თამარ თედიაშვილი, მიხეილ ჩიტაძე და ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/6/1252 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 15 დეკემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 დეკემბერი 2023 11:08 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თამარ თედლიაშვილი, მიხეილ ჩიტაძე და ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 116-ე მუხლის მე-3 პუნქტის (2020 წლის 11 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის (2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და 167-ე მუხლის 21 პუნქტის (2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პირველი მუხლის (2020 წლის 3 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), 77-ე მუხლის მე-2 (2018 წლის 27 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), მე-4 (2021 წლის 29 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მე-5 პუნქტების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, 178-ე მუხლის 21 ნაწილის, 186-ე (2020 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), 187-ე (2023 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 272-ე (2020 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და 275-ე მუხლების (2020 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), 284-ე მუხლის პირველი ნაწილის, 447-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 262 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1252) მომართეს თამარ თედლიაშვილმა, მიხეილ ჩიტაძემ და ლევან ალაფიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2017 წლის 6 სექტემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 15 დეკემბერს.
2. №1252 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ (2017 წლის 29 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლი განსაზღვრავდა კანონის რეგულირების სფეროს. ამავე კანონის 77-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ადგენდა საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესს და ვადებს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტი აწესრიგებს ცესკოს/ცესკოს ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესს და ვადებს. ამავე კანონის 116-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57-ე დღისა განცხადებით უნდა მიემართა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიისადმი, რის შემდეგაც უფლება ჰქონდა, შეეგროვებინა მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები. ამავე კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტი მიუთითებდა, რომ საკრებულოს არჩევნებში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი და მის მიერ წარდგენილი კანდიდატი რეგისტრირდებოდა ამ კანონის 116-ე მუხლის (გარდა იმავე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებისა) მოთხოვნების შესაბამისად. საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის 21 პუნქტი მერობის კანდიდატის წარდგენის უფლებას ანიჭებდა 141-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (2017 წლის 29 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) 52-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ადგენს მხარის ვალდებულებას, სასამართლო ხარჯები შეიტანოს წინასწარ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის 21 ნაწილის მიხედვით, სარჩელს უნდა ერთოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე კოდექსის 186-ე მუხლი ადგენდა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს, ხოლო 187-ე მუხლი განსაზღვრავდა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული განჩინების შინაარსს, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შედეგებსა და გასაჩივრების პროცედურას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილი იყო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლი შეეხებოდა სარჩელის განუხილველად დატოვების საკითხს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საკითხი არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლი არეგულირებს მოსამართლის მიერ ხარვეზის დადგენის საფუძვლებს, მის სამართლებრივ შედეგებსა და ხარვეზის დადგენის შესახებ მხარისათვის ინფორმაციის მიწოდების საკითხს.
5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის პირველი ნაწილით, განსაზღვრულია სასამართლოს მიერ სარჩელის დასაშვებობის გადაწყვეტის წესი, განმწესრიგებელი სხდომის ჩატარების უფლებამოსილება და პროცედურა, მე-2 ნაწილით კი, დადგენილია საქმის წარმოების შეწყვეტის შესაძლებლობა, თუ სარჩელი არ აკმაყოფილებს კოდექსით გათვალისწინებულ დასაშვებობის მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და სარჩელის დაუშვებლად ცნობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გამოტანილი განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლებას.
6. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე, გადაიხდება შესაბამისი განცხადებების (საჩივრების) ან საკასაციო საჩივრების შეტანამდე, ასევე, სასამართლოს მიერ საბუთის ასლის გაცემისას.
7. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით კი - განმტკიცებულია გამოხატვის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ყოველი მოქალაქის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულია დაცვის უფლება.
8. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე თანასწორობის ზოგად პრინციპს. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით, დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. ხოლო, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება, დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებით, გარანტირებულია დაცვის უფლება.
9. №1252 კონსტიტუციურ სარჩელში განხილულია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის თაობაზე მიმდინარე სასამართლო დავა, რომელთა მონაწილეებსაც არ წარმოადგენდნენ მოსარჩელეები. კერძოდ, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოქალაქეთა ჯგუფმა, 2017 წლის 7 ივლისს, განცხადებით მიმართა №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია. №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 10 ივლისის წერილით, უარი ეთქვათ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციაზე, რაც მათ გაასაჩივრეს ცესკოში. ცესკოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება 2017 წლის 7 აგვისტოს გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელები მიიჩნია გორის რაიონული სასამართლოს განსჯადად და, შესაბამისი განჩინებებით, 2017 წლის 8 აგვისტოს სარჩელები გადაგზავნა გორის რაიონულ სასამართლოში. გორის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 9 აგვისტოს დაადგინა ხარვეზი სასარჩელო მოთხოვნის არსთან დაკავშირებით და მოსარჩელეებს დაუნიშნა ვადა ხარვეზის შესავსებად. ხარვეზის შევსების შემდგომ კი გორის რაიონულმა სასამართლომ საქმე ჩათვალა კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადად და შესაბამისი განჩინებით, სარჩელები გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. 2017 წლის 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება სარჩელების განუხილველად დატოვების შესახებ იმ საფუძვლით, რომ სარჩელის შეტანის ეტაპზე გასული იყო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი გასაჩივრების 2-დღიანი ვადა. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმების საფუძველზე, საერთო სასამართლოებმა მათი საქმე განიხილეს და გადაწყვიტეს იმგვარად, რომ არ უმსჯელიათ საარჩევნო დავის არსებით საკითხზე, რაც მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევას განაპირობებს.
10. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციული ბუნებისაა და ისინი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, ერთი მხრივ, პოლიტიკურ გაერთიანებებს, მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს და, მეორე მხრივ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებს. მოსარჩელეთა განმარტებით, პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის პროცედურები, მათ მიერ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების წარდგენისა და რეგისტრაციის ჩათვლით, სრულდება პირველ აგვისტოს და იგი არ არის დამოკიდებული კენჭისყრის დღის გამოცხადებაზე, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციისა და მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ არჩევნების თარიღის/კენჭისყრის დღის გამოცხადების შემდგომ და შემოფარგლულია 10 დღით. გარდა ამისა, მოსარჩელეთა პოზიციით, პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) საწარმოებლად აქვთ უფრო მეტი დრო. კერძოდ, ისინი წინასაარჩევნო კამპანიას (აგიტაციას) იწყებენ კენჭისყრის დღის გამოცხადებისთანავე და მის საწარმოებლად აქვთ 60 დღე, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებსა და მათ მიერ წარსადგენ კანდიდატებს ამგვარი შესაძლებლობა არ გააჩნიათ, რადგან მათი რეგისტრაცია დამოკიდებულია კენჭისყრის დღის გამოცხადების თარიღზე, რის შემდგომაც, მათ უნდა შეაგროვონ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები და განახორციელონ კანდიდატის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები. მხოლოდ კანდიდატის რეგისტრაციის შემდგომ არის შესაძლებელი წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოება.
11. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტს, 28-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 29-ე მუხლის პირველ პუნქტს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), ვინაიდან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, ამ ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატსა და მათ მხარდამჭერებს არ ეძლევათ, თანაბარ პირობებში არჩევნებში მონაწილეობის გზით, საკუთარი მოსაზრების გამოხატვისა და საჯარო თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა.
12. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საარჩევნო პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ კენჭისყრის დღის გამოცხადებიდან კენჭისყრის დღემდე პერიოდით და იგი მოიცავს საარჩევნო წელს მიმდინარე ყველა პროცესს. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ, თუკი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია დაკავშირებული იქნება კენჭისყრის დღის გამოცხადების ფაქტზე, მაშინ ისინი ვერ ისარგებლებენ პოლიტიკური პარტიების მსგავსი უფლებებით. კერძოდ, მათი წარმომადგენელი ვერ შეძლებს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრებას. ამასთან, იმის გამო, რომ არასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ვერ რეგისტრირდება, ამ პერიოდში იგი ვერ გაეცნობა ამომრჩეველთა სიას და ვერ მოითხოვს მასში ცვლილებების შეტანას. ასევე, მოსარჩელე მხარის პოზიციით, რეგისტრაციის გარეშე ისინი ვერ შეძლებენ, ოლქების/უბნების შექმნის შესახებ, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრებას.
13. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით, ვინაიდან სადავო ნორმების საფუძველზე, სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა, საარჩევნო დავების სპეციფიკისა და უკიდურესად შემჭიდროებული ვადების მიუხედავად, პროცედურული გადაწყვეტილებებით, შეაფერხოს და აზრი დაუკარგოს უფლების სასამართლო წესით დაცვას. მოსარჩელეთა პოზიციით, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ შეცდომისა თუ სუბიექტური შეფასებების გამო, სასამართლომ საქმე დაასრულოს განჩინებით და არ იმსჯელოს საარჩევნო დავის არსებით საკითხებზე. ამასთან, მოსარჩელეების აღნიშვნით, გასაჩივრების შემჭიდროებული ვადებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, გასაჩივრების ვადა დაემთხვეს არასამუშაო დღეს, რის გამოც, მხარე ვერ შეძლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას, რაც ხარვეზის დადგენის და პროცესის გაჭიანურების საფუძველი გახდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1252 სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია, შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი ადგენდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით კი - განმტკიცებულია გამოხატვის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ყოველი მოქალაქის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი, გარანტირებულია დაცვის უფლება.
3. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით მე-14 მუხლის ეკვივალენტური უფლება განმტკიცებულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლების შესატყვისი უფლება დაცულია მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით. საარჩევნო უფლება გარანტირებულია კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით. კონსტიტუციის ახალი რედაქციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება, დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით გარანტირებულია დაცვის უფლება.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 116-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 167-ე მუხლის 21 პუნქტის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით; ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პირველი მუხლის, 77-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, 178-ე მუხლის 21 ნაწილის, 186-ე, 187-ე, 272-ე და 275-ე მუხლების, 284-ე მუხლის პირველი ნაწილის, 447-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 262 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
5. №1252 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, სადავო ნორმები შეიცვალა, კერძოდ, ცვლილებები განხორციელდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ სადავოდ გამხდარ ნორმებში. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის №3266-რს საქართველოს ორგანული კანონით, დასახელებული კოდექსის 116-ე მუხლი ამოღებული იქნა, ხოლო 141-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 167-ე მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. გარდა ამისა, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2018 წლის 21 ივლისის №3269-რს საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, შეიცვალა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტი. ხოლო „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2020 წლის 2 ივლისის №6723-რს საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ცვლილება განიცადა საქართველოს საარჩევნო კოდექსის პირველმა მუხლმა. იმავდროულად, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 28 ივნისის №703-Vრს-Xმპ საქართველოს ორგანული კანონით, ახლებურად ჩამოყალიბდა ამავე კანონის 77-ე მუხლის მე-4 პუნქტი.
6. №1252 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, ასევე შეიცვალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რიგი ნორმები. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ 2019 წლის 18 სექტემბრის №4955-Iს საქართველოს კანონით, ახლებურად ჩამოყალიბდა ამავე კანონის 186-ე, 272-ე და 275-ე მუხლები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ 2023 წლის 30 ივნისის №3447-XIმს-Xმპ საქართველოს კანონით კი, შეიცვალა ამავე კოდექსის 187-ე მუხლი.
7. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის ზემოთ განხილული სადავო ნორმები ძალადაკარგულია. ამასთან, სადავო ნორმებმა ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.
8. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა a priori არ იწვევს აღნიშნულ ნორმაზე სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10).
9. აღნიშნული პრაქტიკის ცვლილება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც, ერთი მხრივ, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, რომელსაც სადავო ნორმის მსგავსად, გააჩნია უფლების შეზღუდვის პოტენციალი, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით.
10. თუმცაღა იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა გასაჩივრებული ძალადაკარგული ნორმის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საქმეზე წარმოებას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კანონმდებლობაში ძალადაკარგული ნორმის იდენტური/მსგავსი შინაარსის მქონე დებულება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „№3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი საქმისწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევას. ბუნებრივია, აზრს მოკლებულია მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის ხსენებულ ნაწილთან მიმართებით, არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/15/1462 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მათ შორის, შეაფასებს, რამდენად არსებობს სასარჩელო მოთხოვნის ზემოაღნიშნულ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
11. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა.
12. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, „აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
13. ამავე დროს, მოსარჩელემ უფლების შეზღუდვის ფაქტზე მითითებასთან ერთად, სათანადო არგუმენტების მოყვანის გზით, გარკვეული ხარისხით უნდა წარმოაჩინოს გასაჩივრებული რეგულირების არაკონსტიტუციურობაც. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, საკმარისი არ არის მარტოოდენ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის №2/17/1629 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის №1/3/1555 განჩინება საქმეზე „გივი ლუაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ადასტურებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო, მათ შორის, შეცვლილ ნორმებთან მიმართებით შეამოწმებს, რამდენად აკმაყოფილებს კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობის კანონით დადგენილ საფუძვლებს.
15. №1252 საქმეში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, 178-ე მუხლის 21 ნაწილის, 186-ე, 187-ე, 272-ე და 275-ე მუხლების, 284-ე მუხლის პირველი ნაწილის, 447-ე მუხლის, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 262 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. ხსენებული ნორმები ადგენს მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს, შესაბამისი განჩინების მიღების წესს და პროცედურებს. სადავო ნორმები ასევე შეეხება საქმის წარმოების შეწყვეტის, სარჩელის განუხილველად დატოვების, ხარვეზის შესახებ განჩინების მიღებისა და სარჩელის დაბრუნების, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის სამართლებრივ შედეგებსა და სარჩელის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინების მიღებისა და გასაჩივრების წესს. აღნიშნული ნორმებით, ასევე განსაზღვრულია, რომ სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საკითხი არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით.
16. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო რეგულაციის საფუძველზე, სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა, საარჩევნო დავების სპეციფიკისა და უკიდურესად შემჭიდროებული ვადების მიუხედავად, პროცედურული გადაწყვეტილებებით შეაფერხოს და აზრი დაუკარგოს უფლების სასამართლო წესით დაცვას. შეცდომისა თუ სუბიექტური მსჯელობის მიზეზით, შესაძლებელია, სასამართლომ საქმის განხილვა დაასრულოს განჩინებით და არ იმსჯელოს საარჩევნო დავის არსებით საკითხებზე. ამასთან, საარჩევნო დავებისას არსებობს გასაჩივრების შემჭიდროებული ვადები, რის გამოც, შესაძლოა, გასაჩივრების ვადა დაემთხვეს არასამუშაო დღეს და პირმა ვერ შეძლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც ხარვეზის დადგენისა და საქმის გაჭიანურების საფუძველი გახდება. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას და ამავე მუხლის მე-2 პუნქტს, 24-ე მუხლის პირველ პუნქტს და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას.
17. მოსარჩელე მხარის მიერ შემოთავაზებული არგუმენტაციიდან ცხადად ირკვევა, რომ სადავო ნორმებს მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, საარჩევნო დავებისას დარღვეული უფლებების სასამართლო წესით დაცვისათვის გაუმართლებელი პროცედურული ბარიერების არსებობის მიზეზით. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც უზრუნველყოფს სხვა უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, არჩევნებში მონაწილეობისა და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებების დაცვის სამართლებრივ შესაძლებლობას, გარანტიას. ბუნებრივია, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევამ, აღნიშნული უფლებით ეფექტურად სარგებლობის შეუძლებლობამ, შესაძლოა, პირის სხვადასხვა უფლების შეზღუდვა გამოიწვიოს. თუმცა ამგვარი შეზღუდვა, სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევის გვერდითი ეფექტია. „ცხადია, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის უშუალო შედეგი შეიძლება იყოს საკუთრების, თავისუფლების, თანასწორობის და ნებისმიერი სხვა უფლების დარღვევა. მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტების მარეგლამენტირებელი ნორმები, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, იმავდროულად, შეფასებადია ყველა იმ უფლებასთან, რომელთა დასაცავადაც პირი სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროების წინაშე დგება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №3/2/531 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
18. სადავო ნორმები მიმართულია სასამართლოში საქმის განხილვის პროცესის რეგულირებისკენ. აღნიშნული ნორმების მიზანს და რეგულირების უშუალო სფეროს არ განეკუთვნება მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული რომელიმე მატერიალური უფლების ფარგლების განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების დარღვევის საკითხს.
19. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები ასევე ითხოვენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, 178-ე მუხლის 21 ნაწილის, 186-ე, 187-ე, 272-ე და 275-ე მუხლების, 284-ე მუხლის პირველი ნაწილის, 447-ე მუხლის, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 262 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით, თუმცა არ მოჰყავთ შესაბამისი არგუმენტაცია, თუ რაში გამოიხატება სადავო ნორმების საფუძველზე, თანასწორობისა და დაცვის უფლების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, არგუმენტაციის არარსებობის გამო, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართების საკითხი.
20. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, 178-ე მუხლის 21 ნაწილის, 186-ე, 187-ე, 272-ე და 275-ე მუხლების, 284-ე მუხლის პირველი ნაწილის, 447-ე მუხლის, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 262 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
21. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო რეგულაცია შეეხება, სასამართლოს მეშვეობით, ამა თუ იმ უფლების დაცვის პროცედურულ მოწესრიგებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციის ხსენებული დებულების დარღვევის არგუმენტად უთითებს საარჩევნო დავების სპეციფიკაზე და აღნიშნავს, რომ ამგვარი დავების განხილვისას, არ უნდა ხდებოდეს პროცედურული გადაწყვეტილებების მიღება. შეცდომისა თუ სუბიექტური შეფასებების გამო, სასამართლომ შესაძლებელია, საერთოდ არ იმსჯელოს საქმის არსებით საკითხზე, აღნიშნული კი განაპირობებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას. მოსარჩელეს ასევე წარმოდგენილი აქვს არგუმენტაცია სახელმწიფო ბაჟის წინასწარ შეტანის ვალდებულების პრობლემურობის შესახებ. მისი პოზიციით, შესაძლოა, გასაჩივრება დაემთხვეს არასამუშაო დღეს და პირმა ვერ შეძლოს ბაჟის წინასწარ გადახდა.
22. აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ საპროცესო ინსტიტუტის დამდგენი ნორმის არაკონსტიტუციურობაზე ვერ მიუთითებს მარტოოდენ ის გარემოება, რომ სასამართლომ საკითხის გადაწყვეტისას, შესაძლოა, შეცდომა დაუშვას. სასამართლოს მხრიდან შეცდომის დაშვების რისკები არსებობს როგორც ამა თუ იმ განჩინების მიღებისას, ასევე საქმის არსებითად გადაწყვეტისას. „შეცდომის დაშვების რისკი“ თან სდევს საკანონმდებლო სისტემას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/1/598 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-51). ასეთი რისკებისგან დაცვის მიზნით მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები ექვემდებარება კანონიერებისა და დასაბუთებულობის კუთხით გადასინჯვას და, ამგვარად, ხდება პირის დარღვეულ უფლებაში აღდგენა.
23. სადავო ნორმებით დადგენილია სასამართლოსადმი მიმართვის და საქმის განხილვის საპროცესო წესები. თავისთავად, პროცესუალური წესრიგის არსებობა არ წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს „… უფლება არ გულისხმობს სასამართლოსადმი მიმართვას საპროცესოსამართლებრივი წესების დაცვის გარეშე. ... სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალურსამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სასამართლოს მიერ შეცდომის დაშვების რისკებზე აპელირებით, სადავო ნორმებსა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას შორის მიმართება შესაძლოა არსებობდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე დაასაბუთებს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია იწვევს სასამართლოს მიერ შეცდომის დაშვების თავისთავადი, მომეტებული რისკების გაჩენას, რაც განაპირობებს სამართლიანი სასამართლოს უფლების აუცილებელი უფლებრივი კომპონენტებით სარგებლობის შეუძლებლობას. თუმცა წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე არ მსჯელობს სადავო ნორმებთან მიმართებით დამოუკიდებლად. იგი არც იმაზე აპელირებს, რომ სასამართლოს მიერ შეცდომის დაშვებისას, დარღვეულ უფლებაში აღდგენა შეუძლებელი იქნება ამგვარი განჩინების გასაჩივრების გზით. მოსარჩელეები, ზოგადად, მიუთითებენ სასამართლოს მიერ შეცდომის დაშვების საფრთხეებზე. როგორც აღინიშნა, მარტოოდენ სასამართლოს მიერ შეცდომის დაშვების საფრთხეზე მითითება არ არის საკმარისი სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის დასასაბუთებლად. შესაბამისად, დასახელებული არგუმენტაცია ვერ წარმოაჩენს შინაარსობრივ მიმართებას სადავო ნორმებსა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას შორის.
24. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა, რომ პროცედურული გადაწყვეტილებებით შეაფერხოს და აზრი დაუკარგოს უფლების სასამართლო წესით დაცვას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ეს არგუმენტაცია უსაფუძვლოა შეფერხებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საარჩევნო დავებთან მიმართებით მოქმედებს საქმის განხილვისა და გადაწყვეტის სპეციალური წესი. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილია გასაჩივრებისა და სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის შემჭიდროებული ვადები. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ შემჭიდროებულ ვადებში, რაც გამორიცხავს, სადავო ნორმებით დადგენილი საკითხების გადაწყვეტისას, საქმის განხილვის გაჭიანურებას.
25. მოსარჩელე მხარე ასევე აპელირებს, რომ განჩინებით საკითხის დასრულება გულისხმობს პროცესუალური აქტით საქმის განხილვაზე უარის თქმას, რაც გაუმართლებელია საარჩევნო დავების სპეციფიკის გათვალისწინებით. მოსარჩელე მხარე არ ასაბუთებს, თუ რატომ ზღუდავს პროცედურული საკითხების ცალკე აქტით გადაწყვეტა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და რატომ არის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების ნაწილი, რომ სასამართლომ ერთიანად, საქმის წარმოებაში მიღების საკითხის გადაუწყვეტლად განიხილოს როგორც პროცედურული, ისე - არსებითი შინაარსობრივი საკითხები. მოსარჩელე მხარე ასევე არ მსჯელობს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის, სარჩელის განუხილველად დატოვების, ხარვეზის დადგენის, სარჩელის დაუშვებლად ცნობის კონკრეტულ საფუძვლებთან დაკავშირებით და არ ასაბუთებს, მაგალითად, რატომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმის არსებითი საკითხები სასამართლომ მაშინ, როდესაც მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მხარეები მორიგდნენ, აღარ არსებობს დავის საგანი და სხვა. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, რომელიც, ამ თვალსაზრისით, წარმოაჩენდა შინაარსობრივ მიმართებას სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას შორის. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ გამორიცხავს მხარისათვის ფორმალურად გამართული სარჩელის წარდგენის ვალდებულების დაკისრებას, ისევე, როგორც არ ავალდებულებს სასამართლოს, დასაშვებობის შემოწმების გარეშე, ყველა შემთხვევაში, არსებითად განიხილოს წარდგენილი სარჩელები. სარჩელის განსახილველად არმიღების/დასაშვებობის გარკვეული წინაპირობების დადგენა, რიგ შემთხვევებში, არათუ სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების საწინააღმდეგოა, არამედ შეიძლება, სწორედ მის ეფექტურად რეალიზებას ემსახურებოდეს და ხელს უწყობდეს მართლმსაჯულების ქმედითობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის №2/1/1481 გადაწყვეტილება საქმეზე „გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
26. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებისა და ამ საფუძვლით, ხარვეზის დადგენის, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტისა და სარჩელის განუხილველად დატოვების არაკონსტიტუციურობაზე. მოსარჩელე მხარის მითითებით, აღნიშნული ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ის გარემოება, რომ საარჩევნო დავების გასაჩივრების შემჭიდროებული ვადების გათვალისწინებით, შესაძლოა, გასაჩივრების ვადა დაემთხვეს არასამუშაო დღეს. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ მოახერხებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას, რაც ხარვეზის დადგენის და პროცესის გაჭიანურების საფუძველი გახდება.
27. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე აპელირებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის აბსტრაქტულ საფრთხეებზე და მისი არგუმენტაცია არ არის განმტკიცებული კონკრეტული ფაქტებითა და შესაბამისი მტკიცებულებებით. სახელმწიფო ბაჟის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მათ შორის, არასამუშაო დღეებშიც. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებული პრობლემა, შინაარსობრივად, არ მომდინარეობს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დამდგენი ნორმებიდან. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა არც მოსარჩელის მიერ საქმეზე დართულ კონკრეტულ საარჩევნო დავაში არ გამხდარა საერთო სასამართლოების მიერ სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1252 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, 178-ე მუხლის 21 ნაწილის, 284-ე მუხლის პირველი ნაწილის, 447-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 262 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
29. ამავდროულად, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 272-ე და 275-ე მუხლების საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით, არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი და, ამავე დროს, სადავო ნორმები ძალადაკარგულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1252 კონსტიტუციურ სარჩელზე ზემოაღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საქმე უნდა შეწყდეს.
30. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ასევე: ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 116-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 167-ე მუხლის 21 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით; ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პირველი მუხლის, 77-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
31. სადავოდ გამხდარი საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პირველი მუხლი განსაზღვრავდა ამავე კანონის რეგულირების სფეროს, ხოლო 77-ე მუხლის, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტები (კონსტიტუციური სარჩელის სასამართლოში რეგისტრაციის დროს მოქმედი რედაქცია) ადგენდა საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების, ცესკოს/ცესკოს ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესსა და ვადებს. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს არც ერთ არგუმენტზე და არ მოჰყავს შესაბამისი მტკიცებულებები, თუ რა განაპირობებს ხსენებული ნორმების არაკონსტიტუციურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია.
32. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი, საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 116-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, 141-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 167-ე მუხლის 21 პუნქტის (2017 წლის 29 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
33. მოსარჩელე მხარე, აღნიშნული სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მიუთითებს, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, ამ ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატსა და მათ მხარდამჭერებს არ ეძლევათ თანაბარ პირობებში არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ვინაიდან პარტია არჩევნებში საინიციატივო ჯგუფზე ადრე რეგისტრირდება და, შესაბამისად, მეტი დრო ეძლევა საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად.
34. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული სადავო ნორმები არეგულირებს, კანდიდატის წარდგენის მიზნით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის წესებს. მათ საერთოდ არ გააჩნიათ კავშირი გამოხატვის თავისუფლების რეგულირებასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ კონსტიტუციის იმ ნორმებით დაცული სიკეთე, რომლითაც განმტკიცებულია გამოხატვის თავისუფლება „არ არის ... გარკვეულ თანამდებობაზე ყოფნის უფლება…“. ამ ნორმის მიზანია „დემოკრატიულ საზოგადოებაში აზრისა და ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა-გამოცვლის პროცესის უზრუნველყოფა და არა რომელიმე ორგანოს ან თანამდებობის სტაბილურობის გარანტირება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, II-16). კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია სწორედ თანამდებობის დაკავებას და საარჩევნო პროცესს უკავშირდება, არ არის მითითებული, რომ სადავო ნორმით, რაიმე ფორმით იზღუდება აზრის ან ინფორმაციის თავისუფალი მიმოცვლა. შესაბამისად, არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება, ერთი მხრივ, სადავო ნორმასა და, მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებასა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებას შორის.
35. ამავე დროს, სადავო ნორმები განსაზღვრავს/განსაზღვრავდა საინიციატივო ჯგუფის მიერ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის, მაჟორიტარი კანდიდატისა და მერობის კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადებს. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 116–ე მუხლის მე-3 პუნქტის და 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის (სარჩელის რეგისტრაციის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის, მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარმა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა, განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც, უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები. ხოლო, 167-ე მუხლის 21 პუნქტი კი ადგენდა, რომ კენჭისყრის დღემდე, არა უგვიანეს 30-ე დღისა, მერობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს, ამ კანონის 142-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას, ამ კანონის 141-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ, არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.
36. შესაბამისად, არც დღეს და არც კონსტიტუციური სარჩელის სასამართლოში რეგისტრაციის დროს მოქმედი რედაქციის სადავო ნორმები, საერთოდ, არ არეგულირებს, თუ რა პერიოდიდანაა დასაშვები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატის ან მერობის კანდიდატის წარსადგენად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო კომისიისათვის მიმართვა. მოსარჩელე მხარის მიერ ხსენებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წერილებს, რომლითაც საინიციატივო ჯგუფს უარი ეთქვა, არჩევნების გამოცხადების დღემდე, რეგისტრაციაში გატარებაზე. თუმცა კომისიის აქტებიდან არ ირკვევა, რომ ხსენებული უარი სადავო ნორმებს დაეფუძნა. კომისია მიუთითებს, რომ, ვინაიდან არ არის გამოცემული არჩევნების დანიშვნის აქტი, არ არის დაწყებული საარჩევნოს პროცესი და, შესაბამისად, საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია ვერ განხორციელდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აქტიდან ნათლად არ ირკვევა, თუ რომელ ნორმას აფუძნებს საკითხის ამგვარი გადაწყვეტა. ამავე დროს, გასაჩივრების ვადის გაშვების გამო არ განხორციელებულა კომისიის ხსენებულ აქტზე სასამართლო კონტროლი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული წერილები ვერ იქნება მიჩნეული ნორმის იმგვარ ავტორიტეტულ განმარტებად, რომელიც სადავო რეგულირების მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული შინაარსით გამოყენების პრაქტიკას დაადასტურებდა. ამდენად, საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, ავტორიტეტული განმარტება, რომელიც წარმოაჩენს, სადავო ნორმების მოსარჩელის მიერ მითითებული შინაარსით გამოყენების შესაძლებლობაზე.
37. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ არაკონსტიტუციურობის თაობაზე წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება მის მიერ დასახელებული სადავო ნორმის შინაარსს. შესაბამისად, №1252 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პირველი მუხლის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
38. ამავდროულად, რამდენადაც არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1252 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 116-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 167-ე მუხლის 21 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პირველი მუხლის, 77-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1252 („თამარ თედლიაშვილი, მიხეილ ჩიტაძე და ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, 178-ე მუხლის 21 ნაწილის, 284-ე მუხლის პირველი ნაწილის და 447-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 262 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით;
ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
2. შეწყდეს საქმე №1252 კონსტიტუციურ სარჩელზე („თამარ თედლიაშვილი, მიხეილ ჩიტაძე და ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 272-ე და 275-ე მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით;
ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 116-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 167-ე მუხლის 21 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან;
გ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პირველი მუხლის, 77-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში