გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/8/762 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 25 ივლისი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 ივლისი 2024 19:03 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისთვის მოქმედი რედაქცია), 182-ე მუხლის პირველი (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მე-2 და მე-3 ნაწილების, 194-ე მუხლის, 226-ე მუხლის (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), 332-ე მუხლის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისთვის მოქმედი რედაქცია), 333-ე მუხლის პირველი (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მე-2 და მე-3 ნაწილების, 362-ე მუხლის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისთვის მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, 166-ე მუხლისა და 169-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 259-ე მუხლის პირველი, მე-2 (2022 წლის 24 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), მე-3 (2017 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-18 მუხლთან, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №762) მომართა გიორგი უგულავამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, №762 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2016 წლის 3 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 25 ივლისს.
2. №762 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლისა და 16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისთვის მოქმედი რედაქცია), 182-ე მუხლის პირველი (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მე-2 და მე-3 ნაწილების, 194-ე მუხლის, 226-ე მუხლის (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), 332-ე მუხლის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისთვის მოქმედი რედაქცია), 333-ე მუხლის პირველი (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მე-2 და მე-3 ნაწილების და 362-ე მუხლის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისთვის მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, დანაშაულად არის მიჩნეული ისეთი ქმედებები, როგორებიცაა იძულება; მითვისება ან გაფლანგვა; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება); ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, 166-ე მუხლის, 169-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 219-ე მუხლის მე-6 ნაწილის, 259-ე მუხლის პირველი, მე-2 (2022 წლის 24 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), მე-3 (2017 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-4 ნაწილებისა და 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოწესრიგებულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა პროკურორის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების დისკრეციული უფლებამოსილება; ბრალის წაყენების მოთხოვნა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის საფუძველზე; პირის ბრალდებულად ცნობისათვის აუცილებელი მტკიცებითი სტანდარტი; ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანასთან, ისევე, როგორც ბრალის წაყენებასთან დაკავშირებული საკითხები; წინასასამართლო სხდომის ეტაპიდან არსებითი განხილვის სხდომის ეტაპზე საქმის გადასვლის მექანიზმი და შესაბამისი მტკიცებითი სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლებრივი დევნის ეტაპი. აგრეთვე, დადგენილია სასამართლოს განაჩენის კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის მოთხოვნა და მათი შინაარსი ისევე, როგორც ის საკითხები, რომელიც უნდა მიეთითოს გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში
4. №762 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან, მე-18 მუხლთან, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით დაცული იყო კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება, მე-18 მუხლი განსაზღვრავდა ადამიანის თავისუფლების უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენდა ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემასთან, საბრალდებო დასკვნასთან და გამამტყუნებელ განაჩენთან, ისევე, როგორც ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ სტანდარტებს, 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული იყო სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტი, ერთი მხრივ, შეიცავდა იმ ქმედებისათვის პასუხისმგებლობის აკრძალვის გარანტიას, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა, მეორე მხრივ კი, ადგენდა პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის უკუძალით გამოყენების აკრძალვას.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დაცულია ადამიანის თავისუფლება, ხოლო 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი შეიცავს იმ ქმედებისათვის პასუხისგების აკრძალვის გარანტიას, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა და ადგენს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის უკუძალით გამოყენების აკრძალვის გარანტიას.
6. №762 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც მიზნად ისახავს პირის თავისუფლების შეზღუდვას პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით. დამატებით, მოსარჩელის პოზიციით, არაკონსტიტუციურია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მე-2 და მე-3 ნაწილების, ერთი მხრივ, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ნორმის შემფარდებელს შესაძლებლობას აძლევს, თავად განსაზღვროს გაფლანგვის დანაშაულის ნიშნები, მეორე მხრივ კი, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პირისთვის გაფლანგვის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას, იმ შემთხვევაში თუ: ა) სხვისი ნივთი ან ქონებრივი უფლება არ იმყოფებოდა პირის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში; ბ) სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვა განხორციელდა კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვისას პირი მოქმედებდა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; დ) პირის ქმედება არ წარმოადგენდა სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვას; ე) პირის ქმედებას უშუალოდ ვერ მოყვებოდა სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვა.
7. მოსარჩელის პოზიციით, სისხლის სამართლის კოდექსის სადავო ნორმები უნდა ემსახურებოდეს კონკრეტული სამართლებრივი სიკეთის დაცვასა და მართლწესრიგის განმტკიცებას, თუმცა მისი მისამართით აღნიშნული ნორმები გამოყენებული იქნა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნისთვის, თავისუფლების უკანონო აღსაკვეთად და საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტითა და 42-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევით. მოსარჩელის მითითებით, მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები არ ემსახურებოდა სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნებს, არამედ ემსახურებოდა დისკრიმინაციული სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას, რათა შეეზღუდათ მისი კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის, პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.
8. მოსარჩელის აღნიშვნით, დაირღვა მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან პირი ვერ ისარგებლებს დასახელებული უფლებით, მით უფრო იმ ბრალდებასთან მიმართებით, რომელიც დანაშაულს არ წარმოადგენს, იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო განხილვა ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელებას, არამედ პირის პოლიტიკური ნიშნით დასჯის მიზანს. ამ პირობებში, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გამორიცხულია, სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლებში პირის ბრალდებულის სახით პასუხისმგებაში მიცემის შესახებ დადგენილება, საბრალდებო დასკვნა ან გამამტყუნებელი განაჩენი ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს.
9. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, 166-ე მუხლისა და 169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობაზე, რომელიც ითვალისწინებს პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს, რამდენადაც იგი ვერ სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით იმ პირობებში, როცა მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ ქმედებებისთვის, რომელიც დანაშაულს არ წარმოადგენს.
10. მოსარჩელე აგრეთვე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 259-ე მუხლის პირველი, მე-2 (2022 წლის 24 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), მე-3 (2017 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-4 ნაწილების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ითვალისწინებს, შესაბამისად, წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განსახილველად გადაცემას პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით და სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით. მოსარჩელეს დამატებით პრობლემურად მიაჩნია დასახელებული ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მიზნად ისახავს პირის თავისუფლების შეზღუდვას პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით. მოსარჩელე მხარის პოზიციით, მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნა იმ ქმედებებისათვის, რომლებიც არ წარმოადგენდნენ დანაშაულს, და ამ დევნის ფარგლებში ჩატარებული წინასასამართლო სხდომები, ისევე, როგორც მის მიმართ გამოტანილი განაჩენი, სწორედ იმის დასტურია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
11. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილიდან გამომდინარე, წინასასამართლო სხდომაზე შეუძლებელია იმის განხილვა, ხომ არ არის ბრალდებული სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემული პოლიტიკური ან/და სხვა დისკრიმინაციული ნიშნით. მოსამართლე აღნიშნულს შეფასების გარეშე ტოვებს მაშინ, როდესაც პირის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, შესაძლოა, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადაუცემლობის საფუძველს წარმოადგენდეს. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, მოსამართლე, არსებითად განსახილველად საქმის გადაცემის საკითხის გადაწყვეტისას, ხელმძღვანელობს მხოლოდ იმით - არსებობს თუ არა საფუძველი ალბათობის მაღალი ხარისხით ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბრალდების მხარეს არ უწესებს მტკიცების ტვირთს, რომ ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტით ამტკიცოს, ხოლო მოსამართლეს არ უდგენს ვალდებულებას, ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტით დაასაბუთოს, რომ ბრალდებულის მიმართ ადგილი არ ქონია პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით სისხლისსამართლებრივ დევნას, როდესაც ასეთის თაობაზე დაცვის მხარე უთითებს კონკრეტულ არგუმენტაციაზე/მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
12. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული არგუმენტაცია ვრცელდება აგრეთვე პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაზეც. შესაბამისად, სადავო ნორმებით დარღვეულია პირის თანასწორობის უფლება მის მიმართ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ფარგლებში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მოსარჩელის ძირითადი უფლებების შეზღუდვა. შესაბამისად, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი, მე-2 (2022 წლის 24 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), მე-3 (2017 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-4 ნაწილების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ბრალდების მხარეს არ უწესებს მტკიცების ტვირთს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ამტკიცოს, ხოლო მოსამართლეს არ უდგენს ვალდებულებას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაასაბუთოს, რომ ბრალდებულის მიმართ ადგილი არ ჰქონია პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით სისხლისსამართლებრივ დევნას, როდესაც ასეთის თაობაზე დაცვის მხარე უთითებს კონკრეტულ არგუმენტაციაზე/მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
13. მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის პრობლემაზე, რომელიც არ ითვალისწინებს ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილ სასჯელში იმ ვადის ჩათვლას, რა ვადითაც: ა) პირი იმყოფებოდა პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც შემდგომში გამართლდა; ბ) პირი იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც შემდგომში გამართლდა; გ) პირი იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთი სახით სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც შემდგომში გამართლდა. მოსარჩელის პოზიციით, სახელმწიფოს მხრიდან უფლების თვითნებურად შეზღუდვის საპირწონედ, უკანონო პატიმრობაში ყოფნის ვადა გათვალისწინებული უნდა იქნას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დანიშნული სასჯელის ფარგლებში.
14. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №762 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან, მე-18 მუხლთან, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით. მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დასახელებული დებულების ნაცვლად, დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის იმ დებულებებს, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნიათ.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით დაცული იყო კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება, მე-18 მუხლი განსაზღვრავდა ადამიანის თავისუფლების უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენდა ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემასთან, საბრალდებო დასკვნასთან და გამამტყუნებელ განაჩენთან, ისევე, როგორც ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ სტანდარტებს, 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული იყო სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტი, ერთი მხრივ, შეიცავდა იმ ქმედებისათვის პასუხისმგებლობის აკრძალვის გარანტიას, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა, მეორე მხრივ კი, ადგენდა პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის უკუძალით გამოყენების აკრძალვას.
3. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება განმტკიცებულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დაცულია ადამიანის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი შეიცავს იმ ქმედებისათვის პასუხისგების აკრძალვის გარანტიას, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა და ადგენს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის უკუძალით გამოყენების აკრძალვას.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, №762 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-13 მუხლთან და 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-9 პუნქტებთან მიმართებით.
5. №762 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისთვის მოქმედი რედაქცია), 182-ე მუხლის პირველი (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მე-2 და მე-3 ნაწილების, 194-ე მუხლის, 226-ე მუხლის (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), 332-ე მუხლის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისთვის მოქმედი რედაქცია), 333-ე მუხლის პირველი (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მე-2 და მე-3 ნაწილების და 362-ე მუხლის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისთვის მოქმედი რედაქცია), ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, 166-ე მუხლისა, 169-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 219-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 259-ე მუხლის პირველი, მე-2 (2022 წლის 24 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), მე-3 (2017 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობას.
6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
7. №762 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 4 მაისის №763-IIს საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც ამავე კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე ამოქმედდა 2017 წლის 1 ივნისიდან. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის პირველი ივნისის №944-IIს საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31-ე, 46-ე, 73-ე, 101-ე, 102-ე და 116-ე პუნქტების საფუძველზე ცვლილებები განხორციელდა, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილში, 182-ე მუხლის პირველ ნაწილში, 226-ე მუხლში, 332-ე მუხლის პირველ ნაწილში, 333-ე მუხლის პირველ ნაწილში და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილში. დასახელებული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე კი, აღნიშნული ცვლილებები ამოქმედდა 2018 წლის პირველი იანვრიდან. თავის მხრივ, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2020 წლის პირველი ივლისის №6702-რს საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე ცვლილება განიცადა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის შენიშვნის პირველმა ნაწილმა, რომელიც, ხსენებული კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ამოქმედდა 2020 წლის 11 დეკემბრიდან. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2024 წლის 18 აპრილის №4137-XIVმს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ცვლილება განიცადა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილმა, რომელიც, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამოქმედდა 2024 წლის 17 მაისიდან. სისხლის სამართლის კოდექსის ამავე მუხლს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2020 წლის 2 ივლისის №6726-რს და 2024 წლის 18 აპრილის №4137-XIVმს-Xმპ საქართველოს კანონების საფუძველზე დაემატა, შესაბამისად, 11 ნაწილი და შენიშვნის მე-4 ნაწილი. თუმცა აღნიშნული ნაწილები, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების გათვალისწინებით, არ იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი და იგი შეაფასებს საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 362-ე მუხლის კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისთვის მოქმედი რედაქციის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს.
8. იმავდროულად, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2016 წლის 24 ივნისის №5591-IIს საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, ცვლილება განიცადა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილმა, რომელიც, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამოქმედდა 2017 წლის პირველი იანვრიდან. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2022 წლის 18 ოქტომბრის №1918-IXმს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე კი, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 259-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც, ამავე კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, ამოქმედდა 2022 წლის 24 ოქტომბრიდან. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის ზემოაღნიშნული სადავო დებულებები ძალადაკარგულია. ამასთან, მათ ძალა დაკარგეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.
9. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა a priori არ იწვევს აღნიშნულ ნორმაზე სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10).
10. აღნიშნული მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც, ერთი მხრივ, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე ნორმა, რომელსაც სადავო ნორმის იდენტურად, გააჩნია უფლების შეზღუდვის პოტენციალი, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით.
11. თუმცაღა იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა გასაჩივრებული ძალადაკარგული ნორმის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საქმეზე წარმოებას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კანონმდებლობაში ძალადაკარგული ნორმის იდენტური/მსგავსი შინაარსის მქონე დებულება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „№3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი საქმისწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევას. ბუნებრივია, აზრს მოკლებულია მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის ხსენებულ ნაწილთან მიმართებით, არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/15/1462 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მათ შორის, შეაფასებს, რამდენად არსებობს სასარჩელო მოთხოვნის ზემოაღნიშნულ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
12. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
13. მოსარჩელე გასაჩივრებული დებულებების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმები გამოყენებულ იქნა პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის, მისთვის წარდგენილი ბრალდებები ემსახურებოდა არა სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნებს, არამედ დისკრიმინაციული სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას, რათა შეეზღუდათ მისი კონსტიტუციური უფლებები. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ზოგადი მსჯელობის მიღმა, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია დასაბუთება სადავო ნორმების შინაარსის, მათი იდენტიფიცირებულ კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებისა თუ ცალკეული სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის წარმოსაჩენად.
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება, აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც გარკვეული ხარისხით მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის №1/3/1555 განჩინება საქმეზე „გივი ლუაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ადასტურებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
15. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ ხდის ერთმანეთისგან განსხვავებული შინაარსისა და მოწესრიგების სფეროს მქონე საკანონმდებლო დებულებების, მათ შორის, ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამფუძნებელი ნორმების კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით განმტკიცებულ, რიგ ძირითად უფლებებთან მიმართებით, რომლებიც, დაცული სფეროს გათვალისწინებით, სხვადასხვაგვარად უზრუნველყოფენ ინდივიდის დაცვას. ამ პირობებში, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება კონსტიტუციურ სარჩელში იმგვარი არგუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც გარკვეული ხარისხით იდენტიფიცირებადს გახდის სადავო ნორმების კონსტიტუციურობის პრობლემას. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე მხარეს, მის მიმართ სადავო ნორმების პოლიტიკური მოტივით, დისკრიმინაციულად გამოყენებაზე, ერთიან კონტექსტში, აბსტრაქტული მითითების მიღმა, არ წარმოუდგენია არგუმენტაცია სადავო ნორმების შინაარსის, მათი კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებისა და არაკონსტიტუციურობის წარმოსაჩენად. ამ პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
16. დამატებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 259-ე მუხლის პირველი, მე-2 (2022 წლის 24 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), მე-3 (2017 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-4 ნაწილების არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას მოსარჩელე მხარე მიუთითებს, იმაზე, რომ წინასასამართლო სხდომაზე შეუძლებელია იმის განხილვა, ხომ არ ყოფილა ბრალდებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პოლიტიკური ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით. გარდა ამისა, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები არ ითვალისწინებს შესაბამის მტკიცებით სტანდარტს და მოსამართლეს არ ავალდებულებს ამავე სტანდარტით დაასაბუთოს, რომ ბრალდებულის მიმართ ადგილი არ ჰქონია სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე, ირღვევა მისი თანასწორობის უფლება პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მოსარჩელის ძირითადი უფლებების შეზღუდვა.
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, იმისათვის, რომ გასაჩივრებულ ნორმაში ამოკითხულ იქნეს მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ნორმატიული შინაარსი იგი „ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს სადავო ნორმის ტექსტიდან ან/და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-4).
18. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილის შინაარსის ირგვლივ განვითარებული პოზიციის შესაბამისად, დასახელებული ნორმა „წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილი, თეორიულადაც კი, ვერ გახდება საკანონმდებლო საფუძველი ვინმეს პოლიტიკური ან სხვა ნიშნით ან მის გარეშე დევნისათვის. ხსენებული ნორმა აღმჭურველი ხასიათისაა და ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეზე არ არსებობს ამგვარი დევნის შემდგომი პროგრესირებისათვის საჭირო მტკიცებულებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-88). შესაბამისად, ნათელია, რომ მოსარჩელის არგუმენტაცია სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე ეფუძნება მის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას.
19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი, მე-2 (2022 წლის 24 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), მე-3 (2017 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-4 ნაწილებთან მიმართებით კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს განაჩენის კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის ზოგად მოთხოვნებს და მათ შინაარსს. ხსენებულის ნორმის შესაბამისად, „კანონიერება გულისხმობს განაჩენის შესაბამისობას კანონმდებლობასთან. სამართლიანობა განიმარტება როგორც პროპორციული სასჯელის გამოყენება. ხოლო განაჩენი ჩაითვლება დასაბუთებულად, თუ იგი ეფუძნება შესაბამის მტკიცებულებით სტანდარტს და მოსამართლის დასკვნები და გადაწყვეტილებები არის არგუმენტირებული. [...] საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ, რომელიმე ნორმა, რომელსაც სასამართლო განაჩენის მიღებისას ეყრდნობა, ზღუდავდეს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, თუმცა აღნიშნული ვერ შეფასდება აბსტრაქტულად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის №1/9/740 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). მაშასადამე, ხსენებული სადავო ნორმა ადგენს განაჩენის კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის ზოგადი მოთხოვნების შინაარსს. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, რომ უშუალოდ სადავო ნორმა შეიცავს იმგვარ წესს, რომელიც უშვებს განაჩენის დისკრიმინაციულ მოპყრობაზე დაფუძნებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმის მე-2 (2022 წლის 24 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-3 ნაწილები (2017 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს განაჩენი საქართველოს კონსტიტუციისა და რელევანტური კანონმდებლობის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს და იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება დასაბუთებულად, როდესაც სასამართლო განხილვისას გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას ემყარება. შესაბამისად, №762 კონსტიტუციური სარჩელი ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, ასევე, დაუსაბუთებელია.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება, ერთი მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 194-ე მუხლის, 332-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა და ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 და მე-3 ნაწილების, 333-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 362-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე მუხლის შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილების და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, 166-ე მუხლის, 169-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-9 პუნქტებთან მიმართებით, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 259-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-13 მუხლთან და 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-9 პუნქტებთან მიმართებით, №762 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
21. ამასთან, რამდენადაც არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი და, ამავე დროს, სადავო ნორმები ძალადაკარგულია, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №762 კონსტიტუციურ სარჩელზე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება, ერთი მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისთვის მოქმედი რედაქცია), 182-ე მუხლის პირველი ნაწილის (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), 226-ე მუხლის (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), 332-ე მუხლის პირველი ნაწილის (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის (2020 წლის 11 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), 333-ე მუხლის პირველი ნაწილის (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და ამავე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის (2024 წლის 17 მაისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-9 პუნქტებთან მიმართებით, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 (2022 წლის 24 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-3 (2017 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-13 მუხლთან და 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-9 პუნქტებთან მიმართებით, საქმე უნდა შეწყდეს.
22. №762 კონსტიტუციური სარჩელით, ასევე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელე აპელირებს ხსენებული ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც არ ითვალისწინებს ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პირისათვის დანიშნულ სასჯელში იმ ვადის ჩათვლას, რა ვადითაც: ა) პირი იმყოფებოდა პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც შემდგომში გამართლდა; ბ) პირი იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც შემდგომში გამართლდა; გ) პირი იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთი სახით სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც შემდგომში გამართლდა. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სახელმწიფოს მხრიდან უფლების თვითნებურად შეზღუდვის საპირწონედ, უკანონო პატიმრობაში ყოფნის ვადა გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დანიშნული სასჯელის ფარგლებში.
23. ხსენებულთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 274-ე მუხლი განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღსანიშნი საკითხების ჩამონათვალს. უშუალოდ სადავო ქვეპუნქტი კი, ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის კონკრეტულ რეკვიზიტს სასჯელის ვადაში დაკავების, პატიმრობისა და სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის ყოფნის ვადის ჩათვლის შესახებ გადაწყვეტილების სახით. ხაზგასასმელია, რომ სადავო ნორმის რეგულირების სფერო ამოიწურება სარეზოლუციო ნაწილის ზემოაღნიშნული მისათითებელი რეკვიზიტის განსაზღვრით. სადავო ნორმა არ აწესრიგებს უშუალოდ გამამტყუნებელი განაჩენის ფარგლებში სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრის საკითხებს, მათ შორის, ნორმის რეგულირების სფეროს არ მიეკუთვნება სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელში პირის მიერ დაკავების, პატიმრობისა თუ ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადის ჩათვლის წესის რაიმე ფორმით განსაზღვრა. შესაბამისად, სადავოდ გამხდარი ნორმის შინაარსის და მოწესრიგების სფეროს გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის ამოკითხვა მის ტექსტში შესაძლებელი არ არის. იმავდროულად, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არც სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება, რომელიც სადავო ნორმის იდენტიფიცირებული შინაარსით გამოყენებას დაადასტურებდა. შესაბამისად, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარე ამ შემთხვევაშიც არასწორად აღიქვამს სადავო ნორმის რეალურ შინაარსს.
24. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №762 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან მიმართებით, ასევე დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №762 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 194-ე მუხლის, 332-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა და ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 და მე-3 ნაწილების, 333-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 362-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე მუხლის შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილების და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, 166-ე მუხლის, 169-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-9 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 259-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-13 მუხლთან და 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-9 პუნქტებთან მიმართებით;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან მიმართებით.
2. შეწყდეს საქმე №762 კონსტიტუციურ სარჩელზე („გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის (კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისთვის მოქმედი რედაქცია), 182-ე მუხლის პირველი ნაწილის (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), 226-ე მუხლის (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), 332-ე მუხლის პირველი ნაწილის (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის (2020 წლის 11 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), 333-ე მუხლის პირველი ნაწილის (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და ამავე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის (2024 წლის 17 მაისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-9 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 (2022 წლის 24 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-3 (2017 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-13 მუხლთან და 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-9 პუნქტებთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე