ზესტაფონის რაიონული სასამართლოს წარდგინება
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N1818 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ირინე იმერლიშვილი, |
ავტორ(ებ)ი | ზესტაფონის რაიონული სასამართლო |
თარიღი | 1 მაისი 2024 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მეოთხე ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსი, რომელიც ტოტალურად კრძალავს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების შესაძლებლობას პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდების მიმართ. | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტი - ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტი;
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მესამე პუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის რაიონული სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ;
გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ტოტალურად კრძალავს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების შესაძლებლობას პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდების მიმართ შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-1 მუხლის პირველი პუქნტთან შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მეოთხე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებსგადაწყვეტილებასკონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობისსაკითხზე;
დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, როზა ბუზალაძეს წარდეგინა ბრალდება საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2021 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 15:30 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ საქარიქედში, მეუღლის საცხოვრებელ სახლში, როზა ბუზალაძემ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მარჯვენა ხელზე ფრჩხილებით ჩამოკაწრა მეუღლის დედას ასმათ შავიძეს, რომელსაც, ასევე, მარცხენა ხელის მტევანზე დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ასმათ შავიძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
როზა ბუზალაძე წარმოადგენს შშმ პირს, იგი არის ყრუ-მუნჯი.
სისხლის სამართლის საქმე, როზა ბუზალაძის მიმართ არსებითად განსახილველად შემოვიდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.
სამართლებრივი გარემოებები:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, აგრეთვე გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს.
მოცემულ საქმეზე, თუ სასამართლო მივა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანადმე, როზა ბუზალაძეს უალტერნატივოდ უნდა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდით (თუ კი არ აღიარებს წარდგენილ ბარლდებას) მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იგი შშმ პირია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა (საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).
მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (II-7). სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (2014 წლის 13 ნოემბერი, საქმე N1/4/557,571,576) განმარტა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა კანონის წინაშე თანასწორობის უფლების არსი და მნიშვნელობა. „თანასწორობის იდეა არის ერთ-ერთი საყრდენი ღირებულებათა სისტემისა, რომლის დამკვიდრების მიზნით და სულისკვეთებითაც იქმნებოდა სახელმწიფოთა კონსტიტუციები. კანონის წინაშე თანასწორობა „ეს არ არის მხოლოდ უფლება, ეს არის კონცეფცია, პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული ღირებულებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 2). „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ... ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 2).
დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარ არსს, დანიშნულებას და გამოწვევას წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფა - ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით სრულყოფილად სარგებლობის გზით თავისუფალი თვითრეალიზაციის შესაძლებლობის გარანტირება. ამასთან, სახელმწიფო ასეთ გარანტიას უნდა წარმოადგენდეს მთლიანად საზოგადოებისთვის, თითოეული ადამიანისათვის, რადგან „თავისუფლების იდეა გაუფასურდება, თუ ის არსებითად ერთნაირი შინაარსის მატარებელი და ერთნაირად ხელმისაწვდომი არ იქნება ყველასთვის. ნებისმიერი უფლების აღიარება აზრს დაკარგავს, მასზე თანაბარი წვდომის გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე. ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება #1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3). სწორედ „...თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 1).
თანასწორობა თავისუფლებაში გადამწყვეტია როგორც თავისუფლების, ისე თავად თანასწორობის იდეის შენარჩუნებისთვის. ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის ასეთ ურთიერთკავშირზე არაორაზროვნად მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომლის თანახმადაც: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა„. „ამ ნორმაში კანონის წინაშე თანასწორობა მოხსენიებულია ადამიანის თავისუფლებასთან ერთად, რაც უდავოდ მიანიშნებს თანასწორობის მნიშვნელობაზე ადამიანის თავისუფლებისათვის – ადამიანის უფლებები ერთნაირად არის თითოეული ადამიანის კუთვნილება, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ ერთნაირი ხელმისაწვდომობა მათზე (უფლებებით სარგებლობაზე), მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თავისუფლების სრულყოფილად შეგრძნება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 4).
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით„ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №2/1-392 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 68).
იმავდროულად, ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციას არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა, დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც იყოს. ეს ხშირად აუცდენელია. შესაბამისად, დიფერენცირება საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროსთვის უცხო არ არის, „თუმცა თითოეული მათგანი არ უნდა იყოს დაუსაბუთებელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 8).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებას, დადგენას საფუძვლად დაუდო შემდეგი ძირითადი მიდგომა: `დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 7).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არაორაზროვნად ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ფარგლებთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული სფეროს სრულყოფილი განმარტებისთვის საკონსტიტუციო სასამართლო კანონის წინაშე თანასწორობის უფლების არსიდან გამოვიდა და დაუშვებლად მიიჩნია მისი გათანაბრება ნორმის სიტყვასიტყვით შინაარსთან. სასამართლო არ შეიბოჭა ამ ნორმის გრამატიკული განმარტებით და მისი ძირითადი არსი, დიაპაზონი გაიაზრა კანონის წინაშე თანასწორობის იდეის მნიშვნელობის გათვალისწინებით. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ ისტორიულად კონსტიტუციებში ხდებოდა იმ ნიშნების ჩამოთვლა, რომელთა მიხედვით, ადამიანთა ჯგუფებს აერთიანებდა მათთვის დამახასიათებელი პირადი, ფიზიკური თვისებები, კულტურული ნიშნები ან სოციალური კუთვნილება. ამ ნიშნების კონსტიტუციებში ჩამოთვლა ხდებოდა ზუსტად მათ საფუძველზე ადამიანების დისკრიმინაციის დიდი გამოცდილების არსებობის და, ამასთან, ასეთი მოპყრობის გაგრძელების შიშის გამო (საპასუხოდ). „საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოთა კონსტიტუციები და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საერთაშორისო დოკუმენტები, იძლევა გარკვეული ნიშნების ჩამონათვალს, რომელიც მიემართება კანონმდებელს და უთითებს, თუ რომელ საფუძვლებს არ უნდა უკავშირდებოდეს არათანაბარი მოპყრობა. ჩამონათვალში მითითებული ნიშნები მომდინარეობს ადამიანის იდენტობის გამომხატველი ფაქტორებიდან, ემყარება მათი ღირსების პატივისცემას და გააჩნია თავისი ისტორიული წანამძღვრები. ხსენებული ნიშნების საფუძველზე დიფერენცირება წარმოადგენს დისკრიმინაციის მომეტებული რისკის მატარებელ შემთხვევებს და კანონმდებლისაგან მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. აღნიშნული განპირობებულია ადამიანთა სოციალურ სტატუსში რაიმე ფორმის იერარქიულობის დაუშვებლობით. ჩამონათვალის არსებობა ამ ნიშნებთან დაკავშირებულ ადამიანთა დიფერენცირების შემთხვევების უპირატეს შეზღუდვაზე მიუთითებს. თუმცა ეს არ გამორიცხავს ადამიანთა არაგონივრული დიფერენცირების სხვა შემთხვევების არსებობას და მათი კონსტიტუციით აკრძალვის საჭიროებას. კონსტიტუცია კრძალავს კანონის წინაშე არსებითად თანასწორთა უთანასწოროდ (ან პირიქით) გონივრული და ობიექტური დასაბუთების გარეშე მოპყრობის ნებისმიერ შემთხვევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის გადაყწვეტილება №2/1/473, II, 1.). სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი ნიშნების ამომწურავად მიჩნევა თავისთავად გამოიწვევს სასამართლოს მიერ იმის დადასტურებას, რომ ნებისმიერი სხვა ნიშნით დიფერენციაციის შემთხვევები არ არის დისკრიმინაციული, რადგან არ არის დაცული კონსტიტუციით. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა არ იქნებოდა სწორი, რადგან თითოეული მათგანის კონსტიტუციის მე-14 მუხლში მოუხსენიებლობა დიფერენციაციის დაუსაბუთებლობას ვერ გამორიცხავს. დიფერენცირებული მიდგომა შესაძლოა მოხდეს არა მხოლოდ ჩამოთვლილი ნიშნების მიხედვით და არა მხოლოდ, თუნდაც ამ ნიშნებზე დაყრდნობით, კონკრეტული კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის პროცესში. „თანასწორობის ძირითადი უფლება სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არ იცავს ცხოვრების რომელიმე განსაზღვრულ სფეროს. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში ... დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს „არსებითად თანასწორებს მოეპყროს თანასწორად და პირიქით. აქედან გამომდინარე, თანასწორობის ძირითად არსთან კონფლიქტში მყოფი ნებისმიერი ნორმა უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი“ (2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 4; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 4; 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 5).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე საქმეზე მიუთითა, რომ თანასწორობის უფლების თავისებურებებიდან გამომდინარე, დიფერენციაციის დამდგენი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, მას თითოეული მათგანისადმი ვერ ექნება იდენტური, ერთგვაროვანი მიდგომა. კონსტიტუციის მე-14 მუხლი უზრუნველყოფს ადამიანების დაცვას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გაუმართლებელი დიფერენცირებული მოპყრობისაგან. თუმცა, იმავდროულად, დიფერენცირებული მოპყრობის ყველა შემთხვევა (ნებისმიერი ნიშნით, ნებისმიერ უფლებებში) ერთნაირი სიმძიმის ვერ იქნება. “კანონის წინაშე თანასწორობის უფლების ბუნებიდან გამომდინარე, მასში ჩარევისას სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები განსხვავებულია, განსაკუთრებით იმის მიხედვით, რა ნიშნით ან საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროში ახდენს ის პირთა დიფერენციაციას. შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობის გონივრულობის შეფასების მასშტაბიც განსხვავებულია ... ისტორიულად ცვლადია შეფასებები და შეფასებების ინსტრუმენტები იმისა, რა არის „ბუნებრივი“, „გონივრული“ და „აუცილებელი“ ამ სფეროში. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თანასწორობის პრინციპი კანონმდებელს შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არჩევანის თავისუფლებას უტოვებს იქამდე, სანამ ხელმისაწვდომია დიფერენცირებული მოპყრობის ობიექტური დასაბუთება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 5).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის სარგებლობს განსხვავებული ინსტრუმენტებით (ტესტებით). კერძოდ, მე-14 მუხლთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობას აფასებს „მკაცრი შეფასების ტესტით“ ან „რაციონალური დიფერენციაციის ტესტით“. განსხვავებულია მათი გამოყენების წინა პირობები, საფუძვლები. ნებისმიერი დიფერენციაცია ზედმიწევნით შემოწმებას და ფრთხილ მიდგომას მოითხოვს. თუმცა დიფერენციაციის დისკრიმინაციულობის შეფასება განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა მოხდეს, როდესაც განსხვავებული მოპყრობა ეფუძნება ისეთ ნიშნებს, რომლებზე დაყრდნობითაც ისტორიულად ხშირი და ძალზე გავრცელებული იყო დისკრიმინაცია და რომელთა ჩამოთვლაც ზუსტად ასეთი მოპყრობის განმეორების შიშით და ამის საწინააღმდეგოდ ხდებოდა კონსტიტუციებში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ნიშნებს, პირობითად კლასიკური ნიშნები უწოდა და ამ სფეროში დიფერენციაციის დისკრიმინაციულობის შემოწმებისთვის „მკაცრი შეფასების“ ტესტი შემოიღო, როდესაც აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დიფერენცირებული მოპყრობის გამართლებისთვის სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესის არსებობის დემონსტრირება და ამ მიზნის მიღწევისთვის შერჩეული რეგულაციის ამავე მიზნებთან თანაზომიერების მტკიცება. მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს ასევე დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტია, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში ექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად აცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან. თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, სასამართლო გამოიყენებს „მკაცრ ტესტს“, ხოლო ინტენსივობის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში – „რაციონალური დიფერენციაციის ტესტს“, როდესაც ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის საკმარისია: დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდაუვალობა ან საჭიროება; ამასთან, რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის.
დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასებისთვის ასევე შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა შემდეგ გარემოებას: დიფერენცირებულ პირებს რამდენად შეუძლიათ საკუთარი ძალისხმევით შეამცირონ დიფერენციაციის ხარისხი ან აღმოფხვრან ის. ცხადია, ასეთი ვითარება, თავისთავად, ვერ გამორიცხავს დიფერენციაციის დისკრიმინაციულობას და ვერ უზრუნველყოფს კანონის წინაშე თანასწორობას. რადგან დამოუკიდებლად იმისგან, ადამიანს შეუძლია თუ არა საკუთარი ზეგავლენითა და ძალისხმევით ფაქტობრივი ვითარების შეცვლა, სახელმწიფო არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან, არ მოახდინოს პირთა დაუსაბუთებელი დიფერენციაცია. მაშასადამე, დიფერენციაციის ნეგატიური შედეგების საკუთარი ძალისხმევით აღმოფხვრის/შემცირების შესაძლებლობა დიფერენციაციის არადისკრიმინაციულობას ვერ უზრუნველყოფს, ის მხოლოდ დიფერენციაციის ინტენსივობის შესაფასებლად გამოდგება.
პირველ რიგში, აუცილებელია, რომ კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაციით შესაძლებელი იყოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევა, ანუ ის (რეგულაცია) რეალურად უნდა იყოს ორიენტირებული ლეგიტიმური მიზნის დაცვასა და უზრუნველყოფაზე. უფლების შემზღუდავი ღონისძიება მიზნის მიღწევის ვარგის საშუალებას უნდა წარმოადგენდეს, მას გარდაუვლად, ნამდვილად უნდა შეეძლოს კონკრეტული მიზნების, ინტერესების უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთნაირად მიადგება ზიანი როგორც საჯარო, ისე კერძო ინტერესებს.
ვერც ერთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევა თავისთავად ვერ გაამართლებს უფლებაში იმაზე უფრო მკაცრ ჩარევას, ვიდრე ეს აუცილებელი და საკმარისია ამ მიზნის მისაღწევად. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი და, იმავდროულად, დემოკრატიულობის ხარისხი სწორედ იმის მიხედვით გაიზომება, რამდენად შეძლებს ის შეპირისპირებული ინტერესების სამართლიან დაბალანსებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სახელმწიფომ უფლებების დაცვისა და უზრუნველყოფისას უნდა შეძლოს კერძო და საჯარო ინტერესების გონივრული დაბალანსება, მხოლოდ ასეა შესაძლებელი როგორც უფლებით სარგებლობის, ისე კონკრეტული საჯარო მიზნების მიღწევა. დემოკრატიულ საზოგადოებაში არ შეიძლება არსებობდეს მიზანი, ინტერესი, რომლის მიღწევის საპირწონე ამა თუ იმ უფლების დარღვევაა. არც ერთი ინტერესის მიღწევა არ შეიძლება მეორე ინტერესის ხელყოფის ხარჯზე. „სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია იმის მოლოდინი, რომ კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთმიმართება სამართლიანი იქნება“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 19). ამასთან, ადამიანის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანის რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვას, აღიდგინოს საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა. „სამართლიანი სასამართლოს უფლების კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები უნდა უჩენდნენ ადამიანებს იმის განცდას, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი უფლებების/კანონიერი ინტერესების სასამართლოში დაცვას, ამასთან, უნდა იწვევდნენ სასამართლოს სამართლიანობის აღქმადობას საზოგადოების მხრიდან. გამჭვირვალე, სრულყოფილი, ადეკვატური და საკმარისი პროცედურები უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებათა ლეგიტიმურობას, მათ საზოგადოებრივ აღიარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია სასამართლოსადმი და, საბოლოო ჯამში, მთლიანად ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებისა და განმტკიცებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/2/574 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 59).
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის თანახმად:
პირველი მუხლი: - წინამდებარე კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში.
კონვენციის მეორე მუხლის თანახმად, წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:
„დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე” – გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებულ ნებისმიერ განსხვავებას, გარიყვას ან აკრძალვას, რომლის მიზანს ან შედეგს წარმოადგენს აღიარების, თანაბარი უფლებებისა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო და ნებისმიერ სხვა სფეროში მათ მიერ ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზების მინიმუმამდე დაყვანა ან სრული უარყოფა; იგი მოიცავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას, მათ შორის უარს გონივრულ მისადაგებაზე.
„გონივრული მისადაგება” – გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი მოდიფიკაციებისა და კორექტივების განხორციელებას, რაც არ იწვევს დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზებას.
„უნივერსალური დიზაინი” – გულისხმობს პროდუქტის, გარემოს, პროგრამებისა და მომსახურების ისეთ დიზაინს, რომელიც ყველა ადამიანის აძლევს მისი მაქსიმალური გამოყენების საშუალებას, ადაპტაციისა და სპეციალური დიზაინის გამოყენების აუცილებლობის გარეშე. „უნივერსალური დიზაინი” არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კონკრეტული ჯგუფის მიერ დამხმარე საშუალებების გამოყენებას.
კონვენციის მესამე მუხლის თანახმად, წინამდებარე კონვენციის პრინციპებია b. დისკრიმინაციის დაუშვებლობა; e. თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
კონვენციის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის a და c ქვუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრულ რეალიზებას, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამ მიზნით მონაწილე ქვეყნები ვალდებულებას იღებენ: a. მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სხვა ზომები წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების უზრუნველყოფისათვის; c. ყველა პოლიტიკასა და პროგრამაში გათვალისწინებულ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა.
კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი, მერე და მესამე პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ყოველი პიროვნება თანასწორია კანონის წინაშე და კანონის ძალით; ყველას ერთნაირად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს უფლება, იყოს დაცული და ისარგებლოს კანონით.
მონაწილე სახელმწიფოები კრძალავენ შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებულ დისკრიმინაციას და უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარ და ეფექტურ იურიდიულ დაცვას ყოველგვარი დისაკრიმინაციისაგან.
თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას გონივრული მისადაგების უზრუნველყოფისათვის.
კონვენციის მეთორმეტე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში.
კონვენციის მეთოთხმეტე მუხლის პირველი პუნქტის b ქვეპუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა სხვებთან თანასწორობის საფუძველზე: არ აღეკვეთოთ თავისუფლება უკანონოდ ან თვითნებურად; თავისუფლების ნებისმიერი აღკვეთა უნდა მოხდეს კანონის დაცვით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობა არანაირ შემთხვევაში არ უნდა გახდეს თავისუფლების აღკვეთის მიზეზი.
კონვენციის მეთხუთმეტე მუხლის თანახმად კი, არავინ არ უნდა გახდეს წამების, სასტიკი, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის მსხვერპლი.
მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა ეფექტური საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, იურიდიული და სხვა ზომები, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელისაგან, სხვებთან თანასწორობის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დადგენილია, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, აგრეთვე გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასაგებლო შრომას 200 საათიდან 400 საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ტოტალურად კრძალავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების შესაძლებლობას პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდების ანუ შშმ პირების მიმართ. შესაბამისად, კანონის აღნიშნული ჩანაწერი არსებითად უთანასწორო პირობებში ამყოფებს ბრალდებულ პირებს, კერძოდ ბრალდებულ შშმ პირს და ბრალდებულ არაშშმ პირს. კანონის აღნიშნული ჩანაწერის შესაბამისად, პირმა რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული და არ არის შშმ პირი, სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნება რა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება და მიღებული იქნება მის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრის შესაძლებლობა, რაც გამორიცხულია შშმ პირის (პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდი) მიმართ, ვინაიდან აზრს კარგავს აღნიშნული გარემოებების შეფასება და მოსამართლეს ინდივიდუალიზაციის პრინციპის საფუძველზე სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობა არ რჩება და ვალდებულია შშმ პირს, უპირობოდ სასჯელის სახედ განუსაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს კონსტიუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა (სსკ 44-ე მუხლის მე-4 ნაწილი) არსებითად თანასწორ პირებს (ბრალდებულებს) საგრძნობლად, მნიშვნელოვნად აცილებს თანაბარი პირობებისგან, არსებითად თანასწორ პირთაგან (ბრალდებულთაგან) ნაწილს სხვებთან შედარებით უფრო მძიმე ტვირთს აკისრებს და მიუხედავად გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოებებისა, შშმ პირის მიმართ ტოტოლურად კრძალავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო არაშშმ პირის მიმართ კი, პირიქით, დასაშვებია საზოგადოების სასარგებლო შრომის გამოყენება. შესაბამისად ნორმა, რომელიც იმ მიზნით იქნა შემოღებული, რომ დაიცვას შშმ პირის ინტერესები, მოცემულ შემთხვევაში, მის საუარესოდ მოქმედებს და არ ემსახურება კანონის თავდაპირველ მიზანს - დაიცვას შშმ პირის ინტერესები.
დასკვნა:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ 44-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ტოტალურად კრძალავს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების შესაძლებლობას პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდების მიმართ, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან შეუსაბამოდ.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა