დიმიტრი ღონღაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/3/1377 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 17 ივნისი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 ივნისი 2022 14:57 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: დიმიტრი ღონღაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე დიმიტრი ღონღაძე;მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - რუსუდან მუმლაური და ლევან ღავთაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1377) მომართა დიმიტრი ღონღაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 7 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 5 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 5 ივნისის №1/8/1377 საოქმო ჩანაწერით №1377 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად იქნა განსახილველად მიღებული. №1377 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2021 წლის 25 თებერვალს.
2. №1377 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი აწესრიგებს საპროცესო უზრუნველყოფის გარანტიის საკითხს. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.
5. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიაზრებს როგორც დარღვეული თუ სადავოდ ქცეული სამოქალაქო უფლების დასაცავად სარჩელის აღძვრას, ასევე სამართალწარმოებისას ყველა იმ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას, რომლებიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოს წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას. მოსარჩელის პოზიციით, ამგვარ სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიებაც.
6. მოსარჩელე იზიარებს, რომ საპროცესო უზრუნველყოფის გარანტია ემსახურება შესაბამისი საპროცესო მოქმედების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას, მოპასუხე მხარის აღჭურვას შესაძლებლობით, უზრუნველყოს იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა ან/და შეიძლება მიადგეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით. მიუხედავად ლეგიტიმური მიზნებისა, მოსარჩელის პოზიციით, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლოა არა მარტო ფულადი თანხის ან/და ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, არამედ ასევე უზრუნველყოფის ისეთი საშუალებებით, როგორებიცაა იპოთეკა ან/და გირავნობა. ისეთ პირობებში, როდესაც პირს არ აქვს ფულადი თანხა ან/და ფასიანი ქაღალდები, თუმცა აქვს ქონება, რომლის ღირებულებაც სრულად უზრუნველყოფს მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურებას, მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას, აღნიშნული ქონებით მოახდინოს უზრუნველყოფის გარანტირება, რაც იწვევს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას და მომავალში, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას.
7. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის საპირწონე, ალტერნატიული საშუალება ვერ იქნება მხარეთა მიერ სხვა რამეზე შეთანხმების დაშვება, რამდენადაც ზოგიერთ სამართლებრივ ურთიერთობაში შესაძლოა, მხარეები არც კი იცნობდნენ ერთმანეთს ან, დავის კატეგორიის გათვალისწინებით, ვერ თანხმდებოდნენ მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფის სხვა წესზე. მოსარჩელე მხარე დამატებით უთითებს კანონის ანალოგიაზე, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ წესზე, რომლის თანახმად, გირაოს თანხის შეტანისას ბრალდებულს ეძლევა ფულის ეკვივალენტი ქონების გამოყენების შესაძლებლობა.
8. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ მისთვის მისაღებია სადავო ნორმით გათვალისწინებული მოწესრიგება, თუმცა კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენს ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამოირიცხება სადავო ნორმის მოქმედებიდან. კერძოდ, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს როგორც ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად, ასევე მის უძრავ/მოძრავ ქონებაზე იპოთეკისა ან/და გირავნოვის ვალდებულების გავრცელებით, რომელიც შემდგომში გახდება გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ზარალის ასანაზღაურებლად სარეალიზაციო ობიექტი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირების აღნიშნული ნორმატიული შინაარსი გაუმართლებლად ზღუდავს სამოქალაქო დავაში მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
10. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე არ დაეთანხმა მოსარჩელის არგუმენტაციას. მოპასუხე მხარის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ არგუმენტაციათა გამო. როგორც მოპასუხე განმარტავს, სადავო ნორმა წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის მინიმალურ სტანდარტებს, რაც დაკმაყოფილებული უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო ურთიერთობების კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევის მიზნებისთვის. შესაბამისად, აღნიშნული ჩანაწერი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან.
11. მოპასუხე მხარის განმარტებით, მოცემულ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოფის ღონისძიების სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორც მოპასუხის უფლებები) შორის. უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მიმოიხილა სადავო ნორმასთან კავშირში მყოფი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-ე თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ინსტიტუტი, არსი და მნიშვნელობა იმ ნაწილში, სადაც იგი დაკავშირებულია იმ ზარალის ანაზღაურებასთან, რომელიც შესაძლოა მიადგეს მოპასუხე მხარეს.
12. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი ითვალისწინებს მოპასუხის ინტერესების დაცვის ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ სამართლებრივ საშუალებას: ა) მოსარჩელის მიერ იმ ზარალის ანაზღაურებას, რომელიც მიადგა მოპასუხეს სარჩელის უზრუნველყოფით. აღნიშნული მოთხოვნის უფლება მოპასუხეს გააჩნია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, როგორებიცაა სასამართლოს მიერ სარჩელის არ დაკმაყოფილება (ან ჯერარაღძრული სარჩელის უზრუნველყოფისას სარჩელის შეუტანლობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა) და სარჩელის უზრუნველყოფით მოპასუხისთვის ზიანის მიყენება (რომლის არსებობა და ოდენობა უნდა ამტკიცოს მოპასუხემ); ბ) მოპასუხისთვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც იმაში გამოიხატება, რომ თუ მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფას, მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით მისთვის მოსალოდნელი ზიანის არა ანაზღაურება, არამედ ანაზღაურების უზრუნველყოფა. ასეთ ვითარებას ეწოდება საპასუხო უზრუნველყოფა, რომელიც ხორციელდება გასაჩივრებული ნორმით გათვალისწინებული წესით.
13. მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, მაგრამ, ამავდროულად, სავარაუდოა ღონისძიების გამოყენებით მოპასუხისთვის ზარალის მიყენების შესაძლებლობა. გათვალისწინებული საპასუხო უზრუნველყოფა არის მოპასუხის ინტერესების სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს გაუმართლებელი ღონისძიებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. სასამართლო უფლებამოსილია სარჩელის უზრუნველყოფის გარანტირება მოახდინოს როგორც თავისი ინიციატივით, ასევე მოპასუხე მხარის განცხადების საფუძველზე. ამასთან, ორივე შემთხვევაში მისი გამოყენება დამოკიდებულია მოსალოდნელი, შესაძლო ზიანის წარმოშობის საფრთხესთან. მოსარჩელისთვის გარანტიის წარმოდგენის მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს განმცხადებლის მიერ კონკრეტულ გარემოებებზე მითითებას და შესაბამის დასაბუთებას გარანტიის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ. იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითების ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელისაგან შესაბამისი გარანტიის წარდგენის აუცილებლობის ვარაუდს, ეკისრება განმცხადებელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად.
14. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სადავო ნორმის შინაარსის იდენტიფიცირებამდე, დეტალურად განმარტა უზრუნველყოფის ღონისძიების დამახასიათებელი გარემოებანი. კერძოდ, აღნიშნა, რომ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნის დამყენებელმა მოპასუხემ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, დასაბუთება უნდა იყოს საფუძვლიანი, არ შეიძლება ეფუძნებოდეს მარტოოდენ ეჭვს ან ფორმალურ ანალიზს, არამედ მოთხოვნა წარდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაყრდნობით და შეიცავდეს ლოგიკურ დასკვნას მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ. აქედან გამომდინარე, მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის უზრუნველყოფის გარანტიების შექმნის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც სასამართლოს [თავისი ინიციატივით გადაწყვეტილების მიღებისას] აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება გაუმართლებელი აღმოჩნდეს და, ასევე, სახეზეა ზიანი, რომელიც მოპასუხეს უზრუნველყოფის ღონისძიებით ადგება ან შეიძლება მიადგეს. სასამართლოს მიერ, საკუთარი ინიციატივით, ზიანის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობის შემთხვევაში, ზიანი მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება ხდება და მან უნდა ამტკიცოს, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მისი უფლებები დაუშვებლად ილახება და მას ზიანი ადგება ან გარდაუვალია მისთვის ზიანის მიყენება.
15. რაც შეეხება უშუალოდ სადავო ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარის პოზიციას, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით სახეზეა სამი ალტერნატიული სამართლებრივი მოწესრიგება: 1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; 2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობა და 3. უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რომელიც უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენება წინა ორი ალტერნატივის არარსებობისას. მოპასუხე მიიჩნევს, რომ უფლებაში ჩარევა ხორციელდება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად დაბალი ინტენსივობის მქონე გამოსადეგი და ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალებით, რომელიც პროპორციულია და მიზნად ისახავს მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი შესაძლებლობების გათანაბრებას.
16. მოპასუხემ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა მოპასუხის ინტერესების დაცვა, კერძოდ, მისი ინტერესების დაზღვევა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებიდან მომდინარე შესაძლო ზიანისგან, სხვა სიტყვებით, სადავო ნორმა ემსახურება მოპასუხის საკანონმდებლო ბერკეტით აღჭურვას იმ გარანტიით, რომ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა, მოხდება მოპასუხის უფლების შეზღუდვით გამოწვეული ზარალის (ზიანის) ანაზღაურება. მოპასუხემ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარის უფლებას, გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, უპირისპირდება მოპასუხის ინტერესი - თავი დაიცვას ზიანის მომტანი უზრუნველყოფის ღონისძიებისგან. მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება მოსარჩელისა და მოპასუხის ლეგიტიმური ინტერესები, რომელთა გონივრული დაბალანსებაც კანონმდებლისადმი წაყენებული უპირველესი კონსტიტუციური მოთხოვნაა. დადგენილი შეზღუდვა უნდა ითვალისწინებდეს პროცესის მონაწილე ორივე მხარის ინტერესებს - მოსარჩელეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მისი დარღვეულად ნაგულვები უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნით, მოპასუხეს კი, თავის მხრივ, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დააზღვიოს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან მომდინარე ქონებრივი ზიანი, რომელიც მისცემს მას რეალურ შესაძლებლობას, მოახდინოს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა.
17. მოპასუხე დამატებით განმარტავს, რომ უძრავი/მოძრავი ქონება ვერ იქნება ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალება, ვინაიდან უძრავ/მოძრავ ქონებას შეიძლება დაედოს მხოლოდ იპოთეკა ან გირავნობა. თავის მხრივ, იპოთეკა ან გირავნობა წარმოადგენს გარიგების სახეებს, რომლებიც სამოქალაქო ურთიერთობებში ექცევა სრულად ნების ავტონომიის პრინციპის ფარგლებში. კანონმდებლობაში ამგვარი მექანიზმების ბლანკეტურად ჩაწერა გამოიწვევს სამოქალაქო ურთიერთობებისა და კერძოსამართლებრივი პრინციპების თავდაყირა დაყენებას. გარდა ამისა, ყადაღისგან განსხვავებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ყადაღის სახით არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს მოსარჩელის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას დავის მიმდინარეობის პერიოდში სადავო ქონების გასხვისებისგან თავის არიდების მიზნით, ხოლო იპოთეკისა და გირავნობის არსებობა მიემართება არა სარჩელის, არამედ მოთხოვნის უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს იმას, რომ არც ქონება და არც ზარალი იპოთეკისა და გირავნობის დადების შემთხვევაში არ არის დაზღვეული გასხვისებისგან, მაშინ როდესაც, ეს კონკრეტული სანივთო უფლებები მიჰყვება ქონებას გასხვისებისას. ამ შემთხვევაში კი აღსანიშნავია, რომ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, იპოთეკადადებული ქონება აღსასრულებლად მისაქცევად საჭიროებს ცალკე სამართალწარმოებას როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში, ასევე საერთო სასამართლოებში. შესაბამისად, მოპასუხეს მიაჩნია, რომ უძრავ/მოძრავ ქონებაზე შესაბამისი სანივთო გარიგებების დადების შესაძლებლობის კანონის საფუძველზე დამატებით არსებობის შემთხვევაში, ცალსახად გართულდება სამართლებრივი გადაწყვეტის მექანიზმების შესრულება. გარდა ამისა, არსებული კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებს სასამართლოს გარეშე მხარეთა შეთანხმების საფუძველზე იპოთეკის ან გირავნობის გამოყენების შესაძლებლობას, რომლის ფარგლებში, მხარეები, საკუთარი ნებიდან გამომდინარე, გაცნობიერებულად იღებენ პასუხისმგებლობას დავის გადაწყვეტის შემდგომ არსებულ სამართლებრივ მოცემულობაზე.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. მოპასუხე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).
2. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელემ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით, უფრო კონკრეტულად კი, მის რამდენიმე კომპონენტთან. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საპროცესო უზრუნველყოფის გარანტიის გავრცელებას ამავე მუხლით გათვალისწინებულ საშუალებათა მიღმა სხვა უძრავ/მოძრავ ქონებაზე, ეწინააღმდეგება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას, გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფასა და მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს. ვინაიდან სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით, საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცულ სფეროს ამ უფლებრივი კომპონენტების ჭრილში შეაფასებს.
სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული სფერო - სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება
3. სამართლიანი სასამართლოს უფლება ორგანულ კავშირშია კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და ამ უფლების სრულყოფილ რეალიზაციას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. „ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულვებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
4. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ „სამართლიანი სასამართლოს უფლება ... უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/403,427 საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
5. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არაერთგზის აღნიშნა, იმისათვის, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებამ უზრუნველყოს ადამიანის სრულყოფილი სამართლიანი დაცვა, ის უნდა მოიცავდეს შესაძლებლობათა შემდეგ მინიმუმს: „პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს მისი საქმის სამართლიანი საჯარო მოსმენა, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და დაიცვას თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სასამართლო განხილვა მოხდეს გონივრულ, შემჭიდროებულ ვადებში და საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა სასამართლომ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის №1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
6. როგორც აღინიშნა, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტიან საშუალებას. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც და ამ ღონისძიების გამოყენების შედეგად მოპასუხისთვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიაც (ე.წ. საპროცესო უზრუნველყოფა) ქმნის სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტიანად სარგებლობის ერთ-ერთ საპროცესო გარანტიას და, შესაბამისად, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროს ნაწილს.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება შესაძლოა დაირღვეს მაშინაც კი, როდესაც თეორიულად და ფაქტობრივად ასეთი უფლება განმტკიცებულია კანონმდებლობით, თუმცა იგი იძენს ისეთ ილუზორულ ხასიათს, რომ პირი კარგავს საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენის რეალურ შესაძლებლობას. მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს, გააჩნია თუ არა სადავო ნორმას ის ნორმატიული შინაარსი, რომლის არაკონსტიტუციურობაზეც აპელირებს მოსარჩელე მხარე. შემდგომ ამისა კი შეაფასოს, აკმაყოფილებს თუ არა შეზღუდვა კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის შინაარსი
8. სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვის შინაარსის მკაფიოდ წარმოსაჩენად, უპირველესად, უნდა გაანალიზდეს საპროცესო უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი და დანიშნულება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად.
9. სადავო ნორმა ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტად ცალსახად მიუთითებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოპასუხისთვის მიყენებული ან მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურებაზე. მოპასუხისთვის აღნიშნული უფლებრივი ინსტიტუტი გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე. სადავო ნორმის პირველი ნაწილი კი ცალსახად მიუთითებს, რომ მხარე, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულების თაობაზე, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს შეიძლება მიადგეს ზიანი, არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ასეთი მოთხოვნით. მან, იმავდროულად, უნდა შესთავაზოს სასამართლოს გარანტია, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც მოწინააღმდეგე მხარემ შეიძლება განიცადოს ამ საპროცესო მოქმედების შესრულებით, მაგ., სარჩელის უზრუნველყოფით. მხარე, რომელიც მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფას, ვალდებულია, მიუთითოს, თუ რას სთავაზობს იგი სასამართლოს მოწინააღმდეგე მხარის იმ ზარალის უზრუნველსაყოფად, რომელიც ამ უკანასკნელმა შესაძლებელია, განიცადოს. თუ მხარე ამ მოვალეობას არ ასრულებს, მისი მოთხოვნა საპროცესო მოქმედების შესრულებაზე სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს (პრაქტიკის თვალსაზრისით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ა-4265-ბ-15-2015, 15 იანვარი, 2016 წელი).
10. შესაბამისად, აშკარაა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი საპროცესო უზრუნველყოფას განსაზღვრავს როგორც სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების აღსრულების მექანიზმს. აუცილებელია, რომ სადავო ნორმა სისტემურად იქნეს წაკითხული მის მეორე ნაწილთან ერთად, რომლის თანახმად, სასამართლომ შეიძლება შეღავათიანი პირობებით დაუშვას უზრუნველყოფის სხვა საშუალება, კერძოდ, რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობა. სადავო ნორმის შემადგენლობა ასეთია: თუ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, კანონმდებელი ბლანკეტურად გაწერს სამ სამართლებრივ მოცემულობას, რომლის არსებობის ფარგლებში შესაძლოა გამოყენებული იქნეს საპროცესო უზრუნველყოფა: 1. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან; 2. სასამართლოს მიერ შეღავათიანი პირობებით დაშვებული სხვა საშუალება, კერძოდ, რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია და; 3. ფულადი თანხა ან ფასიანი ქაღალდები, რომლებიც მხარემ უნდა შეიტანოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად.
11. როგორც დგინდება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი არ ითვალისწინებს გარდა ამ მუხლში ჩამოთვლილი საშუალებებისა, უზრუნველყოფის ისეთ საშუალებას, როგორიცაა ქონება [სხვა უძრავი და მოძრავი ქონება], რომელიც შესაძლოა დაიტვირთოს იპოთეკის ან/და გირავნობის ვალდებულებით. შესაბამისად, სადავო ნორმას გააჩნია ის გამომრიცხველი ნორმატიული შინაარსი, რომლითაც შეზღუდულია მოპასუხე მხარე და სასამართლო, თავისი ინიციატივის ფარგლებში, საპროცესო უზრუნველყოფის საშუალების ობიექტად გამოიყენონ სადავო ნორმით გათვალისწინებული საშუალებების მიღმა მოსარჩელის სხვა ქონება, რომელიც შეიძლება დაიტვირთოს იპოთეკის ან/და გირავნობის ვალდებულებით. საბოლოოდ, კერძოსამართლებრივი ურთიერთობების არქიტექტურის გათვალისწინებით, აღნიშნული მექანიზმი მიემართება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა, თუმცა მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს ის, თუ კონკრეტულად რომელ უფლებრივ კომპონენტთან მიმართებით არის მისი კონსტიტუციურობის შეფასება რელევანტური.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ის ნორმატიული შინაარსი, რომლის იდენტიფიცირება თავად მოსარჩელემ მოახდინა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე და რომელიც გამორიცხავს საპროცესო უზრუნველყოფის გარანტიის გავრცელებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საშუალებების გარდა მოსარჩელის სხვა ქონებაზე, თავის თავში გულისხმობს იმგვარი მექანიზმის არსებობის აუცილებლობას, რომელიც საბოლოოდ უზრუნველყოფს მხარეთა პროცესუალური თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის უზრუნველყოფას.
13. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული სადავო ნორმატიული შინაარსი არ მიემართება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას, არამედ ჩარევას ახდენს გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფისა და მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უფლებრივ კომპონენტებში.
მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა; გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფა
14. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით და გამოიყენონ ისინი საიმისოდ, რათა წარადგინონ მათი პოზიციების სასარგებლო არგუმენტები. იმავდროულად, ამ პრინციპის უმთავრესი მიზანი არის სწორი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა და ამ მიზნისთვის ეს პრინციპი ეყრდნობა ორივე მხარის მიერ არგუმენტების თავისუფლად წარდგენის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/8/594 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27).
15. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში „მხარეს უნდა ჰქონდეს საქმისწარმოებაზე სამართლებრივი გავლენის მოხდენის, მტკიცებულების იმ პირობებში მოპოვება-წარდგენისა და საკუთარი ინტერესების დაცვის გონივრული შესაძლებლობა, რომელიც არ აყენებს მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის №1/1/650,699 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). მხარეთა შორის მითითებული ბალანსი მოიცავს სამოქალაქო სამართლის პროცესში საპროცესო მოქმედებებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურ თანასწორობას საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, უფრო კონკრეტულად კი, საპროცესო უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოს ჩაურევლად მიღებასა და სამართალწარმოებაში მონაწილეობას დამოუკიდებლად განსაზღვრულ სტრატეგიაზე დაყრდნობით.
16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, აგრეთვე, არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის, სასამართლოს პროცესის სრულყოფილად და კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისი პროცედურებით წარმართვის ან/და ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმისთვის, რომ პირმა სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისი პროცედურები/რეგულაციები, რომლებიც თანაბრად დაიცავს აღსრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლებებს ან/და კანონიერ ინტერესებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
17. მაშასადამე, სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულების შესაძლებლობა სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლების, მით უფრო - დარღვეული უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას, თუკი არ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის №1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები – „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი“) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფილია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანი, ქმედითი აღსრულებაც, რაც პირის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა.
18. მაშასადამე, გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციის ზემოხსენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, აუცილებელია, უფლებაში ჩარევის გამართლებისთვის, უპირველესად, დადგინდეს, რა არის ის ღირებული სამართლებრივი სიკეთე, რის დასაცავადაც კანონმდებელმა აირჩია მხოლოდ ის სამი სამართლებრივი მოცემულობა, რომლის მეშვეობით არის შესაძლებელი საპროცესო უზრუნველყოფის გარანტიით სარგებლობა.
19. როგორც ცნობილია, სამართლიანი სასამართლოს უფლება, მიუხედავად მისი უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს საკუთარ გადაწყვეტილებებში, რომ აღნიშნული უფლება „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). „შეზღუდვები უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და დაცული უნდა იყოს გონივრული თანაზომიერება დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის №1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
ლეგიტიმური მიზანი
20. მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის პოზიციით, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია მოპასუხის ინტერესების დაცვა, კერძოდ, მისი ინტერესების დაზღვევა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებიდან მომდინარე შესაძლო ზიანისგან, სხვა სიტყვებით, სადავო ნორმა ემსახურება მოპასუხის აღჭურვას იმ საკანონმდებლო ბერკეტით - გარანტიით, რომ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა, მოხდება მოპასუხის უფლების შეზღუდვით გამოწვეული ზარალის (ზიანის) ანაზღაურება.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
22. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეთა თანასწორობის პრინციპთან ერთად, ნამდვილად წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს. ხაზგასასმელია, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს სწორედ შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის მიმდინარეობა, მხარეთა არგუმენტების წარმოდგენა, მათი დასაბუთება და შესაბამის მტკიცებულებებზე მითითება სრულად შეჯიბრებითია, თუმცა მხარეები არიან თანასწორნი მათ უფლება-მოვალეობებში პროცესუალურსამართლებრივი მექანიზმებით აღჭურვის თვალსაზრისით.
23. აქედან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მხარის [მოსარჩელის] უფლება, გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მოპასუხეს, ბუნებრივია, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა - თავი დაიცვას ზიანის მომტანი უზრუნველყოფის ღონისძიებისგან. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლო რელევანტურად მიიჩნევს კონსტიტუციურ სარჩელზე მოპასუხის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს - მხარეთა პროცესუალური თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფას.
გამოსადეგობა და აუცილებლობა
24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული მიდგომების თანახმად, ის გარემოება, რომ კანონმდებელი უფლების შეზღუდვისას ისახავდა ლეგიტიმურ მიზანს, თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. შეზღუდვის თანაზომიერებისათვის ასევე აუცილებელია, დაკმაყოფილდეს გამოსადეგობის მოთხოვნაც. თავის მხრივ, ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).
25. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შემზღუდველი ღონისძიების გამოსადეგობის გააზრებისათვის მხედველობაშია მისაღები სადავო ნორმის მოქმედების არსი, სფერო და ფარგლები (იხ. 9-12 პარაგრაფები). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში ზღუდავს მესაკუთრის უფლებას სრული მოცულობით განკარგოს ესა თუ ის ქონება ან ისარგებლოს სხვა უფლებით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებამ, დიდი ალბათობით, შესაძლოა გამოიწვიოს მატერიალური ზიანი, რომელიც მიადგება მოპასუხეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი უზრუნველყოფს ამგვარი ზიანის დადგომის თავიდან აცილების გარანტიას, რაც ცალსახად აბალანსებს მხარეთა პროცესუალურ უფლებებს, უზუნველყოფს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვასა და, საბოლოოდ, ემსახურება სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციას. ამასთან, აღსანიშნავია ის, რომ უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის გარანტიის ამა თუ იმ ფორმის გამოყენება არ ნიშნავს მოპასუხისთვის სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ავტომატურ ანაზღაურებას, არამედ გულისხმობს მხოლოდ ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მხარემ - მოპასუხემ სარჩელით უნდა მიმართოს სასამართლოს და დაამტკიცოს როგორც ამგვარი ზიანის მიყენების ფაქტი/საფრთხე, ასევე მიყენებული ზიანის ოდენობა. შედეგად, გათვალისწინებული საპასუხო უზრუნველყოფა არის მოპასუხის ინტერესების სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს გაუმართლებელი ღონისძიებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.
26. ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა“. ამავე კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, „თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად“. შესაბამისად, სადავო სამართლებრივი ინსტიტუტის სრული ანალიზისთვის აუცილებელია სადავო ნორმისა და ამავე კოდექსის 199-ე მუხლის კომპლექსური აღქმა, ვინაიდან მხარის [მოსარჩელის] უფლებას, გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, უპირისპირდება მოპასუხის ინტერესი - თავი დაიცვას ზიანის მომტანი უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან. მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება მოსარჩელისა და მოპასუხის ლეგიტიმური ინტერესები, რომელთა გონივრული დაბალანსებაც კანონმდებლისადმი წაყენებული უპირველესი კონსტიტუციური მოთხოვნაა. დადგენილი შეზღუდვა უნდა ითვალისწინებდეს პროცესის მონაწილე ორივე მხარის ინტერესებს - მოპასუხეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დააზღვიოს უზრუნველყოფის ღონისძიებიდან მომდინარე ქონებრივი ზიანი, ხოლო მოსარჩელისათვის დადგენილი მოთხოვნები უნდა იყოს გონივრული და მას აძლევდეს რეალურ შესაძლებლობას მოახდინოს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი დეტალურად განმარტავს ამ მექანიზმის გამოყენების პროცედურას, რაც წარმოადგენს მოპასუხის უფლებების დაცვის დამატებით გარანტიას.
27. გარდა ამისა, განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმით სრულად იკრძალება მხარეთა შეთანხმების, ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდის ან საბანკო გარანტიის მიღმა მოსარჩელის სხვა ქონებაზე საპროცესო უზრუნველყოფის სხვა სახის გარანტიის გავრცელება და მოპასუხე მხარე კანონმდებლობით აღჭურვილია მხოლოდ და მხოლოდ ზემოხსენებული ალტერნატიული საშუალებების გამოყენების შესაძლებლობით. ბუნებრივია, ზოგადად, ამგვარი რეგულირება ხელს უწყობს მოპასუხის შესაბამისი საპროცესო გარანტიებით დამატებით აღჭურვას საკუთარი უფლებების დასაცავად. ამდენად, სადავო ნორმით გათვალისწინებული უფლების შემზღუდველი ღონისძიება დასახელებული მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალებაა.
28. გამოსადეგობასთან ერთად, უფლების შემზღუდველი ღონისძიება უნდა იყოს შეზღუდვის აუცილებელი (ყველაზე ნაკლებად მზღუდველი) საშუალება. უფრო კონკრეტულად, „საშუალების აუცილებლობას ობიექტური გარემოებები იწვევს და მას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. საშუალებისადმი ასეთი მიდგომა გამორიცხავს შეზღუდვის ხელოვნურობას. აუცილებლობით გამოწვეული შეზღუდვა აუცილებელი საშუალების გამოყენებით გამართლდება. მხოლოდ ასეთი შეზღუდვა შეიძლება პასუხობდეს პრაქტიკული გონიერების მოთხოვნებს და სუბიექტის მზაობას, უფლების შეზღუდვა მიიჩნიოს, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-30). უფლებაში ჩარევის აუცილებლობის შემოწმებისას სასამართლო აფასებს, ხომ არ არსებობს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალება. განსახილველ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნის მიღწევას - მხარეთა პროცესუალური თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფას - ემსახურება მოპასუხის იმ საპროცესო გარანტიით აღჭურვა, რომელსაც წარმოადგენს სადავო ნორმით გათვალისწინებული საშუალებები [მხარეთა შეთანხმება, ფულადი თანხა/ფასიანი ქაღალდი ან საბანკო გარანტია]. ამავდროულად, შეუძლებელია არსებობდეს მხარეთა შეთანხმების, ფულადი თანხის/ფასიანი ქაღალდისა ან საბანკო გარანტიის გარდა სხვა, ნაკლებად მზღუდავი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტიანობით უზრუნველყოფდა მოპასუხის ინტერესების დაცვას.
29. უპირველესად, აღსანიშნავია, რომ მხარეთა შეთანხმება კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. იგი მიემართება კერძო ავტონომიის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფას, რომელზეც მთლიანი სამოქალაქო სამართლებრივი არქიტექტურაა დაფუძნებული და მასში სახელმწიფო ყველაზე დაბალი ინტენსივობით ერევა, ისიც მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს თავად მხარეთა შორის დადებული შეთანხმების უგულებელყოფიდან წარმოშობილი დავის გადაწყვეტას ემსახურება მიზნად. ასევე, ფულადი თანხის/ფასიანი ქაღალდის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება სამართლებრივად მარტივად და უმტკივნეულოდ უზრუნველყოფს მოპასუხის ინტერესების დაცვას მაშინ, როდესაც მოსარჩელემ თავდაპირველად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად, მოპასუხე ისედაც უფლებაშეზღუდულ მდგომარეობაში ჩააყენა დავის გადაწყვეტის მომენტამდე. გარდა ამისა, ყურადღებას საჭიროებს საბანკო გარანტია, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის გათვალისწინებული. აღნიშნულის თანახმად, სასამართლომ შეიძლება შეღავათიანი პირობებით დაუშვას უზრუნველყოფის სხვა საშუალება, კერძოდ, რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობა. საკონსტიტუციო სასამართლო განარტავს, რომ სადავო ნორმის მე-2 ნაწილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოპასუხის ინტერესების ეფექტიანი დაცვის პროცესში, ვინაიდან კანონმდებელმა მიზანშეწონილად მიიჩნია სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის სხვა საშუალებად რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ შეღავათიანი პირობებით გაცემული თავდებობის დაშვება. ეს კონკრეტული კი თავის თავში გულისხმობს მოსამართლის მიერ მოსარჩელის ფინანსური ინტერესების გათვალისწინებას მოპასუხის მიერ საპროცესო უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების შესახებ დასაბუთებული მოთხოვნის თაობაზე მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტში.
30. ამავდროულად, ფულის და ფასიანი ქაღალდის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე არსებობა მოპასუხეს აძლევს შესაძლებლობას, დავის დასრულების შემდგომ მყისიერად აინაზღაუროს ზარალი თანმხვედრი ტვირთის გარეშე. მოთხოვნის უზრუნველყოფის ისეთი საშუალებები, როგორებიცაა გირავნობა და იპოთეკა უფლებებთან ერთად გულისხმობს მნიშვნელოვან სამართლებრივ ტვირთსაც. კერძოდ, გირავნობით ან იპოთეკით კრედიტორი იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების რეალიზაციით. თავის მხრივ, ქონების რეალიზაცია გულისხმობს: სააღსრულებო ფურცლის მოპოვებას, აღსრულების პროცესის დაწყებას, ნივთის რეალიზაციის პროცედურებს და ამონაგები თანხების განაწილების პროცედურას. ასეთი პროცედურა მოითხოვს შესაბამის ხარჯებს და ვადას. იგი შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე თვე. ამასთან, ასეთი მექანიზმის არსებობა თავის თავში მოიცავს ისეთ რისკებს, როგორებიცაა: ქონების რეალიზაციის შეფერხება ამ ქონებაზე სხვა პირის მიერ ყადაღის დადებით, ქონების ღირებულების შემცირება გარემო ფაქტორების ზემოქმედებით და მოთხოვნის არასრული დაკმაყოფილება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-300 მუხლის მე-21 ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის/იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შემზღუდველი ღონისძიება აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნებს.
პროპორციულობა ვიწრო გაგებით
31. საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რომ განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელისთვის პრობლემაა არა მხარეთა შეთანხმების, ფულადი თანხის/ფასიანი ქაღალდის ან საბანკო გარანტიის, როგორც საპროცესო უზრუნველყოფის საშუალებების კონსტიტუციასთან შესაბამისობა, არამედ ის, თუ რატომ არ შეიძლება სადავო ნორმით გათვალისწინებული საშუალებების მიღმა კანონმდებლობა ითვალისწინებდეს მოსარჩელის სხვა ქონებაზე სხვა საპროცესო უზრუნველყოფის საშუალებების გავრცელების შესაძლებლობას, მაგ., იპოთეკასა ან/და გირავნობას.
32. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელემ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ნორმის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული საშუალებები არის მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი და აუცილებელი საშუალებები. თუმცა, იმავდროულად, მხარეთა შეთანხმების, ფულადი თანხის/ფასიანი ქაღალდისა და საბანკო გარანტიის შეფასების ნაწილში აღნიშნა, რომ გათვალისწინებული საშუალებების მიღმა კანონმდებლობა პირდაპირ დამატებით უნდა ითვალისწინებდეს სამოქალაქო საქმეზე მიმდინარე დავის მოსარჩელის სხვა ქონებაზე ისეთი საპროცესო უზრუნველყოფის გარანტიის გავრცელების შესაძლებლობასაც, როგორიცაა იპოთეკა ან/და გირავნობა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სამოქალაქო საქმეზე მიმდინარე დავის მოსარჩელის სხვა ქონებაზე ამავე მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტიის საშუალებათა მიღმა სხვა ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს სადავო ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით დაპირისპირებული ინტერესების ურთიერთშეპირისპირების გზით უფლებაში ჩარევის ინტენსივობის ხარისხზე, ასევე, მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებებს შორის სადავო ნორმით დამყარებული ბალანსის სამართლიანობაზე.
33. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, თანაზომიერების პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto se№su). თანაზომიერების პრინციპის აღნიშნული ელემენტის მოთხოვნაა, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43). სადავო ნორმით დადგენილი ბალანსის სამართლიანობის შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რომელი ინტერესების დაბალანსება ხდება სადავო ღონისძიებით. განსახილველ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, მოსარჩელის ინტერესი - მისი დარღვეულად ნაგულვები უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ეფექტიანი ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნით, რომლის მეშვეობით მიაღწევს უფლებებში აღდგენას, ხოლო მოპასუხეს, თავის მხრივ, ექნება შესაძლებლობა დააზღვიოს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან მომდინარე ქონებრივი ზიანი, რომელიც მისცემს მას რეალურ შესაძლებლობას, მოახდინოს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა.
34. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან №1377 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პრობლემა მომდინარეობს სამოქალაქო საქმეზე მიმდინარე დავის ერთ-ერთი მხარის, მოსარჩელის პერსპექტივიდან, აუცილებელია, მისი მოთხოვნა შემზღუდველი ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით შეფასებულ იქნას ასევე მოსარჩელის ინტერესებისა და იპოთეკისა ან/და გირავნობის სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით. შესაბამისად, სასამართლო შეაფასებს, მოსარჩელის პერსპექტივიდან იპოთეკასა და გირავნობასთან მიმართებით რამდენად არსებობს ზემოთ ხსენებული ლეგიტიმური მიზნების დაცვის აღმატებული ინტერესი.
35. როგორც აღინიშნა, აუცილებელია, უფლებაშემზღუდველი ღონისძიების შემუშავებისას სახელმწიფომ დაადგინოს სამართლიანი ბალანსი იმგვარად, რომ დაცული სიკეთე და მისი დაცვის ინტერესი აღემატებოდეს შეზღუდული უფლების დაცვის ინტერესს. მოსარჩელე მხარემ შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დარღვევის წარმოსაჩენად ყურადღება გაამახვილა ერთადერთ გარემოებაზე. მისი შეფასებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებათა მიღმა, საპროცესო უზრუნველყოფის დამატებით საშუალებად კანონმდებლობაში დამატებით შესაძლოა არსებობდეს იპოთეკისა და გირავნობის გამოყენების შესაძლებლობაც.
36. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ არის საკანონმდებლო ორგანო, არამედ იგი უფლებამოსილია, არაკონსტიტუციური ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადებით, დაიცვას კონსტიტუციის უზენაესობა და ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თუ მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა არ ქმნის უფლებების დარღვევის პირდაპირ საფრთხეს, მაგრამ მიაჩნია, რომ სადავო ნორმის სხვაგვარი ფორმულირება იქნებოდა უფრო სწორი და გამართლებული, ეს ვერ ჩაითვლება მოსარჩელის მხრიდან ნორმის არაკონსტიტუციურობის დასაბუთებად. ამისათვის, აუცილებელია, მოსარჩელემ საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოუდგინოს ნორმის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის ისეთი მყარი, ხელშესახები და დასაბუთებული არგუმენტები, რომლებიც სასამართლოს დაარწმუნებს სადავო ნორმის კონსტიტუციასთან აშკარა შეუსაბამობაში. უფრო კონკრეტულად კი, რეგულაციამ, რომელსაც №1377 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, უნდა წარმოშვას სამოქალაქო საქმეზე მიმდინარე დავის მხარეთა შორის ისეთი დისბალანსი, შექმნას ერთგვარი დაბრკოლება, რომლის პირობებში პროცესი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება სამართლიანი; ანუ, მხარეთა თანასწორუფლებიანობისა თუ გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ამ ნორმის პირობებში პროცედურა ვეღარ იქნება სამართლიანი და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით აუცილებელი/გარდაუვალი გახდებოდა მისი არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ამასთანავე, აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის გაუქმების შემთხვევაში შესაძლებელია, ნორმა მოდიფიცირდეს იმგვარად, რომ გაიზარდოს მისი რეგულირების სფერო და სადავო ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეზღუდვა გავრცელდეს სამოქალაქო საქმეზე მიმდინარე დავის ორივე მხარეზე (მოსარჩელე და მოპასუხე). მიუხედავად ამისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იპოთეკისა და გირავნობის სამართლებრივ ბუნებაზე, ვინაიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებად იპოთეკისა და გირავნობის საკანონმდებლო მექანიზმებად გათვალისწინება შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ ფუძემდებლურ ნორმა-პრინციპებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონმდებლის ნება, სადავო ნორმის მოქმედებით უზრუნველეყო მოსარჩელისა და მოპასუხის საპროცესო თანასწორუფლებიანობის დაცვა, თანაბრად ემსახურება ორივე მხარის ინტერესების დაცვის გონივრულ ბალანსს. სწორედ ამიტომ სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია, ხაზი გაუსვას იპოთეკისა და გირავნობის სამართლებრივ ბუნებას, რომელიც თავად ადასტურებს ამ ღონისძიებათა სასამართლოს მიერ გამოყენების შეუძლებლობის არსებობას.
ა. იპოთეკა
37. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლით განისაზღვრება იპოთეკის ცნება. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სამართალში კერძო საკუთრებით სარგებლობისა და სუბიექტებს შორის ავტონომიური სახელშეკრულებო ურთიერთობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს კერძო-სამართლებრივი რეგულირების სფეროში. იპოთეკა სანივთოსამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების ბუნება ვლინდება ძირითადი უფლების გადაცემის პროცესშიც - მოთხოვნის გადაცემისას იპოთეკა თან მიჰყვება მთავარ უფლებას. აღნიშნულს ნათლად ასახავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლის დანაწესი, რომლის მეშვეობით იპოთეკა და მის საფუძველზე არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც.
38. აღსანიშნავია, რომ იპოთეკას, გარდა აქცესორულობისა, მნიშვნელოვანი თავისებურება ახასიათებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს, აგრეთვე, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები. ამდენად, კანონი იპოთეკის წარმოშობისათვის უფლების სავალდებულო რეგისტრაციას ადგენს, რაც მხოლოდ იპოთეკის საგნის - უძრავი ნივთის სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევით არ არის განპირობებული. იპოთეკის საჯარო ხასიათი შესაძლებლობას ანიჭებს მესამე პირებს, მოიპოვონ ზუსტი ინფორმაცია უძრავი ნივთის უფლებრივი ტვირთის თაობაზე და შემდეგ, საკუთარი რისკის გათვალისწინებით, გადაწყვიტონ ამ ნივთთან მიმართებით ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობაც.
39. ამდენად, იპოთეკა ისეთი სახის სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც სრულად დამოკიდებულია მხარეთა ნების თავისუფლებაზე. ამას ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა იპოთეკის სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით. იპოთეკარი დაცულია საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერით მოვალის საკუთრებასთან დაკავშირებით, თუნდაც აღნიშნული ჩანაწერი შემდგომში არასწორი აღმოჩნდეს. მეორე მხრივ კი, მოვალე დაცულია იპოთეკის საგნის იმ ვალდებულების ფარგლებით, რომლისთვისაც მან ქონება იპოთეკით დატვირთა, ანუ იპოთეკით მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, უმთავრესია როგორც იპოთეკის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც ხორციელდება სანივთო უფლების რეალიზაცია. ამ შემთხვევაში წინდაწინაა სავარაუდო, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების - ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც მოიცავს ძირითადი ვალდებულების ფარგლებს (ღირებულებას) ან იპოთეკის გარიგებით მხარეთა შეთანხმებულ უზრუნველყოფილ მოთხოვნის ოდენობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის №ას-1280-1300-2011 განჩინება).
40. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკა თავისი ბუნებით არის სახელშეკრულებო ურთიერთობის სფერო, რომელშიც მონაწილეობენ მხარეები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, დამოუკიდებლად იღებენ ვალდებულებებსა და კისრულობენ პასუხისმგებლობებს იმ რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც ქონების სარეალიზაციოდ გატანას შეიძლება მოყვეს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის, როგორც საპროცესო უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების შესაძლებლობა კანონმდებლობაში იმპერატიულად იარსებებდა და ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება დამოკიდებული იქნებოდა სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მისაღებ გადაწყვეტილებაზე (ისევე, როგორც დღეს მოქმედი სადავო ნორმის თანახმად, არსებობს ფულადი თანხის/ფასიანი ქაღალდების, მხარეთა შეთანხმებისა თუ შეღავათიანი პირობებით საბანკო გარანტიის გამოყენების შესაძლებლობა), აღნიშნული შეეწინააღმდეგებოდა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების ფუძემდებლურ - ნების ავტონომიის პრინციპს და მისი უგულებელყოფით კანონმდებელი საბოლოოდ შექმნიდა ისეთ ქაოსურ სამართლებრივ გარემოს, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა სამართლებრივი და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფას. აღნიშნულის მოწესრიგება კი მნიშვნელოვან სამართლებრივ სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული.
41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იპოთეკა, რომელიც არის მოთხოვნის და არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ვერ იქნებოდა სამოქალაქო საქმეზე მიმდინარე დავის მხარეთა, მით უფრო მოსარჩელის, ინტერესების დაცვისათვის აღმატებული ღონისძიება. უპირველეს ყოვლისა, მოქმედი სადავო ნორმა, ერთი მხრივ, ისედაც ითვალისწინებს იპოთეკის, როგორც საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას მხარეთა შეთანხმების საფუძველზე სასამართლოს ჩარევის გარეშე. მეორე მხრივ კი, კანონმდებლის მიერ ნების ავტონომიის პრინციპის უზრუნველყოფა მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს მხარეთა მიერ საკითხის ირგვლივ არსებული რისკებისა და საფრთხეების დამოუკიდებლად გააზრებასა და სრული პასუხისმგებლობით აღებას. ეს კი, თავის მხრივ, მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესების გონივრული დაბალანსების საუკეთესო გზაა. საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იპოთეკის გაფორმებისას საერთო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მიუთითოს რომელიმე მხარეს, გამოხატოს ნება და დათანხმდეს კონკრეტული ქონების სამომავლო რეალიზაციის შედეგად ზარალის უზრუნველყოფაზე. კონსტიტუციური სარჩელის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, თავად იპოთეკის, როგორც სანივთო-სამართლებრივი ინსტიტუტის არსი, ვინაიდან მოთხოვნის უზრუნველყოფისას აუცილებელია მოვალისა და კრედიტორის უფლებების თანაბარზომიერი დაცვა. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოვალისა და კრედიტორის ნებას, კერძოდ, მოვალის სურვილს, გარკვეული რისკის ქვეშ დააყენოს უძრავი ქონება, რითაც ქმნის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარანტიასა და კრედიტორის სურვილს, გასცეს თანხა, სანაცვლოდ კი მიიღოს უზრუნველყოფის ღონისძიება გარანტიად, რომლითაც მისი მოთხოვნა, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უპირობოდ დაკმაყოფილდება. სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ იპოთეკის სამართლებრივი ბუნება დამოკიდებულია პირთა თავისუფალ ნებაზე. ამიტომ არის ლოგიკური კანონმდებლის იმპერატიული ნება მხოლოდ იმ საშუალებათა არსებობის თაობაზე, რომლებიც სადავო ნორმით არის გათვალისწინებული. აღნიშნული საშუალებები სამართლიანად აბალანსებს მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესებს, მათ შორის, ემსახურება ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნების მიღწევას.
ბ. გირავნობა
42. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ გირავნობა წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის აქცესორულ საშუალებას. იგი მთლიანად არის დამოკიდებული უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე და მის გარეშე არ არსებობს. გირავნობის შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულების შესრულებას მოვალის მხრიდან უზრუნველყოფს მოძრავი ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. გირავნობის ფორმებია მფლობელობითი გირავნობა და რეგისტრირებული გირავნობა. გირავნობა არის სანივთო უფლება სხვის ნივთზე, რომლის შინაარსი განსაზღვრულია კანონით. შეთანხმება გირავნობის შესახებ, ე.ი გირავნობის ხელშეკრულება კი წარმოადგენს ვალდებულებით-სამართლებრივ ხელშეკრულებას და ის ორხრივ უფლება-მოვალეობებს წარმოშობს ხელშეკრულების მხარეებისთვის.
43. შესაბამისად, გირავნობა, იპოთეკის მსგავსად, განეკუთვნება სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელ სფეროს. გირავნობის სახეები, ფორმები და სხვა მომწესრიგებელი ნორმები დეტალურად არის განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. მოცემული კონსტიტუციური დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის კი საკითხი ეხება იმას, რომ კანონმდებლობაში გირავნობის, როგორც საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების სავალდებულო არსებობა საფრთხეს შეუქმნიდა სამართლებრივი და სამოქალაქო სტაბილურობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, მოსამართლის მიერ საკითხის იმგვარი გადაწყვეტა, რომ მანვე მიუთითოს დავის რომელიმე მხარეს, საკუთარი [მოსამართლის] შეხედულებისამებრ შედგენილ ხელშეკრულებაზე დათანხმების ვალდებულებაზე, წარმოადგენს კერძო ავტონომიის პრინციპის უგულებელყოფას. სწორედ ამიტომ მოცემულ კონტექსტშიც კანონმდებლის მიერ საკითხის შესაბამისი გადაწყვეტა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საშუალებათა გამოყენება წარმოადგენს ამ ნორმის ლეგიტიმური მიზნისა და სამოქალაქო საქმეზე მიმდინარე დავის მხარეთა შორის გონივრული ბალანსის დაცვის სამართლიან გზას, კერძოდ, ემსახურება მხარეთა პროცესუალური თანასწორუფლებიანობისა და გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფას.
44. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას მიეთითებინა კანონმდებლისთვის იპოთეკისა ან/და გირავნობის, როგორც საპროცესო უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების შესაძლებლობის კანონმდებლობაში გათვალისწინების თაობაზე. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ განმარტა, რომ იპოთეკისა და გირავნობის სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, საკანონმდებლო დონეზე მისი იმპერატიულად არსებობა ილუზორულს გახდიდა სადავო ნორმით გათვალისწინებული ერთ-ერთი საშუალების - მხარეთა შეთანხმების - სამართლებრივ გამოყენებას. უფრო მეტიც, კონსტიტუციური სარჩელის ავტორისთვის ცნობილია, რომ მისი, როგორც სამოქალაქო საქმეზე მიმდინარე დავის ერთ-ერთი მხარის, მოსარჩელის პრობლემა - უზრუნველყოს მოპასუხისთვის თავდაპირველი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისგან გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა იპოთეკისა ან/და გირავნობის მეშვეობით - სადავო ნორმის არსებული რედაქციით ისედაც შესაძლებელია მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
45. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ნორმით შესაბამისი სამართლებრივი სივრცის უკეთესი მოწესრიგების შესაძლებლობა ავტომატურად არ გულისხმობს შესაბამისი მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურობას. ამისათვის აუცილებელია, დადგენდეს, რომ იგი, ამა თუ იმ მიზეზით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს, პრინციპებსა და სტანდარტებს. მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, იგი ვერ იმსჯელებს იმაზე, თუ საკითხის როგორი მოწესრიგება იქნებოდა უფრო უკეთესი, სასურველი თუ მიზანშეწონილი. საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციას არ წარმოადგენს კანონმდებლისთვის იმის კარნახი, თუ როგორი საკანონმდებლო ცვლილებებით იქნებოდა შესაძლებელი ლეგიტიმური მიზნების უფრო ეფექტიანად მიღწევა და კონფლიქტში ჩართული ინტერესების უფრო გონივრულად და სამართლიანად დაბალანსება. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა სხვა ისეთი წონადი და რელევანტური არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის მტკიცებას სადავო ნორმის კონსტიტუციასთან აშკარა შეუსაბამობაზე.
46. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და არ არსებობს №1377 კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის, 45-ე მუხლისა და 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს №1377 კონსტიტუციური სარჩელი („დიმიტრი ღონღაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე