საქართველოს მოქალაქე ნათელა ჯაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/1/744 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 მარტი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 მარტი 2017 12:30 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნათელა ჯაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №744) მიმართა საქართველოს მოქალაქე ნათელა ჯაშიაშვილმა. №744 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად 2016 წლის 12 აპრილს გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 10 ნოემბრის №1-3/3/744 განჩინებით №744 კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. №744 სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 28 მარტს.
2. №744 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის 65 წლის ასაკისათვის მიღწევა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველას თანასწორობას. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“.
5. №744 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა და უფლებამოსილების ვადა ეწურება 2019 წლის 9 ოქტომბერს, თუმცა მას 2016 წლის 28 აპრილს შეუსრულდება 65 წელი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სწორედ სადავო ნორმის საფუძველზე გაათავისუფლებს მას დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
6. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფოს უპირველეს ვალდებულებას წარმოადგენს, არ შექმნას ისეთი საკანონმდებლო სისტემა, რომელიც თავისი არსით იქნება დისკრიმინაციული და, შესაბამისად, არათანასწორ პირობებში ჩააყენებს არსებითად თანასწორ სუბიექტებს. მოსარჩელის მტკიცებით, გასაჩივრებული საკანონმდებლო რეგულაციით სახელმწიფომ დაარღვია აღნიშნული ვალდებულება იმ მოსამართლეებთან მიმართებით, რომლებსაც სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე უსრულდებათ 65 წელი.
7. №744 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას ნერგავს. კერძოდ, უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებიან მოსამართლეები, რომელთაც სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა არ ამოწურვიათ, თუმცა შეუსრულდათ 65 წელი, რაც გახდა მათი გათავისუფლების საფუძველი იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც ასრულებენ თავიანთ სამოსამართლო უფლებამოსილების ვადას, რადგან ამ პერიოდში არ შესრულებიათ 65 წელი.
8. მოსარჩელის შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს ასაკის ნიშნით განსხვავებულ მოპყრობას. მართალია, ასაკი არ წარმოადგენს ე.წ. კლასიკურ ნიშანს, თუმცა, ვინაიდან დიფერენცირებული მოპყრობა მაღალი ინტენსივობისაა, სადავო ნორმა უნდა შეფასდეს მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებით.
9. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ ასეთი შეზღუდვის დაწესების მიზანი გაურკვეველია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო მოხელეებთან მიმართებით საპენსიო ასაკი დღეს არსებული კანონმდებლობით არ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. ასეთი მიდგომა მიუთითებს სახელმწიფოს ნებაზე, არ დაუშვას ასაკის გამო პირთა საჯარო სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლება. მართალია, მოსამართლეები, მათი კომპეტენციიდან გამომდინარე, განსხვავდებიან სხვა საჯარო მოხელეებისაგან, თუმცა არა იმდენად, რომ გამართლებულად ჩაითვალოს ასაკის გამო მათი დისკრიმინაცია. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საპენსიო ასაკი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს არც კერძო ხასიათის შრომით ურთიერთობებში წარმოადგენს.
10. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ დაწესებული შეზღუდვა არ შეესაბამება თანაზომიერების პრინციპს. კერძოდ, გათავისუფლების საფუძველი ბლანკეტურია და არ იძლევა კონკრეტული პირების მიმართ ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას. შესაბამისად, მიუხედავად უნარის, შესაძლებლობისა და მუშაობის სურვილისა, მოსამართლეები ვერ აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.
11. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
12. მოსარჩელის განმარტებით, კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული სფერო მოიცავს არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისათვის არადისკრიმინაციული რეგულაციის დადგენის ვალდებულებას, არამედ საჯარო მოსამსახურის უფლებას, დაცული იყოს დაუსაბუთებელი გათავისუფლებისაგან.
13. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობის პირს და სახელმწიფო ვალდებულია, დაასაბუთოს მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის გონივრულობა. მოსარჩელის განმარტებით, არაგონივრულია სახელმწიფოს მხრიდან იმაზე აპელირება, რომ 65 წლის ასაკს მიღწეული ნებისმიერი მოსამართლე a priori ვეღარ შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალეობის სათანადოდ შესრულებას, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომეტებული პრობლემები ან არსებობს სხვა სახის ისეთი გარემოებები, რომლებიც მას ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებაში. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, ასაკი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი ფაქტორი ზემოთ დასახელებული გარემოებების შეფასებისათვის, არამედ მოსამართლეთა კვალიფიკაცია, უნარები და ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად.
14. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებითაც.
15. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. მოსარჩელის განმარტებით, სადავო რეგულაციის შეუჩერებლობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მას გაათავისუფლებს დაკავებული თანამდებობიდან. ასეთ ვითარებაში, კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, მისი თანამდებობაზე აღდგენის მექანიზმი არ არსებობს, რაც მას მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №744 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
2. მოსარჩელე ითხოვს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ მის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი არის „...საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37).
3. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტისათვის მოსარჩელემ უკვე მიაღწია თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის სადავო ნორმით დადგენილ ასაკს (65 წელი) შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას მის მიმართ უფლებაში აღდგენის ან/და მომავალში უფლების შესაძლო დარღვევის პრევენციის ეფექტი ვერ ექნება, ამასთანავე სარჩელში არ არის წარმოდგენილი საკმარისი არგუმენტები თუ რატომ არის უფლების დარღვევა შეუქცევადი და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, რატომ იქნება შეუძლებელი მოსარჩელის უფლებების დაცვა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებისათვის.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №744 („საქართველოს მოქალაქე ნათელა ჯაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი