საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/1/1630 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 3 თებერვალი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 6 თებერვალი 2023 11:38 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1630) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1630 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 23 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 3 თებერვალს.
2. №1630 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებად განისაზღვრება, ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით, ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ერთ-ერთმა პირმა 2020 წლის 12 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედების, კანონის მოთხოვნათა დაცვით, ჩატარების საკითხის შესწავლას შეეხებოდა. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალების თანახმად დგინდება, რომ მის მიმართ 2019 წლის 7 აგვისტოდან 2019 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში ფარული საგამოძიებო მოქმედების - ფარული ვიდეოჩაწერისა და ფოტოგადაღების შესახებ პროკურორის შუამდგომლობა სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება გაიცა 2019 წლის 7 აგვისტოს 11:50 საათზე. წარმოდგენილი მასალების თანახმად კი, განმცხადებლის მიმართ ფარული მეთვალყურეობა დაიწყო და მიმდინარეობდა 2019 წლის 7 აგვისტოს 10:00 საათიდან. 2019 წლის 7 აგვისტოს, 10:00 საათიდან 11:50 საათამდე პერიოდში, განმცხადებლის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების - ფარული ვიდეოჩაწერისა და ფოტოგადაღების - მიმდინარეობაზე არ არსებობს სასამართლოს განჩინება.განჩინება გაცემული არ ყოფილა არც ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე და არც მოგვიანებით მიუმართავს პროკურატურას გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული მოქმედების კანონიერად ცნობის თაობაზე. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ფარული ვიდეოჩაწერა და ფოტოგადაღება განხორციელდა სასამართლო კონტროლის გარეშე.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პირის შესახებ ცნობების შეგროვება და მისი ვიზუალური კონტროლი საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებაში ჩარევას წარმოადგენს, რა დროსაც დაცული უნდა იქნეს პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის ფორმალური გარანტიები. ამდენად, პირის მიმართ აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელებისას უნდა არსებობდეს სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა, რაც, მოგვიანებით, აგრეთვე ექვემდებარება სასამართლო კონტროლს.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების, ცნობების შეგროვებისა და ვიზუალური კონტროლის, განხორციელებისათვის საკმარისია მხოლოდ პროკურორის დავალების არსებობა და ის არ საჭიროებს სასამართლოს მხრიდან რაიმე თანხმობას. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი ოპერატიულ საქმიანობაზე სასამართლო კონტროლის განხორციელების ზოგად ვალდებულებაზე მიუთითებს. უშუალოდ თუ როგორ, რა მეთოდით და ოპერატიული საქმიანობის რა მასშტაბზე ვრცელდება სასამართლო კონტროლი, კანონით დაკონკრეტებული არ არის, რაც აღნიშნული ოპერატიული ღონისძიების სასამართლოს გვერდის ავლით განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. მოსარჩელის განმარტებით, ხაზგასასმელია ისიც, რომ უშუალოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებში მოხსენიებული არ არის სასამართლოს განჩინება, რომლის გაცემის შემდგომაც შესაბამისი ორგანო იქნებოდა უფლებამოსილი, დაეწყო ოპერატიული საქმიანობა.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის სავალდებულოდ ადგენს სასამართლოს წინასწარ ან შემდგომ კონტროლს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გასაჩივრებული ოპერატიული ღონისძიების ანალოგიურ ვიდეოჩაწერის, აუდიოჩაწერის, ფოტოგადაღებისა და ელექტრონული თვალყურის დევნების ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. აღსანიშნავია ის, რომ ვიზუალური კონტროლი, როგორც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, შესაძლებელია, განხორციელდეს ელექტრონული საშუალებითაც, რაც ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში გამოყენებადი ერთ-ერთი ღონისძიების - ელექტრონული თვალყურის დევნების მსგავსი ღონისძიებაა. ამდენად, მოსარჩელე მხარის განმარტებით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, შეუძლია, სასამართლოს ბრძანების გარეშე, განახორციელოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მსგავსი ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე, სასამართლო კონტროლის პირობებში ხორციელდება. შესაბამისად, კანონმდებლობა ითვალისწინებს, მსგავსი შინაარსის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მზღუდავ ღონისძიებებს, რომლებიც, ერთ შემთხვევაში, საჭიროებენ სასამართლოს წინასწარ ნებართვას ან შემდგომ ლეგიტიმაციას, ხოლო, მეორე შემთხვევაში, არ ექვემდებარებიან სასამართლო კონტროლს. ამგვარი მოწესრიგება ქმნის პირის პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი და არაპროპორციული ჩარევის საფრთხეს.
9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საუწყებო და საპროკურორო კონტროლი, რომელიც ხორციელდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე, ვერ იქნება სასამართლო კონტროლის ალტერნატივად განხილული, რადგან მხოლოდ მიუკერძოებელი სასამართლო წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დაცვის გარანტს. შესაბამისად, ცხადია, რომ სადავო ნორმა ქმნის შესაძლებლობას, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა მოხდეს კონსტიტუციური გარანტიების უგულებელყოფით. ამდენად, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ცნობების შეგროვებასა და ვიზუალური კონტროლის განხორციელებას უშვებს სასამართლოს ნებართვის გარეშე, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ ფორმალურ მოთხოვნას და იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, უფლების შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნების გარდა, ასევე ვერ აკმაყოფილებს შეზღუდვის მატერიალურ კრიტერიუმსაც და იგი, ამ მხრივაც, უნდა იქნეს ცნობილი არაკონსტიტუციურად. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ღონისძიება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგისი საშუალებაა, თუმცა იგი არ არის უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალება, ვინაიდან მისი განხორციელებისას გათვალისწინებული არ არის ex ante და ex nunc სასამართლო კონტროლი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1630 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1630 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე