გრიგოლ დოჩია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1744 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გრიგოლ დოჩია |
თარიღი | 4 ნოემბერი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
ბ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი რომელიც უფლებას ანიჭებს პროკურორს ფორმალურად შეცვალოს ბრალდება, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის სხდომაზე რითაც ბრალდებულს შეუზღუდავს უფლებას მისი ბრალდების საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეორე პუნქტი |
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ქმედების სისხლის სამართლის 19,109-ე მუხლებით კვალიფიკაციის შემთხვევაში გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას, მაშინ, როდესაც მკვლელობის მცდელობის ბრალდება მოიცავს ბრალდებას დამთავრებულ მკვლელობაზეც და მკვლელობის მცდელობაზეც. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეორე პუნქტი |
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას, მაშინ, როდესაც მკვლელობის მცდელობის ბრალდება მოიცავს ბრალდებას დამთავრებულ მკვლელობაზეც და მკვლელობის მცდელობაზეც. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეორე პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 -ე მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები.
ა) თავისი ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ;
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით არის სასამართლოს განსჯადი.
დ) სარჩელში მითითებულ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია;
ე) სადავო აქტები ექცევიან კონსტიტუციის მე-31 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების და მეორე პუნქტით დაცულ სფეროში, რის შესახებ მსჯელობა წარმოდგენილია მოთხოვნის დასაბუთებაში.
ვ) ნორმატიული აქტების იერარქიაში არ არსებობს გასაჩივრებულ ნორმატიულ აქტზე მაღლა მდგომი, სადავო საკითხის მარეგულირებელი, სამართლებრივი აქტი.
ზ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
თ) გრიგოლ დოჩია როგორც ბრალდებული პირი, უკვე მოექცა სადავო ნორმის მოქმედების ქვეშ.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები:
2022 წლის 27 აპრილს საქართველოს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 010270422002 გიზო საბეკიას განზრახ მკვლელობის ფაქტსა და რეზო მიქიას, გელა შარიას, ზაზა მიქიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით; 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით.
2022 წლის 29 აპრილის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ გრიგოლ დოჩია ცნობილი იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით; საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დასრულდა გამოძიება და საქმე გაიგზავნა სასამართლოში განსახილველად.
2022 წლის 22 ივნისს საქმეზე ჩატარდა წინასასამართლო სხდომა, ბრალდებულმა უარი არ განაცხადა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე და წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ დანიშნა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა.
2022 წლის 25 ივლისს გაიმართა ნაფიც მსაჯულთა მოთათბირების სხდომა, დამტკიცდა ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებისთვის გადასაგზავნი კითხვარი, პროგრამულად შეირჩა 300 ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი, კანდიდატებს გაეგზავნათ კითხვარი და 2022 წლის 13 სექტემბერს დაინიშნა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა.
2022 წლის 13 სექტემბერს პროკურორმა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ გრიგოლ დოჩიას მიმართ წარდგენილი ბრალდების დაზუსტების შესახებ.
შუამდგომლობის შინაარსი: „გრიგოლ დოჩიას მიმართ წარდგენილი ბრალდების შესახებ დადგენილება დაზუსტდეს. ბრალდებულ გრიგოლ დოჩიას მის მიმართ წარდგენილი კვალიფიკაციიდან მოიხსნას ზედმეტად წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 108-ე მუხლი და ბრალდებული გრიგოლ დოჩიას მიმართ საქმის განხილვა გაგრძელდეს სსსკ-ის 19/109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი კვალიფიკაციით და 2022 წლის 29 აპრილის გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ბრალდების ფორმულირებით.“
სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე განსახილველად გადასცა სხვა მოსამართლეს.
სადაო ნორმის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 250-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია: „ბრალდების მხარეს უფლება აქვს, ზემდგომი პროკურორის თანხმობით უარი თქვას ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე, ან არსებული ბრალდება შეცვალოს უფრო მსუბუქი ბრალდებით. ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე პროკურორის მიერ უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებაში ან ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.“ სსსკ-ის კომენტარების ავტორთა მოსაზრებით (სსსკ-ის 250-ე მუხლის კომენტარის ავტორია მოქმედი მოსამართლე შორენა გუნცაძე) „აღნიშნული ნორმა ბრალდების მხარეს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, საბოლოოდ გადაწყვიტოს პირის ბრალეულობის საკითხი და განახორციელოს მისთვის სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება - შეცვალოს ბრალდება“.
მოსარჩელის ბრალდების საქმეში, მტკიცებულებების გამოკვლევა არ იყო დაწყებული, ბრალის წარდგენის შემდეგ არაფერი შეცვლილა, წინასასამართლო სხდომის გამართვიდან ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე რაიმე სახის ახალი გარემოება, რაც საფუძველს მისცემდა ბრალდების მხარეს ბრალის დაზუსტების არ ყოფილა მოძიებული ან/და გამოკვლეული.
სადაო ნორმის სადაო შინაარსის საფუძველზე პროკურორმა ფორმალურად შეცვალა ბრალდება მოსარჩელის მიმართ, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის სხდომაზე რითაც ბრალდებულს შეუზღუდა უფლება მისი ბრალდების საქმე განეხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.
სადავო სამართლებრივი ნორმების სადაო შინაარსით მოსარჩელის მიმართ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე–11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული კანონის თანასწორობის უფლება და ფაქტიურად ნორმის შემფარდებელს (პროკურორს) საშუალება მიეცა ორ ნაწილად გაეყო ბრალდებული პირები, თავისი შეხედულების მიხედვით გადაეწყვიტა ვისი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ და ვისი არა, ერთიდაიგივე შედეგის არსებობის შემთხვევაში. კონსტიტუცია კი აცხადებს, რომ " ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია.." ამდენად ვინაიდან სადაო ნორმების სადაო ნორმატიული შინაარსის საფუძველზე პროკურორმა მოსარჩელეს შეუცვალა ბრალდება, წაართვა უფლება მისი საქმე განეხილა ნაფიც მსაჯულთ სასამართლოს, რითაც მსგავსი უმართლობის ჩადენაში ბრალდებულ სხვა პირებთნ უთანასწორო პირობებში ჩააყენა.
მოსარჩელის მიმართ სადაო ნორმებმა დაარღვია კონსტიტუტიციის მე–11 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული ფუნდამენტური უფლება და მოქმედ ნორმებს უთანასწორობის ხარისხი მიანიჭა; თუმცა, გარდა კონსტიტუციური უფლების დარღვევისა, სადავო ნორმამ ამავე დროს დაარღვია კონსტიტუციის ფუძემდებლური პრინციპი და მასთან სრულ წინააღმდეგობაში შევიდა; ევროკონვენციის მე–14 მუხლი პირდაპირ კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინაციას, როგორც ლეგალურს, ასევე არალეგალურს. მაგრამ სადავო ნორმის შინაარსი იძლევა საშუალებას დაკანონდეს ასეთი დისკრიმინაცია ვინაიდან უფლებაშეზღუდულ მდგომარეობაში აყენებს ბრალდებულ პირებს მხოლოდ ნორმის შემფარდებელის (პროკურორის) სურვილის მიხედვით, ამდენად ერთი კანონის გამოყენება სხვადასვაგვარად (ერთიდაიგივე შედეგის არსებობის შემთხვევაში) და პროცესში მონაწილე მხარის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესების მიზნით, არის მოსარჩელის მიმართ განხორციელებული პირდაპირი ფორმის დისკრიმინაცია და კანონისაგან უთანასწონორო მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ევროკონვენციის მე–14 მუხლის, საქართველოს კონსტიტუციის მე–11 მუხლის პირველი პუნქტის უხეშ დარღვევას წარმოადგენს; ეს დარღვევა კი ნორმატიულად არის გამოხატული საქართველოს სსსკ-ის 250-ე მუხლის პირველ ნაწილში, ამავე კოდექსის 226-ე მუხლის პირველ ნაწილში და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის სადაო ნორმატიულ შინაარსში.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებული აქვს - საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. ხსენებული კონსტიტუციური პრინციპები საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი კომპონენტებია. ზოგადად, თანასწორობის პრინციპი გულისხმობს პროცესის მხარეთა ერთნაირი საპროცესო უფლებებით აღჭურვას. ამავე დროს, ბრალდების მხარეს, დაცვის მხარესთან შედარებით, მნიშვნელოვნად აღმატებული მატერიალური და ადამიანური რესურსი გააჩნია. ასევე, განსხვავებულია მხარეთა მტკიცების ტვირთი, ბრალდების მხარე ვალდებულია, პირის დანაშაული გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცოს, შესაბამისად, მტკიცებულებების მოპოვება უმთავრესად მისი ვალდებულებაა. ამდენად, ბრალდების და დაცვის მხარეთა შესაძლებლობები და ამოცანები ბუნებრივად განსხვავდება. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპი მოითხოვდეს დაცვისა და ბრალდების მხარის სრულ, ტოტალურ გათანაბრებას. ამ პრინციპის რეალური შინაარსი გულისხმობს, რომ პროცესის ორივე მხარეს უნდა გააჩნდეს თანაბარი და გონივრული შესაძლებლობები, სასამართლოში წარადგინოს საკუთარი მტკიცებულებები, გავლენა იქონიოს საქმის მიმდინარეობის პროცესზე და საბოლოო შედეგზე. ხსენებული პრინციპი ზღუდავს ბრალდების მხარისათვის დაუბალანსებელი პრივილეგიის მინიჭებას და ამ ფორმით საქმის გადაწყვეტაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობის ხელოვნურად გაზრდას.[1]
საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლოში სამართალწარმოების წარმართვა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით ხორციელდება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, „შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით და გამოიყენონ ისინი საიმისოდ, რათა წარადგინონ მათი პოზიციების სასარგებლო არგუმენტები. იმავდროულად, ამ პრინციპის უმთავრესი მიზანი არის სწორი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა და ამ მიზნისთვის ეს პრინციპი ეყრდნობა ორივე მხარის მიერ არგუმენტების თავისუფლად წარდგენის შესაძლებლობას“.[2]
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის პირველი ნაწილის სადაო ნორმატიული შინაარსი ბრლდების მხარეს ანიჭებს უფლებას (პრივილეგიას) შეცვალოს ბრალდება და წაართვას ბრალდებულს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება, მსგავსი მოწესრიგება ეწინააღმდეგება მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპს და საბოლოოდ სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვან პრინციპს. ამავე დროს სადაო ნორმატიული შინაარსით პროკურორის ამგვარი გადაწყვეტილება სასამართლოს კონტროლს ვერ გადის.
სამართლიანი სასამართლოს უფლება თავისი არსით ინსტრუმენტული უფლებაა. იგი წარმოადგენს გარანტიას, რომ პირს ექნება შესაძლებლობა, სხვადასხვა მატერიალური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას თავი დაიცვას სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიული საზოგადოების პრინციპების შესაბამისი სასამართლო პროცესის მეშვეობით. აღნიშნული კი მოიცავს მრავალ კომპონენეტს, „რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას დაიცვან ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით, საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა“[3].
მოსარჩელეს მიაჩნია რომ მისი საქმის გამხილველი „შესაბამისი სასამართლო“ არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, კანონი ანიჭებდა უფლებას მისი ბრალდების საქმე განეხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, მაგრამ სადაო ნორმის საფუძველზე ბრალდების მხარის არასათანადო გადაწყვეტილებით მას წაართვეს აღნიშნული უფლება, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვან პრინციპს.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დღევანდელ რეალობაში წარმოადგენს ერთადერთ გზას სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტური რეალიზაციისთვის. შესაბამისად, სადავო ნორმით ასეთი უფლების შეზღუდვა პირდაპირ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას.
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 24 ივნისს მიღებული კანონით დოკუმენტის ნომერი 5591-IIს, შეიცვალა ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის 1 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
„ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული) მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 1431 და 1432 მუხლებით, 1433 მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 144-ე−1442 მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით.“ კანონის განმარტებით ბარათში არ იკითხება მიზეზი თუ რატომ უნდა განიხილოს ნაფიც მსაჯულთ სასამართლომ მხოლოდ დამთვრებული 108-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, მაშირ როცა სსსკ-ის 226-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული სხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების მომზადება და მცდელობაც ნაფიც მსაჯულთ სასმართლოს განსჯადია.
ნორმის ამგვარად ფორმირებამ საშუალება მისცა ნორმის შემფარდებელს ქმედება, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი პირი და დაზიანდა სხვა (სხვები) დააკვალიფიციროს მცდელობად როდესაც მკვლელობის მცდელობის ბრალდება მოიცავს ბრალდებას დამთავრებულ მკვლელობაზეც და მკვლელობის მცდელობაზეც, რითაც ბრალდებულს წაართმევს უფლებას მისი ბრალდების საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა რომ „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა”[4]. ადამიანის უფლებათა სრულყოფილი სამართლებრივი დაცვა კი მრავალ კომპონენტს მოიცავს, „რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას დაიცვან ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით, საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა [5]“.
ინსტიტუციურ გარანტიებზე ყურადღების გამახვილებისას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მართლმსაჯულების ფარგლებში განსახორციელებელ ფუნქციებს, რომელთა არსებობა აუცილებელია კონკრეტული უფლებების დასაცავად. სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის სამსახურში საჭირო, ადეკვატური, ეფექტური და საკმარისი ფუნქციების არსებობა არის ამოსავალი სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლების განსაზღვრისას. შესაბამისად, როგორ და რა მექანიზმებზე დაყრდნობით იქნება ეს ფუნქციები გადანაწილებული ასევე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლების საკითხზე მსჯელობისას იმის გათვალისწინებით, რამდენად პასუხობს არსებული სასამართლო სისტემა სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნებს[6].
ნებისმიერი სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები ფართოა სასამართლო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით. მთავარი მოთხოვნა, რომლითაც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ხელისუფლებები მკაცრადაა შებოჭილი, არის ის, რომ სასამართლო ხელისუფლება მთლიანობაში პასუხობდეს მის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევას – უზრუნველყოს სამართლიანი მართლმსაჯულება, რისთვისაც ის აღჭურვილი უნდა იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ყველა საჭირო, ადეკვატური და საკმარისი ბერკეტით. თავისთავად ცხადია, რომ არ არსებობს სასამართლო ხელისუფლების სისტემის ერთი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ქმედით, დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, კვალიფიციურ და სამართლიან მართლმსაჯულებას. სახელმწიფომ საკუთარი განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე, შესაძლოა განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების რეფორმა მისი განმტკიცების, დამოუკიდებლობის, ხელმისაწვდომობისა თუ სანდოობის ხარისხის ამაღლების მიზნით. ამ პროცესში სახეცვლილება შეიძლება განიცადოს სასამართლო სტრუქტურამ, ფორმირების წესმა, კომპეტენციისა თუ იურისდიქციის გასაზღვრამ და სხვა. ამ თვალსაზრისით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სახელმწიფოს მიერ სასამართლო ხელისუფლების რეფორმის გზაზე განხორციელებულ ერთ-ერთ ასეთ ეტაპს წარმოადგენს[7].
ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი იდეა და მიზანი არის უშუალო დემოკრატიის ხელშესახებობის გაზრდა ზოგადად ხელისუფლებაში და ამ თვალსაზრისით დემოკრატიულობის კომპონენტის დანერგვა-გაძლიერება სასამართლო ხელისუფლებაში. ხელისუფლებისადმი ხალხის სანდოობას კანონზომიერად ზრდის ხალხის უშუალო მონაწილეობა ხელისუფლების განხორციელების ყველა დონეზე და მის ყველა შტოში[8].
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არის რა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სასამართლო სისტემის ნაწილი, ის თავისთავად ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის ქვეშ. ვინაიდან, ზოგადად, სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციის მიზანია ადამიანის უფლებების ადეკვატური და სრულყოფილი დაცვა, მართლმსაჯულების განმახორციელებელი მთელი კონსტიტუციური სისტემის ფუნქცია უნდა პასუხობდეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის მოთხოვნებს. შესაბამისად, მართლმსაჯულების განმახორციელებელი ყველა ორგანოს კომპეტენცია, საქმიანობის განხორციელებისთვის მათ ხელთ არსებული ინსტრუმენტები, ასევე თითოეულ ამ ორგანოზე ადამიანის ხელმისაწვდომობის ფარგლები პოტენციურად შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.[9]
მიუხედავად იმისა, რომ უფლებების სრულყოფილი დაცვისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ წარმოადგენს უალტერნატივო, უპირობოდ აუცილებელ მექანიზმს, როგორც უკვე აღინიშნა, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვის უფლების ხელმისაწვდომობის უზურნველყოფისას კანონმდებლი შებოჭილია კონსტიტუციური წესრიგით და ფუნდამენტური უფლებებით, მათ შორის, კანონის წინაშე თანასწორობის უფლების დაცვის ვალდებულებით. ვინაიდან კანონმდებლობა პირთა ერთ კატეგორიას აძლევს არჩევანის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტონ, ვის უფრო ენდობიან და, შედეგად, საკუთარი გადაწყვეტილებით შეძლონ გავლენა მოახდინონ იმაზე, რომ მათ საქმეზე შედგეს სამართლიანი მართლმსაჯულება, ასეთ შესაძლებლობაზე დაუსაბუთებლად, ყოველგვარი საჭიროების, აუცილებლობისა და გამართლების გარეშე უარის თქმა არსებითად იგივე კატეგორიას მიკუთვნებული სხვა პირებისთვის, შეუძლებელია არ იწვევდეს მათი უფლების დარღვევას.[10]
საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ სადავო ნორმა ამ ნორმატიული შინაარსით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. ნორმის არაკონსტიტუციურობა განაპირობა იმან, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა არსებითად თანასწორი პირების განსხვავებულ პირობებში ჩაყენების გარდაუვალი აუცილებლობა. არ არსებობს ობიექტური გამართლება იმისა, ერთი და იგივე დანაშაულისთვის ბრალდებულ პირთაგან ნაწილმა რატომ უნდა ისარგებლოს ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტით და ნაწილმა არა მხოლოდ იმის გამო, რომ მათ დანაშაული სხვადასხვა დროს ჩაიდინეს. მით უფრო, თუ სასამართლოში საქმის განხილვა უნდა მოხდეს ერთსა და იმავე დროს, როდესაც უკვე არსებობს კანონმდებლის ნება, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე და პირთა კონკრეტულ წრეზე გავრცელდეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით სარგებლობის შესაძლებლობა.[11]
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აწესებს მსოფლიო სტანდარტის სამართლიანი სასამართლოს გამოცდილ, მაგრამ საქართველოს სამართალწარმოებისათვის სრულიად ახალ პრინციპს ნაფიცი მსაჯულების სასამართლო ინსტიტუტის შემოღებისათვის; ამ პრინციპის მიხედვით საბოლოო ვერდიქტი მინდობილია აბსოლუტურად დაუინტერესებელ ადამიანთა ჯგუფის შეფასებაზე და არა იმ გარემოებებზე, რომლებიც ძალაუფლების ორგანოთა სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობენ; ამ ახალი ინსტიტუტით არამარტო იზრდება მართლმსაჯულების ავტორიტეტი, არამედ პრაქტიკულად ფუძნდება ნდობის ( სანდოობის ) განუსაზღვრელი ხარისხი ხალხსა და ხელისუფლებას შორის, ხოლო ბრალდებულ პირს ეძლევა მისი უდანაშაულობის დამტკიცების სრული სამართლებრივი გარანტიები; აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ზღუდავს რა ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობას იმ ნაწილში, რომ მისი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ამით ირღვევა სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპი და შეაბამისად კონსტიტუციით გარანტირებული უფლება;
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო სამართლებრივი ნორმების სადაო ნორმატიული შინაარსით დაირღვა მოსარჩელის კონსტიტუციური გარანტიებით სარგებლობის უფლება, რომლებიც დეკლარირებული და დაცული აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით, 31-ე მუხლის მეორე პუნქტით და 62-ე მუხლის მეხუთე პუნქტით და ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე–6 და მე 14 მუხლებით.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის N2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ პარაგრაფი 74.
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/8/594 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27.
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება N1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1.
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59.
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ პარაგრაფი 90.
[7] იქვე პარაგრაფი 91
[8] იქვე პარაგრაფი 92
[9] იქვე პარაგრაფი 95.
[10] იქვე პარაგრაფი 102.
[11] იქვე პარაგრაფი 103.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი