ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/4/1362 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 15 დეკემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 დეკემბერი 2023 12:07 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტის (2020 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1362) მომართა ანა დოლიძემ. №1362 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2018 წლის 31 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 15 დეკემბერს.
2. №1362 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტი (2020 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) ადგენს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების ერთ-ერთი საფუძველია მოსამართლეობის კანდიდატის დასაბუთებული შუამდგომლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიკერძოებულობის თაობაზე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის მე-4 პუნქტი არეგულირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საკითხის გადაწყვეტის წესსა და პროცედურას.
4. №1362 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული იყო სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლება.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საჯარო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით.
6. №1362 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ 2017 წელს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ განწესების მოთხოვნით, მიმართეს სამი წლის ვადით დანიშნულმა მოსამართლეებმა, რომლებსაც უკვე ჰქონდათ სამწლიანი სამოსამართლო გამოცდილება. მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა - ანა დოლიძემ გააკეთა საჯარო განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს, რომლებმაც მიმართეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მართლაც ჰქონდათ სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება, თუმცა მათ ეს გამოცდილება დააგროვეს მძიმე წლებში, როდესაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიები ხორციელდებოდა მოსამართლეების ხელით, ხდებოდა პირების უკანონო დაკავება, პოლიტიკური დევნა და დაპატიმრება. აქედან გამომდინარე, მათი გამოცდილება შესაძლოა, სულაც არ ყოფილიყო სასარგებლო სასამართლო სისტემისათვის.
7. 2018 წლის 6, 7 და 8 თებერვალს, მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დასანიშნ კანდიდატებთან მიმდინარე გასაუბრების დროს მოსამართლეებმა შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და, სადავო ნორმის საფუძველზე, მოითხოვეს მათი არჩევის პროცედურისაგან ანა დოლიძის აცილება. შუამდგომლობების ავტორთა მტკიცებით, მოსარჩელის მიერ საჯარო განცხადებაში მითითებული გარემოებები ეჭვს იწვევდა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შუამდგომლობები დააკმაყოფილა და ანა დოლიძე ააცილა აღნიშნულ მოსამართლეთა გასაუბრებისა და კენჭისყრის პროცედურას. მოსარჩელემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 7 ივნისის №3/1365-18 გადაწყვეტილებით, კანონიერად მიიჩნია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, ანა დოლიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. მოსარჩელე განმარტავს, რომ იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ და საქართველოს კონსტიტუციით, მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მონაწილეობა მიიღოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში. სადავო ნორმების საფუძველზე ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება და, შესაბამისად, მისი ჩამოშორება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესისაგან. მართალია, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესისაგან აცილების შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კვლავაც ინარჩუნებს თანამდებობას და იღებს შესაბამის შრომის ანაზღაურებას, თუმცა იგი ვერ ახორციელებს კონსტიტუციით მისთვის დაკისრებულ უმთავრეს ფუნქციას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, იზღუდება საჯარო სამსახურში მისი საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლება.
9. მოსარჩელის მტკიცებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტი ბუნდოვანია, კერძოდ, აღნიშნული ნორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების ერთ-ერთ საფუძვლად ადგენს გარემოებას, რომელიც საეჭვოს ხდის მის მიუკერძოებლობას. ამასთან, სადავო ნორმა არ განსაზღვრავს ტერმინ მიუკერძოებლობის შინაარსს. მოსარჩელის აზრით, ეს ტერმინი ზედმეტად ფართოა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საფუძვლად მისი გამოყენება თანაბარი წარმატებითაა შესაძლებელი როგორც კონსტიტუციის შესაბამისი, ისე კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნორმატიული შინაარსით.
10. მოსარჩელის განმარტებით, არაკონსტიტუციურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, მიკერძოებად და, შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საფუძვლად მიიჩნევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ მოსამართლეობის კანდიდატების და არა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის კეთილსინდისიერებასთან და კომპეტენტურობასთან დაკავშირებით, წინასწარი საჯარო მოსაზრების გამოთქმა. ამდენად, მოსარჩელე მხარის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საჯარო განცხადებები, რომელშიც იგი ზოგადად საუბრობს მოსამართლეების გარკვეული კატეგორიის არაკეთილსინდისიერებაზე, თუმცა არ ახდენს რომელიმე კონკრეტული კანდიდატის იდენტიფიცირებას, არ უნდა გახდეს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურისგან მისი აცილების საფუძველი.
11. №1362 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლების სხვა შტოების მიერ მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე მათ მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მეშვეობით გავლენის მოხდენის შესაძლებლობა კონსტიტუციით გათვალისწინებული სასამართლო ხელისუფლების შეკავებისა და გაწონასწორების კონსტიტუციური სისტემის შემადგენელი ნაწილია. ამასთან, ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მონაწილეობა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში წარმოადგენს სახალხო სუვერენიტეტის პრინციპის გამოვლინებას. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცებით, საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ხელისუფლების სხვა შტოების წარმომადგენლების მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნული წევრებისათვის მოსამართლის დანიშვნის უფლებამოსილების შეზღუდვას, ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილებისა და სახალხო სუვერენიტეტის კონსტიტუციურ პრინციპებს.
12. მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის კოლეგიური ორგანო, შესაბამისად, იგი გადაწყვეტილებას შესარჩევი კანდიდატების მოსამართლედ დანიშვნის შესახებ იღებს კოლეგიურად. აქედან გამომდინარე, საბჭოს ერთი წევრის განწყობები კანდიდატის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, როგორც წესი, არ არის გადამწყვეტი და დამაზიანებელი ამ კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად. გარდა ამისა, კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამართლეობის კანდიდატს აქვს შესაძლებლობა, გასაუბრების ჩატარებამდე გაეცნოს კონკურსის ფარგლებში მის შესახებ მოძიებულ ინფორმაციას და დამატებითი ფაქტებისა და არგუმენტების წარდგენით, ეჭვქვეშ დააყენოს და გააბათილოს მოძიებული ინფორმაციის სისწორე, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, ეფუძნებოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უარყოფით განწყობას კანდიდატის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერთან ერთად, თუ მოსამართლეობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ კონკურსის ჩატარებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო მიკერძოებული, მას უფლება აქვს, მოსამართლედ განწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში.
13. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის ღირსეული კანდიდატის უფლება, დაიკავოს შესაბამისი თანამდებობა ობიექტურ პირობებში ჩატარებული კონკურსის საფუძველზე, საკმარისი საკანონმდებლო გარანტიებით არის დაცული და ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრის აცილება მოსამართლის დანიშვნის პროცესისაგან, რომელსაც არა პირადი ინტერესის გამო, არამედ პროფესიული თვალსაზრისით და საჯარო ინტერესების დაცვის მოტივით, უარყოფითი განწყობები გააჩნია კანდიდატის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლების მომეტებულ შეზღუდვას და არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
14. №1362 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ნორმის მოქმედებამ შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მისი საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლებას კერძოდ, 2018 წლის 30 ივლისის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გამოცხადდა მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 43 ვაკანსიაზე, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის (პალატის) და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (პალატის) მოსამართლეთა თანამდებობის დასაკავებლად. მოსარჩელის მტკიცებით, არსებობს საფრთხე იმისა, რომ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, თანამდებობის დაკავების მსურველმა მოსამართლეობის კანდიდატებმა, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, სარჩელში დასახელებული საფუძვლებით იშუამდგომლონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსისგან მოსარჩელის აცილების თაობაზე, ხოლო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააკმაყოფილოს მათი შუამდგომლობა. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს გასაჩივრებული ნორმების მოქმედება იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესაძლებლობას, მის მიერ მოსამართლეობის კანდიდატების და არა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის კეთილსინდისიერებასთან და კომპეტენტურობასთან დაკავშირებით, წინასწარი საჯარო მოსაზრების გამოთქმის შემთხვევაში.
15. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
16. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა, ხვიჩა კიკილაშვილმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს მიმართა შუამდგომლობით №1362 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დასახელებული დებულების ნაცვლად, დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებას.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული იყო სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, საჯარო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლება დაცულია 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს, რომ დავის საგანია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტის (2020 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის, სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
5. №1362 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტის (2020 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. „„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2019 წლის 13 დეკემბრის №5569-Iს საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტი 2020 წლის პირველი იანვრიდან ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, სადავო ნორმამ ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე. ამავდროულად, სადავო ნორმის 2020 წლის პირველ იანვრამდე მოქმედ რედაქციას, რომელსაც სადავოდ ხდის მოსარჩელე მხარე, შეესატყვისება სადავო ნორმის დღეს მოქმედი რედაქციის პირველი წინადადება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შეაფასებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე სამართლაწარმოების გაგრძელების საკითხს.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი პრაქტიკის თანახმად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის გაუქმება a priori არ უნდა იწვევდეს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10). ამდენად, სადავო ნორმის ძალადაკარგულობის პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლო სამართალწარმოებას გააგრძელებს, თუ, ერთი მხრივ, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოქმედი ნორმის პირობებში მისი უფლებების შეზღუდვა კვლავ სახეზეა და განგრძობადი ხასიათისაა, რაც განაპირობებს მის ინტერესს სამართალწარმოების გაგრძელებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, მოქმედი რედაქცია გაიმეორებს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავს შინაარსს.
7. №1362 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესაძლებლობას, მის მიერ მოსამართლეობის კანდიდატების და არა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის კეთილსინდისიერებასთან და კომპეტენტურობასთან დაკავშირებით, წინასწარი საჯარო მოსაზრების გამოთქმის შემთხვევაში. ამდენად, მოსარჩელე მხარის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ აბსტრაქტულად განსაზღვრულ პირთა წრის მიმართ გამოთქმული მოსაზრება არ უნდა გახდეს მისი აცილების საფუძველი. მოსარჩელე მხარისთვის ასევე პრობლემურია სადავო ნორმის საფუძველზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესაძლებლობა მაშინ, როდესაც მას არა პირადი ინტერესის გამო, არამედ პროფესიული თვალსაზრისით და საჯარო ინტერესების დაცვის მოტივით, უარყოფითი განწყობები გააჩნია კანდიდატის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ამდენად, ის განცხადებები, რომლებიც საჯარო ინტერესის დაცვის მოტივითაა გამოთქმული, არ უნდა გახდეს აცილების საფუძველი.
8. „„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2019 წლის 13 დეკემბრის №5569-Iს საქართველოს ორგანული კანონით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილება, კერძოდ, ზემოაღნიშნული კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „დაუშვებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება მის მიერ აბსტრაქტულად განსაზღვრულ პირთა წრის მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო“. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2020 წლის პირველი იანვრიდან, სადავო ნორმის ახალი რედაქციით ამოქმედების მომენტიდან. სარჩელის შემოტანის მომენტისთვის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი არ განსაზღვრავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ აბსტრაქტულად განსაზღვრულ პირთა წრის მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო ამ წევრის აცილების საკითხს. განხორციელებული ცვლილების შედეგად, დღეს მოქმედი რედაქციით, დაუშვებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება მის მიერ აბსტრაქტულად განსაზღვრულ პირთა წრის მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო. შესაბამისად, „„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2019 წლის 13 დეკემბრის №5569-Iს საქართველოს ორგანული კანონით განხორციელებული ცვლილებით, მოსარჩელის მიერ სარჩელში სადავოდ გამხდარი სამართლებრივი საკითხი არსებითად განსხვავებულად მოწესრიგდა.
9. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული ცვლილების მიუხედავად, მოსარჩელე მხარემ 2022 წლის 18 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა შუამდგომლობით და დააფიქსირა უწყვეტი ინტერესი სამართალწარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით, რამეთუ მოსარჩელის განმარტებით, ძალადაკარგული ნორმის მსგავსად, მოქმედი ნორმის პირობებშიც მოსარჩელის უფლებების შეზღუდვა კვლავ სახეზეა და მას განგრძობადი ხასიათი აქვს. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმის მოქმედი რედაქციის პირობებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საფუძვლად კვლავ რჩება „მიუკერძოებლობის“ კრიტერიუმი. აღნიშნული ტერმინი კვლავ ბუნდოვანი ხასიათისაა და ტოვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ისეთი საფუძვლით აცილების შესაძლებლობას, რომელიც განპირობებული იქნება კანდიდატის პროფესიულ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, საბჭოს წევრის უარყოფითი შეხედულებით.
10. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, №1362 კონსტიტუციურ სარჩელსა და შუამდგომლობაში წარმოდგენილი პოზიცია ცხადყოფს, რომ მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია სადავო ნორმაში გამოყენებული ტერმინის - „მიუკერძოებლობის“ განუჭვრეტადი ხასიათი. კერძოდ კი, სადავო ნორმის იმგვარი შინაარსი, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიკერძოება განპირობებულია კანდიდატის მიმართ არა პიროვნული მტრობის, არამედ მის პროფესიულ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, საბჭოს წევრის უარყოფითი შეხედულებით. სადავო ნორმა, სარჩელის შემოტანის მომენტის მსგავსად, კვლავ იძლევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესაძლებლობას „მიუკერძოებლობის“ საფუძვლით. სწორედ ამ ტერმინის ბუნდოვან ხასიათზე მიუთითებს მოსარჩელე წარმოდგენილი შუამდგომლობით.
11. განხორციელებული ცვლილებების შემდეგ არსებობს გარკვეული სხვაობა №1362 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ ნორმასა და მოქმედ ნორმას შორის, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობასაც მოსარჩელე ითხოვს 2022 წლის 18 ნოემბერს წარმოდგენილი შუამდგომლობით. კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა მეორე წინადადება, რომელიც კრძალავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მონაწილეობას მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის პროცედურაში, თუ იგი არის მოსამართლეობის კანდიდატის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა ან მშობელი. №1362 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია არსებითად უკავშირდება სადავო ნორმით გათვალისწინებულ ტერმინ „მიუკერძოებლობის“ შინაარსის განუჭვრეტად ხასიათს, რასაც მოსარჩელე ასევე ადასტურებს წარმოდგენილ შუამდგომლობაში. შესაბამისად, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სადავო ნორმებს შორის არსებული სხვაობა მოსარჩელეს სხვაგვარი არგუმენტაციის წარმოდგენისკენ უბიძგებდა ანდა არსებითად შეცვლიდა სასარჩელო არგუმენტაციის რელევანტურობას. ამდენად, სადავო ნორმის ზემოაღნიშნული ცვლილება არ განაპირობებს ახალი სარჩელისა და, შესაბამისად, შეცვლილი არგუმენტაციის წარდგენის საჭიროებას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელზე სამართალწარმოება უნდა გაგრძელდეს.
12. №1362 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. აღნიშნული ნორმა ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების პროცედურულ წესს, კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა უმრავლესობით. კენჭისყრაში არ მონაწილეობს საბჭოს ის წევრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება“.
13. მოსარჩელის განმარტებით, საჯარო ინტერესების დაცვის მიზნით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ კონკურსში მონაწილე კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის შესახებ საჯარო განცხადების გაკეთება არ უნდა იყოს მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანისა და, შესაბამისად, მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურისგან მისი აცილების საფუძველი.
14. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
15. №1362 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციიდან ცალსახად იკვეთება, რომ სარჩელი მიემართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების ერთ-ერთი საფუძვლის არაკონსტიტუციურობის მტკიცებას. კერძოდ, მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია საბჭოს წევრის აცილების შესაძლებლობა კონკურსში მონაწილე კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის შესახებ საჯარო განცხადების გაკეთების შემთხვევაში. მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს, თუ რაში გამოიხატება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების არსებული წესის არაკონსტიტუციურობა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის მე-4 პუნქტი შეეხება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ დაყენებული აცილების საკითხის გადაწყვეტის წესს, პროცედურას. მასში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ საბჭოს წევრის აცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ საბჭოს წევრები ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, ხოლო ის წევრი, ვის მიმართაც აცილების საკითხია დაყენებული, კენჭისყრაში არ მონაწილეობს. შესაბამისად, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა არ უკავშირდება დასახელებულ ნორმას.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1362 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1362 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
18. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, გასაჩივრებული ნორმის მოქმედებამ შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მისი საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლებას. კერძოდ, 2018 წლის 30 ივლისის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გამოცხადდა მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 43 ვაკანსიაზე, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის (პალატის) და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (პალატის) მოსამართლეთა თანამდებობის დასაკავებლად. მოსარჩელის მტკიცებით, არსებობს საფრთხე იმისა, რომ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით თანამდებობის დაკავების მსურველმა მოსამართლეობის კანდიდატებმა, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, სარჩელში დასახელებული საფუძვლებით იშუამდგომლონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსისგან მოსარჩელის აცილების თაობაზე, ხოლო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააკმაყოფილოს მათი შუამდგომლობა. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს გასაჩივრებული ნორმის მოქმედება იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესაძლებლობას, მის მიერ მოსამართლეობის კანდიდატების კეთილსინდისიერებასთან და კომპეტენტურობასთან დაკავშირებით, წინასწარი საჯარო მოსაზრების გამოთქმის შემთხვევაში.
19. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე.
20. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
21. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში, აფასებს ხსენებული მექანიზმის დროში მოქმედებისა და მისი ეფექტიანობის საკითხს. კერძოდ, შეჩერება მიზნის, გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილების ეფექტიანი საშუალება უნდა იყოს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის N1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). ამრიგად, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, იქნება თუ არა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული შედეგების თავიდან აცილების ქმედითი მექანიზმი.
22. მოსარჩელე მხარე მიუთითებს 2018 წლის 30 ივლისს გამოცხადებულ მოსამართლეობის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევის გასაუბრების ეტაპზე. წინამდებარე საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტში აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება უკვე დასრულებულია. ამდენად, უკვე გავლილია ის ეტაპი, რომელიც მოსარჩელის მიმართ სადავო ნორმის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება ვერ იქნება მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილების ქმედითი მექანიზმი. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტისათვის მოსარჩელე აღარ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რაც მის მიმართ განჭვრეტად მომავალში სადავო ნორმის მოქმედებას გამორიცხავს.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1362 კონსტიტუციური სარჩელი („ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1362 კონსტიტუციური სარჩელი („ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში