„სს საქართველოს ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/11/1452 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 15 მარტი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 მარტი 2023 10:53 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: „სს საქართველოს ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: (ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 111-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; (ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის, 115-ე მუხლის და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „ცნობილი იყო“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; (გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1452) მომართა „სს საქართველოს ბანკმა“. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის პირველ ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 15 მარტს.
2. №1452 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულებას, 54-ე მუხლი აწესრიგებს იმ გარიგების ბათილობის საკითხს, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს, ხოლო 59-ე მუხლის პირველი ნაწილი ბათილად აცხადებს კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებულ გარიგებას, ასევე ნებართვის გარეშე დადებულ გარიგებას, თუ ამ გარიგებისათვის საჭიროა ნებართვა. აღნიშნული კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დადებული ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი. კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, ამგვარი ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი კი ადგენს სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების ნორმატიულ ვალდებულებას. დაუშვებლად არის მიჩნეული უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს მეწარმე სუბიექტის უფლებამოსილებას, განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე, თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას აღიარებულად და უზრუნველყოფილად აცხადებს, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი უშვებს საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას საჯარო ინტერესებისთვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.
5. №1452 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს კომერციულ ბანკს, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო კრედიტების გაცემაა. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისათვის მინიჭებული ნორმატიული შინაარსი იწვევს გირავნობის ხელშეკრულების ბათილობას, რის შედეგადაც კრედიტორი კარგავს საკუთრებას მოთხოვნის უფლებაზე. მოსარჩელე პრობლემურად მიიჩნევს ხსენებული ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის თანახმადაც, საკრედიტო დაწესებულების მიერ კრედიტის გაცემა დამწყებ საწარმოზე, რომელსაც კრედიტის აღებისას არ გააჩნია შემოსავლები, და აღნიშნული კრედიტის უზრუნველსაყოფად მესამე პირის ქონების დაგირავება, წარმოადგენს საკრედიტო დაწესებულების არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმატიული შინაარსის ლეგიტიმურ მიზნად შესაძლებელია, მოაზრებულ იქნეს გირავნობის საგნის მესაკუთრის დაცვა მოგირავნის არაკეთილსინდისიერი ქმედებისაგან. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, სადავო რეგულირების ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებად განხილვისათვის, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რამდენად წარმოადგენს დამწყები საწარმოსათვის კრედიტის მიცემა სხვისთვის ზიანის მომტან და, შესაბამისად, არაკეთილსინდისიერ ქმედებას, იმის გათვალისწინებით, რომ ქმედების არაკეთილსინდისიერად გამოცხადება, ფაქტობრივად, მის აკრძალვას უტოლდება.
7. №1452 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი განმარტავს, რომ საკრედიტო დაწესებულების ქმედების არაკეთილსინდისიერად მიჩნევა იმ ფაქტზე მითითებით, რომ კრედიტის ამღები სუბიექტი დამწყები საწარმოა, არ შეესაბამება განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში ამგვარი საწარმოსათვის კაპიტალიზაციის საყოველთაოდ აღიარებულ მეთოდებს და, ამავდროულად, არ უწყობს ხელს ბიზნესის განვითარებას. ამასთანავე, საკრედიტო დაწესებულების მიმართ დადგენილი აკრძალვა ახლადდაფუძნებულ კომპანიებზე კრედიტის გაცემის თვალსაზრისით, არღვევს თავად დამწყები საწარმოს კონსტიტუციურ უფლებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კრედიტის გაცემა დამწყებ საწარმოზე არ წარმოადგენს ვინმესათვის ზიანის მომტან, არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
8. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი, აგრეთვე ეწინააღმდეგება სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპებს. მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობის დეკლარირებული პოლიტიკა მიმართულია ბანკების მიერ დამწყებ საწარმოებზე კრედიტის გაცემის სტიმულირებისაკენ, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციები ახალისებს დამწყები კომპანიების დაფინანსებას, ხოლო გასაჩივრებული ნორმის სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი, ფაქტობრივად, კრძალავს ახლადდაფუძნებულ საწარმოებზე კრედიტის გაცემას, პირებს არ გააჩნიათ შესაძლებლობა, განსაზღვრონ სამართლებრივი მდგომარეობა და, შესაბამისად, წარმართონ თავიანთი ქმედებები.
9. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს საკრედიტო დაწესებულების მიერ კეთილსინდისიერად გაცემული კრედიტის უზრუნველსაყოფად მესამე პირის (იურიდიული პირის) ქონების დაგირავების ხასიათზეც. მოსარჩელის მოსაზრებით, გირავნობის ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს, რაც არ უნდა იქნეს განხილული დამგირავებლისათვის ზიანის მომტან ქმედებად, რამდენადაც დამგირავებელს კრედიტის ამღები გირავნობის სანაცვლოდ უხდის შესაბამის თანხას, ამყარებს ბიზნეს კავშირებს და სხვ..
10. ამავდროულად, მოსარჩელის არგუმენტაციით, კრედიტის ამღები საწარმოს ფინანსური მდგომარეობა არ წარმოადგენს წონად არგუმენტს საიმისოდ, რომ მესამე პირთან გირავნობის ხელშეკრულების გაფორმება მიჩნეულ იქნეს ზიანის მომტან ქმედებად, რადგანაც მესამე პირისათვის ცნობილია ან ცნობილი უნდა იყოს იმ საწარმოს ფინანსური შესაძლებლობების შესახებ, რომლის სასარგებლოდაც იგი საკუთარ ქონებას აგირავებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბიზნეს გადაწყვეტილების რაციონალურობის შეფასება არ შედის საქართველოს საერთო სასამართლოების უფლებამოსილებაში. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გასაჩივრებული ნორმის სადავო ნორმატიული შინაარსი გამოიყენა ისეთი გირავნობის ხელშეკრულების არსებობის განხილვისას, რომელიც დადებულია ორ გამოცდილ მეწარმე სუბიექტს შორის.
11. მოსარჩელე მხარე, მათ შორის, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობაზე, რომლის თანახმადაც, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორის მიერ დადებული გირავნობის ხელშეკრულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულებას, წარმოადგენენ უჩვეულო და კომპანიისთვის ზიანის მომტან გარიგებებს და, შესაბამისად, დირექტორის მიერ ამგვარი გარიგების დადება არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც შესამჩნევი უნდა იყოს კონტრაჰენტისათვის. მოსარჩელე განმარტავს, რომ იურიდიული შედეგის თვალსაზრისით, გასაჩივრებული ნორმის სადავო ნორმატიული შინაარსი იწვევს ხელშეკრულების ბათილობას. მოსარჩელის მითითებით, სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა, წარმოადგენდეს გირავნობის საგნის მესაკუთრის დაცვა მოგირავნის არაკეთილსინდისიერი ქმედებისაგან. ამავდროულად, რამდენადაც გირავნობის ხელშეკრულება ემყარება მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლენას, ასეთი ხელშეკრულების დადება არ უნდა განიხილებოდეს დამგირავებლისათვის ზიანის მომტან ქმედებად.
12. მოსარჩელე მხარე №1452 კონსტიტუციურ სარჩელში, აგრეთვე მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის, 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 111-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურობაზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოებმა ხსენებულ ნორმებს მიანიჭეს მსგავსი ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც შესაძლებელია, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის/ბოროტად გამოყენების პირობებში, მის მიერ დადებული გარიგების გაბათილება, მაშინაც კი თუ არ დადგინდება, რომ კონტრაჰენტმა იცოდა უფლებამოსილების შეზღუდვის/ბოროტად გამოყენების შესახებ. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმების ხსენებული ნორმატიული შინაარსი წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის №1/1/543 გადაწყვეტილების, საქმეზე „შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დამძლევ ნორმას. მოსარჩელე თვლის, რომ საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებული განმარტებები ეწინააღმდეგება ხსენებულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ obiter dicta-სა და ratio decidendi-ს.
13. დამატებით, მოსარჩელე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის, 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 111-ე მუხლის პირველი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას, აღნიშნავს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებმა ხსენებულ სადავო ნორმებსაც მიანიჭეს არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის/ბოროტად გამოყენების შესახებ კონტრაჰენტის მიერ არცოდნის ფაქტის მტკიცების ტვირთი კონტრაჰენტს ეკისრება. მოცემულ შემთხვევაშიც, მოსარჩელე თვლის, რომ გასაჩივრებული ნორმების სადავო ნორმატიული შინაარსი წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის №1/1/543 გადაწყვეტილების, საქმეზე „შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დამძლევ ნორმას, რამდენადაც, სადავო მოცემულობისგან განსხვავებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი პრეზუმფციით იცავს კონტრაჰენტს, ხოლო მისი გაქარწყლების ვალდებულებას საზოგადოებას აკისრებს.
14. მოსარჩელე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმების შეუჩერებლობის შემთხვევაში, „სს საქართველოს ბანკს“ მიადგება გამოუსწორებელი ზიანი, რაც შესაძლოა, გამოიხატოს 7 000 000 ევროზე საკუთრების უფლების შექცევად დაკარგვაში. ამასთან, მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, შესაძლებელია, ბანკმა სხვა კლიენტებისგანაც მიიღოს სარჩელები, რომლის ფარგლებშიც ისინი, აგრეთვე მოითხოვენ უზრუნველყოფის ხელშეკრულებების ბათილობას, რაც დამატებით გამოიწვევს დიდი მოცულობის ზიანს. გარდა ამისა, მოსარჩელე უთითებს სადავო ნორმების შეჩერებით გამოწვეულ სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელე მხარის კონსტიტუციურ უფლებებთან კონკურირებადი სხვათა უფლებები, რომლებიც შესაძლოა დაირღვეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოცემული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
15. №1452 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1452 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, შესაძლებელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შემდგომში, შპს) დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის/ბოროტად გამოყენების პირობებში მის მიერ დადებული გარიგების გაბათილება მაშინაც კი, თუ არ დგინდება, რომ კონტრაჰენტმა იცოდა უფლებამოსილების შეზღუდვის/ბოროტად გამოყენების შესახებ. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დამრღვევად მიიჩნევს ხსენებული ნორმების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის/ბოროტად გამოყენების შესახებ კონტრაჰენტის მიერ არცოდნის ფაქტის მტკიცების ტვირთს კონტრაჰენტსავე აკისრებს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ მოახდინოს მის მიერ გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე უფლების შემზღუდველი წესის იდენტიფიცირება. თავის მხრივ, იმისათვის, რომ გასაჩივრებულ ნორმაში ამოკითხულ იქნეს მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ნორმატიული შინაარსი იგი „ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს სადავო ნორმის ტექსტიდან ან/და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-4).
4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესრიგებს ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხს მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე დადების შემთხვევაში. ხსენებული დებულების შესაბამისად, ამგვარი ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე. სადავო ნორმა expressis verbis არ არეგულირებს შპს-ის დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის/ბოროტად გამოყენების პირობებში დადებული გარიგების ნამდვილობის საკითხს. მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსი თავსდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის, როგორც lex specialis ნორმის მოწესრიგების სფეროში. სწორედ ხსენებული მუხლი არეგულირებს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ კონტრაჰენტის მიერ ინფორმაციის ფლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ნიუანსებს.
5. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ნორმის ტექსტუალურ შინაარსს არ შესწევს ნორმატიული რესურსი, დაარეგულიროს ისეთი პროცესუალურ-სამართლებრივი საკითხი, როგორიცაა მტკიცების ტვირთის განაწილება მხარეთა შორის ‒ სადავო ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტება არ უშვებს მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის/ბოროტად გამოყენების შესახებ კონტრაჰენტის მიერ არცოდნის ფაქტის მტკიცების ტვირთის რომელიმე მხარისადმი დაკისრების შესაძლებლობას. ნორმის რეგულირების სფერო ამოიწურება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე დადებული ხელშეკრულების ნამდვილობის პირობის რეგლამენტირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის ტექსტიდან მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსი არ გამომდინარეობს. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმას არსებითად განსახილველად მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსით სადავო ნორმის გამოყენება დადასტურდება სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტებით.
6. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ „სამეწარმეო ურთიერთობებში დირექტორის უფლებამოსილებაზე მსჯელობის დროს სსკ-ის 111-ე მუხლის გამოყენება გამოირიცხება, რადგან დასახელებული ნორმა ითვალისწინებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე დადებული ხელშეკრულების ნამდვილობას წარმოდგენილი პირის თანხმობის შემთხვევაში, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კორპორაციული სამართლით მოწესრიგებულ ურთიერთობებში კანონისმიერი პრეზუმფციაა, რადგან საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ‒ დირექტორი სამეწარმეო პირთა რეესტრში არის რეგისტრირებული და მისი უფლებამოსილება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.4-ე მუხლის წინაპირობების მიხედვით მოწმდება“ (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-291-2019, 28.1). ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის გამოყენება გამორიცხულია სამეწარმეო ურთიერთობებთან მიმართებით, დირექტორის უფლებამოსილებაზე მსჯელობის დროს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მის მიერ გასაჩივრებული ნორმის სადავოდ გამხდარ ნორმატიულ შინაარსებს აშკარად უკავშირებს სამეწარმეო ურთიერთობის კონტექსტში მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ფარგლებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის არგუმენტაცია სცდება სადავო ნორმის მოწესრიგების ნორმატიულ სფეროს. შესაბამისად, არც სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტებით დასტურდება სადავო ნორმის მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსით განმარტების/გამოყენების პრაქტიკა. ამდენად, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1452 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. მოსარჩელე მხარე, აგრეთვე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლისა და 59-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის/ბოროტად გამოყენების შესახებ კონტრაჰენტის მიერ არცოდნის ფაქტის მტკიცების ტვირთს კონტრაჰენტსავე აკისრებს. მოცემულ შემთხვევაშიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველესად, უნდა დაადგინოს, რამდენად გააჩნია სადავო ნორმებს მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსი.
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ბათილად აცხადებს გარიგებას, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს, ხოლო აღნიშნული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილობას ექვემდებარება კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. სადავო ნორმების ტექსტუალური ანალიზი, განსახილველ შემთხვევაშიც, ცხადყოფს, სადავო ნორმების მოწესრიგების სფერო არ უკავშირდება მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის/ბოროტად გამოყენების შესახებ კონტრაჰენტის მიერ არცოდნის ფაქტის მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების საკითხს. სადავო ნორმების რეგულირების სფერო ამოიწურება მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული ცალკეული პირობების დარღვევით დადებული გარიგებების სამართლებრივი შედეგის განსაზღვრით ‒ კერძოდ კი, ხსენებული გარიგებების ბათილად გამოცხადებით. აღნიშნულს მიღმა, სადავო ნორმები არ განსაზღვრავს გარიგების ბათილობასთან დაკავშირებული პროცესუალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის, არ აწესრიგებს მტკიცების ტვირთის განაწილებას მხარეთა შორის. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გასაჩივრებული ნორმების მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სადავო ნორმატიული შინაარსით განმარტების/გამოყენების შესაძლებლობა არ გამომდინარეობს სადავო ნორმების ტექსტის სიტყვასიტყვითი ანალიზიდან/განმარტებისგან.
10. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, მოსარჩელე მხარე აპელირებს მტკიცების ტვირთის შებრუნებაზე და თვლის, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმებისათვის მინიჭებული ნორმატიული შინაარსის შესაბამისად, მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის/ბოროტად გამოყენების შესახებ კონტრაჰენტის მიერ არცოდნის ფაქტის მტკიცების ტვირთი კონტრაჰენტს ეკისრება. საგულისხმოა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის ხელშესახები არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ სადავოდ გამხდარი ნორმებისათვის ამგვარი შინაარსის მინიჭების შესაძლებლობას. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომელიც, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანად გადანაწილების სტანდარტის გათვალისწინებით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა და კონტრაჰენტის მიერ წარმომადგენლით წარმოდგენილი მეწარმე სუბიექტისათვის ზიანის მიყენების მიზნით განზრახ ერთად მოქმედების მტკიცების ტვირთს მოსარჩელეს აკისრებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს კონტრაჰენტის სუბიექტურად არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება და საწარმოს წარმომადგენელთან შეთანხმებული, განზრახი მოქმედება მოსარჩელე საწარმოსათვის ზიანის მიყენების მიზნით (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-291-2019, 32.2). ამრიგად, აშკარაა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ხელმძღვანელის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეზეა გადატანილი. სწორედ მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს კონტრაჰენტის და შპს-ის დირექტორის ერთობლივი არაკეთილსინდისიერი ქცევის/განზრახვის არსებობის ფაქტი, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში მტკიცების ტვირთის შებრუნებასთან დაკავშირებით განვითარებული არგუმენტაციის გაზიარების შესაძლებლობას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხს განიხილავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტისა და არა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ნორმების კონტექსტში. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსით გამოყენების შესაძლებლობა არ დასტურდება არც საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკით. შესაბამისად, ამ მხრივაც, აშკარაა, რომ მოსარჩელე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმების რეალურ შინაარსს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1452 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლისა და 59-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
12. მოსარჩელე მხარე პრობლემურად მიიჩნევს, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის, 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 115-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელისათვის პრობლემურია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, საკრედიტო დაწესებულების მიერ კრედიტის მიცემა დამწყები საწარმოსათვის, რომელსაც კრედიტის აღებისას არ გააჩნია შემოსავლები, და აღნიშნული კრედიტის უზრუნველსაყოფად მესამე პირის ქონების დაგირავება, წარმოადგენს საკრედიტო დაწესებულების არაკეთილსინდისიერ ქმედებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის თანახმადაც, შესაძლებელია შპს-ის დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის/ბოროტად გამოყენების პირობებში მის მიერ დადებული გარიგების გაბათილება მაშინაც კი, თუ არ დგინდება, რომ კონტრაჰენტმა იცოდა უფლებამოსილების შეზღუდვის/ბოროტად გამოყენების შესახებ. ამავე კოდექსის 115-ე მუხლთან მიმართებით კი, კონსტიტუციური სარჩელის ავტორს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, შპს-ის დირექტორის მიერ დადებული გირავნობის ხელშეკრულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულებას, წარმოადგენენ უჩვეულო და კომპანიისთვის ზიანის მომტან გარიგებებს და, შესაბამისად, დირექტორის მიერ ასეთი გარიგების დადება არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც შესამჩნევი უნდა იყოს კონტრაჰენტისათვის.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განამტკიცებს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ვალდებულებას კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ნორმის ფორმულირებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ნორმის მიზანი კეთილსინდისიერი ქცევის ვალდებულების ზოგადი რეგლამენტაციაა და არ ახდენს, კონკრეტული ქმედებების გამოყოფის სახით, ცალკეული არაკეთილსინდისიერი ქცევისა და ამგვარი ქცევის სამართლებრივი შედეგის ნორმატიულ რეგულირებას. აღნიშნულის მსგავსად, დასახელებული კოდექსის 59-ე მუხლი ბათილად აცხადებს კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებულ გარიგებას, ასევე ნებართვის გარეშე დადებულ გარიგებას, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. ბოლოს ხსენებული ნორმა, მისი შინაარსის გათვალისწინებით, ზოგადი ფორმულირებით ახდენს იმ შემთხვევათა შემოფარგვლას, რომელთა არსებობისას გარიგება გაბათილებას დაექვემდებარება აუცილებელი ფორმის დაუცველობის ან სათანადო ნებართვის არარსებობის გამო. ამ შემთხვევაშიც, ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი რეგულირების მიღმაა შპს-ის დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის/ბოროტად გამოყენების პირობებში მის მიერ დადებული გარიგების ნამდვილობისა თუ ბათილობის საკითხის მოწესრიგება. იმავდროულად, კეთილსინდისიერი ქცევის ვალდებულების მსგავსი ზოგადი ხასიათი გააჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლსაც. დასახელებული ნორმა ადგენს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობას და მიუთითებს სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების ასპექტზე. ხსენებული მუხლის მეორე წინადადება დაუშვებლად აცხადებს უფლების მარტოოდენ იმ მიზნით გამოყენებას, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სადავო ნორმა, მისი ზოგადი ხასიათის გათვალისწინებით, არ განსაზღვრავს, თუ როდის იქნება მიჩნეული შპს-ის დირექტორის მიერ დადებული გარიგებები ზიანის მომტანად ან/და, ამ თვალსაზრისით, რა ჩაითვლება მისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმების ფორმულირების, შინაარსის, ხასიათისა და მოწესრიგების სფეროს გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსების ექსპლიციტური წაკითხვა მათ ტექსტში შესაძლებელი არ არის.
14. ამავდროულად, სადავო ნორმების მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსების გამოყენების პრაქტიკის შესაფასებლად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, განსახილველ შემთხვევაშიც, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის №ას-291-2019 განჩინებიდან ცხადად იკვეთება, რომ საწარმოს ყოფილი დირექტორის მიერ „უჩვეულო“ და საწარმოს ინტერესების დამაზიანებელი გარიგების გაფორმება ბანკთან, ცალკე აღებული, ამ ბანკის სუბიექტური დამოკიდებულების საკითხის გამოკვლევის გარეშე, არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს. საკასაციო სასამართლო აქცენტს აკეთებს, მაგალითისათვის, ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევაზე, როგორებიცაა: „რა ფაქტობრივი გარემოებები უთითებს ბანკის სუბიექტურ როლსა და მონაწილეობაზე სადავო გარიგებების გაფორმების დროს, რა როლი ჰქონდა და რაში გამოიხატა სადავო გარიგების მონაწილეთაგან, ბანკის მიერ საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება; რომელი ქმედებაა ისეთი, რაც შესაძლებელია ბანკს შეერაცხოს საწარმოს ყოფილ დირექტორთან ერთად საწარმოს ინტერესების საზიანოდ განხორციელებულად“. იმავდროულად, სამართლებრივი შედეგების განსაზღვრამდე, საქართველოს უზენაესი სასამართლო სააპელაციო სასამართლოს აკისრებს იმგვარი საკითხების გამოკვლევის ვალდებულებას, რომელიც მიუთითებს კონტრაჰენტის როლსა და მისი გაცნობიერების დონის კომპონენტზე კონკრეტულ სადავო ურთიერთობაში. აღნიშნულზე მეტყველებს ის, რომ საკასაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე მნიშვნელოვნად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული ყოფილიყო ისეთი გარემოებები, რომლებიც მიუთითებდა იმაზე, რომ: (ა) ბანკს გაცნობიერებული ჰქონდა მოსარჩელე საწარმოს წარმომადგენლის ‒ დირექტორის მიერ განხორციელებული სადავოდ ქცეული ტრანზაქციების დამაზიანებელი როლი და ეს ზიანი მისთვის (ბანკისათვის) ხელსაყრელი ხელშეკრულების დადების ინტერესის გამო გაცნობიერებულად არ დააფიქსირა; (ბ) არსებობს საწარმოს ყოფილ დირექტორთან ბანკის ერთობლივი, საწარმოს საზიანო, ქმედება; (გ) იკვეთება ობიექტური წინაპირობების არსებობა, რის გამოც ბანკი უნდა მიმხვდარიყო, რომ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული დირექტორი საწარმოს საზიანოდ მოქმედებდა.
15. განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, კრედიტის მიცემა დამწყები საწარმოსათვის, რომელსაც კრედიტის აღებისას არ გააჩნია შემოსავლები, და აღნიშნული კრედიტის უზრუნველსაყოფად მესამე პირის ქონების დაგირავება, ცალკე აღებული, სხვა გარემოებების, მაგალითად, ბანკის მიერ საწარმოს დირექტორის საწარმოს საზიანოდ მოქმედების გაცნობიერებისათვის სათანადო, ობიექტური წინაპირობების არსებობის ან/და მასთან ერთობლივი, საზიანო ქმედების განხორციელების განზრახვის კომპონენტის მხედველობაში მიღების გარეშე, არ წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია ისიც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების მიხედვით, კონტრაჰენტის სუბიექტური როლის განსაზღვრის გარეშე მოსარჩელისათვის რელევანტურ სამართლებრივ ურთიერთობაში უარყოფითი სამართლებრივი შედეგი არ დგება. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას სადავო ნორმების იმდაგვარად განმარტებასთან/გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც სამართლებრივ შედეგს განსაზღვრავს ბანკის გაცნობიერების დონის/სუბიექტური მონაწილეობის მხედველობაში მიღების გარეშე ან/და მხოლოდ იმ დამწყები საწარმოსათვის კრედიტის გაცემაზე/მის სასარგებლოდ ქონების დაგირავებაზე მითითებით, რომელსაც შემოსავლები არ გააჩნია. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავო ნორმებთან მიმართებით იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსი არ გამომდინარეობს სამართალშემფარდებლის განმარტებიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის არგუმენტაცია სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის თაობაზე, მოცემულ შემთხვევაშიც, ეფუძნება მის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1452 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის, 59-ე მუხლის პირველი ნაწილის და 115-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
17. №1452 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „ცნობილი იყო“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
18. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 2 აგვისტოს მიღებულ იქნა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი, რომლის ამოქმედების შემდგომ, ანუ 2022 წლის პირველი იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონი. შესაბამისად, 2022 წლის პირველი იანვრიდან ძალადაკარგულია, აგრეთვე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი. საგულისხმოა, რომ სადავო ნორმამ ძალა დაკარგა №1452 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, თუმცა აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად საკითხის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტამდე.
19. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „[...] საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
20. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი პრაქტიკის თანახმად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის/ნორმების გაუქმება a priori არ იწვევს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის/ნორმების იდენტური/არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის/ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10).
21. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სამართალწარმოებას გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არსებობს საქმეზე სადავოდ გამხდარი ძალადაკარგული ნორმის იდენტური/არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე, მოსარჩელის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი მოქმედი ნორმა, რომელიც განაპირობებს მის ინტერესს სამართალწარმოების გაგრძელებაზე.
22. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას საერთო სასამართლოებმა მიანიჭეს არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსი. კერძოდ, მოსარჩელე საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო სიტყვების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის თანახმადაც გასაჩივრებული სიტყვები განიმარტება, როგორც „ცნობილი უნდა ყოფილიყო“.
23. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადებით განსაზღვრული „ცნობილი იყო“ სტანდარტი უთანაბრდება „იცოდა“ სტანდარტს (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-291-2019, 30.1). ამავდროულად, საკასაციო სასამართლო, საკუთარი პრაქტიკით (მაგ., იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის განჩინება საქმეზე №ას-1231-2021), ცხადად იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ „წარმომადგენლის შეზღუდული უფლებამოსილების შესახებ „ცოდნა“, რომელიც შემდგომ შესაძლოა გარიგების ბათილობის საფუძველი გახდეს, გულისხმობს არა ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, არამედ კონტრაჰენტის მიერ ინფორმაციის ფაქტობრივ ფლობას, გარიგების დადების მომენტისთვის კონტრაჰენტის ხელთ არსებულ ინფორმაციას. ნორმა არ გულისხმობს შემთხვევებს, როდესაც კონტრაჰენტს „შეეძლო სცოდნოდა“ უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის №1/1/543 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24). შესაბამისად, ნათელია, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსი არ დასტურდება სამართალშემფარდებლის განმარტებით. ამასთანავე, სადავო ნორმის ფორმულირებიდან გამომდინარე, იმთავითვე შეუძლებელია მოსარჩელე მხარის მიერ შემოთავაზებული შინაარსით მისი ექსპლიციტური განმარტების შესაძლებლობაც, ვინაიდან სადავო დებულების ტექსტი expressis verbis მიუთითებს სიტყვათა შეთანხმებაზე ‒ „ცნობილი იყო“ და არა „ცნობილი უნდა ყოფილიყო“. ამგვარად, ამ მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით განმარტების/გამოყენების შესაძლებლობა არ დასტურდება არც სადავო ნორმის ტექსტუალური ანალიზით და არც საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მისი გამოყენების პრაქტიკით. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, №1452 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
24. იმავდროულად, მოსარჩელე პრობლემურად მიიჩნევს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე თვლის, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებმა ხსენებულ ნორმას მიანიჭეს იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის/ბოროტად გამოყენების შესახებ კონტრაჰენტის მიერ არცოდნის ფაქტის მტკიცების ტვირთი კონტრაჰენტს ეკისრება.
25. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმა ითვალისწინებს წარმოდგენილი მეწარმე სუბიექტის უფლებამოსილებას, განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ. ნიშანდობლივია, რომ სადავო ნორმის ტექსტი თავისთავად არ არეგულირებს მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის/ბოროტად გამოყენების შესახებ კონტრაჰენტის მიერ არცოდნის ფაქტის მტკიცების ტვირთი განაწილების საკითხს. სადავო ნორმის მოწესრიგების სფერო შემოიფარგლება მეწარმე სუბიექტის უფლებამოსილებით აღჭურვით, განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ სახეზე იქნება ნორმაში განსაზღვრული პირობა ‒ კერძოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელზე მსჯელობისას აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, ხელმძღვანელის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მტკიცება მოსარჩელე მხარის ტვირთს წარმოადგენს. სწორედ მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს კონტრაჰენტის და შპს-ის დირექტორის არაკეთილსინდისიერი ქცევის/განზრახვის არსებობის ფაქტი (იხ., წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-10 პარაგრაფი). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც, აშკარაა, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია რესურსი, განმარტებულ იქნეს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული შინაარსით.
26. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „ცნობილი იყო“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, სარჩელის შემოტანის მომენტში არსებობდა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
27. აღნიშნული გარემოება იმთავითვე გამორიცხავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, საქმისწარმოების გაგრძელების საჭიროებას. №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი საქმისწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევას. ბუნებრივია, აზრს მოკლებულია მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც სასარჩელო მოთხოვნის ხსენებულ ნაწილთან მიმართებით, არსებობს №1452 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის საფუძველი.
28. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1452 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „ცნობილი იყო“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1452 კონსტიტუციური სარჩელი („„სს საქართველოს ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
(ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 111-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
(ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 115-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
(გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. შეწყდეს საქმე №1452 კონსტიტუციურ სარჩელზე („„სს საქართველოს ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
(ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „ცნობილი იყო“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
(ბ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე