საქართველოს მოქალაქე ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1251 |
ავტორ(ებ)ი | ნანა წულაძე |
თარიღი | 29 აგვისტო 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი, რადგან სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ: ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს - სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. სარჩელი ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და გათვალისწინებულია მე-16 მუხლის მოთხოვნები. მოსარჩელე ნანა წულაძე იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მოსამართლედ 1995 წელს. 1999 წელს მან დატოვა მოსამართლის თანამდებობა. შესაბამისად, მოსამართლის თანამდებობას იკავებდა 4 წლის განმავლობაში. 2015 წლის 28 ნოემბერს, მოსარჩელემ წარმატებით ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები, მაგრამ სადავო ნორმის საფუძველზე ის ვალდებულია, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიაროს სრული სასწავლო კურსი, რათა გამწესდეს მოსამართლის თანამდებობაზე. სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტების მიერ, რადგან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შესაძლებლობას ფიზიკური პირების მიერ, როდესაც მათ დაერღვათ ან შესაძლებელია უშუალოდ დაერღვეთ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. მოსარჩელე არის ყოფილი მოსამართლე, რომელიც მოსამართლედ გამწესებული იყო იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე და 18 თვეზე მეტი დროის განმავლობაში იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას. 2009 წლამდე მოსამართლეობის კანდიდატებისთვის სავალდებულო არ იყო იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სრული სასწავლო კურსის გავლა.[1] თუმცა, 2009 წელს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ძველ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაჩნდა სადავო რეგულირება, რომელიც მოითხოვდა მოსამართლეობის კანდიდატისთვის აღნიშნული სასწავლო კურსის გავლას, როგორც მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებისთვის აუცილებელ წინაპირობას. ეს ნორმა შენარჩუნებული იქნა დღეს მოქმედი კანონმდებლობის პირობებშიც, მხოლოდ იმ გამონაკლისით, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მესამე პუნქტით ასეთი სავალდებულო წინაპირობა არ ეხება იმ კანდიდატებს, რომლებიც გამწესებული იყვნენ მოსამართლის თანამდებობაზე კონკურსის წესით და მოსამართლედ ყოფნის შესაბამისი გამოცდილება გააჩნიათ. ამდენად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ ვრცელდება იმ მოსამართლეებზე, მათ შორის მოსარჩელეზე, რომელთაც გააჩნიათ ანალოგიური გამოცდილება, ჩაბარებული აქვთ საკვალიფიკაციო გამოცდები და ფლობენ მსგავს უნარ-ჩვევებს, თუმცა გამწესებული არ იყვნენ კონკურსის წესით, რაც მას სხვა მოსამართლედ მუშაობის გამოცდილების არმქონე პირების მსგავსად, კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვალდებულების სუბიექტად ტოვებს. მოსარჩელემ წარმატებით ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები, მაგრამ სადავო ნორმის საფუძველზე, მხოლოდ იმის გამო, რომ თავის დროზე ის მოსამართლედ არ დანიშნულა კონკურსის წესით, მას სხვა მოსამართლედ მუშაობის გამოცდილების არმქონე პირების მსგავსად მოეთხოვება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სრული სასწავლო კურსის გავლა. მეორე მხრივ, მოსამართლეობის კანდიდატებს, რომელთაც შესაძლოა უფრო ნაკლები სამოსამართლეო გამოცდილებაც აქვთ, მაგრამ წარსულში კონკურსის წესით დაინიშნენ მოსამართლის თანამდებობაზე, ზემოაღნიშნული ვალდებულება ეხსნებათ. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას მის მიმართ თანამდებობაზე დანიშვნის წესის, ასევე სამოსამართლო გამოცდილების ნიშნით (კონსტიტუციის მე-14 მუხლი), ასევე არაგონივრულ შეზღუდვას სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებასთან მიმართებით (კონსტიტუციის 29-ე მუხლი), სადავო ნორმით გათვალისწინებული ბარიერის არსებობის გამო. სადავო საკითხი განსჯადია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რადგან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით: „საკონსტიტუციო სასამართლო... უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს... საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“. საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. სარჩელში მითითებული ყველა სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით, რადგან სადავო ნორმები გასაჩივრებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის კონკრეტულ მუხლებთან მიმართებით. გასაჩივრებული აქტი საკანონმდებლოა და მის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის. კანონით არ არის დადგენილი კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა.[1] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლებით დაცულ მის უფლებებს. თითოეულ სადავო ნორმასთან და შესაბამის უფლებასთან მიმართებით დასაბუთება ქვემოთ იქნება წარმოდგენილი.
“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებითსაერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, „მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.’ მოსარჩელე წარმოადგენს ყოფილ მოსამართლეს, რომელიც ექცევა აღნიშნული მოქმედების ქვეშ, რადგან „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მესამე პუნქტისა და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, მასზე არ ვრცელდება სასამართლოში კონკურსის წესით გამწესებული მოსამართლეებისთვის გათვალისწინებული გამონაკლისი, რადგან იმ პერიოდში [1995 წელს], როდესაც მოსარჩელე მოსამართლედ დაინიშნა, მოსამართლედ დანიშვნა ხდებოდა კონკურსის გარეშე, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მოსარჩელე სადავოდ ხდის, სამოსამართლო გამოცდილების მქონე და არმქონე პირებისთვის თანაბარი ტვირთის - იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასწავლო კურსის გავლის ვალდებულების - დაკისრებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის მე-14 მუხლის როლს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ამას მოწმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამია: „კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი „ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა ან პირიქით“. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ „კანონის წინაშე თანასწორობის უფლებისაგან მომდინარეობს ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“. ნეიტრალური შინაარსის ნორმა, უთანასწორო პირებს ერთნაირი ვალდებულების დადგენით, ფაქტობრივად, განსხვავებულ, არათანაბარ ტვირთს აკისრებს, რაც არსებითად არათანასწორი პირების მიმართ თანასწორ მოპყრობად უნდა ჩაითვალოს. „კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის დასადგენად უპირველეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის, თუ რამდენად არიან კანონის საფუძველზე დიფერენცირებულ მდგომარეობაში მყოფი პირები არსებითად თანასწორნი ან თანაბარ სამართლებრივ სიტუაციაში მყოფი პირები რამდენად არიან არსებითად არათანასწორები კონკრეტულ ურთიერთობაში.“ სამოსამართლო გამოცდილების მიუხედავად, სადავო ნორმის მოქმედება ნეიტრალურად ვრცელდება პირთა ზოგად წრეზე, რომელთაც სურთ მოსამართლის თანამდებობის დაკავება და აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს, გარდა კანდიდატების იმ კატეგორიისა, რომლებიც კანონის 34-ე მუხლის მესამე ნაწილით არიან გამორიცხული, კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების სფეროდან. სწავლისგან თავისუფლდებიან ის მოსამართლეები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებულნი იყვნენ მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. კანონმდებელმა სადავო ნორმის მოქმედების სფეროდან იმ ყოფილი მოსამართლეების გამორიცხვით, რომლებიც კონკურსის წესით იყვნენ გამწესებული და ჰქონდათ მოსამართედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის მუშაობის გამოცდილება, უკვე აღიარა სამოსამართლო გამოცდილების მქონე და არმქონე პირთა განსხვავებული მდგომარეობა, და მას განსხვავებული რეგულირებითაც უპასუხა, კერძოდ კანდიდატის მიერ სასწავლო კურსის გავლა მოსამართლის თანამდებობის კვლავ დაკავების აუცილებელ წინაპირობად აღარ ჩათვალა სწორედ განსაზღვრული (18 თვიანი) სამოსამართლო გამოცდილების გამო. ამდენად, სამოსამართლო გამოცდილების ფაქტი მოსარჩელის სხვა პირებთან მიმართებით არსებითად უთანასწოროდ განხილვის საფუძველს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირების ნიშნად უნდა მივიჩნიოთ „სამოსამართლო გამოცდილება“. კერძოდ, სადავო ნორმა დიფერენცირებულ რეჟიმში აყენებს სამოსამართლო გამოცდილებიდან გამომდინარე დამატებით კურსის გავლის საჭიროების არმქონე და და ისეთ პირებს, რომელთაც ასეთი გამოცდილება არ გააჩნიათ. მართალია, ასეთ ნიშანს კონსტიტუციის მე-14 მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, მე-14 მუხლის მიზნიდან გამომდინარე დისკრიმინაციის აკრძალვა არ იზღუდება მხოლოდ კონსტიტუციის ტექტსში ჩამოთვლილი საფუძვლებით.“ ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს განსხვავებული მოპყრობის კონსტიტუციურობის საკითხი. საკონსტიტუციო სასამართლო მკაცრი შეფასების ტესტს იყენებს, როდესაც ა) განსხვავებული მოპყრობა ხდება მე-14 მუხლით გათვალისწინებული ნიშნით; ბ) განსხვავებული მოპყრობა ხდება სხვა ნიშნის საფუძველზე, მაგრამ უფლებაში ჩარევა ხდება მაღალი ინტენსივობით. სხვა შემთხვევაში, სასამართლო ნორმის მე-14 მუხლთან შესაბამისობას ამოწმებს რაციონალური დიფერენციაციის ტესტის (რაციონალური საფუძვლით შემოწმების ტესტი) საფუძველზე, „რომლის მიხედვითაც : ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის.“ ადგილი არ აქვს კლასიკური ნიშნით განსხვავებულ მოპყრობას. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლების ხანგრძლივობაა 10 თვე. ამასთანავე, სწავლების პირობებში პირს არ მოეთხოვება რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევა, არამედ კონკრეტული საგნების სწავლებით ხდება მოსამართლედ დასანიშნი პირების პროფესიული მომზადება. აქედან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, რომ უფლებაში ჩარევა ხდება მაღალი ინტენსივობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული განსხვავებული მოპყრობა უნდა შეფასდეს რაციონალური დიფერენციაციის ტესტის მიხედვით. ამ შემთხვევაში, მოსარჩელე და სხვა უთანასწორო პირებზე ნეიტრალური რეგულირების გავრცელება მოკლებულია გონივრულ საფუძველსაც, ანუ სახეზე არ არის არათუ მისი გარდუვალობა, არამედ მისი საჭიროებაც კი, ასევე არ არსებობს რაციონალური კავშირი დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის. კანონის მიხედვით, სკოლის დანიშნულებაა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება. სკოლის მიზანია, უზრუნველყოს იუსტიციის მსმენელის თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, აგრეთვე იუსტიციის მსმენელის მიერ მომავალი პასუხისმგებლობისა და კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედების თავისუფლების შეცნობა, ხელი შეუწყოს იუსტიციის მსმენელის თანდათანობით ინტეგრაციას იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც მას, როგორც მოსამართლეს, მომავალში მოუწევს საქმიანობა. შესაბამისად, მოსარჩელისათვის „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა შეიძლება ემსახურებოდეს შემდეგ მიზანს - კონკურსში მონაწილე პირთა წრის შეზღუდვას ისეთი კანდიდატებით, რომელთაც გააჩნიათ საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევები, რომელთა შეძენასაც ემსახურება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლება. ეს კი თავის მხრივ უზრუნველყოფს საბოლოოდ მოსამართლედ იმ პირთა არჩევას, რომლებსაც აქვთ თანამდებობისთვის შესაფერისი მონაცემები. როგორც ვხედავთ, სახელმწიფო ეყრდნობა შემდეგ პრეზუმციას: ყოფილ მოსამართლეებს, რომელთაც არანაკლებ 18 თვის მანძილზე ეკავათ მოსამართლის თანამდებობა, თუმცა თანამდებობაზე არ გამწესებულან კონკურსის წესით, არ გააჩნდათ მანამდე და ვერ შეიძინეს საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები სამოსამართლო გამოცდილების შედეგად, ისინი ასეთი კომპეტენციის შეძენას კი ამ ეტაპზე შეძლებენ სასწავლო კურსის გავლით. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის წესი თავისთავად არ მეტყველებს მოსამართლის კომპეტენციისა და პროფესიული ცოდნის ხარისხზე. იუსტიციის მინისტრის მიერ მოსამართლედ დანიშვნის წესი არ არის უფრო ნაკლებად ლეგიტიმური, ვიდრე მოსამართლის კონკურსის წესით დანიშვნა. სამოსამართლო გამოცდილება ცხადია, კონკურსის წესით თუ წესის გარეშე დანიშვნის შემთხვევაში მოსამართლის თანამდებობისთვის საჭირო თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ანალოგიური ხარისხით შეიძლება გულისხმობდეს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან განსხვავებული მოპყრობა, რომელიც ეფუძნება მხოლოდ აღნიშნულ ფაქტორს - დანიშვნის წესს, გაუმართლებლად უნდა მივიჩნიოთ. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მოხვედრის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამატებით იქნება უფლებამოსილი სამოსამართლო გამოცდილების შედეგად შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ხარისხი რეალურად შეამოწმოს. სწორედ პროფესიული უნარ-ჩვევების შემოწმების მიზანს ემსახურება რამდენიმე ეტაპიანი კონკურსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც დოკუმენტების გადარჩევის, მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების, და გასაუბრების დროს, მოწმდება როგორც კეთილსინდისიერების ისე კომპეტენტურობის კრიტერიუმები. ამის მიუხედავად, სადავო ნორმა კონკურსის წესის გარეშე გამწესებულ მოსამართლეებს, საწყის ეტაპზევე, მიიჩნევს სამოსამართლო გამოცდილების არმქონე პირების თანასწორ კანდიდატად. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე აღნიშნა, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა/დანიშვნასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს კანდიდატების ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ამ მახასიათებლების დადგენის ობიექტურ შესაძლებლობას (ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 53). მნიშნველოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აქცენტს სწორედ „ობიექტურ“ შესაძლებლობაზე აკეთებს, რომელსაც არა მოსამართლის დანიშნვის გარკვეული წესი, არამედ მაგალითად მისი სამოსამართლო გამოცდილების ხარისხი იძლევა. დანიშვნის წესის ლეგიტიმურობა მხოლოდ სუბიექტური შეფასების საგანს წარმოადგენს, ასევე მას პირდაპირი კავშირი ვერ ექნება ყოფილი მოსამართლის კომპეტენციაზე დღეს. საპირისპიროდ, უკვე არსებული სამოსამართლო გამოცდილება დანიშვნის ეტაპზე კანდიდატის მახასიათებლების დადგენის შესაძლებლობას ქმნის, რამაც შესაძლოა ობიექტური დამკვირვებელი დაარწმუნოს, პროფესიული უნარ-ჩვევების საკმარისობასა და დამატებით სასწავლო კურსის გავლის საჭიროებაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც პირის წარსული სამოსამართლო საქმიანობა იძლევა მისი ინდივიდუალური ნიშან-თვისებების შესწავლის ობიექტურ შესაძლებლობას, საჭიროებას არ წარმოადგენს წინასწარ კანდიდატთა სიის შეზღუდვა მაღალი ალბათობით მოსამართლის თანამდებობასთან შეუსაბამო პირთა, კანონმდებლის რწმენით „ძველი თაობის“ მოსამართლეების გამორიცხვით. ისეთი პირების მიმართ, რომელთაც უკვე გააჩნიათ სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება, რაც მის ცოდნასა და უნარ-ჩვევებზე მაღალი ალბათობით უკეთ მეტყველებს, ვიდრე სასწავლო კურსის გავლის ფაქტი და შედეგად მიღებული შეფასება, სადავო ნორმით დაწესებული ტვირთის დაწესება ზედმეტ ბარიერად უნდა მივიჩნიოთ. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ „იუსტიციის უმაღლესი სკოლის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-20 ადგენს საგნებს, რომლებსაც შეისწავლის იუსტიციის მსმენელი. საგნების ჩამონათვალი შემდეგია: ა) საქმის განხილვას პირველი ინსტანციის სასამართლოში; ბ) საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლოში; გ) საქმის განხილვას საკასაციო სასამართლოში; დ) სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალში კვალიფიკაციის საკითხებს; ე) სასამართლო განხილვისას საპროცესო დოკუმენტის (გადაწყვეტილების) მომზადებას; ვ) პროფესიულ ეთიკას; ზ) დისციპლინას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ; თ) უცხოურ ენას; ი) ასევე სხვა საგნებს, რომელთა ჩამონათვალს ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო სკოლის დირექტორის წარდგინებით. როგორც ვხედავთ, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში შეასწავლიან ძირითადად ისეთ საგნებს, რომლებიც მოსამართლეობის კანდიდატს გააცნობს სამოსამართლეო საქმიანობის განხორციელების დეტალებს და საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რათა პირს მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ გაუადვილდეს საქმიანობის განხორციელება. ეს კიდევ უფრო აშკარას ხდის მოსარჩელისათვის სამოსამართლო გამოცდილების არმქონე პირების იდენტური მოთხოვნების დაწესების დისკრიმინაციულობას. ცხადია, არაგონივრულია, კანონმდებლობა ფაქტად იღებდეს გარემოებას, რომ მხოლოდ და მხოლოდ დანიშვნის წესის გამო, ყოფილი მოსამართლეები საჭიროებენ იმ უნარ-ჩვევების შეძენას, რომელთა გარეშეც მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ვალდებულება, სასწავლო კურსის სავალდებულობასთან დაკავშირებით, კურსის შინაარსის გათვალისწინებითაც არ ემსახურება იმ მიზნებს, რომლებიც ამავე კანონით არის დადგენილი. მაშინ, როდესაც კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს, კონკურსში მონაწილე პირთა წრის შეზღუდვა ისეთი კანდიდატებით, რომელთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები, არა მარტო გონივრულობას, არამედ რაციონალურობას არის მოკლებული სასწავლო კურსის გავლის გარეშე ასეთი კატეგორიიდან იმ პირთა ბლანკეტური გამორიცხვა, რომელთაც სავარაუდოდ მოსამართლედ მუშაობის დროს ყველაზე რელევანტური ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევები შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ. მიზნის მიღწევის ასეთი საშუალება არ მიესადაგება მას და სახელმწიფოს თვითმიზნურ კატეგორიზაციას წარმოადგენს ყოფილ მოსამართლეებთან მიმართებით. იმის მიუხედავად, რეალურად აღმოაჩნდებათ თუ არა კონკურსის წესის გარეშე დანიშნულ ყოფილ მოსამართლეებს, საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, მათი საწყის ეტაპზევე კანდიდატთან წრიდან გამორიცხვა, სასწავლო კურსის გავლის გარეშე, თავადვე ეწინააღმდეგება, კანონმდებლის მიზანს, მაქსიმალურად შეზღუდოს კანდიდატთა სია ისეთი პირებით, რომელთაც მაღალი ალბათობით აღმოაჩნდებათ მოსამართლის თანამდებობისთვის შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები, ასევე შესაძლო მიზანს კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღებისას ასეთი კანდიდატების წახალისება მოახდინოს. სადავო ნორმა ეფუძნება სტერეოტიპულ რწმენას, რომ ადრეული პერიოდის ყოფილ მოსამართლეებს a priori არ აქვთ არანაირი უპირატესობა სხვა სამოსამართლო გამოცდილების არმქონე პირებთან მიმართებით და არ ფლობენ შესაბამის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომლებსაც, როგორც კონკურსის წესით დანიშნულ პირებთან მიმართებით კანონმდებლობაც მიანიშნებს, 18-თვიანი სამოსამართლო გამოცდილების შემდეგ შეიძენს პირი. რეალურად, არსებული საკანონმდებლო რეგულირება უნდობლობას უცხადებს „ძველი თაობის“ მოსამართლეებს და ემსახურება მათთვის ხელოვნური ბარიერების დაწესებას. კონკურსის წესის შემოღებამდე, მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობა კონკრეტულ დროსა და ვითარებაში ხორციელდებოდა და დასრულებულ პროცესს წარმოადგენს, რომელზეც გავლენა ვერ ექნებოდა და არ აქვს მოსარჩელეს, ან მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს. მოსამართლეების სამართლებრივად გაუარესებულ მდგომარეობაში ჩაყენება, მათი სამოსამართლო გამოცდილების მიუხედავად, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იმ ეტაპის შემდეგ ასრულებდნენ შესაბამის უფლებამოსილებებს, როდესაც ჯერ კიდევ არ მოქმედებდა მოსამართლედ დანიშვნის ახალი წესი, გაუმართებელია. მოსარჩელის მსგავსი კანდიდატების მიმართ აღნიშნული სასწავლო კურსის გავლის ვალდებულების არაგონივრულობას ადასტურებს კანონის კიდევ რამდენიმე ჩანაწერი, კერძოდ 34-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტები. პირველი ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან გათავისუფლებას. ამ ჩანაწერის მიხედვით, პირი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, შესაძლოა საერთოდ არასდროს ეკავა წარსულში მოსამართლის თანამდებობა, და არც წარსულში აქვს გავლილი სასწავლო კურსი, დღესაც თავისუფლდება იუსტიციის სკოლაში სასწავლო კურსის გავლის ვალდებულებისგან. ეს გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ რეალურად იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსის გავლა არ წარმოადგენს უპირობო და აუცილებელ წინაპირობას, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად. ანალოგიურად, 34-ე მუხლის მე-6 პუნქტით, სასწავლო კურსის გავლის წინაპირობა არ ეხებათ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც, მათი დანიშვნის წესის თუ სამოსამართლო საქმიანობის სპეციფიკის მიუხედავად. ამ დროს, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატები, რომლებიც ფლობენ ყველაზე რელევანტურ ცოდნასა და გამოცდილებას, თუმცა არ დანიშნულან ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით, კონკურსში მონაწილეობისთვისაც უგამონაკლისოდ მოეთხოვებათ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასწავლო კურსის გავლა. მნიშნველოვანია, რომ კანონმდებელი, სადავო ნორმის ამ ფორმულირებით, მოპყრობას არ უკავშირებს მოსამართლის საქმიანობის განხორციელებიდან გასულ დროს ან სხვა ობიექტურ გარემოებებს, არამედ მხოლოდ მოსამართლის დანიშვნის წესს, რომლის გამართულობა მხოლოდ სუბიექტური შეფასების საგანის შეიძლება იყოს, და ასევე პირდაპირი კავშირი ვერ ექნება ყოფილი მოსამართლის კომპეტენციაზე დღეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საკითხი არ ეხება მოსამართლის თანამდებობაზე უპირობო გამწესებას, არამედ კონკურსში მონაწილეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე სასწავლო კურსისგან გათავისუფლებით კონკურსის წესის გარეშე დანიშნული ყოფილი მოსამართლეების კომპეტენცია შემდგომში შეფასების საგანი კვლავ გახდება. როგორც უკვე ავღნიშნეთ, დიფერენციაციის ობიექტურ მიზანს წარმოადგენს ის, რომ კონკურსში მიიღოს მონაწილეოება რაც შეიძლება მაღალი ალბათობით შესაბამისმა კანდიდატმა, და თავის მხრივ, მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდეს პირები, რომელთაც გააჩნიათ ის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელთა შეძენასაც ემსახურება იუსტიციის უმაღლესი სკოლა. თუმცა, მიზნის მიღწევის შერჩეული საშუალება კანონმდებლის არარაციონალურ დასკვნას ეფუძნება და გაცხადებული მიზნის მიღწევას ვერ უზრუნველყოფს. სავალდებულო კურსის გავლის გარეშე, კონკურსში ვერ იღებს მონაწილეობას სწორედ, რომ მაღალი ხარისხით შესაბამისი კანდიდადები. ამდენად, დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის არათუ რეალური და რაციონალური კავშირი არ არსებობს, არამედ მიზნის განხორციელების საშუალება თავად ეწინააღმდეგება მას. პარლამენტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს დასაბუთება რა რაციონალური ახსნა აქვს კონკურსის წესის გარეშე დანიშნული ყოფილი მოსამართლეებისთვის კონკურსში მონაწილეობისთვის დაწესებულ დამატებით ტვირთს, რომელიც მათ გარდა მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატებს ეხება.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34 -ე მუხლის მე-3 პუნქტის, ასევე “იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის კონსტიტუციურობა კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით 34-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების სფეროდან ამორიცხული არიან და შესაბამისად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან თავისუფლდებიან „ახალი თაობის“ მოსამართლეობის კანდიდატები, რომელთაც წარსულში გაიარეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ საერთოდ დაინიშნენ თუ არა ისინი ამ თანამდებობაზე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი, ასევე ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. პირი, რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე. „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი იმეორებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლისს. ხსენებული საკანონმდებლო ნორმები და კერძოდ სიტყვები - „კონკურსის წესით“ - განასხვავებს ყოფილ მოსამართლეებს სწორედ დანიშვნის წესის მიხედვით და სადავო ნორმისგან გამონაკლის ადგენს მხოლოდ იმ ყოფილი მოსამართლეებისთვის, რომლებიც მოსამართლედ გამწესდნენ კონკურსის წესით. ამდენად, სადავო ნორმები შეზღუდვას (სკოლაში სრული სასწავლო კურსის გავლას) მხოლოდ კონკურის წესის გარეშე დანიშნულ მოსამართლეებს უდგენს. წინა ნაწილში განხილული სადავო ნორმისგან განსხვავებით, აღნიშნული ნორმები ეხება არსებითად თანასწორ პირებს, კერძოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე პირებს, რომელთაც სურთ მოსამართლის თანამდებობის დაკავება, ასევე აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს, თუმცა მათ მიმართ განსხვავებული მოთხოვნებია დაწესებული. მოსარჩელე წარმოადგენს ყოფილ მოსამართლეს, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რომელსაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მესამე პუნქტი და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი აწესებს, გარდა იმისა, რომ ის სასამართლოში გამწესებული არ იქნა კონკურსის წესით, რადგან იმ პერიოდში [1995 წელს], როდესაც მოსარჩელე მოსამართლედ დაინიშნა, მოსამართლედ დანიშვნა ხდებოდა კონკურსის გარეშე, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მოსარჩელე პირი მოთხოვნის ამ ნაწილში სადავოდ ხდის კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტს სრულად, ასევე არამარტო მის შემთხვევაში გამონაკლისის არარსებობის ფაქტს, არამედ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი პირების, კონკურსის წესით დანიშული ყოფილი მოსამართლეებისთვის ზოგადი ვალდებულებიდან გათავისუფლების მართებულობას, თუ მინისტრის ბრძანებით დანიშნული ყოფილი მოსამართლეები ასეთი პრივილეგიის მიღმა დარჩებიან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად ან მასაც არ უნდა მოეთხოვებოდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის გავლა, ალტერნატიულად კანონის 34 მუხლის მე-3 პუნქტის ნაწილში კონსტიტუციურობა გარანტირებული იქნება სხვა თანასწორ მდგომარებაში მყოფი პირების მიმართ ასეთი პრივილეგიის გაუქმებით. ცხადია, მოსარჩელე პირი აცნობიერებს, რომ კონკრეტულად ამ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა უპირობოდ არ გამოიწვევს, მოსარჩელის გათავისუფლებას იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვალდებულების გავლისგან, თუმცა შემდგომში გამონაკლისის შენარჩუნების შემთხვევაში, პარლამენტი ვალდებული იქნება, ასეთი გამონაკლისი გაავრცელოს მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებზეც (განჩინება საქმეზე ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 6; 7). საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს, ნორმის იმ ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ნორმის ადრესატებს არაგონივრულად ზღუდავს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ პირებთან მიმართებით (საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), თუმცა ასეთი პრაქტიკის გადახედვის შემთხვევაშიც, ცხადია, აღმჭურველი ნორმები დისკრიმინაციულობის შეფასებას ექვემდებარება (საოქმო ჩანაწერი საქმეზე სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან - ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია”, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი”, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), მხოლოდ იმ შემთხვევების გარდა, როდესაც თავად მოსარჩელე ზღუდავს მოთხოვნას, და დისკრიმინაციულობის დანახვის ნაცვლად, საკონსტიტუციო სასამართლოს, მისი აღმოფხვრის კონკრეტული გზის არჩევას სთხოვს (განჩინება საქმეზე ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 6; 7). კანონმდებელმა კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნისგან იმ ყოფილი მოსამართლეების გამორიცხვით, რომლებიც კონკურსის წესით იყვნენ გამწესებული და ჰქონდათ მოსამართედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის მუშაობის გამოცდილება, უკვე აღიარა კანდიდატების სამოსამართლო გამოცდილების მნიშვნელობა, თუმცა კონკურსის წესით და მის გარეშე დანიშნულ პირთა მსგავსი მდგომარეობის მიუხედავად, მათ განსხვავებული რეგულირებით უპასუხა. კერძოდ, კანდიდატის მიერ სასწავლო კურსის გავლა მოსამართლის თანამდებობის კვლავ დაკავების აუცილებელ წინაპირობად აღარ ჩათვალა განსაზღვრული (18 თვიანი) სამოსამართლო გამოცდილების გამო, თუმცა მხოლოდ კონკურსის წესით დანიშნულ პირებთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში უნდა შევაფასოთ რამდენად წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს ერთი მხრივ მოსამართლეები, რომლებიც არანაკლებ 18 თვის განმავლობაში იკავებდნენ მოსამართლის თანამდებობას და დანიშნულნი იყვნენ კონკურსის წესით, ხოლო მეორე მხრივ, პირები, რომელთაც ასევე არანაკლებ 18 თვის განმავლობაში ეკავათ მოსამართლის თანამდებობა, მაგრამ თანამდებობაზე გამწესებულნი არ იყვნენ კონკურსის წესით. ასეთი პირების შედარება კი უნდა მოხდეს მოსამართლის თანამდებობის დაკავების კონტექსტში. ერთადერთი ფაქტორი, რომელიც შესადარებელ პირებს ერთმანეთისგან განასხვავებს, არის წარსულში მათი მოსამართლედ დანიშვნის წესი. თავისთავად ის ფაქტი, რომ მათი დანიშვნა განსხვავებული წესით განხორციელდა, არ აქცევს მათ არსებითად არათანასწორ პირებად. თანამდებობაზე დანიშვნის წესი წარმოადგენს უმნიშვნელო ფაქტორს, რომელზე დაყრდნობითაც ყოფილი მოსამართლის კომპეტენციის შეფასება არარელევნატურია. არ არსებობს ზოგადი და ჩამოყალიბებული მიდგომა თუ მოსამართლედ დანიშვნის რომელი წესი უზრუნველყოფს თანამდებობაზე მაღალი კომპეტენციის მქონე პირების დანიშვნას. სხვადასხვა პერიოდში ეს წესი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი წესი ძველზე მეტი ლეგიტიმაციის მქონეა, ან პირიქით. აქედან გამომდინარე, არ არსებობს გარემოება, რომელიც მიუთითებდა შესადარებელ პირებს შორის არსებითად არათანასწორ მდგომარეობაზე. ამის შემდეგ, უნდა განისაზღვროს დიფერენციაციის ნიშანი. მოცემულ შემთხვევაში, დიფერენციაცია ხორციელდება „თანამდებობაზე დანიშვნის წესის“ ნიშნით. როგორც კონსტიტუციის 34-ე მუხლთან მიმართებით ვიმსჯელეთ, აქაც ადგილი არ აქვს კლასიკური ნიშნით განსხვავებულ მოპყრობას, არც უფლებაში ჩარევის განსაკუთრებულ ინტენსივობასთან გვაქვს საქმე, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული განსხვავებული მოპყრობა უნდა შეფასდეს რაციონალური დიფერენციაციის ტესტის მიხედვით. ამ შემთხვევაში, სადავო რეგულირება ვერ აკმაყოფილებს რაციონალური დიფერენციაციის ტესტის მოთხოვნებსაც, რადგან დიფერენციაციის არათუ გარდუვალობა, არამედ საჭიროებაც ვერ საბუთდება. ამასთანავე, არ არსებობს რეალური და რაციონალური კავშირი დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის. როგორც სარჩელის წინა ნაწილშიც ვიმსჯელეთ, სასწავლო კურსის შინაარსიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე. მოსარჩელისათვის „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა შეიძლება ემსახურებოდეს შემდეგ მიზანს - კონკურსში მონაწილე პირთა წრის შეზღუდვას ისეთი კანდიდატებით, რომელთაც გააჩნიათ საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევები, კერძოდ სამოსამართლეო საქმიანობის განხორციელების დეტალებისა და საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცოდნა. ეს კი თავის მხრივ უზრუნველყოფს საბოლოოდ მოსამართლედ იმ პირთა არჩევას, რომლებსაც აქვთ თანამდებობისთვის შესაფერისი მონაცემები. როდესაც თავად რელევანტური მოთხოვნით განსაზღვრული სასწავლო კურსი სამოსამართლო საქმიანობას და მისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს მიემართება, ყოფილ მოსამართლეებს კი ყველაზე რელევანტური გამოცდილება გააჩნიათ ამ კუთხით, ნორმით გათვალისწინებული ვალდებულება, სასწავლო კურსის სავალდებულობასთან დაკავშირებით, რაციონალურ კავშირში არ არის იმ მიზნებთან, რომლებიც ამავე კანონით არის დადგენილი. როგორც ვხედავთ, სახელმწიფო ეყრდნობა შემდეგ პრეზუმციას: ყოფილ მოსამართლეებს, რომელთაც არანაკლებ 18 თვის მანძილზე ეკავათ მოსამართლის თანამდებობა და თანამდებობაზე გამწესებულნი იყვნენ კონკურსის წესით, უკვე გააჩნიათ ზემოაღნიშნული პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები, იმავე დონის გამოცდილების მქონე ყოფილი მოსამართლეებისგან განსხვავებით, რომლებიც თანამდებობაზე არ გამწესებულან კონკურსის წესით, რომელთა მიმართაც კანონში ნაგულისხმებია მსგავსი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების საჭიროება. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის წესი არანაირად არ მეტყველებს მოსამართლის კომპეტენციაზე. „დანიშვნის წესის“ საფუძველზე ყოფილი მოსამართლეების განსხვავება და კონკურსის გარეშე დანიშნული მოსამართლეებისთვის საწყის ეტაპზევე, შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების დამატებითი მტკიცების ტვირთის დაკისრება, ეწინააღმდეგება თავად კანონმდებლის მიზანს კონკურსში მაღალი ალბათობით შესაბამისი კანდიდატები დაუშვას, ასევე კანონმდებლის სავარაუდო მიზანს კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღებისას ასეთი კანდიდატების წახალისება მოახდინოს. დანიშვნის წესით პირთა განსხვავებას, არანაირი პირდაპირი კავშირი არ გააჩნია კონკურსში მონაწილეთა კანდიდატთა წრის შეზღუდვის საბოლოო მიზანთანაც, მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდეს შესაბამისი პირები, რადგან არა დანიშვნის წესი, არამედ სამოსამართლო გამოცდილება და ან მისი ხარისხი შეიძლება განსაზღვრავდეს დღეს მოსამართლის თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. როგორც უკვე ვიმსჯელეთ, კანდიდატის ინდივიდუალური მახასიათებლების დადგენისთვის საკონსტიტუციო სასამართლოც მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნევს სამოსამართლო გამოცდილებას. ასევე შემთხვევითი არ არის, რომ კანონმდებელი მოსამართლედ მუშაობის გამოცდილებას განსაკუთრებულ რეგულირებას უკავშირებს (კონკურსის წესით დანიშნულ ყოფილ მოსამართლეებთან მიმართებით). ამის მიუხედავად, კონკურსის წესის გარეშე დანიშნული მოსამართლეები, რომელთა სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილებაც ცოდნასა და უნარ-ჩვევებზე მაღალი ალბათობით უკეთ მეტყველებს, ვიდრე სასწავლო კურსის გავლის ფაქტი, მაინც აწყდებიან დამატებით ბარიერს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამოსამართლო გამოცდილების უგულებელყოფის გარეშეც, მინისტრის ბრძანებით დანიშნული მოსამართლის კომპეტენციისა და პროფესიული ცოდნის ხარისხის შეფასების შესაძლებლობა მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების კონკურსში დაშვების შემდეგაც ექნება. როგორც უკვე ავღნიშნეთ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონის სისტემური ანალიზიც, კერძოდ 34-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტის ის რეგულირებები, რომელიც ეხება გამონაკლისს პირველი და მეორე ინსტანციის ყოფილი მოსამართლეებისთვის იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ თანამდებობაზე დანიშვნის მიუხედავად, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან უპირობო გათავისუფლებას, მიანიშნებს იმაზე, რომ სასწავლო კურსის გავლა არ წარმოადგენს უპირობო და აუცილებელ წინაპირობას, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა ეფუძნება სტერეოტიპებს ე.წ. „ძველი თაობის“ მოსამართლეების კომპეტენციის შესახებ და ემსახურება შეფარულ მიზანს - მათთვის ხელოვნური ბარიერების დაწესებას. როდესაც მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების ფაქტი არ წარმოადგენდა მოსარჩელე პირის გავლენის სფეროს, დღეს მისი სამართლებრივად გაუარესებულ მდგომარეობაში ჩაყენება, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ადრე მოქმედი წესის გამო ხდება. წესი კი, თავის მხრივ, სამოსამართლო გამოცდილების დამახასიათებელ არცერთ სხვა ობიექტურ კრიტერიუმს არ უკავშირდება (ასეთი შეიძლება ყოფილიყო გამოცდილების ხანგრძლივობა, ან მოსამართლის თანამდებობის დატოვების შემდგომ გასული დრო). ამდენად, კანონმდებლის თვითმიზნურ და არარაციონალურ დასკვნას ეფუძნება, მიზნის მიღწევის შერჩეული საშუალება, კონკურსში მონაწილეობისთვის ყოფილი მოსამართლეებიდან მხოლოდ კონკურსის წესით დანიშნული მოსამართლეები გაათავისუფლოს თეორიული ცოდნისა და სამოსამართლო უნარ-ჩვევების შეძენაზე ორიენტირებული სასწავლო კურსის გავლის ვალდებულებისგან.
„საერთო სასამართლოები შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებითსაქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას. კონსტიტუცია ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას განამტკიცებს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის თუ ის აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. თუმცა, თავისთავად ცხადია, რომ სახელმწიფოს არ აქვს შეუზღუდავი დისკრეცია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით დადგენილი უნდა იყოს გონივრული პირობები სახელმწიფო თანამდებობის დაკავებასთან მიმართებით - „ამდენად, კონსტიტუციის 29-ე მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში, განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია.“ საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მოითხოვს ლეგიტიმური მიზნისა და კერძო და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვას, როდესაც პირს ეზღუდება 29-ე მუხლით დაცული უფლება - „საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ სახელმწიფო თანამდებობა, მისი სპეციფიკურობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით, წარმოადგენდეს სტაბილურ და დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება კანონითა და კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელება. ამ თვალსაზრისით, განსახილველ საქმეზე უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომლის მისაღწევადაც შეეზღუდათ მეურვეებს საქმიანობის განხორციელების უფლება უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე და რამდენად სამართლიანად განისაზღვრა ბალანსი პირთა უფლებებსა და საჯარო ინტერესებს შორის.“ თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე შეფასებისას, უნდა ითქვას, რომ საჯარო მიზანი არსებობს, რომელთან დაკავშირებითაც მე-14 მუხლის ფარგლებში უკვე ვისაუბრეთ. მიუხედავად იმისა, რომ უფლებაში ჩარევა არ ხდება მაღალი ინტენსივობით და იუსტიციის უმაღლესი სკოლის გავლის დავალდებულება არ წარმოადგენს განსაკუთრებულ დაბრკოლებას, მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა ვერ უზრუნველყოფს გაცხადებული საჯარო მიზნის მიღწევას, რაზეც ასევე ვიმსჯელეთ მე-14 მუხლის ფარგლებში. შესაბამისად, როდესაც უფლების შეზღუდვა არ ემსახურება საჯარო მიზანს, ამ პირობებში თანაზომიერების პრინციპი ვერ იქნება დაცული. ზემოაღნიშნულს ადასტურებს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი მსჯელობაც: „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“. ამასთან, ცხადია, რომ უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა ვერ გამართლდება სასამართლოს რეფორმირების მოტივით. „რეფორმას პირველ რიგში სამართლებრივი საფუძველი უნდა ქონდეს და მოსამართლეთა უფლებამოსილების შეწყვეტა ამ საფუძვლის გარეშე პირიქით, სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მოქმედებს“. საბოლოოდ შეიძლება იმის თქმა, რომ კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული სფეროს შეზღუდვისას კანონმდებელს ევალება გონივრული და პროპორციული შეზღუდვის შემოღება. იმისათვის, რომ პროპორციულობა იქნას დაცული, აუცილებელია, რომ შეზღუდვა წარმოადგენდეს საჯაროს მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. ჩვენს შემთხვევაში კი სადავო რეგულირებას არანაირი კავშირი არ აქვს საჯარო მიზანთან, რადგან არ დგინდება რეალური კავშირი უფლების შეზღუდვის მიზეზსა და შედეგს შორის და შესაბამისად, შეზღუდვა არ წარმოადგენს გამოსადეგ საშუალებას ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 29-ე მუხლსაც. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკონსტიტუციო სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი და მესამე პუნქტის ის რეგულირებები, რომლებიც ყოფილ მოსამართლეებს, რომლებიც კონკურსის წესით არ იყვნენ გამწესებული უზენაეს სასამართლოში, რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლედ ხელახლა დანიშვნისთვის ავალდებულებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლას. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა