კონსტანტინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1367 |
ავტორ(ებ)ი | კონსტანტინე ჩაჩანიძე |
თარიღი | 20 ნოემბერი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ადმინიატრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი: ,,წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს -– გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. |
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტები;; |
ადმინიატრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი: ,,წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს– გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. |
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი; |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა 2015 წლის 23 ივლისს მიიღო დადგენილება #4/4710-15 საქმეზე (იხილეთ დანართი). სასამართლომ, სხვა პირებთან ერთად, მოსარჩელე კონსტანტინე ჩაჩანიძე სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებაში (მე-4 გვერდი) აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს ეკავა უცენზურო სიტყვების შემცველი ქაღალდი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 სექტემბრის დადგენილებაში (მე-3 გვერდი) აღნიშნულია: თბილისში საკრებულოს შენობის წინ ტარდებოდა აქცია ,,არა პანორამას.“ აქციის გამართვა განპირობებული იყო 2015 წლის 16 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ,,პანორამა თბილისის“ პროექტზე მშენებლობის ნებართვა გასცა. აქციის მონაწილეებს ეკავათ სხვადასხვა სახის პლაკატები, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს (გიორგი მაქარაშვილს) სხვა პლაკატთან ერთად, ასევე ეკავა ფურცელი, რომელზე გამოსახული წარწერითაც პანორამა შედარებული იყო მამაკაცის სასქესო ორგანოსთან ( „პანორამა არა ყ**). სწორედ ამ წარწერის გამო პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი მაქარაშვილი დააკავეს, რაც აქციის სხვა მონაწილეებმა, მათ შორის, მოსარჩელე კონსტანტინე ჩაჩანიძემ, იგივე წარწერით დაწერილი ფურცლებით გააპროტესტეს. შედეგად პოლიციამ დააკავა აქციის 10 მონაწილე, მათ შორის კონსტანტინე ჩაჩანიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა სასამართლოს დადგენილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა: ,,წვრილმანი ხულიგნობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი. საზოგადოებრივი წესრიგი არის იმ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სიმშვიდეს და ცხოვრების ნორმალურ რიტმს. ეს გამოხატულებას პოულობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოქალაქეთა ღირსეულ ქცევაში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი მიუთითებს, რომ წვრილმა ხულიგნობას წარმოადგენს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს. აღნიშნული დეფინიციიდან ნათელია, რომ ქმედების წვრილმან ხულიგნობად (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის დადგენილების მე-8 გვერდი) მიჩნევისათვის მნიშვნელოვნად განმსაზღვრელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. ამ დროს პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ჩადის ისეთ ქმედებას, რომლითაც არაფრად აგდებს საზოგადოებას...“
,,სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ...კონსტანტინე ჩაჩანიძეს ... ეკავა ქაღალდები უცენზურო სიტყვების შემცველი წარწერით, რომელიც იყო როგორც ზოგადი შინაარსის, ასევე მიმართული კონკრეტული პიროვნების მიმართ (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის დადგენილების მე-9 გვერდი)... სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში მოხსენიებული უხამსი და უცენზურო სიტყვის შემცველი გამონათქვამი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ განხორციელდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება კონკრეტულად იმ საკითხზე, რისი გაპროტესტებაც ხდებოდა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირთა მხრიდან, აღნიშნული გამონათქვამი არის უშინაარსო და მასში ყურადღებას იქცევს მხოლოდ უცენზურო სიტყვა. გამონათქვამს არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღირებულება და იგი უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. აღნიშნული უცენზურო სიტყვა საზოგადოების მხრიდან აღიქმება შეურაცხმყოფლად და მისი აღკვეთით დაცულია საზოგადოებრივი მორალი. დაცულია არასრულწლოვანთა ზნეობრივი განვითარება.“
ამგვარად, სადავო ნორმამ უშუალოდ შელახა კონსტანტინე ჩაჩანიძის კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტებით, ასევე კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული გამოხატვის და შეკრების თავისუფლება. შესაბამისად, კონსტანტინე ჩაჩანიძე, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უფლებამოსილია იდავოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
2018 წლის 4 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ 2/21/1305 განჩინებით არ მიიღო კონსტანტინე ჩაჩანიძის სარჩელი არსებითად განსახილველად კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მეოთხე პუნქტთან, ასევე 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში, ვინაიდან სარჩელის შეტანის შემდეგ, 2018 წლის 17 მაისს შეიცვალა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შინაარსი (სანქციის ნაწილი). ეს გარემოება გახდა სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. ამ სარჩელით გასაჩივრებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის 2018 წლის 17 მაისის რედაქცია. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, არ არსებობს სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტებით, ასევე 25-ე მუხლის პირველი პუნქტით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) გასაჩივრებულია კანონი, რომელის კონსტიტუციურობაზე მსჯელობაც შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის გასაჩივრებისაგან დამოუკიდებლად;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.სადავო ნორმის არსი
სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსი ეფუძნება ნორმის იმგვარ განმარტებას, რაც ამ სადავო ნორმებს მიეცა სასამართლო პრაქტიკაში. მოსარჩელის საქმეში სადავო ნორმები გამოყენებული იქნა იმგვარი ნორმატიული შინაარსით, რომლის მიხედვითაც, მამაკაცის სასქესო ორგანოს აღმნიშვნელ სიტყვის წარმოთქმას არასოდეს არ ექნება პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება. ასეთი სიტყვის საჯარო ადგილას წარმოთქმა ყოველთვის უხამსობად და წვრილმან ხულიგნობად ჩაითვლება, რაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ამ სარჩელის დავის საგანიც სწორედ სადავო ნორმების ამგვარი ნორმატიული შინაარსია. უცენზურო გამონათქვამი ადმინისტრაციული წესით ისჯება მაშინაც, როდესაც ეს გამონათქვამი მიმართულია სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ.
ლიბერთი ბანკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-14 პუნქტში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა. თუმცა ამ ზოგადი წესიდან შეიძლება რამდენიმე გამონაკლისი არსებობდეს, მათ შორის, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდება, რომ ერთი და იგივე ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებები წინააღმდეგობრივია. ასეთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება, რომ საერთო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის შინაარსი საბოლოოდ განისაზღვრა. ნორმის განმარტების არაერთგვაროვანი პრაქტიკა შესაძლოა ასევე ნორმის ბუნდოვანებაზე და მის არაკონსტიტუციურობაზეც მიუთითებდეს. გარდა ამისა, გამონაკლის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ასევე უფლებამოსილია, არ მიიღოს საერთო სასამართლოს მიერ შემოთავაზებული განმარტება, თუ ის აშკარად არაგონივრულია.”
სადავო ნორმებთან მიმართებაში არათუ წინააღმდეგობა, არამედ სრული თანხვედრაა პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო ადგილას წარმოთქმულ მამაკაცის სქესის აღმნიშვნელ სამი ასოსაგან შემდგარ სიტყვას არასოდეს არ ექნება პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღირებულება. ამ სიტყვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას წარმოთქმა ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე, გამოიწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას წვრილმანი ხულიგნობისათვის. ნორმის ამგვარი შინაარსი, როდესაც პროფანაციული გამონათქვამის წარმოთქმას არასოდეს არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და შესაბამისად, ყოველთვის ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ობიექტურ შემადგენლობაში, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მეოთხე პუნქტთან, ასევე კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვინაიდან ნორმის ამგვარი განმარტება გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც, რაც ამ საქმეზე არის საბოლოო ინსტანციის სასამართლო, არ შეიძლება ნორმის ეს განმარტება იყოს არაგონივრული.
,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, უხამსობა არის განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. კანონის ამ ჩანაწერის თანახმად, არსებობს სიტყვები, მათ შორის მამაკაცის სასქესო ორგანოს აღმნიშვნელი სამი ასოსაგან შემდგარი სიტყვა, რომლიც ლახავს საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და რომელსაც, იმავდროულად, ვერასოდეს ვერ ექნება პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, ან სამეცნიერო ღირებულება. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ განაცხადა, სამი ასოსაგან შემდგარი სიტყვა ,,არის უშინაარსო და მასში ყურადღებას იქცევს მხოლოდ უცენზურო სიტყვა.“ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ არსებობდეს გამონაკლისი შემთხვევები, როცა ეს გამონათქვამი შეიძენს პოლიტიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულებას და ამ გზით ეს სიტყვა არც უხამსობად არც წვრილმა ხულიგნობად იქნება მიჩნეული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მიზნებისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნორმის განმარტება არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ამ სიტყვამ შეიძინოს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიციაც იმგვარია, რომ საზოგადოების მიერ საყოველთაოდ აღიარებული ეთიკური ნორმებთან შეუსაბამო ტერმინს ვერ ექნება პოლიტიკური ღირებულება, ვინაიდან ამ სიტყვის წარმოთქმისას ყურადღებას ეს სიტყვა იპყრობს და არა ის საკითხი, რის გამოც ეს სიტყვა იქნა წარმოთქმული პროტესტის ნიშნად. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ საზოგადოებრივი ეთიკის ნორმების დამრღვევ ტერმინებს (პროფანაციულ სიტყვებს) ვერასოდეს ექნება პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება. კანონის ამგვარი წაკითხვა ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარეობს.
,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ადგენს რა ჩაითვლება უხამსობად. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი აძლევს კანონმდებელს ზოგად უფლებამოსილებას, დაარეგულიროს, შეზღუდოს პროფანაციული სიტყვები. თუკი კანონის პირველი მუხლი გვეუბნება რა ჩაითვლება უხამსობად და მათ შორის, ეს არის ცალკეული სიტყვების ყველა კონტექსტში გამოყენება, მე-9 მუხლი კრძალავს ამ გამონათქვამს. კანონის პირველი მუხლი არის ქმედების განმსაზღვრელი, ხოლო მე-9 მუხლი ამ ქმედების ამკრძალავი. შესაბამისად, კონსტიტუციურობის შემოწმების თვალსაზრისით ამ ორ ნორმას შორის ორგანული კავშირი არსებობს. აქვე უნდა ითქვას ის, რომ ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი აკეთებს დათქმას უხამსობის აკრძალვის თაობაზე, თუმცა ეს ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მისი გამოყენება დამოუკიდებლად ვერ მოხდება. ამ კანონის მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამბობს რა იმას, რომ უხამსობა რეგულირდება კანონით, ეს გულისხმობს იმას, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სამართალშემფარდებელმა უნდა მოიძიოს კონკრეტული კანონი, რომელიც უხამსობისათვის კონკრეტულ სანქციას ადგენს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას უხამსობისათვის კონკრეტული პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი. ეს უკანასკნელი კრძალავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ლანძღვა-გინებას, სხვა ამგვარ ქმედებას რაც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს. იქვე ეს ნორმა ითვალისწინებს სანქციას - დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით..
მოსამართლემ რომ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლში გამოყენებული ტერმინის ,,უცენზურო ლანძღვა-გინების“ შინაარსი განსაზღვროს, ამისთვის მოსამართლე ამოწმებს, ამ სიტყვის გამოყენებით ხომ არ ირღვევა საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებული ეთიკური ნორმები, ხომ არ არის ეს სიტყვა მოკლებული პოლიტიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო ან კულტურულ ღირებულებას ანუ ხელმძღვანელობს იმ სტანდარტით, რაც ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით არის დადგენილი. მას შემდეგ, რაც საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მოსამართლე დარწმუნდება, სადავოდ გამხდარი სიტყვა ,,უხამსია,“ ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მიზნებისათვის, მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება, რომ სახეზეა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შემადგენლობა. ამ სისტემური ანალიზის შემდეგ, მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება, გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა - ჯარიმა 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით. ამ თვალსაზრისით გასაჩივრებულ ნორმებს შორის ორგანული კავშირია. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტში ჩაწერილი უხამსობის ცნება იქნებოდა უბრალო სიტყვები, მისი გამოყენება სანქციით რომ არ ყოფილიყო განსაზღვრული. სანქციის გამოყენება უხამსობისათვის უზრუნველყოფილია სწორედ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით. თავის მხრივ, მოსამართლე მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას, გამოეყენებინა 166-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია, თუკი არ ეცოდინებოდა უცენზურო ლანძღვა-გინების შინაარსი, რასაც სწორედ ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს.
ამგვარად, ის გარემოება, რომ პროფანაციული სიტყვები ყველა შემთხვევაში ჩაითვლება წვრილმან ხულიგნობად, მაშინაც როცა მათ საგანმანათლებლო, კულტურული, პოლიტიკური ღირებულება გააჩნიათ. იმის გამო, რომ კონტექსტის მიუხედავად, ამ სიტყვების წარმოთქმა ყველა შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით აღიარებულ სიტყვის და შეკრების თავისუფლებას.
2) კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი და 25-ე მუხლის პირველი მუხლით დაცული სფეროს გამიჯვნა
სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვა, იმასთან დაკავშირებით, რომ მამაკაცის სასქესო ორგანოს აღმნიშვნელ ან სხვა პროფანაციულ გამონათქვამებს არც ერთ კონტექსტში არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური, კულტურული, სამეცნიერო ან საგანმანათლებლო ღირებულება და ეს გამონათქვამები, ყველა შემთხვევაში, დაექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისგებას, ზღუდავს როგორც კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ გამოხატვის თავისუფლებას. სადავო სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ობიექტური შემადგენლობის ელემენტია ,,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი.“ ამით სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი არ გამოიყენება მაშინ, როცა პროფანაციული გამონათქვამი გაიჟღერებს მედიაში. ვინაიდან მედიის თავისუფლებას, როგორც ინფორმაციის და აზრის გავრცელების ერთ-ერთ ფორმას, იცავს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ამ უკანასკნელით დაცულ სფეროში შეჭრაც არ გვექნება სახეზე.
სადავო ნორმა კრძალავს რა პროფანაციული ტერმინის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გამოყენებას, ეხება როგორც სოლო დემონსტრაციას (შემთხვევას, როდესაც ტრანსპარანტით ან ხმის გამაძლიერებლით პროტესტის გამოხატავს ერთი ადამიანი ან პროფანაციული სიტყვის ამსახველი მაისურით ერთი ადამიანი ჩნდება საჯარო ადგილას), ასევე მაშინ როცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას რამდენიმე ადამიანი იკრიბება საკუთარი აზრის გამოსახატად. სოლო დემონსტრაციას იცავს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო რამდენიმე ადამიანის შეკრებას გამოხატვის მიზნით კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი.
ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ნოვიკოვა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ. ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთი ადამიანის მიერ ჩატარებული (სოლო) დემონსტრაცია გამორიცხა კონვენციის მე-11 მუხლით (შეკრების თავისუფლება) დაცული სფეროდან და მოაქცია კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ სფეროში. ამ საქმეში ბატონი რომახინი ასტრახანის საზღვაო უნივერსიტეტის წინ დადგა პლაკატით ,,უნივერსიტეტის დახურვა დანაშაულია.“ (ნოვიკოვა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 39-ე პუნქტი http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-162200).
სასამართლომ ბატონი რამახინი ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, ვინაიდან ადგილობრივი ხელისუფლება წინასწარ არ იყო გაფრთხილებული ამ დემონსტრაციის თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: ,,ერთი ადამიანის (სოლო) დემონსტრაცია არ უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც შეკრება, მხოლოდ იმიტომ რომ ეს სოლო დემონსტრაცია საზოგადოების ყურადღებას იპყრობს. თავის მხრივ, ევროპული სასამართლო თვლის, რომ ისეთი გამოხატვის ფორმა, როგორიც სოლო დემონსტრაციაა, რაც თავის თავში მოიცავს პოსტერის განთავსებას, ხმოვანი გამოხატვის თანმხლებით ან მის გარეშე, მიზნად ისახავს გამვლელთა ყურადღების მიპყრობას. ორი ან მეტი ადამიანის მოხვედრა სოლო დემონსტრაციის ჩატარების ადგილას, არ არის საკმარისი ამ სიტუაციის, კონვენციის მე-11 მუხლის გაგებით, ,,შეკრებად“ დაკვალიფიცირებისათვის. ამიტომ არც წინასწარი გაფრთხილების მოთხოვნის გამოყენებაა აუცილებელი ამგვარი სოლო დემონსტრაციის ჩასატარებლად“ (ნოვიკოვა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 204-ე პუნქტი http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-162200).
ჩვენ კონსტიტუციასთან მიმართებაში ისეთი პროფანაციული გამონათქვამის მიმართ, რაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სოლო დემონსტრაციაზე წარმოითქმება, სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის გამოყენება, წარმოადგენს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტში დაცულ უფლებაში შეჭრას. როცა სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მეშვეობით პროფანაციული გამონათქვამი ორი ან მეტი ადამიანის მიერ მოწყობილ შეკრებაზე და მანიფესტაციაზე აღიკვეთება, იქნება ჩარევა კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2011 წლის 18 აპრილს #482 გადაწყვეტილების მეორე თავის მე-3 პუნქტში განაცხადა: ,,საკანონმდებლო ნორმას, რომელიც შეკრების ან/და მანიფესტაციის ჩატარების ფორმით აზრის გამოხატვის შესაძლებლობას, შეკრების (მანიფესტაციის) ადგილს, მის შინაარსს ან ფორმას უკავშირდება, კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლებთან თანაბარი მიმართება შეიძლება ჰქონდეს.“ ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის მე-4 პუნქტში აღნიშნულია: ,,შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, როგორც გამოხატვის სპეციალურ ფორმას, ორი თანაბრად მნიშვნელოვანი უფლებისაგან განუყოფელი ასპექტი გააჩნია: შეკრება და მანიფესტაცია, როგორც აზრის გამოხატვის ფორმა (უფლების ფორმალური მხარე) და კონკრეტული აზრი, რომელსაც შეკრება ან მანიფესტაცია ემსახურება. ეს არის ინსტრუმენტული უფლება, რომელიც ამ უფლებით მოსარგებლე პირს (მისი პოლიტიკური, სოციალური, არტისტული, რელიგიური და ა.შ.).“
ამგვარად, აზრი სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს. დაცული სფეროს სწორად განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რა ფორმით, რომელ ფორუმზე ხდება ამ აზრის გამოხატვა. თუ აზრის გამოხატვა ხდება სოლო დემონსტრაციაზე - მაშინ ამგვარ ფორმაზე დაწესებულ შეზღუდვას ექნება მიმართება კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, თუ შეზღუდვა ეხება ტელევიზიით ან ინტერნეტით გამოხატულ იმავე აზრს, შეზღუდვის კონსტიტუციურობა განხილული უნდა იყოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებაში. როცა შეზღუდვა მიემართება ადამიანთა ჯგუფის შეკრებას, მაშინ ამ ღონისძიების კონსტიტუციურობის შემოწმება მოხდება კონსტიტუციის 25-ე მუხლთან მიმართებაში. ფორმა, გამოხატვის საშუალება, განმსაზღვრელია იმისათვის თუ კონსტიტუციის რომელი დებულება შეიძლება იყოს გამოყენებული ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. პროფანაციული გამონათქვამები აკრძალულია ტელევიზიებშიც, თუმცა ამ შემთხვევაში გამოიყენება არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი (,,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში“ არ შეიძლება ტელევიზია იგულისხმებოდეს), არამედ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” დამტკიცების თაობაზე“ კომუნიკაციების ეროვნული #2 კომისიის დადგენილება.
მოცემულ შემთხვევაში, შეზღუდვის საგანია არა იმდენად გამოხატვის ფორმა, რამდენადაც მისი შინაარსი: სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით, ასევე ამავე კანონის მე-9 მუხლით იკრძალება პროფანაციული გამონათქვამი, მაშინ როცა ამ გამონათქვამს აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება. აკრძალვა აბსოლუტურად ერთნაირია იმის მიუხედავად, ეს გამონათქვამი სოლო დემონსტრაციაზე იქნა წარმოთქმული და ამით მოხდა შეჭრა კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში, თუ რამდენიმე ადამიანი შეკრებაზე, რაც ექცევა კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ სფეროში. თუმცა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან ჩანს, აზრის შინაარსობრივი და, არა მხოლოდ ფორმის თვალსაზრისით, შეზღუდვა თანაბრად მიემართება, როგორც კონსტიტუციის 24-ე, ისე 25-ე მუხლისკენ.
3) უხამსობის აკრძალვის აბსოლუტური ხასიათის არაკონსტიტუციურობა
ამ სარჩელის მიზანს არ წარმოადგენს, მოხდეს სრული დაუსჯელობა უხამსი სიტყვების საჯაროდ წარმოთქმისათვის. უხამსი სიტყვების წარმოთქმის დასჯადობა არსებითად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის. უხამსი სიტყვები არის ადამიანის შეურაცხყოფის საშუალება, რაც ხშირად ამ სიტყვების ადრესატის მხრიდან ძალადობრივ პასუხს იწვევს. სახელმწიფოს მოვალეობას წარმოადგენს ის, რომ არ დაელოდოს ამგვარ ძალადობრივ ქმედებას და სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისგებაში დროულად მისცეს ადამიანი, რომელმაც საჯარო სივრცეში ამგვარი სიტყვა წარმოთქვა. ასევე უხამსი გამონათქვამები უარყოფით გავლენას ახდენს არასრულწლოვანთა ნორმალურ განვითარებაზე, ამდიდრებს რა მათ ლექსიკას ამგვარი სიტყვებით.
უხამსი გამონათქვამები არის დანაშაულის ან სხვა კანონდარღვევის ჩადენის ხერხი, მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლი კრძალავს ადევნებას, რომლის ობიექტურ შემადგენლობას ქმნის: ,,არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით“ არასასურველი კომუნიკაცია შესაძლოა უხამს სიტყვებსაც მოიცავდეს. ასევე უხამსი სიტყვების გამოყენება არის ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის ჩადენის ერთ-ერთი ხერხი. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ ამ კანონის მე-4 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიურ ძალადობად ითვლება: შეურაცხყოფა, დამცირება ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;
თუმცა გამოხატვის თავისუფლების უფლებისაგან არაფერი დარჩება, თუ კონკრეტული სიტყვების გამოყენებაზე დაწესდება აბსოლუტური და ბლანკეტური აკრძალვა. არსებობს შემთხვევები, როცა პროფანაციული სიტყვების გამოყენებისათვის, არ შეიძლება ადამიანი ისჯებოდეს. მოსამართლე ხატია არდაზიშვილის მსჯელობის საპირისპიროდ შეიძლება ითქვას, პროფანაციულ სიტყვებს, მათ შორის მამაკაცის სქესის აღმნიშვნელ ტერმინს, შესაძლოა გააჩნდეს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღირებულება: მაგალითად, უდავოა, რომ სულხან-საბა ორბელიანის ,,სიტყვის კონას“ გააჩნია როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო ღირებულება. ამ ნაწარმოებში გვხვდება იმ ტერმინის, რისთვისაც მოსარჩელე სცნეს სამართალდამრღვევად. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=list&d=8&p=6&w1=%E1%83%A7 სიტყვის თავისუფლება ვერ შეასრულებს თავის მნიშვნელოვან ფუნქციას - მოახდინოს საზოგადოების წარმომადგენლების ინფორმირება, თუკი სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში აიკრძალება ამ ნაწარმოების სწავლება ან მაზე დისკუსია ან ამ ნაწარმოების სწავლებისას მოხდება ამ კონკრეტული სიტყვის ცენზურა. მამაკაცის სასქესო ორგანოს აღმნიშვნელი სამი ასოსგან შემდგარი სიტყვა, ზოგჯერ კულტურულ ღირებულებასაც იძენს და მისი გამოყენება დასაშვებია სერიალში, რაც მხოლოდ განსაკუთრებული ასაკობრივი კატეგორიის მქონე პირებისათვის არის ხელმისაწვდომი https://www.youtube.com/watch?v=onc6kunjOLk. ამ ფილმის მხატვრული და კულტურული ღირებულებების გამო დაუშვებელია მისი საჯარო ჩვენება მოექცეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შემადგენლობაში. არადა ის, ნორმატიული შინაარსი, რაც სადავო ნორმებს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მისცეს, ამ ფილმის საჯარო ჩვენება ჩაითვლება წვრილმან ხულიგნობად, იმიტომ რომ მამაკაცის სასქესო ორგანოს აღმნიშვნელ სიტყვას კულტურული ღირებულება არასოდეს არა აქვს.
ანალოგიურად ამ ტერმინის გამოყენება შესაძლოა აღმოჩნდეს მაპროვოცირებელი ფაქტორი, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე დებატებში ჩასართავად. სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციაში ჩაწერის მიზანს წარმოადგენს დაიცვას ის საშუალებები და ფორმები, რაც ახალისებს მოქალაქეებს, ჩაერთონ პოლიტიკური მნიშვნელობის დებატებში. ქალაქ თბილისის ურბანული პოლიტიკა არის იმდენად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი, რომ პროვოკაციული, მათ შორის, ერთი შეხედვით, პროფანაციული გამონათქვამები, ამართლებს ამ საკითხზე საზოგადოებრივი დისკუსიების წარმოებას და ამ საკითხზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე პროფანაციული ტერმინის გამოხატვა დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, განსაკუთრებით მაშინ როცა ამ ტერმინის გამოყენება არ ისახავს მიზნად რომელიმე ადამიანის შეურაცხყოფას (რაც მოხდა მოცემულ შემთხვევაში, როცა პროფანაციული ტერმინი გამოყენებული იქნა არა კონკრეტული პირის, არამედ არქიტექტორული პროექტის მიმართ). ასეთ შემთხვევაში პოლიტიკურ საკითხზე საზოგადოების ინფორმირების ინტერესი უპირატესია ვულგარული ტერმინის მოსმენისაგან საზოგადოების წევრების დაცვის ინტერესთან შედარებით.
მაშინ როდესაც პროფანაციული ტერმინი წარმოთქმული იქნა პოლიტიკური და სამეცნიერო დისკუსიის კონტექსტში, ამ ტერმინის წარმოთქმა არის საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი, ან როცა ამ ტერმინის გამოყენება ხდება ფილმში, სპექტაკლზე ან სახელოვნებო სფეროში, სადავო ნორმები არ უზრუნველყოფს იმას, ამ სიტყვის ავტორი არ მიეცეს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს თქმით, პროფანაციული ტერმინები უშინაარსოა და ეს გამონათქვამი შინაარსს და ღირებულებას ვერ შეიძენს პოლიტიკაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში მისი გამოყენებისას. შესაბამისად, თუკი ამ ტერმინს არც ერთი ზემოხსენებული ღირებულება არ ექნება და საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთანაც წინააღმდეგობაში მოვა, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დაექვემდებარება ყველა პოლიტიკური, სამეცნიერო დისკუსია, სპექტაკლი, სახვითი ხელოვნების ნამუშევარი.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პროფანაციული გამონათქვამების აბსოლუტური აკრძალვით, სადავო ნორმა ზღუდავს გამოხატვის თავისუფლების ისეთ ასპექტებს, რაც დაკავშირებულია პოლიტიკურ, სახელოვნებო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროსთან. ეს არის სფეროები, სადაც ყველაზე მეტად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება. შემდგომ თავებში საუბარი გვექნება იმაზე, რამდენად არის დაცული ბალანსი ამ სფეროებში პროფანაციული გამონათქვამებით გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისაგან თავისუფალ გარემოებში ცხოვრების უფლებას შორის. ამ სარჩელით დავის საგანს არ წარმოადგენს შემთხვევა, როცა პროფანაციული გამონათქვამი ეხება კონკრეტულ კერძო პირს და დაცვის საგანი არის ამ პირის რეპუტაცია და ღირსება. როცა პროფანაციული გამონათქვამი ეხება კონკრეტულ პროექტს თუ წამოწყებას, ამ გამონათქვამის შეზღუდვით ადამიანის რეპუტაციის დაცვა ვერ იქნება ლეგიტიმური მიზანი. ღირსება და რეპუტაცია ადამიანის პიროვნებისათვის დამახასიათებელი სიკეთეა და არა შენობების, არქიტექტურული ობიექტების და უსულო საგნების. ამ კუთხით საინტერესოა, მოსამართლე არდაზიშვილის მიერ მიღებული დადგენილება, რომლითაც უცენზურო გამონათქვამი აკრძალულია როგორც ზოგადად, ისე კონკრეტული პირის მიმართ. ზოგადად გინების აკრძალვისას ლეგიტიმური მიზანი არ არის ადამიანის ღირსება და რეპუტაცია. ადამიანის ღირსება და რეპუტაცია ილახება კონკრეტული პირის შეგინებისას.
ამ სარჩელის მიზნებისათვის განიხილება უცენზურო გამონათქვამები, რაც არ არის კონკრეტული კერძო პირისკენ მიმართული და შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება წინააღმდეგობაში ვერ მოვა ადამიანის ღირსებასთან და რეპუტაციასთან. სარჩელში შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად განხილული იქნება ადამიანის უფლება, დაცული იყოს პროფანაციული გარემოსაგან და ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესი, რასაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას პროფანაციულმა გამონათქვამმა. პოლიტიკოსის მიმართ პროფანაციული გამონათქვამი წარმოშობს რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმურ ინტერესს, თუმცა პოლიტიკოსის თმენის ვალდებულება განსაკუთრებით მაღალია, იმის გამო, რომ პოლიტიკოსები განზრახ აქცევენ საკუთარ თავს საზოგადოებრივ სამსჯავროზე. ამიტომ პოლიტიკოსის რეპუტაცია იშვიათ შემთხვევაში ხდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი.
ამგვარად, ამ სარჩელის მიზნებისათვის დავის საგანს წარმოადგენს სადავო ნორმების იმგვარი ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლის მიხედვითაც, პროფანაციულ სიტყვას, მათ შორის მამაკაცის სასქესო ორგანოს აღმნიშვნელ სიტყვას, არა აქვს პოლიტიკური, კულტურული საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება (სადავო ნორმების ასეთი შინაარსი დადგენილია პირველი და სააპელაციო სასამართლოების მიერ). კონტექსტის განურჩევლად, ასეთი სიტყვის წარმოთქმა, ბლანკეტურად მიჩნეულია უხამსობად. ამ სიტყვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას წარმოთქმა იწვევს სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
4) პოლიტიკოსის დაცვა პროფანაციული გამონათქვამისგან
გამოხატვის თავისუფლებით პროფანაციული გამონათქვამის დაცვას ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ. ამ საქმეში ეროვნულმა სასამართლოებმა ადმინისტრაციული სახდელი დააკისრეს პირს საჯარო ადგილას ტერმინი ,,ნაბიჭვარის“ გამოყენებისათვის. ეს ღონისძიება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაფასა კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევად.
ამ საქმის მიხედვით, თანასწორობის ინსტიტუტის წევრები შევიდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეზოში, სადაც მიმდინარეობდა ტელეკომპანია 202-ის მფლობელების შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის სასამართლო პროცესი (კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 პუნქტები http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-113300).
ამ გადაწყვეტილების მე-8 პუნქტში აღნიშნულია: ,,იმის სათქმელად, რომ 2006 წელს საქართველოში არსებული ვითარება 1930-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში არსებული ტერორის მსგავსი იყო, პირველმა მომჩივანმა, ირაკლი კაკაბაძემ შეურაცხმყოფლად მოიხსენია შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და უწოდა მას ,,ლავრენტი ბერიას ნაბიჭვარი“ (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-113300).
ამ განცხადების გაკეთებას მოჰყვა მომჩივანთა დაკავება. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიიღო განკარგულება, სადაც აღნიშნული იყო: მომჩივნები იყვნენ სასამართლოს შენობის შიგნით, ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, ხელს უშლიდნენ სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას და ცდილობდა გავლენის მოხდენას მიმდინარე საქმეზე.“ მომჩივნებს შეეფარდათ ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღის ვადით. ეს განკარგულება ძალაში დარჩა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებითაც (კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილების მე-17 და 21-ე პუნქტები).
ამ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების 83-ე პუნქტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: ,,სასამართლო მიანიშნებს, რომ მომჩივანის პრეტენზიები კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლის დარღვევასთან მიმართებაში, ეფუძნება დაკავებას და დაპატიმრებას, რის გამოც მათ ხელი შეეშალათ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს წინ ჩაეტარებინათ დემონსტრაცია. ამ გარემოების გათვალისწინებით მე-11 მუხლი მიჩნეული უნდა იქნეს lex specialis-ად, ამის გამო არ არის აუცილებელი საჩივარი ცალკე იქნეს განხილული კონვენციის მე-10 მუხლთან მიმართებაში. მეორეს მხრივ, შეკრების თავისუფლების დამოუკიდებელი როლისა და განსხვავებული დაცული სფეროს მიუხედავად, ამ კონკრეტულ საქმეში მე-11 მუხლი გამოიყენება კონვენციის მე-10 მუხლთან კავშირში.
ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების 89-ე პუნქტში აღნიშნულია: ,,ევროპული სასამართლო თვლის, რომ ერთადერთი შეურაცხმყოფელი ფრაზა, რაც გაჟღერებული იყო ერთ-ერთი მომჩივანის მხრიდან მოკლევადიანი პიკეტის დროს, იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, როგორც ,,ლავრენტი ბერიას ნაბიჭვრად“ მოხსენიება. ამის მიუხედავად, ევროპულ სასამართლოს არ ესმის, ეს გამოხატვა როგორ შეიძლება იყოს სასამართლოს შეურაცხყოფა, ვინაიდან არ არის მოსამართლის მიმართ გამოყენებული. ნებისმიერ შემთხვევაში, დემოკრატიულ საზოგადოებაში, მნიშვნელოვანი საჯარო ფიგურის მიმართ გამოხატული კრიტიკული მოსაზრების მიმართ დიდია თმენის ვალდებულება, თუნდაც ეს მოსაზრება გაუგონარი, თავშეუკავებელი და პროვოკაციული იყოს.
ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სწორედ მამაკაცის სასქესო ორგანოზე არანაკლებ შეურაცხმყოფელი სიტყვის გამოყენებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი მიიჩნია კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევად. სადავო ნორმები უშვებს საჯარო ფიგურის მიმართ საჯაროდ მსგავსი ტიპის გამონათქვამის გამოყენების შემთხვევაში სანქციის დაკისრების შესაძლებლობას. ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 25-ე და 24-ე მუხლებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ კაკაბაძის საქმის ფაქტები არ ეხებოდა მინისტრის პირისპირ შეურაცხყოფას. იმის მიუხედავად, ვის მიმართ არის წარმოთქმული პროფანაციული გამონათქვამი, პირისპირ შეურაცხყოფა ქმნის ძალადობის წარმოშობის საფრთხეს. ამიტომ სახელმწიფოს, მათ შორის, სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსის პროფანაციული სიტყვით (და არა სხვა თუნდაც არაკორექტული გამონათქვამებით) პირისპირ შეურაცხყოფისას. სადავო ნორმა ამ ნორმატიული შინაარსი არც ამ კონტექსტშია (პირისპირ პოლიტიკოსის მოხსენიება პროფანაციული სიტყვით) სადავო.
5) პროფანაციული გამონათქვამი, რასაც არა ჰყავს ადრესატი
პროფანაციული გამონათქვამის სიტყვის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აშშ-ს უზენაესი სასამართლოს 1971 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე კოენი კალიფორნიის წინააღმდეგ (https://www.law.cornell.edu/supremecourt/text/403/15#writing-USSC_CR_0403_0015_ZO). ამ საქმის ფაქტობრივი გარემოებები იყო შემდეგი:
1968 წლის 26 აპრილს კოენი იმყოფებოდა ლოს ანჯელესის საგრაფოს სასამართლოს შენობის კორიდორში. კოენი ატარებდა ჟაკეტს, რომელსაც ახლდა წარწერა: მოვტ...ნ ჯარში გაწვევა ("Fuck the Draft"). ეს წარწერა ყველასთვის დასანახი იყო. ამ დროს სასამართლოს კორიდორში იმყოფებოდნენ ქალები და ბავშვები. ამის შემდეგ კოენი დააკავეს. კოენმა მისცა ჩვენება იმის თაობაზე, რომ გააზრებულად ჩაიცვა ჟაკეტი, რომელსაც ამგვარი წარწერა ჰქონდა გაკეთებული. კოენს სურდა საზოგადოებისათვის ემცნო მისი ღრმად უარყოფითი დამოკიდებულება ვიეტნამის ომში ჯარისკაცების გაწვევასთან დაკავშირებით.
კოენი მსჯავრდებული იქნა შეურაცხმყოფელი ქმედების ჩადენით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის. ლოს ანჯელესის მუნიციპალურმა სასამართლომ მას შეუფარდა პატიმრობა 30 დღის ვადით. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე დაადგინა კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებული სიტყვის თავისუფლების დარღვევა.
აშშ-ს უზენაესი სასამართლოს აზრით: ,,მსჯავრდება ეფუძნება იმ სიტყვების შეურაცხმყოფელ ხასიათს, რაც კოენმა ხილული გახადა საზოგადოებისათვის. სახელმწიფომ სადამსჯელო ღონისძიება განახორციელა სიტყვაზე და არა ქმედებაზე. სახელმწიფოს არ ჰქონდა უფლება, დაესაჯა კოენი ტანსაცმელზე ამოტვიფრული წარწერის გამო, ვინაიდან ბრალდებული არ მოუწოდებდა სხვებს გაწვევისაგან თავის არიდებისაკენ. მომჩივანი დაისაჯა გაწვევის საკითხზე მისი ამორალური დამოკიდებულების გამო. კოენის ქმედება არ შეიცავდა სხვა შინაარსს გარდა იმისა, რომ გამოეხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება გაწვევის მიმართ. სახელმწიფოს არა აქვს უფლება დასაჯოს ადამიანი გაწვევის საკითხზე გამოთქმული მოსაზრების შინაარსის გამო, თუ ამ მოსაზრებას არ მოჰყვება გაწვევის პროცესის ჩაშლა.“
აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ კოენის საქმეში აღნიშნა, რომ ,,მან სხვა საქმეებში მისცა სახელმწიფოს თავისუფლება, დამატებითი დასაბუთების გარეშე, აკრძალოს ძალადობის გამომწვევი გამონათქვამები: ეს არის ისეთი ეპითეტები, რომლებიც პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებს კონკრეტულ ადამიანს. ამ გამონათქვამის მოსმენის შემდეგ, მოხდება საშუალო ფსიქიკის მქონე ადამიანის პროვოცირება, მის მიმართ გამოთქმულ შეურაცხოფას მყისიერი ძალადობრივი ქმედებით უპასუხოს. გაწვევის ფაქტის მიმართ უხამსი სიტყვის მოსმენას არ შეუძლია ძალადობრივი რეაქცია გამოიწვიოს. ეს სიტყვები არ იყო მიმართული იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ სიტყვას ისმენდა. არც ერთი ადამიანს, რომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, არ აღუქვამს და ვერც აღიქვამდა პირად შეურაცხყოფად იმას, რაც ჟაკეტზე ეწერა. ამიტომ ძალადობრივი რეაქციის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოს არ ჰქონდა უფლება, ხელი შეეშალა ადამიანისათვის, გამოეთქვა საკუთარი მოსაზრება. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვინმემ, ვინც დაინახა კოენის ჟაკეტზე არსებული წარწერა, ამით ისე გაბრაზდა, რომ მზად იყო ძალადობრივი პასუხის გასაცემად.“
უზენაესი სასამართლოს შეზღუდვის კიდევ ერთ ლეგიტიმურ მიზნად დასახელდა ის, რომ სახელმწიფო ვალდებული იყო, დაეცვა ის ადამიანები, ვისაც არ სურდა კოენის უგემოვნო და ვულგარული გამონათქვამის მოსმენა (დატყვევებული აუდიტორია). სასამართლოს თქმით: ,,დაუშვებელია გამოხატვა მხოლოდ იმის გამო იქცეს სამართალდარღვევად, რომ მოსაზრება შემთხვევით იმ ადამიანმა მოისმინოს ან წაიკითხოს, ვისაც ეს არ სურს. მართალია, პირადი ცხოვრების უფლება ადამიანს აძლევს უფლებას, საკუთარ სახლში არ მოისმინოს აზრები, რასაც არ ეთანხმება, მაგრამ ამით სრული აკრძალვა ვერ დაწესდება საზოგადოებრივ დიალოგთან დაკავშირებით. სასამართლომ არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენი სახლის მიღმა ხშირად ჩვენდა უნებურად ჩვენთვის უსიამოვნო საუბრის მძევლები ვხდებით. უსიამოვნო გამონათქვამის მოსმენისაგან სხვა ადამიანის დაცვის მიზნით, კონსტიტუციის დაცვით, გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად სახელმწიფომ უნდა დაადასტუროს, რომ ამ საუბრით პირადი ცხოვრების უფლება დაუშვებელი ფორმით შეილახებოდა. ამასთან ამ უფლებამოსილების ფართოდ გამოყენება შეიცავს იმის რისკს, რომ უმრავლესობამ დისიდენტები ძალით გააჩუმოს.“
,,ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას ის, რომ ადამიანები, რომლებმაც კოენის ჟაკეტზე არსებული წარწერა დაინახეს სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში არიან იმ პირებთან შედარებით, რომლებიც სახლში იმყოფებიან და პროტესტის ნიშნად მიცემული მანქანების გამაყრუებელი სიგნალის ხმა აწუხებთ, ამით კი პირადი ცხოვრების ინტერესი მნიშვნელოვნად ელახებათ (ამ შემთხვევაში აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ პირადი ცხოვრების დაცვის ინტერესით გაამართლა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა). ლოს-ანჟელესის სასამართლოს კორიდორში მყოფ პირებს შეეძლოთ მათ მგრძნობელობაზე ზემოქმედება თავიდან აეცილებინათ წარწერიდან თვალის არიდების გზით. ადამიანს არა აქვს იმაზე მეტი პირადი ცხოვრების მოლოდინი სასამართლოს კორიდორში, ვიდრე მაშინ ექნებოდა, როცა ამ ადამიანს ცენტრალურ პარკში რომ ესეირნა. ცხადია, პირადი ცხოვრების დაცვის მოლოდინი უფრო მაღალია, როცა ადამიანი საკუთარ სახლში იმყოფება. საკუთარ სახლში ადამიანს აქვს უფლება, იყოს თავისუფალი არასასურველი აზრის მოსმენისაგან. ის გარემოება, რომ სასამართლოს კორიდორში მყოფმა პირმა მცირე ხნით შეხედა მისთვის მიუღებელი წარწერას, არ ამართლებს წესრიგის დარღვევისათვის ადამიანის მსჯავრდებას. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ადამიანი უუნაროა, თავი აარიდოს ან გააპროტესტოს მისთვის არასასურველ ქცევა. განსახილველი კანონმდებლობა, არც სიტყვა-სიტყვით, არც სასამართლო განმარტების გზით, არ მიუთითებს იმაზე, რომ სადავო სიტყვის წაკითხვა დატყვევებულ აუდიტორიას ისეთ უსუსურ მდგომარეობაში აგდებს, რომ ზრუნვას საჭიროებდეს.“
აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ კოენის საქმეში ასევე აღნიშნა: ,,დისკუსია არის საუკეთესო საშუალება საწინააღმდეგო აზრის ნაკლის წარმოსაჩენად. გარდა რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევებისა, სახელმწიფოს არა აქვს უფლება, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. ეს გამონაკლისები დადგენილია სხვა საქმეებში, მაგრამ არ გამოიყენება ამ საქმეში. ზოგადი წესი არის ასეთი, რომ სახელმწიფომ არ უნდა შეზღუდოს ინდივიდის გამოხატვა არც შინაარსობრივად, არც ფორმის თვალსაზრისით. გამოხატვის თავისუფლება არის ძლიერი წამალი მრავალფეროვან საზოგადოებაში. ეს უფლება მიზნად ისახავს მოხსნას მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები საჯარო დისკუსიების არენაზე. რა აზრები უნდა ისმოდეს, ამის გადაწყვეტა თითოეული ჩვენგანის ხელშია. ამგვარი თავისუფლება არსებობს იმ იმედით, რომ გააძლიეროს მოქალაქეები და მოიტანოს სრულყოფილი მმართველობა.“
,,გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის შედეგი შეიძლება იყოს შფოთი, უთანხმოება და, ზოგჯერ, შეურაცხყოფაც კი. ეს შედეგები, დადგენილი შეზღუდვის ფარგლებში, ღია დებატების პროცესის აუცილებელი გვერდითი ეფექტია. გარკვეულ დროს შესაძლოა დაგროვდეს ვერბალური უთანხმოებები, მაგრამ ეს უფრო მეტად სიძლიერის ნიშანია ვიდრე სისუსტის. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ფუნდამენტური ღირებულებისათვის რეალურად დამახასიათებელია უფლების უგემოვნოდ, გამაღიზიანებლად და უინტერესოდ გამოყენების შემთხვევები. სრულიად უსარგებლო ნაწარმოებებიც კი ექცევა გამოხატვის თავისუფლების დაცულ სფეროში. თუკი გამოხატვის ფორმა მშვიდობიანია, ამ გამოხატვის არსებობის აუცილებლობაზე კითხვები არ უნდა დაისვას.“
,, პროფანაციულ გამონათქვამზე დაწესებული შეზღუდვის ფარგლები ბუნდოვანი იქნებოდა. გაუგებარია ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა როგორ უნდა იყოს გამიჯნული სხვა სიტყვისაგან? უდავოა, რომ სახელმწიფოს არა აქვს უფლება ჩაატაროს საჯარო დისკურსის იმგვარი წმენდა, რომ მხოლოდ გრამატიკულად გემოვნებიანი და უკიდურესად თავაზიანი ლექსიკა დაგვიტოვოს. მართლაც, ოთხი ინგლისური ასოსაგან შემდგარი სიტყვა (FUCK) ყველაზე უგემოვნოა, ვიდრე ამ ჟანრის ყველა სხვა სიტყვა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის, რაც ერთი ადამიანისათვის ვულგარულია მეორისათვის ლირიკაა. როდესაც სახელმწიფო მოხელეებს არ შეუძლიათ, ერთ სიტყვას მეორესთან შედარებით მიანიჭონ უპირატესობა, კონსტიტუცია ამ სფეროში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მიანდობს ინდივიდის გემოვნებასა და სტილს.“
კოენის საქმეში აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ასევე აღნიშნა: ,,დამატებით, ყურადღების მიღმა ვერ დაგვრჩება ის ფაქტი, რომ ლინგვისტურ გამოხატვას გააჩნია ორმაგი საკომუნიკაციო ფუნქცია: პირველი, ის გვიყვება იდეაზე ან მოვლენაზე, რაც შეიძლება კონკრეტულად აღიწეროს. მეორე, ვერბალური გამოხატვა ასევე გადმოსცემს ადამიანის ემოციას, რომელსაც აზრობრივი გამოხატვა შეიძლება არც გააჩნდეს. სიტყვების შერჩევა ხდება როგორც აზრის, ისე ემოციის გამოსახატავად. აშშ-ს უზენაეს სასამართლოს არ შეუძლია იმის თქმა, რომ კონსტიტუცია, რომელიც ძირითადად მიმართულია ადამიანის აზრობრივი გამოხატვის დაცვისათვის, სიტყვის ემოციური მხარეს ნაკლებ ყურადღებას აქცევს ან საერთოდ არავითარ ყურადღებას არ აქცევს. ხშირად სწორედ ემოცია წარმოადგენს კომუნიკაციის მნიშვნელოვან ელემენტს. მოქალაქეების პრეროგატივას წარმოადგენს, აკრიტიკონ საჯარო პირი და საჯარო პოლიტიკა. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ინფორმირებულ და პასუხისმგებლობით სავსე კრიტიკის თავისუფლებას, არამედ სულელური და რადიკალური საუბარის თავისუფლებასაც.“
კოენის საქმიდან გამომდინარეობს პროფანაციული გამონათქვამის დაცვის შემდეგი არგუმენტები: განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს ემოციური გამონათქვამები, რომელიც მიმართულია სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ. ადამიანის ემოცია ხშირად გამოიხატება ტერმინებით, მათ შორის არანორმატიული ლექსიკით, რასაც შესაძლოა კონკრეტულ კონტექსტში რაიმე აზრობრივი დატვირთვა არ ჰქონდეს და მხოლოდ მიუთითებდეს ადამიანის უარყოფით დამოკიდებულებაზე ჯარში ახალგაზრდების გაწვევასთან, ხელისუფლების ურბანულ ან სხვაგვარ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ასეთი ტიპის კრიტიკა აძლიერებს დემოკრატიულ მმართველობას და პოლიტიკური ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების წინაშე. გამოხატვის თავისუფლება ისევე იცავს, მოუზომავ, ემოციურ გამონათქვამებს, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის აკადემიურ კრიტიკას. კრიტიკის მანერის არჩევა ადამიანის და არა სახელმწიფოს გადასაწყვეტია. ამიტომ სახელმწიფომ ერთნაირად უნდა შეიკავოს თავი ჩარევისაგან, იმის მიუხედავად, ადამიანი საჯარო პოლიტიკის კრიტიკისათვის ირჩევს დახვეწილ თუ უგემოვნო ტერმინოლოგიას.
სახელმწიფოს აქვს უფლება, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად აკრძალოს უცენზურო ტერმინების გამოყენება, მათ შორის წვრილმანი ხულიგნობის მუხლით. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ამ მუხლის შინაარსი იყოს ვიწროდ მიზანმიმართული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. წვრილმანი ხულიგნობის შემოღების მიზანს წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგისა დაცვა და ძალადობის თავიდან აცილება. საზოგადოებრივ წესრიგს განსაკუთრებული საფრთხე მაშინ ემუქრება, როცა თუნდაც საჯარო ადგილას ერთი ადამიანი იყენებს უცენზურო გამონათქვამს მეორე ადამიანის მისამართით. როდესაც უცენზურო სიტყვების ადრესატი კონკრეტული ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფია, ამას შეუძლია გამოიწვიოს საშუალო ფსიქიკის მქონე ადამიანის მხრიდან ძალადობის პროვოცირება. სახელმწიფომ იმ დრომდე უნდა დასაჯოს უწმაწური სიტყვების ავტორი, ვიდრე ის ამ სიტყვების ადრესატიდან ძალადობრივ პასუხს მიიღებს. განსხვავებულ ვითარებასთან გვაქვს საქმე, როცა უცენზურო სიტყვების ადრესატი არა კონკრეტული პირი, არამედ სახელმწიფოს პოლიტიკაა. სახელმწიფოს პოლიტიკის მიმართ უცენზურო სიტყვებით გამოხატულ დამოკიდებულების მოსმენას არ გამოჰყავს საშუალო ფსიქიკის მქონე ადამიანი წყობიდან, რომ ამან ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გამოიწვიოს. შესაბამისად, წვრილმანი ხულიგნობის მუხლის გამოყენება, სახელმწიფო პოლიტიკის უცენზურო კრიტიკის წინააღმდეგ, არ წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურად გამართლებულ შეზღუდვას.
სახელმწიფომ ყველა ღონისძიება უნდა მიიღოს იმისათვის, რომ აღკვეთოს ქუჩაში, თუნდაც, უმისამართო გინება, არასრულწლოვანთა ინტერესების დასაცავად. ამის მიუხედავად, როცა არანორმატიულ ლექსიკას ჰყავს კონკრეტული ადრესატი სახელმწიფო პოლიტიკის სახით, იმავდროულად, ეს სიტყვა პლაკატზე ან მაისურზე წარწერით გამოიხატება, ამას 6-7 წლამდე ასაკის ბავშვი ვერ წაიკითხავს. შესაბამისად, ვერც მათი ინტერესები დაირღვევა.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი გადაცემა ,,მაუწყებლის ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის #2 დადგენილების 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეუთავსებელია 12 წლამდე არასრულწლოვანისათვის. ამავე დადგენილების 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: ,,06:00 საათიდან 20.00 საათამდე, წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში გადაცემული პროგრამები უნდა იყოს შესაფერისი საოჯახო, მათ შორის საბავშვო ჩვენებისთვის. რაც უფრო ადრეა საღამოს პროგრამა დაგეგმილი, მით უფრო შესაფერისი უნდა იყოს ის არასრულწლოვნებისთვის. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ინტერესის ან მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების არსებობისას შეიძლება ამ წესიდან გადახვევა და ასეთ დროს აუდიტორიას წინასწარ უნდა მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია პროგრამის შინაარსის შესახებ.“ ამავე დადგენილების 38-ე მუხლის მე-10 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, 12 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები არ განათავსოს 06.00 საათიდან 20 საათამდე;
ამგვარად, საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, კანონმდებლობა უშვებს შეურაცხმყოფელი ლექსიკის ეთერში გადაცემას იმ დროს, როდესაც გადაცემა ხელმისაწვდომია 12 წლამდე არასრულწლოვანებისათვის. ასეთ შემთხვევაში ხდება მშობლების გაფრთხილება, რომ განსაზღვრულ დროს მოარიდონ 12 წელს მიუღწეველი ბავშვები ტელე-რადიო მიმღებებს. თუმცა ეს გაფრთხილებაც არ იქნება საკმარისი მაშინ, როცა ბავშვი ან/და მისი მშობელი შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველ გადაცემას მისი მიმდინარეობისას შეუერთდა და არა პროგრამის დასაწყისში, როცა ამგვარი გაფრთხილება გაკეთდა. ამგვარად, თუ არსებობს, საზოგადოებრივი ინტერესი, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკის ინტერესი, შეურაცხმყოფელი გამონათქვამი შეიძლება მოხვდეს ეთერში, იმ დროს როდესაც ბავშვი შეიძლება უყურებდეს ტელევიზორს.
სახელმწიფოს პოლიტიკის კრიტიკა არის ის განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი, რამაც გამონაკლისის სახით, გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე, შეიძლება უცენზურო სიტყვის გამოხატვა გაამართლოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე. ასეთ ადგილას შეიძლება არასრულწლოვანი შემთხვევით მოხვდეს. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ტვირთის გადანაწილება შესაძლოა მოხდეს მშობელზე, რომელმაც არა მარტო არ უნდა დატოვოს მარტო, არამედ უნდა მოარიდოს ბავშვი ადგილს, სადაც აქციის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ უწმაწური სიტყვების შემცველი ტრანსპარანტები.
ამგვარად, გასაჩივრებული ნორმებით, უცენზურო ლექსიკის გამოყენებას არც ერთ შემთხვევაში არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება. ეს სიტყვები ითვლება უხამსობად და როგორც უცენზურო ლანძღვა-გინება ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემადგენლობაში. უცენზურო გამონათქვამის ბლანკეტური აკრძალვა არღვევს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას, ვინაიდან შეუძლებელს ხდის ამ ტერმინის გამოყენებით პოლიტიკოსის და სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკას. ამგვარად, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მეოთხე პუნქტთან, ასევე კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა