საქართველოს მოქალაქე ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/3/1251 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ზაზა თავაძე, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 30 მარტი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 მარტი 2018 20:29 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა)„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1251) მომართა საქართველოს მოქალაქე ნანა წულაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა 2017 წლის 6 სექტემბერს. №1251 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 30 მარტს.
2. №1251 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოთვლის პირის მოსამართლედ დანიშვნის (არჩევის) საფუძვლებს. ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად განსაზღვრულია მოსამართლეობის კანდიდატის მიერ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სრული სასწავლო კურსის გავლა. ამავე კანონის მე-3 პუნქტისა და “იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, „მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი, ასევე ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. პირი, რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს, ხოლო 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს”.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ნანა წულაძე არის ყოფილი მოსამართლე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე განწესდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 1995 წლის 14 ნოემბერს და 4 წლის განმავლობაში ეკავა მოსამართლის თანამდებობა. 1999 წლის 10 ივნისს მოსარჩელე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. 2015 წლის 28 ნოემბერს მოსარჩელემ წარმატებით ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. თუმცა იმის გამო, რომ მოსარჩელე 1995 წელს მოსამართლედ არ დანიშნულა კონკურსის წესით, იგი ვალდებულია, გაიაროს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სრული სასწავლო კურსი, რათა კვლავ დაიკავოს მოსამართლის თანამდებობა. სადავო რეგულირების საფუძველზე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებსაც მოსამართლის თანამდებობა ეკავათ არანაკლებ 18 თვისა და აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნული იყვნენ კონკურსის წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას ეზღუდება კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლებით დაცული უფლებები.
6. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი აწესებს თანაბარ მოპყრობას არსებითად არათანასწორ პირთა მიმართ, რაც შედეგად იწვევს დისკრიმინაციას, კერძოდ, სადავო ნორმის საფუძველზე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის ვალდებულება ეკისრებათ როგორც სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატებს, ასევე გამოცდილების მქონე პირებს, რომლებსაც ეკავათ მოსამართლის თანამდებობა, მაგრამ აღნიშნულ თანამდებობაზე არ დანიშნულან კონკურსის წესით.
7. მოსარჩელის არგუმენტაციით, კანონმდებლობით უკვე აღიარებულია სამოსამართლო გამოცდილების მქონე და არმქონე პირთა არსებითად უთანასწორობა, რადგან “საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მესამე პუნქტით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის ვალდებულებისგან თავისუფლდება პირი, რომელიც განწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო), ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. ამასთან, ყოფილი მოსამართლე თანამდებობაზე განწესებული იყო თუ არა კონკურსის წესით, აღნიშნული გარემოება კავშირში არ არის მოსამართლეობის კანდიდატის კომპეტენციასა და გამოცდილებასთან. შესაბამისად, არსებითად უთანასწოროდ უნდა იქნენ მიჩნეულნი, ერთი მხრივ, პირები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი სამოსამართლო გამოცდილება, მიუხედავად იმისა, კონკურსის წესით იყვნენ თუ არა დანიშნულნი, ხოლო, მეორე მხრივ, სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატები. მოსარჩელე დისკრიმინაციის ნიშნად ასახელებს სამოსამართლო გამოცდილებას, რასაც კონსტიტუციის მე-14 მუხლი სახელდებით არ ითვალისწინებს.
8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა არ წარმოადგენს უფლებაში ჩარევას მაღალი ინტენსივობით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს არ ევალება, დაასაბუთოს დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესის არსებობა. სადავო ნორმით გათვალისწინებული განსხვავებული მოპყრობა უნდა შეფასდეს რაციონალური დიფერენციაციის ტესტის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს ევალება დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობის, გარდაუვალობის ან საჭიროების დასაბუთება. ასევე, რეალური და რაციონალური კავშირის არსებობის დადასტურება დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის. მიუხედავად ამისა, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით გათვალისწინებული განსხვავებული მოპყრობა ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.
9. მოსარჩელის განმარტებით, არ არსებობს სადავო რეგულირების არსებობის გონივრული საფუძველი და არ საბუთდება არათუ მისი აუცილებლობა, არამედ საჭიროებაც კი. ამავე დროს, არ იკვეთება რაციონალური კავშირი დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის. კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლების მიზანს წარმოადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება. ასევე, იუსტიციის მსმენელის თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება. არსებული რეგულირება ეფუძნება რწმენას, რომ შესაბამისი სამოსამართლო გამოცდილების მქონე პირი არ ფლობს ზემოაღნიშნულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მხოლოდ იმის გამო, რომ ის თანამდებობაზე არ განწესებულა კონკურსის წესით. იქიდან გამომდინარე, რომ მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის წესი არანაირად არ მეტყველებს მის კომპეტენციაზე, მსგავსი რეგულირება გაუმართლებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ აწესებს თანაბარ ტვირთს, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან.
11. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს.
12. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის 29-ე მუხლი კანონმდებელს უწესებს შეზღუდვას, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კანონმდებლობით დადგენილ პირობებთან მიმართებით. კერძოდ, კანონმდებელი ვალდებულია, დაადგინოს გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს 29-ე მუხლით დაცული უფლება. ამასთანავე, აუცილებელია, დაცულ იქნეს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.
13. მოსარჩელის აზრით, ლეგიტიმური მიზანი არსებობს - მოსამართლის თანამდებობაზე კვალიფიციური პირის განწესების უზრუნველყოფა. თუმცა სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა არ არის გამოსადეგი საშუალება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და, სასამართლო სისტემის რეფორმის მოტივით, დაუშვებელია, გამართლდეს უფლების არაპროპორციული შეზღუდვა.
14. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი და “იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლიეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
15. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმები, რომლებიც იდენტური შინაარსის მატარებელია, ადგენს უთანასწორო მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის. არსებითად თანასწორ პირებად მიჩნეული არიან, ერთი მხრივ, ყოფილი მოსამართლეები, რომლებიც თანამდებობაზე განწესდნენ კონკურსის წესით და, მეორე მხრივ, ყოფილი მოსამართლეები, რომლებიც თანამდებობაზე კონკურსის წესით არ განწესებულან. უთანასწორო მოპყრობა გამოიხატება იმაში, რომ კონკურსის წესით დანიშნული, საკმარისი გამოცდილების მქონე, ყოფილი მოსამართლეები თავისუფლდებიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის ვალდებულებისგან. ხოლო იმავე დონის გამოცდილების მქონე ყოფილ მოსამართლეებს, რომლებიც კონკურსის წესით არ დანიშნულან მოსამართლის თანამდებობაზე, მოეთხოვებათ აღნიშნული სასწავლო კურსის გავლა, რათა კვლავ დაიკავონ მოსამართლის თანამდებობა. დისკრიმინაციის ნიშნად მოსარჩელე ასახელებს თანამდებობაზე დანიშვნის წესს, რასაც კონსტიტუციის მე-14 მუხლი სახელდებით არ ითვალისწინებს.
16. მოსარჩელე მიუთითებს, რომ, როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა არ წარმოადგენს უფლებაში ჩარევას მაღალი ინტენსივობით. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, განსხვავებული მოპყრობა უნდა შეფასდეს რაციონალური დიფერენციაციის ტესტის საფუძველზე.
17. მოსარჩელე განმარტავს, რომ მის მოთხოვნას წარმოადგენს უთანასწორო მოპყრობის აღმოფხვრა შესადარებელ პირთაგან ყველა მათგანის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის ვალდებულებისგან გათავისუფლების ან პირიქით, ამ ვალდებულების ყველასათვის დაკისრების გზით.
18. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, როგორც უკვე აღინიშნა, განსხვავებული მოპყრობა დაფუძნებულია რწმენაზე, რომ შესაბამისი სამოსამართლო გამოცდილების მქონე პირი არ ფლობს შესაბამის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, კონკურსის წესით დანიშნული ყოფილი მოსამართლეებისგან განსხვავებით, მხოლოდ იმის გამო, რომ ის თანამდებობაზე განწესდა სხვაგვარი წესით. რადგან მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის წესი არანაირად არ მეტყველებს მის კომპეტენციაზე, მსგავსი დიფერენცირება კონკურსის წესითა და სხვაგვარი წესით დანიშნულ მოსამართლეებს შორის გაუმართლებლად უნდა იქნეს მიჩნეული და სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №1251 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა იწვევს დისკრიმინაციულ მოპყრობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის ვალდებულება თანაბრად ეკისრებათ არსებითად არათანასწორ პირებს - ერთი მხრივ, სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატებს, მეორე მხრივ, გამოცდილების მქონე პირებს, რომლებსაც ეკავათ მოსამართლის თანამდებობა, მაგრამ აღნიშნულ თანამდებობაზე არ დანიშნულან კონკურსის წესით.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებულია კანონის წინაშე თანასწორობის უფლება, რომლის თანახმად: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა ან პირიქით.
4. გასაჩივრებული ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საქართველოს მოქალაქის მოსამართლედ გამწესების საერთო პირობებს, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლის პირობას. იუსტიციის სკოლის სასწავლო კურსის გავლის ვალდებულებიდან გამონაკლისები კი მითითებულია ამავე მუხლის მე-3 პუნქტში. შესაბამისად, კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი, ცალკე აღებული, არ ადგენს განსხვავებულ მოპყრობას პირთა გარკვეული ჯგუფისადმი, დაწესებული პირობები თანაბრად შეხება მოსამართლეობის მსურველ ყველა კანდიდატს. ერთი და იმავე უფლებრივი რეჟიმის გავრცელების გამო დისკრიმინაციული მოპყრობა შეიძლება სახეზე იყოს მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ შესადარებელი პირები არსებითად არათანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით საქართველოს კონსტიტუციის „მე-14 მუხლზე მსჯელობისას პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-19). აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობისას აუცილებელია, გამოიკვეთოს შესადარებელი ჯგუფები და განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენენ ისინი არსებითად არათანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით.
6. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ადგენს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სრული სასწავლო კურსის გავლის ვალდებულებას როგორც მოსამართლის თანამდებობის დაკავებისათვის აუცილებელ წინაპირობას. მოსარჩელის არგუმენტაციით, იმის გათვალისწინებით, რომ მას გააჩნია სამოსამართლო საქმიანობის საკმარისი გამოცდილება, ის განხილული უნდა იქნეს მსგავსი გამოცდილების არმქონე პირთა არსებითად არათანასწორ სუბიექტად. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას წარსულში მოსამართლედ საქმიანობის პერიოდში უკვე მიღებული აქვს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რის გამომუშავებასაც ემსახურება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეობის კანდიდატების მომზადება. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, მისი დონის სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილების მქონე პირები, რომლებიც წარსულში მოსამართლის თანამდებობაზე განწესდნენ კონკურსის წესით, თავისუფლდებიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის ვალდებულებისგან.
7. მოსარჩლის მიერ მითითებულ პირთა არსებითად თანასწორობის საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია, განისაზღვროს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიზანი და სასწავლო კურსის შინაარსი. „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სკოლის მიზანს, გარდა კანდიდატებისათვის პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებისა, ასევე წარმოადგენს იუსტიციის მსმენელის თეორიული ცოდნის გაღრმავება და სხვაგვარი ცოდნის მიღება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სკოლის დანიშნულებას ასევე წარმოადგენს მოქმედი მოსამართლეების პროფესიული სრულყოფა და მათი გადამზადება.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეობის კანდიდატების მომზადება ხდება ისეთ საკითხებში, რაშიც ცოდნის გადაცემას თანაბრად შეიძლება საჭიროებდეს როგორც სამოსამართლო გამოცდილების არმქონე, ასევე გამოცდილების მქონე პირი. კერძოდ, თეორიული ცოდნის გაღრმავებას თანაბრად შეიძლება საჭიროებდეს ნებისმიერი მოსამართლეობის კანდიდატი, მიუხედავად მისი პრაქტიკული გამოცდილებისა. კანდიდატის სამოსამართლო საქმიანობა თავისთავად არ გამორიცხავს მისთვის თეორიული ცოდნის გაღრმავების საჭიროებას. გარდა ამისა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწას ასევე შეიძლება საჭიროებდეს სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატიც. როგორც უკვე აღინიშნა, სკოლის დანიშნულებას წარმოადგენს არა მხოლოდ მოსამართლეობის კანდიდატთა მომზადება, ასევე მოქმედ მოსამართლეთა პროფესიული სრულყოფა და გადამზადება. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასწავლო კურსის გავლის საჭიროება, როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გასაღრმავებლად, შეიძლება არსებობდეს ნებისმიერი მოსამართლეობის კანდიდატის თუ მოქმედი მოსამართლის მიმართ.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებული შესადარებელი პირები, ამ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებისთვის. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, რომ კანონმდებელი მას მოეპყროს შესადარებელ პირთაგან განსხვავებულად, არ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული სფეროდან, შესაბამის სახეზე არ არის კანონის წინაშე ყველას თანასწორობის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა. შესაბამისად, №1251 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
10. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ №1251 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1251 („საქართველოს მოქალაქე ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1251 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში