მარიამ გოგვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/11/1664 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 19 აპრილი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 2 მაისი 2024 18:57 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: მარიამ გოგვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1664) მომართა მარიამ გოგვაძემ. №1664 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 10 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 19 აპრილს.
2. №1664 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ნოტარიუსები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადებით ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული ნოტარიუსის შემცვლელი პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგნენ თანამდებობიდან/გაუვიდათ ნოტარიუსის შემცვლელ პირად ყოფნის ვადა და რომელთათვისაც ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს, უფლებამოსილი არიან ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მიმართონ საქართველოს იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადებით. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი დაინიშნებიან ნოტარიუსის თანამდებობაზე და განახორციელებენ სანოტარო საქმიანობას“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას.
5. №1664 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმამ, რომელიც ძალაში შევიდა 2010 წლის პირველ აპრილს, დაადგინა, რომ პირს, რომელიც „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე 2 წლის განმავლობაში გადადგა ნოტარიუსის თანამდებობიდან, აქვს შესაძლებლობა, გამარტივებული წესით, მიმართოს იუსტიციის მინისტრს და მოითხოვოს ნოტარიუსის თანამდებობაზე დაბრუნება. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ იმისათვის, რათა სადავო ნორმით დადგენილი წესით, პირმა დაიკავოს ნოტარიუსის თანამდებობა, მას 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე დატოვებული უნდა ჰქონდეს ნოტარიუსის თანამდებობა. ასეთ პირს, 2010 წლის აპრილიდან წარმოეშობა უფლება, მიმართოს იუსტიციის მინისტრს და ხელახლა მოითხოვოს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავება შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების გარეშე.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელემ 2003 წლის 15 თებერვალს ჩააბარა ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და იმავე წლის პირველ სექტემბერს დაინიშნა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის ნოტარიუსად. მოგვიანებით, 2010 წლის 29 აპრილს, პირადი განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს და ითხოვა ნოტარიუსის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. მითითებული განცხადება იუსტიციის მინისტრმა დააკმაყოფილა 2010 წლის 4 მაისს. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მასზე არ ვრცელდება სადავო ნორმით გათვალისწინებული ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების გამარტივებული წესი, ვინაიდან მან პირადი განცხადების საფუძველზე, ნოტარიუსის თანამდებობა დატოვა არა განსახილველი კანონით გათვალისწინებულ ორწლიან პერიოდში, არამედ მოგვიანებით. მოსარჩელე მხარის თქმით, 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში, პირადი განცხადების საფუძველზე, თანამდებობიდან წასულ პირებს, გამარტივებული პროცედურის გათვალისწინებით, ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად არ მოეთხოვებათ პროფესიულ გამოცდასთან ერთად ზოგადი უნარ-ჩვევების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, ნოტარიუსი თანამდებობაზე ბრუნდება „ნოტარიატის შესახებ“ 1996 წლის 3 მაისის კანონის საფუძველზე ჩაბარებული პროფესიული გამოცდის საფუძველზე.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, შესადარებელი ჯგუფები არიან, ერთი მხრივ, ის პირები, რომლებმაც 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე დატოვეს ნოტარიუსის თანამდებობა და, მეორე მხრივ, ის პირები, რომლებმაც 2010 წლის პირველი აპრილის შემდეგ დატოვეს აღნიშნული თანამდებობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიერ იდენტიფიცირებული პირთა ჯგუფები არიან არსებითად თანასწორები, ვინაიდან ორივე ჯგუფში შემავალი სუბიექტები ეწეოდნენ სრულფასოვან სანოტარო საქმიანობას განსაზღვრული დროის განმავლობაში. შესადარებელ პირებს აქვთ სანოტარო საქმიანობის განხორციელების ერთნაირი კომპეტენცია, ცოდნა და გამოცდილება, ორივე ჯგუფის წარმომადგენლებმა ნოტარიუსის თანამდებობა დაიკავეს „ნოტარიატის შესახებ“ 1996 წლის 3 მაისის კანონით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო გამოცდის საფუძველზე. შესაბამისად, შესადარებელ პირებს აქვთ თანაბარი სამართლებრივი ინტერესი, დაუბრუნდნენ ნოტარიუსის პროფესიას. ამის საწინააღმდეგოდ, სადავო ნორმა დამატებითი პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ პირებს, რომლებმაც ნოტარიუსის თანამდებობა დატოვეს 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე. ხოლო ნოტარიუსებს, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს 2010 წლის პირველი აპრილის შემდეგ, ეკისრებათ პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტის ჩაბარების ვალდებულება.
8. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ შესადარებელ პირთა შორის დიფერენცირების ნიშანი არ არის კლასიკური და დაკავშირებულია კონკრეტულ დროსთან, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე გაკეთებული განცხადების თარიღთან. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ გასაჩივრებული ნორმით დადგენილი შეზღუდვა არ არის ინტენსიური, სადავო ნორმა აწესებს მხოლოდ დამატებით ბარიერს პროფესიაში დასაბრუნებლად, ხოლო პროფესიული და ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება არ არის გადაულახავი ბარიერი. თავის მხრივ, მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ სადავო რეგულირების ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და კვალიფიციური სანოტარო მომსახურებით უზრუნველყოფა.
9. კონსტიტუციურ სარჩელში დამატებით მითითებულია, რომ ნოტარიუსებს, რომლებიც 2010 წლის პირველ აპრილამდე დაინიშნნენ, ჰქონდათ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ საპენსიო ასაკის მიღწევამდე შეენარჩუნებინათ თანამდებობაზე დაბრუნების შესაძლებლობა, მათ შორის, ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტების ჩაბარების გარეშე. ამ მხრივ, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ შესადარებელ პირთა ჯგუფებს აქვთ იდენტური ლეგიტიმური მოლოდინი დაბრუნდნენ ნოტარიუსის თანამდებობაზე. სადავო ნორმით გათვალისწინებული გამარტივებული წესი კი არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, არ იკვეთება განსაკუთრებული გარემოება, რომელიც მიუთითებდა დიფერენცირებული პირების განსხვავებულ ინტერესებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ განსხვავებული მოპყრობა ვერ აკმაყოფილებს რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნებს, ხოლო კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული თანამდებობაზე დაბრუნების ერთნაირი მოდელი ყველასთვის, პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდების ჩაბარების ვალდებულებით ან ამის გარეშე.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე თვლის, რომ გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
11. №1664 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით. მოსარჩელის მითითებით, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი მოითხოვს არსებითად თანასწორ პირებს შორის თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფას, ხოლო, რა ფორმით იქნება აღნიშნული უზრუნველყოფილი, კერძოდ, პროფესიული გამოცდების ჩაბარების ვალდებულების მოხსნით, თუ დიფერენცირებულ პირებზე გავრცელებით, წარმოადგენს კანონმდებლის პრეროგატივას, რისთვისაც, მოსარჩელის აზრით, კანონშემოქმედს უნდა მიეცეს სათანადო დრო. თავის მხრივ, მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს, იმ პირთა ინტერესების დაცვის საჭიროებაზე, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე, თუმცა დღემდე არ უსარგებლიათ გამარტივებული პროცედურით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1664 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1664 კონსტიტუციური სარჩელი („მარიამ გოგვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში