რევაზ დოკვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1785 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | რევაზ დოკვაძე |
თარიღი | 30 მაისი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას გულმკერდის არეში თითით შეხების, წელზე ან/და მხარზე ხელის მოხვევის და ხელის ფეხზე ჩამოსმის გამო. | 1. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გულმკერდის არეში თითით შეხების, წელზე ან/და მხარზე ხელის მოხვევის და ხელის ფეხზე ჩამოსმის გამო. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება: არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-311-ე მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის თანახმად, მოსარჩელე რევაზ დოკვაძე არის უფლებამოსილი სუბიექტი მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მასში მითითებული სადავო საკითხი ექვემდებარება საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობას და მასზე არ არის მიღებული გადაწყვეტილება, მოცემული სადავო საკითხები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, არ არის დარღვეული სარჩელის შეტანის კანონით დადგენილი ვადა, არ დგას 313 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრობლემა. შესაბამისად, რევაზ დოკვაძის კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ უნდა იქნეს განსახილველად.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას გულმკერდის არეში თითით შეხების, წელზე ან/და მხარზე ხელის მოხვევის და ხელის ფეხზე ჩამოსმის გამო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2022 წლის 4 მარტს, დაახლოებით 12:50 საათზე, საჯარო სკოლაში, სკოლის მანდატურმა სრულწლოვანმა რევაზ დოკვაძემ ძალადობის გარეშე განახორციელა გარყვნილი ქმედება ამავე სკოლის მოსწავლის ე.თ.-ის მიმართ. კერძოდ, სკოლის მანდატურებისათვის განკუთვნილ ოთახში რევაზ დოკვაძე არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ ჯერ ხელით შეეხო ე. თ-ს მკერდზე, შემდეგ მას ხელი წელზე შემოხვია, თავისკენ მიიზიდა და ბოლოს, ხელი ფეხზე ჩამოუსვა. აღნიშნული ქმედებისთვის ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჯოჯუამ (საქმე №160100122005699668, საქმე №1/218-22, გამოძიების №031230322004) რევაზ დოკვაძე დამნაშავედ ცნო სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა რვა (8) წლით თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად მოსარჩელე იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში.
სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასჯადია ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.
რევაზ დოკვაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა ძიძგილაობის დროს მკერდზე ნეკა თითის შეხების, ხელის წელზე მოხვევისა და ფეხზე ხელის ჩამოსმის გამო, მითუმეტეს, როცა არასრულწლოვანს ეცვა ნაქსოვი ჯემპრი, ჯინსის ქურთუკი და ჯინსის შარვალი. დასახელებული ქმედების გამო საკმაოდ ხანგძლივი - 8 წლით - თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაპროპორციულია და, ამდენად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნავს, რომ „ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრა, სახდელის დაწესება და მისი სიმძიმის განსაზღვრა სახელმწიფოს (კანონმდებლის) ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს ...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები – დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პარლამენტს სასჯელის პოლიტიკის წარმართვისას მოქმედების ფართო არეალი გააჩნია. „ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს ფართო მიხედულების ზღვარი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის დროს. სამართლებრივი სახელმწიფო ემსახურება რა თავისუფალი და დაცული ადამიანის უზრუნველყოფას, ამ მიზნის მისაღწევად ის აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი და საკმარისი, ეფექტური ბერკეტებით. ამ თვალსაზრისით, მძლავრ და მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სახელმწიფოს ხელში წარმოადგენს დანაშაულთან ბრძოლა და ამ გზით საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სხვა ლეგიტიმური კონსტიტუციური მიზნების დაცვა და, შედეგად, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევის თავიდან აცილება, პრევენცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფოს პოლიტიკის სფეროა, რომელი ქმედების კრიმინალიზაციას მოახდენს და როგორ სასჯელს დააწესებს კონკრეტული ქმედების ჩადენისთვის, რადგან სწორედ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ეფექტური შესაძლებლობა, ებრძოლოს კონკრეტული ქმედებებიდან მომდინარე საფრთხეებს და მათი სიმძიმის, სერიოზულობის გათვალისწინებით მოახდინოს მათი კრიმინალიზება, ამასთან, შეარჩიოს პასუხისმგებლობის ის ზომა, რომელიც საკმარისი და ეფექტური იქნება ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებთან საბრძოლველად. თუმცა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ამ ინსტრუმენტის მიზნობრივად გამოყენებისთვის, რადგან ის (ინსტრუმენტი) თავად არ აღმოჩნდეს სახელმწიფოს ხელთ იმ სიკეთეების დარღვევის წყაროდ, რომელთა დასაცავადაც მისი გამოყენების კონსტიტუციური ვალდებულება აქვს ხელისუფლებას. ამ პროცესში სახელმწიფოს ევალება ადამიანისთვის, საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი რისკების სწორად შეფასება, პროგნოზირება, რეალური საფრთხეების ობიექტურად აწონვა და მათ ასაცილებლად ან გასანეიტრალებლად გონივრული, უკიდურესად აუცილებელი, ამასთან, საკმარისი ღონისძიებების გამოყენება. შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება კანონით კონკრეტული ქმედებების რეგულირება, აკრძალვა და ასეთი საყოველთაო წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომების გამოყენება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
სასჯელების კონსტიტუციურობის შეფასებას საკონსტიტუციო სასამართლო განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება, რათა არ მოხდეს კანონმდებლის იმ კომპეტენციაში ჩარევა, რასაც უკვე ზემოთ ვრცლად დაეთმო მსჯელობა. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს სასჯელთა პოლიტიკა იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მისი შედეგი ადამიანის ამა თუ იმ უფლების დარღვევაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სასჯელის ყველა ზომის კონსტიტუციურობაზე პოტენციურად მსჯელობაუნარიანია. ასეთი მიდგომა დაარღვევდა ბალანსს სასამართლოს და კანონმდებლის კომპეტენციებს შორის, შექმნიდა ცდუნებას, მართლმსაჯულებამ ჩაანაცვლოს კანონმდებელი. თუმცა ამ სფეროში შესვლისას სასამართლოს სიფრთხილე უსაფუძვლო და უადგილო გახდება, როდესაც სასჯელის ზომა აშკარად არაგონივრული და არაპროპორციულია. სასამართლო უფლებამოსილია და ვალდებულიც, შეაფასოს იმ სასჯელთა კონსტიტუციურობა, რომელთა არაადეკვატურობის, არაპროპორციულობის დონე მნიშვნელოვან ხარისხს აღწევს, დისბალანსი მკაფიოდ, მკვეთრად გამოხატულია. რადგან ასეთ შემთხვევაში სასჯელი სცდება თავის მიზნებს და გაუმართლებლად ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თუ სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის განმსაზღვრელი, ამოსავალი არის ის განსაცდელი, ტკივილი, სტრესი, რასაც განიცდის ადამიანი, ამასთან, როდესაც სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება იწვევს ადამიანის ამა თუ იმ უფლებაში/უფლებებში (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, თანასწორობის და სხვა) ჩარევის ისეთ ინტენსივობას, რომელიც აშკარად სცდება კონსტიტუციით უფლებაში ჩარევისთვის მკაცრად დასაშვებ ფარგლებს, მაშინ შეუძლებელია, რომ არაადამიანურ მოპყრობად და სასჯელად არ იქნეს მიჩნეული ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთა მაშინ, როდესაც ამისთვის საფუძველი და, შესაბამისად, საჭიროება არ არსებობს საერთოდ, ან, როდესაც თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული ვადა აშკარად არაპროპორციულია ჩადენილი ქმედებისთვის საკმარისი პასუხისმგებლობის მიზნების მისაღწევად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი აქვს სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების ტესტი. „კერძოდ, იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 1) მოწმდება აშკარა არაპროპორციულობა დანაშაულის სიმძიმესა და მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს შორის – კანონმდებლობით ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელი ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად და არაადამიანურ, სასტიკ სასჯელად, თუ მისი ხანგრძლივობა მკვეთრად, უხეშად დისპროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან, გამოწვევად საფრთხეებთან; 2) კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, მოსამართლემ სასჯელის დაკისრებისას გაითვალისწინოს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1/10/703 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ამ ტესტის საფუძველზე უნდა შეაფასოს სადავო ნორმა. როგორც ზემოთ აღინიშნა, სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე ისჯება ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო ჯოჯუა განაჩენის 3.4. პუნქტში აღნიშნავს, რომ „მართალია, ნორმაში პირდაპირ არ არის ნახსენები, მაგრამ მასში იგულისხმება ე.წ. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებები ანუ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ძალადობის გარეშე განხორციელდა და პოტენციურად სექსუალური განვითარების თვალსაზრისით უარყოფით გავლენას ახდენს მსხვერპლზე“.
არასრულწლოვანმა ე.მ. სასამართლო სხდომაზე (იხ. ოქმი 12:51:06 საათიდან - 12:59:28 საათამდე, 13:01:01 საათიდან 13:03:33 საათამდე) განმარტა, რომ მანდატურის ოთახში ბეჭდის წართმევის გამო რევაზ დოკვაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რა დროსაც რევაზი ნეკა თითით შეეხო მკერდს, შემდეგ ზურგზე ხელი შემოხვია მხრებში და იგივე ხელი ჩამოუსვა ფეხზე. დაზარალებულის ჩვენებისა და ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2022 წლის 4 მარტს ე.მ-ს ეცვა ნაქსოვი ჯემპრი, ჯინსის ქურთუკი სახელოებით და ჯინსის შარვალი. ასევე, დაზარალებულმა განმარტა, რომ „მგონი ეს სპეციალურად გააკეთაო“ (იხ. ოქმი 13:01:01-13:01:20, 13:01:31-13:01-58), მოწმემ დაადასტურა, რომ რევაზი ამ დროს ხუმრობდა (იხ. ოქმი 15:28:20-15:31:19), დაზარალებული და რევაზი ბეჭდის წართმევის გამო კინკლაობდნენ, რა დროსაც ჩაეხუტნენო და მკერდს შეეხოო (იხ. ოქმი 15:31:40-15:33:56); გარდა ამისა, მანდატურის ოთახში რევაზს სიცილით უთქვამს მასაჟი გამიკეთეო, ე.-მ მასაჟი გაუკეთა მოსარჩელეს (იხ. ოქმი 15:44:58) და ისმის კითხვა: თუ პროკურატურამ ე.-ს ნეკა თითის მკერდზე მიდება და ხელის ჩამოსმა გარყვნილ ქმედებად ჩათვალა, რატომ არ წაუყენა მეორე ეპიზოდი მასაჟის კეთების გამო ე.-სთან მიმართებით? რატომ არ ჩათვალა სექსუალური ხასიათის ქცევად რევაზის მხრიდან მასაჟის გაკეთების შეთავაზება? აგრეთვე, ე.-ის დედამ დაადასტურა, რომ არ არის დარწმუნებული მკერდზე თითის შეხება, მხრებზე ხელის მოხვევა და ფეხზე ხელის ჩამოსმა განზრახ სექსუალურად განახორციელა თუ ძიძგილაობის დროს შემთხვევით (იხ. ოქმი 14:33:08-14:33:44). დაზარალებულმა ე.თ-მ დაადასტურა, რომ რევაზ დოკვაძის მიმართ არ გააჩნია არავითარი პრეტენზია და ყოველგვარი ექსპერტიზის ჩატარებაზე თქვა უარი, რადგან ზიანი არ განუცდია (იხ. დაკითხვის ოქმი 13:25:20-13:40-47).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ მოსარჩელე რევაზ დოკვაძე მუდამ პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს სკოლაში, არავის არასდროს არ გამოუთქვამს შენიშვნა მის საქციელთან დაკავშირებით, დადებითად ეპყრობოდა ყველა მოსწავლეს გოგონებსაც და ბიჭებსაც (იხ. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები), მანდატურის ოთახში ბეჭდის წართმევის დროს ე.-მ ძალა დაატანა, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რა დროსაც განზრახ თუ შემთხვევით თითი მოხვდა გულმკერდზე, შემდეგ მხრებზე შემოხვია და ხელი დაუსვა ფეხზე, როცა ე.-ს ჯინსის შარვალი ეცვა, ჯემპრი და სახელოებიანი ქურთუკი, თვითმხილველი მოწმეც აცხადებს, რომ ერთმანეთს ჩაეხუტნენ ოთახიდან გამოსვლის წინ და ე.-ს დედაც ადასტურებს, რომ ან განზრახ, ან უნებლიედ მოუვიდა შეხება, არასრულწლოვანს არავითარი ზიანი არ განუცდია და არც პრეტენზია არ გააჩნია. ამიტომ, უალტერნატივოდ 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენება დასახელებული ქმედების გამო სასტიკ და არაადამიანურ სასჯელს წარმოადგენს. მაშინ, როდესაც მაგალითად, სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით არასრულწლოვნისთვის სახის წარუშლელი დამახინჯების გამო, რაც ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას იწვევს, შეიძლება 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაზღვროს, ან სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება სსკ-ის 139-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ისჯება 9-დან 15 წლამდე, ან სექსუალური ხასიათის შეღწევა სსკ-ის 140-ე მუხლის 1-ლი პუნქტი 7-დან 9 წლამდე ადგენს, სასჯელების მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის დიაპაზონი დიდად არ განსხვავდება თითით შეხების გამო 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთისგან. ზემოთ დასახელებული ნორმები გაცილებით სერიოზულ საფრთხეს შეიცავენ, ვიდრე მოსარჩელისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედება და, მიუხედავად ამისა, სასჯელების სიმძიმე თითქმის იდენტურია. სადავო ნორმით გათვალისწინებულ სასჯელს, რომელიც შეეფარდა მოსარჩელეს, არავითარი მიზანი არ გააჩნია და არაპროპორციულია.
მაშასადამე, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას გულმკერდის არეში თითით შეხების, წელზე ან/და მხარზე ხელის მოხვევის და ხელის ფეხზე ჩამოსმის გამო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
1.2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გულმკერდის არეში თითით შეხების, წელზე ან/და მხარზე ხელის მოხვევის და ხელის ფეხზე ჩამოსმის გამო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით: არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენით (საქმე №160100122005699668, საქმე №1/218-22, გამოძიების №031230322004) მოსარჩელე რევაზ დოკვაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში და განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, კეძოდ, 2022 წლის 4 მარტს, დაახლოებით 12:50 საათზე სკოლის მანდატურმა სრულწლოვანმა რევაზ დოკვაძემ ძალადობის გარეშე განახორციელა გარყვნილი ქმედება ამავე სკოლის მოსწავლის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ე.თ.-ს მიმართ. კერძოდ, სკოლის მანდატურებისათვის განკუთვნილ ოთახში რევაზ დოკვაძე არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ ჯერ ხელით შეეხო ე.თ-ს მკერდზე, შემდეგ მას ხელი წელზე შემოხვია, თავისკენ მიიზიდა და ბოლოს, ხელი ფეხზე ჩამოუსვა.
განაჩენის 3.4. პუნქტში მოსამართლემ მიუთითა: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი დასჯად ქმედებად განიხილავს ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ. აღნიშნული შემადგენლობით კანონმდებელი იცავს მოზარდის ნორმალურ სექსუალურ განვითარებას. გარყვნილი ქმედება გამოიხატება როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტუალური ზემოქმედების ფორმით. მართალია, ნორმაში პირდაპირ არ არის ნახსენები, მაგრამ მასში იგულისხმება ე.წ. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებები, ანუ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ძალადობის გარეშე განხორციელდა და პოტენციურად სექსუალური განვითარების თვალსაზრისით უარყოფით გავლენას ახდენს მსხვერპლზე. ეს შეიძლება გამოიხატოს კოცნაში, უხამს შეხებაში, უხამს საუბარში, სექსუალური ხასიათის უხამს მიმოწერაში, სასქესო ორგანოების დემონსტრირებაში, შიშველი ფოტოების გაგზავნაში და ა.შ. გარყვნილი ქმედება განზრახი დანაშაულია, რა დროსაც პირმა უნდა იცოდეს თავისი ქმედების უარყოფითი შინაარსი, თუმცა, პოტენციურ შედეგთან მიმართებით არ არის აუცილებელი, მან მაინც და მაინც ზუსტად იცოდეს ან სურდეს, რომ გაირყვნას მსხვერპლი. დასჯადობისთვის საკმარისია ისიც, რომ ის გულგრილად ეკიდებოდეს თავისი ქმედების სამომავლო შედეგებს. მთავარია, იმწუთიერად საკუთარი ქმედების ცოდნა და მისი განხორციელების სურვილი. ასევე, ზოგადად მართლწინააღმდეგობის შეგნება. დამნაშავე ასევე მსხვერპლის ასაკის წინასწარი შეცნობით მოქმედებს, იცის მისი ასაკი, თუმცა ეს არ აბრკოლებს მოზარდისთვის საზიანო ქმდების განხორციელებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლი კრძალავს გარყვნილ ქმედებას, თუმცა საქართველოს კანონმდებლობით არ განისაზღვრება გარყვნილი ქმედების ცნება და არსებობს მისი გულმკერდის არეში თითის მიდების, მხრებზე ხელის შემოხვევისა და ფეხზე ხელის ჩამოსმის ტერმინთან გაიგივების შესაძლებლობა. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მანდატურის ოთახში ბეჭდის წართმევის დროს არასრულწლოვანი და მოსარჩელე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, თვითმხილველმა მოწმემ თქვა, რომ რევაზ დოკვაძე ამ დროს ხუმრობდა და იცინოდა, დაზარალებულის დედამაც დაადასტურა, რომ ხელი განზრახ დაუსვა თუ უნებლიედ უცნობია, ამოღების ოქმში მითითებულია, რომ მოცემული ქმედების დროს დაზარალებულს ეცვა ნაქსოვი ჯემპრი, ზემოდან ჯინსის ქურთუკი სახელოებით და ჯინსის შარვალი. გაუგებარია, რის საფუძველზე შეიძლება მიჩნეულ იქნეს ძიძგილაობის დროს ბიჭდიანი ნეკა თითის მკერდზე შეხება, მხრებზე ხელის მოხვევა და ჯინსის შარვლიან ფეხზე ხელის დასმა გარყვნილ ქმედებად? რევაზ დოკვაძის მხრიდან მასაჟის შეთავაზება და არასრულწლოვანი მოწმის მასაჟის გაკეთება რატომ არ დაკვალიფიცირდა ასევე სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით? საქმე იმაშია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის პრინციპს. სადავო ნორმა კი მკაფიოდ არ განსაზღვრავს აკრძალული ქმედების შემადგენლობას, რის გამოც ეწინააღმდეგება ნორმის განსაზღვრულობის მოთხოვნებს.
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1661 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია პასუხისმგებლობა სექსუალური შევიწროებისთვის: სექსუალური შევიწროება − საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს სამართალდამრღვევისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტსა და სასკ-ის 1661 მუხლის მე-3 პუნქტს შორის რიგ შემთხვევებში შეუძლებელია მკაფიო ზღვრის გავლება და მთლიანად პროკურატურისა და სასამართლოს ინტერპრეტაციის სფეროში ექცევა, რაც სადავო ნორმის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას ტოვებს. ბეჭდის წართმევისთვის ფიზიკური დაპირისპირების დროს ნეკა თითის მკერდზე შეხება რატომ არ შეიძლება განვიხილოთ ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ სექსუალურ შევიწროებად? ან ქურთუკიან მხრებზე ხელის მოხვევა თუ ჩახუტება რატომ არის გარყვნილი ქმედება? ან/და ჯინსის შარვლიან ფეხზე ხელის დასმა შემთხვევით თუ გაუცნობიერებლად რატომ ისჯება სისხლისსამართლებრივად? მოსარჩელე წლების განმავლობაში მუშაობდა სკოლაში და ყველა ბავშვთან, როგორც გოგონებთან, ისე ბიჭებთან, ჰქონდა პოზიტიური დამოკიდებულება, მხრებზე ხელს გადახვევდა, ემეგობრებოდა, რაც დაადასტურეს სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა და მითითებულია უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებში. მოსარჩელისთვის სრულიად გაუგებარია, საერთოდ რას ედავება პროკურატურა და რისთვის შეუფარდეს უმკაცრესი სასჯელი.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. დასახელებული დებულება თავის თავში აერთიანებს მრავალ უფლებრივ კომპონენტს, რომელთა ერთობლიობაც ქმნის პირის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურ საფუძვლებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება „ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს, განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38).
დასახელებული კონსტიტუციური დებულების ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნას წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განსაზღვრულობა, რაც გამომდინარეობს კონსტიტუციით განმტკიცებული ისეთი ღირებულებებიდან, როგორებიცაა სამართლებრივი სახელმწიფოს, სამართლებრივი უსაფრთხოების, კანონიერებისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპები. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლო არ ამოწმებს სადავო ნორმების უშუალოდ კონსტიტუციის პრინციპებთან შესაბამისობას, თუმცა „კონკრეტული დავების გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, როგორც კონსტიტუციის შესაბამისი დებულება, ისე სადავო ნორმა გააანალიზოს და შეაფასოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების კონტექსტში, რათა ეს ნორმები, განმარტების შედეგად, არ დასცილდნენ მთლიანად კონსტიტუციაში გათვალისწინებულ ღირებულებათა წესრიგს. მხოლოდ ასე მიიღწევა კონსტიტუციის ნორმის სრული განმარტება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული სადავო ნორმის კონსტიტუციურობის სწორ შეფასებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1). აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით ნაგულისხმევი გარანტიების განმარტება უნდა მოხდეს სწორედ დასახელებული პრინციპების შუქზე და მათ შესაბამისად.
ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრისა და პასუხისმგებლობის დამდგენი კანონმდებლობის მკაფიოდ ჩამოყალიბების, განსაზღვრულობის კონსტიტუციური მოთხოვნა მჭიდროდ უკავშირდება სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს. პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება კონსტიტუციის შესაბამისი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან იცოდა ან შეეძლო წინასწარ განესაზღვრა კანონით აკრძალული ქმედების არსი და სამართალდარღვევის შედეგები. პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმათა განსაზღვრულობის მოთხოვნის მთავარი დანიშნულებაა, რომ კანონის ადრესატმა შეძლოს მისი შინაარსის სწორი აღქმა, აკრძალვის იდენტიფიცირება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა. ამ მიზნის მისაღწევად კი „აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36). პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების ხარისხობრივი სტანდარტები ქმნის გარანტიას, რომ პირმა შეძლოს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარება მისი სურვილების შესაბამისად. მკაფიოდ განსაზღვრული კანონმდებლობის პირობებში პირს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ქცევა შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს, არ ჩაიდინოს აკრძალული ქმედება და თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა ქმედების დასჯადად გამოცხადება და პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, უნდა ხდებოდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს – საქართველოს პარლამენტის მიერ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ქმედების დასჯადად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, მან ეს უფლებამოსილება ისე უნდა გამოიყენოს, რომ საშუალება არ მიეცეს სამართალშემფარდებელს, სამოსამართლეო პრაქტიკის საფუძველზე, თავად შექმნას სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების შემადგენლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ პასუხისმგებლობის საფუძვლის განსაზღვრა არ გულისხმობს მხოლოდ ფორმალური კუთხით კანონის მიღებას, თავად კანონი უნდა იყოს საკმარისად განჭვრეტადი და აკმაყოფილებდეს განსაზღვრულობის პრინციპის მოთხოვნებს. ამის საპირისპიროდ, ბუნდოვანი კანონმდებლობა ნორმის გამომყენებელ სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებისამებრ, სათანადო ნორმატიული ბოჭვის არარსებობის პირობებში განსაზღვროს აკრძალული ქმედების შემადგენლობა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ქმედების დასჯადად გამოცხადების საკითხი წყდება არა კანონმდებლის მიერ, არამედ – ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში – სამართალშემფარდებლის მიერ, რაც ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს. პასუხისმგებლობის მხოლოდ მკაფიო და განსაზღვრული კანონმდებლობით დადგენის კონსტიტუციური მოთხოვნა უზრუნველყოფს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაციასა და ძირითადი უფლებების სათანადოდ დაცვას.
გარდა ამისა, პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის მიმართ წაყენებული ხარისხობრივი მოთხოვნების კიდევ ერთ მიზანს თვითნებური დევნისა და მსჯავრდების პრევენცია წარმოადგენს. კერძოდ, მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებული კანონმდებლობის პირობებში მცირდება სამართალშემფარდებელთა მხრიდან თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში პირის უფლების დარღვევის საფრთხეების პრევენციის მიზნით, აუცილებელია, არსებობდეს უფლების დაცვის ეფექტიანი სისტემა. პასუხისმგებლობის დაკისრებისას ინდივიდი არ უნდა განიხილებოდეს როგორც სამართალწარმოების ობიექტი და უნდა აღიჭურვოს უფლების დაცვის სათანადო მექანიზმებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-11). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „განსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვს იმგვარი საკანონმდებლო სისტემის შექმნას, რომელიც პირს იცავს სამართალშემფარდებლის თვითნებობისაგან. ბუნდოვანი და გაუგებარი კანონმდებლობა ქმნის ნოყიერ ნიადაგს თვითნებობისათვის, შესაბამისად, კანონმდებელმა მაქსიმალურად მკაფიო, განსაზღვრული ნორმატიული რეგულირებით უნდა შეამციროს თვითნებობის რისკები სამართალშეფარდების პროცესში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-29).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ საკანონმდებლო ნორმამ დააკმაყოფილოს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ხარისხობრივი სტანდარტები, მნიშვნელოვანია, ადრესატმა შეძლოს მისი სწორად აღქმა, ნორმა იძლეოდეს მკაფიო შეტყობინებას აკრძალული ქმედების ფარგლებისა და შინაარსის, ასევე სამართლებრივი შედეგების თაობაზე. სწორედ ამგვარად ჩამოყალიბებული ნორმების პირობებშია შესაძლებელი, კანონმა შეასრულოს საგარანტიო ფუნქცია, პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის შესახებ გადაწყვეტილება არსებითად მიიღოს საკანონმდებლო ორგანომ და თავიდან იქნეს აცილებული სამართალშემფარდებელთა თვითნებობა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება №2/1/1289 საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
განსახილველ შემთხვევაში, ტერმინი „გარყვნილი ქმედება“ ზოგადი შინაარსის მატარებელია, არ იძლევა კონკრეტულ ქმედებათა იდენტიფიცირების შესაძლებლობას და, ამ მხრივ, ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ მოთხოვნას. „განსაზღვრულობის პრინციპი, ერთი მხრივ, იცავს პირს ბუნდოვანი კანონმდებლობის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრებისაგან, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს, წინასწარ განჭვრიტოს საკუთარი ქმედებების სამართლებრივი შედეგები, ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრულობის პრინციპის მოთხოვნა უკავშირდება პირის უფლებას, რომ დაცული იყოს ზოგადი კანონმდებლობის თვითნებური გამოყენებისგან. პასუხისმგებლობის დადგენისას კანონმდებელს მოეთხოვება, მაქსიმალურად მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საკუთარი ნება, კანონის მოთხოვნა, აკრძალული ქმედების შინაარსი იყოს გასაგები, აღქმადი და განჭვრეტადი“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება №2/1/1289 საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გულმკერდის არეში თითით შეხების, წელზე ან/და მხარზე ხელის მოხვევის და ხელის ფეხზე ჩამოსმის გამო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: კი
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა/კი