საქართველოს მოქალაქე ნათელა ჯაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N744 |
ავტორ(ებ)ი | ნათელა ჯაშიაშვილი |
თარიღი | 11 აპრილი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა. საკონსტიტუციო სარჩელის ფორმა და შინაარსი.
წარმოდგენილი სარჩელი ფორმითა და შინაარსით სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. სარჩელი ფორმალურად გამართულია და აკმაყოფილებს საქართველოს კანონის "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" მე-16 მუხლის მოთხოვნებს. სარჩელში მითითებულია: ა)საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება; ბ) მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები; გ) სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი; დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო სამართლებრივი აქტი; ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას; ვ) მოთხოვნის არსი; ზ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას; თ) კონსტიტუციურ სარჩელზე დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ;
ბ. უფლებამოსილი პირი კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. მოგახსენებთ, რომ დაბადებული ვარ 1951 წლის 28 აპრილს. 1998 წელს ჩავაბარე მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები საერთო სპეციალიზაციით და 1999 წლის 15 მაისს დავინიშნე თიანეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. მოსამართლის უფლებამოსილებას ვახორციელებდი თიანეთის, ყვარლის და თელავის რაიონულ სასამართლოებში. 2009 წლის 1 ოქტომბერს გამათავისუფლეს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან, მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის #1/282 გადაწყვეტილებით დავინიშნე ახმეტის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის ვადით. მოსამართლის უფლებამოსილებას ვახორციელებდი თელავის რაიონულ, ბათუმის საქალაქო და გურჯაანის რაიონულ სასამართლოებში. ამჟამად სამოსამართლო უფლებამოსილებას ვახორციელებ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში. ჩემი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა იწურება 2019 წლის 9 ოქტომბერს, მაგრამ 65 წელი მისრულდება 2016 წლის 28 აპრილს. შესაბამისად ჩემს უშუალო უფლებებს ხელყოფს სადავოდ ქცეული კანონის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია 65 წლის ასაკის მიღწევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო სწორედ აღნიშნული ჩანაწერის საფუძველზე 2016 წლის 28 აპრილს, როდესაც შემისრულდება 65 წელი გამათავისუფლებს მოსამართლის თანამდებობიდან. ჩემი მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდება მხოლოდ ასაკის გამო შემდეგი ფაქტორების გათვალისწინების გარეშე: მაქვს საკმარისი კვალიფიკაცია - 17 წლიანი სამოსამართლო გამოცდილება, დაკისრებულ ფუნქციებს ვასრულებ სრულყოფილად და კეთილსინდისიერად, ჯანმრთელობის მხრივ არ მაქვს პრობლემები, არ ვაცდენ სამსახურს, ვმუშაობ ყოველდღიურად, დასვენების დღეების ჩათვლით. მაქვს უნარი და სურვილი გავაგრძელო მუშაობა ჩემი უფლებამოსილების ვადით. ჩემი სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელების პერიოდში არ დამკისრებია დისციპლინური სახდელი, ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ არ არის გაუქმებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის #1/82 გადაწყვეტილება 10 წლის ვადით ჩემი მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. წინამდებარე სარჩელის მხოლოდ ჩემს მიერ შემოტანა, კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას, რომ ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება საპენსიო ასაკის გამო, ასაკობრივი დისკრიმინაციაა. საპენსიო ასაკის მიღწევა არ უნდა იყოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. სადავო ნორმის გამო მოსამართლეები იმყოფებიან უთანასწორო მდგომარეობაში სხვა იმ მოსამართლეებთან მიმართებაში, რომლებსაც სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელების ვადის პერიოდში არ უსრულდებათ 65 წელი და შესაბამისად აქვთ შესაძლებლობა მოსამართლის თანამდებობაზე იყვნენ ამ უფლებამოსილების გასვლამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით გთხოვთ, არაკონსტიტუციურად სცნოთ ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტი კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლებთან მიმართებაში.
გ) საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობა წარმოდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი ექვემდებარება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობას, რადგან "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს.
დ) იგივე საკითხზე ხელახლა მიმართვის აკრძალვა წარმოდგენილ საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ ყოფილა განხილილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) საკონსტიტუციო რეგულაციის არსებობა წარმოდგენილ საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული სადავო საკითხი რეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლებით.
ვ) სარჩელის შეტანისთვის დადგენილი ვადა კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრული არ არის კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა.
ზ) იერარქიული ხარვეზი ნორმატიული აქტების იერარქიაში არ არსებობს გასაჩივრებულ ნორმატიულ აქტზე მაღლა მდგომი, სადავო საკითხის მარეგულირებელი, სამართლებრივი აქტი.. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
I. სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში
1) თანასწორუფლებიანობის მნიშვნელობა და დიფერენცირებული მოპყრობა ასაკის გამო
,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტი წარმოადგენს დისკრიმინაციული ხასიათის ნორმას, რითიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ჩანაწერთან.
სახელმწიფოში თანასწორობის უფლების დაცვა ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია, რომელიც განაპირობებს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას და ყველასთვის თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა სწორედ ის ფუნდამენტია, რომელზეც უნდა აშენდეს ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფოს მომავალი. სწორედ ამიტომ სახელმწიფოს უპირველეს ვალდებულებას წარმოადგენს არ შექმნას ისეთი საკანონმდებლო სისტემა, რომელიც თავისი არსით იქნება დისკრიმინაციული და შესაბამისად არათანასწორ პირობებში ჩააყენებს არსებითად თანასწორ პირებს. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმით სახელმწიფომ დაარღვია სწორედ ეს ნეგატიური ვალდებულება და შექმნა დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველი იმ მოსამართლეებთან მიმართებაში, რომლებსაც სამოსამართლეო ვადის ამოწურვამდე უსრულდებათ 65 წელი და შესაბამისად ამ საფუძვლით ხდება მათი თანამდებობიდან გათავისუფლება (საუბარია იმ მოსამართლეებზე, რომლებიც თანამდებობაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 2009 წლის 4 დეკემბრამდე მოქმედი ვერსიის საფუძველზე დაინიშნენ ათი წლის ვადით).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ დადგინდეს დიფერენცირებული მოპყრობა, აუცილებელია სახეზე იყვნენ შესადარებელი კატეგორიები/პირები, რომელთა მიმართაც ხდება განსხვავებული მოპრობა, ამასთან სახეზე უნდა იყოს დისკრიმინაციის რაიმე ნიშანი. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სასამართლო ე.წ. მკაცრი შეფასების ან რაციონალური დიფერენციაციის ტესტის გამოყენებით აფასებს კონკრეტული სადავო ნორმის კონსტიტუციურობას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.5-6;)
ა) შესადარებელი კატეგორიები და დისკრიმინაციის ნიშანი
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა. კერძოდ არათანასწორ მდგომარეობაში არიან ერთმანეთის მიმართ ერთი მხრივ ის მოსამართლეები, რომლებსაც სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა ჯერ არ ამოწურვიათ, თუმცა ხდება მათი გათავისუფლება 65 წელს ასაკს მიღწევის გამო , ხოლო მეორე მხრივ ის მოსამართლეები, რომლებიც საკუთარი სამოსამართლეო ვადის ამოწურვას ახერხებენ ბოლომდე, ვინაიდან მათ ჯერ არ შესრულებიათ 65 წელი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულია კანონის წინაშე თანასწორობის უფლება და შესაბამისად დისკრიმინაციული მოპყრობის აკრძალვა ნებისმიერი ნიშნით, მიუხედავად იმისა, მითითებულია თუ არა ეს ნიშანი კონსტიტუციის მე-14 მუხლში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის #2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II.პ.1-2;). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ასაკის გამო დისკრიმინაცია ასევე დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციით.
ამგვარად, ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ასაკის ნიშნით განსხვავებული მოპყრობა, რომელიც არ წარმოადგენს ე.წ. კლასიკური დისკრიმინაციის ნიშანს (იგი არაა მითითებული საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ჩამონათვალში), თუმცა მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირებული მოპყრობა მაღალი ხარისხისაა, ვინაიდან ასაკის გამო არსებითად თანასწორი პირები- მოსამართლეები, საგრძნობლად სცილდებიან თანაბარი შესაძლებლობებისადმი ხელმისაწვდომობას (სადავო ნორმა „მკვეთრად აცილებს შესადარებელ ჯგუფებს საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან“) და ექცევიან აბსოლუტურად განსხვავებულ პირობებში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II.პ.53) . ერთ შემთხვევაში 65 წელს ასაკს მიუღწეველი პირი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ასრულებს საკუთარი უფლებამოსილების ვადას, მეორე შემთხვევაში კი 65 წელს ასაკს მიწეული პირი თავისუფლდება თანამდებობიდან და შესაბამისად ერთმევა ასეთი შესაძლებლობა (სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის დასრულების შესაძლებლობა).
აღნიშნულიდან გამომდინარე სადავო ნორმა უნდა შეფასდეს მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებით და სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს დაუძლეველი ინტერესის არსებობა და ჩარევის თანაზომიერება დაწესებული დისკრიმინაციული შეზღუდვის გამართლებისათვის.
2) სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესის არ არსებობა
გაურკვეველია სახელმწიფოს მიერ მოსამართლეებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვის მიზნობრიობა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად, საჯარო მოხელეებთან მიმართებაში საპენსიო ასაკი აღარ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. (შესაბამისი ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 20 მარტს მიიღეს. გათავისუფლების მსგავს საფუძველს არ ითვალისწინებს არც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული ვერსია). მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი მოსამართლეებზე (გარდა რამდენიმე საგამონაკლისო მუხლისა) არ ვრცელდება, საჯარო მოხელეებთან მიმართებაში რეგულაციების შეცვლა მიუთითებს სახელმწფიოს ზოგად ნებაზე, არ დაუშვას ასაკის გამო პირთა საჯარო სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლების შესაძლებლობა. მართალია, მოსამართლეები საკუთარი განსაკუთრებული უფლებამოსილებებისა და ფუნქციების გამო განსხვავდებიან სხვა საჯარო მოხელეებისგან, თუმცა არა იმდენად, რომ მოსამართლეებთან მიმართებაში გამართლებულად ჩაითვალოს ასაკის გამო მათი დისკრიმინაცია. აღსანიშნავია, რომ საპენსიო ასაკი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს არ წარმოადგენს არც კერძო ხასიათის შრომით ურთიერთობებში.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დონეზე არ არსებობს უნივერსალური და ერთხმად მიღებული მიდგომა იმასთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს თუ არა მოსამართლეებისათვის სავალდებულო საპენსიო ასაკი, რომელიც მათი თანამდებობიდან მოხსნას გამოიწვევს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მაგალითად აშშ-ს პრაქტიკა, სადაც მოსამართლეები მთელი სიცოცხლის მანძილზე ინიშნებიან, ხოლო იმ ქვეყნებში სადაც მიღებულია მოსამართლების გადაყენება საპენსიო ასაკს მიღწევის გამო, ასეთ ასაკად განსაზღვრულია 68-70 წელი. ამასთან, ევროპის 27 სახელმწიფოდან 15-ში მოსამართლეებისათვის არ არის დაწესებული სავალდებულო საპენსიო ასაკი. (L Epstein, J Knight & O Shvetsova "Comparing Judicial Selection Systems (2001) 10 William and Mary Bill of Rights Law Journal 7, p. 24)
შესაბამისად, შეუძლებელია იმის მტკიცება რომ სახელმწიფოს მსგავსი შეზღუდვის დაწესებით გააჩნია რაიმე დაუძლეველი ინტერესი ანდა რაციონალური დასაბუთება რომელიც გაამართლებდა ასეთ შეზღუდვას.
3) თანაზომიერებანებისმიერ შემთხვევაში არათანაზომიერია პირის გათავისუფლება თანამდებობიდან იმის ყოველგვარი გადამოწმების/შეფასების გარეშე, შეუძლია თუ არა პირს განაგრძოს საკუთარი პროფესიული საქმიანობა ასაკის მიუხედავად. შეზღუდვა წარმოადგენს ადამიანის უფლებებში მაღალი ინტესივობით ჩარევას, ვინაიდან იგი არის ბლანკეტური და არ ითვალისწინებს კონკრეტული პირების მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას, არამედ აპრიორი განსაზღვრავს, რომ 65 წელს ასაკს მიღწეული პირი ვეღარ შეძლებს განახორციელოს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებები. შესაბამისად სადავო ნორმა ყველანაირ გზას უკეტავს იმ პირებს, რომლებსაც ასაკის მიუხედავად აქვთ უნარი, შესაძლებლობა და სურვილი გააგრძელონ სამოსამართლეო უფლებამოსილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ვითხოვ ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში.
II.სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებით
1) 29-ე მუხლით დაცული სფერო
სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რომლის თანახმადაც ,,საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“ თანასწორუფლებიანობის ფუნდამენტური დებულება იმთავითვე ვრცელდება კონსტიტუციის 29-ე მუხლის შინაარსზე. მოქალაქეებს უფლება აქვთ, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე დაიკავონ ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა საქართველოს საჯარო სისტემაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 4 ნოემბრის #2/33/1 განჩინება საქმეზე ნინო იოსელიანი სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის და საქართველოს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ;)
ამასთან აღსანიშნავია, რომ 29-ე მუხლით დაცული სფერო მოიცავს არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან პირის საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისათვის გონივრული, არადისკრიმინაციურლი რეგულაციების დადგენის ვალდებულებას, არამედ საჯარო მოსამსახურეების უფლებას, დაცული იყვნენ სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისაგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1998 წლის 3 ნოემბრის # 2/80-9 გადაწყვეტილება საქმეზე ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
ამრიგად, „კონსტიტუციის 29-ე მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში, განახორციელეოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.)
მოსამართლე ცალსახად წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკისა და იმ სტანდარტების გათვალისწინებით რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა „სახელმწიფო თანამდებობის“ განსამარტად 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაში. შესაბამისად სახელმწიფოს აკისრია კონსტიტუციური ვალდებულება დაადგინოს მოსამართლეთა გათავისუფლების გონივრული საფუძვლები. ამ შემთხვევაში ზედა ასაკობრივი ზღვარის დაწესება არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას.
2) შეზღუდვის შეფასების კრიტერიუმები და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „მიუხედავად იმისა, საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ არის თუ არა განსაზღვრული პირის მიერ სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის განხორციელების კონკრეტული ვადა, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კანონმდებელმა უნდა დაასაბუთოს ის საჯარო ინტერესი, რომელიც უფლების შეზღუდვის აუცილებლობას განაპირობებს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება II. პ.29)
„უფლებამოსილების ვადის ბოლომდე თანამდებობაზე ყოფნას განსაკუთრებული კონსტიტუციურ-სამართლებრივი მნიშვნელობა ენიჭება.“ სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო თანამდებობის პირის განთავისუფლება კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე მკაცრი კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტით უნდა შემოწმდეს კონსტიტუციის იმ ნორმებთან კავშირში, რომლებიც უფლებამოსილების ვადას და ფარგლებს განსაზღვრავს.“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება II. პ.31)
მოცემულ შემთხვევაში დაწესებული ზედა ასაკობრივი ზღვრის გამო მოსამართლეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება (საუბარია იმ მოსამართლეებზე, რომლებიც თანამდებობაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 2009 წლის 4 დეკემბრამდე მოქმედი ვერსიის საფუძველზე დაინიშნენ ათი წლის ვადით), ვინაიდან მისი სამოსამართლეო უფლებამოსილების ათწლიანი ვადის მიუხედავად, 65 წელს ასაკს მიღწევის გამო ხდება მისი თანამდებობიდან გათავისუფლება.
აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება დაასაბუთოს ამ შეზღუდვის ლეგიტიმურობა შესაბამისი საჯარო ინტერესის წარმოჩენით, რომელიც უნდა იყოს საკმარისად წონადი იმისათვის, რომ გაამართლოს დაწესებული შეზღუდვა.
თუმცა, ნებისმიერი შემთხვევაში, თუნდაც არსებობდეს ლეგიტიმური საჯარო ინტერესი, აუცილებელია სადავო ნორმა აკმაყოფილებდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებსაც, ანუ იყოს, გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული (ყველაზე ნაკლებად მზღუდავი) საშუალება ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II.პ.60).
შეუძლებელია სახელმწიფოს მხრიდან იმაზე აპელირება, რომ 65 წელს ასაკს მიღწეული ნებისმიერი მოსამართლე აპრიორი ვეღარ შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალეობების სათანადოდ შესრულებას, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომეტებული პრობლემები ანდა სხვა ისეთი პრობლემები, რომელიც მას ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებაში. ასაკი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი ფაქტორი ამის შეფასებისათვის, არამედ უნდა მოხდეს მოსამართლეთა კვალიფიკაციის, უნარების და ჯანმრთელობის ინდივიდუალური შეფასება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება, აქვს თუ არა ამა თუ იმ მოსამართლეს შესაძლებლობა ხანდაზმულობის მიუხედავად განაგრძოს საკუთარი საქმიანობა. პირადად მე ვთვლი, რომ 65 წლის ასაკის მიღწევის მიუხედავად ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს ვასრულებ სრულყოფილად, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად. ამაზე მეტყველებს ჩემი სამუშაო გრაფიკი და განხილულ საქმეთა სიმრავლეც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებთ ვითხოვ ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებაში. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა