დიმიტრი ღონღაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/8/1377 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 5 ივნისი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 ივნისი 2020 18:19 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: დიმიტრი ღონღაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1377) მომართა დიმიტრი ღონღაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 7 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 5 ივნისს.
2. №1377 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი; ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი აწესრიგებს საპროცესო უზრუნველყოფის გარანტიის საკითხს. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად.
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილი იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.
5. მოსარჩელე მხარის მითითებით, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიაზრებს როგორც დარღვეული თუ სადავოდ ქცეული სამოქალაქო უფლების დასაცავად სარჩელის აღძვრას, ასევე სამართალწარმოებისას ყველა იმ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას, რომლებიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოს წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას. მოსარჩელის პოზიციით, ამგვარ სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიებაც.
6. მოსარჩელე იზიარებს, რომ საპროცესო უზრუნველყოფის გარანტია ემსახურება შესაბამისი საპროცესო მოქმედების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას, მოპასუხე მხარის აღჭურვას შესაძლებლობით, უზრუნველყოს იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა ან/და შეიძლება მიადგეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით. მიუხედავად ლეგიტიმური მიზნებისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა არ ადგენს მიზნის მიღწევის თანაზომიერ და პროპორციულ გზას, რამდენადაც სადავო ნორმის თანახმად, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ ფულადი თანხით ან/და ფასიანი ქაღალდით.
7. მოსარჩელის პოზიციით, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლოა არა მარტო ფულადი თანხის ან/და ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, არამედ ასევე უზრუნველყოფის ისეთი საშუალებებით, როგორებიცაა იპოთეკა, გირავნობა და სხვა. ისეთ პირობებში, როდესაც პირს არ აქვს ფულადი თანხა ან/და ფასიანი ქაღალდები, თუმცა აქვს ქონება, რომლის ღირებულებაც სრულად უზრუნველყოფს მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურებას, მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას, აღნიშნული ქონებით მოახდინოს უზრუნველყოფის გარანტირება. აღნიშნული კი იწვევს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას და მომავალში, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას.
8. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის საპირწონე, ალტერნატიული საშუალება ვერ იქნება მხარეთა მიერ სხვა რამეზე შეთანხმების დაშვება, რამდენადაც ზოგიერთ სამართლებრივ ურთიერთობაში შესაძლოა, მხარეები არც კი იცნობდნენ ერთმანეთს ან, დავის კატეგორიის განთვალისწინებით, ვერ თანხმდებოდნენ მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფის სხვა წესზე. მოსარჩელე მხარე დამატებით უთითებს კანონის ანალოგიაზე, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ წესზე, რომლის თანახმადაც, გირაოს თანხის შეტანისას ბრალდებულს ეძლევა ფულის ეკვივალენტი ქონების გამოყენების შესაძლებლობა.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება გაუმართლებლად ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
10. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1377 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო რეგულირების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, ზემოაღნიშნული უფლებრივი სფერო მოქცეულია 31-ე მუხლის პირველ პუნქტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1377 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1377 („დიმიტრი ღონღაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით კონსტიტუციურობის თაობაზე.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი