საქართველოს სახალხო დამცველი საქართველის იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/7/1637 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 23 დეკემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 დეკემბერი 2022 16:14 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-17 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 26-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
გ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-17 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
დ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 27-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-17 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 27 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1637) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2021 წლის 30 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 23 დეკემბერს.
2. №1637 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. გასაჩივრებული ნორმებით დადგენილია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2, №3, №5, №6 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შესახებ იდენტური წესები და საფუძვლები. კერძოდ, სადავო დებულებებით, მათ შორის, გათვალისწინებულია, რომ პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსება შესაძლებელია სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის ან/და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში შეიძლება განთავსდეს იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რამაც მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსება განაპირობა, მაგრამ არა უმეტეს 72 საათისა. გასაჩივრებული ნორმები აგრეთვე ადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფრთხის არსებობისას და სადავო ნორმებით დადგენილი წესით, პირის დეესკალაციის ოთახში მოთავსების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
5. №1637კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული №2, №3, №5, №6 და №8 პენიტენციური დაწესებულებების დებულებების ცალკეული ნორმებით დადგენილი მოწესრიგება, რომლითაც განსაზღვრულია პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსების საფუძველი, ხანგრძლივობა და მრავალჯერადობა. მოსარჩელის განმარტებით, პენიტენციური დაწესებულებების პრაქტიკაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც პატიმრების დეესკალაციის ოთახში მოთავსება ხდება ხანგრძლივად და არამიზნობრივად, რაც, მოსარჩელის აზრით, უტოლდება სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას.
6. სადავო ნორმებთან დაკავშირებით, როგორც კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელისთვის პრობლემურია სამი სხვადასხვა სამართლებრივი საკითხი. მოსარჩელის აზრით, კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურია პენიტენციური დაწესებულებების დებულებათა გასაჩივრებული ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსება, მათ შორის, შესაძლებელია მარტოოდენ დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. მეორე მხრივ, მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის თანახმად, პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსება შესაძლებელია 72 საათის განმავლობაში. დაბოლოს, გასაჩივრებულია კონკრეტული ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმად, დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსება შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობით.
7. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების კონსტიტუციასთან მიმართებაზე მსჯელობისას აღნიშნავს, რომ იგი სადავოდ არ ხდის პენიტენციურ დაწესებულებებში დეესკალაციის ღონისძიების გამოყენების ზოგად კონსტიტუციურობას, არამედ არაკონსტიტუციურად მიაჩნია არსებული მოწესრიგება, როდესაც დეესკალაციის ოთახში პატიმრის გადაყვანა ხდება სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის გარეშე, კერძოდ, მხოლოდ დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე. ამ მხრივ, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს სათანადო კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალმა, ხოლო, თუ გამოყენებულ ღონისძიებას გონივრულ დროში არ მოჰყვა პატიმრის მწვავე მდგომარეობის სტაბილიზაცია, შერჩეული უნდა იქნეს სხვა, შედეგზე მეტად ორიენტირებული ღონისძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის აზრით, დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივმა და უწყვეტმა მოთავსებამ, შესაძლებელია, პირიქით, შეუქცევადი ზიანი მიაყენოს პატიმრის ჯანმრთელობას.
8. დეესკალაციის ოთახში პატიმრების ხანგრძლივი დროით მოთავსებასთან დაკავშირებით, კონსტიტუციურ სარჩელში დამატებით მითითებულია, რომ პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებების შესაბამისად, დეესკალაციის ოთახში პატიმარი ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაყვანის ვადად არა უმეტეს 72-საათიანი პერიოდია განსაზღვრული, ხოლო განმეორებით მოთავსების რაოდენობა არ არის შეზღუდული. მოსარჩელე აპელირებს, რომ სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გადაყვანა, პრაქტიკულად, უმეტესად ხდება მაქსიმალური ვადით. ხოლო, თავის მხრივ, ერთი და იგივე პირი ხშირად შეიძლება დეესკალაციის ოთახში მოთავსდეს უწყვეტად რამდენიმე დღის განმავლობაში, წუთებისა და საათების ინტერვალებით, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახიდან პატიმრის გამოყვანისა და შეყვანის დროდ ერთი და იგივე საათი და წუთია მითითებული, რაც, მოსარჩელის აზრით, აჩენს ეჭვს, რომ პატიმრის დეესკალაციის ოთახიდან გამოყვანა და უკან შეყვანა ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს.
9. მოსარჩელე მხარე დეესკალაციის ოთახის არამიზნობრივ გამოყენებაზეც აპელირებს და მიუთითებს, რომ დეესკალაციის ოთახები არ არის მოწყობილი იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თვითდაზიანების რისკი, ხოლო არსებული პირობები, იზოლირებასთან ერთად, ხშირად პატიმრის აუტო-აგრესიის მაპროვოცირებელი ხდება. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, დეესკალაციის ოთახში მოთავსების რეალური მიზანი ზოგჯერ არის არა საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების რისკის შემცირება, არამედ პატიმრების დასჯა, რაზეც, საცხოვრებელი პირობების გაუარესებასთან ერთად, მიუთითებს ის პრაქტიკა, რომ დეესკალაციის ოთახში მოთავსების პარალელურად, ზოგჯერ, ხდება პატიმრების მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენება.
10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, დეესკალაციის ოთახში მოთავსების, როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიების ლეგიტიმური მიზანი ცხადია, კერძოდ, ამგვარი მოწესრიგება ემსახურება პატიმრის აგრესიის დეესკალაციის მიზანს, რათა მინიმალიზებული იყოს ის საფრთხე, რომელსაც პატიმარი უქმნის ან შეიძლება შეუქმნას საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. თუმცა გასაჩივრებული ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ, როდესაც პატიმრის დეესკალაციის ოთახში განთავსების შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული შესაბამისი სამედიცინო კვალიფიკაციის მქონე პირების მიერ, შესაძლებელია, ღონისძიების ლეგიტიმური მიზნის საპირისპირო შედეგი დადგეს. ამდენად, მხარე მიიჩნევს, რომ დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მხოლოდ სამედიცინო პერსონალის ჩართულობა აქცევს განსახილველ სპეციალურ ღონისძიებას ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად.
11. მოსარჩელე მხარე, დამატებით, აგრეთვე მიუთითებს, რომ სადავო ღონისძიების ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით გამოსადეგობის ნაწილში პრობლემა ასევე არსებობს როგორც შეუზღუდავი რაოდენობით, ისე 72-საათიანი დროით დეესკალაციის ოთახში მოთავსების თვალსაზრისით. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, როდესაც პატიმრის ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან/და გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, გრძელდება 24 საათის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში, ეს უნდა იყოს იმის ნიშანი, რომ სახეზეა მწვავე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რა დროსაც უსაფრთხოების სტატიკური ღონისძიება უნდა ჩანაცვლდეს უფრო მეტად დინამიკური, მათ შორის, სამედიცინო ხასიათის სხვა ღონისძიებით, რომლის ფარგლებში, პატიმარს გაუწევენ ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას. მეორე მხრივ კი, თუ 72 საათიანმა იზოლაციამ შედეგი არ გამოიღო, ეჭვქვეშ უნდა დადგეს ამგვარი ღონისძიების როგორც თავდაპირველი, ისე ყოველი შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობა, თუნდაც მაშინ, როდესაც არსებობს სამედიცინო პერსონალის რეკომენდაცია.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2, №3, №5, №6 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესახებ, სადავო ნორმებით დადგენილი წესი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
13. მოსარჩელე მხარე საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1637 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად №1637 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში