ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/1/1717 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 1 მარტი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 მარტი 2024 16:10 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2022 წლის 27 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1717) მომართეს ალექსანდრე კობაიძემ და მირანდა შალამბერიძემ. №1717 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 13 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის პირველ მარტს.
2. №1717 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2022 წლის 27 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, „ამ კოდექსის 45-ე, 451, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−56-ე და 57-ე–572 მუხლებით, 573 მუხლის მე-2 ნაწილით, 574−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 721−78-ე, 791−81-ე, 822 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 88-ე−893, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 99-ე, 1001, 1002, 103-ე–104-ე, 1051, 134-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 1461, 148-ე−152-ე, 1522, 1523, 153-ე, 1531, 1533–1536, 154-ე−1542, 156-ე, 1571–158-ე, 164-ე, 1644, 165-ე, 1651, 166-ე−167-ე, 170-ე და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1724, 1728, 1729, 173-ე–1732, 1736, 1737, 1739, 174-ე–1742, 175-ე−1752, 1771, 1778, 1779, 1792, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1971 და 1991 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის თავისუფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, „ ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი – დაცვის უფლება.
5. №1717 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას სავალდებულო წესით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრებას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი წარმოდგენილია ადვოკატის/წარმომადგენლის მიერ. მოსარჩელე მხარე პრობლემურად მიიჩნევს აგრეთვე სადავო ნორმით დადგენილ წესს, რომლის თანახმადაც, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება, იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ მაშინაც კი, როდესაც იგი საქმეზე წარმოდგენილია ადვოკატის/წარმომადგენლის მეშვეობით.
6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები აღნიშნავენ, რომ ადამიანს აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი ქმედებები, მათ შორის, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში და გააკეთოს არჩევანი, საქმის განხილვის პროცესში საკუთარი თავი წარადგინოს პირადად, ადვოკატის/წარმომადგენლის მეშვეობით, თუ ადვოკატთან/წარმომადგენელთან ერთად. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, ზოგადად, მართლმსაჯულებისა და ადმინისტრაციული წარმოების მიზნები ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უშუალო მონაწილეობის გარეშეც შესრულდება, ხოლო საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება ან წარდგენა, თავისუფლად შეიძლება ადვოკატის ან წარმომადგენლის მეშვეობით. ამრიგად, მოსარჩელეთა პოზიციით, ადმინისტრაციული საქმის განხილვის პროცესში, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ფიზიკურად მონაწილეობის საჭიროება არ არსებობს. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმა ითვალისწინებს საქმის განხილვაზე პირის სავალდებულო დასწრებას და მის იძულებით მიყვანას შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ, რაც, მოსარჩელის პოზიციით, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თავისუფლებასთან.
7. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დასაშვები. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე, შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ სასამართლოს განჩინების გარეშე პირის იძულებით წარდგენა, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ სტანდარტებთანაც. მოსარჩელის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროსაც კი, სასამართლოს განჩინების გარეშე არ ხდება პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ან ამ უფლების სხვაგვარი შეზღუდვა, გაუგებარია, სადავო ნორმა რა მიზნით ითვალისწინებს სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საქმის განხილვისას სასამართლოს განჩინების გარეშე პირის იძულებით მიყვანას.
8. მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოში და სასამართლოში საქმის სამართლიანად განხილვის უფლება თავის თავში გულისხმობს არა მხოლოდ სწორი გადაწყვეტილების მიღებას, არამედ ასევე თავად პროცესის სწორად და სამართლიანად წარმართვას. ამ მოცემულობაში, პირისთვის საქმის განხილვაზე დასწრების დავალდებულება, ისევე როგორც შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ საქმის განმხილველ ორგანოში იმ პირის იძულებით მიყვანა, რომელიც ისედაც მონაწილეობს საქმის განხილვაში ადვოკატის/წარმომადგენლის მეშვეობით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილითა და 31-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულ სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოებისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებებს, აგრეთვე, წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებულ დაცვის უფლებასთან, ვინაიდან პირს და მის ადვოკატს უზღუდავს უფლებას, თავად განსაზღვრონ დაცვის სტრატეგია.
9. მოსარჩელე მხარეს ასევე მიაჩნია, რომ სასამართლოსა და შინაგან საქმეთა ორგანოში პირის იძულებით მიყვანა ღირსების უფლების უპირობო დარღვევაა, რამდენადაც პირი, საკუთარი ნების გარეშე, განიცდის მასზე ზემოქმედებას და ობიექტივიზაციას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარ იძულებით ღონისძიებას ადგილი აქვს მესამე პირების თანდასწრებით. მოსარჩელეების პოზიციით, დასახელებულ ორგანოებში პირის იძულებით წარდგენა იწვევს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის განცდას. მართალია, სახელმწიფოს მხრიდან არსებობს საქმის სამართლიანად განხილვის ვალდებულება, მაგრამ აღნიშნული არ უნდა განხორციელდეს ადამიანზე წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი ზემოქმედების ხარჯზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „[...] საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1717 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2022 წლის 27 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. საყურადღებოა, რომ №1717 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რამდენჯერმე იქნა შეტანილი ცვლილება. საბოლოოდ, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2023 წლის 31 მაისის №2991-XIმს-Xმპ საქართველოს კანონის საფუძველზე, №1717 კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული სადავო ნორმა ჩამოყალიბდა ახალი მოქმედი რედაქციით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №1717 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმამ ძალა დაკარგა.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, „სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის გაუქმება a priori არ იწვევს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10). ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე სადავო ნორმის გაუქმების შემთხვევაში, საქმისწარმოების გაგრძელების საკითხზე მსჯელობისას აუცილებელია, შეფასდეს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის და მოქმედი ნორმის არსებითი შინაარსობრივი მსგავსება, ხოლო ასეთი მსგავსების დადასტურების შემთხვევაში, დამატებით უნდა გაირკვეს, გააჩნია თუ არა მოსარჩელე მხარეს სამართლებრივი ინტერესი, გაგრძელდეს სამართალწარმოება მოქმედ ნორმასთან მიმართებით.
4. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, აშკარაა, რომ მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადვოკატის/წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაშიც კი, განსაზღვრავს სადავო ნორმაში ჩამოთვლილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრების სავალდებულოობას, ხოლო შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) მიერ საქმის განხილვაზე გამოძახებისას, გამოცხადებისგან თავის არიდების შემთხვევაში, მის შესაძლო იძულებით მიყვანას შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ, სასამართლოს განჩინების გარეშე. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმაში განხორციელებული ცვლილება, რამაც მისი ახალი რედაქციით ჩამოყალიბება განაპირობა, შეეხო მხოლოდ სადავო ნორმის პირველი წინადადებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩამონათვალს. მაშასადამე, №1717 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული სადავო ნორმის პრობლემური შინაარსი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას პირის დასწრების სავალდებულოობისა და მისი შესაძლო იძულებით მიყვანის ნაწილში, დარჩა უცვლელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ჩამოყალიბებული სადავო ნორმის მოქმედი რედაქცია, მოსარჩელისთვის ადგენს ძალადაკარგული ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე ქცევის ნორმატიულ წესს და იწვევს მსგავს სამართლებრივ შედეგს.
5. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 6 თებერვალს მოსარჩელე მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა შუამდგომლობით და დააფიქსირა უწყვეტი ინტერესი სამართალწარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1717 კონსტიტუციურ სარჩელზე სამართალწარმოება უნდა გაგრძელდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედ რედაქციასთან მიმართებით.
7. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
8. მოსარჩელეები, მათ შორის, მოითხოვენ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევაზე საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრების სავალდებულოობის უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იძულებით, პირის ნების საწინააღმდეგოდ მიყვანა უტოლდება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და იწვევს ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უფლების შელახვას.
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით დაცული ღირსების ხელშეუვალობის უფლება წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი კონსტიტუციური უფლებები (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). ადამიანის ღირსების უფლების ერთ-ერთი პრაქტიკული გამოხატულება ადამიანის, როგორც თავისუფალი ინდივიდის და ძირითადი უფლებების მქონე სუბიექტად მიჩნევაში მდგომარეობს. კერძოდ, „უფლება სამართალსუბიექტობაზე წარმოადგენს ღირსების უფლების განუყოფელ ელემენტს. აღნიშნული უფლების თანახმად, სახელმწიფოსთვის ადამიანი უნდა იყოს მთავარი ფასეულობა, კონსტიტუციური უფლებების სუბიექტი და არა მიზნის მიღწევის საშუალება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). შესაბამისად, „ადამიანის ღირსების პატივისცემა და დაცვა გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის შიშველ ობიექტად განხილვას, მის ინსტრუმენტალიზაციას. სახელმწიფოს ეკრძალება იმგვარი ზომების მიღება, რომელიც ფუნდამენტურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ინდივიდს, როგორც თავისთავად ღირებულებას და პატივს არ სცემს მის სამართალსუბიექტობას არსებულ კონსტიტუციურ წესრიგში. შედეგად, სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს მაშინ, როდესაც ადამიანს განიხილავს მიზნის მიღწევის საშუალებად ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის №1/2/1248 გადაწყვეტილება საქმეზე „ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-20).
11. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „საქართველოს კონსტიტუციით დაცული ამა თუ იმ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება ავტომატურად არ იწვევს სამართალსუბიექტობაზე უფლების დარღვევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). შესაბამისად, სადავო ნორმების უფლებაშემზღუდველ ბუნებაზე მითითება, თავისთავად, არ არის საკმარისი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულ უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თითოეული პოტენციური უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურობას იმთავითვე არ აფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულ უფლებასთან მიმართებით. ბუნებრივია, უფლებაშემზღუდველი ღონისძიება შესაძლოა, გარკვეული სახით, იწვევდეს დისკომფორტს და არასასიამოვნო იყოს მისი ადრესატებისათვის, თუმცა შეზღუდვა რომ წამებად, ღირსების შემლახველ, არაადამიანურ მოპყრობად ან სასჯელად იქნეს განხილული, საჭიროა, წარმოდგენილი იყოს დამაჯერებელი არგუმენტაცია შეზღუდვით გამოწვეული ტანჯვის, დისკომფორტის განსაკუთრებული სიმძიმის თაობაზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის №1/12/1404 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-9). ამრიგად, სადავო ნორმების ღირსების ხელშეუვალობის უფლებასთან კონსტიტუციურობის შეფასებისთვის აუცილებელია, დასაბუთდეს, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული წესი ადამიანს განიხილავს სამართლის ობიექტად, მიზნის მიღწევის საშუალებად ან/და განსაკუთრებული ინტენსივობის უფლებაშემზღუდველი ეფექტით, იწვევს არაადამიანურ, დამამცირებელ, ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს.
12. საყურადღებოა, რომ, ზოგადად, სადავო ნორმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ იძულებით მიყვანის ღონისძიებას ითვალისწინებს პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში და წარმოადგენს ერთგვარ აღსრულების მექანიზმს საქმის განხილვაზე სავალდებულო დასწრების უზრუნველსაყოფად. საქმის განხილვაზე დასწრების მიზნით ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის სასამართლოში/ადმინისტრაციულ ორგანოში იძულებით მიყვანა, შესაძლოა იწვევდეს პირის თავისუფლების შეზღუდვას, თუმცა ნორმის მიზანმიმართულებისა და მისგან მომდინარე შეზღუდვის ინტენსივობის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედება, თავისთავად, ვერ ჩაითვლება ღირსების შემლახველ, არაადამიანურ/დამამცირებელ მოპყრობად. აღსანიშნავია, რომ არც კონსტიტუციურ სარჩელში ყოფილა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, რომელიც სადავო ნორმის მოქმედებასა და ღირსების უფლების შეზღუდვას შორის მიმართების წარმოსაჩენად იქნებოდა საკმარისი.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1717 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
14. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებებით განმტკიცებულია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოებისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებები.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის დროულად და სამართლიანად განხილვის უფლება, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქმნის კონსტიტუციური უფლებების ან/და კანონიერი ინტერესების დაცვის პროცესუალურ გარანტიას. [...] ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა ზღუდავს საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დროულად, სამართლიანად განხილვასთან დაკავშირებულ პროცედურულ გარანტიებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/15/1403 განჩინება საქმეზე „სულხან გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების, სასამართლოს გზით, ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. სამართლიანი სასამართლოს უფლება „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
17. ამგვარად, ზემოხსენებულ კონსტიტუციურ დებულებებთან შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე მხარემ უნდა დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს მიერ საქმის განხილვის რომელიმე პროცედურული გარანტიის შეზღუდვას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა აწესრიგებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ზოგიერთ სამართალდარღვევაზე საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრების სავალდებულოობას, ხოლო ნებაყოფლობით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მის იძულებით მიყვანას საქმის განხილვის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
18. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს მიერ საქმის სამართლიანად განხილვის უფლება ირღვევა იმის გამო, რომ ადვოკატის/წარმომადგენლის აყვანის შემთხვევაშიც კი, იგი ვალდებულია, პირადად დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლისა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტები ადგენს კონსტიტუციური უფლებების ან/და კანონიერი ინტერესების დაცვის პროცესუალურ გარანტიებს, კონსტიტუციურ სარჩელში კი არ არის დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რა საპროცესო ბარიერებს უდგენს პირს პროცესზე სავალდებულო დასწრების მოთხოვნა ან მისი პროცესზე იძულებით მიყვანა. ასევე არ არის დასაბუთებული, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს სადავო რეგულაცია ადმინისტრაციულ ორგანოში/სასამართლოში საქმის სამართლიან და დროულ განხილვაზე ან ადმინისტრაციული ორგანოს/ სასამართლოს გზით რომელი უფლების დაცვას/რეალიზებას აფერხებს აღნიშნული დანაწესი.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1717 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
20. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, დაცვის უფლების ქონა თავის თავში მოიაზრებს არა მხოლოდ ადვოკატთან/წარმომადგენელთან ერთად საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებას, არამედ ამ პროცესში პირადად მონაწილეობის მიუღებლობას. მოსარჩელე მხარის პოზიციით, უფლების არსებობა ნიშნავს მისი ნებისმიერი ფორმით გამოყენებას ან სულაც გამოუყენებლობას, რაშიც სახელმწიფოს მხრიდან ხელშეშლა დაუშვებელია. შესაბამისად, როდესაც პირი იღებს გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციულ ორგანოში/სასამართლოში წარმოდგენილი იყოს ადვოკატის/წარმომადგენლის მიერ, მისი დავალდებულება, უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, ლახავს პირის დაცვის უფლებას და აზრს უკარგავს ადვოკატის/წარმომადგენლის როლს, ამავდროულად, აბრკოლებს ადვოკატს დაცვის სტრატეგიის საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართვაში და ხელყოფს მისი თვითორგანიზების უფლებას.
21. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულია დაცვის უფლება, ისევე როგორც ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელებისა და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება.
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). დაცვის უფლება ადგენს პირის გარანტიებს, მის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე ეფექტიანად განახორციელოს საკუთარი ინტერესების დაცვა. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მესამე წინადადებით, საქართველოს კონსტიტუცია იცავს ადვოკატთა თვითორგანიზების უფლებას, რაც გულისხმობს ადვოკატის უფლებას, გაწევრიანდეს მისთვის სასურველ ასოციაციაში და ადვოკატთა უფლებების შეუფერხებელ განხორციელებას, რაც მოიაზრებს ადვოკატის საქმიანობისთვის არასათანადო ბარიერების დაწესების აკრძალვას (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/10/1490 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
23. სადავო ნორმა განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრების სავალდებულოობას, ხოლო გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მისი იძულებით მიყვანის წესს. აშკარაა, რომ პროცესზე დასწრების მიღმა, სადავო ნორმა არ ითვალისწინებს პირისთვის რაიმე ფორმით ამ პროცესში ჩართვის დავალდებულებას. ისევე, როგორც სადავო რეგულაცია არ ადგენს დასაცავ პირსა და ადვოკატს შორის ფუნქციების განაწილებაში რაიმე ხერხით ჩარევას, დაცვის მხარის პოზიციის შემუშავებისას ან საქმის განხილვის დროს ამ პოზიციის წარმოდგენისას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ არც კონსტიტუციურ სარჩელში ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები ანდა პრაქტიკული მაგალითები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უშლის ხელს, ადვოკატის ყოლის შემთხვევაში, საქმის განხილვაზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უშუალო დასწრება მისი დაცვის უფლების ეფექტიანად განხორციელებას, რა ნეგატიური შედეგები მოაქვს მსგავს მოწესრიგებას პირის მიერ დაცვის უფლებით სრულყოფილი სარგებლობისათვის ან როგორ აბრკოლებს სადავო მოწესრიგება პირის ადვოკატს დაცვის სათანადო სტრატეგიის შემუშავებაში. დაუსაბუთებელია აგრეთვე, რა კავშირშია პირის პროცესზე სავალდებულო დასწრების აღსრულების დამდგენი წესი, ამ შემთხვევაში, პროცესზე პირის იძულებით მიყვანა, მის მიერ ამ პროცესზე დაცვის უფლებით სრულყოფილად სარგებლობასთან ან რა შემხებლობაშია იგი ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელებისა და თვითორგანიზების უფლებებთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1717 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარის მიერ არ არის წარმოჩენილი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის რომელიმე უფლებრივი კომპონენტის შეზღუდვას შორის.
24. შედეგად, №1717 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
25. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
26. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი იცავს ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდების დაუშვებლობას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დაცული უფლება გულისხმობს „ფიზიკურ თავისუფლებას, პირის უფლებას, თავისუფლად გადაადგილდებოდეს ფიზიკურად, თავისი ნების შესაბამისად, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
27. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა შედგება ორი ურთიერთდაკავშირებული, თუმცა განსხვავებული სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნაწილისგან. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრების სავალდებულოობას, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადება ადგენს შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ აღნიშნული პირის იძულებით მიყვანის შესაძლებლობას, თუ იგი თავს არიდებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას. შესაბამისად, სადავო ნორმის მეორე წინადადებისაგან განსხვავებით, სადაც პირდაპირ არის მითითება შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ პირის იძულებით სახელმწიფო დაწესებულებაში მიყვანის თაობაზე, ამავე ნორმის პირველი წინადადებით განსაზღვრულ რეგულაციაში, რომლითაც მოწესრიგებულია კონკრეტულ სამართალდარღვევებზე საქმის განხილვისას პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრების სავალდებულოობა, ამგვარი აშკარა მიზანმიმართება პირის თავისუფლების შეზღუდვასთან არ იკვეთება.
28. თავად მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის პირველ წინადადებასთან მიმართებით განმარტავს, რომ პირს დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს იმის გადაწყვეტა, სახელმწიფო ორგანოების წინაშე თავად წარმოადგინოს თავი, თუ ადვოკატის/წარმომადგენლის მეშვეობით. აღნიშნულ არჩევანში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და საქმის განხილვაზე უშუალოდ მისი დასწრების სავალდებულო მოთხოვნა კი ნიშნავს პირის ნებისა და მოქმედების შეზღუდვას და, შესაბამისად, ადამიანის თავისუფლებაში შეჭრას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის დაცვის ობიექტია პირის ფიზიკური თავისუფლება, შესაბამისად, აღნიშნული მუხლით განმტკიცებული გარანტიები მოქმედებას იწყებს იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა ადგენს პიროვნების ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს, როგორც ეს, მაგალითად, სადავო ნორმის მეორე წინადადების შემთხვევაშია განსაზღვრული. რაც შეეხება, ზოგადად, პირის თავისუფლებას, საკუთარი შეხედულებისა და არჩევანის შესაბამისად განკარგოს საკუთარი ქცევა და მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკითხთან, მათ შორის, საქმის განხილვის პროცესზე გამოცხადებასთან მიმართებით, იგი დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით, რომელიც განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული სადავო ნორმის პირველი წინადადება ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე, პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრების სავალდებულოობას. იგი არ არეგულირებს საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის თანმდევ შედეგებს, რომელიც ცალკე, დამოუკიდებელი შეფასების საგანს წარმოადგენს და კანონმდებლის ნების შესაბამისად, სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მაგალითად, ითვალისწინებდეს ჯარიმას, პროცესზე პირის იძულებით მიყვანას, როგორც ეს ამ მოცემულობითაა განსაზღვრული ან, სულაც, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1717 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1717 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1717 კონსტიტუციური სარჩელი („ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1717 კონსტიტუციური სარჩელი („ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში