საქართველოს მოქალაქე ირაკლი ღვამბერია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N742 |
ავტორ(ებ)ი | ირაკლი ღვამბერია |
თარიღი | 5 აპრილი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე სარჩელი სრულად შეესაბამება სათანადო წესით დამტკიცებული სარჩელის ამ ფორმის ,,შენიშვნა 4“-ში მითითებული, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ”, საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, ხოლო პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას, რომელიც ადასტურებს ამ სარჩელის საფუძვლიანობას, წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჩემს საკუთრებაში არსებული ბინის ნაწილში ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და ისინი მართლზომიერ მფლობელებად იქნენ ცნობილნი სააპელაციო ინსტანციის მიერაც. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები შეიცავს შემდეგ დებულებებს: 1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. . . . 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.“, რომლებითაც იმპერატიული, შესასრულებლად სავალდებულო ფორმის გარდა, გასაგები და მკაფიოდ ჩამოყალიბებული შინაარსით დადგენილია საკუთრების და მესაკუთრის ხელშეუხებელი სტატუსი და განსაზღვრულია ის შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია მათი შეზღუდვა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის, ,, ცნება. საკუთრების უფლების შინაარსი“ პირველი ნაწილის მიხედვით, ,, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.“ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, მუხლი 14, პუნქტი 5-ის სადავო დებულებები: ,,თუ მესაკუთრე ისარგებლებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებით, იგი ვალდებულია გაითვალისწინოს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.“ ამ სამართლებრივ ნორმაში ხსენებული მეორე პუნტის მიხედვით, ,,ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრამდე ან დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) დევნილთან ფორმდება წერილობითი შეთანხმება მის მიერ დაკავებული ფართობის სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე; ბ) დევნილს გამოეყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება მისი საყოფაცხოვრებო პირობები; გ) ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენა, რომელიც ითვალისწინებს კომპენსაციას და რეგულირდება საერთო წესით.“ მე კარგად მესმის კანონმდებლის მიერ ამ კანონის მ14,პ2-ში გამოხატული ნება და უფრო მეტიც, სრულად ვიზიარებ მის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დევნილი პირების, მაპატიეთ და ,,ქუჩაში გაყრა“ დაუშვებელია, გამომდინარე თუნდაც იქიდან, რომ მე თვითონ გახლავართ აფხაზეთის ომის ვეტერანი და ვიცი, თუ რას გამოექცა ეს ხალხი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს და არ უნდა ნიშნავდეს, რომ ჩემი საკუთრების ნაწილი, ჩემი თანხმობის გარეშე, განუსაზღვრელი ვადით ჰქონდეთ დაკავებული პირებს, რომელთა მიმართაც მე, როგორც მესაკუთრეს, არანაირი ხელშეკრულებითი მოვალეობები და საკუთრების ცნების საწინააღმდეგო ასეთი ფლობის თმენის არავითარი ვალდებულება არ გამაჩნია. ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიციის სისწორეს და მართლზომიერებას დამატებით ადასტურებს ის ფაქტები, რომ ამ კანონის მ4, ,,პ“ ქვეპუნქტით მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობად მიჩნეულია საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილი ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობს და რომ კანონით განგებ, ან უნებლიედ არაა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ დევნილმა, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, შესაძლოა ხელოვნურად გააჭიანუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის მიმართვა, თანაც განუსაზღვრელი დროით, მაშინ როდესაც მესაკუთრეს მხოლოდ დევნილის რეგისტრაციიის გაუქმების მოთხოვნით შეუძლია მიმართოს ამ სამინისტროს და არა ამ დევნილისთვის შესაბამისი საცხოვრებელი ფართობის გამოყოფის მოთხოვნით. ნიშანდობლივია, რომ არც ამ სამინისტროს არ გააჩნია მესაკუთრის მოთხოვნით, ან თავისი ინიციატივით ასეთი ფართობის შეთავაზების არც უფლება, არც მითუმეტეს ვალდებულება, რაც რეალურად ხელყოფს ჩემი, როგორც მესაკუთრის, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საყოველთაოდ, მთელ მსოფლიოში აღიარებული და დაცული, უფლების შესაბამისობას საკუთრების ცნებასთან - ჩემს შემთხვევაში დევნილები რეგისტრირებულნი არ არიან ჩემს საკუთრებაში არსებულ ბინაში, რა თქმა უნდა, მათი რაიმე სახის უფლება, ან ჩემი საკუთრების უფლების არანაირი შეზღუდვა არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და შესაბამისად, ვერც ასეთი რეგისტრაციის გაუქმებას ვერ მოვითხოვ, რის გარეშეც მათი გამოსახლება ჩემთვის რეალურად შეუძლებელი ხდება, გამომდინარე ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის, მე-8 პუნქტის დებულებებიდან - ,,ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დევნილის/დევნილი ოჯახის გამოსახლება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრემ სამინისტროს მიმართა განცხადებით მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართობზე რეგისტრირებული დევნილის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. თავის მხრივ, აღნიშნულ მე-7 პუნქტი ასეთი შინაარსისაა : ,,ამ მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ დევნილზე/დევნილ ოჯახზე, რომელიც არ იქნა განსახლებული სახელმწიფოს მიერ და რომელმაც საკუთარი ძალებითა თუ საშუალებებით იპოვა საცხოვრებელი (რეგისტრირებულია ან/და ცხოვრობს ნაქირავებ, ნათხოვარ ან საკუთარ სახლში ან მასპინძელ ოჯახთან ერთად და სხვა), რომელშიც სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ყოველწლიურად არ ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს.“ ჩემს შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში იდო იმის მტკიცებულებები, რომ დევნილთა სამინისტროს არ ჰქონდა განხორციელებული კომუნალური და სხვა სახის გადასახდელების გადახდა ჩემი ბინის მდებარეობის მისამართზე მცხოვრებ დევნილთა სასარგებლოდ და განმარტებებით(რომლებიც, დამეთანხმებით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენენ) დადგინდა, რომ არც მე, როგორც მესაკუთრე, არც ჩემი ბინის პირვანდელი მესაკუთრე - თავდაცვის სამინისტრო, არ ვიყავით თანახმა ამ დევნილთა ჩემი ბინის ფართობში განსახლებაზე, რაც საკუთრების ცნების შინაარსიდან და ხსენებული კანონის სათანადო დებულებების (მ4,პუნქტი ,,პ“,მ.14, პ3)შინაარსიდან გამომდინარე, გამორიცხავდა ამ პირთა ფართობის მართლზომიერ მფლობელებად ცნობას, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ისინი მართლზომიერ მფლობელებად სცნეს, მიუხედავად იმისა, რომ მე, მესაკუთრე, არ ვიყავი შეზღუდული არავითარი სახელშეკრულებო ვალდებულებებით იმ პირთა მიმართ და საკუთრების უფლება მოპოვებული მქონდა სამსახურებრივი ორდერის საფუძველზე, რომლის ჩემზე, ისევე როგორც ოთხ სხვა ჩემ მეზობელ სამხედრო მოსამსახურეზე გაცემული სამსახურეობრივი ორდერების გაცემა კანონიერადაა (მართლზომიერეად) ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 მაისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით საქმეზე #3ბ/165-10, (მოსამართლე ქ-ნი ლეილა მამულაშვილი), რომლითაც ძალაში იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.10.2009წ განჩინება აპელანტის ბინის მთელ შენობაში არსებული ყველა ბინის ორდერების ბათილად ცნობის და იქიდან ორდერების მფლობელების, მათ შორის აპელანტისაც, გამოსახლების მოთხოვნით ა.გაბიანისა და ლ.ღვინეფაძის სარჩელის დაუშვებლად ცნობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ადმინისტრაციულ საქმეზე #3/153-06, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009წლის 19 მაისის განჩინების გათვალისწინებით საქმეზე #ბს-264-254(4კ-09). კანონი არ შეიცავს მესაკუთრის ინტერესის დაცვის რეალურ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფდა ჩემი საკუთრების კანონშესაბამის(მათ შორის კონსტიტუციის) - შეუზღუდავ ფლობას ჩემი მხრიდან. დღეს ბევრს საუბრობენ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე, მაგრამ ჩემი აზრით, ნამდვილი დისკრიმინაციიის უკიდურესად მახინჯ და უსულგულო, ცინიკურ ფორმას ადგილი აქვს კონსტიტუციურად დადასტურებული და აღიარებული საკუთრების უფლების(მათ შორის ჩემი) დარღვევის შემთხვევაში, არაკონსტიტუციური კანონის არსებობის და ზოგიერთი მოსამართლის მიერ კონსტიტუციის და ხსენებული კანონის დებულებების არასწორად გაგებისა და განმარტების შედეგად. ვთვლი, რომ იურიდიული ტერმინოლოგიის და ნიუანსების მხრივ ჩემ მიერ დასაბუთებულია და ნებისმიერი პროფესიის ზრდასრული ადამიანისთვის ცხადია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩემგან განსხვავებით, ვინმე მიიჩნევს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმები წარმოადგენენ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებად ცნობილ, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევებს და დადგენილ წესს, დაირღვეულია საკუთრების უფლების არსი, რაც უკვე სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურობას ნიშნავს, შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით. ასევე მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო იმ გარემოებას, რომ მესაკუთრის უძრავი ნივთიდან დევნილის გამოსახლების შედეგად განხორციელდება არა მხოლოდ უძრავი ნივთის მესაკუთრის (ამ შემთხვევაში - ჩემი) საკუთრების უფლების ნატურალური რეალიზება, არამედ ასევე დაჩქარდება დევნილის მიერ საკუთრების უფლების მოპოვებაც სხვა უძრავ ნივთზე, სახელმწიფოს მიერ მისთვის სათანადო საცხოვრებლის კანონშესაბამისად გამოყოფის და საკუთრებაში გადაცემის გზით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის მიმართვის შემთხვევაში, რაც ახლაც ნებაყოფლობითია და სავარაუდოდ, მომავალშიც ასეთად დარჩება. ამასთან, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ისიც, რომ ამ დროს დევნილს არ ერთმევა უფლება, სასამართლო დავის გზით დაამტკიცოს მესაკუთრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერში მითითებული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის და ამ დოკუმენტის საფუძვლის არამართლზომიერება სათანადო ხანდაზმულობის ვადის გაუსვლელობის შემთხვევაში - მაგალითად ჩემს შემთხვევაში 12 წლის მანძილზე არ გასაჩივრებულა ჩემზე გაცემული ბინის ორდერი, რომლის შესახებაც ყველასთვის, მათ შორის ჩემი ,,ხიზნებისთვისაც“ 12 წლის წინათაც ცნობილი იყო. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვ, რომ ზემოხსენებული კანონიდან ამოღებულ იქნეს მ14, პ5 მთლიანად და ამავე მუხლის პ8-ის სიტყვები: მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართობზე რეგისტრირებული დევნილის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი