ნიკა საბაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/8/1783 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 29 მარტი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 აპრილი 2024 17:59 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ნიკა საბაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 19 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1783) მომართა ნიკა საბაშვილმა. №1783 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 22 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 29 მარტს.
2. №1783 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული) მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 144-ე−1442 მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს დანაშაულის მცდელობის განმარტებას, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესი დანაშაულის მცდელობისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობა, კერძოდ, ორი ან ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობა. პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულისთვის მიმოწერის ანდა სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულია დაცვის უფლება და შესაბამისი უფლებრივი კომპონენტები.
5. №1783 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, ორი ან ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დამთავრებულ დანაშაულზე, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გავრცელებას იმ შემთხვევებზე, როდესაც პირი ბრალდებულია დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობის მცდელობაში, მაშინაც კი, როდესაც დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირთა გარკვეული ნაწილის მიმართ ჩადენილია დამთავრებული დანაშაული, ნაწილის მიმართ კი – დანაშაულის მცდელობა. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის წარმომადგენელმა, როგორც ბრალდების მხარეს, აგრეთვე, გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა საჩივრით ბრალდების დაზუსტების თაობაზე, უფრო კონკრეტულად, დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით, თუმცა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული.
6. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის განსაზღვრისას, პროკურორს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას - არსებითად მსგავსი შემთხვევები თანაბარი წარმატებით დააკვალიფიციროს როგორც დამთავრებულ დანაშაულად, ისე დანაშაულის მცდელობად და ამგვარად გადაწყვიტოს, თუ რომელი ბრალდებულის საქმე შეიძლება გახდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი და რომელი არა, რაც იწვევს ბრალდებულთა მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას, ხოლო ბრალდების მხარეს აძლევს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კერძოდ, კონკრეტული პირის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გამორიცხვის შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარე დამატებით განმარტავს, რომ მისთვის გაუგებარია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, რატომ ვრცელდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მხოლოდ დამთავრებულ დანაშაულზე და არა დანაშაულის მცდელობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმით დაშვებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების მომზადებისა და მცდელობის შემთხვევების ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობა.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლი და 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი არღვევს თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას და ითხოვს, სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლით კვალიფიკაციის შემთხვევაში, გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას, მაშინ, როდესაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება მოიცავს ბრალდებას როგორც დამთავრებულ მკვლელობაზე, ისე მკვლელობის მცდელობაზე.
8. მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო წარმოადგენს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის უშუალო დემოკრატიის გაძლიერების მიზნით, სახელმწიფოს მიერ თანამედროვე რეალობაში დამკვიდრებულ მონაპოვარს, რომელმაც, მათ შორის, ასახვა პოვა საქართველოს კონსტიტუციაში. მოსარჩელის პოზიციით, მას, სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილად რეალიზების ერთადერთ გზად, საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა ესახება, რომელზე წვდომაც, სწორედ სადავო ნორმების მოქმედებით აქვს შეზღუდული. შესაბამისად, იგი ასევე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის სადავო ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით.
9. მოსარჩელის მითითებით, პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი უფლებაშემზღუდველი წესის მოქმედება ვრცელდება, მათ შორის, ადვოკატთან მიმოწერასა და სატელეფონო საუბარზე, ვინაიდან სწორედ დასახელებულ ნორმაზე მითითებით, გამომძიებლის დადგენილებით, მას შეეზღუდა ადვოკატთან მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება, რამაც, თავის მხრივ, ნეგატიური გავლენა იქონია ადვოკატთან კომუნიკაციასა და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული დაცვის უფლებით ეფექტიან სარგებლობაზე. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულისათვის კომუნიკაციის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პროკურორის ან გამომძიებლის პრივილეგიაა, რომლის შედეგადაც, ირღვევა როგორც მხარეთა შეჯიბრებითობის, აგრეთვე თანასწორობის პრინციპი. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმის საფუძველზე, დაცვის უფლების ხელყოფის საპირწონე არგუმენტად ვერ გამოდგება ადვოკატის უფლება - შეხვდეს მისი დაცვის ქვეშ მყოფს პენიტენციურ დაწესებულებაში, რამდენადაც, დასახელებული მექანიზმი არ წარმოადგენს ადვოკატთან კომუნიკაციის სწრაფ ანდა ეფექტურ საშუალებას. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ დაცვის უფლებას.
10. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
11. №1783 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2023 წლის 22 მაისს ჩანიშნულია მოსარჩელის წინასასამართლო სხდომა, სადაც, მათ შორის, უნდა გადაწყდეს საკითხი, განიხილავს თუ არა მის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარე მოსარჩელის ქმედებას აკვალიფიცირებს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობად, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, მოსარჩელეს არ ექნება შესაძლებლობა აირჩიოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა და მის საქმეს ერთპიროვნულად განიხილავს კონკრეტული მოსამართლე. ამასთან, ყურადსაღებია, რომ სადავო ნორმების წინასასამართლო სხდომის ჩატარებამდე შეუჩერებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ზიანის გამოსწორება, უფრო კონკრეტულად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე წვდომის შეზღუდვა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი იქნება. რაც შეეხება პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედების შეჩერებას, მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ მას, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე შეეზღუდა ადვოკატთან სატელეფონო საუბრითა და მიმოწერის საშუალებით კომუნიკაცია, რაც იწვევს დაცვის უფლების ყოველდღიურ და შეუქცევად დარღვევას, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებისა და აღნიშნული ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაშიც კი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1783 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმის საფუძველზე, გამომძიებლის დადგენილებით მას შეეზღუდა სატელეფონო კომუნიკაციისა და მიმოწერის შესაძლებლობა. აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდა, მათ შორის, ადვოკატთან კომუნიკაციაზეც, რითაც დაირღვა მისი დაცვის უფლება.
3. ხაზგასასმელია, რომ №1783 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის №2/8/1444 გადაწყვეტილებით, საქმეზე „ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, 2023 წლის 22 ნოემბრიდან სადავო ნორმა გამოცხადდა ძალადაკარგულად და, შესაბამისად, გაუქმდა.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის „არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის გაუქმება a priori არ უნდა იწვევდეს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10). ამრიგად, სადავო ნორმის ძალადაკარგულობის პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სამართალწარმოებას გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არსებობს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოსარჩელე მხარის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი მოქმედი ნორმა, რაც განაპირობებს მის ინტერესს სამართალწარმოების გაგრძელებაზე. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ რამდენად არსებობს მოქმედ კანონმდებლობაში მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი და შემდგომში ძალადაკარგული ნორმის არსებითად მსგავსი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც იწვევს მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებებით გარანტირებული ძირითადი უფლებების შეზღუდვას.
5. ამ თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადების შემდგომ, საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის 3988-XIIIმს-Xმპ კანონით, მიღებულ იქნა პენიტენციური კოდექსი, რომლის საფუძველზეც, პატიმრობის კოდექსი 2024 წლის პირველი იანვრიდან მთლიანად ძალადაკარგულად გამოცხადდა. აღნიშნულის პარალელურად, პენიტენციური კოდექსის მიღებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის №2/8/1444 გადაწყვეტილების კვალდაკვალ, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის 4031-XIIIმს-Xმპ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ცვლილება განიცადა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილმა და 37-ე მუხლის მე-6 ნაწილმა. იმავდროულად, ხსენებული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კოდექსს დაემატა 1652 მუხლი.
6. ზემოხსენებული ცვლილებების საფუძველზე, დღეს მოქმედი პენიტენციური კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ნორმები, კვლავ უშვებენ გამომძიებლის/პროკურორის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისთვის სატელეფონო კომუნიკაციისა და მიმოწერის შეზღუდვას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1652 მუხლით დარეგულირდა ამ ღონისძიების გამოყენების კონკრეტული საფუძვლები. მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1652 მუხლის თანახმად, გამომძიებელს/პროკურორს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრისა და მიმოწერის უფლების შეზღუდვის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზე იქნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის მიერ მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის შედეგად, ჩადენილი იქნება დანაშაული, განხორციელდება მოწმეზე ზემოქმედება, ხელი შეეშლება მტკიცებულების მოპოვებას ან სხვაგვარად შეფერხდება მართლმსაჯულების განხორციელება. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ჩამოყალიბდა კონკრეტული კრიტერიუმები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს გამომძიებელმა/პროკურორმა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულისთვის მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შემთხვევაში (მაშინაც კი, თუ ის ამ უფლებების შეზღუდვას ახორციელებს პენიტენციური კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე).
7. ამავდროულად, პენიტენციური კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაორაზროვნად მიუთითებს, რომ „ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე შეხვდეს თავის ადვოკატს, რომელიც ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას“. ამდენად, ბრალდებულსა და ადვოკატს შორის შეუზღუდავი კომუნიკაცია, თავისთავად უზრუნველყოფილია მოქმედი კანონმდებლობით. ამ ფონზე, ბუნებრივია, მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგების გონივრული განმარტების პირობებში, პროკურორი/გამომძიებელი ვერ დაასაბუთებს, რომ ადვოკატთან მიმოწერის ან/და სატელეფონო კომუნიკაციის ზოგადი შეზღუდვა საჭიროა დანაშაულის ჩადენის, მოწმეზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა მოპოვების ან მართლმსაჯულების განხორციელების სხვაგვარი შეფერხების პრევენციის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოქმედი კანონმდებლობის გონივრული განმარტების პირობებში, სადავო ნორმის მსგავსი მოქმედი ნორმების საფუძველზე, პროკურორი/გამომძიებელი ბრალდებულს ადვოკატთან მიმოწერას ან/და სატელეფონო კომუნიკაციას ვერ შეუზღუდავს. ამავე დროს, ბუნებრივია, რომ წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში, ვერ იქნება წარმოდგენილი საერთო სასამართლოების პრაქტიკა ცვლილებების შედეგად მიღებული ნორმების საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულისთვის ადვოკატთან სატელეფონო საუბრისა და მიმოწერის უფლების შეზღუდვის თაობაზე. თავის მხრივ, მსგავსი პრაქტიკის არსებობის შესახებ არც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არის ცნობილი.
8. როგორც უკვე აღინიშნა, იმისათვის, რომ საქმის არსებით განხილვამდე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააგრძელოს სამართალწარმოება, უნდა დადასტურდეს, რომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, რომელსაც სადავო ნორმის მსგავსად, გააჩნია უფლების შეზღუდვის პოტენციალი. განსახილველ შემთხვევაში, შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზისა და №1783 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება მოქმედ კანონმდებლობაში სადავო ძალადაკარგული ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე ნორმის არსებობა, რომელსაც, სადავო ნორმის მსგავსად, გააჩნია პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის დაცვის უფლების შეზღუდვის პოტენციალი.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1783 კონსტიტუციურ სარჩელზე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
11. №1783 კონსტიტუციური სარჩელში, მოსარჩელე მხარე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას ამავე კოდექსის მე-19 მუხლთან ერთად, სადავოდ ხდის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. კერძოდ, მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას, მაშინ, როდესაც ბრალდების განზრახ მკვლელობის მცდელობად კვალიფიკაცია თავის თავში მოიცავს ბრალდებას დამთავრებულ მკვლელობაზეც.
12. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ხსენებულ სადავო ნორმებზე დაყრდნობით, ბრალდების მხარეს აქვს ერთგვარი პრივილეგია, დააკვალიფიციროს ქმედება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობად, მაშინ, როდესაც ქმედება მოიცავს დამთავრებულ დანაშაულსაც. ხაზგასასმელია, რომ პროკურორის ამგვარი გადაწყვეტილება სასამართლო კონტროლს არ ექვემდებარება და შედეგად, მოსარჩელე ვერ სარგებლობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობით, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, კანონმდებლობით, ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დამთავრებულ დანაშაულზე ვრცელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას, მაშინ, როდესაც მკვლელობის მცდელობის ბრალდება მოიცავს ბრალდებას როგორც დამთავრებულ მკვლელობაზე, ისე მკვლელობის მცდელობაზე.
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს დანაშაულის მცდელობის განმარტებას, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია დანაშაულის მცდელობისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესი. ამავე კოდექსის მე-19 მუხლთან და 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით კი განსაზღვრულია ის გარემოება, რომელიც პირის მიერ ჩადენილ ქმედებას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობად აკვალიფიცირებს. შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა მიერ განსახილველი საქმეების დადგენა სადავო ნორმების რეგულირების სფეროს არ მიეკუთვნება, ისევე, როგორც ამ ნორმებით არ ხდება პროკურორისათვის ბრალდების განსაზღვრის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება. ამდენად, სადავო ნორმებს არ აქვს მიმართება არც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის რეგულირებასთან და არც პროკურორის მიერ დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციასა და შესაბამისი ბრალდების განსაზღვრასთან. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ნორმებს არ გააჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსი.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1783 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
15. მოსარჩელე მხარე, სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილი უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუმთავრებელ დანაშაულებზე იმ შემთხვევებში, როდესაც პირის მიმართ წარდგენილი ბრალი თავისი შინაარსით მოიცავს დამთავრებულ დანაშაულსაც.
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-106).
17. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმაში 109-ე მუხლთან მიმართებით დამთავრებულ დანაშაულზე მითითება, პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდების წაყენების შემთხვევაში, ზღუდავს ბრალდებულის უფლებას, მისი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, რითაც ირღვევა სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპი და კონსტიტუციით გარანტირებული შესაბამისი უფლება. ამდენად, მოსარჩელის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, მას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე წვდომა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსადმი მიმართვის უფლება საერთოდ არ გააჩნია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი შედგება სამართლიანი სასამართლოს უფლების მრავალი უფლებრივი კომპონენტისაგან, რომელთა შორის, სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი. ამრიგად, ნათელია, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა, ისევე, როგორც მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია, მიემართება სწორედ სამართლიანი სასამართლოს უფლების საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და არა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფეროს შეზღუდვას. საყურადღებოა აგრეთვე ის გარემოებაც, რომ №1783 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შეზღუდვის დასაბუთების მიზნით, არ არის წარმოდგენილი რაიმე არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, მოსარჩელის საქმეს განიხილავს, რაიმე ფორმით, არაუფლებამოსილი და არაგანსჯადი სასამართლო.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1783 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1783 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
20. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერების თაობაზე, რომელიც ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლით კვალიფიკაციის შემთხვევაში, გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას, მაშინ, როდესაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება მოიცავს ბრალდებას როგორც დამთავრებულ მკვლელობაზე, ისე მკვლელობის მცდელობაზე.
21. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, მისი წინასასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2023 წლის 22 მაისს, სადაც, მათ შორის, უნდა გადაწყდეს, საკითხი იმის თაობაზე, განიხილავს თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოსარჩელის საქმეს. შესაბამისად, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაუყოვნებლივ არ შეაჩერებს დასახელებული ნორმის სადავო ნორმატიული შინაარსის მოქმედებას, მას შეეზღუდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე წვდომის უფლება და მის საქმეს ერთპიროვნულად განიხილავს კონკრეტული მოსამართლე, რითაც მიადგება შეუქცევადი ზიანი, რომლის გამოსწორებაც, შემდგომში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება.
22. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული დებულებით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
23. ამ თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ №1783 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა 2023 წლის 19 მაისს, ხოლო არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 22 მაისს ანუ იმ თარიღში, როდესაც საერთო სასამართლოში მოსარჩელის წინასასამართლო სხდომა იყო ჩანიშნული. აღნიშნული გარემოება იმთავითვე აცლის საფუძველს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე მსჯელობას, ვინაიდან კანონმდებლობის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების წინაპირობების განხილვისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა მოსარჩელის საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობისთვის დაქვემდებარების საკითხი. შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების შეჩერება ვერ იქონიებდა რაიმე გავლენას მოსარჩელის უფლებრივ მდგომარეობაზე, ვერ შეძლებდა იმ პოტენციური შეუქცევადი საფრთხეების განეიტრალებას, რომელზეც მიუთითებდა მოსარჩელე მხარე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ მოუმართავს შუამდგომლობით და არც სხვაგვარად, უცნობებია მისი წინასასამართლო სხდომის გამართვის თარიღის გადადების ან სხვა რაიმე ისეთი ახალი გარემოების გამოვლენის შესახებ, რომელიც წარმოაჩენდა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებაზე მსჯელობის საფუძვლიანობას.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1783 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკა საბაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1783 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკა საბაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. შეწყდეს საქმე №1783 კონსტიტუციურ სარჩელზე („ნიკა საბაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
5. №1744, №1746, №1760, №1761 და №1783 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
6. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
7. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
8. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
9. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში