ა(ა)იპ „აპრიორი“, ა(ა)იპ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი“ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/16/1323 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 25 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 9 დეკემბერი 2022 19:21 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „აპრიორი“, ა(ა)იპ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი“ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების (2018 წლის 21 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან, 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 45-ე მუხლთან მიმართებით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); გ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 78-ე მუხლის მე-6 პუნქტის (2018 წლის 21 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - ბექა ონიანი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ლევან მჭედელაძე, ქრისტინე კუპრავა, ლევან ღავთაძე და ნინო შარმანაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1323) მომართეს ა(ა)იპ „აპრიორმა“, ა(ა)იპ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრმა“ და მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ და „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2018 წლის 26 ივნისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 29 ივნისს, 2022 წლის 2 ნოემბერსა და 2022 წლის 24 ნოემბერს.
2. №1323 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება (2018 წლის 21 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს, რომ დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, რეგისტრაციაში გატარების მიზნით, შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა და წარუდგინოს მას კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება. ამავე კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრება დამკვირვებლის უფლებები, მათ შორის, მისი „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები დამკვირვებელს ანიჭებს უფლებას, კენჭისყრის დღეს, ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან, აგრეთვე დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად. რაც შეეხება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტს (2018 წლის 21 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), ეს უკანასკნელი განსაზღვრავდა, რომ „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლებას. კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 39-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“. კონსტიტუციის 42-ე მუხლი პირველი პუნქტი ახდენდა სამართლიანი სასამართლოს უფლების რეგლამენტაციას, ხოლო 45-ე მუხლით განისაზღვრებოდა, რომ კონსტიტუციით გადმოცემული ძირითადი უფლებები და თავისუფლებები მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდებოდა აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორი წევრებისთვის გადაცემული ამომრჩეველთა საბოლოო, ე.წ. სამაგიდო სია არის დახურული სია, თუმცა მასზე წვდომა და მასზე დაკვირვების უფლება გააჩნიათ საარჩევნო უბანზე მყოფ დამკვირვებლებს. ამ გზით, მათთვის შესაძლებელი ხდება არჩევნებზე ხმის მისაცემად მისული, ისევე როგორც საარჩევნო უბანზე გამოუცხადებელი ადამიანების იდენტიფიცირება, რაც მმართველ პოლიტიკურ გუნდს აძლევს ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე სხვადასხვა მეთოდებით იძულებით მიყვანის შესაძლებლობას. მოსარჩელე განმარტავს, რომ თავად ამომრჩევლის ნებაა, გამოცხადდება თუ არა არჩევნებზე ხმის მისაცემად. ამდენად, მათი იდენტიფიცირება სარჩევნო უბანზე, იძულებით გამოცხადების მიზნით, წარმოადგენს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს, რაც იწვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების დარღვევას.
6. საარჩევნო კანონმდებლობაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისია წარმოადგენს მუდმივმოქმედ ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც არასაარჩევნო პერიოდშიც ახორციელებს საკუთარ ფუნქციებს. იმავდროულად, ამ კომისიის სხდომებთან მიმართებით არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული გამჭვირვალობის წესები და მასზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ პირებს, მათ შორის, საარჩევნო სუბიექტებისა და შესაბამის კომისიაში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. თუმცა არასაარჩევნო პერიოდში, ისევე როგორც საარჩევნო წელს, არჩევნების საჯაროდ გამოცხადებამდე, დამკვირვებელ ორგანიზაციას არ გააჩნია რეგისტრაციის მიზნით კომისიისთვის მიმართვის უფლება. შესაბამისად, ამ პერიოდში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე ვერ ხორციელდება დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონიტორინგი. ანალოგიური სამართლებრივი მდგომარეობაა შექმნილი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან მიმართებით. მოსარჩელის არგუმენტაციით, არჩევნებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი პროცესები სწორედ არჩევნების საჯაროდ გამოცხადების დღემდე მიმდინარეობს, რაზეც გავლენის მოხდენისა და კონტროლის შესაძლებლობა, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, არ არსებობს. ეს კი იწვევს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების დარღვევას. ამასთან, ვინაიდან არ არსებობს პროცესებსა და სხდომებზე დაკვირვების შესაძლებლობა, შესაბამისად, სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა თუ საარჩევნო სუბიექტებს არ გააჩნიათ კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა გასაჩივრების უფლება.
7. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში წევრობის კანდიდატებისთვის კანონმდებლობა არ განსაზღვრავს საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რაც ბუნდოვანს ხდის, თუ რა მოტივაციაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს შესაბამისი წევრების არჩევა. ამგვარი მდგომარეობა კი კომისიის წევრებად პოლიტიკური მოსაზრებებით ადამიანთა შერჩევის შესაძლებლობას ქმნის. მოსარჩელე მიუთითებს, რომ კონკრეტული კანდიდატის არჩევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიცემა რაიმე სამართლებრივი აქტი, ის არ ექვემდებარება დასაბუთებას და კანდიდატს, რომელსაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევაზე ეთქვა უარი, არ გააჩნია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. ამდენად, სადავო ნორმით, იზღუდება მისი კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.
8. მოპასუხე მხარის პოზიციით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება (2018 წლის 21 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ადგენს დამკვირვებელ ორგანიზაციათა ვალდებულებას, რეგისტრაციაში გატარების მიზნით, შესაბამის საარჩევნო კომისიას მიმართოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 10 დღისა, ადგენს არა არასაარჩევნო პერიოდში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისათვის რაიმე აკრძალვას, არამედ ახდენს მხოლოდ საარჩევნო პერიოდში ასეთი ტიპის ორგანიზაციისათვის გარკვეული წესის რეგლამენტირებას. აღნიშნულის გამო, ხსენებული სადავო ნორმა არ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დაცულ საარჩევნო უფლებას. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა არ შეეხება, მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოსათვის მიმართვის გზით, დაცვის რეგულირებას. შესაბამისად, სადავო ნორმას არ გააჩნია მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია). საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით კი, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულების ფუნქცია მდგომარეობს არა რომელიმე უფლების დადგენაში, არამედ კონსტიტუციით დადგენილი უფლებებისა და თავისუფლებებისათვის დამატებითი სუბიექტის განსაზღვრაში. შესაბამისად, სადავო ნორმას არც დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან აქვს მიმართება.
9. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის სადავო „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებთან მიმართებით, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ დასახელებული ნორმა დამკვირვებელ ორგანიზაციას ანიჭებს უფლებას, კენჭისყრის დღეს, ნებისმიერ დროს, იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან, აგრეთვე, დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად. მოპასუხე მხარის აღნიშვნით, გასაჩივრებულ ნორმას არ გააჩნია ის ნორმატიული შინაარსი, რომელსაც მოსარჩელე მხარე ხდის სადავოდ. კერძოდ, ხსენებული დებულება არ ადგენს დამკვირვებელ ორგანიზაციათა უფლებამოსილებას, მოახდინონ ამომრჩეველთა სამაგიდო სიიდან ინფორმაციის ამოღება, ამოწერა, კოპირება და სხვა წესით ფიქსაცია.
10. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტთან (2018 წლის 21 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) დაკავშირებით, რომელიც ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლების მქონე სუბიექტებს, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში, სარჩელი წარმოადგენს actio popularis-ს. კერძოდ, მოპასუხე მხარის განმარტებით, №1323 კონსტიტუციური სარჩელის შემომტანი მოსარჩელეები არიან იურიდიული პირები და ისინი დაობენ არა საკუთარი, არამედ იმ ფიზიკური პირის უფლებების შესაძლო დარღვევაზე, რომელსაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევაზე/დანიშვნაზე ეთქვა უარი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1323 კონსტიტუციურ სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 29 ივნისს. საკონსტიტუციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მხარეთა შეკითხვების ეტაპიდან, სხდომა გადადო. აღნიშნულის შემდგომ, განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, დაინიშნა 2018 წლის 18 ივლისს, თუმცა მოსარჩელე მხარემ, ახალი წარმომადგენლის აყვანის მოტივით, რაც გარკვეულ დროს საჭიროებდა, კვლავ იშუამდგომლა სხდომის გადადების თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ. შემდგომში, განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაგრძელდა 2022 წლის 2 ნოემბერს, რომელზეც მოსარჩელე მხარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვევისა და საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო დეპარტამენტსა და მოსარჩელე მხარეს შორის კომუნიკაციის მიუხედავად, კვლავ არ გამოცხადდა. ამავდროულად, სასამართლოსთვის არ უცნობებია სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი. შედეგად, მოსარჩელე მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობა, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია არასაპატიოდ.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „თუ სასამართლო არასაპატიოდ მიიჩნევს საქმის განხილვის რომელიმე მხარის გამოუცხადებლობას, იგი სხდომას ატარებს ამ მხარის დაუსწრებლად. ამგვარ შემთხვევაში, სასამართლო ასევე უფლებამოსილია, გადადოს სხდომა, თუ იგი საქმის გამოკვლევისათვის აუცილებლად მიიჩნევს გამოუცხადებელი მხარის პოზიციის მოსმენას“. აღნიშნული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, განსახილველი საქმის სრულყოფილი გამოკვლევის ინტერესის უზრუნველსაყოფად, მხარის გამოუცხადებლობის მიზეზით, გადადოს სასამართლოს სხდომა. ვინაიდან №1323 კონსტიტუციური სარჩელის სრულყოფილი გამოკვლევისათვის, საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლად მიიჩნევდა მოსარჩელე მხარის პოზიციების/განმარტებების მოსმენას, სხდომა, კიდევ ერთხელ, გადაიდო 2022 წლის 24 ნოემბერს. 2022 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვევისა და ინფორმირების მიუხედავად, მოსარჩელე მხარე კვლავაც არ გამოცხადდა. ამავდროულად, ამჯერადაც, მათ სასამართლოს არ აცნობეს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა განმწესრიგებელი სხდომის ზეპირ მოსმენაზე მოსარჩელე მხარის ორჯერ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევა.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „მოსარჩელის მიერ ორჯერ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, შესაძლოა, განხილულ იქნეს მის მიერ დავის მიმართ ინტერესის დაკარგვად და კონსტიტუციურ სარჩელზე უარის თქმად. ასეთ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, შეწყვიტოს საქმე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე“. თავის მხრივ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს წესს, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
4. განსახილველ შემთხვევაში, სათანადო წესით მოწვეული პირის სასამართლო სხდომაზე ორჯერ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა წარმოადგენს, კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების მიმართ მოსარჩელე მხარის ინდიფერენტული დამოკიდებულების ინდიკატორს, რაც, თავის მხრივ, სასარჩელო მოთხოვნისადმი იურიდიული ინტერესის არარსებობაზე მიუთითებს. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობა საკონსტიტუციო სასამართლოში, საქმის განხილვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის ტოლფასია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეწყვიტოს საქმე.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1323 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1323 კონსტიტუციურ სარჩელზე („ა(ა)იპ „აპრიორი“, ა(ა)იპ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი“ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში