გიორგი გიგაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1746 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი გიგაური |
თარიღი | 4 ნოემბერი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
ბ. საქართველოს კანონი ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი'''
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ნომრატიული შინაარსი რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 108 და 109-ე მუხლით გათვალისწინებული დაუმთავრებელი დანაშაულისთვის გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას. საქართველოს კანონი ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის'' 59-ე მუხლის, მე-3 ნაწილი. ,,არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით არ განიხილება'' |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი: ,,ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.'' 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი: ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.'' |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე, 59-ე, მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ემუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-13 და 31-ე მუხლებით
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) კანონის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის. იერარქიაში არ არსებობს ზემდგომი ნორმატიული აქტი რომელიც სადავო საკითხს შეეხება და შესაბამისად, შესაძლებელია სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა.
სადავო ნორმით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები რაც სარჩელში მითითებული დასაბუთების და ნორმების საფუძველზე კონსტიტუციური სარჩელის არსებით განსახილველად მიღების საფუძველი და წინაპირობაა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტების აღწერა:
1. გიორგი გიგაური 74-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა, 2022 წლის 30 მაისისს ის იმყოფებოდა სკოლაში და ესწრებოდა გაკვეთილებს. სპორტის გაკვეთილზე კლასელებს შორის მოხდა კონფლიქტი რომლის გამოც, გაკვეთილების შემდეგ მე-10 და მე-9 კლასის მოსწავლეები შეიკრიბნენ სკოლის მიიმდებარედ, ერთ-ერთი 16 სართულიანი კორპუსის ეზოში მდებარე გარაჟებში სადაც ორ ჯგუფს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება რა დროსაც ერთ-ერთი მე-9 კლასელი დაიჭრა.
2. ინციდენტში მონაწილე ბავშვები 30 მაისს, მიიყვანეს თბილისის პოლიციის სამმართველიშო მდებარე არასრულწლოვანთა საქმეების საგამოძიებო სამსახურში. გამოძიება სსკ 19,109.2.ა-მუხლით დაიწყო შემდგომ კი 19.109,2,ბ დაკვალიფიცირდა.
3. პოლიციის სამმა თანამშრომელმა დედისგან განმარტოებით გაიყვანეს არასრულწლოვანი გიორგი გიგაური და თხოვდნენ, რომ ეღიარებინა დანაშაული. როდესაც პოლიციელები დარწმუნდნენ, რომ დანაშაულთან და დანასთან გიორგი გიგაურს არ ჰქონდა შეხება ის გამომძიებელთან გაიყვანეს სადაც უკვე დედაც დაასწრეს. გამომძიებელმა შეადგინა გამოკითხვის ოქმი სადაც გიგაური აღწერდა განვითარებულ მოვლენებს. მას არ უღიარებია დანაშაული. 31 მაისს გიორგი გიგაურს აცნობეს, რომ იყო დაკავებული და ბრალდებული მკვლელობის მცდელობაში.
4. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩხუბის დაწყებამდე გიორგის კლასელმა ადგილზე მიიტანა დანა და გადასცა მე-2 კლასელს, რომელიც ითხოვდა დანის მიტანას რადგან განზრახული ჰქონდა დაზიანების მიეყენება გაურკვეველი პირისთვის. დანით შეიარაღებული კლასელის ინფორმაციით ის ჩხუბის დროს წაიქცა და ჯინსის შარვლის წინა ჯიბიდან დანა ამოუვარდა, რომელიც დაინახა თუ როგორ აიღო გიგაურმა. მისივე განცხადებით, ტანსაცმელი დაზარალებულის სისხლით ჩხუბის დასრულების შემდეგ დაესვარა. ერთ-ერთი ბავშვის ინფორმაციით მან დაინახა თუ როგორ დაჭრა დაზარალებული ბრალდებულმა.
5. შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე გიორგი გიგაურს 01.06.2022წ პროკურორის დადგენილებით ბრალი წარედგინა სსკ 19,109,2,ბ. მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში. (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობის მცდელობა).
6. ბრალდებულის ოჯახის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულთან საავადმყოფოში იმყოფებოდნენ პოლიციელები რომლებიც აცხადებდნენ, რომ გიგაური დანაშაულს აღიარებდა ის იყო დამნაშავე. დაზარალებულმა არ დაადასტურა პოლიციელების ვერსია რაც მათ არ მოეწონათ და დატოვეს საავადმყოფო. დაზარალებულის მშობლების განცხადებით მათ არ მოეწონათ, რომ არ განხორციელდა ბავშვის გამოკითხვა და თუ ადვოკატს ექნებოდა სურვილი შეეძლო გამოეკითა არასრულწლოვანი.
7. 04.06.2022წ ადვოკატთან გამოკითხვისას დაზარალებულმა განაცხადა, რომ ის ჩხუბის დაწყებიდან 4-5 წამში უკვე დაჭრილი იყო და ამ დროს, მისი მხედველობის არეში ან მის სიახლოვეს გიორგი გიგაური არ იმყოფებოდა. დაზარალებულმა გამორიცხა დანით შეიარაღებულის ჩვენება, რომ სისხლი შესაძლოა ჩხუბის დასრულების შემდეგ გადასულიყო მის ტანსაცმელზე და გამოძიების ბოლო ეტაპზე დამატებით გამოკითხვისას განაცხადა, რომ მისი დაჭრის დროს ძირს წაქცეული არავინ არ ყოფილა. (გაბათილდა ვერსია, რომ დანით შეიარაღებული მოწმე წაიქცა და დანა ამოუვარდა რითაც გიგაური შეიარაღდა).
8. რამოდენიმე დღეში, ბრალდებულის ოჯახისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. თვითმხილველი მოწმე იყო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, სტრესში და მძიმედ განიცდიდა, რომ მისი გამოკითხვის ოქმში დაფიქსირდა ის რაც მას არ უნახავს. მოწმე არ იყო დანაშაულის თვითმხილველი. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული მოწმე სპეციალურად შეხვდა გამომძიებელს ადვოკატის და მშობლების თანდასწრებით, აცნობა აღნიშნული და ხელახალი გამოკითხვა მოითხოვა, რასაც არავითარი რეაგირება არ მოყოლია. გამოძიების დასრულების ბოლო დღეს 01.07.2022წ. აღნიშნული მოწმე ადვოკატთან გამოიკითხა, სადაც განმარტა, რომ ის არ იყო დანაშაულის თვითმხილველი და გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია არასწორი და მანიპულაციის შედეგი იყო. 07.07.2022წ საქმეზე ჩატარდა წინასასამართლო სხდომა.
9. 2022 წლის 27 აგვისტოს შაბათს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: ,, 12 წლით ციხეში - როგორ იყენებს პროკურატურა ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებს მეათეკლასელის წინააღმდეგ''
10. ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილი იყო, რომ გიორგი გიგაურის საქმეში არსებული იტკიცებულებები რაც ბრალდების საფუძველი გახდა არასანდო და ფალსიფიცირებული იყო. ე.წ. თვითმხილველის მშობლები დეტალურად ყვებოდნენ გამოყენებული უკანონო მეთოდების თაობაზე, ასევე დანით შეიარაღებული მოწმის მხარეც უარყოფდა გიგაურის მიერ დანის აღებას, ორი სხვა მოწმეც რომლებმაც თითქოს ნახეს ჩხუბის დროს დაპირისპირებული დაზარალებული და ბრალდებული აცხადებდნენ რომ ადგილი ჰქონდა მანიპულაციებს და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. სტატისს შემდეგ და საფუძველზე გამოვკითხეთ ფიგურანტი პირები რა დროსაც გაირკვა, რომ არც ერთ მოწმეს არ ჰქონდა დანახული ბრალდებულის და დაზარალებულის დაპირისპირება. 12.09.2022წ. ინფორმაცია სასამართლომ სსსკ 236.2-ე მუხლის საფუძველზე მიიღო როგორც დაცვის მტკიცებულბები.
11. ხშირია შემთხვევა, როდესაც ბრალდების მხარე, პირს წარუდგენს ბრალს არა დასრულებული დანაშაულისთვის, (სსკ 108, 109) არამედ დაუსრულებელი დანაშაულისთვის, (სსკ 19,108 და 19-109) რითაც ბრალდებულს არ აძლევს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე წვდომას. ასევე, სსკ 117-ე ან სხვა ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, ბრალდებას წარადგენს 19,108 ან 19,109 მუხლით.
12. ფაქტია, რომ გასაჩივრებული ნორმის მოსარჩელემ (ბრალდებულმა) ვერ ისარგებლა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობით.
მოთხოვნის არსი და დასაბუთება:
1. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული) მუხლებით) ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას სსკ 108-ე და 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუსრულებელ დანაშაულში ბრალდებულის მიმართ, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლ პუნქტთან და 31-ე მუხლის 1-ლ პუნქტთან მიმართებით.
2. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კანონი ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის'' 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი ,,არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით არ განიხილება'', საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლ პუნქტთან და 31-ე მუხლის 1-ლ პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ,, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.'' დასრულებული და დაუსრულებელი დანაშაულის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის ერთადერთი განსხვავება გათვალისწინებულია სსკ 56-ე მუხლის მე-4 ნაწილით ,,უვადო თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაინიშნოს დანაშაულის მომზადებისათვის ან მცდელობისათვის.'' არასრულწლოვანი ბრალდებული მოსარჩელის შემთხვევაში კი ეს განსხვავებაც არ არსებობს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ,,14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/3-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს.'' შესაბამისად, სსკ 108 და 109-ე მუხლებით დასრულებულ და დაუსრულებელი დანაშაულში ბრალდებული პირები არსებითად მსგავსი და თანასწორი სუბიექტები არიან, რომელთა მიმართაც სადავო ნორმით დაშვებულია არათანაბარი მიდგომა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13.11. 2014 წ. № 1/4/557,571,576 გადაწყვეტილება შეეხებოდა სწორედ ნაფიცი მსაჯულების განსჯადობის საკითხს. სასამართლომ განმარტა:
95. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არის რა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სასამართლო სისტემის ნაწილი, ის თავისთავად ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის ქვეშ. ვინაიდან, ზოგადად, სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციის მიზანია ადამიანის უფლებების ადეკვატური და სრულყოფილი დაცვა, მართლმსაჯულების განმახორციელებელი მთელი კონსტიტუციური სისტემის ფუნქცია უნდა პასუხობდეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის მოთხოვნებს. შესაბამისად, მართლმსაჯულების განმახორციელებელი ყველა ორგანოს კომპეტენცია, საქმიანობის განხორციელებისთვის მათ ხელთ არსებული ინსტრუმენტები, ასევე თითოეულ ამ ორგანოზე ადამიანის ხელმისაწვდომობის ფარგლები პოტენციურად შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
101. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლიანი მართლმსაჯულება მოითხოვს არა მხოლოდ ყველა საჭირო, საკმარისი და ადეკვატური პროცედურითა თუ გარანტიით სასამართლოს აღჭურვას, არამედ, იმავდროულად, გულისხმობს მის ასეთად აღქმადობას საზოგადოების და დავის მონაწილეთა მხრიდან. სასამართლოს სამართლიანობის აღქმადობას, ცხადია, პირველ რიგში, განაპირობებს და უზრუნველყოფს სასამართლოს (მოსამართლეთა) ინსტიტუციური და პერსონალური დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, ამასთან, გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის დამაჯერებელი ხარისხი. ამ თვალსაზრისით, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლო ინსტიტუტისადმი მხარეთა და, ზოგადად, საზოგადოების ნდობას, რომელიც ზემოაღნიშნულის გარდა სხვა ფაქტორებზე დამოკიდებულებითაც იქმნება. ერთ-ერთ ასეთ ფაქტორს უდავოდ წარმოადგენს პირის შესაძლებლობა, თავად აირჩიოს ინსტიტუტი, რომლის მიერ საქმის სწორად გადაწყვეტა მისთვის პროგნოზირებადი და უფრო დამაჯერებელია, შედეგად კი გავლენა მოახდინოს საკუთარი საქმის გადაწყვეტის ბედზე.
102. მიუხედავად იმისა, რომ უფლებების სრულყოფილი დაცვისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ წარმოადგენს უალტერნატივო, უპირობოდ აუცილებელ მექანიზმს, როგორც უკვე აღინიშნა, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვის უფლების ხელმისაწვდომობის უზურნველყოფისას კანონმდებლი შებოჭილია კონსტიტუციური წესრიგით და ფუნდამენტური უფლებებით, მათ შორის, კანონის წინაშე თანასწორობის უფლების დაცვის ვალდებულებით. ვინაიდან კანონმდებლობა პირთა ერთ კატეგორიას აძლევს არჩევანის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტონ, ვის უფრო ენდობიან და, შედეგად, საკუთარი გადაწყვეტილებით შეძლონ გავლენა მოახდინონ იმაზე, რომ მათ საქმეზე შედგეს სამართლიანი მართლმსაჯულება, ასეთ შესაძლებლობაზე დაუსაბუთებლად, ყოველგვარი საჭიროების, აუცილებლობისა და გამართლების გარეშე უარის თქმა არსებითად იგივე კატეგორიას მიკუთვნებული სხვა პირებისთვის, შეუძლებელია არ იწვევდეს მათი უფლების დარღვევას.
103. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ სადავო ნორმა ამ ნორმატიული შინაარსით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. ნორმის არაკონსტიტუციურობა განაპირობა იმან, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა არსებითად თანასწორი პირების განსხვავებულ პირობებში ჩაყენების გარდაუვალი აუცილებლობა. არ არსებობს ობიექტური გამართლება იმისა, ერთი და იგივე დანაშაულისთვის ბრალდებულ პირთაგან ნაწილმა რატომ უნდა ისარგებლოს ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტით და ნაწილმა არა მხოლოდ იმის გამო, რომ მათ დანაშაული სხვადასხვა დროს ჩაიდინეს. მით უფრო, თუ სასამართლოში საქმის განხილვა უნდა მოხდეს ერთსა და იმავე დროს, როდესაც უკვე არსებობს კანონმდებლის ნება, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე და პირთა კონკრეტულ წრეზე გავრცელდეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით სარგებლობის შესაძლებლობა.
104. მაშასადამე, სასამართლომ დაადგინა, რომ არსებითად თანაბარ პირთაგან ნაწილისთვის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვაზე ხელმისაწვდომობის აკრძალვა გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი იყო. შესაბამისად, დადგინდა სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით დიფერენცირების დისკრიმინაციულობა, რაც მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია იმავდროულად არ იწვევდეს ამ პირთა (დისკრიმინირებულ პირთა) სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასაც.
,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის'' 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას არასრულწლოვნების საქმეზე. განსხვავება სრულწლოვან და არასრულწლოვან ბრალდებულს შორის მოსალოდნელი სასჯელის მხრივ არსებითად განსხვავებული არ არის. სრულწლოვანი და არასრულწლოვანი ბრალდებულები არსებითად თანაბრები არიან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება სრულწლოვან და არასრულწლოვან ბრალდებულზე თანაბრად უნდა გავრცელდეს.
ამდენად, ცხადია, რომ სადავო ნორმებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით დაცული ძირითადი უფლებები.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა