ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/9/1362 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 15 დეკემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 მარტი 2024 15:27 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
განსახილველი საკითხი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - ხვიჩა კიკილაშვილის შუამდგომლობა №1362 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2023 წლის 15 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს შუამდგომლობით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა ხვიჩა კიკილაშვილმა №1362 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.
2. №1362 კონსტიტუციურ სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ის ნორმა, რომელიც ადგენს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საფუძვლებსა და წესს. №1362 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ანა დოლიძე.
3. შუამდგომლობის თანახმად, ხვიჩა კიკილაშვილმა 2017 წელს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე თანამდებობაზე უვადოდ განწესების მოთხოვნით. იმ დროისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობას იკავებდა და მოსამართლეთა განწესების პროცესში მონაწილეობდა ანა დოლიძე. ხვიჩა კიკილაშვილის მითითებით, მან, №1362 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი წესის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე იშუამდგომლა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის - ანა დოლიძის აცილების თაობაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2018 წლის 7 თებერვალს, დააკმაყოფილა ხვიჩა კიკილაშვილის შუამდგომლობა.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი - ხვიჩა კიკილაშვილი სუბიექტური თვალსაზრისით მიიჩნევს, რომ არ არსებობს მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რამდენადაც მას არ გააჩნია პირადი დაინტერესება არც მოსარჩელის მიმართ და არც სადავო ნორმის კონსტიტუციურობის გადაწყვეტის თაობაზე. მანვე განმარტა, რომ წარსულში მოსარჩელის როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების ფაქტი გავლენას ვერ მოახდენს მის მიუკერძოებლობაზე წინამდებარე საქმის გადაწყვეტისას. თუმცა, იგი მხედველობაში იღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილ მიდგომებს და მიიჩნევს, რომ წარსულში მოსამართლედ უვადოდ (განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე) განწესების პროცესში, მოსარჩელის როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ უნდობლობის გამოცხადება, ამ უკანასკნელის საჯარო განცხადების გამო, წარმოადგენს გარემოებას, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა, გაჩნდეს ობიექტური ეჭვი, მისი (ხვიჩა კიკილაშვილის) როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელის საქმის განმხილველი მოსამართლის მიუკერძოებლობის თაობაზე.
5. ხვიჩა კიკილაშვილის განმარტებით, გარდა იმისა, რომ მან, მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ (კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე) განწესების პროცესში იშუამდგომლა №1362 კონსტიტუციურ სარჩელზე, მოსარჩელე მხარის - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის აცილების თაობაზე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ხსენებული აცილების შუამდგომლობა სწორედ იმ საკანონმდებლო ნორმას ეფუძნებოდა, რომლის კონსტიტუციურობასაც მოსარჩელე სადავოდ ხდის წინამდებარე საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში. ხსენებული გარემოებები, ხვიჩა კიკილაშვილის აზრით, შესაძლოა, საზოგადოებისათვის ქმნიდეს მოსამართლის მიუკერძოებლობაში ობიექტური ეჭვის შეტანისა და, ამდენად, მისი აცილების საფუძველს.
6. აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, არსებობს მისი №1362 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების საფუძველი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოსამართლის აცილების შესაძლებლობას, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა განსაზღვრავს საფუძვლებს, რომელთა დადასტურების დროსაც, უნდა მოხდეს კონკრეტული მოსამართლის საქმის განხილვიდან ჩამოცილება. ეს საფუძვლებია - საქმის შედეგით მოსამართლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება და, მეორე მხრივ, ნებისმიერი გარემოება, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის.თავად მოსამართლის მიერ საქმიდან თვითგანრიდების შემთხვევას აწესრიგებს ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს, განერიდოს საქმის განხილვაში მონაწილეობას, თუკი არსებობს ხსენებული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსამართლის აცილებისათვის საჭიროა ობიექტური მტკიცებულება იმისა, რომ მოსამართლეს არ შეუძლია საქმის მიუკერძოებლად განხილვა/გადაწყვეტა. ამავდროულად, ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლოა, მოსამართლის საქმიდან ჩამოცილება, თუ, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდებოდა საფუძვლიანი ეჭვი მისი მიუკერძოებლობის შესახებ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის №3/1/1693,1700 განჩინება საქმეზე „ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-7).
3. განსახილველ შემთხვევაში, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის განცხადებიდან გამომდინარე, სასამართლოს საჭიროდ არ მიაჩნია საქმისგან მისი განრიდების საფუძვლების გარკვევა სუბიექტური მიუკერძოებლობის ტესტის საფუძველზე. სასამართლოს მიზანია, სასამართლოს მიუკერძოებლობის შეფასების ობიექტური ტესტის საფუძველზე იმის გარკვევა, ობიექტურ დამკვირვებელს, რომლისთვისაც ცნობილია ზემოაღნიშნული გარემოებები, გაუჩნდებოდა თუ არა საფუძვლიანი ეჭვი მოსარჩელის საქმესთან მიმართებაში, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის მიკერძოების თაობაზე და, შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა განსახილველი საქმიდან თვითგანრიდების შუამდგომლობა.
4. თვითგანრიდების განცხადების ავტორი - მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა, რის საფუძველზეც, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე აცილებულ იქნა მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ განწესების პროცესიდან. თავის მხრივ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის - ანა დოლიძის აცილების საფუძველი გახდა მისი საჯარო განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს, რომლებმაც მიმართეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მართლაც ჰქონდათ სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება, თუმცა, მათ ეს გამოცდილება დააგროვეს მძიმე წლებში, როდესაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიები ხორციელდებოდა მოსამართლეების ხელით, ხდებოდა პირების უკანონო დაკავება, პოლიტიკური დევნა და დაპატიმრება. აქედან გამომდინარე, მათი გამოცდილება შესაძლოა, სულაც არ ყოფილიყო სასარგებლო სასამართლო სისტემისათვის.
5. იმავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ №1362 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე ანა დოლიძის მიერ სადავოდაა გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ის ნორმა, რომლის საფუძველზე, ხვიჩა კიკილაშვილმა და სხვა მოსამართლეებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე იშუამდგომლეს მოსამართლედ უვადოდ განწესების პროცედურიდან ანა დოლიძის აცილების თაობაზე. საგულისხმოა ისიც, რომ მოსარჩელე ანა დოლიძისათვის პრობლემურია სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოიყენა მის (ანა დოლიძის) მიმართ აცილების შუამდგომლობების გადაწყვეტისას და რომელიც, მოგვიანებით, გაიზიარეს საერთო სასამართლოებმა. ამდენად, საერთო სასამართლოების მოსამართლის უვადოდ განწესების პროცედურის ფარგლებში ხვიჩა კიკილაშვილი წარმოადგენდა მხარეს, რომლის საქმეშიც გამოყენებული იქნა გასაჩივრებული ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც №1362 კონსტიტუციურ სარჩელით სადავოდ არის გამხდარი.
6. საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს ზემოთ აღწერილ გარემოებებს, ეთანხმება მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ №1362 კონსტიტუციური სარჩელის განხილვაში მისი მონაწილეობის შემთხვევაში, შესაძლოა, წარმოიშვას გონივრული ეჭვები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიკერძოებასთან დაკავშირებით. ობიექტურ დამკვირვებელს შესაძლოა, გაუჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტისას მიკერძოებული იქნება და მხარს დაუჭერს იმგვარი შედეგის დადგომას, რომელიც თანხვედრაში იქნება მის იმ ადრინდელ პოზიციასთან, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პროცედურებიდან მოსარჩელე ანა დოლიძის აცილების დროს ჰქონდა დაკავებული.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, კონსტიტუციური სარჩელების განხილვისას სასამართლო სარგებლობდეს საზოგადოების სათანადო ნდობით, სასამართლოს/მოსამართლის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ არ უნდა არსებობდეს ობიექტურად გამართლებული ეჭვები. სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ყველასათვის - როგორც საქმის მხარეების, ისე საზოგადოებისათვის იოლად აღქმადი, ცხადი, თვალნათლივი და უდავო უნდა იყოს. საკონსტიტუციო სასამართლო აღიარებს და ადასტურებს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის თვალსაჩინოების საკითხზე სამართალში ფართოდ აღიარებულ პრინციპს. სასამართლოს იურისპრუდენციის შესაბამისად, „საქმის განმხილველი სასამართლო არა მხოლოდ ფაქტობრივად უნდა იყოს ობიექტური, არამედ, ასევე, ასეთად აღიქმებოდეს საზოგადოების მხრიდან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის №3/1/1459 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
8. ზემოაღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს რისკი, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა №1362 კონსტიტუციური სარჩელის განხილვაში მონაწილეობის შემთხვევაში, ვერ ისარგებლოს საზოგადოების სათანადო ნდობით, აღნიშნულ პროცესში მისი მიკერძოებულობისადმი ობიექტურად გამართლებული ეჭვების გამო. აღნიშნული კი, იმავდროულად, შეარყევს და შეასუსტებს საზოგადოების რწმენას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ობიექტურობისა და კანონიერების მიმართ. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ხვიჩა კიკილაშვილის შუამდგომლობა №1362 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - ხვიჩა კიკილაშვილის შუამდგომლობა №1362 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში