საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N762 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი უგულავა |
თარიღი | 30 მაისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, კერძოდ, მოსარჩელეს წარმოადგენს ფიზიკური პირი - გიორგი უგულავა, რომლის უფლებებიც უშუალოდ დაირღვა სადავო არაკონსტიტუციური ნორმების მოქმედების შედეგად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან საკითხი ეხება აღნიშნული ნორმების წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სამართლებრივ სახელმწიფოში ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე ძირითად უფლებებთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია მოსარჩელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ და სრულად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. სარჩელის აღძვრისას არ დარღვეულა მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი დასჯადად აცხადებს მითვისებასა და გაფლანგვას. საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლი დასჯადად აცხადებს ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას. საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი დასჯადად აცხადებს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიდოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა. საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის თანახმად დასჯადია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ განზრახ ისეთი მოქმედების განხორციელება, რომელიც აშკარად სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს და იწვევს მოქალაქეთა უფლებების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების არსებით დარღვევას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ოფიციალური დოკუმენტის გაყალბებისათვის. სადავო ნორმები უნდა ემსახურებოდეს კონკრეტული სიკეთის დაცვას, მართლწესრიგის განმტკიცებას და ა.შ. თუმცა, კონსტიტუციურ მოსარჩელესთან მიმართებაში სისხლის სამართლის კოდექსის ზემოთმითითებული მუხლები გამოყენებულ იქნა არა მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნებისთვის გიორგი უგულავას თავისუფლების უკანონოდ აღსაკვეთად, არამედ აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტითა და 42-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით „საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ დისკრიმინაციას“ (2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 3) საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და აცხადებს, რომ „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება „სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს უკავშირდება და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მის არსს” (2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393,397 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1). უფლება სამართლიან სასამართლოზე ინსტრუმენტულ უფლებას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება სხვა ძირითადი უფლებების დაცვა. 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი კრძალავს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. მართალია, მოსარჩელის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელში დეტალურადაა აღწერილი სადავო ნორმების კონსტიტუციური მოსაჩელის მიმართ კონსტიტუციის დებულებათა საწინააღმდეგოდ გამოყენების ისტორია. თუმცა, მაინც მიზანშეწონილად მიგვაჩნია კიდევ ერთხელ შევეხოთ აღნიშნულ საკითხს. 2013 წლის 22 თებერვალს გიორგი უგულავა ე.წ. იმედისა და თბილსერვისის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუქტებით ბრალდებულად პასუხისგებაში იქნა მიცემული. 2013 წლის 18 დეკემბერს გიორგი უგულავას წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ახალი ბრალდება ე.წ. ფონდის საქმეზე. 2014 წლის 30 ივნისს მოსარჩელეს წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება (ე.წ. სითი პარკის საქმეზე). 2014 წლის 28 ივლისს სისხლის პატიმრობაში მყოფი გიორგი უგულავა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ე.წ. მთაწმინდის პარკისა და ტელეიმედის ეპიზოდებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ცნობილ იქნა ბრალდებულად. კონსტიტუციური მოსარჩელის მიმართ აღნიშნული ბრალდებების წარდგენა არ ემსახურებოდა სისხლის სამართლის კანონისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ მიზნებს. ამ მოქმედებების მოტივაცია იყო ერთადერთი - როგორმე შეეზღუდათ გიორგი უგულავა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალება, მოეხდინათ მის მიმართ დისკრიმინაციული სისხლისსამარლებრივი დევნა და შეეზრუდათ მისი სხვა კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის მისი, მისი პოლიტიკური საქმიანობა. აგრეთვე, დარღვეული იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან, შეუძლებელია პირმა ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, მით უფრო ბრალდების გამო იმ ქმედებისთვის რაც დანაშაულს არ წარმოადგენს, იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო განხილვა ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელებას, არამედ პირის პოლიტიკური ნიშნით დასჯას. ამ პირობებში, ასევე სრულიად გამორიცხულია სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლებში პირის ბრალდებულების სახით პასუხისმგებაში მიცემის შესახებ დადგენლება, საბრალდებო დასკვნა ან გამამტყუნებელი განაჩენი ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. მართალია, კონსტიტუციურ მოსარჩელეს სადავო ნორმები უკვე გასაჩივრებული აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან მიმართებით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მუხუთე პუნქტებთან მიმართებით, თუმცა დამატებით მიგვაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 182-ე, 194-ე, 226-ე, 332-ე, 333-ე, 362-ე მუხლები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტსა და 42-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ: ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 182, 194-ე, 226-ე, 332-ე, 333-ე, 362-ე მუხლების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მიზნად ისახავს პირის თავისუფლების შეზღუდვას პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით. ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ნორმის შემფარდებელს აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს გაფლანგვის დანაშაულის ნიშნები, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პირისთვის გაფლანგვის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას, იმ შემთხვევაში თუ: ა) სხვისი ნივთი ან ქონებრივი უფლება არ იმყოფებოდა პირის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში; ბ) სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვა განხორციელდა კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვისას პირი მოქმედებდა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; დ) პირის ქმედება არ წარმოადგენდა სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვას; ე) პირის ქმედებას უშუალოდ ვერ მოყვებოდა სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, 166-ე მუხლის, 169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების არაკონსტიტუციურობა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მიხედვით სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. იმავე დებულებას იმეორებს კოდექსის 166-ე მუხლიც. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება გულისხმობს აგრეთვე პირისათვის ბრალის წაყენებას, რაც კოდექსის სადავო მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა და 169-ე მუხლის მიხედვით შემდეგი წესით ხდება. სადავო ნორმებით, სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. კონსტიტუციურ მოსარჩელეს სადავო ნორმები უკვე გასაჩივრებული აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-18 მუხლების და მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. აღნიშნულ სარჩელში დეტალურადაა აღწერილი სადავო ნორმების მოსარჩელის მიმართ გამოყენება. დამატებით, აღვნიშნავთ, რომ საქარველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა, ხოლო, კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ რომ სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებს, რადგან კონსტიტუციურ მოსარჩელე ვერ სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით იმ პირობებში, როცა მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ ქმედებებისთვის, რაც დანაშაულს არ წარმოადგენს და აქედან გამომდინარე ის ვერ სარგებლობს ვერც სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ არაკონსტიტიურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპოცესო კოდექსის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, 166-ე მუხლის, 169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან, რომელიც ითვალისწინებს პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილის და 259-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობა შერჩევითი მართლმსაჯულების შესაძლებლობის გამოსაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილია სასამართლოს წინასასამართლო სხდომის გამართვის წესი და მოსამართლის მიერ განჩინების გამოტანის საკითხები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლი პირობებს აწესებს სასამართლოს განაჩენის მიმართ. კონსტიტუციურ მოსარჩელეს უკვე გასაჩივრებული აქვს სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, თუმცა, ასევე მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლსა და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტს. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად დაუშვებელია პირის დისკრიმინაცია სხვადასხვა საფუძვლებით, მათ შორის მისი პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით აკრძალულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება იმ ქმედების გამო, რაც მისი ჩადენის დროს არ წარმოადგენდა სამართალდარღვევას. კონსტიტუციური მოსარჩელის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფარგლებში წარმოებული სიხლისსამართლებრივი დევნა იმ ქმედებებისათვის, რაც არ წარმოადგენდა დანაშაულს, და ამ დევნის ფარგლებში ჩატარებული წინასასამართლო სხდომები, ისე მის მიმართ გამოტანილი განაჩენი, სწორედ იმის დასტურია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის, მე-18 მუხლის, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის, და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიმართ არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის: ა) 219-ე მუხლის მე-6 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განსახილველად გადაცემას პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით; ბ) 259-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით; გ) 219-ე მუხლის მე-6 ნაწილის და 259-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მიზნად ისახავს პირის თავისუფლების შეზღუდვას პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 259-ე მუხლის არაკონსტიტუციურობა შერჩევითი მართლმსაჯულების გამოსარიცხად მტკიცებულებითი სტანდარტების არარსებობის გამოსაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლი ეხება წინასასამართლო სხდომაზე განსახილველ საკითხებს. სადავო ნორმიდან გამომდინარე, წინასასამართლო სხდომაზე შეუძლებელია იმის განხილვა, ბრალდებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ხომ არ არის პოლიტიკური ან/და სხვა რაიმე დისკრიმინაციული ნიშნით, რასაც მოსამართლე შეფასების გარეშე ტოვებს მაშინაც, როდესაც პირის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა შესაძლოა საქმის არსებით განხილვაზე გადაუცემლობის საფუძველიც კი იყოს. არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხის გადაწყვეტისას წინასასამართლო სხდომის მოსამართლე ხელმძღვანელობს მხოლოდდამხოლოდ მტკიცებულებითი სტანდარტით - არსებობს თუ არა საფუძველი ალბათობის მაღალი ხარისხით ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან დაკავშრებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ „დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით.“ (2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 3). საკონსტიტუციო სასამართლო, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პირის თავისუფლებას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცული ძრითადი უფლებაა. თავისუფლების დაცვა განსაკუთრებით აქტუალური ხდება სახელმწიფოს მიხრიდან თვითნებობის შეზღუდვის ფონზე, რადგან სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი კონსტიტუციით განმტკიცებული თანაზომიერების პრინციპი გახლავთ, რომლის მიხედვით „ძირითად უფლებაში ნებისმიერი ჩარევა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 4). საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მულის მე-3 პუნქტით „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით „დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ“ წარმოადგენს კონსტიტუციურ ტერმინს, რომელსაც ავტონომიური მნიშვნელობა აქვს და გულისხმობს აქტს ან გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც იწყება პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, მისთვის ბრალის წაყენება. მოცემული კონსტიტუციური დანაწესი მოითხოვს, რომ პირის სისხლისსამართლებრივი დევნა, მისთვის ბრალის წარდგენა არ განხორციელდეს არსებითად მცდარი, გაყალბებული, არასაკმარისად სანდო ან მეტწილად საეჭვო მტკიცებულებების საფუძველზე“ (2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 22). საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს უფლებას სამართლიან სასამართლოზე, რომლის შინაარსი და ფარგლები განსაზღვრულია თავად კონსტიტუციით და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით. კერძოდ, ეს უფლება არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის (სარჩელის შეტანის) შესაძლებლობას გულისხმობს, არამედ უზრუნველყოფს ადამიანის სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას“ (2006 წლის 15 დეკემბრის N1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პ. I). კონსტიტუციის 42-ე მუხლის მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით დაუშვებელია პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ქმედებისთვის, აც მისი ჩადენის დროს არ წარმოადგენდა დანაშაულს. კონსტიტუციური მოსარჩელის მიერ, უკვე გასაჩივრებულია სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განსახილველად გადაცემას და სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძლით. სადავო ნორმები ეწინააღმდგებიან საქართველოს კონსტიტუციას ასევე იმდენად რამდენადაც ისინი არ უწესებენ ბრალდების მხარეს მტკიცების ტვირთს, რომ ალბათობის მაღალი სტანდარტით ამტკიცოს, და ამავდროულად არც მოსამართლეს არ უწესებს ვალდებულებას, რომ მან ალბათობის მაღალი სტანდარტით დაასაბუთოს, რომ ბლარდებულის მიმართ ადგილი ქონია სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკური შეხედულების ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძლით. იგივე ეხება პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევასაც. შესაბამისად, სადავო ნორმებით დარღვეულია პირის თანასწორობა მის მიმართ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ფარგლებში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კონსტიტუციური მოსარჩელის ძირითდი უფლებების მათ შორის პირველ რიგში მისი თავისუფლების შეზღუდვა იმ ფონზე, როცა ის მოკლებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-18 მუხლებთან, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის: ა) 219-ე მუხლის მე-6 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბრალდების მხარეს არ უწესებს მტკიცების ტვირთს, რომ ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტით ამტკიცოს, ხოლო მოსამართლეს არ უდგენს ვალდებულებას ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტით დაასაბუთოს, რომ ბრალდებულის მიმართ ადგილი არ ქონია პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით სისხლისსამართლებრივ დევნას, როდესაც ასეთის თაობაზე დაცვის მხარე უთითებს კონკრეტულ არგუმენტაციაზე/მტკიცებულებებზე დაყრდნობით;
ბ) 259-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბრალდების მხარეს არ უწესებს მტკიცების ტვირთს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ამტკიცოს, ხოლო მოსამართლეს არ უდგენს ვალდებულებას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაასაბუთოს, რომ ბრალდებულის მიმართ ადგილი არ ქონია პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით სისხლისსამართლებრივ დევნას, როდესაც ასეთის თაობაზე დაცვის მხარე უთითებს კონკრეტულ არგუმენტაციაზე/მტკიცებულებებზე დაყრდნობით;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურობასადავო ნორმის თანახმად სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროს სასჯელის დანიშვნისას არ ხდება იმ ვადის სასჯელში ჩათვლა, რაც პირმა სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გაატარა უკანანო პატიმრობაში, ანდა პატიმრობაში, საქმეზე რომელზეც ის გამართლდა. საქართველოის კონსტიტუციის მე-18 მუხლი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს პირის თავისუფლების უფლებას. აღნიშნული ძიროითადი უფლება იმდენად დიდი მნიშვნელობის მქონეა, გამნსაკუთრებით მაშინ, როცა პირის მიმართ ხორციელდება აღნიშნული უფოლების შეზრუდვა კანონიერი საფუძვლის გარეშე. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან თვითნებურად უფლების შეზღუდვის საპირწონეს სწორედ ის გარემოება წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც უკანონო პატიმრობაში ყოფბნის ვადა გათვალისწინებული უნდა იქნეს მათ შორის სხვა სისხლის სამარტთლის საქმეზე გამოტანი;ლი განაჩეწნით დანიშნული სასჯელის ფარგლებში. შესაბამისად, გთხოვთ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან მიმართებით არაკო0ნსტიტუციურად ცნოთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არ ითვალისწინებს ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პირისათვის დანიშნულ სასჯელში იმ ვადის ჩათვლას, რა ვადითაც: ა) პირი იმყოფებოდა პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც შემდგომში გამართლდა; ბ) პირი იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც შემდგომში გამართლდა; გ) პირი იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთი სახით სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც შემდგომში გამართლდა.
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა