ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1362 |
ავტორ(ებ)ი | ანა დოლიძე |
თარიღი | 31 ოქტომბერი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტი: „მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისას მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება, თუ არსებობს ინტერესთა შეუთავსებლობა, კერძოდ, გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის საბჭოს ამ წევრის ობიექტურობას, დამოუკიდებლობას ან/და მიუკერძოებლობას.“ | საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტი |
,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 353 მუხლის მეოთხე პუნქტი: ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა უმრავლესობით. კენჭისყრაში არ მონაწილეობს საბჭოს ის წევრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება.“ | საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
სარჩელს თან ერთვის თბილისის საქალაქო 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №3/1365-18 საქმეზე. ამ საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე, ხოლო მოპასუხეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. გადაწყვეტილების მე-3 გვერდზე აღნიშნულია: საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 08 იანვრის N08/01/01 განკარგულებით ანა დოლიძე 2018 წლის 17 იანვრიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 04 (ოთხი) წლის ვადით.
2017 წელს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლის საფუძველზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უვადოდ გამწესების მოთხოვნით, მიმართეს სამი წლის ვადით დანიშნულმა იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც უკვე ჰქონდათ სამწლიანი სამოსამართლო გამოცდილება. 2018 წლის 06, 07 და 08 თებერვალს ჩატარდა გასაუბრება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ მოსამართლეებთან, რომლებმაც გააკეთეს განაცხადი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის შესახებ.
2018 წლის 06 თებერვალს, გასაუბრებაზე, მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე იშუამდგომლა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის - ანა დოლიძის აცილების თაობაზე, ინტერესთა შეუთავსებლობის გამო, ვინაიდან მისი მოსაზრებით, ანა დოლიძის მიერ საჯარო განცხადებაში მითითებული გარემოებები ეჭვს იწვევდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.
2018 წლის 07 და 08 თებერვალს ანალოგიური შინაარსის შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეებმა - რევაზ ნადარაიამ, მერაბ ლომიძემ, ლეილა მამულაშვილმა, ილონა თოდუამ, ნუგზარ მგელაძემ, ნინო ონიანმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მალხაზ ოქროპირაშვილმა, თეიმურაზ სვანიძემ, შოთა სირაძემ, ირაკლი ბონდარენკომ, მანანა ჩოხელმა და რომან ხორავამ. მათი მოსაზრებით, ანა დოლიძის მიერ საჯარო განცხადებაში მითითებული გარემოებები ეჭვს იწვევდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.“
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების 8-9 გვერდზე აღნიშნულია: ,,საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და მხარეთა ახსნა- განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლო მიუთითებს, რომ აცილების თაობაზე მოსამართლეთა შუამდგომლობები ეფუძნებოდა ანა დოლიძის იმ საჯარო განცხადებას, რომელშიც მან მიუთითა, რომ მოსამართლეებს, რომლებმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლის საფუძველზე მიმართეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მართალია ჰქონდათ სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ მათ ეს გამოცდილება დააგროვეს ძალიან მძიმე წლებში, განსაკუთრებით იმ მოსამართლეებმა, რომლებიც საქმიანობას ახორციელებდნენ სისხლის სამართლის სფეროში და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიები ხორციელდებოდა მოსამართლეების ხელით, ხდებოდა პირების უკანონო დაკავება, პოლიტიკური დევნა და დაპატიმრება, ამიტომ გამოცდილება, რომელიც შეიძლება ბევრ მოსამართლეს ჰქონდეს დაგროვილი სულაც არ შეიძლება იყოს საამაყო, ის შეიძლება არც წაადგეს სასამართლო სისტემას. ანა დოლიძის განმარტებით, ცალსახაა, რომ 2004-2012 წლებში ხორციელდებოდა პოლიტიკური რეპრესიები, ხოლო რეპრესიები ხორციელდებოდა მოსამართლეების მეშვეობით, უმეტესწილად მათ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებში. ასევე მოსამართლეთა შუამდგომლობები ეფუძნებოდა ანა დოლიძის იმ საჯარო განცხადებას, რომელშიც საუბარი იყო სასამართლო სისტემის „ადეიშვილის ნარჩენებისაგან“ გათავისუფლების თაობაზე.“ მოსამართლეებმა შუამდგომლობის საფუძვლად მიუთითეს სადავო ნორმა. ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა საქართველოს იუსტიციის საბჭომ და ანა დოლიძე ააცილა ზემოხსენებული მოსამართლეების არჩევის პროცედურას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების 10-11 გვერდზე განაცხადა: ,,სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 06, 07 და 08 თებერვლის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ანა დოლიძეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.“
ამგვარად, სადავო ნორმამ უშუალოდ შელახა მოსარჩელე ანა დოლიძის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტით გარანტირებული უფლებები. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) გასაჩივრებულია კანონი, რომელის კონსტიტუციურობაზე მსჯელობაც შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის გა საჩივრებისაგან დამოუკიდებლად;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტით დაცული სფერო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 7 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ერთმანეთისაგან გამიჯნა კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დაცული სფეროები. ამ გადაწყვეტილების მე-2 თავის მე-13 პუნქტში ნათქვამია: ,,საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. აღნიშნული დანაწესი მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლებრივ კომპონენტებს, მათ შორის სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას.“ ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის მე-14 პუნქტში ნათქვამია: ,,ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის განხორციელების უფლებას – საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი.“
ამგვარად, კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროზე საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლო საუბრობს ,,სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის უფლებაზე“ ,,სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელ განხორციელებაზე“ და არა მხოლოდ სახელმწიფო სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებაზე. კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტით დაცულ სფეროში შეჭრას არა მარტო მაშინ აქვს ადგილი, როცა საჯარო მოხელეს სამუდამოდ ათავისუფლებენ საჯარო სამსახურიდან, არამედ მაშინაც, როდესაც სახელმწიფო მოსამსახურეს თუნდაც დროებით არა აქვს მასზე კონსტიტუციით თუ კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში შეჭრაზე გავლენას ვერ მოახდენს ის გარემოება, რომ იმ პერიოდში, როდესაც საჯარო მოხელეს არა აქვს საკუთარი მოვალეობის განხორციელების შესაძლებლობა, ის შეიძლება იღებდეს ხელფასს და სარგებლობდეს თანამდებობასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიებით. კონსტიტუციის 29-ე მუხლი, პირველ რიგში, იცავს ,,საქართველოს მოქალაქის შესაძლებლობას, უშუალოდ, ... მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო მმართველობის პროცესში”(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/614,616 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიგა ბარათაშვილი და კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2) და არა ხელფასზე უფლებას. ეს უკანასკნელი სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობის უფლებიდან გამომდინარე, აქცესორული უფლებაა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მე-2 თავის 56-ე პუნქტში განაცხადა: ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება არის შრომითი ურთიერთობის სპეციფიკური სახე, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს პროფესიული თვითრეალიზების ერთ-ერთ საშუალებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქისთვის უზრუნველყოფს შესაძლებლობას, უშუალოდ ჩაერთოს სახელმწიფოს მმართველობით საქმიანობაში, რაც, მათ შორის, მოიცავს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებასა და აღსრულებას სახელმწიფოს სახელით. ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ უფლებრივ გამოხატულებას წარმოადგენს.“
ამგვარად, კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტში ჩარევისათვის გადამწყვეტია შემდეგი გარემოების დადგენა: სადავო ნორმით, ხომ არ ხდება სახელმწიფო მოსამსახურის ჩამოცილება სახელმწიფო მმართველობით საქმიანობაში მონაწილეობისაგან, რაც მოიცავს სახელმწიფოს სახელით გადაწყვეტილებების მიღების აკრძალვას; ეზღუდება თუ არა საჯარო მოხელეს პროფესიული თვითრეალიზაციის შესაძლებლობა.
თანამდებობა, რომელიც მოსარჩელე ანა დოლიძეს უკავია, პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციით. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი პრეზიდენტს ანიჭებს უფლებას, დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. თავად კონსტიტუცია განსაზღვრავს იმ საქმიანობას, რაც კოლეგიური ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უნდა განახორციელონ: ეს არის მოსამართლეების დანიშვნის პროცესში მონაწილეობა (საქართველოს კონსტიტუციის 861-ე მუხლის პირველი პუნქტი).
,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტი მოსამართლეობის კანდიდატს აძლევს უფლებას, რომ შუამდგომლობით მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს იმის თაობაზე, რომ იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი მიკერძოებულია მის მიმართ. მოსამართლეობის კანდიდატს მიკერძოების გარემოების დასაბუთება შეუძლია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საჯარო განცხადებით, სადაც აღნიშნული იქნება ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოცემული წევრი მისცემს იმ მოსამართლეობის კანდიდატის წინააღმდეგ ხმას, ვინც პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებდა. ამ შუამდგომლობის საფუძველზე, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 353 მუხლის მეოთხე პუნქტზე დაყრდნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამის შემდეგ იუსტიციის საბჭოს აცილებული წევრი, ვეღარ ახორციელებს თავის კონსტიტუციურ ფუნქციას, მონაწილეობა მიიღოს მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. იმ გარემოების გათვალისწინებით რომ საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ნიშნავს, მათ შორის იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა მონაწილეობა მიიღოს მოსამართლის დანიშვნის პროცესში, სადავო ნორმა ზღუდავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების შეუფერხებელი განხორციელების შესაძლებლობას, თუნდაც ერთი მოსამართლის დანიშვნასთან მიმართებაში. აცილების მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ინარჩუნებს თანამდებობას, მასთან დაკავშირებული შრომის ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას, ამით არ იცვლება მთავარი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სადავო ნორმების საფუძველზე, მოკლებული ხდება შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების პროცესში. იუსტიციის საბჭოს აცილებული წევრი მოკლებული ხდება შესაძლებლობას, თავისი სიტყვა თქვას მოსამართლის არჩევის პროცესში, რისი უფლებამოსილებაც მას კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტმა და 861 მუხლის პირველმა პუნქტმა მიანიჭა. თუკი რამისაგან იცავს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტი საქართველოს მოქალაქეს, ეს, პირველ რიგში, არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების შეუფერხებელი განხორციელება სახელმწიფო სამსახურში. სადავო ნორმის საფუძველზე, კი იუსტიციის საბჭოს წევრი ვერ ახორციელებს თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ვერ მონაწილეობს მოსამართლის დანიშვნის პროცესში.
ამგვარად, სადავო ნორმებით, მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, აცილება მისცეს საბჭოს წევრს, ხოლო საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება იწვევს იუსტიციის საბჭოს შესაბამისი წევრის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობას. ამით სადავო ნორმა იჭრება კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში. ვინაიდან კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი იცავს სახელმწიფო მოსამსახურის უფლებას, დაუბრკოლებლად განახორციელოს თავისი უფლებამოსილება, სადავო ნორმებით სწორედ ამ უფლების შეზღუდვა ხდება. ამ ეტაპზე უნდა განისაზღვროს, რამდენად ხდება უფლების შეზღუდვა განჭვრეტადი ნორმით. ხომ არ შეიძლება სადავო ნორმის ერთ-ერთი განმარტება იყოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტის საწინააღმდეგო.
2. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 353 მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტების ბუნდოვანების პრობლემა
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შემდეგ საფუძველს: იუსტიციის საბჭოს წევრის მხრიდან დამოუკიდებლობის, ობიექტურობის და მიუკერძოებლობის არარსებობას. თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო უმრავლესობით დაადგენს ამ სამი გარემოებიდან ერთ-ერთის არსებობას მაინც, ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ჩამოცილება მოსამართლის დანიშვნის პროცესიდან. ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 353 მუხლი ისე ადგენს დამოუკიდებლობის, ობიექტურობის და მიუკერძოებლობის არარსებობას, როგორც საბჭოს წევრის აცილების საფუძვლებს, რომ არ განსაზღვრავს თითოეული მათგანის შინაარსს. მოსარჩელის კონტექსტში განსაკუთრებით პრობლემურია ტერმინი ,,მიუკერძოებლობის“ შინაარსი. ეს ტერმინი იმდენად ფართოა, რომ შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც კონსტიტუციის შესაბამისი ნორმატიული შინაარსით, ისე იმგვარი ნორმატიული შინაარსით, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან. ტერმინი ,,მიუკერძოებლობის“ დავიწროება ბევრად უფრო უზრუნველყოფდა, ლეგიტიმური მიზნის მიღწევას - მოსამართლის თანამდებობაზე კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კანდიდატის შერჩევას. იმ პირობებში, როდესაც კანონმდებელი არ ადგენს ტერმინი ,,მიუკერძოებლობის“ ამომწურავ განმარტებას, ეს ტერმინი იძენს საკმაოდ მრავალფეროვან ნორმატიულ შინაარსს. ამ ტერმინიდან მომდინარე ნორმატიული შინაარსის ნაწილი კონსტიტუციურ-სამართლებრივად ამართლებს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვას და მასთან ერთად, კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტიდან და 861 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციური სქემიდან გადახვევას, ტერმინ ,,მიუკერძოებლობაში“ მოაზრებული სხვა ნორმატიული შინაარსი არც კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი და 861 მუხლის პირველი პუნქტით მოაზრებული სისტემიდან გადახვევას არ ამართლებს და კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებულ უფლებასაც არღვევს.
,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტში ჩაწერილი სიტყვები ,,ობიექტურობა და მიუკერძოებლობა“ კონსტიტუციურია იმ ნორმატიული შინაარსით, როდესაც მოსამართლეობის კანდიდატი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ოჯახის წევრი ან ნათესავი. ოჯახურ-ნათესაური კავშირი ბუნებრივია გავლენას ახდენს იუსტიციის საბჭოს წევრზე, გადაწყვეტილების მიღებისას თვალი დახუჭოს იმ ნაკლზე, რაც კანდიდატს ობიექტურად გააჩნია კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმთან დაკავშირებით. როდესაც პირის მოსამართლედ დანიშვნას ოჯახური და ნათესაური კავშირიდან გამომდინარე მიკერძოება განაპირობებს და არა კანდიდატის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა, ამით შეუძლებელია სამართლიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების ლეგიტიმური მიზნის მიღწევა. ამიტომ ამ ნორმატიული შინაარსით გასაჩივრებული ნორმა კონსტიტუციურია.
იგივე შეიძლება ითქვას კანდიდატსა და იუსტიციის საბჭოს წევრს შორის ფინანსური ან სხვა ტიპის ვალდებულების არსებობის თაობაზე. ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაშიც, არსებობს იმის საფრთხე, რომ იუსტიციის საბჭოს წევრმა გადაწყვეტილება არ მიიღოს კანდიდატის კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ობიექტური კრიტერიუმით, არამედ კანდიდატისაგან ფინანსური გამორჩენის მიღების გამო. ასეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვა გამართლებულია მოსამართლის თანამდებობაზე კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კანდიდატის არჩევის ლეგიტიმური მიზნით.
დავის საგანს არ წარმოადგენს ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტის იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიუკერძოებლობას და ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მოსამართლეობისა და საბჭოს წევრს შორის არსებული პიროვნული მტრობის გამო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მოსამართლეობის კანდიდატი შესაძლოა იყვნენ დაპირისპირებული მხარეები სხვადასხვა სამართლებრივ დავებში: იქნება ეს სამოქალაქო, ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი. იუსტიციის საბჭოს წევრსა და მოსამართლეობის კანდიდატს შორის წარსულში შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ძალადობრივ ინცინდენტებსაც, რაც ნამდვილად წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რის გამოც კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებულია შეიზღუდოს მიკერძოებული იუსტიციის საბჭოს წევრის კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებული უფლება. ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ასეთი პიროვნულად მიკერძოებული იუსტიციის საბჭოს წევრი საბჭომ უნდა განარიდოს იმ პირის მოსამართლედ დანიშვნის პროცესს, რომლის მიმართაც მას პირადი წყენა შეიძლება ჰქონდეს.
ამის საწინააღმდეგოდ, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტში ჩაწერილ სიტყვა ,,მიუკერძოებლობას“ შესაძლოა გააჩნდეს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტის საწინააღმდეგო შინაარსიც. ეს ხდება მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კანდიდატის მიმართ ,,მიკერძოებულია“ არა პიროვნული წყენის გამო, არამედ იმის გამო, რომ გააჩნია უარყოფითი წარმოდგენა კანდიდატის კვალიფიციურობასთან და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ამ დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოქმედებს არა პირადი გამორჩენის მისაღებად თუ პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, არამედ სწორედ იმ ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად, რისთვისაც გასაჩივრებული ნორმებით იზღუდება კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლება. ეს ლეგიტიმური მიზანია ადამიანების უზრუნველყოფა სამართლიანი, დამოუკიდებელი და ხარისხიანი მართლმსაჯულებით. ცხადია, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი თვლის, რომ კანდიდატი, მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნისას ვერ იქნება მედეგი გარე ზეწოლის მიმართ, ამ დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოქმედებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ინტერესის უზრუნველსაყოფად. ამის მიუხედავად, იუსტიციის საბჭოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ასეთი წევრი მიკერძოებულია და არსებობს მისი აცილების საფუძველი. სადავო ნორმაში ჩაწერილი ტერმინი ,,ობიექტურობა და მიუკერძოებლობა“ ბუნდოვანების გამო გზას უხსნიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლოს ამგვარ განმარტებას.
ასეთი განმარტება, მართალია, გამომდინარეობს სადავო ნორმიდან, მაგრამ შესაბამისობაში ვერ მოდის კონსტიტუციასთან. იუსტიციის საბჭოს წევრის მიკერძოება, რაც არა პირადი ურთიერთობით ან წყენით, არამედ საჯარო ინტერესების დაცვით არის განპირობებული, შეიძლება შეიცვალოს კანდიდატის წარსული საქმიანობის შესწავლის და გასაუბრების პროცესის შედეგად ან მაშინ, როცა კანდიდატი მისი არაკეთილსინდისიერების შესახებ საბჭოს წევრისათვის ცნობილ ინფორმაციას გააბათილებს სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით. ვერც გასაუბრების და ვერც კანდიდატის წარსული საქმიანობის შესწავლის პროცესი ვერ გააბათილებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ისეთ მიკერძოებას, რაც განპირობებულია ოჯახურ-ნათესაური კავშირით ან პირადი წყენით. ამიტომ უკანასკნელ შემთხვევაში აცილების უფლებამოსილების გამოყენება კონსტიტუციურია, მაგრამ ამ უფლებამოსილების გამოყენება არაკონსტიტუციურია მაშინ, როცა საბჭოს წევრის მიკერძოება საჯარო ინტერესის დაცვას ეფუძნება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 15 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეზე მეორე თავის მე-20 პუნქტში განაცხადა: ,,მართალია, საკონსტიტუციო სასამართლო, მოცემული დავის ფარგლებში, გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს არ წყვეტს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავს მიღმა არსებულ კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით, თუმცა კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას იგი კონსტიტუციას განიხილავს როგორც ერთიან ორგანიზმს. შეუძლებელია, სადავო საკითხის კონსტიტუციურობის სრულფასოვანი გადაწყვეტა, თუ სასამართლო კონსტიტუციის ნორმებს ერთმანეთთან კავშირში არ წაიკითხავს/განმარტავს.”
საქართველოს კონსტიტუციის 86 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.“ ეს მუხლი მიუთითებს იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმცირესობაში შეიძლება იყვნენ არამოსამართლე წევრებიც, რომლებისაც საბჭოს წევრ მოსამართლეთა მსგავსად აქვთ მოსამართლეთა დანიშვნა-გათავისუფლების პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი პირდაპირ ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი არამოსამართლე წევრის დანიშვნის შესაძლებლობას, კერძოდ, ამ კონსტიტუციურ დებულებაში აღნიშნულია: საქართველოს პრეზიდენტი კანონით დადგენილი წესით ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს; საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია. ეს კონსტიტუციური ნორმა ასევე მიემართება საქართველოს იუსტიციის საბჭოსკენ, რათა ამ უკანასკნელმა მოსამართლის დანიშვნის უფლებამოსილება იმგვარად განახორციელოს, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა.
ამგვარად, კონსტიტუციის ტექსტის მთლიანობაში წაკითხვა იძლევა შემდეგი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას: კონსტიტუცია პირდაპირ ანიჭებს პრეზიდენტს უფლებას, დანიშნოს ერთი წევრი იუსტიციის საბჭოში, რომელიც არ არის მოსამართლეთა თვითმმართველობის წევრი. პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრისათვის გარანტირებული უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ვინაიდან კონსტიტუცია პირდაპირ განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციას, თანამდებობაზე დანიშნოს მოსამართლე. კონსტიტუციის პირდაპირი მოთხოვნაა, რომ მოსამართლის დანიშვნაში მონაწილეობა მიიღოს საბჭოს იმ წევრმაც, რომელიც ამავე კონსტიტუციის საფუძველზე დანიშნა პრეზიდენტმა. ამასთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, მათ შორის პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა წევრმა, მოსამართლეთა დანიშვნა იმგვარად უნდა განახორციელონ, რომ ამით უზრუნველყონ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კონსტიტუციური მოთხოვნის რეალიზება.
რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის კონსტიტუციით წარდგენილ მოთხოვნას წარმოადგენს, არის ის, რომ უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. ეს მიზანი მიიღწევა მოსამართლის თანამდებობაზე იმგვარი პირების დანიშვნის გზით, რომლებიც არ მოექცევიან პოლიტიკური ხელისუფლების გავლენის ქვეშ. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული, პრეზიდენტის მიერ დანიშნული იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის აცილების მიზეზი გახდა, მისივე საჯარო განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლის თანამდებობაზე მხარს არ დაუჭერდა იმ პირებს, რომელთა ხელითაც წარსულში ხორციელდებოდა პოლიტიკური რეპრესიები. მოსამართლის თანამდებობაზე არ დაინიშნონ ადამიანები, რომელთა ხელითაც ხორციელდებოდა პოლიტიკური რეპრესიები, წარმოადგენს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მოთხოვნის დაკმაყოფილებისაკენ გადადგმულ ნაბიჯს, თუნდაც ამგვარი განცხადების გაკეთება წარმოადგენდეს სადავო ნორმით დადგენილი იუსტიციის საბჭოს წევრის მიუკერძოებლობის მოთხოვნის დარღვევას.
სასამართლოს ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 351 -ე მუხლის პირველი პუნქტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსაგან ითხოვს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი პირის შეფასებას კეთილსინდისიერების კრიტერიუმით. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი განმარტავს რას ნიშნავს, კეთილსინდისიერების კრიტერიუმი: დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და სამართლიანობას. ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 351 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: „დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პრინციპულობა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და ზეგავლენის მიმართ მედეგობა, პიროვნული სიმტკიცე, შეუვალობა და სხვა.“
ამგვარად, კანონით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს, კეთილსინდისიერების კრიტერიუმში დაბალი შეაფასება დაუწეროს იმ მოსამართლეს, რომელიც მოსამართლედ საქმიანობის პროცესში ვერ გამოიჩინა პრინციპულობა, არ იყო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებისას, განიცდიდა პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას და შესაძლოა ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთასაც.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხრიდან იმ განცხადების გაკეთება, რომ მხარს არ დაუჭერს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში მოღვაწე იმ მოსამართლეებს, რომელთა ხელითაც ხორციელდებოდა პოლიტიკური რეპრესიები, იგივეა რაც, განცხადება, რომ კეთილსინდისიერების კრიტერიუმში უარყოფითად შეფასდება ის კანდიდატი, რომელიც დანებდა პოლიტიკურ წნეხს და ვერ უზრუნველყო სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. სხვაგვარად, ეს განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი შეასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას, უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. ამის მიუხედავად, სადავო ნორმა აწესებს რა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიუკერძოებლობის ვალდებულებას, არ განმარტავს რას ნიშნავს ეს ვალდებულება. ამით სადავო ნორმა უშვებს იმასაც, რომ მიკერძოებად შეფასდეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება მოხდეს იმ განცხადებისათვის, სადაც აღნიშნულია, რომ კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უარყოფითად შეფასდება მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც წარსულში პოლიტიკურ შეკვეთებს ასრულებდა და ამის გამო ვერ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. ამგვარად, სადავო ნორმით, იუსტიციის საბჭოს წევრის საჯარო განცხადება, რომ ეს წევრი შეასრულებს თავის მოვალეობას, კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უარყოფითად შეაფასებს კანდიდატს, რომელმაც ვერ გამოამჟღავნა მედეგობა ზეწოლის მიმართ, ითვლება მიკერძოებად. ეს განცხადება წარმოადგენს იმ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საფუძველს, რომელმაც ამგვარი განცხადება გააკეთა. ამის გამო, სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტთან.
სადავო ნორმა ბუნდოვანების გამო არაკონსტიტუციურია იმის გამოც, რომ მიკერძოებად ითვლება და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საფუძველს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი საუბრობს მოსამართლეების გარკვეული კატეგორიის არაკეთილსინდისიერებაზე, მაგრამ კონკრეტულად, სახელითა და გვარით არ ასახელებს ამ მოსამართლეს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აცილებული წევრის აზრით, არაკეთილსინდისიერია. სადავო ნორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების უფლება შეიძლება შეეზღუდოს კანდიდატების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით ზოგადი ხასიათის განცხადების გაკეთების შემთხვევაშიც კი, როცა მოსამართლეობის კონკრეტული კანდიდატი განცხადებაში არ არის იდენტიფიცირებული. ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზანს. კანდიდატის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით ზოგადი ხასიათის განცხადებები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობას ემსახურება, არ შეიძლება გახდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის იმ მოვალეობის შესრულების შეზღუდვის საფუძველი, რაც კონსტიტუციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს პირდაპირ დააკისრა.
ამგვარად, სადავო ნორმა ბუნდოვანია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების მე-2 თავის მე-8 პუნქტში განაცხადა: ,,განსაზღვრულობის პრინციპი წარმოადგენს უფლებაშემზღუდველი ნორმის განჭვრეტადობის სტანდარტს. უფლებაში ჩარევის ფაქტის დასადგენად საკმარისია, სასამართლო მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ნორმის კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში, მისი რომელიმე ინტერპრეტაცია უფლების შეზღუდვას იწვევს (იმ შემთხვევაში თუ ნორმა რამდენიმე განსხვავებული შინაარსით განმარტებადია).“ 2017 წლის 29 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მე-2 თავის 29-ე პუნქტში განაცხადა: ,,განსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვს იმგვარი საკანონმდებლო სისტემის შექმნას, რომელიც პირს იცავს სამართალშემფარდებლის თვითნებობისაგან. ბუნდოვანი და გაუგებარი კანონმდებლობა ქმნის ნოყიერ ნიადაგს თვითნებობისათვის, შესაბამისად, კანონმდებელმა მაქსიმალურად მკაფიო, განსაზღვრული ნორმატიული რეგულირებით უნდა შეამციროს თვითნებობის რისკები სამართალშეფარდების პროცესში.“ ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის 31-ე პუნქტში აღნიშნულია: ,,საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც სასამართლომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო, ვინაიდან მისი რამდენიმე შესაძლო ინტერპრეტაციიდან ერთ-ერთი კონსტიტუციის საწინააღმდეგო იყო. ამდენად, ხსენებული პრაქტიკის ფარგლებში, ბუნდოვანების გამო, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებდა არა ცალკე აღებული ნორმის განუსაზღვრელი შინაარსი, არამედ ის ფაქტი, რომ მისი რომელიმე კეთილსინდისიერი ინტერპრეტაცია კონსტიტუციის საწინააღმდეგო შედეგებს აყენებდა.” რუსთავი-2-ის ხსენებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მე-2 თავის 32-ე პუნქტში აღნიშნულია: ,,მოქმედი მიდგომის ფარგლებში, იმ შემთხვევაში, თუ სადავო ნორმაში რამდენიმე წესი, ინტერპრეტაცია იკითხება, რომელთაგან ერთ-ერთი არაკონსტიტუციურია, სასამართლო სადავო ნორმას მთლიანად არაკონსტიტუციურად აღარ ცნობს, არამედ აფასებს და საჭიროების შემთხვევაში ძალადაკარგულად ცნობს კონკრეტულ ნორმატიულ შინაარსს.“
მოცემული დავის ფარგლებში, არაკონსტიტუციურია სადავო ნორმის იმგვარი შინაარსი, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიკერძოება გაპირობებულია არა კანდიდატის მიმართ პიროვნული მტრობის, არამედ ამ კანდიდატის პროფესიულ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით საბჭოს წევრის უარყოფითი შეხედულებით.
რუსთავი-2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 30-ე პუნქტში საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განაცხადა: ,,კონკრეტული შემთხვევის თავისებურების ანალიზისას მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული იმ ურთიერთობის სპეციფიკა, რომელსაც არეგულირებს შესაფასებელი ნორმატიული აქტი. შესაძლებელია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებული იყოს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნები, იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ურთიერთობას აწესრიგებს ეს კანონი.“ მოცემული დავის საგანთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის განსაზღვრულობის მოთხოვნა უნდა იყოს განსაკუთრებით მკაცრი, ვინაიდან სადავო ნორმით უფლებაში ჩარევა შესაძლოა ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპის ზღვარზე გავიდეს. სადავო ნორმით დადგენილმა შეზღუდვამ შესაძლოა თავდაყირა დააყენოს ხელისუფლების დანაწილების ის პრინციპი, რაც კონსტიტუციით არის განმტკიცებული. ამიტომ სადავო ნორმით დადგენილი უფლების შემზღუდავი ნორმის განსაზღვრულობის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლომ განსაკუთრებული სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს.
3, კონსტიტუციური პრინციპები, რომელსაც სადავო ნორმები არღვევს
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით.” ეს არის მნიშვნელოვანი კონსტიტუციური პრინციპი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-3 პუნქტში განაცხადა: ,,საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას, არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. მართალია, კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში და ამ თვალსაზრისით, მსჯელობა უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში.“
პრეზიდენტის მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხელის შეშლით სადავო ნორმა ზღუდავს ხელისუფლების ერთი შტოს - სახელმწიფოს მეთაურის მიერ ხელისუფლების მეორე ორგანოს - სასამართლოს შეკავებისა და გაწონასწორების შესაძლებლობას.
№3/5/768,769,790,792საქმეზე 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების მეორე თავის მე-7 პუნქტში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,აღნიშნული კონსტიტუციური დებულების დანიშნულებას არ წარმოადგენს ხელისუფლების მხოლოდ ფორმალური დაყოფა სხვადასხვა შტოებად, არამედ მისი მიზანია, აღნიშნულ შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების რეალური და ქმედითი კონსტიტუციურსამართლებრივი მექანიზმების უზრუნველყოფა, რაც გამოხატულია კიდეც კონსტიტუციის შესაბამის თავებში მოცემული რეგულირებებით, რომლებიც განსაზღვრავს ხელისუფლების თითოეული შტოს კომპეტენციას და მის ურთიერთმიმართებას სხვა შტოებთან.“ ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის მე-8 პუნქტში აღნიშნულია: ,,ამგვარად, ნებისმიერი რეგულირება, რომელიც ხელისუფლების რომელიმე შტოს კომპეტენციას და საქმიანობას ეხება, უნდა შემოწმდეს არა მხოლოდ ხელისუფლების ამა თუ იმ ორგანოს კომპეტენციის დამდგენ კონსტიტუციურ დებულებასთან, არამედ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტური პრინციპი და ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების კონსტიტუციური მექანიზმი.“
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლით: ,,სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“ ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, კონსტიტუციის შემქმნელებმა ერთ ადგილას ძალაუფლების კონცენტრაციის ნაცვლად მოახდინეს მისი გადანაწილება ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის. იმავდროულად, ხელისუფლების ერთ შტოს აქვს მეორეზე ზემოქმედების და ადამიანის უფლებების დასაცავად, მისი თვითნებობის აღკვეთის შესაძლებლობა.
მაშინ როდესაც სასამართლო ხელისუფლების განმახორციელებელ საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებს აქვთ შესაძლებლობა, ძალადაკარგულად გამოცხადონ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების აქტები კონსტიტუციასთან და კანონთან შეუსაბამობის გამო, იმავდროულად, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე ქვეყნის პრეზიდენტი ინარჩუნებს როგორც საკონსტიტუციო, ისე საერთო სასამართლოს შეკავების და გაწონასწორების შესაძლებლობას. ეს უკანასკნელი, პირველ რიგში, გამოიხატება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობაში. ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების კონსტიტუციური მოდელში ბალანსი სასამართლოს სასარგებლოდ დაირღვეოდა, ხელისუფლების სხვა შტოებს რომ არ ჰქონოდათ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. მოსამართლეთა დანიშვნა მხოლოდ მოსამართლეებისაგან შემდგარ იუსტიციის საბჭოს რომ მოეხდინა, ამით სასამართლო იქცეოდა ყოველგვარი ანგარიშვალდებულების არმქონე, დახურულ პროფესიულ სინდიკატად. ამგვარი ფორმით სასამართლო ხელისუფლების არსებობა უდიდესი საფრთხეა, პირველ რიგში, ადამიანის უფლებებისათვის.
სწორედ, ამიტომ საქართველოს კონსტიტუციის 861 მუხლის ცალსახა გადაწყვეტილებას წარმოადგენდა ის, რომ მოსამართლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წევრები ყოფილიყვნენ უმრავლესობაში იმ ორგანოში, რომელსაც ეკისრება მოსამართლის დანიშვნის უფლებამოსილება. თუმცა კონსტიტუციის 861 მუხლი მოსამართლეებს უზრუნველყოფს მხოლოდ უმრავლესობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოში და არა ყველა ადგილით. საქართველოს კონსტიტუციის 861 მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები,“ იმასაც გულისხმობს, რომ საბჭოს წევრთა ნახევარზე ნაკლები არიან ხელისუფლების სხვა შტოების დანიშნული პირები. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით პირდაპირ არის დასახელებული სუბიექტი, რომელიც ნიშნავს უმცირესობაში მყოფ საბჭოს ერთ წევრს - ეს არის საქართველოს პრეზიდენტი. ხელისუფლების სხვა შტოების მიერ მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე მათ მიერ დანიშნული წევრების მეშვეობით გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, კონსტიტუციით გათვალისწინებული სასამართლო ხელისუფლების შეკავებისა და გაწონასწორების კონსტიტუციური სისტემის შემადგენელი ნაწილია. ნებისმიერი საკანონმდებლო რეგულაცია, რაც მიზნად ისახავს ხელისუფლების სხვა შტოს წარმომადგენლების მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნული წევრებისათვის მოსამართლის დანიშვნის უფლებამოსილების შეზღუდვას, განხილული უნდა იყოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის კონსტიტუციური ბალანსის დარღვევად.
კიდევ ერთი კონსტიტუციური პრინციპი, რაც განაპირობებს პრეზიდენტისა და პარლამენტის მონაწილეობას მოსამართლეების დანიშვნის პროცესში, არის დემოკრატიული მმართველობისა და სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით. ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული პარლამენტისა და პრეზიდენტის მონაწილეობა მოსამართლეების შერჩევის პროცესში არაპირდაპირ სახალხო ლეგიტიმაციას სძენს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს. როცა ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის მიერ დანიშნული იუსტიციის საბჭოს წევრი ვერ მონაწილეობს მოსამართლის დანიშვნის პროცესში, იკარგება კავშირი ხალხის მიერ ხელისუფლების განხორციელებასა და მოსამართლეების დანიშვნის პროცესს შორის. დემოკრატიული მმართველობასთან შეუთავსებელია ისეთი სახელისუფლებო შტოს არსებობა, რომელსაც არ გააჩნია არც არავითარი ანგარიშვალდებულება, იმავდროულად არც რაიმე ფორმის სახალხო ლეგიტიმაცია (არ მომდინარეობს ხალხისაგან).
ამგვარად, კანონმდებელს განსაკუთრებით ცხადი რეგულაციების მიღება მოეთხოვება მაშინ, როცა არა მხოლოდ ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას, არამედ, იმავდროულად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ისეთ ფუძემდებლურ პრინციპებს, როგორიცაა ხელისუფლების დანაწილებისა და სახალხო სუვერენიტეტის კონსტიტუციური პრინციპები.
4. თანაზომიერების ტესტი
ლეგიტიმური მიზანი, რომლის მიღწევასაც სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ემსახურება, არის ის, რომ ღირსეული და კვალიფიციური მოსამართლეობის კანდიდატები დაცულნი იყვნენ კანდიდატის კეთილსინდისიერების თაობაზე იუსტიციის საბჭოს წევრის წინასწარ ჩამოყალიბებული დაუსაბუთებელი განწყობისაგან. მოცემულ შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტით გარანტირებული უფლება უპირისპირდება მოსამართლეობის კანდიდატის კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თანამდებობის დაკავების უფლებას. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 7 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის მე-20 პუნქტში განაცხადა: ,,საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული გარანტიების ერთ-ერთ გამოვლინებას სწორედ მოქალაქის მიერ კონკრეტული თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა და, ასევე, ამ თანამდებობაზე მისი თვითნებური არდანიშვნისგან დაცვა წარმოადგენს.“ სწორედ ამგვარი თვითნებური არდანიშვნისაგან დაცვა შეიძლება წარმოადგენდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საფუძველს. აქვე ისიც ნათელია, რომ როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოხსენებული გადაწყვეტილების მეორე თავის 22-ე პუნქტში განაცხადა: ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა დანიშვნის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებისას საკმაოდ მაღალი მიხედულება გააჩნია.” ამის მიზეზი არის ის, რომ, როგორც აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე თავის 23-ე პუნქტშია ნათქვამი: „მოსამართლის თანამდებობაზე განწესების პროცესში შესაბამისი კრიტერიუმების თავისებურებების გათვალისწინებით მიხედულების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, ზოგადად, ემყარება რიგ ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს.“
მთვარისა კევლიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 24-ე პუნქტში აღნიშნულია: ,,რიგ სუბიექტურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის საკითხის დასაბუთება და შემდგომში ამ დასაბუთების გადამოწმება რთულ ამოცანას წარმოადგენს. რთულია ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ობიექტური ახსნა, დასაბუთება, ამ დასაბუთების გადამოწმება, ასევე სწორი ან არასწორი გადაწყვეტის დადგენა/გადამოწმება. ამიტომ, ამ ნაწილში განსაკუთრებით მაღალია გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის დისკრეცია და იკლებს დასაბუთებულობის მოთხოვნაც.“
იმის მიუხედავად, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში არ გამოირიცხება სუბიექტური მომენტები, კანდიდატები ამის მიუხედავად, დაცული უნდა იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა სუბიექტური წინასწარგანწყობისაგან. მთვარისა კევლიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 30-ე პუნქტში აღნიშნულია: „საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნაა, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე, მათ შორის, მოსამართლის თანამდებობაზე განწესება განხორციელდეს ობიექტურად. მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების პროცესი უნდა აჩენდეს რაც შეიძლება ნაკლებ კითხვის ნიშნებს განწესებული პირის კვალიფიციურობასთან და მიღებული გადაწყვეტილების სისწორესთან დაკავშირებით. პროცესმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს კვალიფიციური, თანამდებობის შესაბამისი პირების დაუსაბუთებლად არდანიშვნის გამორიცხვა. მოსამართლის თანამდებობაზე კვალიფიციური პირების განწესების მოთხოვნა უკავშირდება არა მხოლოდ პირის უფლებას, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა, არამედ – საზოგადოებრივ ინტერესს – მართლმსაჯულება განახორციელონ მხოლოდ მოსამართლის თანამდებობასთან შესაფერისმა პირებმა, რომლებიც საკუთარი პროფესიული და პიროვნული მახასიათებლებით აკმაყოფილებენ ამ საპატიო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ სტანდარტებს. ამასთანავე, მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების პროცესის გამჭვირვალობა და კვალიფიციური მოსამართლეების განწესების მყარი გარანტიები ემსახურება საზოგადოებაში მართლმსაჯულებისადმი ნდობის განმტკიცებას.“
მოსამართლეთა დანიშვნის ობიექტურობის უზრუნველყოფა შესაძლოა განხორციელდეს ნაკლებად მზღუდავი საშუალებით, ვიდრე ეს იმ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვაა, რომელიც კეთილსინდისიერების კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო გეგმავს კანდიდატის უარყოფით შეფასებას.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ მთვარისა კევლიშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის 45-ე პუნქტში აღნიშნა: ,,კანდიდატის შეფასების პირველი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ შეფასების ფურცლების შევსება და აღნიშნული შეფასების ფურცლების დაჯამება. შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად აუცილებელია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევდეს, რომ კანდიდატი აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმის ნაწილში მის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70%-ია. მოსამართლედ დანიშნვისათვის კონკურსანტის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარი უნდა დაუჭიროს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-მა.“ იმ პირობებში, როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი, დაადგენს, რომ პირი სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების მოთხოვნებს და 2/3 მხარს დაუჭერს პირის დანიშვნას მოსამართლის თანამდებობაზე, იუსტიციის საბჭოს ცალკეული წევრის წინასწარ ჩამოყალიბებული, არასწორი შეხედულებები კანდიდატის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არ არის დამაზიანებელი ამ კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის კოლეგიური ორგანო და ერთი წევრის განწყობები ხშირად არ არის გადამწყვეტი კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად.
გარდა ამისა, არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დაუსაბუთებლად მიკერძოებული დამოკიდებულებისაგან თავის დაცვის სხვა საშუალებაც, რაზედაც საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებდა მთვარისა კევლიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 42-ე პუნქტში: „მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, მოსამართლის თანამდებობაზე განწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში შემდეგი საფუძვლების არსებობისას: ა) კონკურსის ჩატარებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო; ბ) კონკურსის ჩატარებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიდგომა დისკრიმინაციული იყო; გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გადაამეტა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა მოსამართლეობის კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას; დ) ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, არსებითად მცდარია, რის დასადასტურებლადაც მოსამართლეობის კანდიდატმა შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა; ე) კონკურსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით ჩატარდა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საბოლოო შედეგზე.“
დაცვის ამ საშუალებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია კანდიდატის შესაძლებლობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ ინფორმაციის სისწორე, რასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უარყოფითი განწყობა შეიძლება ეფუძნებოდეს კანდიდატის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,მოსამართლეობის კანდიდატების განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ ამ კანონის 364 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული მოსამართლეობის კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შესაფასებლად მათთან გასაუბრების ჩატარებამდე იწყებს მათ შესახებ სანდო ინფორმაციის ამ მუხლით დადგენილი წესით მოძიებას.“ ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების ჩატარებამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე უზრუნველყოს მოსამართლეობის კანდიდატისათვის მის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. მოსამართლეობის კანდიდატს ასევე უფლება აქვს, გასაუბრების დასრულების შემდეგ ნებისმიერ დროს გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას. ინფორმაციის წყარო კონფიდენციალურია. მოსამართლეობის კანდიდატი აღნიშნულ ინფორმაციას ეცნობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ ადგილას. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად: ,, მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, მის შესახებ ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით მოძიებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ წერილობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და სათანადო წესით გააბათილოს მის შესახებ მოძიებული მონაცემები.
ამგვარად, კანდიდატს აქვს შესაძლებლობა, წინასწარ იცოდეს, რას ეფუძნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უარყოფითი შეხედულება მის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ კანდიდატს აქვს შესაძლებლობა, გააქარწყლოს ეს ინფორმაცია დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გზით. თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არასწორი წარმოდგენა კანდიდატის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არც ამ შემთხვევაში არ შეიცვლება, არსებობს საბჭოს საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების საქართველოს საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრების შესაძლებლობა. დაცვის ამ გარანტიების არსებობის პირობებში არავითარი აუცილებლობა არ არსებობს, მოხდეს იუსტიციის საბჭოს იმ წევრის აცილება, ვისაც არასწორი დამოკიდებულება აქვს კანდიდატის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.
ამგვარად, ლეგიტიმური მიზნის - დაცული იყოს ღირსეული კანდიდატის მიერ მოსამართლის თანამდებობის დაკავების კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება, მიიღწევა სხვა საშუალებით ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრის კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვაა, რომელსაც კანდიდატის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით წინასწარ ჩამოყალიბებული არასწორი შეხედულება შეიძლება გააჩნდეს. ამიტომ სადავო ნორმები იმ ნორმატიული შინაარსით, რაც ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესაძლებლობას, რომელსაც პირადი ინტერესი არ გააჩნია მოსამართლეობის კანდიდატთან დაკავშირებით, არაკონსტიტუციურია. შესაბამისად, ვითხოვთ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა