დავით ღონიაშვილი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №2/2/1590 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 7 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 ნოემბერი 2022 14:12 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: დავით ღონიაშვილი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის სიტყვების „დისციპლინური გადაცდომის ჩადენის“, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „მინისტრის ან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით“, „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის“ მე-8 თავის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1590) მომართა დავით ღონიაშვილმა. №1590 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 16 აპრილს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 7 ნოემბერს.
2. №1590 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით“, ხოლო 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მინისტრი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია, დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესითა და სამსახურებრივი რეგლამენტით/ინსტრუქციებით, მინისტრის ან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტებით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით; „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის“ მე-8 თავის მიხედვით, ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“, ხოლო 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულია დაცვის უფლება.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2019 წლის 8 თებერვლიდან მოსარჩელე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112-ის ინსპექტირების სამსახურის უფროსის თანამდებობას. 2019 წლის 15 ოქტომბერს, არასამუშაო დროს, წვეულებიდან სახლში მიმავალი მოსარჩელე შეაჩერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა და გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ნარკოლოგიური შემოწმებისთვის. მოსარჩელემ უარი განაცხადა ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე და მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება ნეიტრალურ დაწესებულებაში მომდევნო სამუშაო დღეს. მოსარჩელემ, მეორე დღეს თავად მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის დასკვნითაც მის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალების არსებობა არ დადასტურდა. მიუხედავად ამისა, მისი ქმედება დაკვალიფიცირდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დადგენის მიზნით თავის არიდებად, რაც მიჩნეულ იქნა მოსამსახურისთვის შეუფერებელ ქმედებად, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს და შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებით, დავით ღონიაშვილი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა აღნიშნული ბრძანება მიიჩნიეს კანონიერად და ამ დროისთვის საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაშია.
6. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დადგენის მიზნით შემოწმებისთვის თავის არიდებად განიხილავს, მათ შორის, ისეთ შემთხვევებს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შემოწმებას ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამოუკიდებელ, ნეიტრალურ დაწესებულებაში. ამასთან, სადავო ნორმებიდან გამომდინარე, აღნიშნული შემოწმებისთვის თავის არიდება წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისთვის შეუფერებელ, აკრძალულ ქმედებას, რაც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს და დისციპლინური სახდელის სახედ ითვალისწინებს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
7. მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №MIA 4 18 00001/73 ბრძანება, რომელიც კრძალავს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დადგენის მიზნით თავის არიდებას და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად აწესებს სამსახურიდან დათხოვნას, მიღებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით. მისი აზრით, კონსტიტუციის მოთხოვნებს არ შეესაბამება პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ფორმით გამოცემა.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა მოახდინა „სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“, „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ დამტკიცების უფლებამოსილების დელეგირება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრზე, ისე რომ არ განუსაზღვრავს დელეგირების მიზნები, ჩარჩო, ფარგლები და აქტის მიღებისთვის საჭირო სამართლებრივი ფორმა. საკანონმდებლო ორგანომ მოახდინა უფლებამოსილების სრული და შეუზღუდავი დელეგირება, რაც ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
9. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი პირს იცავს მათ შორის საჯარო თანამდებობიდან არალეგიტიმური, ანტიკონსტიტუციური საფუძვლით გათავისუფლებისგან. სადავო ნორმებით მოწესრიგებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხები. შესაბამისად, აშკარაა გასაჩივრებული რეგულაციების მიმართება კონსტიტუციის აღნიშნულ დანაწესთან.
10. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ დაცვის უფლების ფარგლები მოიცავს, მათ შორის, ისეთ შემთხვევებს, როდესაც პირი ითხოვს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასადგენად შემოწმების ჩატარებას ნეიტრალურ, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ადმინისტრაციულად დამოუკიდებელ დაწესებულებაში. ამასთან, მისი თქმით, დაცვის უფლება არ ექვემდებარება კანონით შეზღუდვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. №1590 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის სიტყვების „დისციპლინური გადაცდომის ჩადენის“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ანიჭებს უფლებამოსილებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლების ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასადგენად შემოწმების ან ექსპერტიზის ნეიტრალურ დაწესებულებაში ჩატარების მოთხოვნა ჩათვალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის შეუფერებელ, აკრძალულ ქმედებად, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს და ეს ქმედება დაადგინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო. აღნიშნული ნორმა ადგენს პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას ისეთი საფუძვლების არსებობისას, როგორიცაა მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი. კონსტიტუციურ სარჩელში არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, თუ რატომ არ უნდა მოხდეს პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნა აღნიშნული საფუძვლების არსებობისას.
4. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მინისტრი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს. სადავო ნორმები ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ზოგად უფლებამოსილებას, მოაწესრიგოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხები და დააკისროს შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობა სამინისტროს თანამშრომლებს. გასაჩივრებული ნორმების რეგულირების ქვეშ არ ექცევა ისეთი საკითხები, როგორებიცაა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დასადგენად საჭირო პროცედურა და ამ პროცედურისგან თავის არიდების შედეგები. შესაბამისად, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმების ნორმატიულ შინაარსს. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია იმის შესახებ, თუ რატომაა პრობლემური აღნიშნული საკითხების შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მოწესრიგება.
5. ზემოთქმულიდან გამომდინარე, №1590 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. №1590 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა გამხდარი, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „მინისტრის ან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით“, „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის“ მე-8 თავის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
7. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით“, ხოლო „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია, დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესითა და სამსახურებრივი რეგლამენტით/ინსტრუქციებით, მინისტრის ან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით; „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის“ მე-8 თავის მიხედვით, ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
8. სადავო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მათი ერთი ნაწილი მიემართება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებამოსილებას, ნორმატიული აქტებით განსაზღვროს პოლიციაში სამსახურის გავლის წესი, ხოლო მეორე ნაწილი ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის ვალდებულებას, დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები და მიუთითებს, რომ საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას. ამასთან, დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთ სახედ განსაზღვრულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.
9. აუცილებელია აღინიშნოს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია იმის შესახებ, თუ რატომ იწვევს სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით განმტკიცებული დაცვის უფლების დარღვევას. მოსარჩელის მითითებით, მისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასადგენად შემოწმების ჩატარება ხდება ისეთ დაწესებულებაში, რომელიც ადმინისტრაციულად ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა მას არ დაუსაბუთებია არც ის, თუ რატომ მომდინარეობს მის მიერ დასახელებული პრობლემა სადავოდ გამხდარი რეგულაციებიდან და არც ის, თუ რატომ და რა ასპექტში ზღუდავს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში მისი დაცვის უფლებას. მოსარჩელე მხარემ მხოლოდ ის მიუთითა, რომ იგი დამატებით არგუმენტაციას, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთების თაობაზე, საქმის სხდომაზე განხილვისას წარმოადგენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას ვერ განაპირობებს მოსარჩელის მითითება დეტალური დასაბუთების არსებითი განხილვის სხდომაზე წარმოდგენის თაობაზე, ვინაიდან კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, სათანადო არგუმენტაცია წარმოდგენილი იყოს უშუალოდ სარჩელში და არა ზეპირსიტყვიერად არსებითი განხილვის სხდომაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის №1/12/1310 განჩინება საქმეზე „შპს "ნავთლუღი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს ვერც მოსარჩელის მითითება დამატებითი არგუმენტაციის საქმის სხდომაზე განხილვის პროცესში წარმოდგენაზე.
10. ზემოთქმულიდან გამომდინარე, №1590 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1590 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1590 კონსტიტუციური სარჩელი („დავით ღონიაშვილი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „მინისტრის ან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით“, „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის“ მე-8 თავის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1590 კონსტიტუციური სარჩელი („დავით ღონიაშვილი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის სიტყვების „დისციპლინური გადაცდომის ჩადენის“, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
ბ) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „მინისტრის ან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით“, „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის“ მე-8 თავის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. №1585 და №1590 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში