დავით ღონიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №2/1/1585 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 7 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 ნოემბერი 2022 13:53 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: დავით ღონიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტების, ასევე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი ქმედების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის №MIA 4 18 00001/73 ბრძანების მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის პირველ აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1585) მომართა დავით ღონიაშვილმა. №1585 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 5 აპრილს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 7 ნოემბერს.
2. №1585 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა დაამტკიცოს სამინისტროში სამსახურის გავლის წესი, პოლიციის ეთიკის კოდექსი და სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი ქმედების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის №MIA 4 18 00001/73 ბრძანების მე-3 პუნქტი ადგენს, რომ სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების დადგენის მიზნით შემოწმებისთვის თავის არიდების შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოყენებული იქნება სამსახურიდან დათხოვნა.
4. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“, ხოლო 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულია დაცვის უფლება.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2019 წლის 8 თებერვლიდან მოსარჩელე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112-ის ინსპექტირების სამსახურის უფროსის თანამდებობას. 2019 წლის 15 ოქტომბერს, არასამუშაო დროს, წვეულებიდან სახლში მიმავალი მოსარჩელე შეაჩერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა და გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ნარკოლოგიური შემოწმებისთვის. კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა უარი განაცხადა ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე და მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება ნეიტრალურ დაწესებულებაში, მომდევნო სამუშაო დღეს. მანვე, მეორე დღეს, თავად მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის დასკვნითაც მის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალების არსებობა არ დადასტურდა. მიუხედავად ამისა, მისი ქმედება დაკვალიფიცირდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დადგენის მიზნით თავის არიდებად, რაც მიჩნეულ იქნა მოსამსახურისთვის შეუფერებელ ქმედებად, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს და შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებით, დავით ღონიაშვილი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა აღნიშნული ბრძანება მიიჩნიეს კანონიერად და ამ დროისთვის საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაშია.
6. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით შემოწმებისთვის თავის არიდებად განიხილავს, მათ შორის, ისეთ შემთხვევებს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შემოწმებას ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ადმინისტრაციულად დამოუკიდებელ, ნეიტრალურ დაწესებულებაში. ამასთან, სადავო ნორმებიდან გამომდინარე, აღნიშნული შემოწმებისთვის თავის არიდება წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისთვის შეუფერებელ, აკრძალულ ქმედებას, რაც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს და დისციპლინური სახდელის სახედ ითვალისწინებს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
7. მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №MIA 4 18 00001/73 ბრძანება, რომელიც კრძალავს, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დადგენის მიზნით თავის არიდებას და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად აწესებს სამსახურიდან დათხოვნას, მიღებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით. მისი აზრით, კონსტიტუციის მოთხოვნებს არ შეესაბამება პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ფორმით გამოცემა.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა მოახდინა „სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“, „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ დამტკიცების უფლებამოსილების დელეგირება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრზე, ისე რომ, არ განუსაზღვრავს დელეგირების მიზნები, ჩარჩო, ფარგლები და აქტის მიღებისთვის საჭირო სამართლებრივი ფორმა. საკანონმდებლო ორგანომ მოახდინა უფლებამოსილების სრული და შეუზღუდავი დელეგირება, რაც ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
9. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი პირს იცავს, მათ შორის, საჯარო თანამდებობიდან არალეგიტიმური, ანტიკონსტიტუციური საფუძვლით გათავისუფლებისგან. სადავო ნორმებით მოწესრიგებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხები. შესაბამისად, აშკარაა გასაჩივრებული რეგულაციების მიმართება კონსტიტუციის აღნიშნულ დანაწესთან.
10. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ დაცვის უფლების ფარგლები მოიცავს, მათ შორის, ისეთ შემთხვევებს, როდესაც პირი ითხოვს, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასადგენად შემოწმების ჩატარებას ნეიტრალურ, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ადმინისტრაციულად დამოუკიდებელ დაწესებულებაში. ამასთან, მისი თქმით, დაცვის უფლება არ ექვემდებარება კანონით შეზღუდვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებას.
11. მოსარჩელე ითხოვს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი ქმედების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის №MIA 4 18 00001/73 ბრძანების მე-3 პუნქტის მოქმედების შეჩერებას. მისი თქმით, შესაძლებელია, უზენაესმა სასამართლომ მოცემულ საქმეზე მანამდე მიიღოს გადაწყვეტილება, ვიდრე მოხდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება. ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა არ წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს ადმინისტრაციულ საქმეებზე, რის გამოც მოსარჩელე ვეღარ შეძლებს უფლებაში აღდგენას და მას მიადგება გამოუსწორებელი ზიანი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე სადავოდ ხდის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ანიჭებს უფლებამოსილებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლების ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასადგენად შემოწმების ან ექსპერტიზის ნეიტრალურ დაწესებულებაში ჩატარების მოთხოვნა ჩათვალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის შეუფერებელ, აკრძალულ ქმედებად, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს და ეს ქმედება დაადგინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დასამტკიცებელი კანონქვემდებარე აქტების ნუსხას. დასახელებული პუნქტის სადავოდ გამხდარი „ა“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამგვარ აქტებად ადგენს სამინისტროში სამსახურის გავლის წესს, პოლიციის ეთიკის კოდექსსა და სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებას. სადავო ნორმების შინაარსი სწორედ დასახელებული სამი კანონქვემდებარე აქტის დამტკიცებით შემოიფარგლება და უშუალოდ არ არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დასადგენად საჭირო პროცედურა და ამ პროცედურისგან თავის არიდების შედეგები. შესაბამისად, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმების ნორმატიულ შინაარსს.
4. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია იმის შესახებ, თუ რატომ და რა ასპექტში ზღუდავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახური გავლის წესის, პოლიციის ეთიკის კოდექსისა და სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებულ დაცვის უფლებას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, №1585 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდაა გამხდარი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი ქმედების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის №MIA 4 18 00001/73 ბრძანების მე-3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნას იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოსამსახურე გამოიყენებს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას, ამ უფლების ფარგლებში მოითხოვს შემოწმების ან ექსპერტიზის ჩატარებას სამუშაო საათებში ნეიტრალურ, შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან ადმინისტრაციულად დამოუკიდებელ დაწესებულებაში და მომდევნო სამუშაო დღეს საკუთარი ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მის ორგანიზმში არ არის ნარკოტიკული საშუალების კვალი, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
6. სადავო ნორმის თანახმად, „სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების დადგენის მიზნით შემოწმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას“. აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის მიხედვით „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – სამსახურიდან დათხოვნა“. დასახელებული რეგულაციების ანალიზი ცხადყოფს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების დადგენის მიზნით სამინისტროს მოსამსახურის მიერ შემოწმებისთვის თავის არიდება წარმოადგენს სამსახურიდან დათხოვნის თვითკმარ საფუძველს, განურჩევლად იმისა, შემოწმებისთვის წარდგენილ პირს დაუდასტურდება თუ არა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
7. როგორც სასარჩელო არგუმენტაციიდან იკვეთება, მოსარჩელე პრობლემურად მიიჩნევს არა ზოგადად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შემოწმებისთვის თავის არიდების გამო სამსახურიდან დათხოვნის შესაძლებლობას, არამედ იმ გარემოებას, რომ ნარკოტიკული შემოწმების გავლა ხდება ისეთ დაწესებულებაში, რომელიც ადმინისტრაციულად ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის პროცედურა განსაზღვრულია „ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ნოემბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში შესაბამის გამოკვლევებს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით საამისოდ უფლებამოსილი პირები. შესაბამისად, სადავო ნორმიდან გამომდინარე, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების დადგენის მიზნით შემოწმებისთვის თავის არიდებად ჩაითვლება ისეთი შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე უარს აცხადებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში.
8. აუცილებელია აღინიშნოს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა მოხდეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში და თუ რატომ არღვევს საკითხის ამგვარი მოწესრიგება მისი დაცვის უფლებას. მოსარჩელე მხარემ მხოლოდ ის მიუთითა, რომ იგი დამატებით არგუმენტაციას, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთების თაობაზე, საქმის სხდომაზე განხილვისას წარმოადგენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას ვერ განაპირობებს მოსარჩელის მითითება დეტალური დასაბუთების არსებითი განხილვის სხდომაზე წარმოდგენის თაობაზე, ვინაიდან კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, სათანადო არგუმენტაცია წარმოდგენილი იყოს უშუალოდ სარჩელში და არა ზეპირსიტყვიერად არსებითი განხილვის სხდომაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის №1/12/1310 განჩინება საქმეზე „შპს "ნავთლუღი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მისაჩნევად ვერ გამოდგება მოსარჩელის მითითება დამატებითი არგუმენტაციის საქმის სხდომაზე განხილვის პროცესში წარმოდგენის თაობაზე.
9. ზემოთქმულიდან გამომდინარე, №1585 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1585 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
11. №1585 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი ქმედების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის №MIA 4 18 00001/73 ბრძანების მე-3 პუნქტის შეჩერებას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-31-35).
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
14. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ განცხადების კანონიერებას ამჟამად ამოწმებს საქართველოს უზენაესი სასამართლო. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, უზენაესმა სასამართლომ სადავო ნორმაზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილოს მოსარჩელის სარჩელი სამსახურში აღდგენის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს მიადგება გამოუსწორებელი ზიანი, რადგან საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მექანიზმს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, მისი სამსახურში აღდგენა.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელის მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხის გარდა, მხედველობაში იღებს ნორმის მოქმედების შეჩერების შედეგად სხვათა უფლებებისა და საჯარო ინტერესების დარღვევის რისკებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის №2/1/1311 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ II-29).
16. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა ემსახურება ისეთ მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს, როგორიცაა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიერ ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების პრევენცია. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს. ბუნებრივია, შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი სამართლებრივი სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებაში განუზომლად დიდია. ამასთან, საკუთარი ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებაში სარგებლობდეს ნდობით და ავტორიტეტით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად აუცილებელია სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილებების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად განხორციელება. ცხადია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ მოახერხებს მისი ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას, თუ მის სისტემაში იქნებიან ისეთი მოსამსახურეები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ ან ფსიქოტროპულ ნივთიერებებს.
17. სადავო ნორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობას აძლევს, სამსახურიდან დაითხოვოს ისეთი პირი, რომელიც თავს არიდებს ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების დადგენის მიზნით ჩასატარებელ პროცედურას. შესაბამისად, ნათელია, რომ აღნიშნული დანაწესი ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტურ და გამართულ ფუნქციონირებას. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ ინტერესს უპირისპირდება მოსარჩელის ინტერესი, რომ მის მიერ ნარკოტიკული შემოწმების გავლა არ მოხდეს იმ საექსპერტო დაწესებულებაში, რომელიც სტრუქტურულად ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი არგუმენტი იმის შესახებ, თუ რატომ წარმოადგენს პრობლემას შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისთვის ნარკოლოგიური შემოწმების გავლა ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ საექსპერტო დაწესებულებაში და თუ რატომ შეიძლება გადაწონოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამოუკიდებელ საექსპერტო დაწესებულებაში ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ინტერესმა ისეთი საჯარო ინტერესი, როგორიცაა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამართული და ეფექტური ფუნქციონირება.
18. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის შეჩერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტურად ფუნქციონირებას ბევრად უფრო მასშტაბურ ზიანს მიაყენებს, ვიდრე მისი მოქმედების შემთხვევაში შეიძლება მიადგეს მოსარჩელის ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1585 კონსტიტუციური სარჩელი („დავით ღონიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ“, „ი“ ქვეპუნქტების და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი ქმედების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის №MIA 4 18 00001/73 ბრძანების მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1585 კონსტიტუციური სარჩელი („დავით ღონიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტების და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი ქმედების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის №MIA 4 18 00001/73 ბრძანების მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი ქმედების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის №MIA 4 18 00001/73 ბრძანების მე-3 პუნქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში