არტურ მურადიანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/1501 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 1 მარტი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 მარტი 2024 15:32 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში –წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: არტურ მურადიანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის (სამოქალაქო პირთათვის) სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლის უფლების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტების და „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის“ მე-2 თავის „2.4“ პუნქტის (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-12 მუხლთან, მე-15 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1501) მომართა საქართველოს მოქალაქე არტურ მურადიანმა. №1501 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 11 მაისს. №1501 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის პირველ მარტს.
2. №1501 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის (სამოქალაქო პირთათვის) სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლის უფლების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების (შემდგომში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანება) პირველი პუნქტით აკრძალულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის (სამოქალაქო პირებისათვის) სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლა, გარდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების შემთხვევებისა. აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, ზემოაღნიშნული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურე (სამოქალაქო პირი) გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან. „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის“ (შემდგომში, საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი) მე-2 თავის „2.4“ პუნქტის (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, „პოლიციელს ეკრძალება სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონში შესვლა, გარდა ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებებთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევებისა. უნიფორმაში მყოფ პოლიციელს ასევე ეკრძალება ისეთ გარემოში ყოფნა (ალკოჰოლური სასმელების გასაღებისა და მოხმარების ადგილები, ზოგიერთი ტიპის გასართობი ობიექტები და ა. შ.), რომელიც შეუფერებელია პოლიციელის პროფესიისთვის“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა და ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში თუ საჯაროდ. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განსაზღვრულია, რომ ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, განსაზღვრავს აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლებსა და წესს. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტი კი, განამტკიცებს ადამიანის პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის, საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ შესვლისა და ჩხრეკის დაუშვებლობის გარანტიას და ადგენს აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლებსა და წესს. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.
5. №1501 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2018 წლის 28 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან იმ საფუძვლით, რომ განახორციელა განსახილველ საქმეზე გასაჩივრებული ნორმებით განსაზღვრული ქმედება. მოსარჩელემ აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა ადმინისტრაციული სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განჩინების საფუძველზე.
6. მოსარჩელის არგუმენტაციით, საქართველოში აზარტული თამაშების ბიზნესი ლეგალიზებულ საქმიანობას წარმოადგენს და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფუნქციონირებს საქართველოს ნებისმიერ ქალაქში. შესაბამისად, ნებისმიერ პირს, კანონმდებლობით დადგენილი ასაკის მიღწევის შემდგომ, გააჩნია უფლება, დაუბრკოლებლად შევიდეს აზარტული თამაშების დაწესებულებაში (ტოტალიზატორში, სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში და სხვ.) და საკუთარი სურვილისებრ გაატაროს იქ დრო. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი დებულებები კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს (სამოქალაქო პირებს) უკრძალავს მსგავსი კატეგორიის დაწესებულებაში შესვლას, მათ შორის, არასამუშაო საათებში და შვებულებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებულია და პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად იდენტიფიცირება სამსახურებრივი უნიფორმის, იარაღის თუ სხვა საშუალებით შეუძლებელია. ამასთან, მოსარჩელე განცალკევებულ სამართლებრივ პრობლემად მიიჩნევს გასაჩივრებული ნორმებით დადგენილი აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში ისეთი მძიმე სანქციის გამოყენებას, როგორიც არის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება.
7. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურისათვის (სამოქალაქო პირისათვის) სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში როგორც შესვლის აკრძალვა, აგრეთვე ამგვარი დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1501 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, სადავო ნორმები შეიცვალა. კერძოდ, „„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 2 აგვისტოს №58 ბრძანების პირველი მუხლის საფუძველზე, სადავო ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ხოლო 2023 წლის 4 აგვისტოს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის (სამოქალაქო პირთათვის) სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლის უფლების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანება გამოცხადდა ძალადაკარგულად. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის ზემოთ განხილული სადავო ნორმები ძალადაკარგულია. ამასთან, სადავო ნორმებმა ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.
2. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა a priori არ იწვევს აღნიშნულ ნორმაზე სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10). აღნიშნული პრაქტიკის ცვლილება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც, ერთი მხრივ, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, რომელსაც სადავო ნორმის მსგავსად, გააჩნია უფლების შეზღუდვის პოტენციალი, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით.
3. თუმცაღა იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა გასაჩივრებული ძალადაკარგული ნორმების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საქმეზე წარმოებას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კანონმდებლობაში ძალადაკარგული ნორმის იდენტური/მსგავსი შინაარსის მქონე დებულება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „№3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი საქმისწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევას. ბუნებრივია, აზრს მოკლებულია მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის ხსენებულ ნაწილთან მიმართებით, არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/15/1462 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მათ შორის, შეაფასებს, რამდენად არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები.
4. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
5. №1501 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-2 თავის „2.4“ პუნქტის მე-2 წინადადებას (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია). აღნიშნული დებულების შესაბამისად, „უნიფორმაში მყოფ პოლიციელს, ასევე ეკრძალება ისეთ გარემოში ყოფნა (ალკოჰოლური სასმელების გასაღებისა და მოხმარების ადგილები, ზოგიერთი ტიპის გასართობი ობიექტები და ა. შ.), რომლებიც შეუფერებელია პოლიციელის პროფესიისთვის“. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის აზარტული თამაშების დაწესებულებაში შესვლის აკრძალვას არასამუშაო საათებში ან შვებულების პერიოდში, როდესაც აღნიშნული პირის იდენტიფიცირება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად სამსახურებრივი უნიფორმის, ტაბელური იარაღის თუ სხვა ნიშნის მეშვეობით შეუძლებელია.
6. დასახელებული შეზღუდვა მომდინარეობს საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-2 თავის „2.4“ პუნქტის პირველი წინადადებიდან (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია), ხოლო ამავე პუნქტის მე-2 წინადადება (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) შეეხება სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონის მიღმა, სხვა რიგ გარემოში ყოფნის მიმართ დაწესებულ შეზღუდვებს, რასაც განსახილველ საქმეზე, ზოგადად, მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის. შესაბამისად, ნათელია, რომ დასახელებული დებულება არ არეგულირებს მოსარჩელის მიერ განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარ საკითხს, კერძოდ, აღნიშნული დებულება არ შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურისათვის სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლის აკრძალვას, როდესაც პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად იდენტიფიცირება შეუძლებელია და არც აღნიშნული აკრძალვის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომას განსაზღვრავს. ამასთანავე, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლის უფლების აკრძალვის მიღმა, პოლიციელის მიერ სხვა გარემოში ყოფნის მიმართ დაწესებული აკრძალვის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ იქნებოდა მიმართული.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-2 თავის „2.4“ პუნქტის მე-2 წინადადების (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-12 მუხლთან, მე-15 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, №1501 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-2 თავის „2.4“ პუნქტის პირველი წინადადების (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს რეგულაციებს, რომლებიც კრძალავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის აზარტული თამაშების დაწესებულებაში შესვლას და აღნიშნული აკრძალვის დარღვევისათვის ითვალისწინებს დასაქმებული პირის სამსახურიდან გათავისუფლებას. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს არასამუშაო საათებში, შვებულების პერიოდში ან სხვა დროს, როდესაც შეჩერებული აქვს სამსახურებრივი სტატუსი, არ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებებს და შეუძლებელია მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურედ იდენტიფიცირება, უნდა გააჩნდეს სადავო ნორმით გათვალისწინებულ დაწესებულებაში შესვლის უფლება.
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“. აღნიშნული კონსტიტუციური უფლება წარმოადგენს თითოეული ინდივიდის დამოუკიდებელი განვითარებისა და თავისუფლების უმთავრეს საფუძველს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირადი ცხოვრების უფლება „სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანის თავისუფლების, თვითმყოფადობისა და თვითრეალიზაციისათვის, მისი სრულყოფილად გამოყენების ხელშეწყობა და დაცვა არსებითად განმსაზღვრელია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2/519 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
10. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ პირადი ცხოვრების ცნება არის ფართო კონცეფცია, რომელიც შედგება არაერთი უფლებრივი კომპონენტისაგან და რომლის ამომწურავი განმარტება შეუძლებელია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „ზოგადად, პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო, პრივატული სფეროს არსებობას, პირის უფლებას, სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან, ასევე ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მოახდინოს ინფორმაციისა თუ მოსაზრებების გაცვლა-გაზიარება მათთან“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ‒ ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“).
11. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში, პირადი ცხოვრებისა და პირადი ავტონომიის უფლებით დაცულ სფეროში არ ექცევა ნებისმიერი სახის ურთიერთობა სხვა პირებთან მიმართებით, ისევე, როგორც ნებისმიერი საჯარო/საზოგადოებრივი აქტივობა, რომლის განხორციელებასაც შესაძლოა, ცდილობდეს ადამიანი დამოუკიდებლად ან სხვა ადამიანებთან ურთიერთკავშირის გზით. ამგვარად, არ შეიძლება ნებისმიერი ქმედება, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდს, განავითაროს საკუთარი პიროვნება, დაამყაროს კავშირი გარე სამყაროსთან და ჩამოაყალიბოს ინტერპერსონალური ურთიერთობები, პირადი ცხოვრების უფლებასთან კავშირის გამოკვეთის გარეშე, თავისთავად, მიჩნეული იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულად. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ კონკრეტული ქმედება, რომლის განხორციელებაც ეკრძალება მოსარჩელეს, ზღუდავს სწორედ პირის პირადი ცხოვრების, პირადი ავტონომიის რომელიმე უფლებრივ კომპონენტს.
12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონში შესვლის აკრძალვის, როგორც ქმედების ზოგადი თავისუფლების შეზღუდვის არაკონსტიტუციურობაზე, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღნიშნულის მიღმა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა სადავო ნორმებიდან მომდინარე მოსარჩელის პირადი ცხოვრების შეზღუდვის ფაქტს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, №1501 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
13. მოსარჩელე სადავო ნორმების კონსტიტუციურობას აგრეთვე ასაჩივრებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. როგორც აღინიშნა, მოსარჩელის არგუმენტაცია მიმართულია საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებული ქმედების ზოგადი თავისუფლების უფლების შეზღუდვის წარმოჩენისაკენ და მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაანახვებდა, რა მიმართება არსებობს სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებს შორის ან რა თვალსაზრისით ზღუდავს სადავო ნორმები ზემოხსენებულ კონსტიტუციურ დებულებებს. კერძოდ, №1501 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე არ მიუთითებს, რა კავშირი არსებობს სადავო ნორმით განსაზღვრულ შეზღუდვასა და ადამიანის ღირსების ხელშეუვალობას შორის ან რა თვალსაზრისით ზღუდავს ზოგიერთი კატეგორიის დაწესებულებაში შესვლის აკრძალვა პირადი სივრცისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობისა, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებებს. მოსარჩელე არც სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს შორის მიმართებას ასაბუთებს. იგი არ მიუთითებს სადავო ნორმებიდან მომდინარე დიფერენცირებულ მოპყრობაზე და არც შესადარებელ ჯგუფებს გამოკვეთს, რომელთა შორისაც, მოსარჩელის პოზიციით, ხორციელდება დისკრიმინაციული მოპყრობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
14. მოსარჩელე სადავო ნორმებს, დამატებით, არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, რომლის შესაბამისადაც, „ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული დებულება ახდენს უფლების შეზღუდვის პროპორციულობის ზოგადი პრინციპის დეკლარირებას და იგი არ ადგენს ძირითად უფლებას. აღნიშნული გარანტია თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრული ცალკეული უფლებებიდანაც. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აფასებს სადავო ნორმას ძირითადი უფლების დამდგენ, კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრულ დებულებებთან მიმართებით, კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პრინციპის კონტექსტში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1472 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). ამდენად, დასახელებული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებულ ისეთ ნორმას, რომელიც ადგენს ზოგად პრინციპს და არ განსაზღვრავს კონკრეტულ კონსტიტუციურ უფლებას. შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურ სამართლებრივი შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, ვერ განხორციელდება განცალკევებულად (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1/392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21). ამგვარად, №1501 კონსტიტუციური სარჩელი ამ თვალსაზრისით, დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-2 თავის „2.4“ პუნქტის პირველი წინადადების (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-15 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, №1501 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
16. მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები და საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-2 თავის „2.4“ პუნქტის პირველი წინადადება (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ შრომის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, გასაჩივრებული რეგულაციები, ერთი მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურისათვის კრძალავს სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლას და, მეორე მხრივ, ხსენებული აკრძალვის დარღვევისათვის ითვალისწინებს დამრღვევი მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან დათხოვნას. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმებით გათვალისწინებულ დაწესებულებებში ვიზიტის აკრძალვა არაკონსტიტუციურია, რამდენადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ეზღუდებათ სრულიად კანონიერი ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა არასამუშაო საათებში ან/და შვებულების პერიოდში.
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). აუცილებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციის განმარტების პროცესში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თითოეული კონსტიტუციური უფლების შინაარსის განსაზღვრა მათი მიზანმიმართულებისა და ღირებულებების გათვალისწინებით უზრუნველყოს. ამავდროულად, „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა, კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, განსხვავებულია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროები. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია საქართველოს ყოველი მოქალაქის მიერ ნებისმიერი საჯარო თანამდებობის დაკავებისა და მის ფარგლებში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი კი შეეხება შრომითი ურთიერთობის იმ სპექტრს, რომელიც არ გულისხმობს საჯარო თანამდებობის დაკავებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი საჯარო სამსახურში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებით ქმნის კონსტიტუციურ გარანტიებს. მოცემული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში მცდარი იქნებოდა შრომითი ურთიერთობის სრული სპექტრის კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში მოქცევა, რამდენადაც საქართველოს კონსტიტუცია შრომითი ურთიერთობების გარკვეული სეგმენტის მოწესრიგებას, კერძოდ, საქმიანობას საჯარო დაწესებულებებში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული, თავისი არსით, შრომით საქმიანობას წარმოადგენს, უკავშირებს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/9/556 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
19. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის მახასიათებლებიდან გამომდინარე და საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული დებულებების მიზანმიმართულების გათვალისწინებით, ადგენს შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი რეგულაცია და მისგან მომდინარე შეზღუდვა შემხებლობაშია და ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით თუ 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროს. აღნიშნულისათვის კი გადამწყვეტია, დადგინდეს, განეკუთვნება თუ არა კონკრეტული თანამდებობა „საჯარო თანამდებობას“, რამდენადაც სწორედ „საჯარო თანამდებობის“ დაკავების და მის ფარგლებში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლებას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც, ამ მხრივ, გამორიცხავს აღნიშნულ ურთიერთობაზე საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის გავრცელების შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის №3/1/1272 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის №3/2/767 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯიმშერ ცხადაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/9/556 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
20. განსახილველ შემთხვევაში, თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე, კონკრეტული აქტივობის განხორციელების შეზღუდვა შეეხება პირს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რამდენად წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსარჩელის საქმიანობა საჯარო საქმიანობას და მის მიერ დაკავებული თანამდებობა საჯარო თანამდებობას.
21. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, კანონის საფუძველზე იქმნება სამინისტრო, რომელთაგანაც ერთ-ერთს სწორედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განეკუთვნება. თავის მხრივ, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მიხედვით, სამინისტროს საქმიანობის სფეროა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა, აღკვეთა, გამოძიება და ანალიზი, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა. აღნიშნული დებულების თანახმად, ზემოხსენებული მიზნების მიღწევა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა ორგანოების − სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. ზემოხსენებული დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან ერთ-ერთს სწორედ ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტი განეკუთვნება, რომლის რაიონული დანაყოფების კომპეტენციას, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანების მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების სფეროში საქმიანობა წარმოადგენს. შესაბამისად, რამდენადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ფარგლებში, მათ შორის, მოსარჩელის პროფესიული საქმიანობა ხსენებული საჯარო მიზნების უზრუნველყოფას ემსახურება, აღნიშნული თანამდებობა განხილულ უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საჯარო თანამდებობად, რომლის დაკავებისა და განხორციელების კანონით განსაზღვრული პირობები უნდა შეესაბამებოდეს სწორედ საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული დებულებით დადგენილ მოთხოვნებს.
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ერთი უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულია სპეციალური რეგულაცია, უფლებაში ჩარევის განსხვავებული შინაარსი და ფარგლები, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ დროს ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა შესაძლებელია და უნდა შეფასდეს მხოლოდ მის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). შესაბამისად, რამდენადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურის, მათ შორის, მოსარჩელის თანამდებობა წარმოადგენს „საჯარო თანამდებობას“, აღნიშნული თანამდებობის დაკავებისა და მის ფარგლებში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლება განმტკიცებულია და აღნიშნული უფლების შემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურობა შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
23. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-2 თავის „2.4“ პუნქტის პირველი წინადადების (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1501 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
24. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით. დასახელებული სადავო ნორმით დადგენილია, რომ სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შესვლა გამოიწვევს მათ გათავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან. ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების მე-2 პუნქტი ქმნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის.
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პიროვნების თავისუფალი განვითარება უზოგადესი უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-57). საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების ესა თუ ის უფლებრივი კომპონენტი დაცულია სპეციალური კონსტიტუციური დებულებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეაფასოს არა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, არამედ - იმ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით, რომელიც მოცემული უფლებრივი კომპონენტის კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს ადგენს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
26. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურის შესვლა სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში, არ უნდა იწვევდეს მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას. წინამდებარე საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ მოსარჩელის თანამდებობა წარმოადგენს „საჯარო თანამდებობას“ და ამ თანამდებობის დაკავებისა და მის ფარგლებში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლების შემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (იხ. სამოტივაციო ნაწილის 20-23 პარაგრაფები). ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკით დადგენილია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება მოიცავს საჯარო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12,13).
27. ამდენად, აშკარაა, რომ იმ სადავო ნორმის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პირის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლებას და, ამ მხრივ, ზღუდავს საჯარო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლებას, შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. შესაბამისად, სადავო ნორმას არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებულ უფლებასთან.
28. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, №1501 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
29. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება, თუ „სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის“.
30. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების პირველი პუნქტისა და საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-2 თავის „2.4“ პუნქტის პირველი წინადადების (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით. სადავო რეგულაციები წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა არსებითად განსახილველად მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული აქტების კონსტიტუციურობაზე სრულყოფილი მსჯელობა შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შეფასების გარეშე.
31. სადავო ნორმების თანახმად, აკრძალულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლა. მოსარჩელის არგუმენტაციით, საქართველოში აზარტული თამაშების ბიზნესი ლეგალიზებულ საქმიანობას წარმოადგენს და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფუნქციონირებს საქართველოს ნებისმიერ ქალაქში. შესაბამისად, ნებისმიერ პირს, კანონმდებლობით დადგენილი ასაკის მიღწევის შემდგომ, გააჩნია უფლება, დაუბრკოლებლად შევიდეს აზარტული თამაშების დაწესებულებაში (ტოტალიზატორში, სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში და სხვა). განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი დებულებები კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს უკრძალავს მსგავსი კატეგორიის დაწესებულებაში შესვლას, მათ შორის, არასამუშაო საათებში და შვებულებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებულია და პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად იდენტიფიცირება სამსახურებრივი უნიფორმის, იარაღის თუ სხვა საშუალებით შეუძლებელია.
32. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება. ამავე კანონის მე-3 მუხლის ბ3 ქვეპუნქტის შესაბამისად, აკრძალულ პირი არის ის პირი, რომელსაც ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობა, მათ შორის, თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში. ამ კანონის მიზნებისთვის კი აკრძალულ პირს წარმოადგენს, მათ შორის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირი (მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი).
33. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და, შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა ორგანოები − სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები წარმოადგენენ საბიუჯეტო ორგანიზაციებს და მათში დასაქმებულ პირებზე ვრცელდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აკრძალვა.
34. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში განმარტავს, რომ იგი დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ განყოფილებაში, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტი კი წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელის სამსახურებრივ პოზიციაზე დასაქმებულ პირებზე ვრცელდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი და ამ კანონის საფუძველზე, მათ ეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, რაც ასევე მოიცავს სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში შესვლის აკრძალვასაც.
35. ამდენად, ნათელია, რომ სადავო წესი, რომელსაც მოსარჩელე პრობლემურად მიიჩნევს, გათვალისწინებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. ამდენად, წესი, რომელსაც მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, დადგენილია სწორედ ნორმატიული აქტების იერარქიაში უფრო მაღლა მდგომი აქტით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სრულფასოვნად იმსჯელოს სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე იერარქიულად მასზე მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტზე მსჯელობის გარეშე.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 20 მარტის №318 ბრძანების პირველი პუნქტისა და საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-2 თავის „2.4“ პუნქტის პირველი წინადადების (2023 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, №1501 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
37. №1501 კონსტიტუციურ სარჩელთან მიმართებით, სახეზეა გასაჩივრებული ძალადაკარგული ნორმების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი საფუძვლები. აღნიშნული კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, იწვევს საქმეზე წარმოების შეწყვეტას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კანონმდებლობაში ძალადაკარგული ნორმების იდენტური/მსგავსი შინაარსის მქონე დებულებები.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1501 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1501 კონსტიტუციურ სარჩელზე („არტურ მურადიანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში