საქართველოს მოქალაქე ნათელა ჯაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1-3/3/744 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 10 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 ნოემბერი 2016 14:48 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნათელა ჯაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №744) მიმართა საქართველოს მოქალაქე ნათელა ჯაშიაშვილმა. №744 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 12 აპრილს.
2. №744 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის 65 წლის ასაკისათვის მიღწევა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს. ხოლო 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“
5. №744 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა დაუფლებამოსილების ვადა ეწურება 2019 წლის 9 ოქტომბერს, თუმცა 2016 წლის 28 აპრილს შეუსრულდა 65 წელი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სწორედ სადავო ნორმის საფუძველზე გაათავისუფლებს მას დაკავებული თანამდებობიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
6. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფოში თანასწორობის უფლების დაცვა ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია, რომელიც განაპირობებს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ყველასთვის თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას. ამიტომ, სახელმწიფოს უპირველეს ვალდებულებას წარმოადგენს, არ შექმნას ისეთი საკანონმდებლო სისტემა, რომელიც თავისი არსით იქნება დისკრიმინაციული და, შესაბამისად, არათანასწორ პირობებში ჩააყენებს არსებითად თანასწორ სუბიექტებს. მოსარჩელის მტკიცებით, გასაჩივრებული საკანონმდებლო რეგულაციით სახელმწიფომ დაარღვია აღნიშნული ვალდებულება იმ მოსამართლეებთან მიმართებით, რომლებსაც სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე უსრულდებათ 65 წელი.
7. №744 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას ნერგავს. კერძოდ, უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებიან მოსამართლეები, რომელთაც სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა არ ამოწურვიათ, თუმცა შეუსრულდათ 65 წელი, რაც გახდა მათი გათავისუფლების საფუძველი იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც ასრულებენ თავიანთ სამოსამართლო უფლებამოსილების ვადას, რადგან ამ პერიოდში არ შესრულებიათ 65 წელი.
8. მოსარჩელის შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს ასაკის ნიშნით განსხვავებული მოპყრობას. მართალია, ასაკი არ წარმოადგენს ე.წ. კლასიკურ ნიშანს, თუმცა, ვინაიდან დიფერენცირებული მოპყრობა მაღალი ინტენსივობისაა, სადავო ნორმა უნდა შეფასდეს მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებით, რაც გულისხმობს სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესის არსებობასა და ჩარევის თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისობას.
9. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ ასეთი შეზღუდვის დაწესების მიზანი გაურკვეველია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო მოხელეებთან მიმართებით საპენსიო ასაკი დღეს არსებული კანონმდებლობით არ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. ასეთი მიდგომა მიუთითებს სახელმწიფოს ნებაზე, არ დაუშვას ასაკის გამო პირთა საჯარო სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლება. მართალია, მოსამართლეები, მათი კომპეტენციიდან გამომდინარე, განსხვავდებიან სხვა საჯარო მოხელეებისაგან, თუმცა არა იმდენად, რომ გამართლებულად ჩაითვალოს ასაკის გამო მათი დისკრიმინაცია. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საპენსიო ასაკი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს არც კერძო ხასიათის შრომით ურთიერთობებში წარმოადგენს.
10. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ დაწესებული შეზღუდვა არ შეესაბამება თანაზომიერების პრინციპს. კერძოდ, გათავისუფლების საფუძველი ბლანკეტურია და არ იძლევა კონკრეტული პირების მიმართ ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას. შესაბამისად, მიუხედავად უნარის, შესაძლებლობისა და მუშაობის სურვილისა, მოსამართლეები ვერ აგრძელებენ თავიათ საქმიანობას.
11. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
12. მოსარჩელის განმარტებით, კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული სფერო მოიცავს არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისათვის არადისკრიმინაციული რეგულაციის დადგენის ვალდებულებას, არამედ საჯარო მოსამსახურის უფლებას, დაცული იყოს დაუსაბუთებელი გათავისუფლებისაგან.
13. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობის პირს და სახელმწიფო ვალდებულია, დაასაბუთოს მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის გონივრულობა.
14. მოსარჩელის განმარტებით, არაგონივრულია სახელმწიფოს მხრიდან იმაზე აპელირება, რომ 65 წლის ასაკს მიღწეული ნებისმიერი მოსამართლე a priori ვეღარ შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალეობის სათანადოდ შესრულებას, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომეტებული პრობლემები ან არსებობს სხვა სახის ისეთი გარემოებები, რომლებიც მას ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებაში. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, ასაკი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი ფაქტორი ზემოთ დასახელებული გარემოებების შეფასებისათვის, არამედ მოსამართლეთა კვალიფიკაცია, უნარები და ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად.
15. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
16. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა სახელწიფოთა პრეცედენტულ სამართალს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
17. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელე შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. მოსარჩელის განმარტებით, სადავო რეგულაციის შეუჩერებლობის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მას გაათავისუფლებს დაკავებული თანამდებობიდან. ასეთ ვითარებაში, კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, მისი თანამდებობაზე აღდგენის მექანიზმი არ არსებობს, რაც მას მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს. ამასთან, სადავო ნორმის შეჩერებით ზიანი არ მიადგება მესამე პირთა ინტერესებს, რადგან სადავო ნორმა პირთა შეზღუდულ წრეზე ვრცელდება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ №744 კონსტიტუციური სარჩელის განაწილების დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ხსენებული სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის კომპეტენციას. შესაბამისად, №744 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას ჰქონდა გადაცემული.
2. 2016 წლის 3 ივნისის „„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (№5161-რს; 03/06/2016, ვებგვერდი, 04/06,2016) საფუძველზე შეიცვალა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი და აღნიშნული ნორმის ამჟამად მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ნორმების კონსტიტუციურობა, №744 კონსტიტუციური სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კომპეტენციას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. №744 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ნათელა ჯაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) განსახილველად გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა