რევაზ დოკვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/33/1785 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 15 დეკემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 დეკემბერი 2023 16:54 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: რევაზ დოკვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით და ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1785) მომართა რევაზ დოკვაძემ. №1785 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 2 ივნისს. №1785 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 15 დეკემბერს.
2. №1785 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ადგენს დასჯადობას სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის გარეშე განხორციელებული გარყვნილი ქმედების გამო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის სადავო სიტყვები კი ამგვარი ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად კი, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
5. №1785 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე რევაზ დოკვაძე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო და სასჯელის ზომად შეფარდებული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი იმგვარი ქმედებები, როგორებიცაა ტანსაცმელზე გულმკერდის არეში თითით შეხება, წელზე ან/და მხარზე ხელის მოხვევა და ხელის ფეხზე ჩამოსმა. მოსარჩელის მითითებით, ის ქმედებები, რისთვისაც მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა, განხორციელდა არასრულწლოვანთან დაპირისპირების დროს, თუმცა ამის შედეგად არასრულწლოვანს არც მორალური და არც ფიზიკური ზიანი არ მისდგომია.
6. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით, არასრულწლოვანის სახის წარუშლელი დამახინჯება ისჯება 9-დან 13-წლამდე ვადით, ხოლო სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება 9-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. მოსარჩელის მტკიცებით, ზემოთ ხსენებული დანაშაულების ჩადენა იწვევს არასრულწლოვანის ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას, ხოლო მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს არ გამოუწვევია რაიმე ტიპის ზიანი. ამისდა მიუხედავად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის ზომები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება და პირი იდენტურად ისჯება. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაპროპორციულ სასჯელად უნდა ჩაითვალოს რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ტანსაცმელზე გულმკერდის არეში თითით შეხების, წელზე ან/და მხარზე ხელის მოხვევის და ხელის ფეხზე ჩამოსმის გამო.
7. მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს, რომ სადავო ნორმა დასჯად ქმედებად აცხადებს თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილ ქმედებას, თუმცა კანონმდებლობა არ განმარტავს, თუ რა ქმედებები მოიაზრება მასში. შესაბამისად, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გარყვნილ ქმედებად იქნეს მიჩნეული ტანსაცმელზე გულმკერდის არეში თითის მიდება, მხრებზე ხელის შემოხვევა და ფეხზე ხელის ჩამოსმა. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმაში გამოყენებულ ტერმინთა ბუნდოვანების გამო, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია მკაფიო ზღვრის გავლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით აკრძალულ ქმედებასა და სხვა სექსუალური ხასიათის აკრძალულ ქმედებებს, მაგალითად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნეულ სექსუალურ შევიწროებას შორის. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმაში გამოყენებული ტერმინი „გარყვნილი ქმედება“ ბუნდოვანია და ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნებს.
8. №1785 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი შუამდგომლობს განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოსაქვეყნებელ აქტებში დაიფაროს არასრულწლოვანის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით
2. №1785 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნას წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განსაზღვრულობა. პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმათა განსაზღვრულობის მოთხოვნის მთავარი დანიშნულებაა, რომ კანონის ადრესატმა შეძლოს მისი შინაარსის სწორი აღქმა, აკრძალვის იდენტიფიცირება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა. ამ მიზნის მისაღწევად კი „აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36). „პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების შემუშავებისას კანონმდებელს მოეთხოვება საკუთარი ნების, მიზნების იმგვარად ჩამოყალიბება, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მისი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შედეგად განსხვავებული სამართლებრივი შედეგების დადგომის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი დასჯად ქმედებად აცხადებს თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილ ქმედებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ნორმაში გამოყენებული ტერმინი „გარყვნილი ქმედება“ ბუნდოვანია და დასჯადად შეიძლება იქნეს მიჩნეული ტანსაცმელზე გულმკერდის არეში თითის მიდება, მხრებზე ხელის შემოხვევა და ფეხზე ხელის ჩამოსმა. შესაბამისად, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნებს.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა შესაძლებელია იძლეოდეს სასამართლოს მიერ მისი განმარტების, ინტერპრეტაციის საშუალებას და კანონის მიერ გაკეთებული დათქმის კონკრეტულ სიტუაციასთან შესაბამისობის დადგენის შესაძლებლობას. ასეთ პირობებში პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების სამართლებრივი შედეგების განჭვრეტის თვალსაზრისით უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთო სასამართლოების პრაქტიკას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ნებისმიერი ნორმატიულად დადგენილი ქცევის წესი სიცოცხლისუნარიანი ხდება სასამართლოს პრაქტიკაში და მისი საშუალებით. სასამართლო ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ორგანოთა არქიტექტურაში არის ის სახელისუფლებო შტო, რომელიც საბოლოო სიტყვას ამბობს კანონმდებლობის განმარტებისა და გამოყენების თაობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „„ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-49). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს პირის შესაძლებლობას, იცოდეს კანონმდებლობის შინაარსი, როგორ ხდება მისი პრაქტიკაში გამოყენება და რას მოითხოვს თითოეული ნორმატიული რეგულაცია მისი ადრესატებისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „„ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-49).
6. ამდენად, „საერთო სასამართლოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია პასუხისმგებლობის დამდგენი ზოგადი ნორმების შინაარსის აღქმის გამარტივებისა და ბუნდოვანების აღმოფხვრის პროცესში. სასამართლოს ამ უმნიშვნელოვანესი ფუნქციის გამოვლინებაა ის ფაქტიც, რომ ამა თუ იმ ნორმის შინაარსთან დაკავშირებით, სასამართლოს ერთგვაროვანი, დროის მნიშვნელოვან პერიოდში ჩამოყალიბებული პრაქტიკის არსებობა, ამ ნორმიდან მომდინარე პასუხისმგებლობის განჭვრეტადობის საუკეთესო ინდიკატორია. იმ პირობებში, როდესაც ქმედების ჩადენამდე პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ამა თუ იმ შინაარსით გამოყენების ერთგვაროვანი პრაქტიკა არსებობს, პირი ვერ მიუთითებს, მათ შორის, ზოგადი ტერმინებით ფორმულირებულ ნორმასთან მიმართებითაც კი, პასუხისმგებლობის დაკისრების განუჭვრეტელ ხასიათზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17).
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილებით საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ჩამოყალიბდა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან შესაბამისობის შეფასების მასშტაბი. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპთან შესაბამისობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება: ა. როდესაც სადავო ნორმის/მის რომელიმე ნორმატიულ შინაარსთან დაკავშირებით, არსებობს საერთო სასამართლოების ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები; ბ. როდესაც ხდება საერთო სასამართლოების დადგენილი პრაქტიკის შეცვლა და სადავო ნორმის ახლად იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის გავრცელება მის განმარტებამდე ჩადენილ ქმედებებზე; გ. როდესაც სადავოა მისი რომელიმე ნორმატიული შინაარსი, რომელიც საერთო სასამართლოს მიერ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ზედმეტად ფართო, წინასწარ განუჭვრეტადი განმარტების შედეგია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).
8. ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმისთვის, რათა ნათელი იყოს მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებას შორის, მარტოოდენ ნორმის ზოგად ხასიათზე მითითება არ გამოდგება მისი განუსაზღვრელობის სამტკიცებლად. მოსარჩელეს მოეთხოვება, ზოგადი მითითების მიღმა, წარმოადგინოს შესაბამისი არგუმენტაცია და სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც წარმოაჩენენ გასაჩივრებული რეგულაციის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპთან შეუსაბამობას.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმა, 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი დასჯად ქმედებად აცხადებს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ბუნდოვანი შინაარსისაა, რადგან ნორმაში გამოყენებული ტერმინი „გარყვნილი ქმედება“ განუჭვრეტელია და არსებობს იმის შესაძლებლობა, გარყვნილ ქმედებად იქნეს მიჩნეული ტანსაცმელზე გულმკერდის არეში თითის მიდება, მხრებზე ხელის შემოხვევა და ფეხზე ხელის ჩამოსმა. მოსარჩელის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 იანვრის განაჩენში მითითებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დასჯად ქმედებად მიიჩნევა ძალადობის გარეშე სრულწლოვანის მიერ განხორციელებული გარყვნილი ქმედება თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ. ამგვარ ქმედებად კი შეიძლება განხილულ იქნეს ნებისმიერი სექსუალური ხასიათის ქმედება, რომელიც ძალადობის გარეშე განხორციელდა და პოტენციურად, სექსუალური განვითარების თვალსაზრისით, უარყოფით გავლენას ახდენს არასრულწლოვანზე. მსგავსი ქმედებები კი შეიძლება გამოიხატოს კოცნაში, უხამს შეხებაში, უხამს საუბარში, სექსუალური ხასიათის უხამს მიმოწერაში და სხვა. ამასთანავე, პირმა იცის საკუთარი ქმედების უარყოფითი შინაარსი, თუმცა იგი განზრახ სჩადის დანაშაულს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უხამს ქმედებად მიიჩნია მოსარჩელის მიერ არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ ხელით შეხება მკერდზე, ხელის წელზე შემოხვევა და ხელის ფეხზე ჩამოსმა.
10. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება და არც საკონსტიტუციო სასამართლოსათვის არის ცნობილი, რომ საერთო სასამართლოები სადავო ნორმის ზემოხსენებულ ნორმატიულ შინაარსს არაერთგვაროვნად იყენებენ. კონსტიტუციური სარჩელიდან არ იკვეთება, რომ რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ სხვაგვარად განმარტა სადავო ნორმა და დასჯად ქმედებად არ მიიჩნია მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ქმედებები. ასევე არ გამოკვეთილა, რომ მოსარჩელის საქმეზე განხორციელდა სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შეცვლა და ნორმის ახლად იდენტიფიცირებული შინაარსი გავრცელდა ამგვარ განმარტებამდე ჩადენილ ქმედებაზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა არსებითად განსახილველად შეიძლება იქნეს მიღებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ალბათობა იმისა, რომ საერთო სასამართლოს მხრიდან სადავო ნორმების მოსარჩელის მიმართ გამოყენება წარმოადგენს მათი ზედმეტად ფართო, წინასწარ განუჭვრეტადი განმარტების შედეგს.
11. სადავო ნორმის დისპოზიცია და სისხლის სამართლის კოდექსში მისი ადგილის სისტემური ანალიზი მიუთითებს, რომ სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია 14 წელს მიუღწეველი პირის სქესობრივი თავისუფლება და ხელშეუხებლობა, ხოლო მიზანი - სრულწლოვანი დამნაშავის მიერ მოზარდის მიმართ ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების პრევენცია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება მიეკუთვნება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას. იგი ხელყოფს მოზარდთა - პირთა, რომელთა ფსიქიკა განსაკუთრებით ფაქიზია და მორალური ღირებულებების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, ნორმალურ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ განვითარებას. საერთო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ პირი მოქმედებდეს განზრახვით, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენი საქმეზე №1-492/19).
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მიზნებისთვის, გარყვნილ ქმედებად ითვლება ბრალდებულის იმგვარი მოქმედება, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება საყოველთაოდ მიღებულ ზნეობრივ ნორმებს და უარყოფითად აისახება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით მოზარდის განვითარებაზე. ხოლო, უშუალოდ აკრძალული ქმედების ფორმებზე, თუ კონკრეტულად რა შეიძლება ჩაითვალოს გარყვნილ ქმედებად, არსებობს საერთო სასამართლოების მყარად დადგენილი პრაქტიკა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მიზნებისთვის ქმედება გარყვნილად ჩაითვლება, თუ იგი არასრულწლოვან დაზარალებულში იწვევს სექსუალური ლტოლვის გაჩენას, ინტერესის გაღვივებას ან ყურადღების კონცენტრირებას. მეორე მხრივ, თავად ტერმინ „ქმედებასაც“ აქვს განსხვავებული, მრავალფეროვანი გამოხატვის ფორმები, დაწყებული ინტელექტუალურიდან და დასრულებული ფიზიკურით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141–ე მუხლის კონტექსტში შეფასების ობიექტი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური მოქმედება, მათ შორის, მოზარდის ტანსაცმლით დაფარულ სხეულის ეროგენულ ადგილებზე ხელით შეხება, ასევე ცალკეული ფორმისა და შინაარსის ვერბალური კონტაქტი (იხ. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი საქმეზე №1/75; ასევე იხ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი საქმეზე №1/259-18; ასევე იხ. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი საქმეზე №1/41-19; ასევე იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი საქმეზე №1ბ/1591-19; ასევე იხ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის განაჩენი საქმეზე №1/236-19).
13. სადავო ნორმის ტექსტის, მისი მიზანმიმართულებისა და საერთო სასამართლოს პრაქტიკის საფუძველზე, საკმარისი სიცხადითაა შესაძლებელი გასაჩივრებული ნორმის მოქმედების სფეროში მოქცეული დაცული სიკეთის ხელყოფის შესაძლო შემთხვევების წინასწარ იდენტიფიცირება და აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არაკონსტიტუციურად მიჩნეული ქმედებების არასრულწლოვნის მიმართ განხორციელება ვერ ჩაითვლება სადავო ნორმის ზედმეტად ფართო განმარტებად. შესაბამისად, არ არსებობს გონივრული ალბათობა იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლო შესაძლოა მივიდეს საერთო სასამართლოს მხრიდან, მოსარჩელის მიმართ სადავო ნორმის ზედმეტად ფართო, წინასწარ განუჭვრეტადი შინაარსით გამოყენების ფაქტის დადგენამდე.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1785 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით
15. №1785 კონსტიტუციური სარჩელით, აგრეთვე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ არაპროპორციულ სასჯელად უნდა ჩაითვალოს რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ტანსაცმელზე გულმკერდის არეში თითით შეხების, წელზე ან/და მხარზე ხელის მოხვევის და ხელის ფეხზე ჩამოსმის გამო. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით, არასრულწლოვანის სახის წარუშლელი დამახინჯება ისჯება 9-დან 13-წლამდე ვადით, ხოლო სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება 9-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. ხსენებული დანაშაულების ჩადენა იწვევს არასრულწლოვნის ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას, ხოლო მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს არ გამოუწვევიათ რაიმე ტიპის ზიანი. ამისდა მიუხედავად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის ზომები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება და პირი იდენტურად ისჯება.
16. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ანუ კონსტიტუციური აკრძალვა ... [არაადამიანური და დამამცირებელი] სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
17. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების თანახმად, კანონმდებელს სასჯელის პოლიტიკის სფეროში მიხედულების საკმაოდ ფართო არეალი გააჩნია. ამ თვალსაზრისით, საკანონმდებლო ორგანო ახდენს ადამიანის, საზოგადოებისა და, ზოგადად, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი რისკების შეფასებას და პროგნოზირებას, ისევე, როგორც ამავე რისკების დამზღვევი პასუხისმგებლობის კონკრეტული სახისა და ზომის ნორმატიულად განსაზღვრას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონმდებელი უფლებამოსილია, ქვეყნის კრიმინოგენური მდგომარეობის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სასჯელის პოლიტიკა და დააწესოს ამა თუ იმ დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების შესატყვისი სასჯელის ზომები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს სასჯელის პროპორციულობას მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც აშკარაა დისპროპორცია სასჯელის ზომასა და დანაშაულის სიმძიმეს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ამდენად, „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა ... [საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით], სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
18. სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე დანაშაულის სიმძიმეს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას. „ამ თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია, სადამსჯელო ღონისძიებასა და სასჯელის მიზნებს შორის ურთიერთმიმართების დადგენა. სწორედ სასჯელის მიზნები და აკრძალული ქმედებით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი აძლევს კანონმდებელს სადამსჯელო ღონისძიების გამოყენებისა და, ზოგადად, სასჯელის პოლიტიკის შემუშავების ლეგიტიმაციას. შესაბამისად, აშკარად არაპროპორციული, არაადამიანური სასჯელის იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, განისაზღვროს გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიების მიზნები და აკრძალული ქმედებით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხსა და სასჯელის სიმკაცრეს შორის ურთიერთმიმართება. იმ შემთხვევაში, თუ აკრძალული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი არის იმდენად დაბალი, რომ ვერ ამართლებს მკაცრი სადამსჯელო ღონისძიების გამოყენებას, აშკარა ხდება, რომ სახეზეა არაადამიანური სასჯელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
19. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გათვალისწინებული სასჯელის ზომის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართების დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, გარკვეულ იქნეს იმ შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი, რომლის მიღწევასაც კანონმდებელი ცდილობს ქმედების დასჯადობის დაწესებით. ამასთან, „აუცილებელია, რომ დაწესებული სანქცია არ იყოს დასახული მიზნის მიღწევის აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული ზომა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის №2/1/516 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში და ვახტანგ ხმალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამ მხრივ, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომა იმდენად არაპროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან, პოტენციურ საფრთხეებთან და აღნიშნული ქმედებით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებთან მიმართებით, რომ ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებში გაუმართლებელ ჩარევას განაპირობებს. შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმას შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმით განსაზღვრული სასჯელი აშკარად არაპროპორციული იმ ხარისხით, რომ მიჩნეულ იქნეს დამამცირებელ, არაადამიანურ ან სასტიკ სასჯელად საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის გაგებით.
20. საქართველოს სისხლის სამართლის სადავო ნორმით, 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ძალადობის გარეშე სრულწლოვანის მიერ განხორციელებული გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ. მითითებული დანაშაულის ჩადენისათვის, სადავო ნორმით, სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახედ დადგენილია თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. როგორც უკვე აღინიშნა, გასაჩივრებული ნორმით გათვალისწინებულ დანაშაულზე რეაგირების მიზანია 14 წელს მიუღწეველი პირის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის დაცვა, რათა არ მოხდეს არასრულწლოვანთა ნორმალური ფსიქოლოგიური და ფიზიკური თვითგამორკვევის ხელყოფა იმ პერიოდში, როდესაც მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა განსაკუთრებით ფაქიზია და მორალური ღირებულებების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ცხადია, არასრულწლოვანი პირების უფლებებისა და ინტერესების დაცვა სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის №1/1/1537 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს მთავარი არხი“, „შპს ტელეკომპანია პირველი“, „შპს ტელეკომპანია კავკასია“, „შპს ფორმულა“, ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-49). საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „არასრულწლოვანი პირები ასაკის შესაბამისად საჭიროებენ განსაკუთრებულ მზრუნველობას, რათა დაცული იყოს მათი ინტერესები და ეჭვქვეშ არ დადგეს მათი ნორმალური განვითარება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/10/1212 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ის გარემოება, რომ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური და ფიზიკური თვითგამორკვევის პროცესი დასრულებული არ არის, სახელმწიფოს მიმართ აჩენს მომეტებული ზრუნვის ვალდებულებას, რაც, მათ შორის, გულისხმობს არასრულწლოვანთა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ეფექტიან გამოვლენა/აღკვეთის უზრუნველყოფას და მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას ისე, რომ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ბავშვთა სპეციფიკურ საჭიროებებს, ემოციებს, განცდილ სტრესსა და მიყენებულ ტრავმას. შესაბამისად, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი დაკავშირებულია მნიშვნელოვანი კონსტიტუციური სიკეთის დაცვასთან, ხოლო კანონმდებელი უფლებამოსილია, განსაზღვროს საზოგადოებრივად მაღალი საშიშროების მატარებელ დანაშაულთან ბრძოლისთვის ეფექტიანი სადამსჯელო პოლიტიკა, რომელიც ხელყოფს მოზარდის ნორმალურ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ განვითარებას.
21. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე უთითებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია დანაშაულები, რომლებიც არასრულწლოვანს განსაკუთრებულ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებს, თუმცა აღნიშნულ დანაშაულთა და გასაჩივრებული ნორმით გათვალისწინებული ქმედებისთვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. ამასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნის სახის წარუშლელი დამახინჯება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი) ისჯება 9-დან 13-წლამდე ვადით, ხოლო სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) 9-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის, ამა თუ იმ ქმედებისთვის დაწესებული სასჯელის აშკარად არაპროპორციულად ცნობის მიზეზი ვერ გახდება მხოლოდ ის გარემოება, რომ მსგავსი საფრთხის მატარებელი ქმედება ისჯება უფრო მსუბუქად, რამდენადაც სასჯელის პოლიტიკის განსაზღვრისას კანონმდებელი მოქმედებს ფართო მიხედულების ფარგლებში. კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ფასდება, რამდენად წარმოადგენს სადავო ნორმით განსაზღვრული პატიმრობა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და არა ის, თუ რამდენად თანასწორად ისჯებიან მსგავსი საფრთხის შემცველი დანაშაულის ამსრულებლები (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის №2/2/1296,1396 გადაწყვეტილება საქმეზე „მირზა გიგლემიანი და ლეონიდე მიქაბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30). მაშასადამე, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია, სხვა დანაშაულებთან მიმართებით მეტ–ნაკლებად მსგავსი სანქციის არსებობის შესახებ, ვერ გამოდგება სადავო ნორმით დადგენილი სანქციის არაპროპორციულობის წარმოსაჩენ არგუმენტად.
22. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის საკმარისი არგუმენტები იმისათვის, რათა სასამართლომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელი მიიჩნიოს აშკარად არაპროპორციულად დასჯადი ქმედების ბუნებასთან, სოციალურ საშიშროებასთან და იმ ზიანთან მიმართებით, რომელიც შეიძლება მიადგეს არასრულწლოვან დაზარალებულს.
23. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1785 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
3) №1785 კონსტიტუციურ სარჩელში სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი არასრულწლოვანი პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაფარვა
24. №1785 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი შუამდგომლობს, განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოსაქვეყნებელ აქტებში დაიფაროს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი არასრულწლოვანი პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 33-ე მუხლით მოწესრიგებულია პერსონალური მონაცემების/პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის საკითხები. კერძოდ, რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქმის განმხილველი სასამართლო ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის მიზნით, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის მაიდენტიფიცირებელი/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დოკუმენტები ქვეყნდება იმგვარი ფორმით, რომ არ გამჟღავნდეს პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ან/და მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული შესაბამისი ინფორმაცია. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების საორგანიზაციო დეპარტამენტისთვის ჩაბარებიდან მის განაწილებამდე პერიოდში პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების განაწილების შემდეგ სამართალწარმოების დასრულებამდე პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქმის განმხილველი სასამართლო. საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდგომ პლენუმის აქტებში პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს - პლენუმი, კოლეგიის აქტებზე - შესაბამისი კოლეგია, სხვა დოკუმენტებზე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
26. საკონსტიტუციო კონტროლის საჯაროობის და საზოგადოებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აქვეყნებს როგორც რეგისტრირებულ სარჩელებს/წარდგინებებს, ისე მის მიერ მიღებული აქტების სრულ ტექსტს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, რეგისტრირებული სარჩელი/წარდგინება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული წესით, ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე. ამასთანავე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების (გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და დასკვნა) სრული ტექსტი ქვეყნდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
27. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების საჯაროობა და სრულ ტექსტზე ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ინტერესებია, მათმა რეალიზებამ, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, გამოიწვიოს პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების გამჟღავნება და შელახოს პირთა უფლებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ცალკეულ საგამონაკლისო შემთხვევაში, პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, დასაშვებია რეგისტრირებულ სარჩელში/წარდგინებაში და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებში პირის პერსონალური მონაცემების დაფარვა იმ პირობით, რომ დადგენილ იქნება სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრულ ტექსტზე, მათ შორის, პირთა ვინაობის შესახებ ინფორმაციაზე, საზოგადოების ხელმისაწვდომობასა და, მეორე მხრივ, მოსარჩელის შესახებ არსებული მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ინტერესს შორის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31). ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა №1785 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში არასრულწლოვან პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაფარვის საფუძველი.
28. №1785 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე რევაზ დოკვაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის, კერძოდ, სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის გარეშე განხორციელებული გარყვნილი ქმედების ჩადენაში. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში აღწერილია, თუ რა ქმედებებს ახორციელებდა მოსარჩელე არასრულწლოვანი პირის მიმართ და რა მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარყვნილ ქმედებად.
29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ცალკეულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია, არსებობდეს იმ პირის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის მომეტებული ინტერესი, რომელსაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული ინფორმაცია. ... სასამართლოს აქტში შესაძლებელია, ასახული იყოს პირის პირადი ცხოვრების შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს პირად ცხოვრებაზე და ზიანსაც კი მიაყენებს მას. მაგალითად, სასამართლოს აქტში, შესაძლოა, მითითებული იყოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ცხოვრების ამა თუ იმ ინტიმური დეტალის შესახებ და ა. შ. ამგვარ შემთხვევებში, ცხადია, იზრდება მსგავსი ინფორმაციის დაცვის ხარისხი და საჭიროება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-56-57). პირადი ინფორმაციის გამჟღავნებისგან დაცვის ინტერესი კი ბუნებრივად იზრდება არასრულწლოვანებთან მიმართებით, რამდენადაც მათი პირადი ცხოვრების, განსაკუთრებით კი, ინტიმურ სფეროს მიკუთვნებული ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა, გამოიწვიოს არასრულწლოვანთა სტიგმატიზება, განაცდევინოს მენტალური ტრავმა ან სხვა ფორმით მოახდინოს უარყოფითი გავლენა მათ განვითარებაზე.
30. მოცემულ შემთხვევაში, საქმე შეეხება 14 წლამდე არასრულწლოვანი პირის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარყვნილ ქმედებას. იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული არის 14 წლამდე არასრულწლოვანი პირი, რომლის მიმართაც შესაძლოა, ჩადენილი იყოს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, აუცილებელია, რომ მოხდეს არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა და არ გამჟღავნდეს მისი პირადი მონაცემები. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი დაზარალებული პირის ვინაობის გასაჯაროებამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის პირადი ცხოვრების დაცვისა და თავისუფალი განვითარების უფლებას. შესაბამისად, მოცემული საქმის მახასიათებლების გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებში დასახელებულ პირთა ვინაობის შემცველ ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის ლეგიტიმურ ინტერესს გადაწონის სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დაცვის ინტერესი.
31. ამასთანავე, №1785 კონსტიტუციურ სარჩელში, უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების გარდა, დასახელებულია მისი მშობლისა და სხვა არასრულწლოვან პირთა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციაც. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლოა, არაპირდაპირ მოხდეს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი არასრულწლოვანი პირის ვინაობის გამჟღავნება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს №1785 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ყველა იმ პირის პირადი ინფორმაციის დაფარვასაც, რომელთა გამოყენებითაც შესაძლოა, მოხდეს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი არასრულწლოვანი პირის ვინაობის იდენტიფიცირება.
32. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა განსახილველ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საჯაროდ გამოსაქვეყნებელ აქტებში სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტები უნდა გამოქვეყნდეს იმგვარად, რომ არ იყოს იდენტიფიცირებული მისი ვინაობა.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1785 კონსტიტუციური სარჩელი („რევაზ დოკვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. №1785 კონსტიტუციურ სარჩელზე („რევაზ დოკვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი არასრულწლოვანის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაფარვის თაობაზე.
3. №1785 კონსტიტუციურ სარჩელში სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი არასრულწლოვანი პირის სახელი და გვარი ჩანაცვლდეს ინიციალებით „ე. თ.“, აგრეთვე, დაიფაროს/ჩანაცვლდეს ინიციალებით იმ პირების სახელები და გვარები, რომლებიც იძლევა დაზარალებულად ცნობილი არასრულწლოვანი პირის ვინაობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში