აკაკი წერეთელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/7/1286 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 15 დეკემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 დეკემბერი 2023 11:20 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: აკაკი წერეთელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4021 მუხლის, 421-ე მუხლის პირველი ნაწილის, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-2 და მე-4 ნაწილების, 426-ე მუხლის პირველი, 21 და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 და მე-7 მუხლებთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-7 და მე-9 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1286) მომართა აკაკი წერეთელმა. №1286 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2017 წლის 22 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 15 დეკემბერს.
2. №1286 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლი, 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, 42-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-7, მე-9 პუნქტები, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4021 მუხლი საქართველოს საკასაციო სასამართლოს ანიჭებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის უფლებამოსილებას და განსაზღვრავს აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების რიგ წინაპირობებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილი არეგულირებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების საკითხს და მიუთითებს, რომ საქმის წარმოების განახლება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრების არსებობის შემთხვევაში. ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ა–გ“ ქვეპუნქტების თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა-გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, „ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში სასამართლო განიხილავს მოსარჩელე მხარისათვის შესაბამისი კომპენსაციის მიკუთვნების საკითხს, თუ მესამე პირების მიერ უფლებათა კეთილსინდისიერად მიღების გამო შეუძლებელია გადაწყვეტილების შეცვლა“.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, განცხადების შეტანის ვადად განისაზღვრება 1 თვე, რომლის გაგრძელებაც დაუშვებელია. ამავე მუხლის 21 ნაწილი განსხვავებულ ვადებს ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ხოლო, მეორე მხრივ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლებისთვის. დასახელებული მუხლის მე-4 ნაწილი კი ადგენს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა
5. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავდა, რომ „საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლით გარანტირებული იყო ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებები. ამასთანავე, სახელმწიფო და ხალხი ხელისუფლების განხორციელებისას ზღუდავდა ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავდა, რომ „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“, რაც შეეხება ამავე მუხლის მე-2 პუნქტს, მის საფუძველზე დაუშვებლად იყო გამოცხადებული ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
6. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა საკუთრების უფლებას, ხოლო 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი იყვნენ სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, მათ უფლება ჰქონდათ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განევითარებინათ თავიანთი კულტურა, ესარგებლათ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფდა ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც არ იყო მოხსენიებული კონსტიტუციაში, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობდა კონსტიტუციის პრინციპებიდან. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავდა სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, მე-2 პუნქტი განამტკიცებდა უფლებას განსჯად სასამართლოზე, მე-7 პუნქტი განსაზღვრავდა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების იურიდიული ძალის საკითხს, ხოლო მე-9 პუნქტი აწესებდა, რომ „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“.
7. 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან“, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადება განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტი კი აწესრიგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობას საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან და ნორმებთან, ადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებების მიმართებას შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებთან. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი განამტკიცებს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თანასწორ პირობებში შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა და ისარგებლონ დედაენით. კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი განამტკიცებს, რომ ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილია საკუთრების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება განსაზღვრავს ყოველი ადამიანის უფლებას, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე“, რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტს, იგი ადგენს, რომ კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არ აქვს.
8. №1286 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელის მიმართ, 2005 წლის 21 ივლისს, მიღებული იქნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის განჩინების საფუძველზე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული სასამართლო დავების პერიოდში მისთვის ხელმიუწვდომელი იყო დოკუმენტები, რომლითაც მტკიცდებოდა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები ემყარებოდა ყალბ მტკიცებულებებს და რომელთა სასამართლოსათვის წარდგენის შემთხვევაში, დადგებოდა მოსარჩელე მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგი. მოსარჩელე მხარის მითითებით, მას შემდგომ, რაც მისთვის ხელმისაწვდომი გახდა აღნიშნული დოკუმენტები, მან მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუმცაღა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასული იყო 5 წელზე მეტი, მოსარჩელის განცხადება დარჩა განუხილველი. 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დატოვა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.
9. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმებით განსაზღვრული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების მიღმა რჩება ის შემთხვევა, როდესაც მხარისთვის ცნობილი ხდება მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო ხელმისაწვდომი, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა მათი წარდგენა საქმის განხილვის განმავლობაში პირს ობიექტურად არ შეეძლო. ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობას მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდგომ გამოვლინდება მტკიცებულება ან გარემოება, რომლის ადრე წარდგენის შემთხვევაშიც, მხარისთვის დადგებოდა ხელსაყრელი შედეგი. გარდა ამისა, მოსარჩელის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები უფლებააღკვეთილი პირისათვის მხოლოდ უფლების დაცვის ფორმალურ შესაძლებლობას ითვალისწინებს. მაგალითად, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებისა და 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მოსამართლე ხელშეუხებელია და მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც გამორიცხავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედების მტკიცების შესაძლებლობას.
10. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის მე-4 ნაწილი მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) არსებობისას განიხილავს მხარისთვის კომპენსაციის მიკუთვნების საკითხს, თუმცა მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ ამგვარი შედეგის დადგომა თითქმის შეუძლებელია. იმავდროულად, მოსარჩელის არგუმენტაციით, კოდექსის დასახელებული დებულების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს მისი გერმანიის სამოქალაქო საპროცესო წესების მომწესრიგებელი კანონმდებლობისგან განსხვავებულობა.
11. კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე აყალიბებს საკუთარ ხედვებსა და მოსაზრებებს, ერთი მხრივ, თუ რა ნეგატიური გავლენა აქვს სადავო ნორმების მოქმედებას, ხოლო, მეორე მხრივ, როგორ უნდა შეიცვალოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იმ ფორმით, რომ უკეთესად დარეგულირდეს საქმის წარმოების განახლების პროცედურა და მისი განხილვის წესი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს მათი მოქმედების ნეგატიური გავლენა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე.
12. გარდა ამისა, მოსარჩელის მითითებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მისი საქმისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვისას უნდა გამოეყენებინა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული შესაძლებლობა. უზენაეს სასამართლოს უნდა შეეჩერებინა საქმის განხილვა და მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის შემოწმების მიზნით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ, თუ საქმის გადაწყვეტისას გამოსაყენებელი ნორმა არაკონსტიტუციურია, მოსამართლე ვალდებული უნდა იყოს, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. იმავდროულად, მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან ცხადი იყო მის მიერ მითითებული სადავო ნორმების წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებთან, სასამართლოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციის შესაბამისად უნდა გადაეწყვიტა საქმე. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელე განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4021 მუხლის საფუძველზე, ვალდებული იყო, მიემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის საკონსულტაციო დასკვნისთვის.
13. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები გაუმართლებლად უზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და, შესაბამისად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
14. მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-6 და მე-7 მუხლებთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-7, მე-9 პუნქტებთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და, შესაბამისად, აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომელსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავდა, რომ „საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ“. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის მიხედვით, დადგენილი იყო, რომ „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავდა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობას, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებლად მიიჩნევდა ადამიანის წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობას და სასჯელის გამოყენებას.
3. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებდა საკუთრების უფლებას, ხოლო 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი იყვნენ სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, მათ უფლება ჰქონდათ, თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განევითარებინათ თავიანთი კულტურა, ესარგებლათ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფდა ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც არ იყო მოხსენიებული კონსტიტუციაში, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობდა კონსტიტუციის პრინციპებიდან. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავდა სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, მე-2 პუნქტი ადგენდა ყოველი პირის უფლებას განსჯად სასამართლოზე, ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტი კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიულ ძალას არ ანიჭებდა. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი აწესებდა, რომ „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლის მსგავს დათქმას ითვალისწინებს საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადება და ამავე მუხლის მე-5 პუნქტი; სახელმწიფოს მიერ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებების ცნობისა და დაცვის ვალდებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით; საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 39-ე მუხლის ანალოგიურ ჩანაწერს ადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადება. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას; საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ტოლფას ჩანაწერს ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი; საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებას ადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი, ხოლო საკუთრების უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება განსაზღვრავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარანტირებულია უფლება განსჯად სასამართლოზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით კი, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არ აქვს.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1286 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო დებულებების კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-4 პუნქტის მე-2 წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან, მე-9 მუხლთან, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 და მე-10 პუნქტებთან მიმართებით.
6. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). გარდა ამისა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
7. №1286 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ მითითებულია ფიზიკური პირი, რომელიც სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-4 პუნქტის მე-2 წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით.
8. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნიათ, როდესაც ითხოვენ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მოსარჩელე მხარე ითხოვდეს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ დებულებებთან მიმართებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის №2/7/1465 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის №3/7/831 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის განჩინება №1/4/644 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება №1/2/541 საქმეზე „მაია ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-4 პუნქტის მე-2 წინადადება და მე-5 პუნქტი არ არის მოქცეული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში. ამგვარად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, რომ მოითხოვოს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნულ დებულებებთან მიმართებით.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4021 მუხლის, 421-ე მუხლის პირველი ნაწილის, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-2 და მე-4 ნაწილების, 426-ე მუხლის პირველი, 21 და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-4 პუნქტის მე-2 წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით, №1286 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
11. №1286 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 და მე-10 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მისი საქმის წარმოების ფარგლებში, უნდა გამოეყენებინა დასახელებული სადავო ნორმით დადგენილი უფლებამოსილება და მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების კონსტიტუციურობის შესამოწმებლად. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა უნდა შეიცავდეს ვალდებულებას საერთო სასამართლოსთვის, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქმე გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.
12. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლი ადგენს საერთო სასამართლოს მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის სამართლებრივ საფუძველსა და წესს. ამ წესის მიხედვით, თუ კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ნორმატიული აქტი, რომელიც სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს, შესაძლოა, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. წარდგინებით მიმართვის შემთხვევაში, საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. ხოლო, თუ საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ განეკუთვნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, განმარტავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სადავო ნორმებით განსაზღვრულ კონსტიტუციური წარდგინების მექანიზმს კონსტიტუციური საფუძვლები გააჩნია. კერძოდ, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობისა და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მექანიზმს ადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე, იხილავს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ და მისი საფუძვლიანი ვარაუდით, შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას.
14. საკუთარი სამართალწარმოების პრაქტიკაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ მიუთითებია საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოს კომპეტენციების გამიჯვნასა და აღნიშნული ორგანოების ურთიერთთანამშრომლობის ფორმებზე. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სახელისუფლებო არქიტექტურაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენისა და მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადების გზით, ექსკლუზიურად ენიჭება საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებისა და, ამ პროცესის შედეგად, არაკონსტიტუციური ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად ცნობის უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული კომპეტენციების ფარგლებში, განმარტავს საქართველოს კონსტიტუციას, უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. საერთო სასამართლოთა კომპეტენცია კი მართლმსაჯულების განხორციელებას მოიაზრებს, რაც, ბუნებრივია, ვერ განხორციელდება ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპისგან განყენებულად. საერთო სასამართლოები საკუთარი კონსტიტუციური ფუნქციის განხორციელებისას ისევე არიან შებოჭილი კონსტიტუციური წესრიგით, მისი ღირებულებების დაცვისა და ერთგულების ვალდებულებით, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ყველა სხვა შტო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციური წარდგინების ინსტიტუტი ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში კონსტიტუციის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი გარანტიაა, რომელიც საშუალებას აძლევს საერთო სასამართლოებს, თავიდან აიცილონ, სავარაუდოდ, არაკონსტიტუციური ნორმატიული აქტის გამოყენება. ამასთანავე, კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის შესაძლებლობა კონსტიტუციურ ღირებულებებს პრაქტიკულ და რეალურ ძალას სძენს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და წარმოადგენს საერთო სასამართლოების საქმიანობაში კონსტიტუციის მოთხოვნების გათვალისწინებისა და დაცვის უზრუნველყოფის ეფექტიან მექანიზმს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის №3/4/1648 გადაწყვეტილება საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-11). შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინების მექანიზმი ემსახურება ისეთ მნიშვნელოვან მიზანს, როგორიც არის საერთო სასამართლოში საქმის არაკონსტიტუციური ნორმის საფუძველზე გადაწყვეტის პრევენცია.
15. იმავდროულად, კონსტიტუციური წარდგინების მექანიზმის გამოყენების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ის, რომ საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა/ინდივიდუალური მოსამართლე მიიჩნევდეს, რომ კონკრეტული ნორმატიული აქტი შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ ნორმა, რომელიც უნდა გამოიყენოს კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციური წარდგინების მექანიზმის გამოყენება განეკუთვნება არა მის უფლებამოსილებას, არამედ ვალდებულებას. აღნიშნული არ წარმოადგენს მხოლოდ სადავო ნორმების მოთხოვნას, არამედ იგი გამომდინარეობს თავად საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპიდან და კონსტიტუციით დადგენილი სასამართლო ხელისუფლების არქიტექტურიდან, რომელიც განსაზღვრავს, რომ საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელია საკონსტიტუციო სასამართლო, ხოლო მართლმსაჯულებისა კი - საერთო სასამართლოები.
16. მოსარჩელე მხარე, სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისას, უთითებს მხოლოდ იმ არგუმენტზე, რომ საქმის წარმოების ფარგლებში, სასამართლო ვალდებული უნდა ყოფილიყო, კონსტიტუციური წარდგინებით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის. როგორც უკვე განიმარტა, სადავო ნორმა (ისევე, როგორც საქართველოს კონსტიტუცია) ამგვარ ვალდებულებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როდესაც მოსამართლეს გააჩნია საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საქმის განხილვისას გამოსაყენებელი კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. შესაბამისად, თუ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სამოქალაქო სამართლებრივ საქმეებში მოსამართლემ არ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეში გამოსაყენებელი ამა თუ იმ ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების თაობაზე, ივარაუდება, რომ მას არ გასჩენია საფუძვლიანი ვარაუდი ნორმის არაკონსტიტუციურობის შესახებ. აღნიშნულის საპირისპიროდ, №1286 კონსტიტუციური სარჩელით არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები თუ არგუმენტაცია, რომ ნორმის შემფარდებელი სასამართლო სადავო ნორმის შინაარსს კითხულობს განსხვავებულად, კერძოდ კი, მასში, სადავო ნორმით განსაზღვრული წინაპირობის არსებობისას, მოიაზრებს საქმის წარმოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის არა ვალდებულებას, არამედ დისკრეციულ უფლებამოსილებას.
17. კონსტიტუციური სარჩელით, ასევე სადავოდაა გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა. სადავო ნორმის თანახმად, თუ საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ განეკუთვნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.
18. მოსარჩელე მხარის არგუმენტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობრივი ბუნების გამო, საერთო სასამართლოს უარი უნდა ეთქვა აღნიშნული ნორმის გამოყენებაზე და მის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოება უნდა გადაეწყვიტა საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე.
19. მოსარჩელე მხარის ამ მოთხოვნასთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოების მიერ, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქმის გადაწყვეტის ვალდებულების დამდგენი დანაწესი არ წარმოადგენს კონსტიტუციური წარდგინების ინსტიტუტის ალტერნატიულ მექანიზმს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დანაწესზე, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ანიჭებს კომპეტენციას, პირის სარჩელის საფუძველზე, შეამოწმოს ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. ამავე დროს, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საერთო სასამართლოები მიიჩნევდნენ, რომ გამოსაყენებელი ნორმა, მოცემულ შემთხვევაში – მოსარჩელის მიერ პრობლემურად მიჩნეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი არაკონსტიტუციური იყო, მათ წარდგინებით უნდა მიემართათ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის. ამდენად, მოსარჩელის არგუმენტაციის საწინააღმდეგოდ, სადავო ნორმა, არათუ არ გამორიცხავს საერთო სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს კონსტიტუციით ბოჭვასა და მის შესაბამისად მიღებას, არამედ პირდაპირ აწესებს ამგვარ ვალდებულებას.
20. აღნიშნულისაგან დამოუკიდებლად, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია არც იმის თაობაზე, რატომ არ წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას მისთვის პრობლემური სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმება და, რომ, იმავდროულად, არსებობდა საერთო სასამართლოების მისი საქმის პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით გადაწყვეტის საჭიროება და ვალდებულება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც დაასაბუთებდა, რომ სადავო ნორმიდან მომდინარეობს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა.
21. №1286 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4021 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-10 პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმა საქართველოს საკასაციო სასამართლოს ანიჭებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის უფლებამოსილებას და განსაზღვრავს აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების რიგ წინაპირობებს. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოებისას საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნისათვის უნდა მიემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი. გარდა აღნიშნული მსჯელობისა, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია იმის დასასაბუთებლად, თუ რა გზით ზღუდავს სადავო ნორმა მოსარჩელის უფლებებსა და თავისუფლებებს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4021 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელია.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1286 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4021 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-10 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
23. №1286 კონსტიტუციური სარჩელით, აგრეთვე არაკონსტიტუციურადაა მიჩნეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-2 და მე-4 ნაწილების, 426-ე მუხლის პირველი, 21 და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმებით დადგენილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის უფლებამოსილების 1 თვიანი და 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნულ დებულებებს, რადგანაც ამ ვადის გასვლის შემდგომ შესაძლოა, მხარისათვის ცნობილი გახდეს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო საქმეში წარმოდგენილი, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
24. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმები განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით/განჩინებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის პროცედურებსა და ვადებს. ცალსახაა, რომ სადავო ნორმები განეკუთვნება სამოქალაქო საქმეებზე საპროცესოსამართლებრივი წესრიგის ნაწილს, არეგულირებს სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების პროცედურულ საკითხებს და სადავო ნორმები მიმართული არაა თავად მატერიალური უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის შეზღუდვის ან/და გაუქმებისკენ. გასაჩივრებული ნორმის მიზანმიმართულება შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უფლებრივი კომპონენტის პროცედურული მოწესრიგებითა და სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლების რეგლამენტაციით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, წარმოადგინოს დასაბუთება და არგუმენტაცია იმ მატერიალურ უფლებასთან მიმართებით, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე ნეგატიური შედეგი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის №3/4/1400 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9-11).
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „ ... სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის უშუალო შედეგი შეიძლება იყოს საკუთრების, თავისუფლების, თანასწორობის და ნებისმიერი სხვა უფლების დარღვევა. მაგრამ ეს, თავისთავად, არ ნიშნავს იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტების მარეგლამენტირებელი ნორმები, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, იმავდროულად, შეფასებადია ყველა იმ უფლებასთან, რომელთა დასაცავადაც პირი სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროების წინაშე დგება“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს №2/6/765 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №3/2/531 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები ‒ თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
26. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის რეგულირების სფეროს განეკუთვნება, სასამართლოსადმი მიმართვის გზით, მათ შორის, საკუთრების დაცვის პროცესუალური გარანტიების/ასპექტების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის ვალდებულება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის №2/14/879 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ (არასათანადო) სამოქალაქო საპროცესოსამართლებრივი რეგულაციები გამორიცხავს, მათ შორის, პირის საკუთრების დაცვის შესაძლებლობას, მათი კონსტიტუციურობის შემოწმება უნდა მოითხოვოს სწორედ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების მომწესრიგებელ კონსტიტუციურ ნორმასთან მიმართებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს №2/6/765 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
27. ამგვარად, რამდენადაც განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციები აწესრიგებს სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაციის პროცესუალურ ასპექტს და მის უშუალო სფეროს არ განეკუთვნება პირის ღირსების, თანასწორობის, საკუთრებითსამართლებრივი ურთიერთობის საკითხების მოწესრიგება, სადავო ნორმებიდან მომდინარე პოტენციურ შეზღუდვას მიმართება გააჩნია არა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველი პუნქტთან, არამედ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცულ სფეროსთან.
28. გარდა ამისა, კონსტიტუციური სარჩელით, ზემოაღნიშნული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები ასევე სადავოდაა გამხდარი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-10 პუნქტებთან მიმართებით.
29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესის დამდგენი რიგი ნორმების კონსტიტუციურობის საკითხს (იხ., მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის №3/4/1400 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და, მართალია, სადავოდ გამხდარ ნორმებს შეიძლება მიმართება ჰქონდეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან, თუმცაღა იმისათვის, რომ კონსტიტუციური სარჩელი მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ, გარკვეული დოზით მაინც, დაასაბუთოს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობა. საპირისპიროდ, მოცემულ შემთხვევაში, №1286 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე ზოგადად მსჯელობს მისთვის სასურველ საკანონმდებლო მოწესრიგებაზე, მიმოიხილავს სამოქალაქო სამართლებრივ დავებს, აღნიშნავს, რომ არაკონსტიტუციურია სადავო ნორმებით დადგენილი წესრიგი, თუმცა არ მოჰყავს სათანადო არგუმეტნაცია, რომლის მეშვეობითაც დაასაბუთებდა, რაში გამოიხატება სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვები ან/და რა განაპირობებს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას. ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმებით დადგენილ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ხანდაზმულობის ვადების არაკონსტიტუციურობის წარმოჩენას.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1286 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-2 და მე-4 ნაწილების, 426-ე მუხლის პირველი, 21 და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-10 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
31. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტს, რომ საქმე, რომელიც მოიცავს პლენუმის განსახილველ საკითხებს, სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიიღება, იგი საქმის იმ ნაწილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯადია, დაუყოვნებლივ გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას 7 დღის ვადაში, ამ კანონის 312 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადასცემს კოლეგიას“.
32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ეფექტიანი ფუნქციონირება და მისი გადატვირთულობისაგან დაცვა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი აღჭურვილია მთელი რიგი მნიშვნელოვანი კომპეტენციებით და მისი მოქმედება დაკავშირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლის ერთობლივ მუშაობასთან. დასახელებული ნორმით დამკვიდრებული მექანიზმი კანონმდებლობით ექსკლუზიურად მის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეებით გადატვირთულობის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს აძლევს ერთგვარი განტვირთვის შესაძლებლობას იმ საქმეების განხილვისაგან, რომელთა განხილვის კომპეტენცია საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიასაც გააჩნია. ამავდროულად, ხსენებული ნორმის მიზანი არ არის ერთი და იგივე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში გადასაწყვეტი საქმის ორჯერ განხილვა, ჯერ პლენუმისა და შემდგომ კოლეგიის მიერ. ნორმის ამგვარი განმარტება არ შეესაბამება საქმის ეფექტური განხილვის სტანდარტს (იხ. mutatis mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-160). ამ მექანიზმის ყოველ ჯერზე ბლანკეტურად გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, ხელოვნურად გაზრდიდა იმ დროს, რაც ობიექტურად საჭიროა საქმის საბოლოოდ გადაწყვეტისათვის და, ამ გზით, დააბრკოლებდა ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას, ისევე, როგორც გამოიწვევდა საკონსტიტუციო სასამართლოსა და პროცესის მონაწილე პირების ადამიანური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსის არაგონივრულ ხარჯვას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/4/1331 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“ და ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-14,15).
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ განმწესრიგებელ სხდომაზე დადგინდება, რომ კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსახილველ საკითხებს, არსებითად განსახილველად არ მიიღება სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლის განხილვაც ექსკლუზიურად პლენუმის კომპეტენციას მიეკუთვნება, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქმის იმ ნაწილს, რომელზე მსჯელობაც შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის ფორმატში, a priori არ გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად. აღნიშნული გარემოებების არსებობისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას საქმე გადაეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ დასახელებული ინტერესების შეფასებისა და დაბალანსების შემდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიზანშეწონილად მიიჩნევს საკითხის ამგვარ გადაწყვეტას.
34. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ორგანული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სადავოდ გამხდარ ნორმებზე მსჯელობა მიზანშეწონილია ერთიან კონტექსტში. კოლეგიის განსჯად ნაწილში სარჩელის გადაწყვეტა არ საჭიროებს საკითხის, დამატებით, კოლეგიის მიერ გამოკვლევას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიზანშეუწონლად მიიჩნევს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასების ნაწილში სარჩელის კოლეგიისათვის გადაცემას.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით, №1286 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1286 კონსტიტუციური სარჩელი („აკაკი წერეთელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში