• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • თამარ თედიაშვილი, მიხეილ ჩიტაძე და ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 15.12.2023
      • N3/6/1252
      • განჩინება
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქეები - თამარ თედიაშვილი, მიხეილ ჩიტაძე და ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1252
ავტორ(ებ)ი თამარ თედლიაშვილი, მიხეილ ჩიტიძე, ლევან ალაფიშვილი
თარიღი 29 აგვისტო 2017

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი

 

 

განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი:

ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს - შედგენილია სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია, მოცემულია მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა მონაცემი, ინფორმაცია და არგუმენტაცია, ერთვის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა დოკუმენტი.

ბ) შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში კანონის კონსტიტუციურობის შემოწმებას.

გ) შეეხება საკითხებს რომლებიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებასთან მიმართებაში ნორმატიული აქტის/კანონის კონსტიტუციურობის საკითხს;

დ) შეეხება საკითხებს რომლებიც არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - გასაჩივრებული ნორმები არც გასაჩივრებულა და არც საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგნად ქცეულა;

ე) შეეხება საკითხებს რომლებიც გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით - სარჩელი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ უფლებებს (მე-14 და 28.1. მუხლები), მათ შეზღუდვას ნორმატიული აქტის/კანონის გასაჩივრებული ნორმებით;

ვ) და მისი შეტანა არ არის ვადით შეზღუდული;

ზ) არ შეეხება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობის საკითხს რის გამოც არ არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები.

მოთხოვნის არსი და დასაბუთება

გასაჩივრებული აქტი/ნორმები წინააღმდეგობაში არის:

 

  • საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, რადგან არსებითად არათანაბარ, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს პოლიტიკურ გაერთიანებებს, მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს. პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის პროცედურები, მხარდამჭერთა სიების/ხელმოწერების წარდგენისა და რეგისტრაციის ჩათვლით სრულდება 1 აგვისტოს, ისე რომ არ არის დამოკიდებული არჩევნების თარიღის/კენჭისყრის დღის გამოცხადებაზე, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის და მხარდამჭერთა სიების/ხელმოწერების დაწყება დამოკიდებულია მხოლოდ არჩევნების თარიღის/კენჭისყრის დღის გამოცხადებაზე და შემოფარგლულია მხოლოდ 10 დღით, მაშინ როცა პოლიტიკური გაერთიანებებს ხელმოწერების წარდგენის მეტი ვადა აქვთ. არსებითი განსხვავებაა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებასა და ვადებზე. პოლიტიკური პარტიები კანდიდატებს ასახელებენ, წინასაარჩევნო კამპანიას/აგიტაციას იწყებენ არჩევნების თარიღის/კენჭისყრის დღის გამოცხადებისთანავე და აქვთ 60 დღე, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფები და მათ მიერ წარსადგენ კანდიდატებს ეს შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია იწყება არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ და სჭირდება 2 დღე, აღნიშნულის შემდგომ საინიციატივო ჯგუფმა უნდა შეაგროვოს და წარადგინოს მხარდამჭერთა სიები/ხელმოწერები (არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 50 დღისა, ანუ ხელმოწერების შესაგროვებლად რჩება მაქსიმუმ 8 დღე), ხელმოწერების წარდგენის შემდგომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მათ შემოწმებას სჭირდება დამატებით კიდევ 2 დღე, მხოლოდ ამის შემდგომ იწყება კანდიდატების რეგისტრაცია, რომელსაც ასევე სჭირდება 2 დღე. მარტივი არითმეტიკით, კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოებისთვის რჩებათ პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებზე 14 დღით ნაკლები დრო (მაქსიმუმ 46 დღე).
  • საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რადგან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, ამ ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატსა და მათ მხარდამჭერებთ არ ეძლევათ თანაბარ პირობებში არჩევნებში მონაწილეობის გზით (როგორც აქტიური, ასევე პასიური საარჩევნო უფლება) საკუთარი მოსაზრების გამოხატვისა და საჯარო თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა. ამასთან, ეს შეზღუდვა მოკლებულია ლეგიტიმურ მიზანს.
  • საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, რადგან საარჩევნო დავები სპეციფიკისა და უკიდურესად შემჭიდროვებული ვადების მიუხედავად სასამართლომ შეიძლება სხვადასხვა პროცედურული გადაწყვეტილებებით შეაფერხოს და აზრი დაუკარგოს უფლების სასამართლო წესით დაცვას. ამასთან, რჩება შესაძლებლობა შეცდომისა თუ სუბიექტური მსჯელობის მიხედვით მიღებული სხვადასხვა, წინააღმდეგობრივი განჩინებებით (სარჩელზე ხარვეზის დადგენა, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა, სარჩელის განუხილველად დატოვება, საქმის განსჯად სასამართლოში გადაცემა, საქმის წარმოების შეწყვეტა) საარჩევნო დავის არსებით საკითხებზე სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელოს. გასაჩივრების შემჭიდროვებული ვადების გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა გასაჩივრების ვადა დაემთხვეს არასამუშაო დღეებს, შესაძლოა მოსარჩელემ ვერ მოახერხოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც ხარვეზისა და საარჩევნო კოდექსით/კანონით დადგენილი ვადების დარღვევისა და პროცესის გაჭიანურების საფუძველი გახდება. სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში უნდა შეეძლოს გადაწყვიტოს ბაჟის გადახდის/დაკისრების საკითხი.

 

უფრო დეტალურად კი აღვნიშნავთ შემდეგს:

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 150-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები იმართება 2017 წლის ოქტომბერში. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 22-ე, 42-ე 116-ე, 141-ე, 166-ე, და 167-ე მუხლების შესაბამისად, იმისთვის რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა შეიძინოს კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილებები (მათ შორის კომისიებში წარმომადგენლებში დანიშვნა, მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება და მერობის/გამგებლობის კანდიდატის წარდგენა), რეგისტრაცია უნდა გაიაროს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, რაზედაც გადაწყვეტილებას 1 დღეში იღებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. აღნიშნული ნორმებით დგინდება რომ საარჩევნო წელს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციისთვის განსაზღვრულია მხოლოდ საოლქო კომისიისთვის მიმართვის ბოლო ვადა (კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57-ე დღისა), მაგრამ არ არის განსაზღვრული საწყისი ვადა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 1 ივნისის #7/2017, 2017 წლის 19 ივლისის #10/2017 და 2017 წლის 21 ივლისის #11/2017 განკარგულებებით რეგისტრაციაში გატარდა 3 პოლიტიკური გაერთიანება, აგრეთვე მათი წარმომადგენლებიც საარჩევნო კომისიაში. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის #49/2017 განკარგულებით შეიქმნა საარჩევნო ოლქები, დადგინდა მათი საზღვრები, ნომრები და სახელწოდებები. საარჩევნო ოლქებს შორის არის #32 გორის საარჩევნო ოლქი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის #50 განკარგულებით #32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიად გაისაზღვრა 2 საარჩევნო ოლქი: ქალაქ გორის და გორის საარჩევნო ოლქები. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს რომ საარჩევნოდ კონკრეტული გადაწყვეტილებები საარჩევნო ადმინისტრაციაში უკვე მიღებული იყო და პროცესიც დაწყებული იყო. ამასთანავე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები თუ საინიციატივო ჯგუფები აგრძელებდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მერობის, გამგებლობისა თუ საკრებულოს წევრების წარდგენას.

2017 წლის 7 ივლისს განცხადებით (საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ყველა დოკუმენტის დართვით) მივმართეთ #32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოვითხოვეთ  ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია. #32 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ 2017 წლის 10 ივლისის წერილებით უარი გვითხრა რეგისტრაციაზე, რაც გავასაჩივრეთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ცესკომ/კოლეგიურმა ორგანომ სხდომაზე არ იმსჯელა და არ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენს საჩივრებზე. ამის ნაცვლად, ცესკოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივლისის წერილებით გვეცნობა მისი  მოსაზრებები (და არა კომისიის გადაწყვეტილება) საარჩევნო და სარეგისტრაციო პროცესთან და ვადებთან დაკავშირებით. აღნიშნული, 2017 წლის 7 აგვისტოს გავასაჩივრეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში, როგორც საარჩევნო კოდექსის, ასევე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის დარღვევის საფუძვლებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა, ერთი და იგივე საფუძვლით და საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით სარჩელები ჩათვალეს გორის რაიონული სასამართლოს განსჯადად და შესაბამისი განჩინებებით 2017 წლის 8 აგვისტოს გადასცეს გორის რაიონულ სასამართლოს. საქმეები განსახილველად გადაეცა გორის რაიონული სასამართლოს ერთი და იგივე მოსამართლეს. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 2017 წლის 9 აგვისტოს, სამუშაო დღის ბოლოს დაადგინა ხარვეზი - სასარჩელო მოთხოვნის არსთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არგუმენტაციას არ ვიზიარებდით, განჩინებებში ჩამოყალიბებული მსჯელობა გვაძლევდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ თუკი ჩვენს პოზიციაზე დავრჩებოდით და სასარჩელო მოთხოვნებს უცვლელად დავტოვებდით იგი გამოიტანდა განჩინებებს სარჩელების განუხილველად დატოვების შესახებ. სწორედ ამიტომ, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს სხდომაზე შეგვეძლო შეგვემცირებინა, შეგვეცვალა ან უარი გვეთქვა სასარჩელო მოთხოვნაზე (დაცვის უფლების არსი) - იმავე სამუშაო დღის ბოლოს, იმ იმეედით რომ მომდევნო დღეს მაინც ჩაინიშნებოდა საქმის არსებითი განხილვის სხდომები, დავთანხმდით სასამართლოს მოთხოვნას, ელექტრონული ფოსტით გავუგზავნეთ შესაბამისი განცხადებები. აღნიშნულის შემდგომ, მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო საუბრიდან (მობილურით: 577280959 ნინო, ნომერზე 599777272) გავარკვიეთ, რომ მოსამართლეს გამოუტანია განჩინება კვლავ განსჯადობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში დაბრუნების თაობაზე. მომდევნო დღეს, 10 აგვისტოს 13:35 სთ-ზე დაგვიკავშირდა (ტელეფონით: 032 2510300, ნომერზე 599777272) თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, დიანა ფარქოსაძის თანაშემწე და გვთხოვა ბატონი ვასილ ბუთხუზის (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი/წარმომადგენელი) მობილური ტელეფონის ნომერი, რაზედაც მოგვიანებით დაგვიკავშირდებოდა. სამწუხაროდ 10 აგვისტოს სარჩელების ბედი გაურკვეველი დარჩა. მომდევნო დღეს, 11 აგვისტოს იმავე მოსამართლეებმა, რომლებმაც 8 აგვისტოს საკუთარი თავი ჩათვალეს არაუფლებამოსილ სასამართლოდ, გამოიტანეს განჩინებები სარჩელების განუხილველად დატოვების შესახებ იმ საფუძვლით რომ გასული იყო გასაჩივრების 2 დღიანი ვადა. მიუხედავად იმისა რომ სარჩელშიც მივუთითებდით რომ ცესკოს/კოლეგიურ ორგანოს არ ჰქონდა ჩვენს საჩივრებზე მიღებული რაიმე გადაწყვეტილება, სასამართლომ გასაჩივრების ვადა აითვალა ცესკოს თავმჯდომარის (რომელიც ცესკოს ერთ-ერთი წევრთაგანია მხოლოდ) წერილიდან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.2. მუხლის შესაბამისად ცესკოს ეს ქმედებები ითვლება ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე უარის თქმად, და ამავე კოდესის 180.3. მუხლის შესაბამისად კი გასაჩივრების ვადა არ შეიძლება დადგინდეს, მოსამართლეებმა საერთოდ უარი თქვეს ამ ნორმების, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გამოყენებაზე. რაც ყველაზე მთავარია 7 აგვისტოს წარდგენილი სარჩელისთვის საარჩევნო კოდექსის 77.4. მუხლით დადგენილი 2 დღიანი ვადა 10 აგვისტოს დადგომისთანავე ისე გავიდა, რომ არსებითად ჩვენს სარჩელებზე სასამართლომ არ იმსჯელა. მეტიც, სასამართლოს 11 აგვისტოს განჩინებები გასაჩივრებული გვაქვს კერძო საჩივრებით და სასამართლო სისტემა ჩვენს დავებზე პროცედურულ საკითხებს ვერ/არ გასცდა. ეს ყველაფერი კი როგორც სასამართლოსათვის მიმართვის, ასევე სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლების უხეში დარღვევაა.

საარჩევნო დავები უკიდურესად შემჭიდროვებულ ვადებში არსებითად უნდა განიხილოს 2 ინსტანციის სასამართლომ, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლითა და ამავე კონვენციის მე-7 ოქმით დადგენილი სამართლიანი დაცვის ეფექტური დაცვისა და საქმის 2 ინსტანციის სასამართლოში განხილვის სტანდარტი. ამდენად, სწორედ შემჭიდროვებული ვადების გათვალისწინებით საარჩევნო დავებისას ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლოს სხდომაზე განხილვის შემდგომ, შესაბამისად სასამართლომ ყველა საკითხი უნდა გადაწყვიტოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, ერთადერთი ფორმალურ-პროცესუალური საკითხი სარჩელის/სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და სხდომის დანიშვნის თაობაზე შეიძლება გადაწყდეს განჩინების მიღებით. 

 

საარჩევნო ადმინისტრაცია მსჯელობს რა არჩევნების და საარჩევნო პროცესის არსზე, არასწორად განმარტავს მას. საარჩევნო პროცესი საარჩევნო წელს (ე.ი. როდესაც ტარდება კონსტიტუციით ან კანონით განსაზღვრული მორიგი არჩევნები) მიმდინარე პროცესს სრულად მოიცავს: საარჩევნო სიის ფორმირება-მონიტორინგის, საარჩევნო კომისიების მიერ გადაწყვეტილებების მიღების, საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების ჩათვლით. აღნიშნულის დასტურია ცესკოს მიერ 1 ივნისს, 19 და 21 ივლისს მიღებული გადაწყვეილება/განკარგულება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, ცესკოს გადაწყვეტილებები პარტიების რეგისტრაციაზე უარის შესახებ. ცესკო და საარჩევნო კომისიები ამ სახის გადაწყვეტილებებს იღებენ მხოლოდ/სწორედ საარჩევნო წელს, ეს არის საარჩევნო პროცესი. საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით კი გამოდის რომ საარჩევნო პროცესი არის მხოლოდ ის პერიოდი (განსახილველ შემთხვევაში 2 თვე), რომელიც იწყება პრეზიდენტის მიერ კონკრეტული დღის, კენჭისყრის დღის დანიშვნიდან კენჭისყრის დღემდე. არასაარჩევნო წელს (მაგ.: 2015 ან 2019) საარჩევნო ადმინისტრაცია დასახელებულ გადაწყვეტილებებს არ იღებს.

 

საარჩევნო ადმინისტრაციასაც და სასამართლოსაც ვთავაზობდით, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ქვემოთჩამოთვლილი კონკრეტული ნორმების საფუძველზე ემსჯელა, საკითხზე, რამდენად არის დამოკიდებული ამომრჩველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია არჩევნების დღის გამოცხადების ფაქტზე.

ა) საარჩევნო კოდექსის 8.15 მუხლის შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვს მხოლოდ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის/საარჩევნო სუბიექტის  წარმომადგენელს. თუკი გავიზიარებთ საარჩევნო ადმინისტრაციის ლოგიკას, გამოდის რომ აგვისტოს ბოლომდე ვერ მივიღებთ სტატუსს/რეგისტრაციას, თუ ასეა, მაშინ როგორ უნდა მოხდეს სხდომაზე დასწრების უფლების რეალიზაცია? ეს საკითხი მსჯელობის მიღმა რჩება და ადასტურებს ანტიკონსტიტუციურობას და დისკრიმინაციულობას.

ბ) საარჩევნო კოდექსის 31.7. მუხლის შესაბამისად ამომრჩველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს გაეცნოს ამომრჩეველთა სიას და მოითხოვოს მასში ცვლილებების შეტანა, მათ შორის არასაარჩევნო პერიოდში, ნებისმიერ დროს. თუკი საინიციატივო ჯგუფი არ იქნება რეგისტრირებული, ამ უფლებების რეალიზაცია ვერ მოხდება. შესაბამისად არასაარჩევნო პერიოდში, ამ მუხლით მინიჭებული უფლებების გამოყენებისთვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ექვემდებარება რეგისტრაციას, თუკი აკმაყოფილებს კოდექსით დადგენილ ყველა პირობას და წარდგენილი აქვს დოკუმენტაცია. ეს რეგისტრაცია არ არის დამოკიდებული პრეზიდენტის მიერ არჩევნების დღის/თარიღის გამოცხადებაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ცესკოს მიერ უკვე რეგისტრირებულ 3 პარტიას ექნება ამომრჩეველთა სიის გაცნობის, შესწორების შეტანის მოთხოვნის, კომისიის სხდომაზე დასწრებისა და გასაჩივრების უფლებები, ხოლო მისსავე კონკურენტს, არაპოლიტიკურ სუბიექტს, ამომრჩეველთა ჯგუფს - არა. ეს კი მრავალი ნიშნით დისკრიმინაციის პირდაპირი შემთხვევა იქნება.

გ) საარჩევნო კოდექსის 78.3 და 78.4 მუხლების შესაბამისად საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებები ოლქების/უბნების შექმნის შესახებ ექვემდებარება გასაჩივრებას შემჭიდროვებულ ვადებში, 1 და 2 დღის ვადაში. კოდექსის 77.11. მუხლის შესაბამისად კი იმ პირის მიერ წარდგენილი საჩივარი, რომელსაც არ აქვს შესაბამისი სტატუსი/რეგისტრაცია განუხილველი დარჩება. თუკი გავიზიარებთ საარჩევნო ადმინისტრაციის ლოგიკას, გამოდს რომ ამომრჩველთა საინიციატივო ჯგუფს (რომელიც თვლის, რომ უბნების განსაზღვრისას კომისიამ დაარღვია კანონი) კოდექსით გარანტირებული გასაჩივრების, კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვისა და დაცვის უფლება არ აქვს, კოდექსის ჩანაწერი კი არის ფიქცია: თუკი აგვისტოს ბოლომდე სტატუსი/რეგისტრაცია ვერ მოიპოვა, საარჩერვნო ადმინისტრაციის განკარგულებების 1 ან 2 დღის გასაჩივრების უფლებით ვეღარასოდეს ისარგებლებს, რადგან კოდექსიც ნათლად უთითებს რომ სასამართლო არ განიხილავს მის სარჩელს.

 

გამგებლობის/მერობის/საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება პოლიტიკურ გაერთიანებებსა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს აქვთ. კანდიდატის წარდგენამდე და რეგისტრაციამდე საჭიროა მხარდამჭერთა სიების შეგროვება და წარდგენა საარჩევნო ადმინისტრაციაში. საარჩევნო ადმინისტრაცია მხოლოდ ამის შემდგომ გაატარებს რეგისტრაციაში გემგებლობის/მერობის/საკრებულოს წევრობის კანდიდატს. წინასაარჩევნო კამპანია იწყება პრეზიდენტის მიერ არჩევნების დღის გამოცხადების შემდგომ და ამ კამპანიის წარმოების უფლება აქვთ მხოლოდ რეგისტრირებულ სუბიექტებს. პოლიტიკური პარტიების ნაწილს მხარდამჭერთა სიების შეგროვება-წარდგენა არ ევალება, ნაწილმა კი ეს 1 აგვისტომდე გაიარა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ დავუშვებთ რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ არჩევნების დღის დასახელების შემდეგ, მივიღებთ კანონის გამოყენების/განმარტების დისკრიმინაციულ მიდგომას. არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს (ორგანიზაციულად გაერთიანებული მრავალი/არანაკლებ 1000 ადამიანი) ექნებათ სრული 60 დღე კამპანიის წარმოებისთვის, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს არა: მათ ჯერ უნდა შეაგროვონ მხარდამჭერთა ხელმოწერები, წარადგინონ საოლქო კომისიაში, ჯერ თვითონ გაიარონ რეგისტრაცია, მერე გამგებლობის/მერობის/საკრებულოს წევრობის კანდიდატმა და მხოლოდ ამის შემდგომ ხდებიან უფლებამოსილნი აწარმოონ კამპანია. მაშინ როდესაც მათ კონკურენტებს, მათზე ძლიერ და ორგანიზაციულად ჩამოყალიბებულ გაერთიანებებს კამპანია 10 დღის დაწყებული მაინც ექნებათ (საარჩევნო კოდექსის 116.7 მუხლი, 142.1. და 142.2. მუხლი, 167.2 პრიმა მუხლი, 141 მუხლი, 38.5. მუხლი).

 

თანასწორობაზე და არადისკრიმინაციულობაზე მსჯელობისთვის, აქვე მივუთითებთ ვენეციის კომისიის (ევროპული კომისია დემოკრატიისათვის სამართლის მეშვეობით/ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა) საარჩევნო ნორმათა კოდექსზე (სახელმძღვანელო მითითებები და განმარტებები. 2002 წლის 13 ნოემბერი. დოკ. #9624). საარჩევნო ნორმათა კოდექსის სახელმძღვანელო მითითებების 1.3.vi. მუხლში მითითებულია: მხარდამჭერთა სიების შემოწმება უნდა დასრულდეს საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. საარჩევნო ნორმათა კოდექსის განმარტებების მე-8 პუნქტში, კი 1.3. პუნქტთან მიმართებაში განმარტებულია: ყველა საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს საარჩევნო კამპანიის დასაწყისისთვის, რადგანაც დაგვიანებულმა დასტურმა არახელსაყრელ პირობებში შეიძლება ჩააყენოს ზოგიერთი პარტია და კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში.

 

გასათვალისწინებელია, რომ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული რეგისტრაციისა და არჩევნების თარიღის/კენჭისყრის დღის გამოცხადებამდე რეგისტრაციის საკითხზე, სხვა საქმეზე, რომელიც შეეხებოდა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციას, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლოს კოლეგიის პოზიციები გაიყო და ერთ-ერთმა მოსამართლემ, ნათია ქუთათელაძემ დაწერა განსხვავებული აზრი, რომლის მიხედვითაც საარჩევნო წელს/მორიგი არჩევნების წელს რეგისტრაცია არ არის დამოკიდებული პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის/კენჭისყრის დღის დასახელებაზე. ეს ფაქტიც ხაზს უსვამს საკითხის აქტუალობას და პრობლემურობას.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია რომ

 

  • კონსტიტუციის მე-14, 28.1. და 29.1. მუხლების საწინააღმდეგო და დისკრიმინაციულია საარჩევნო კოდექსის გასაჩივრებული ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციით და/ან კანონით განსაზღვრული მორიგი არჩევნების წელს არჩევნების თარიღის/კენჭისყრის დღის გამოცხადების შესახებ აქტის გამოცემამდე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის, გამგებლობის/მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციას;

 

  • კონსტიტუციის მე-14, 28.1., 29.1., 42.1. და 42.3. მუხლების საწინააღმდეგოა საარჩევნო კოდექსის გასაჩივრებული ნორმების ის ნორმატიული შინაარსი რომელიც დასაშვებს ხდის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ წარდგენილ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის ან სხვა საფუძვლით საქმის არსებითად განუხილველობას და საქმის წარმოების დასრულებას გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე, განჩინებით (სარჩელზე ხარვეზის დადგენა, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა, სარჩელის განუხილველად დატოვება, საქმის განსჯად სასამართლოში გადაცემა, საქმის წარმოების შეწყვეტა)

სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ