლობებისგან. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით არსებული დიფერენცირება უნდა შეფასდეს რაციონალური დიფერენციაციის ტესტით.“ (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება N3/1/659 საქმეზე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავი 61-ე პუნქტი).
შესაბამისად, დიფერენცირების ინტენსივობა შესადარებლ ჯგუფებს შორის არის დაბალი და გამოყენებული უნდა იქნეს რაციონალური დიფერენცირების ტესტი: „დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლებისათვის საჭიროა, სადავო ნორმამ დააკმაყოფილოს რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთება, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
4) ლეგიტიმური მიზანი და დიფერენცირების გამოსადეგობა
საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 12 სექტემბერს მიღებულ N2/3/540 გადაწყვეტილებაში საქმეზე ოგანეს დარბინიანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის 24-ე პუნქტში განაცხადა: „ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დადგინდეს ის ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომლის მიღწევასაც უკავშირდება შეზღუდვა. ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია.“
მოსარჩელე მხარე თვალს ვერ დახუჭავს იმ ფაქტზე, რომ 2009 წლის 4 დეკემბერის „ნოტარიატის შესახებ“ კანონი იყო ამ სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგი. ამ კანონის მნიშვნელოვან ნოვაციას, როგორც ეს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც ჩანს, წარმოადგენს ნოტარიუსობის მსურველი პირების საკვალიფიკაციო გამოცდების თვისობრივი რეფორმირება. ნოტარიუსად საქმიანობის დასაწყებად აღარ იყო საკმარისი მხოლოდ კერძო სამართლის კარგი ცოდნა. ადრე მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებით, პარლამენტმა დამატებით აუცილებლად მიიჩნია, რომ ნოტარიუსობის მსურველ პირს ჰქონოდა მათემატიკური უნარებიც. სწორედ ამიტომ კანონმდებელმა ნოტარიუსობის მაძიებლ პირს პროფესიულთან ერთად, ზოგადი უნარ-ჩვევების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი) ჩაბარების ვალდებულებაც დააკისრა. ეს იყო სფეროს რეფორმირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში, საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში რეფორმების გატარება ყოველთვის მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნად მიიჩნეოდა. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ 2007 წლის 26 ოქტომბერს მიღებული N2/2-389 გადაწყვეტილების მეორე თავის მე-7 პუნქტში აღნიშნა: „სადავო ნორმების არსებობა გამოწვეული იყო იმით, რომ ისინი უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატებული განხორციელების ერთერთ წინაპირობას წარმოადგენდნენ. რეფორმის გატარება არის ლეგიტიმური მიზანი, რაც ამოძრავებდა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს და საქართველოს პრეზიდენტს გასაჩივრებული ნორმების მიღებისას.“ აღნიშნული რეფორმა საბოლოო ჯამში ემსახურებოდა მოქალაქეებისათვის ხარისხიანი და კვალიფიციური სანოტარო მომსახურებით უზრუნველყოფას.
რეფორმების კონტექსტში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილების მეორე თავის მე-17 პუნქტში განაცხადა: „სახელმწიფოს მხრიდან ახალი პოლიტიკის განხორციელებას, როგორც წესი, თან სდევს რეფორმები, რომლებიც ხშირად მტკივნეულად აისახება საზოგადოებაზე ან მის ნაწილზე. სახელმწიფო ვალდებულია, რეფორმა ისე გაატაროს, რომ მისი თანმხლები უარყოფითი ეფექტი შეამციროს მინიმუმამდე.“ ბიჭიკო ჭონქაძის საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მე-2 თავის მე-18 პუნქტის მიხედვით, რეფორმის განხორციელების მიზნით დიფერენცირების არსებობის შემთხვევაში, გამართლებულია პირთა იმ ჯგუფის ხელსაყრელ ვითარებაში ჩაყენება, რომლებსაც რეფორმამდე არსებული სიკეთის შენარჩუნების მომეტებული ინტერესი აქვთ.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტების ჩაბარების ვალდებულება ძალაში შევიდა 2010 წლის 1 აპრილიდან „ნოტარიატის შესახებ“ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის და 58-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. სწორედ 2010 წლის 1 აპრილიდან წარმოიშვა ორეტაპიანი ტესტების ჩაბარების ვალდებულება. ცხადია, ამ რეფორმის განხორციელებისას, სახელმწიფოს ჰქონდა კონსტიტუციური უფლებამოსილება, ამ ტესტების ჩაბარების ვალდებულებისაგან გაეთავისუფლებინა პირთა ის ჯგუფი, ვისაც ჰქონდა სანოტარო საქმიანობის განხორციელების გონივრული მოლოდინი ამგვარი გამოცდების ჩაბარების გარეშე. ჰქონდათ თუ არა 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე ნოტარიუსის თანამდებობიდან წასულ პირებს, ნოტარიუსის თანამდებობის დაბრუნების გონივრული მოლოდინი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შემთხვევაში, გავარკვევთ, რამდენად არსებობს რაციონალური კავშირი დიფერენცირების მიზეზსა და მის შედეგს შორის.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ლეგიტიმური მოლოდინი - გაეგრძელებინათ სანოტარო საქმიანობა - დამატებითი გამოცდების გარეშე, ჰქონდათ იმ ნოტარიუსებს ან მათ შემცვლელ პირებს, რომლებიც კანონის ამოქმედების მომენტში, 2010 წლის 1 აპრილს, ასრულებდნენ ნოტარიუსის მოვალეობას. ნოტარიუსის მოვალეობის გასაგრძელებლად ასეთი პირებისათვის ტესტების ჩაბარების დავალდებულება, ხოლო მისი ჩაუბარებლობის ან არადამაკმაყოფილებელი ქულის მიღების შემთხვევაში, სანოტარო უფლებამოსილების შეწყვეტა, იქნებოდა თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით ყოფნის გონივრული მოლოდინის დარღვევა და უფლებაში მძიმე ფორმით ჩარევა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ სასამართლომ 2014 წლის 11 აპრილის N1/2/569 საქმეზე დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 31-ე პუნქტში განაცხადა: „სტაბილურობა, სახელმწიფო თანამდებობის პირების საქმიანობის დამოუკიდებლობის აუცილებელი პირობაა, ხოლო უფლებამოსილების განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით განხორციელება, საქმიანობის სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი არსებითი კომპონენტია.“ ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის 33-ე პუნქტის თანახმად, „განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით სახელმწიფო თანამდებობაზე განწესება მოქალაქეს უჩენს ლეგიტიმურ მოლოდინს, რომ იგი ამ თანამდებობაზე საქმიანობას განახორციელებს უფლებამოსილების ვადით - განსაზღვრული ვადით ან - უვადოდ. შესაბამისად, კანონით განსაზღვრული ვადის ფარგლებში საქმიანობის განხორციელების უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში, იმგვარად, რომ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს სახელმწიფო თანამდებობის პირთა ლეგიტიმური მოლოდინები და არ შეირყეს მათი ნდობა არსებული კანონმდებლობის მიმართ.“
პირი ნოტარიუსის თანამდებობაზე ინიშნება უვადოდ, უფრო კონკრეტულად კი საპენსიო ასაკის მიღწევამდე. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 65 წელი. იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია, ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე, გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით. ამგვარად, ნოტარიუსებს, რომლებიც 2010 წლის 1 აპრილამდე დაინიშნენ, მანამდე მოქმედი საკვალიფიკაციო გამოცდების საფუძველზე, ჰქონდათ ლეგიტიმური მოლოდინი, 65 ან 70 წლის ასაკის მიღწევამდე შეენარჩუნებინათ ეს თანამდებობა, ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტების ჩაბარების მოთხოვნის შესრულების გარეშე. ასეთ ნოტარიუსებთან მიმართებაში ზოგადი უნარ-ჩვევების ჩაბარების აუცილებლობა არ უნდა იქნეს მიჩნეული იმდენად მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნად, რასაც შეუძლია შეზღუდოს ნოტარიუსის ლეგიტიმური მოლოდინი, შეინარჩუნოს კონკრეტული თანამდებობა საპენსიო ასაკის მიღწევამდე.
იმ პირებთან მიმართებაში, რომლებმაც 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე დატოვეს ნოტარიუსის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, ისევე დაკარგეს საპენსიო ასაკის მიღწევამდე ნოტარიუსის უფლებამოსილების განხორციელების ლეგიტიმური მოლოდინები, როგორც 2010 წლის 1 აპრილიდან თანამდებობიდან გადამდგარმა პირებმა. თუკი პირთა ამ ორ ჯგუფს რაიმე ლეგიტიმური მოლოდინი გააჩნიათ - დაბრუნდნენ ნოტარიუსად - ეს მოლოდინი აბსოლუტურად იდენტურია. თუკი სახელმწიფო აღიარებს, რომ დროის ნებისმიერ ეტაპზე გადამდგარ, ერთი და იმავე კვალიფიკაციის ნოტარიუსს გააჩნია თანამდებობაზე დაბრუნების მოლოდინი, გაუგებარია რას ემსახურება ამ თანამდებობაზე დაბრუნებასთან დაკავშირებით განსხვავებული პირობების დადგენა. თუკი სახელმწიფო თვლის, რომ ძველი კანონის საფუძველზე დანიშნულ ნოტარიუსებს გააჩნიათ თანამდებობაზე დაბრუნების ლეგიტიმური მოლოდინი, მაშინ ლოგიკურად ამ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ ნოტარიუსის თანამდებობაზე დაბრუნების ერთნაირი პირობები, პროფესიული და ზოგადი უნარების ტესტების ჩაბარებით ან ამის გარეშე. არ იკვეთება რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რაც 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე თანამდებობიდან წასულ ნოტარიუსებს გაუჩენდა იმდენად მაღალ ლეგიტიმურ მოლოდინებს, რომ 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ, გადამდგარი ნოტარიუსებისაგან განსხვავებით, პირთა ამ ჯგუფს გაათავისუფლებდა პროფესიული და ზოგადი უნარების ტესტების ჩაბარების მოვალეობისაგან.
თუკი კანონმდებელი თვლიდა. 1996 წლის 3 მაისის კანონის საფუძველზე დანიშნულ და შემდეგ გადამდგარ ნოტარიუსებს უნდა მისცემოდათ თანამდებობაზე დაბრუნების უფლება, ამისათვის კანონმდებელს უნდა დაედგინა თანამდებობაზე დაბრუნების ერთნაირი შესაძლებლობები, ყველასთვის პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარების ვალდებულების დაკისრებით ან ამის გარეშე. მართალია, ორ შესადარებელ ჯგუფს შორის დიფერენცირების თარიღად აღებულია 2010 წლის 1 აპრილი, პერიოდი, როდესაც ნოტარიუსობის მაძიებელ პირებს დაეკისრათ პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარების ვალდებულება, თუმცა ცალკე აღებული ეს გარემოება არ მიუთითებს იმაზე, რომ 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე თანამდებობიდან გადამდგარი პირები მათი კვალიფიკაციის, გამოცდილების გათვალისწინებით უფრო მეტად იმსახურებენ თანამდებობაზე დაბრუნებას, ვიდრე 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ გადამდგარი პირები. შესადარებელ პირებს აქვთ ერთნაირი კვალიფიკაცია, ვინაიდან ორივე ჯგუფის წარმომადგენლებმა ჩააბარეს 1996 წლის 3 მაისის კანონით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო გამოცდა.
ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება არის ის უმთავრესი მოთხოვნა, რაზე დაყრდნობითაც უნდა ინიშნებოდნენ ნოტარიუსები, როგორც პროფესიული თანამდებობის პირები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/5/626 გადაწყვეტილებაში საქმეზე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის 24-ე პუნქტში განაცხადა: „პროფესიული თანამდებობის პირების საქმიანობა უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობას და ის კონკრეტულ სფეროში უფლებამოსილებათა შესრულებას გულისხმობს. განსხვავებით პოლიტიკური თანამდებობის პირებისაგან, პროფესიული თანამდებობის პირების შემთხვევაში აუცილებელია, რომ მათზე დაკისრებული ფუნქციები განახორციელოს შესაბამისი ცოდნის, პროფესიის, კვალიფიკაციისა თუ სხვა შესაბამისი მახასიათებლების მქონე ადამიანმა. აღნიშნულის შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს მასზე დაკისრებული ფუნქციების არაეფექტური განხორციელება, რაც, საბოლოოდ, კონკრეტული სახელმწიფო დაწესებულების არაეფექტურ ფუნქციონირებაში პოვებს გამოხატულებას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე, რომელიც ქვეყნის მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს, საქმიანობას ახორციელებდნენ საკუთარი ფუნქციების საუკეთესოდ შემსრულებელი მოქალაქეები.“ ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის 42-ე პუნქტში აღნიშნულია: „პროფესიული თანამდებობის უმთავრეს მოთხოვნას წარმოადგენს მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი, გამოცდილება, პიროვნული უნარები და ყველა ის თვისება, რაც მოხელეს ხელს უწყობს მაქსიმალურად კარგად შეასრულოს დაკისრებული ამოცანები. „შესრულებული სამუშაოს ხარისხი, პირველ რიგში, უკავშირდება მოხელის განათლებას, მის პიროვნულ მახასიათებლებს, ნაკისრი მოვალეობისადმი კეთილსინდისიერ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, კარიერული ზრდის მოტივაციას და ა.შ.“
ამგვარად, ნოტარიუსის თანამდებობაზე დასანიშნად, 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე გადამდგარი ნოტარიუსების პროფესიული და ზოგადი უნარ ჩვევების გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან გათავისუფლება და ამგვარი ვალდებულების 2010 წლის 1 აპრილიდან გადამდგარი ნოტარიუსებისათვის დაკისრება, არ ემსახურება სანოტარო ფუნქციის ეფექტურად განხორციელებას. ამგვარი დიფერენცირების გზით არ ხდება ნოტარიუსის თანამდებობაზე საკუთარი ფუნქციის ეფექტურად შემსრულებელი მოქალაქეების გამოვლენა. როგორც ოლეგ ლაცაბიძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 44-ე პუნქტშია აღნიშნული, როცა საკადრო ხასიათის გადაწყვეტილებების მიღება ხდება პროფესიული თანამდებობის პირის კვალიფიკაციის, გამოცდილებისა თუ სხვა უნარების შემოწმების/შეფასების გარეშე, ეს არის ისეთი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად უვარგისი საშუალება, როგორიცაა კონკრეტული საჯარო დაწესებულების ეფექტური ფუნქციონირება. შესაბამისად, როდესაც შერჩეული საშუალება უვარგისია ღირებული, ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად, ამით განსხვავებული მოპყრობა ვერ დააკმაყოფილებს რაციონალური კავშირის ტესტის მოთხოვნებსაც.
ამასთან სწორედ ის ფაქტი, რომ პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარების ვალდებულება ნოტარიუსობის მაძიებელთა უმრავლესობისათვის ძალაშია 2010 წლის 1 აპრილიდან, კიდევ უფრო გაუგებარს ხდის ამ თარიღის დადგომის შემდეგ, ნოტრიუსობის მაძიებელთა მცირე ჯგუფისათვის, 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე გათავისუფლებული ნოტარიუსებისათვის, ამ გამოცდის ჩაბარების გარეშე, თანამდებობაზე დაბრუნების შესაძლებლობის მიცემას. თუკი დამწყები ნოტარიუსები, ასევე 2010 წლის პირველი აპრილის შემდეგ თანამდებობიდან გადამდგარი ნოტარიუსები, ასევე 2008 წლის 1 აპრილამდე გადამდგარი ნოტარიუსები აბარებენ პროფესიულ და ზოგადი უნარების გამოცდას სწორედ 2010 წლის 1 აპრილიდან, გაუგებარია, რა განსაკუთრებული კვალიფიკაცია, გამოცდილება ან უნარები გააჩნიათ ადამიანებს, რომელებიც 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე გადადგნენ თანამდებობიდან, რომ პირთა ეს ჯგუფი თავისუფლდება ამგვარი გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისაგან. იმავდროულად, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კანონმდებელს არ დაუდგენია კონკრეტული ვადა, რომლის განმავლობაშიც 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე, პირადი განცხადების საფუძველზე, გადამდგარი ნოტარიუსები გამოიყენებდნენ სადავო ნორმით გათვალისწინებულ უფლებას და გამარტივებული წესით დაიბრუნებდნენ ნოტარიუსის თანამდებობას. ამის სანაცვლოდ, სადავო ნორმით დადგენილი შეღავათი ვრცელდება 2010 წლის 1 აპრილიდან უვადოდ, იმ დრომდე, ვიდრე სადავო ნორმა ძალადაკარგულად არ გამოცხადდება. ამ გარემოებამ 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე და 2010 წლის პირველი აპრილის შემდეგ თანამდებობიდან გადამდგარ ნოტარიუსებს შორის დიფერენცირებას მისცა უვადო ხასიათი.
სადავო ნორმის უვადო ხასიათი, იმავდროულად, არის არათუ ლეგიტიმური მიზნის - კვალიფიციური და ხარისხიანი სანოტარო მომსახურების უზრუნველყოფის - მიღწევის ვარგისი საშუალება, არამედ ამ მიზნის საწინააღმდეგო. სადავო ნორმა საშუალებას აძლევს იმ პირს, რომელმაც პირადი განცხადებით ნოტარიუსის თანამდებობა დატოვა 2010 წლის 30 მარტს, 2021 წლის სექტემბრის თვეში მოითხოვოს ნოტარიუსის თანამდებობის დაბრუნება პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარების გარეშე, მაშინ როდესაც ეს პირი 11 წლის განმავლობაში არ ასრულებდა ნოტარიუსის მოვალეობას და დროის გასვლის გამო, ბუნებრივი დეკვალიფიკაცია განიცადა. მეორეს მხრივ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2019 წლის 10 მაისის წერილიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე მარიამ გოგვაძე, რომელიც ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2010 წლის 1 აპრილის შემდეგ, მუშაობდა ნოტარიუსის შემცვლელ პირად (იხილეთ დანართი), ამით კი ასრულებდა ნოტარიუსის მოვალეობას. დღემდე სანოტარო საქმიანობაში ჩართულ მოსარჩელეს, იმ პირისაგან განსხვავებით, რომელმაც 11 წლის განმავლობაში დეკვალიფიკაცია განიციდა, ეკისრება პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარება. შესაბამისად, სადავო ნორმის ეს ასპექტიც არ უზრუნველყოფს იმ ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, რომ ნოტარიუსის თანამდებობა დაიკავოს ყველაზე კვალიფიციურმა მოქალაქემ და ამით სანოტარო სამსახურმა ეფექტურად იფუნქციონიროს.
ამგვარად, არ იკვეთება ის, რომ სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება ან მიზნად ისახავდეს კვალიფიციური და ხარისხიანი სანოტარო მომსახურების ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ან ამ მიზნის მისაღწევად დიფერენცირება იყოს ვარგისი საშუალება. ამასთან სადავო ნორმა არ ემსახურება 2008 წლის 1 აპრილიდან 2010 წლის 1 აპრილამდე თანამდებობიდან გათავისუფლებული ნოტარიუსების ლეგიტიმური მოლოდინის დაკმაყოფილებას.
ამგვარად, სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნებს, დიფერენცირების მიზეზები ან აუხსნელია ან არ არსებობს გონივრული კავშირი დიფრენცირების მიზეზსა და შედეგს შორის. შესაბამისად, ირღვევა კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.
ვითხოვთ, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში არაკონსტიტუციურად და შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს სადავო ნორმის იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რაც ითვალისწინებს იმ პირების ნოტარიუსად დანიშვნას, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგნენ ნოტარიუსის თანამდებობიდან.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი