საქართველოს მოქალაქე ზურაბ ჩიტაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1244 |
ავტორ(ებ)ი | ზურაბ ჩიტაური |
თარიღი | 6 ივლისი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე სარჩელი სრულად შეესაბამება სათანადო წესით დამტკიცებული სარჩელის ამ ფორმის ,,შენიშვნა 4“-ში მითითებული, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ”, საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, ხოლო პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას, რომელიც ადასტურებს ამ სარჩელის საფუძვლიანობას, წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჩემს საკუთრებაში არსებული ბინის ნაწილში ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და ისინი მართლზომიერ მფლობელებად იქნენ ცნობილნი სააპელაციო ინსტანციის მიერაც. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1) მოვითხოვ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მ21, პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებაში არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი და შესაბამისად, ამოღებულ იქნეს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მ14, პ3 შემდეგ გარემოებათა გამო, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩემი, როგორც მესაკუთრის საკუთრების უფლების აღიარებულობა და ხელშეუვალობა დეკლარაციული გამოდის და არა ისეთი სამართლებრივი სტატუსის, როგორც ეს საკუთრების უფლების შინაარსიდან და ცნებიდან გამომდინარეობს და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით (პ1,პ2) არის გათვალისწინებული: ა) რაც მთავარია, ამ ნორმის იმ მნიშვნელობის გამო, რომ დევნილი პირი, რომელიც მესაკუთრის თანხმობის გარეშე და მისი ნების საწინააღმდეგოდ და საკუთრების უფლების, მათ შორის მესაკუთრის მიერ თავისი ნივთის შეუზღუდავად ფლობის, მისით შეუზღუდავად სარგებლობის და მისი შეუზღუდავად განკარგვის სამოქალაქოსამართლებრივი უფლებების დარღვევის ხარჯზე და ფასად ცხოვრობს მესაკუთრის საცხოვრებელ ფართში, რაც ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მე-4 მუხლის „პ“ პუნქტისა და მ14, მე-3 შინაარსებიდან გამომდინარეობს, მაინც მართლზომიერ მფლობელად ითვლება, მაშინ როცა მე - კანონიერი მესაკუთრე, ვერ ვახერხებ, სრულად და შეუზღუდავად განვახორციელო ჩემი როგორც მესაკუთრის, კონსტიტუციური უფლება - შეუზღუდავად ვფლობდე და განვკარგავდე, სურვილის შემთხვევაში ჩემ უძრავ ქონებას - სტუმრად მივიღო და სათანადოდ განვათავსო სახლში ნათესავები, შვილის ოჯახი, ჩემი უსაყვარლესი ადამიანი - ჩემი პატარა შვილიშვილი და ა.შ.; ბ)ანალოგიურად, იმ მნიშვნელობით, რომ მათლზომიერ მფლობელადაა გამოცხადებული პირი (ამ შემთხვევაში - დევნილი), რომელსაც მესაკუთრისგან განსხვავებით, არ გააჩნია ბინის ორდერი, როგორც ეს ჩემ შემთხვევაშია, ან ამ საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე მასზე არაა გაცემული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, ანუ ამ წესის დაურღვევლად, მომზადებული და გამოცემული ადმინისტრაციული აქტი კონკრეტული საცხოვრებელი ფართის, ან მისი ნაწილის უვადო, ან ვადიან მართლზომიერ ფლობაში გადაცემის შესახებ - მაგალითად ოქმი, ბრძანება, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, მემორანდუმი, ან/და სხვა სახის აქტი, რომელსაც ბინის ორდერის, ან უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანაბარი, ან მათზე აღმატებული იურიდიული ძალა ექნებოდა. აქვე ამ გარემოებასთან დაკავშირებით უნდა განვაცხადო, რომ უკვე ორ ინსტანციაში სასამართლო განხილვის შედეგად დამტკიცდა, რომ დევნილ ნ.როდონაიას ოჯახი ჩემი ბინის ნაწილში ცხოვრობს(იხ. დანართი # 25.05.2016წ განჩინება საქმეზე 2/21222-2015 და ეს მოწინააღმდეგე მხარეს არც კი გაუსაჩივრებია ამ ნაწილში), თუმცა არცერთმა ინსტანციამ არ გაითვალისწინა არც ეს გარემოება და არც საკუთრების ჩემი კონსტიტუციური უფლება და ეს ჩემთვის ნათესაობრივად და ვალდებულებრივად უცხო პირები ჩემი ბინის ნაწილის მართლზომიერ მფლობელებად სცნო და არ დააკმაყოფილა მათი გამოსახლების შესახებ ჩემი სასარჩელო მოთხოვნა; გ) აგრეთვე იმ მნიშვნელობის გამო, რომ დევნილი, საცხოვრებელი ფართის მართლზომიერ მფლობელობად ითვლება იმის გამო, რომ ამ ფართის სხვა პირის საკუთრებად აღრიცხულობის ფაქტის არსებობის მიუხედავად, სახელმწიფო, მესაკუთრესთან შეუთანხმებლად და მასთან ხელშეკრულების დადების გარეშე, ანაზღაურებს დევნილთა კომუნალურ ხარჯებს; დ) იმ მნიშვნელობის გამო, რომ ამ ნორმით არ არის დადგენილი და გათვალისწინებული სათანადო კომპენსაციაც კი მესაკუთრის სასარგებლოდ, იმის მიუხედავად, რომ ეს ნორმა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პ1,პ2 მოთხოვნათა და თავისი ნების საწინააღმდეგოდ ავალდებულებს მესაკუთრეს, ითმინოს თავის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში უცხო, მასთან კაშირის არმქონე პირის ცხოვრება, თანაც ისე, რომ ამ პირის მიერ მესაკუთრის ფართის მფლობელობას(სარგებლობას) მართლზომიერად აცხადებს კანონით, ანუ ყველასთვის სავალდებულოდ შესასრულებელი იურიდიული ძალის მქონე ნორმით, რაც მესაკუთრეს ართმევს შესაძლებლობას, არამარტო სათანადო ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის გზით, არამედ ასევე სასამართლოში სარჩელის აღძვრის გზით მაინც აღკვეთოს სხვა, უცხო პირების მხრიდან მისი საკუთრებით სარგებლობა მისი ნების საწინააღმდეგოდ და მოითხოვოს ამ ქონების მისთვის გამოთავისუფლებული სახით გადაცემა; ე) იმ მნიშვნელობის გამო, რომ დევნილის/დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულად ითვლება სხვა პირის(მესაკუთრის) საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი(ჩემ შემთხვევაში - მისი ნაწილი), მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრეს ამ დევნილ პირებთან მიმართებაში არ გააჩნია რაიმე, მაგალითად სესხის, ქირავნობის, ან სხვა სახის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობები - და მიუხედავად იმისა, რომ ამ ქონების დევნილებზე განკარგვა(მათი იქ შესახლება-განსახლება) სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციასთან და სამოქალაქო--სამართლებრივ კანონმდებლობასთან შეუსაბამო ქმედებას წარმოადგენს, როცა ეს ქონება კერძო საკუთრებას წარმოადგენს, ანუ სახელმწიფოს განკარგული ჰქონდა(აქვს) ეს ქონება სათანადო ადმინისტრაციული აქტით(ჩემს შემთხვევაში - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ თბილისის მერიის საბინაო სამსახურის მეშვეობით სამსახურებრივი ორდერის გაცემის გზით), როგორც ეს ამ სამართლებრივ ნორმაშია ნათქვამი. ვ) ასევე იმ მნიშვნელობის გამო, რომ მე, როგორც ბინის მესაკუთრეს, ისევე, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩემთვის ორდერის და შესაბამისად, ბინის გადმოცემამდე და შემდეგაც, არ მიგვიცია არც ზეპირი, არც მითუმეტეს წერილობითი თანხმობა, რომელიმე პირის, ჩემი ოჯახის წევრების გარდა, ჩემ ბინაში, ან მის ნაწილში ცხოვრებასთან დაკავშირებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენდა განკარგვაზე უფლებამოსილ ერთადერთ პირს, ანუ მესაკუთრეს თბილისში, ქეთევან წამებულის #25-ში მდებარე მთელი ქონებისა, რომლის ძალიან მცირე ნაწილსაც წარმოადგენს ჩემი ბინა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის, „უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა“, ნ3, ითხოვდა თანხმობის შინაარსის მქონე წერილობითი დოკუმენტის წარდგენას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან -1997 წლის 25 ნოემბრიდან, 11.12.2015, №4625 კანონით ამ ნორმის გაუქმებამდე - მის ამოღებამდე 172-ე მუხლიდან, მაშინ როდესაც სადავო აქტში და ნორმებში ეს თანხმობის ვალდებულება არ ასახულა. 2) ასევე მოვითხოვ, საქართველოს კონსტიტუციასთან, კერძოდ მისი 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებაში არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი და აქედან გამომდინარე, ამოღებულ იქნეს ზემოხსენებული კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტში არსებული სიტყვები: „ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში“, ვინაიდან ამ სიტყვების არსებობა, არაკონსტიტუციურად ზღუდავს ჩემი, როგორც მესაკუთრის, უფლებას და მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში ხდის (აწესებს) შესაძლებლად საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და ხელშეუვალად გამოცხადებული საკუთრების უფლების ჩემ მიერ გამოყენებასა და განხორციელებას, მითუმეტეს ისეთ ნორმაზე ბლანკეტურად მითითებით, რომელიც, როგორც წინა მოთხოვნაში მოგახსენეთ, არაკონსტიტუციურ ნორმას წარმოადგენს. აღნიშნული სიტყვების არსებობა სადავო ნორმაში - მ14, პ4-ში, ჩემს შემთხვევაში შეუძლებელს (სამართლებრივად უპერსპექტივოს) ხდის ჩემთვის, როგორც მესაკუთრისთვის, უცხო და რაც მთავარია, რაიმე სახით(ასპექტში) კრედიტორის სტატუსის არმქონე პირების უკანონო და ჩემთვის არასასურველი მფლობელობიდან ჩემი ნივთის - სამოთახიანი ბინის ორი ოთახის გამოთხოვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორივე - სათანადო ადმინისტრაციული ორგანოსთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით მიმართვისა და საერთო სასამართლოსთვის როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციული სარჩელით მიმართვის გზით და თანაც განუსაზღვრელი დროით, ან უვადოდ, თუ სამუდამოდ, იმის მიხედვით და იქიდან გამომდინარე, ჩემი ბინის ოკუპანტები ინებებენ თუ არა როდისმე და თუ ინებებენ როდის, ჩემი ბინის ნაწილების დათმობას, ანუ ჩემი საკუთრების უფლების აღიარებასა და მისი შებღალვისა, თუ დარღვევის შეწყვეტას. და ეს საფრთხე, რასაკვირველია, ვრცელდება პირველ სასარჩელო მოთხოვნაზეც ამ სარჩელში. 3) ასევე მოვითხოვ, რომ ზემოხსენებული კანონიდან ამოღებულ იქნეს მ14, პ5 მთლიანად 4) მოვითხოვ, ამავე მუხლის პ8-ის სიტყვები: ,,. . .მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართობზე რეგისტრირებული დევნილის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. . . . “ . იმისთვის, რომ წარმოვაჩინო სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, საკუთრების ჩემი კონსტიტუციური უფლების დარღვევა და შესაბამისად, ჩემი სასარჩელო მოთხოვნების დასაბუთებულობა, საჭიროდ მიმაჩნია, მოვახდინო შესაბამისი კანონმდებლობის მიმოხილვა: როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები შეიცავენ შემდეგ დებულებებს: ,,1.საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. . . . 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.“, რომლებითაც იმპერატიული, შესასრულებლად სავალდებულო ფორმის გარდა, გასაგები და მკაფიოდ ჩამოყალიბებული შინაარსით დადგენილია საკუთრების და მესაკუთრის ხელშეუხებელი სტატუსი და განსაზღვრულია ის შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია მათი შეზღუდვა და აგრეთვე ხაზგასმულია სახელმწიფოს ის ვალდებულება, რომ არ დაუშვას, რომ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი, ვინმეს მიერ და ვინმეს მიმართ. აქვე უნდა ვახსენო საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც, რამდენადაც ვიცი, წარმოადგენს კონსტიტუციაში ერთადერთ ნორმას, რომლითაცაა მითითებული და დაკონკრეტებული მისი 21-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტებით გათვალისწინებული საკუთრების უფლების შეზღუდვის პირობები, საფუძვლები და ფორმები და რომლითაც დამატებით ცხადი ხდება, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-14 მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-8 პუნქტების ჩემი საკუთრების უფლების შემზღუდველი ნორმები სრულ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და რომ ჩემი სასარჩელო მოთხოვნები სამართლიანია და აბსოლუტურად შეესაბამება კონსტიტუციის 21-ე მუხლს და კონსტიტუციურ პრინციპებს. საკუთრების ცნება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის, „ცნება. საკუთრების უფლების შინაარსი“ პირველი ნაწილის მიხედვით, შემდეგი შინაარსისაა: „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.“ როგორც ვხედავთ, კანონმდებელი აწესებს მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ მესაკუთრე თავისუფლად უნდა ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), რომ მას უფლება უნდა ჰქონდეს, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, უფლება, განკარგოს იგი, რასაც უკვე დაახლოებით თხუთმეტი წელიწადია, ვერ ვახორციელებ. რაც შეეხება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებების შელახვას, მოგახსენებთ, რომ ჩემი მეზობლების უფლებები არ ილახება - მათაც ჩემი ბინის ანალოგიურად, ჯერ სამსახურებრივი ორდერებით გადასცეს იზოლირებული საცხოვრებელი ბინები უვადო კანონიერ სარგებლობაში, ხოლო მოგვიანებით კი - საკუთრებაში. ხოლო რაც შეეხება დევნილ ოჯახს, რომლის წევრებსაც მიტაცებული აქვთ ჩემი ბინის ორი ოთახი, ისინი ჩემი ბინის ნაწილში სახელმწიფომ კი არ განასახლა(განათავსა), არამედ მოქ. ლ.ღვინეფაძემ, რომელიც შ.პ.ს. „ალბას“ თანამშრომელია. „ალბა“ წარმოადგენს ჩვენი საერთო შენობის დიდი ნაწილის მესაკუთრეს, რომელთანაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა დავა 198,8 კვ.მ ფართზე ამ შენობაში და 795 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, იმ პერიოდში, როცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.07.2003წ გადაწყვეტილებით #3გ/ად-157/კ-03 საქმეზე ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი, რომ ქ. თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირ #25-ში მდებარე ყოფილ სამხედრო ქალაქ #194, იგივე სამხედრო მეტროლოგიურ ლაბორატორიაში შემავალი ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ერთადერთი პირი, ანუ მესაკუთრე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ამ სამინისტროს 1997-2001წწ გადმოეცა ბალანსიდან ბალანსზე აღნიშნული სამხედრო ქალაქი, მაგრამ 2002წ აგვისტომდე არ ჰქონდა განხორციელებული მისი რეგისტრაციისა და სამხედრო მოსამსახურეებზე განკარგვის(განაწილების) პროცედურები, რომელთა დასრულების შემდეგაც სხვა სამხედრო მოსამსახურეების მსგავსად, ჩემზეც გაანაწილა და გადმომცა სამოთახიანი #8 ბინა, რომელიც ამჟამად ჩემს საკუთრებად არის აღრიცხული. ამასთან, ჩემთან შემოჭრილი დევნილებისგან განსხვავებით, რომლებიც არასდროს არ წარმოადგენდნენ მხარეს და სუბიექტებს დავებში, მე შეზღუდული ვიყავი - ორ მრავალბინიან შენობას, მათ შორის ჩემსასაც, მთლიანად ედო ყადაღა და მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.06.2012 განჩინების საფუძველზე შევძელი სათანადო მოქმედების განხორციელება ჩემ ბინასთან დაკავშირებით და უმოკლეს ვადაში განვახორციელე მისი რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით(იხ. დანართი ). იმას, რომ დევნილები სახელმწიფოს არ განუსახლებია ჩემს ბინაში, მოწმობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პასუხი ჩემს განცხადებაზე(იხ. დანართი ), თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის მოხსენებითი ბარათი(იხ. დანართი ) და დევნილთა კოლექტიური განცხადება დევნილთა მინისტრ ე.ასტემიროვას (იხ. დანართი ). პირველი მათგანით ასევე მტკიცდება, რომ თავდაცვის სამინისტროს არ მიუცია უფლება ვინმესთვის, რომ მის საკუთრებაში შემავალი ნივთი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი გამხდარიყო, ხოლო მესამით, რომ ისინი საცხოვრებელი ბინების ჩემზე და სხვა სამხედრო მოსამსახურეებზე განაწილებისა და სამსახურებრივი ორდერებით მათი გადმოცემიდან დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ - 2004წ დაარეგისტრირეს ქეთევან წამებულის #25-ში, რაც დამატებით ადასტურებს მათ არამართლზომიერ ცხოვრებას ჩემს საკუთრებაში და შესაბამისად, საკუთრების ჩემი კონსტიტუციური უფლების უხეშ და უცერემონიო დარღვევას - დაახლოებით იმ ტიპისას, როგორითაც რუსეთის სახელმწიფო არღვევს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, მუხლი 14, პუნქტი 3-ის სადავო დებულებებს წარმოადგენს შემდეგი: „დევნილის/დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, ამ კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, არის ის საცხოვრებელი ფართობი, სადაც ამ კანონის ამოქმედებამდე დევნილი განასახლა სახელმწიფომ, რომელიც მონაცემთა ბაზაში აღრიცხული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რომელშიც სამინისტრო ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს და რომელიც სახელმწიფო ან კერძო საკუთრება იყო.“ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, მუხლი 14, მე-4 პუნქტის სადავო დებულებებია: „ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მესაკუთრე უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს და შესაბამის ორგანოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები დევნილის გამოსახლების თაობაზე.“ სადავო საკანონმდებლო აქტის მ14, პ5 მიხედვით, ,,თუ მესაკუთრე ისარგებლებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებით, იგი ვალდებულია გაითვალისწინოს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.“ ასე ვთქვათ შეუიარაღებელი თვალითაც ადვილია დანახვა, ანუ არაკონსტიტუციონალისტი და არაიურისტი ადამიანისთვისაც ადვილია ამ ნორმის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შემჩნევა, ვინაიდან ის კონსტიტუციის მ21, პ1, პ2 და მ46, პ1საწინააღმდეგოდ მიწესებს ვალდებულებას, ვითმინო კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებები გარკვეულ პირთა მხრიდან, რაც დაუშვებლად მიმაჩნია. ანალოგიურად, იმავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, ,,ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დევნილის/დევნილი ოჯახის გამოსახლება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრემ სამინისტროს მიმართა განცხადებით მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართობზე რეგისტრირებული დევნილის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. . . . “ , რაც კონსტიტუციის მ21, პ1, პ2 და მ46, პ1 მოთხოვნათა საწინააღმდეგო წესს ადგენს და ანტიკონსტიტუციურად ხელყოფს საკუთრების ჩემს უფლებას, ვინაიდან მე, როგორც მესაკუთრეს, ანტიკონსტიტუციური საკანონმდებლო ნორმით მერთმევა ყველანაირი სამართლებრივი შესაძლებლობა, არ დავუშვა ჩემთან ხელშეკრულებრივად და ნათესაობრივად დაუკავშირებელი პირების მხრიდან ჩემი ქონების ფლობა და ის ასეთი პირების მფლობელობიდან გამოთავისუფლებული სახით გამოვითხოვო. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უსარგებლოს ხდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით დადგენილ-დაწესებულ სასამართლოსთვის მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას. მე კარგად მესმის კანონმდებლის მიერ ამ კანონის მ14,პ2-ში გამოხატული ნება და უფრო მეტიც, სრულად ვიზიარებ მის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დევნილი პირების, მაპატიეთ და ,,ქუჩაში გაყრა“ დაუშვებელია, გამომდინარე თუნდაც იქიდან, რომ მე თვითონ გახლავართ აფხაზეთის ომის ვეტერანი და ვიცი, თუ რას გამოექცა ეს ხალხი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს და არ უნდა ნიშნავდეს, რომ ჩემი საკუთრების ნაწილი, ჩემი თანხმობის გარეშე, განუსაზღვრელი ვადით ჰქონდეთ დაკავებული პირებს, რომელთა მიმართაც მე, როგორც მესაკუთრეს, არანაირი ხელშეკრულებითი მოვალეობები არ გამაჩნია, ისევე, როგორც საკუთრების ცნების საწინააღმდეგო ასეთი ფლობის თმენის არავითარი ვალდებულება. ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიციის სისწორეს და მართლზომიერებას დამატებით ადასტურებს ის ფაქტები, რომ ამ კანონის მ4, ,,პ“ ქვეპუნქტით მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობად მიჩნეულია საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილი ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობს და რომ კანონით განგებ, ან უნებლიედ არაა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ დევნილმა, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, შესაძლოა ხელოვნურად გააჭიანუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის მიმართვა, თანაც განუსაზღვრელი დროით, მაშინ როდესაც მესაკუთრეს მხოლოდ დევნილის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით შეუძლია მიმართოს ამ სამინისტროს და არა ამ დევნილის გამოსახლებისა და დევნილისთვის შესაბამისი საცხოვრებელი ფართობის გამოყოფის მოთხოვნით. ნიშანდობლივია, რომ არც ამ სამინისტროს არ გააჩნია ფართის მესაკუთრის მოთხოვნით, ან თავისი ინიციატივით ასეთი ფართობის შეთავაზების არც უფლება, არც მითუმეტეს ვალდებულება, რაც რეალურად ხელყოფს ჩემი, როგორც მესაკუთრის, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საყოველთაოდ, მთელ მსოფლიოში აღიარებული და დაცული, საკუთრების უფლების შესაბამისობას საკუთრების ცნებასთან - ჩემს შემთხვევაში დევნილები რეგისტრირებულნი არ არიან ჩემს საკუთრებაში არსებულ ბინაში, რა თქმა უნდა, მათი რაიმე სახის უფლება, ან ჩემი საკუთრების უფლების არანაირი შეზღუდვა ჩემს ბინასთან მიმართებაში არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და შესაბამისად, ვერც ასეთი, ან დევნილების ბაზაში ჩემი ბინის მისამართზე რეგისტრაციის გაუქმებას ვერ მოვითხოვ, რის გარეშეც მათი გამოსახლება ჩემთვის რეალურად შეუძლებელი ხდება, გამომდინარე ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, რომელიც არ არეგულირებს ჩემს შემთხვევას, ვინაიდან ჩემთან შემოჭრილი დევნილები არ მიმართავენ დევნილთა სამინისტროს მათთვის სათანადო საცხოვრებლის გამოყოფის თაობაზე და მე-5 პუნქტის შინაარსებიდან, ასევე იმავე მუხლის მე-8 პუნქტის დებულებებიდან - ,,ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დევნილის/დევნილი ოჯახის გამოსახლება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრემ სამინისტროს მიმართა განცხადებით მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართობზე რეგისტრირებული დევნილის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. . . .“. თავის მხრივ, აღნიშნული მე-7 პუნქტი ასეთი შინაარსისაა : ,,ამ მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ დევნილზე/დევნილ ოჯახზე,რომელიც არ იქნა განსახლებული სახელმწიფოს მიერ და რომელმაც საკუთარი ძალებითა თუ საშუალებებით იპოვა საცხოვრებელი (რეგისტრირებულია ან/და ცხოვრობს ნაქირავებ, ნათხოვარ ან საკუთარ სახლში ან მასპინძელ ოჯახთან ერთად და სხვა), რომელშიც სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ყოველწლიურად არ ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს.“ კანონი არ შეიცავს მესაკუთრის ინტერესის დაცვის რეალურ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფდა ჩემი საკუთრების კანონშესაბამის(მათ შორის კონსტიტუციისაც) - შეუზღუდავ ფლობას ჩემი მხრიდან. ჩემი აზრით, ის, რასაც აწესებს და ჩემთან, ასევე ჩემი ოჯახის წევრებთან მიმართებაში რის უფლებას და საშუალებასაც აძლევს არაკეთილსინდისიერ დევნილ ოჯახს ეს არაკონსტიტუციური კანონი, წარმოადგენს უკიდურესად აგრესიულ და მაიგნორირებელ დამოკიდებულებას კონსტიტუციურად დადასტურებული და აღიარებული საკუთრების უფლების(მათ შორის ჩემისაც) ინსტიტუტის მიმართ. არაკონსტიტუციური კანონის არსებობის და ზოგიერთი მოსამართლისა და საჯარო მოხელეთა მიერ კონსტიტუციის და ხსენებული კანონის დებულებების არასწორად გაგებისა და განმარტების შედეგად ჩემი და ჩემი მდგომარეობის ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფთა საკუთრების უფლება სამუდამოდ ხელყოფილი დარჩება, თუ ან თქვენ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ აღკვეთთ ამ სამართლებრივ ნონსენსს, ან ამ პირთაგან არასამართლებრივ მეთოდებს - მაგალითად ლინჩის წესს, ან კოლტის სამართალს არ მიმართა ვინმემ და ასეთი ტრაგიკული გამოსავლების გამო სათანადოდ არ გადაკეთდა ეს არაკონსტიტუციური კანონი. ასეთია ჩემი აზრი საკუთრების ცნებისა და საკუთრების ჩემს კონსტიტუციურ უფლებასთან დაკავშირებით, თუმცა გამომდინარე საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებიდან და მნიშვნელობიდან, მთავარი მნიშვნელობა აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციას საკუთრების ცნებასა და საკუთრების უფლებასთან მიმართებაში, რომელიც ჩამოყალიბებული, განსაზღვრული და განმარტებული აქვს თავის შემდეგ გადაწყვეტილებებში: „საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია ... საკუთრების უფლების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები,ხოლო საკუთრებით სარგებლობა იმავდროულად უნდა ემსახურებოდეს საერთო კეთილდღეობას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის №1/51 გადაწყვეტილება);
„კონსტიტუციით აღიარებული და უზრუნველყოფილი საკუთრება გულისხმობს ყველასათვის ერთიანი და თანასწორი საკუთრების უფლების დამკვიდრებას ... კონსტიტუციის 21-ე მუხლში ჩადებული საკუთრების იდეა სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს, უფლებრივად ათანაბრებს სხვა მესაკუთრეებთან. ამის შესაბამისად ჩამოყალიბდა ქართული სამოქალაქო კანონმდებლობა ... კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში პირთა თანასწორობის დაკანონებულმა პრინციპმა სახელმწიფო გაათანაბრა ამ ურთიერთობის სხვა სუბიექტებთან“ (საკონსტიტუციო სასამართლოს №1/14/184,228 გადაწყვეტილება; II-2); „პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა და უზრუნველყოფას, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება – ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით.“(საკონსტიტუციო სასამართლოს №1/14/184,228 გადაწყვეტილება; II-2);
საკუთრების უფლება „ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება; II-5);
„საკუთრების უფლება უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა. ამავდროულად, საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო, მეორე მხრივ – მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის № 2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება ; II-6);
„21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ შინაარსი უფრო ფართოდ უნდა იქნეს გაგებული, საკუთრების სოციალური ბუნებიდან გამომდინარე. თუ არ მოხდება 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ შედარებით ფართო და თავისუფალი ინტერპრეტაცია, მაშინ კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები მიიღებენ სიხისტის ისეთ მაღალ ხარისხს, რაც აქვს საჯაროსამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებს. ამ სფეროში კანონმდებელი გაცილებით უფრო თავისუფალია, ვიდრე საჯაროსამართლებრივი ურთიერთობების რეგულირების სფეროში. თუმცა, ეს არ ნიშნავს კანონმდებლის სრულ თავისუფლებას და ამოვარდნას კონსტიტუციურ-სამართლებრივი ჩარჩოებიდან. კანონმდებლის მიერ გამოხატული პოზიცია უნდა იყოს დაბალანსებული, მკაფიო, გარკვეული და არ უნდა იძლეოდეს თვითნებობისა და ნორმის ბოროტად, არამიზნობრივად გამოყენების შესაძლებლობას“ (2007 წლის 18 მაისის № 2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება ; II-14,15,16);
„საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში. აქედან გამომდინარე, 21-ე მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის დამრღვევი ნორმა, რომელიც არ შეესაბამება საკუთრების უფლების შეზღუდვისადმი ან საკუთრების ჩამორთმევისადმი წაყენებულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, იმავდროულად წინააღმდეგობაში მოვა ამავე მუხლის პირველ პუნქტთანაც“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის № 2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება ; II-6);
საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა: „საკუთრების განკარგვის თავისუფლებასთან გვაქვს საქმე, როცა ეს განკარგვა მესაკუთრის თავისუფალი ნების შედეგად ხდება და იგი წარმოადგენს სუვერენული უფლების რეალიზაციის გამოვლინებას. იმ შემთხვევაში, როცა მესაკუთრის ნების გამოვლენა გარეგანი ნორმატიული იძულების საფუძველზე ხდება, შეუძლებელია საუბარი მის თავისუფლებაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება; II-28);
„ქონების ფლობას აზრი დაეკარგება, თუკი სუბიექტის ქონებრივი უფლებები შინაარსგამოცლილი გახდება. საკუთრების შინაარსი მაშინაა გარანტირებული, როცა მესაკუთრეს შეუძლია საკუთრებაში მოაზრებული უფლებამოსილებების სრულყოფილად განხორციელება საკუთრების ობიექტის ფუნქციით დეტერმინირებული ნების მიხედვით. აქედან გამომდინარე, კანონმდებელი ვალდებულია, მესაკუთრეს მისცეს თავისი საკუთრების დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს საკუთრების ობიექტებთან თავად მესაკუთრის პირად ურთიერთობას. სწორედ ეს წარმოადგენს საკუთრების, როგორც სანივთო უფლების პოზიტიური შინაარსის გამოვლინებას“(საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება; II-262; „საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის დაცვის სუბიექტია კერძო პირთა საკუთრება, როგორი ფუნქციური დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს მას, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული თუ არასამეწარმეო მიზნებისათვის. საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი“ (II-23)2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება;
„საკუთრების განკარგვის თავისუფლებასთან გვაქვს საქმე, როცა ეს განკარგვა მესაკუთრის თავისუფალი ნების შედეგად ხდება და იგი წარმოადგენს სუვერენული უფლების რეალიზაციის გამოვლინებას. იმ შემთხვევაში, როცა მესაკუთრის ნების გამოვლენა გარეგანი ნორმატიული იძულების საფუძველზე ხდება, შეუძლებელია საუბარი მის თავისუფლებაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება; II-28);
„სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის გათვალისწინებით, დაცული უნდა იყოს ლეგიტიმური მოლოდინები, რომელთა მიმართაც ინდივიდებს ნდობა გააჩნიათ. კანონით მინიჭებული უფლებების მიმართ მაღალია ინდივიდების ნდობის ხარისხი. აღნიშნული ნდობის გაუმართლებელი შერყევა ნეგატიურად აისახება სამართლის მიმართ ნდობასა და სამართლებრივ უსაფრთხოებაზე“(2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება). შეიძლება არათავმდაბლად ჟღერს, მაგრამ ვთვლი, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია ბევრ რამეში ემთხვევა ჩემს დასაბუთებასა და პოზიციას და რაც მთავარია, ყველაზე სასიხარულო და ბუნებრივი ის არის, რომ ეს პოზიცია ყველგან თანხვედრაშია ლოგიკასთანაც, სამართლიანობასაც და კონსტიტუციასთანაც. ამ ყოველივედან გამომდინარე ვთვლი, რომ ჩემი სასარჩელო მოთხოვნები იურიდიული ტერმინოლოგიის და ნიუანსებისა და როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი გარემოებების მხრივ დასაბუთებულია და ნებისმიერი პროფესიის ზრდასრული ადამიანისთვის ცხადია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, ჩემგან განსხვავებით, ვინმე თუ მიიჩნევს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმები წარმოადგენენ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებად ცნობილ, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევებს და დადგენილ წესს, დარღვეულია საკუთრების უფლების არსი, რაც უკვე სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურობას ნიშნავს, შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით. ასევე მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო იმ გარემოებას, რომ მესაკუთრის უძრავი ნივთიდან დევნილის გამოსახლების შედეგად განხორციელდება არა მხოლოდ უძრავი ნივთის მესაკუთრის (ამ შემთხვევაში - ჩემი) საკუთრების უფლების ნატურალური რეალიზება, არამედ ასევე დაჩქარდება დევნილის მიერ საკუთრების უფლების მოპოვებაც სხვა უძრავ ნივთზე, სახელმწიფოს მიერ მისთვის სათანადო საცხოვრებლის კანონშესაბამისად გამოყოფის და საკუთრებაში გადაცემის გზით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის მიმართვის შემთხვევაში, რაც ახლაც ნებაყოფლობითია და სავარაუდოდ, მომავალშიც ასეთად დარჩება. ამასთან, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ისიც, რომ ამ დროს დევნილს არ ერთმევა უფლება, სასამართლო დავის გზით დაამტკიცოს მესაკუთრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერში მითითებული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის და ამ დოკუმენტის საფუძვლის არამართლზომიერება სათანადო ხანდაზმულობის ვადის გაუსვლელობის შემთხვევაში. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი